გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირმა ქურასბედიანი - ლექსები

ენავ ქართულო

ენავ ქართულო, თეთრო ალმასო,
ენაო ჩემო, სულის მშვენებავ.
ამღერებულო ჰანგო ათასო,
უამქართულოდ რა მეშველება.

ენაო ჩემო, ენავ ჯვარცმულო,
ამოხეთქილო სულში გრიგალად.
მზის ათინათით ამოქარგულო,
მოვლინებულო ერის ფიქალად.

ღვთით კურთხეულო, დროში ნაწრთობო,
საუკუნეთა მძლეო ათასო.
საედემოვ და ცაში სამყოფო,
ჩემო ღირსებავ და მუხამბაზო.

ბრძენკაცთა ხელით დღემდე მოსულო,
რაღას დაგაკლებს მკაცრი დროება.
თუკი ქართველი ხატად იწამებს,
,,მამულს, ენას და სარწმუნოებას“.




ოცნების ედელვაისი

აზამთრისპირდნენ მთის მწვერვალები,
სუსხი აეწვათ ისევ დაისებს,
შენ გული გწყდება კვლავ მღელვარებით,
არავინ გიძღვნის ედელვაისებს.

გადაიქროლებს წლები ჭენებით,
შენ გვირილებით გაიმაისებ
და ზეციურად, უცხო მშვენებით,
ვერ ეღირსები ედელვაისებს.

არა სჩანს გმირი მთების დამპყრობი,
ვინც სურვილს შენსას გაითავისებს
და მზესთან ახლოს, ხელებაპყრობით,
ოცნებით გიძღვნის ედელვაისებს.







როცა ბეღურა გჯობია

შენ რომ ეჟვანი შემაბი,
შენს მზეს რომ ვხვრეპდი, მზეწვიას,
რომ ვერ მაფიქრა ვერავინ
- სად უფრო უკეთესია.

დამწვა ამ სულის ღადარმა,
მიწა ნაკვერჩხალად მიქცია,
გაფრენის ჯავრმა დამჯაბნა,
სიბერის ჟამს რომ მიწია.

საშენო ზამთარს შევრჩი და
სხვის გაზაფხულებს გავყურებ,
მერე... იმედი მაფხიზლებს,
ბეღურებს როცა ვაპურებ.

გული საგულეს ასკდება,
არყოფნა ყოფნის მჯობია,
იქ ყველაფერი მთავრდება,
როცა ბეღურა გჯობია.








დარდების შემგროვებელი
(გოდერძი ჩოხელს)

დარდს აგროვებდი, ხევსურო,
სხვისი ტკივილის მეწილევ,
გუდამაყრელთა მეგზურო,
დარდები სად არ ეძიე.

ნაიალაღარ ხარივით,
ტვირთი მორჩილად გასწიე
და ხელთუქმნელი ფერები
სულ აკვანივით არწიე.

სიკვდილზე ფიქრი თავიდან
ნეტა რაისთვის დაიწყე,
ხომა სთქვი, სიკვდილს არ მინდა
ხარივით ფეხთან დავუწვე.

მინდა, სიცოცხლე ვიმშვენო
ზვიადაურის ქედითა,
ცხოვრებას ბრძოლა მოვუგო
ხანჯალგაყრილი ყელითა.







უილიამ შექსპირი
სონეტი - 36
(თარგმანი)

გამოგიტყდებით, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ,
თუმცა ორმხრივი სიყვარული გვაერთიანებს.
ამგვარად შევძლებთ, სიგიჟისგან განვთავისუფლდეთ,
დაუხმარებლად მოვიშორებთ რაც გვაზიანებს.
პატივისცემა ერთმანეთის ტრფობაში ვპოვეთ,
თუმც დაუნდობელ ცხოვრებაში არა ვართ ერთად,
ჩვენ სიყვარულში ვერაფერი ვერ დაგვაშორებს,
თუმც ტკბილ საათებს ცხოვრებისას ვატარებთ კენტად.
დაუფარავად რომ ვერ გვხვდები, ბრალია ჩემი,
სიცოცხლეს მაინც მილამაზებს შენი ნათელი,
ვერც საზოგადო პატივი და დიდება მშველის,
თუ თვითონ აღარ დავიბრუნე ჩემი სახელი.

მე შენ მიყვარხარ ისე ძლიერ, მსგავსი არც კია,
ვიდრეა ჩემი სახელი და რეპუტაციია.


ბწკარედულად თარგმნა - ქეთევან ნიკოლაძემ.







სონეტი - 66
(თარგმანი)

ყოფიერებით გადაღლილი, მე სიკვდილს ვნატრობ,
რათა სხეულმა დაისვენოს, გაექცეს სოფელს.
რამ გამახაროს, როცა ვხედავ დიდებულ მოკვდავს,
სიღარიბეში გაჩენილს და უსახსროდ მყოფელს.
ხოლო მდაბიოს, გამოწყობილს ძვირფას სამოსში,
ფარჩა აბრეშუმს  შეფარებულს, სულელს  და ამაყს,
უსამართლობას ამ ყოფაში აბა ვინ მოთვლის,
ვინ უწამლებს ან მოიგონებს ამ სენის წამალს.
სიკეთის მქმნელი გადაფარა უხეშმა ძალამ,
ბრიყვმა, იოლად დაიკავა ბრძენის ადგილი,
დრო მიდის, მაგრამ სამართალი ბოროტს ვერ ფარავს,
სიკეთე სადღაც უფსკრულშია გადავარდნილი.

ამ ყველაფრისგან ქანცგალეულს  გაქცევა მინდა,
ვტოვებ ყველაფერს, სატრფოსაც და რაც არის წმინდა.

ბწკარედულად თარგმნა - ქეთევან ნოკოლაძემ.




ლესია უკრაინკა
‌     (თარგმანი)

შორს, შემოდგომის პირქუში და ბნელი ფიქრები!
ბოლოს და ბოლოს, ახლა ოქროს გაზაფხულია!
მწუხარებაში
გაფრენილა ნანატრი წლები?
საჩემო ცრემლიც სიმღერასთან არეულია.

ძნელბედობისას უიმედოც
იმედს დავეძებ,
მაინც ვიცოცხლებ! გამეცალე, ჩემო ტკივილო.
ვარდებს დავთესავ
მე დავთესავ ლამაზ ირისებს,
რომ სიცივეშიც ყვავილებთ გავიღიმილო.

მწარე ცრემლები დამცვივდება ჩემი თვალიდან.
ჩემი მშვიდი და ცხელი ცრემლი ყინულს გაალღობს,
ეს გაზაფხულიც მოვა
ჩემი მწუხარებიდან,
რომ სიმღერებიც  ყვავილებად გადააზამთროს.

მე ავტირდები სიხარულის ცხელი ცრემლებით,
ჩემს ჯვარს და ქვასაც ციცაბოზე მხრებით ავიტან,
მიუხედავად ტკივილისა თუ სიმძიმისა,
მაინც  ვიმღერებ და ვიცხოვრებ ისევ თავიდან.

უძილო ღამეს მე საჩემო ვარსკვლავს დავეძებ!
მჯერა ვიპოვი  ჩემი ცოდვილ სულის საშველად,
დიახ! ცრემლებით გავიცინებ ფეხზე დავდგები,
წუხილს გავფანტავ და ვიმღერებ გადასარჩენად.

ბწკარედულად თარგმნა - მაია მურუსიძემ.

შენს გულთან მოვიტან

დავწერ და მერცხლებად ავაფრენ ბარათებს,
სულს ვატან საშენო მზესა და ლაჟვარდებს,
ამ ღამეს ოცნების ფერხულით გავათევ,
გავყვები ღრუბელს და მთებს გავუნავარდებ.

მზისგულა ფიქრებით გულისკარს დავქარგავ,
სიბნელეს გაარღვევს საცისკრე ლანდები,
მოდი და ვარდისფერ იმედის დამკარგავს,
მიამბე ლამაზი სიცოცხლის ზღაპრები.

შენს ციურ საფიქრალს, მზის გულზე ავკრიფავ,
ფრთაშესხმულ რაშივით გავცდები ორბიტას
და ცეცხლად ანთებულ მწვერვალთა ყვავილებს
ჩემს გულთან შევკრავ და შენს გულთან მოვიტან.




მგელო

იყმუვლე მგელო, ხმით გაფატრე ღრუბელთა ფარდა,
მიწის ამბები მიაწვდინე ციურ გრიგალებს,
უამბე აქ რომ ყალბი მზერა ყველა ზღვარს გასცდა,
რომ არც კი იცი კიდევ როდის გადაიკარებს.

იყმუვლე, მგელო, ხედავ? მგლობას არა აქვს ფასი,
გადახსნილია ყველა ძარღვი დაცლილი სისხლით,
ყოფიერება გახდა ახლა უტიფრად ფარსი
და გზები ჩვენი გადარჩენის არავინ იცის.

იყმუვლე, მგელო, დღეს დუმილი ოქრო არ არის,
შენი ყმუილით ცა და მიწა აახმაურე,
წამოიმართე, მართლის თქმაა ახლა მთავარი
და ღმერთი გიძღვნის  გადარჩენის დღესასწაულებს.




მამას ფუსტა

მამაჩემს რომ ხარი ჰყავდა,
(საერთოდაც, გიჟდებოდა ხარებზე),
,,ფუსტა“ ერქვა, სახელითაც უფალს ჰგავდა,
რქებზე სანთლად ენთებოდა ყველა დღე.

ხარი იყო მისი სანდო მეგობარი,
მასთან ერთად რომ იყოფდა საზრუნავს,
დღესაც ერთად რომ ისმება სახსოვარი,
მათი წმინდა მეგობრობის დასტურად.

მახსოვს, მთების საცალფეხო ბილიკებზე,
თივით სავსე მარხილს როგორ გასწევდა,
უკაცრიელ, სულისშემძვრელ, საშიშ გზებზე,
ორ მეგობარს ღვთის წყალობა თან სდევდა.

მათი ფიქრი ერთ საერთო მიზანს ჰგავდა,
სხვისი დარდი მამას გულს უკორტნიდა,
,,ფუსტას“ დილას უღელში რომ შეაბამდა,
მადლიერი ნათელ შუბლს უკოცნიდა.

ახლა აღარც მამაა და აღარც  ხარი
და ყველაფერს მოგონების მტვერი აქვს,
დარჩა მათი ნაჯაფი და ნაოფლარი,
მე კი ლექსად მათ სიყვარულს ვმღერივარ.
06.01.2021.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge