გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ტაშირო მაცუკი - ლექსები (თარგმანი - რაულ ჩილაჩავა)

 

               ტიბეტელი ბერის ლექსები

მთარგმნელი - რაულ ჩილაჩავა

ვინ იცის, ვინმემ იქნებ რამე შემომთავაზოს!..

ვინც თავპატიჟი გამოიდო, ამჟამად ნანობს,
და ამიტომაც თქვენ მოგმართავთ დანო და ძმანო:
"სანამ რაიმეს გთავაზობენ, არ თქვათ უარი,
თორემ ერთხელაც იფიქრებენ თქვენზე: "ყრუ არი!"
და სამუდამოდ დახურავენ სათქვენო დავთრებს,
მე ასე უკვე მომივიდა..." მე უნდა დავთვრე 
და ავღიღინდე: "ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო!.."
ვინ იცის, ვინმემ იქნებ რამე შემომთავაზოს!


მალე ეს მიწა დაბარბაცდება...

კაცი კაცობით აღარ ფასდება
და პირფერობას მეტი ფასი აქვს.
მალე ეს მიწა დაბარბაცდება
და წაშლის ბევრის მაცთურ პასიანსს.
გახდება ცხადი, ვის ეპყრა დროშა:
მოთარეშეს თუ მოასპარეზეს
და მე თვითონაც ამ სასტიკ დროში
ვისთან ვიდექი, რომელ მხარეზე!


ნიავი

ამ ქარს აქამდე ერქვა გრიგალი,
მაგრამ დაბერდა, იქცა ნიავად.
მან ძველი ძალა გაანიავა
და სიმშვიდესთან შეურიგალი,
ახლა სიმშვიდით ტკბება და ხარობს,
თითქოს შლეგურად არ უქროლია.
ნუღარ დავძრახავთ, ესეც როლია,
ნუ შევუძახებთ: თვალთმაქცი ხარო!


გულს იმაგრებ და იმედზე მღერი...

ვინ მოიგონა ამდენი ბოდვა:
„თავისუფლება, სამშობლო, ერი!..“
როცა ხარ თვითონ არარაობა-
სამყაროს მკერდზე წაყრილი მტვერი
და არაფერი შენ არ გეკუთვნის,-
ერთი ნამცეცა ბალახის ღერი!..
და ამიტომაც, რომ არ იტირო,
გულს იმაგრებ და იმედზე მღერი.


წარმავალია ყველაფერი, წვიმების გარდა 

უმატა წვიმებს, შემოდგომა იქნება ცივი,
ჭიშკარს ჰკიდია გამჭვირვალე ცრემლების მძივი.
ჩემი სენაკი შეუმჩნევლად ივსება სევდით,
ქრება ვარსკვლავი, სიყრმიდანვე რომელსაც ვსდევდი.
თითქოს მივედი საოცნებო აღსავლის კართან:
წარმავალია ყველაფერი წვიმების გარდა!


პატარავდები ჩემს თვალში და... მაინც დიდი ხარ!

ტყუის სინხუა, დაძიბაოც აშკარად ტყუის,
მეგონა,“ ვაის“ გავეყარე, შემოვხვდი „უის“.
გაგიჟდა ხალხი, ვეღარ ვხვდები, ირგვლივ რა ხდება,
ვხედავ ცუდ სიზმარს და მგონია, იგი ახდება.
რა გზა არჩიე, ცისქვეშეთო, საით მიდიხარ...
პატარავდები ჩემს თვალში და... მაინც დიდი ხარ!


როცა მონასტრის ბჭეზე სხედან თეთრი მტრედები

ბავშვობის ეზოს ამშვენებდნენ თეთრი მტრედები,
მათ ახლაც ვხედავ, წარსულისკენ რომ ვიხედები.
და როცა მესმის შორეული ტკბილი ღუღუნი,
მზით უცნაურით მინათდება ღამე უკუნი.
ასე მგონია, ჩემს ბავშვობას მტლად დავედები,
როცა მონასტრის ბჭეზე სხედან თეთრი მტრედები.


ის, რაც შენია, უნდა იგრძნო, შეიტკბო, ნახო!

უნდა შეიტკბო, რაც გებოძა, რაც გეწილადა,
თორემ ცხოვრება არ ჩაგაგდებს ერთხელ რწყილადაც,
დარჩები მარტო, სამყაროსთვის შეუმჩნეველი
და უმოწყალოდ გაკაფული შენი ტყე-ველი
ვიღც უცხოს და გადამთიელს დარჩება ახოდ...
ის, რაც შენია, უნდა იგრძნო, შეიტკბო, ნახო!


რა შეიძლება გაგახსენდეს ჩამქრალ ბუხართან? 

რა შეიძლება გაგახსენდეს ჩამქრალ ბუხართან? –
გულს რა უნდოდა , რა ეწყინა, რა გაუხარდა.
ზიხარ მარტოკა, სარკმელს მიღმა მთვარე ჰკიდია
და ფიქრობ შენთვის: მამასისხლად რაც გიყიდია,
თუ არის ჯუფთი შორეული მისი კიაფის
და საერთოდაც: რაა „ძვირი?“ რაა „იაფი?“


ასეთი კვამლი ჩემი სახლის გარდა სად ავა?

სადა ვარ-მეთქი, რომ ვიკითხე, მითხრეს: შინა ხარ!
აქ ჩემი სიყრმის ნაფეხური დრომ შეინახა.
ჭიშკართან დღემდე ძველებურად დგას ალუბალი,
თითქოს მის ფესვებს გახმობისგან იცავს უფალი.
სადა ვარ-მეთქი? - არ ვკითხულობ. ვიცი, სადა ვარ.
ასეთი კვამლი ჩემი სახლის გარდა სად ავა?


და მე ვრწმუნდები: დასაწყისი დასასრულშია! 

ზოგჯერ ვიფიქრებ: ყველაფერი არის გვიანი,
დაგრეხილია ბედის ხაზი, როგორც რვიანი.
შორს ალვის ხენი გაწოლილან უძრავ ჩრდილებად,
მდინარეს უკვე ტალღა აღარ ემორჩილება.
მხოლოდ გონება არ ისვენებს, თითქოს სულ შია
და მე ვრწმუნდები: დასაწყისი დასასრულშია! 


ხელობა კი მაქვს, თუმც რას შველის მარტო ხელობა!

ვებრძვი ჟამთასვლას, ხან ვიმარჯვებ, ხანაც ვმარცხდები
და მიკვირს, წუთისოფლის ძაფო, როგორ არ წყდები
ამდენ წვიმაში, ამდენ თოვლში და მიწისძვრაში,
ან რა უყავი, რომ მიბოძე ერთხელ, ის რაში?..
ხელობა კი მაქვს, თუმც რას შველის მარტო ხელობა,
ბოლოს მომიღებს, ალბათ, ერთხელ მარტოხელობა. 


მგონია, ისევ ავტუზულვარ ბავშვობის კართან

ვან-ვეის წიგნში აღმართულან სამშობლოს მთები,
მათი ხილვისას თითქოს სოფლურ კერასთან ვთბები.
იღება კარი, ფიჩხს ამატებს ცეცხლზე ბებია.
ო, მისი სახე მე მრავალჯერ დამსიზმრებია.
მგონია, ისევ ავტუზულვარ ბავშვობის კართან
და მასხივოსნებს ელვარება ვან-ვეის პწკართა.


მაგრამ მე მაინც... მაინც ჩემი აზიის მჯერა

მეც შემივლია ევროპისთვის ოდესღაც თვალი,
მისი სიმაღლით, ელვარებით ვყოფილვარ მთვრალი.
მინახავს რომი, ვატიკანი, ჯოკონდას მზერა,
მაგრამ მე მაინც... მაინც ჩემი აზიის მჯერა,
მე თითქოს ჩემი დიდი კედლის მარტყია ალყა
და უკვდავების შხეფებს მესვრის იან-ცზის ტალღა!


მაინც მგონია, მისი ფიქრი მიფრინავს მაღლა

მეწვია ბრძენი მუნ-ჩე-იჩუ... მე ვასხამ ჩაის.
მონასტრის მწვანე ტერასიდან გავყურებთ დაისს.
აგვისტოს სევდა ბამბუკებსაც ნელა ედება.
მე ვაკვირდები: მუნ-ჩე-იჩუ შორს იხედება
და მის თვალებში იკითხება სიმაღლით დაღლა.
მაინც მგონია, მისი ფიქრი მიფრინავს მაღლა .


ახლა სამყაროს გულის გული თივის ზვინია!

ჭრიჭინა ტირის... მე ვამტკიცებ: ჭრიჭინა გალობს...
შენ ამ გალობას ყური უგდე , პატარა ქალო! 
მიაპყარ სმენა უნაზესი ტრფობის მოტივებს.
ხელს ვერ შეგიშლის სიხორშაკე თუ სინოტივე.
ღამდება ნელა... შენ უსმინე... ნუ გეშინია...
ახლა სამყაროს გულის გული თივის ზვინია!


ვდგავარ ფლატოზე... ქვემოთ ნავში იცდის ქარონი

ბავშვობის სახლი აღარ დარჩა... აღარც დიდობის...
თითქოს მსხვერპლი ვარ მიწის რყევის და წყალდიდობის.
გამომეცალა ფეხქვეშ მიწა, ცამდე ვერ აველ,
უცხო თვალები თითქოს ყველგან ჩუმად მზვერავენ.
ვდგავარ ფლატოზე... ქვემოთ ნავში იცდის ქარონი.
მის დაძახილზე ვიკრიბებით უსახლკარონი.


ქებას და თაყვანს უთვლის ერთად გაოს ტაშირო!

გაო სინ-ძიანს* მიუღია წუხელ ნობელი
და მე სხეულში ჟრჟოლა მივლის შეუცნობელი,
რომ ჩემი ჯიშიც მითვლილია დიადთა რიგებს
და უპირველეს ორთაბრძოლას ჩინელი იგებს.
მისი ხვედრია, ცისქვეშეთში ქუხდა ტაში რო,
ქებას და თაყვანს უთვლის ერთად გაოს ტაშირო!
*გაო-სინ-ძიანი - ჩინელი პროზაიკოსი, დრამატურგი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, მხატვარი,
2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი (მთ არგმნ. შენიშვნა).


ნეტავ, კვლავ როდის გვეღირსება ჟამი სატანო!

მუნ-ჩე-იჩუსგან გამიგია: ეპოქა ტანის
იყო ეპოქა სინატიფის, წერწეტა ტანის.
ოქროს მტევნები ესხა თურმე ვენახში ვაზებს
და ფაიფურში აცოცხლებდა ოსტატი ვაზებს.
ნეტავ, კვლავ როდის გვეღირსება ჟამი სატანო,
არა საგიჟო, საველურო და სასატანო.


ვეტყვი დამხვდურებს: "გამარჯობა, აჰა, მოვედი!"

არაფერს ველტვი, მირაჟია ირგვლივ ყოველი
და ერთადერთი, ამიერით რასაც მოველი,
დღეა, რომელიც არასოდეს არ დაღამდება
და ტკივილებიც ერთიანად დამიამდება,
და კმაყოფილი არნახული სიმყუდროვეთი,
ვეტყვი დამხვდურებს: "გამარჯობა, აჰა, მოვედი!"


მაშინ მე მოვალ უსათუოდ, მე დავბრუნდები...

მე დავბრუნდები, როცა თოვლი გადნება მთაში,
ჩემს სამარეზე გაახელენ იები თვალებს.
როცა წარსული გაუნაღდებს მომავალს ვალებს,
მთვლემარ ნაპირებს გააღვიძებს ტალღების ტაში,
როცა ფრთის გაშლას ისწავლიან მტრედის ხუნდები,
ხეობის ქარებს მობეზრდებათ ქროლვა შმაგური,
დიდების კოშკზე დაიდება ბოლო აგური,
მაშინ მე მოვალ უსათუოდ, მე დავბრუნდები!


ვზივარ სენაკში, მაგრამ მაინც ვარ მომთაბარე...

ვზივარ სენაკში... უდაბური სიჩუმის მძევალს, 
უკვე არც მახსოვს, რა მსურდა და რას ვესწრაფოდი,
ძველი ცხოვრება წარსულს გაჰყვა, როგორც ნაფოტი,
დასრულდა იგი, როგორც ნავის ტალღებში რწევა.
მე ჯერ არ ვიცი, აქ რა ხდება, ვინ ვის აბარებს
ანგარიშს, როცა დღე მიდის და საღამო მოდის.
უარმყოფელი დღევანდელი განცხრომის, მოდის,
ვზივარ სენაკში, მაგრამ მაინც ვარ მომთაბარე.


მონუსხვის ციკლი იწყებოდა ისევ თავიდან...

მე ოდითგანვე მქონდა რიდი მსგავსი ქალ-მახის,
რომ ჩაემალა მახე თავის მაცდურ მზერაში.
სათავის ახლოს ჭიხვინებდა მისი მზე- რაში
და ისიც მაღლა მიიწევდა, როგორც კალმახი,
თითქოს ათასი მეომარი ტყვიებს მახლიდა,
მაგრამ იტანდა ჩემი თორი და მუზარადი.
გულის ჯიბეში ცეცხლად მენთო ციცქნა ბარათი,
მონუსხვის ციკლი იწყებოდა ისევ ახლიდან.


რაღაცაშია საქმე ნაღდად, რაღაცაშია...

რაღაცაშია საქმე ნაღდად, რაღაცაშია,
ქარნი არ ჰქრიან, ტყე არ იძვრის, შედგნენ ღრუბლები,
მეც თითქოს მთვარის გამქრალ დისკოს ვესაუბრები
და ვით თოჯინას, გარს მავლია რაღაც აშია.
ზოგჯერ უცნობის ხმა მომწვდება გაღმა ახოდან,
ზოგჯერ პეპლის ფრთის ანარეკლი მიბრმავებს მზერას.
და მე უსიტყვოდ ვეკითხები სიჩუმეს- მზვერავს:
რა სურდა იმ ხმას? - იქნებ სულაც სხვას ეძახოდა!


ვერ შევეგუე წარმავლობით დაღდასმულ სივრცეს...

ვერ შევეგუე წარმავლობით დაღდასმულ სივრცეს
და ახლა აქ ვარ, თუმცა აქაც ვერ ვეგუები,
როცა ყველაფერს იჯერებენ ბრმები, ყრუები
და მე არ ვიცი, ჯალათ დრო-ჟამს რა უნდა მივცე!
გამკაწრავს ზოგჯერ აუხსნელი დარდის ეკალი:
იქნებ არ ღირდა!.. იქნებ ღირდა!.. იქნებ არ ღირდა!..
თეთრი ფურცლები ფანტელებად ცვივა მაღლიდან,
ერთზე წერია: "ხომ არ სჯობდა ფიქრს მოეკალი?"


კეთილი იყოს ახლა უკვე, ჩვენი გაცნობა!

მე ვარ უცნობი. თითქოს ვარ და თითქოს არცა ვარ.
ერთ-ერთი სახე აურაცხელ სახეთა შორის.
შეჯიბრის შემდეგ ცხადი გახდა: გზა დამრჩა ორი.
ერთით მოვდივარ, მეორეთი კაცი არ წავა.
ჩამოჰკრა ზარმა: მე ჩემს წარსულს ვუძღვნი აწ ნობათს,
რაც გამაჩნია, ყველაფერი უკვე მისია.
მე აღვასრულე, რაც კი მქონდა უცნობს მისია,
კეთილი იყოს ახლა უკვე, ჩვენი გაცნობა!


თანდათანობით მტოვებს თითქოს სამშობლოს განცდა...

მთის მწვერვალიდან ტბაში მძიმე ლოდი ჩავარდა,
მალე ჩემთანაც დაუსტვენენ მძაფრი ქარები.
მე როგორც ადრე, ისევ სენაკს შევეფარები,
რომელიც ახლა კიდევ უფრო შემიყვარდება.
შემოცრეცია ჩემს საერთო რვეულებს ყდები,
სადაც ნამდვილი საცავი მაქვს საკრალურ განძთა.
თანდათანობით მტოვებს თითქოს სამშობლოს განცდა
და ცის და მიწის უხილავი ნაწილი ვხდები.


მე ამ ბოლო დროს ძველებურად რაღაც ვერ ვთბები...

ეს დღეც გაფრინდა, როგორც დედის ბუდიდან მართვე
და სიხარულის ნამცეცები თან გაიყოლა.
მიმოვიხედე: თითქოს მართლაც არა იყო რა...
რაც იყო, მასაც შეღამების ბურუსი მართმევს.
მე ამ ბოლო დროს ძველებურად რაღაც ვერ ვთბები,
და დამნაშავე აქ სიცივე მარტო როდია.
მე უკვე მიხმობს სხვა ჰანგი და სხვა მელოდია,
რომლის ტალღებზეც, ალბათ, მალე გადავერთვები.


მდინარის გაღმა ლორთქო ბალახს ძოვენ ცხენები...

მდინარის გაღმა ლორთქო ბალახს ძოვენ ცხენები,
ცხენები არა, გეგონება უფლის რაშები.
ბედის ვარსკვლავთან ნაჯირითებ-ნათამაშები,
რომლებსაც ახლა ჟამი გაჰყავთ სვენებ- სვენებით.
ისინი ჰქროდნენ აღმა-დაღმა ზეცის ნაჩვენებ
გზებზე და ყველგან მათთვის ღია ჰქონდათ კარები...
ასე მგონია, ერთ-ერთს ჩუმად მივეპარები,
შევკაზმავ წამში, შევუძახებ და გავაჭენებ.


თითქოს ვბრუნდები ბაზრობიდან დაღლილი გლეხი...

თითქოს ვბრუნდები ბაზრობიდან დაღლილი გლეხი
და ოჯახისთვის სათითაო მომაქვს ნობათი.
აღარც ნამყოა, აღარც აწმყო, აღარც მყოფადი
და თითქმის აღარ შერჩენია ნაყოფი ხეხილს,
მაგრამ ოჯახი!.. ის არის და ის უნდა იყოს,
როგორც იმედი, როგორც სასო, როგორც ნუგეში.
მე იგი მიყვარს, როგორც მაშინ, სიჭაბუკეში
და მასზე სევდა ხლეჩს შუაზე ჩემს ბოლო სტრიქონს!


ნუთუ მაშინაც, როცა უკვე აღარ ვიქნები...

ძილისთვის ვეღარ მოვიცალე... იმნაირ მთვარეს 
ვუმზერდი წეღან... თითქოს იყო ზეიმი ცაში,
რომელსაც თვალთა გუგებიდან ვერასდროს წაშლი.
შუქი მოსავდა დედამიწის ოთხივე მხარეს.
და მე ვხედავდი: ვარსკვლავები ცეკვავდნენ წყვილად
და ძირს ცვიოდნენ მერე, როგორც თოვლის ფიფქები.
ნუთუ მაშინაც, როცა უკვე აღარ ვიქნები,
განმეორდება ვარსკვლავცვენის ასეთი დილა?


ცხოვრების ყველა საფეხური გამოვიარე...

ცხოვრების ყველა საფეხური გამოვიარე
და მერე, როგორც თანამგზავრი, მოვწყდი რაკეტას.
კოსმოსმა უკან დასახევი გზა გადაკეტა
და სიყმაწვილის სანახებზე ვარ მგლოვიარე.
მე დღეს ვიხსენებ ყველა ტკივილს, რაც კი მტკენია.
აქედან უკვე მწვერვალებიც ჩანან კორდებად.
ამ ქვეყანაზე არაფერი არ მეორდება,
რაც მეორდება, მკრთალია და მოსაწყენია.


კვლავ ძველებური შემართებით სუნთქავს პაგოდა...

თუ შეგინიშნავთ, გადაბმული ავდრების მერე
მზის ელვარება სივრცეს როგორ ამიამიტებს.
ეხმიანება უხილავი სიმი ამინდებს
და ცისქვეშეთში მომხიბლავი ჰანგები ჟღერენ!
აღარ გვჭირდება არც ქოლგები, არც ლაბადები,
კვლავ ძველებური შემართებით სუნთქავს პაგოდა...
ჩამოეშვება ვარსკვლავების საგუშაგოდან
განთიადი და მე ხელახლა დავიბადები.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge