გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ქართული რეალიები ბულატ ოკუჯავას რომანში „გაუქმებული თეატრი. ოჯახური ქრონიკა“


ბულატ ოკუჯავასადმი (1924-1997 წწ.), როგორც გასული საუკუნის რუსული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლისადმი, საქართველოში დღემდე ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებული დამოკიდებულებაა დამკვიდრებული. კერძოდ, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი მას იმ მწერლად მიიჩნევს, რომელსაც ეთნიკური წარმომავლობის გარდა საქართველოსთან არაფერი აკავშირებდა და დაუფარავი გულისწყრომით გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ ფაქტის გამო. ქართველი საზოგადოების მეორე ნაწილი კი ბულატ ოკუჯავას შემოქმედების შეფასების დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მწერლის ეთნიკურ წარმომავლობასაც ანიჭებს. 
სამწუხაროდ, თავად ბულატ ოკუჯავას ქართული ინტერესების სამსახურში  აქტიურად დგომა თავის მოქალაქეობრივ მოვალეობად არასოდეს ჩაუთვლია და საკუთარ ეროვნულ წარმომავლობაზე საუბრის დროს იგი ფაქტობრივად იმის აღნიშვნით შემოიფარგლებოდა, ცხოვრების გარკვეული პერიოდი საქართველოში რომ გაატარა. მწერლის ხაზგასმით, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების პერიოდი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმით გამოდგა, რომ თავისი პოეტური მისწრაფებანი მან თავდაპირველად სწორედ აქ, კერძოდ კი თბილისში მკვიდრობის დროს, გამოავლინა. ამ თვალსაზრისით მისთვის მძლავრი შემოქმედებითი იმპულსის მიმცემ ძალად იქცა შეხვედრა აქ სტუმრად მყოფ ბორის პასტერნაკთან, რომელსაც თავისი ლექსები წაუკითხა და მისი შექებით ძალმიცემულმა აქტიურად განაგრძო შემოქმედებითი მოღვაწეობა. 
საქართველოსადმი ბულატ ოკუჯავას ინდიფერენტული დამოკიდებულების მიმართ ქართველი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ გამოვლენილმა კრიტიკულმა პოზიციამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წინარე და შემდგომ პერიოდებში. მიუხედავად იმისა, რომ მწერლის იმდროინდელ შემოქმედებაში წინა პლანზე აშკარად წამოიწია ქართული თემატიკა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დიდმნიშვნელოვანი მოვლენა ფაქტობრივად მაინც დარჩა მისი ყურადღების მიღმა. საქართველოსადმი ბულატ ოკუჯავას ამგვარი დამოკიდებულებით განაწყენებულ და გულნატკენ ქართველთა თვალთახედვაზე უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად დავიმოწმებ რამდენიმე ამონარიდს შესაბამისი პერიოდის პუბლიკაციებიდან. 
ფრაგმენტი გაზეთ „მამულის“ 1990 წლის მერვე ნომერში დაბეჭდილი ტ. ტ-ს წერილიდან „კატები ასე არ იქცევიან:“ „ცნობილი საბჭოთა პოეტი, შანსონიე და პროზაიკოსი ბულატ ოკუჯავა დედით სომეხია, მამით - ქართველი, მაგრამ ეროვნებით არც ქართველია და არც სომეხი, არამედ ორივეს ჯინაზე გახლავთ რუსი... ბულატ ოკუჯავა თავის დროზე თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ საჭიროდ არ ჩაუთვლია, საყველპურო ქართული მაინც რომ ესწავლა“. 
იმისათვის, რომ ბ. ოკუჯავას ეროვნულ ნიჰილიზმს მეტი სიმძაფრე შესძინოს, ხსენებული პუბლიკაციის ავტორი იქვე მისი ადრინდელი ინტერვიუს იმ ფრაგმენტსაც იხსენებს, რომელშიც მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი ეს პიროვნება პატრიოტიზმს ასეთ კურიოზულ შეფასებას აძლევს: „პატრიოტიზმი პრიმიტიული გრძნობაა, იგი კატასაც აქვს!“
როგორც ითქვა, დამოწმებული პუბლიკაციის ავტორი ბულატ ოკუჯავას ეროვნული ნიჰილიზმის ამგვარი შეფასების დროს გამონაკლისი არ არის და ამ ნაქართველარი პიროვნების მიმართ ანალოგიურ დამოკიდებულებას მწერლის სიცოცხლეშიცა და მისი გარდაცვალების შემდეგაც არც თუ იშვიათად გამოხატავდა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგალითად, აი, როგორი შეფასება მისცა მურმან ლებანიძემ ჩვენი გარუსებული თანამემამულის შემოქმედებით მოღვაწეობას  1997 წელს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერილ ლექსში:
ოკუჯავას ელცინი მარხავს,
პუშკინის გვერდით ცაში აჰყავს,
ოკუჯავას რუსეთი მარხავს,
საწყალს „აკუდჟავად“ მარხავს...
საქართველო წყალს არ ნაყავს,
საქართველოს პოეტი ცხრა ჰყავს -
დიდს არაფერს ჰკარგავს!
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, აქვე არც ის გარემოება უნდა დარჩეს აღუნიშნავი, მშობლიური ეროვნული ფესვებისაგან მოწყვეტის გამო გამოვლენილი სინანულის გრძნობა სიცოცხლის ბოლო წლებში თავად ბულატ ოკუჯავას შემოქმედებაშიც რომ გამოვლინდა რამდენადმე ხელშესახები ფორმით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენას მწერლის ეროვნულ ცნობიერებაში არსებითად არაფერი შეუცვლია, ბოლო პერიოდის მის მხატვრულ ნააზრევში მაინც იგრძნობა ქართული თემატიკისადმი გამოვლენილი გარკვეული ინტერესი. ნათქვამისათვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად აქ იმ ფაქტსაც გავიხსენებ, რომ თავის „ქართულ სიმღერაში“ საკუთარ თავს იგი ვერშემდგარ ქართველად მიიჩნევდა და ამის გამო მისი მოძმეებისაგან პატიებას ითხოვდა.
ბულატ ოკუჯავას მსოფლმხედველობრივი თვალთახედვის ჩამოყალიბების პროცესში არსებითად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისმა ოჯახურმა გარემომ. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენად იქცა მისი მშობლებისა და მათი და-ძმების რევოლუციური ფანატიზმი. კერძოდ, როგორც ცნობილია, მათ რეალური მონაწილეობა აქვთ მიღებული 1921 წელს საქართველოში საბჭოთა რუსეთის XI არმიის შემოყვანისა და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის პროცესში.
ამ გარემოებას არაერთი მკვლევარი აღნიშნავს ხაზგასმით. სამწუხაროდ, ამგვარი რევოლუციური ფანატიზმის შედეგად  ეს ადამიანები ფაქტობრივად საკუთარი სამშობლოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლ პიროვნებებად და განახლებული რუსული იმპერიის კოლონიური პოლიტიკის განმახორციელებელ იმ მაღალჩინოსან პარტიულ მოღვაწეებად მოგვევლინენ, რომელნიც თავიანთი ცხოვრების უმთავრეს მიზნად ამ იმპერიისსამსახურში უღალატო ერთგულებით დგომას ისახავდნენ. 
მათი ამგვარი რევოლუციური ფანატიზმი იმით დამთავრდა, რომ იმავე ხელისუფლების მიერ სამშობლოს მოღალატეებად მიჩნეულ ამ პიროვნებათა ნაწილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ნაწილი კი სასჯელის მოსახდელად ციხეებში გამოკეტეს, ანდა საბჭოთა კავშირის უკაცრიელ რეგიონებში გადაასახლეს.
ეს ყველაფერი აქ პირველ ყოვლისა იმის გამო გავიხსენე, რომ ოკუჯავების ოჯახთან დაკავშირებული ეს ტრაგიკული მოვლენები ისტორიული სიმართლითაა მოთხრობილი ბულატ ოკუჯავას ავტობიოგრაფიულ რომანში „გაუქმებული თეატრი“ (1993 წ.). კერძოდ, 1920-1930-იანი წლების საბჭოთა კავშირში არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ რეალობას მწერალი უწინარესად სწორედ მისი მშობლების ტრაგიკულ თავგადასავალთა მოთხრობის შედეგად წარმოსახავს. იქიდან გამომდინარე, რომ რომანის პერსონაჟთა ნაწილს ქართველები წარმოადგენენ და მოქმედების მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოში მიმდინარეობს, ავტორისეულ მონათხრობში განსაკუთრებული ყურადღების საგნად სავსებით ბუნებრივად იქცა შესაბამისი პერიოდის საქართველოში არსებული რეალობის წარმოსახვა. 
როგორც ითქვა, ბულატ ოკუჯავას დიდი ოჯახის წევრთა რევოლუციურ  საქმიანობასთან და პარტიულ-სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ამბები „გაუქმებულ თეატრში“ ისეთი ფაქტოლოგიური სიმართლითაა მოთხრობილი, რომ იგი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება მივიჩნიოთ ავტობიოგრაფიულ რომანად. აქედან გამომდინარე, ხსენებული რომანის მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა დოკუმენტური სიმართლით გაიაზროს ნაწარმოების მთავარ პერსონაჟად ვანვანჩის სახელით გამოყვანილი თავად ნაწარმოების ავტორისა და მისი  ოჯახური გარემოცვის ცხოვრებასთან დაკავშირებული ის  მოვლენები, რომელთა მეშვეობითაც ნათელი წარმოდგენა გვექმნება არა მარტო ამ პიროვნებათა ცხოვრებაზე, არამედ შესაბამისი პერიოდის საბჭოთა იმპერიაში არსებულ რეალობაზე.
„გაუქმებულ თეატრში“ ამბის მთხრობელის როლში თავად ბულატ ოკუჯავას პიროვნულ ორეულად ქცეული მთავარი პერსონაჟი - ვანვანჩი გვევლინება. ამ შემთხვევაში, ხაზგასმით აღსანიშნავი ისიცაა, რომ მისგან განსხვავებით, რომანის უკლებლივ ყველა პერსონაჟი  მათი რეალური გვარ-სახელებითაა გამოყვანილი. 
ვანვანჩის ბავშვობის დროინდელი ცნობიერების ფორმირებაზე არსებითი ზეგავლენა მოახდინა იმ გარემოებამ, რომ იგი რევოლუციური იდეალების რეალობად ქცევისათვის მებრძოლი მშობლების ოჯახში აღიზრდა. ამ გარემოების ლოგიკურ შედეგს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ვანვანჩის ბავშვობის დროინდელი ცნობიერება პირველ ყოვლისა სწორედ მისი მშობლებისა და მათი მახლობელი ადამიანებისათვის ცხოვრების უღალატო წესად ქცეული რევოლუციური ფანატიზმით აღმოჩნდა შებოჭილი. კერძოდ, ბავშვობის დროინდელი თავისი შეხედულებების მოთხრობის დროს იგი სიამაყით აცხადებდა, რომ მისი მშობლებისა და მათი მახლობელი ადამიანების მსგავსად, ისიც ბოლშევიკი იყო. 
თავისი ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებების მოთხრობის დროს ვანვანჩი განსაკუთრებული ემოციით საუბრობდა მის მაშინდელ ცნობიერებაში მძლავრად გამოვლენილ რევოლუციურ ფანატიზმზე. მაგალითად, პიონერთა რიგებში შესული, იგი სოციალიზმისადმი მისი ერთგულების დამტკიცებას იმით აპირებდა, რომ „ბარიკადაზე სიკვდილზე ოცნებობდა“ და „ყოველდღე გულმოდგინედ სწავლობდა პიონერული ყელსახვევის მომჭერს, რომელზეც პიონერული კოცონის წითელი ენები ალისფრად ენთნენ. მღელვარებით სწავლობდა იმიტომ, რომ სკოლაში დაირხა ხმები, ფარულმა მავნებლებმა მოახერხეს გამოშვება მომჭერებისა, რომლებზეც მახვილი თვალი ტროცკის პროფილს ან ფაშისტურ სვასტიკას შეამჩნევდა“.
ვანვანჩის ბავშვობის დროინდელ მოგონებათა განუყოფელ ნაწილად ქცეული და მისი იმდროინდელი რევოლუციური ფანატიზმის წარმომსახველი ამგვარი ეპიზოდებით მწერალი არა მარტო ამ პიროვნების მოქალაქეობრივ თვალთახედვას წარმოაჩენს, არამედ ასეთი მდგომარეობიდან მისი თანდათანობითი გამოსვლისა და არსებული რეალობის ნამდვილი სახით შეცნობის ურთულეს პროცესსაც. 
მიუხედავად იმისა, რომ საამისო საფუძველი მის ცნობიერებაში ადრეც მზადდებოდა, ამ მიმართულებით არსებითი გარდატეხის მომხდენ მოვლენად  პირველ ყოვლისა პირადად მისი ოჯახისთვის თავსდატეხილი უბედურება იქცა. კერძოდ, თორმეტი წლის ასაკში მყოფი ვანვანჩი უკვე აშკარად გრძნობდა,  როგორ „იპარებოდა მათი სახლის კარის ჭუჭრუტანაში უბედურების შეუმჩნეველი სუნი.“ ამ მოვლენის ტრაგიკულად დამაგვირგვინებელ ეპიზოდს მამამისის ტროცკისტად გამოცხადება წარმოადგენს.
ბულატ ოკუჯავას რომანის ქართულ რეალიებზე საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება იმ გარემოებასაც მინდა მივაქციო, ავტორის  პროტოტიპად ქცეული ვანვანჩი მოვლენათა კრიტიკული თვალთახედვით  შეფასების შედეგად როგორ გამოდის რევოლუციური ფანატიზმის ბურანიდან და მისი მშობლებისაგან არსებითად განსხვავებული თვალთახედვით აღიქვამს გარემომცველ სინამდვილეს. 
თუმცა მოვლენათა არსში მართებულად გარკვევის ეს პროცესი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ვანვანჩის ბავშვურ ცნობიერებაში თანდათანობით გამოიკვეთა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი   გაორებული მიდგომა. საკუთარი ოჯახისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების რადიკალურმა შეცვლამ და ტროცკისტებად და კლასობრივ მტრებად მათმა მიჩნევამ კი მის ბავშვურ რევოლუციურ ფანატიზმს საბოლოოდ გამოაცალა საფუძველი. 
ვანვანჩის მსოფლმხედველობრივი თვალთახედვის რადიკალური გარდაქმნისადმი რომანის ავტორის მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული ინტერესი და ეპოქალურ მოვლენათა განმსჯელ-შემფასებლის როლში მისი გამოყვანა იმ გარემოებამ განაპირობა არსებითად, რომ მწერალი თავისი მშობლებისა და მათი გარემოცვის ცხოვრებისეული ხვედრის წარმოჩენით ცდილობს წარმოსახოს 1920-1930-იანი წლების საბჭოური რეალობის ნეგატიური მხარეები.
ვანვანჩის, როგორც რომანის ავტორის პროტოტიპად არსებული პიროვნების შესახებ საუბრის დროს აქ განსაკუთრებული ყურადღება იმ გარემოებასაც მინდა მივაქციო, რომ იგი ფაქტობრივად ეროვნულ ღირებულებებს მოწყვეტილ პიროვნებასაც წარმოადგენს. მისი მოქალაქეობრივი თვალთახედვის ამგვარი სახით ფორმირება არსებითად განაპირობა იმ ოჯახურმა და საზოგადოებრივმა გარემომ, რომელშიც იგი აღიზარდა და ჩამოყალიბდა, როგორც პიროვნება.
კერძოდ, მამის მხრიდან ვანვანჩი ქართველი იყო, დედის მხრიდან - სომეხი, ენობრივად  კი რუსულენოვან გარემოში იმ დედის მიერ აღზრდილი, რომელიც თავის გარემომცველ ადამიანებთან ურთიერთობის დასამყარებლად პრიორიტეტულ როლს რუსულ ენას ანიჭებდა და მათ ფაქტობრივ ულტიმატუმად ქცეულ ასეთ მოთხოვნას უყენებდა: „ამხანაგებო, მოდით, ლენინის ენაზე ვილაპარაკოთო“.
გარდა აღნიშნული ფაქტორებისა, ვანვანჩის მოქალაქეობრივი თვალთახედვის ჩამოყალიბებაზე არსებითი ზეგავლენა იმ გარემოებამაც მოახდინა, რომ საქართველო მისთვის მხოლოდ იმ ადგილს წარმოადგენდა, სადაც დაიბადა და ბავშვობის რამდენიმე წელი გაატარა, შემდეგ კი ხელისუფლების მიერ მოსკოვსა და ციმბირში სამუშაოდ წარგზავნილ მშობლებთან ერთად რუსულ გარემოში მოუწია ცხოვრება.
ამ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ამჯერად იმიტომაც მინდა მივაქციო, რომანის მთავარი პერსონაჟის ეროვნული თვალთახედვის ამგვარი სახით წარმოჩენის შედეგად ბულატ ოკუჯავა ფაქტობრივად იმ ფაქტორებზეც გვიქმნის  ნათელ წარმოდგენას, რის შედეგადაც იგი, მისი რომანის მთავარი პერსონაჟის მსგავსად, წინაპართა ფესვებს მოწყვეტილ პიროვნებად იქცა.
„გაუქმებული თეატრის“ ქართულ რეალიებზე საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება ვანვანჩის მამის - შალვა (შალიკო) ოკუჯავას პიროვნულ სახესაც უნდა მივაქციოთ. როგორც საბჭოთა კავშირის 1920-1930-იანი წლების ისტორიიდან ცნობილია, ის და მისი მრავალრიცხოვანი დედმამიშვილები იმდროინდელ რევოლუციურ მოვლენათა აქტიური მონაწილეები იყვნენ და საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სახელმწიფოებრივი მართვა-განმგებლობის სტრუქტურებში.  მაგალითად, მწერლის ხაზგასმით, შალვა ამ თვალსაზრისით „პარტიული სამუშაოს ცეცხლზე დამწვარ და დახრუკულ“ პიროვნებას წარმოადგენდა.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ შალვა ოკუჯავასა და მისი ოჯახური გარემოცვის რევოლუციური ფანატიზმისა და ამ ფანატიზმის სამსახურში უღალატოდ დგომის წარმომჩენ ამბავთა მოთხრობის შედეგად მწერალი კრიტიკული ფორმით წარმოსახავს შესაბამისი პერიოდის საბჭოურ სინამდვილეს, რომანში მთლიანად დარჩა ყურადღების მიღმა უაღრესად ნეგატიური იმ როლის წარმოსახვა, რომელიც ამ ადამიანებსა და მათ ქართველ თანამოაზრეებს აქვთ შესრულებული განახლებული რუსული იმპერიის ნაწილად მათი სამშობლოს ქცევის საქმეში. სამწუხაროდ, ეს ავბედითი მოვლენა რომანში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით, ყოველგვარი კომენტარების გარეშეა დაფიქსირებული.
სამწუხარო ამ შემთხვევაში მხოლოდ ის კი არ არის, რომ შალვა ოკუჯავა და მისი და-ძმები ამ ტრაგიკული მოვლენისა და მის შედეგად ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ტრაგიკული ვითარების თანამონაწილეებად ქცეულ პიროვნებებს წარმოადგენდნენ, არამედ აღნიშნული გარემოების ავტორისეული შეფასება და იმის ხაზგასმა, თითქოს  საბჭოთა რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შედეგად აქ „ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.“
თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, აქვე ორიოდე სიტყვა რამდენადმე კრიტიკულ იმ დამოკიდებულებაზეც ითქვას, რასაც მწერალი საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილ და ახალ რეალობაში მოქცეულ საქართველოში შექმნილი მდგომარეობის წარმოსახვის დროს ავლენს. მაგალითად: „დამთავრდა სამოქალაქო ომი და თბილისში ბოლშევიკები შემოვიდნენ. ორ წელიწადში როგორღაც ყველაფერი ასე თუ ისე მოგვარდა. რასაკვირველია, საზოგადოებრივი კლიმატი უფრო მკაცრი გახდა და რუხი კვამლით დაიძენძა მისი ყველა კუთხე-კუნჭული, გაქრა პეწი და თავაზიანობა, დამკვიდრდა მხოლოდ გლეხური სამოსელი და ცუდი სუნი, კიდევ უფრო გულშემზარავი ყვირილი სამართლიანობაზე და კლასობრივი რისხვა...
წარსულს ჩაბარდა სამოქალაქო ომი და სისხლის სუნს შეეჩვივნენ. ახალი ადათ-წესები თავისუფალი ვაჭრობის უბადრუკ კარნავალში გამქრალდნენ და ამ მაღაზიებმა და რესტორანუკებმა მოასწრეს ირგვლივ მოტრიალე თანამემამულეთა სიმწრითა და ღვარძლით სავსე სულიერი განწყობილების შემსუბუქება... ცხოვრება გამალებით, სწრაფად იცვლებოდა... შალიკოს უფროსი ძმა - ვალოდია, ეს საპატიო რევოლუციონერი, ბნელ პერსპექტივებს წინასწარმეტყველებდა. ამ დროს, რასაკვირველია, ყველას გვარიანად ხვდებოდა მისი მათრახი: ლენინსაც, რომელმაც ქვეყანა სიცრუისა და გამცემლობის კოშმარში ჩაითრია, შოლტიან ულვაშა სისხლის სამართლის დამნაშავესაც და მის ძმებსაც - ამ ყმაწვილ იდიოტებს, რომლებიც მათთვის ბოლოსმომღებ ციხეს აშენებდნენ“. 
როგორც ცნობილია, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე ერთბაშად დამდგარმა ხელისუფლების მესვეურებმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად აქტიურად დაიწყეს რეპრესიული პოლიტიკის ტოტალურად გატარება, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბულატ ოკუჯავას რომანისადმი ინტერესს არსებითად განსაზღვრავს ის ფაქტიც, რომ მწერალი ამ ტრაგიკული მოვლენის მსხვერპლად ქცეულ ადამიანთა შესახებაც გვიამბობს ეპიზოდურად. ავტორისეულ მონათხრობს განსაკუთრებულად ფასეულს ამ შემთხვევაში ის გარემოებაც ხდის, რომ ეს ეპიზოდები ფანტაზიით წარმოსახვის შედეგს კი არ წარმოადგენს, არამედ რეალურად არსებულ პიროვნებათა, უფრო მეტიც, თავად ავტორის დიდი ოჯახური გარემოცვის ცალკეულ წარმომადგენელთა ხვედრის წარმომჩენი ფრაგმენტებია.
ხელისუფლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოტალურად გატარებული უმკაცრესი რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლად მაშინ შალიკო ოკუჯავაც იქცა. საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ფანატიკური ერთგულებით ჩამდგარი ეს პარტიული მუშაკი, რომელსაც ნებსით თუ უნებლიედ თავადაც ჰქონდა ხელი გასვრილი არაერთი უდანაშაულო ადამიანის სისხლში, სხვათა დასასჯელად მისი თანაპარტიელების ამგვარ ქმედებას ასეთ გამართლებას აძლევს: „სოციალიზმის დროს დამნაშავეები არ იქნებიან.“ მაგრამ თუ ასეთები მაინც გამოჩნდებიან, „ჩვენ მათთან ახსნა-განმარტებას ჩავატარებთ... და თუ საჭირო გახდება, მივცხრილავთ“.
ვანვანჩის მამის რევოლუციური ფანატიზმის წარმომჩენი ეს სიტყვები უბრალო განცხადებას რომ არ წარმოადგენდა, ამის ნათელსაყოფად არაერთი ეპიზოდი შეიძლება გავიხსენოთ რომანიდან. ავტორისეული მონათხრობისადმი ინტერესს ამ შემთხვევაში ის ფაქტიც განაპირობებს არსებითად, რომ „გაუქმებული თეატრი“ ავტობიოგრაფიული ეპიზოდებით დატვირთულ იმ მხატვრულ-დოკუმენტურ ტექსტს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც შალიკო და მისი მეუღლე რეალურად არსებული პიროვნებანი, თავად მწერლის მშობლები არიან.
საბჭოთა ხელისუფლების მიერ ტოტალურად გატარებული რეპრესიული პოლიტიკის მამხილებელ ამბავთა მოთხრობის დროს ბულატ ოკუჯავამ შესაბამისი პერიოდის საქართველოში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და დოკუმენტური სიმართლით წარმოაჩინა შალიკო ოკუჯავასთან და მის ძმებთან ლავრენტი ბერიას დაპირისპირების ამბავი.
კერძოდ, ხსენებული პერიოდის საქართველოში გამძაფრებული სახით მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის აქტიურად წარმმართველი ლავრენტი ბერია შალიკოს ბრალს დებდა იმაში, რომ იგი მის მიერ „თავგამოდებულ ტროცკისტებად“ მიჩნეულ მისივე ძმებთან ერთად სვამდა ღვინოს, კოლმეურნეობათა შექმნას ეწინააღმდეგებოდა და ამით „დიდი სტალინის“ პოლიტიკას უპირისპირდებოდა. 
ხელისუფლების სამსახურში უღალატო ერთგულებით დგომის მიუხედავად, შალიკოსა და მის მეუღლეს ქვეყანაში განვითარებულმა არასასურველმა პროცესებმა და სახელისუფლებო სტრუქტურებში არსებულმა კლანურმა დაპირისპირებებმა მათ თავიანთი პარტიული იდეალებისადმი ფარული ეჭვებიც გაუჩინეს და მათაც დაეუფლათ სინანულის გრძნობა იმის გამო, რომ ამ ტრაგიკულ პროცესში ნებსით თუ უნებლიედ თავადაც ჰქონდათ მიღებული მეტ-ნაკლებად აქტიური მონაწილეობა. მაგალითად, აი, რა  შეფასებას აძლევს ხელისუფლების მიერ ტროცკისტებად და საბჭოთა იდეების მოღალატეებად მიჩნეული მისი ძმების დაპატიმრების ამბავს შალიკო მეუღლესთან საუბრის დროს: „ეს ყველაფერი დიდი აქციის დასაწყისი იყო... ისინი ყოფილ სემინარიელს (სტალინს - ა. ნ.) თვალში ეკლად ესობოდა...
შალიკომ აშხენს ხელზე გადაუსვა ხელი და უცებ დაფიქრდა იმაზე, რომ ეს ახლა მათი ცხოვრებაცაა. ისე მათაც რამდენი ამხილეს აქ, ურალში... რაღაც ჭკუაზე შერყეულობაა! არადა, როცა მათგან მხილებული მტერი თავისი დანაშაულის გამოსასყიდად მიდიოდა, განა მათსავით არ ისხდნენ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები თავიანთ დაუცველ, ხმაურიან ოთახებში, მათსავით არ იმტვრევდნენ თითებს და მათაც ახალი უბედურების წინათგრძნობა არ ტანჯავდათ?.. აგერ ჯერ კიდევ გუშინ, ის, შთაგონებით აღსავსე, არ ამზადებდა პარტაქტივზე წარმოსათქმელ სიტყვას, რომელიც ამხელდა და გამოააშკარავებდა მორიგ ტროცკისტ ორპირს“.
1920-1930-იანი წლების ქართული რეალიების წარმოსახვის პროცესი ბულატ ოკუჯავას რომანში განუყოფელად დაუკავშირდა შალიკო ოკუჯავას მეუღლის - აშხენ ნალბანდიანის ცხოვრებიდან მოთხრობილი ეპიზოდების გადმოცემასაც. მიუხედავად იმისა, რომ თავისი პარტიული კარიერიდან გამომდინარე, მას ცხოვრება საბჭოთა იმპერიის სხვა რეგიონებშიც უხდებოდა, თბილისი მისთვის მაინც გამორჩეულად საყვარელ მშობლიურ ქალაქს წარმოადგენდა. კერძოდ, ქართულ სამყაროსთან მისი ასეთი სისხლხორცეული კავშირი რომანში ასეა განმარტებული: აშხენი „თბილისის გარეუბანში მცხოვრები, ქართული მზით გამთბარი, ამ მიწის არომატების სუნთქვით გულნაჯერები სომეხი გოგონა“ იყო.
თუმცა საბჭოთა ხელისუფლების თავგანწირულ მსახურად ქცეული ეს პიროვნება,  მიუხედავად თავისი სომხობისა და ქმარ-შვილის მეშვეობით ქართულ გარემოსთან სისხლხორცეული კავშირისა, საკუთარ თავს საბჭოთა ხელისუფლებასთან გაიგივებული რუსი ხალხის ნაწილად მიიჩნევდა და თავის ეროვნულ იდენტობას არასოდეს მიიჩნევდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენად. 
რომანის მიხედვით, აშხენის რევოლუციური ფანატიზმი იმდენად დიდ მასშტაბებასაც კი მოიცავდა, რომ იგი მის მიერ ოჯახის შექმნასაც და შვილის შეძენის მოლოდინსაც ამ საქმის ღალატად მიიჩნევდა და ფეხმძიმედ მყოფი თავის პროტესტანტულ განწყობას ამ სიტყვებით გამოხატავდა: „აშხენი თავის თავს საერთო საქმის მოღალატედ მიიჩნევდა... რამდენი საქმეა გასაკეთებელი, ასეთი დაძაბული ცხოვრებაა და ახლა აგერ ესეც... განა ახლა ეს საჭიროა? - და თითით მუცელს ეხებოდა. და ასეთი სირცხვილიანი - მუცელგამობერილი მიჰყვებოდა ის ლენინის კუბოს, ცრემლების ღვარს არ იწმენდდა და სასოწარკვეთით იმტვრევდა ხელებს“.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ასეთი ფანატიკური ერთგულებით მდგარი აშხენიცა და მისი ოჯახის წევრებიც არაერთგზის იქცნენ უსამართლო დევნისა და რეპრესირების ობიექტებად, რომანის მიხედვით, იგი ბოლო დრომდე მაინც რჩება რევოლუციური იდეების ტყვეობაში და ხელისუფლებისადმი მის ასეთ ერთგულებას ამგვარად განმარტავს: „შეცდომები, რასაკვირველია, ხდება... ადამიანები ზოგჯერ ცდებიან, მაგრამ პარტია - არასოდეს“.
„გაუქმებული თეატრისადმი“ ქართველი მკითხველის განმაპირობებელ ერთ-ერთ საგულისხმო ფაქტორად ის გარემოებაც უნდა მივიჩნიოთ, რომ მის მრავალრიცხოვან პერსონაჟთა გალერეაში ეპიზოდური სახით გალაკტიონ ტაბიძეც გვხვდება. კერძოდ, რომანში ფრაგმენტულად არის მოთხრობილი რამდენიმე ეპიზოდი როგორც ოლიასთან, ისე ოკუჯავების ოჯახის სხვა წევრებთან პოეტის ურთიერთობიდან. თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, აღნიშნულმა სიუჟეტურმა ეპიზოდებმა სასურველი მხატვრული შთამბეჭდაობა ვერ შეიძინა. 
რომანის ხსენებულ ფრაგმენტებზე უფრო მეტად საინტერესო, ამ შემთხვევაში, ის შეფასებებია, რასაც მწერლის მიერ წამოსახული ოლია ოკუჯავა აძლევს გალაკტიონის პოეტურ შესაძლებლობებსა და შინაგანად წინააღმდეგობრივ, რამდენადმე გაორებულ კავშირს რევოლუციურ მოვლენებთან და ამ მოვლენათა სამსახურში მყოფი ოკუჯავების ოჯახის წევრებთან. 
მაგალითად: „გალაკტიონს სიკეთე სწყუროდა, მაგრამ სისასტიკეებისაგან იტანჯებოდა. მას უნდოდა ხოტბა შეესხა ამ ახალი სამყაროსათვის, მაგრამ ყოველთვის ყოველ ძახილის ნიშანს საკუთარი თავის უარყოფამდე მიჰყავდა. მას არწმუნებდნენ, რომ ახალი ტანჯვის გზით იბადებოდა. ის ამას ეთანხმებოდა, მაგრამ შემდეგ თითქმის ფიზიკურ ტკივილს გრძნობდა თითებში, ყელზე კი თოკის მარყუჟს. „საწყალი გალაკტიონი, - ამბობდნენ მასზე ოლიას ძმები, - ის მეტისმეტად დახვეწილი და დაუცველი, უმწეოა იმისთვის, რომ მას გვერდი აუაოროს იმ სისხლმა და ჭუჭყმა, რომლებისგანაც ახალი იბადება.“ – „მე ძალიან მიყვარს შენი ძმები, - ეუბნებოდა გალაკტიონი ოლიას, - ისინი ასე სუფთანი და უანგარონი არიან, მაგრამ რატომღაც კეთილშობილ ყაჩაღებს გვანან, რომლებიც ვიღაცის უმოწყალო ნებით იძულებულნი არიან უწესოდ მოიქცნენ“.
„გაუქმებული თეატრის“ გალაკტიონოლოგიურ ეპიზოდებზე საუბრის დროს  განსაკუთრებული ყურადღება იმ გარემოებასაც მინდა მივაქციო, რომ რომანის ავტორიცა და მის მიერ წარმოსახული პერსონაჟებიც, პირველ ყოვლისა კი ოლია, მისი შემოქმედებითი გენიალობის შემფასებლის როლშიც გვევლინებიან დროდადრო. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის თქმით, „გალაკტიონს ყველაფერი შეუძლია! ვიდრე სხვა პოეტები აღმოჩენებისთვის მწიფდებიან, მას უკვე აღმოჩენილი აქვს! ის ყოველთვის პირველია“.
რომანის ერთ-ერთი პერსონაჟის მიერ გალაკტიონის პოეტურ შესაძლებლობათა ამგვარი შეფასება, უპირველეს ყოვლისა, თავად ბულატ ოკუჯავას თვალსაზრისს რომ გამოხატავდა, ეს მან ერთ-ერთ იტალიურ გაზეთში გამოქვეყნებული მისი იმ ინტერვიუთიც დაადასტურა, რომლის მეშვეობითაც გალაკტიონი „ჩვენი დროის ყველაზე დიდ პოეტად“ აღიარა და გულისტკივილით აღნიშნა ის ფაქტი, რომ უცხო ენებზე მის მიერ შექმნილი პოეტური შედევრების სრულფასოვნად გადაუთარგმნელობის გამო „მისი სახელი საქართველოს ფარგლებს არ იყო გაცილებული“ („ლიტერატურული საქართველო,“ 1977 წ. 25 ნოემბერი).
იქიდან გამომდინარე, რომ ბულატ ოკუჯავას რომანის სამოქმედო პერიოდად ქცეულ დროში საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკას წარმოადგენდა, მწერლის მიერ წარმოსახული ქართული რეალიების მეშვეობით არა მარტო მაშინდელ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე გვექმნება ნათელი წარმოდგენა, არამედ მთელ საბჭოურ ყოფაზეც. როგორც მკითხველი წინამდებარე ნარკვევში დამოწმებული ეპიზოდებითაც დაინახავს, უმთავრესი პათოსი, რითაც მწერალი მაშინდელ ყოფას ასახავს, იმდროინდელ მანკიერებათა მძაფრად კრიტიკული მხილებაა. 
სამწუხარო ამ შემთხვევაში მხოლოდ ის არის, რომ მწერლის ყურადღების მიღმა  მთლიანად დარჩა იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ მიზანმიმართულად გატარებული ის ანტიეროვნული პოლიტიკა, რომლის უმთავრესი მიზანი საბჭოთა კავშირში მცხოვრებ არარუს ხალხთა რუსიფიკაცია იყო. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ამ გარემოების განმაპირობებელ უმთავრეს ფაქტორად  ის ინდიფერენტული დამოკიდებულება იქცა, საკუთარ ეროვნულ ფესვებს რეალურად მოწყვეტილი ბულატ ოკუჯავა რომ ავლენდა თავისი ქართული წარმომავლობისადმი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge