გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

რაულ ჩილაჩავა - ლექსები

    

                        სამოთხის ბაღში მხვდები ადამს შიშველი ევა


ვიეჭვიანე

შენ რომ შეგეხო, მე იმ ქარზე ვიეჭვიანე,
ვიეჭვიანე იმ წვიმაზე,რომ დაგასველა, 
შენ რომ პეპელა მოგეწონა, დავსდევ მას ველად,
ჩვენი ტრფიალის მინდორ-ველებს ვხედავ იანებს!
ჯერ არ მგონია, რომ აქ მოსვლა დავაგვიანე
და სულაც დროა, ვამზადებდე გზას წასასვლელად.
ვიეჭვიანე იმ წვიმაზე, რომ დაგასველა,
შენ რომ შეგეხო, მე იმ ქარზე ვიეჭვიანე.


მე შინ ვბრუნდები

ყველა მიტინგზე წავიდა და დავრჩით მე და შენ,
უკეთუ აღარც მედოლე ვართ, აღარც მეტაშე.
დავრჩით მარტონი და მახარებს ეს სიმარტოვე,
მისი წყალობით მე სამყარო გავიფართოვე.
მე დავინახე ცის გახსნა და შენი ხატება,
დრო გაიყინა, თითქოს წლები არ მემატება.
მე თითქოს ამხსნეს მოჭერილი რკინის ხუნდები,
ეს შენ ხარ ჩემი ევროპა და მე შინ ვბრუნდები.


ნუ გამაღვიძებთ

ნუ გამაღვიძებთ, სიზმარში ვარ, ზეიმს ვესწრები,
მე ვნანობ: რატომ არ მეძინა მთელი ეს წლები!
უკეთესს, აბა, რას ვნახავდი, რას განვიცდიდი,
თუკი სიზმარში შენ ცხოვრობდი და იქ მიცდიდი.
ჩემო ტყაშ მაფავ, ჯადოქარო, სუნთქვავ შეკრულო,
ჩემო ქართულო ღვთაებრივო, ჩემო მეგრულო!
მე ვნანობ: რატომ არ მეძინა მთელი ეს წლები!
ნუ გამაღვიძებთ, სიზმარში ვარ, ზეიმს ვესწრები!


მზის ესკადრონი

დამისაკუთრე!.. ჩემი თავის არ ვარ პატრონი!
სადღაც მიმაფრენს თავაწყვეტით მზის ესკადრონი!
ეს რაა, ნეტავ, ცის რისხვა თუ მისივე ნება,
მე მტოვებს შიში, სიმარტოვე, ტკივილი, სნება
და ახლა მხოლოდ ტრფობის ქალღმერთს ვარ მინდობილი.
მაბრმავებს მისი ანფასი და მისი პროფილი.
დამდგარა მართლაც სულ სხვა დრონი, ო, სულ სხვა დრონი!
შენკენ მიმაფრენს თავაწყვეტით მზის ესკადრონი.


ჩიტები

ჩიტებმა უკვე მაღიარეს... ჩემთვის გალობენ...
ღმერთო მაღალო, ეს რა დღე და მზე მიწყალობე,
როცა გარშემო ჟივჟივია ყურისწამღები!
ციური ხმებით ვიშანთები და ვიდამღები.
შენც სადღაც აქ ხარ, სადღაც აქვე, ბაღის კიდესთან,
ჩემმა მსტოვრებმა, მგონი, უკვე თვალი გკიდეს და,
ჩიტები ახლა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენთვის გალობენ!..
ღმერთო, მაღალო, ეს რა დღე და მზე მიწყალობე!


სული-თანამგზავრი

როცა ერთბაშად ჩემში ვნების ზვავი დასძარი,
მე კალენდარზე შეუმჩნევლად დროს გავასწარი.
თითქოს ტრფიალით ფრთებშესხმული გავხდი ორბი და
შენი სხეული - ერთადერთი ჩემი ორბიტა -
მირიად ფერად აბრჭყვიალდა ვარსკვლავებს შორის,
გამათბობელად, დასანახად მარტოდენ ორის.
მე კალენდარზე შეუმჩნევლად დროს გავასწარი
და სული - შენი თანამგზავრი - ცისკენ დავძარი!


სუნთქვის დარაჯი

ცოტა ჟანგბადი მომაშველე, სუნთქვის დარაჯო,
არ მოაშორო ფილტვებს ჩემსას ვნების ხარაჩო,
თორემ უდროოდ, უსახელოდ გავიგუდები
და სიხარულით ასროლილი ცაში ქუდები
ძირს ჩამოცვივა... ჩემს საწუთროს, ისედაც მოკლეს,
შეაზანზარებს შეძახილი: ,,ცოდვაა!.. მოკლეს!..“
ჩამოიშლება ქვიშასავით ვნების ხარაჩო,
და შენც სად წახვალ ან რას გინდა, რომ უდარაჯო!


შემდგომ ქარიშხლის, შემდგომ თავსხმის და წყალდიდობის

მე შენზე ფიქრმა გამაღვიძა: დილა მშვიდობის!..
შემდგომ ქარიშხლის, შემდგომ.თავსხმის და წყალდიდობის,
ზეობს ტაროსი... კალაპოტში ჩადგნენ რუები
და შეუცნობი ჟრუანტელით განაბრუები
ტყე განაბულა... დგას სიცოცხლის სურნელი მძაფრი,
ნიავის ნავი შენ მოგარწევს ტრფიალის აფრით
და მე ვჩურჩულებ: ,,დედოფალო, დილა მშვიდობის!..
შემდგომ ქარიშხლის, შემდგომ თავსხმის და წყალდიდობის!“


იდუმალების კუნძული

იდუმალების კუნძულია შენი სხეული,
რომლის წიაღშიც სამყაროა სამოთხეული.
მე ვარ კოლუმბი, კარაველა უკვე გზაშია,
გესმის, გემბანზე თოლიების რა განგაშია!
შენი ნაპირი მელოდება - მე მოვალ მალე,
თუ გინდა, გვერდით დამიყენე თუ გინდა მმალე!
ნისლებში ელავს იდუმალი შენი სხეული
და შენთან შეყრის ჟინი მიპყრობს სამოთხეული.


ჩამიკარ გულში, დედუფალო

მაწოვე ძუძუ, დედუფალო, მე შენი ყრმა ვარ...
ძველ სახურავზე წვიმა დახტის ყავარ და ყავარ.
გითხზავ სტრიქონებს, სადაც ყველა ასო შენია
და ჩემი ტანი შენი ტანის ზედნაშენია!
შენს სამყაროში მე შემთხვევით შემოვეხეტე
და ახლა შინ ვარ - ჩემს სილუეტს კარგად შეხედე!
ძველ სახურავზე წვიმა დახტის ყავარ და ყავარ.
ჩამიკარ გულში, დედუფალო, მე შენი ყრმა ვარ!


თავშესაფარი

მე თავშესაფარს ვეძებდი და ვპოვე კიდევაც,
დღეიდან ჩემი ყველა ღამე აქ გაითევა.
აქ დამაბრუნებს ყველა გზიდან ფიქრი უმალი,
არ მინდა მე სხვა საწოლი და სხვა სასთუმალი.
მთელ ცისქვეშეთში ეს ყველაზე მყუდრო ჭერია.
ბედნიერება, ღმერთო, თურმე ხელში მჭერია!
მერე რა, თუკი ეს შეგრძნება მეწვია გვიან?
იმ თავშესაფარს, იცი, შენი სახელი ჰქვია!


ღამის ურდული

მე ამ ჩიტების პაპის პაპის პაპას ვუსმენდი.
მეცნო მათ ფრთებზე ოდინდელი ბანტი, ბუზმენტი.
მეცნო მოტივი, მელოდია, მეცნო დარდები
და რაც მეტს ვუსმენ, უფრო მეტად ვმგლოვიარდები.
ცოტა ხალისიც გაურიეთ, ჩემო ფრთოსნებო, 
გაიოცებთ და კიდევა მაქვს მე საოცნებო.
მე მახსოვს თქვენი პაპის პაპის პაპის ჟღურტული
და ვდილობ ღამის ყრუ გალავანს ავხსნა ურდული.


მიცავთ

მე უნდა მომკლან... მაგრამ ჩემს მკვლელს დანა აკლია
და სანამ მიცავს განმუხური და ანაკლია, 
ვერ მომკლავს... ზათქით აწყდებიან ტალღები ჯებირს
და მე აქამდე მხოლოდ ბედის იმედად ვრჩები,
რომ გადავრჩები და ეს მხოლოდ ფუჭი შიშია,
და ჩემი შანსი ჯერ ხელიდან არ გამიშვია,
რადგან შენ მყავხარ, ხოლო ჩემს მკვლელს დანა აკლია...
შენ და შავი ზღვა, განმუხური და ანაკლია,
მიცავთ...


ბოლოს და ბოლოს რა დაგარქვა

შენ ჩემი სუნთქვის ნებართვა ხარ... მისი პაროლი...
ფარული კოდი... და ნუ გინდა უკვე სხვა როლი.
შენ ჩემი ყოფის საუკუნო ხარ მეკლიტული.
შენი თიკუნიც ეს იქნება, შენი ტიტული.
თოვაში ჩემი მეკვლე ხარ და ბნელში სანათი,
ვერას გახდება ჩვენს ტანდემთან დრო მუხანათი.
შენ თვითონ ჩემი სუნთქვა ხარ და თვალის გახელა.
ბოლოს და ბოლოს, რა დაგარქვა, რა, რა - სახელად!


სიყვარულია, ტრფიალია, დიახ, იგია

დაღამდა ისე, ძვირფასი ხმა არ გამიგია,
შენს სილუეტზე მიჩურჩულა გულმა: ,,იგია!“
და გავიტრუნე, მართლაც დიდი იყო მსგავსება
შენთან და ცაზე ძველკოლხური მთვარის გავსება
მენიშნა კარგად, რადგან სივრცე გაივსო შენით
და დავინახე, რომ ერთმანეთს საოცრად ვშვენით,
და ყველაფერი, დღემდე ჩვენზე რაც გამიგია,
სიყვარულია, ტრფიალია, დიახ, იგია!


როცა საჩემოდ გაგეღება გულის კარები

გავიკვირვებდი, შენთვის ლექსი რომ არ ეწერათ,
დარჩენილიყავ ყამირად და თუნდაც ეწერად
პოეზიაში... შენთვის ღამე არ გაეთიათ.
ვინ იცის, იქნებ ზღვაში მართლა ერთი წვეთია,
რასაც მე გიწერ, მაგრამ წინათგრძნობა მკარნახობს,
ისე არ წავალ, სასწაული ერთხელ არ ვნახო,
არ ვიზეიმო გამარჯვება მწველი პწკარების,
როცა საჩემოდ გაგეღება გულის კარები!


შენზე ფიქრებით გული დღემდე ვეღარ ვიჯერე

საქართველოში ყოფნით გული ვეღარ ვიჯერე, 
თითქოს აქამდე სიზმარში ვარ, ვეღარ ვიჯერებ, 
რომ შინ ვარ, შინ ვარ და ქართული ზეცა მახურავს 
და ჩემმა სულმა მანდ სავანე დაიმსახურა! 
შენც სულ ახლოს ხარ, ისე ახლოს, რომ ვითენთები 
შეყრის სურვილით, მიფეთქდება ვნების დენთები. 
შენზე ფიქრებით გული დღემდე ვეღარ ვიჯერე 
და რომ შევხვდებით (ფუი, ეშმაკს!) , ვეღარ ვიჯერებ! 


მე დასასრულზე არ ვიფიქრებ, არა და არა

მე დასასრულზე არ ვიფიქრებ, არა და არა!
შენ რომ გამოჩნდი, შენ რომ აქ ხარ, ნუგეშად კმარა!
სხვა დანარჩენი - ველად გაჭრა, ეჭვი და წყენა,
ჟამითი ჟამად გადაკრული ეზოპეს ენა,
არის ცხელ თავში ოფოფები და ოფსაიტი,
თამაშ-თამაშით, ხტუნვით დაბლოკილი საიტი.
დრონ ჩემი ფიქრი შავ მორევში ვერ ჩაითრია
და ,,დასასრული“თეთრ ეკრანზე მხოლოდ ტიტრია!


გამოჩნდი, ჩემო მეტოქეო და შემედარე

ცალკე აღებულ სოფლის სახლში დრო გავაჩერე
და ვქმნი სხვა ერას (საკუთარ თავს ასე ვაჯერებ!),
აქ ყველაფერი შენით სუნთქავს, შენით ნათდება,
ერთი შეხება, ერთი კოცნა უცებ ათდება.
არის სანთლების ელვარება, ფერთა რიალი
და უსასრულო სიყვარულის ორომტრიალი.
დრო გავაჩერე და სიამის ტახტზე ვნეტარებ,
გამოჩნდი, ჩემო მეტოქეო, და შემედარე!


კიდევ რა დარჩა?

თვით შენი ლანდიც მე მეკუთვნის, ხელი არ ახლო,
თუმც ჩემგან იგი არ შორია, მაინც - არ ახლო!
მე ხან შენ გხედავ, ხანაც მას და ხანაც - ვბრმავდები,
მაგრამ მადლი ღმერთს, იმდენი ხარ - არ მითავდები.
ამჟამად ჩემთვის სულ ერთია - რა ვარ, ვინა ვარ,
რადგან განგებამ უკვე შენში დამაბინავა.
თვით შენი ლანდიც მე მეკუთვნის. ისიც ჩვენია.
კიდევ რა დარჩა? - რამე ხომ არ გამომრჩენია?


გამოღვიძება

მე შენს სიზმარში ერთხელ ჩუმად შევაღე კარი,
მთრთოლვარე ხელში მოციმციმე მეჭირა კვარი,
რომ ყველაფერი, ყველაფერი ზუსტად მენახა,
თვალთა გუგებში აღმებეჭდა და შემენახა.
შევკრთი, რადგანაც ყველგან მარტო ჩემს თავს ვხედავდი,
გაოგნებული შუბლზე კოცნას ვერ გიბედავდი.
და მხოლოდ მაშინ, როცა ვნების ტალღად აღვიძარ,
შენ ჩემი გულის ბაგაბუგმა გამოგაღვიძა.


ენაცვლებოდა შენთვის თქეშში ვალსს ნოქტიურნი

წუხელ კვლავ წვიმდა, თითქოს სტუმრად შოპენი მყავდა.
ვუკრავდით ერთად და მუსიკით ვებრძოდით ავდარს.
სარკმლის მინებზე ხმიანებდნენ წვიმის წვეთები,
რაღაც უცნობი, იდუმალი სულისკვეთებით.
თავსხმების ღმერთი ჩემთვის სითხეს არ იშურებდა
და მეც ვაქსოვდი შენს ხმებს ფარდის შარიშურებთან.
წუხელ კვლავ წვიმდა, მაბრუებდნენ ჰანგნი ციურნი,
ენაცვლებოდა შენთვის თქეშში ვალსს ნოქტიურნი!


და ვივლით ერთად ბოლო ფოთლის ძირს დაცემამდე

შემოდგომამდე რაღა დარჩა!.. ერთი, ორი და
აგვისტოს ხვატი ხელს დაგვიქნევს უკვე შორიდან.
ფოთლების ჯარი დაიძვრება ქარის თანხლებით
და ყვითელ თოვლში შენ სიზმრიდან მომეახლები.
სექტემბრის ზღურბლზე მე დაგხვდები როგორც შემფერის.
შენ მეტყვი, ვინც ხარ - ოქტომბერი თუ ნოემბერი!
და ვივლით ერთად ბოლო ფოთლის ძირს დაცემამდე,.
მონაცვლეობით: მე შენამდე, შენ კი ჩემამდე!


სამოთხეში რომ მარტო ვრჩები, ესაა საქმე!

არ გაგიკვირდეს, მეცხრე ცაზე შენზე ვლოცულობ,
ჩემი ფიქრების გალავნებით გარემოცულო.
მე კი ვარ კარგად, მაგრამ შენ რომ გვერდით მყოლოდი,
არ ექნებოდა ეს სიმძაფრე სიზმრის მოლოდინს.
არ ექნებოდა რუხი ფერი ვარსკვლავთა ბაკმებს.
სამოთხეში რომ მარტო ვრჩები, ესაა საქმე!
წვიმს, როგორც წვიმდა (მეცხრე ცაზეც სცოდნია წვიმა!)...
მე შენი სუნთქვა ჟანგბადივით კოსმოსში მიმაქვს!


კარი

სიმშვიდისა თუ განგაშის სახლს ერთი კარი აქვს,
რომელშიც შესვლა ჩემთვის მუდამ სანუკვარია.
გავუხვევ მარცხნივ: მხვდება სითბო და ნეტარება,
რადგან დასრულდა უმძიმესი ტვირთის ტარება.
გავუხვევ მარჯვნივ: იქ წითელი შუქი ციმციმებს
და განუწყვეტლივ თავს მახსენებს ტვირთის სიმძიმე.
ხმა იდუმალი მიმანიშნებს, ირგვლივ რა ხდება!..
გავუხვევ იქით, სადაც შენი ლანდი დამხვდება!
          

ზუგდიდი, 
ძველი აბასთუმანი,              
მკათათვე, 2022
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge