გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაგდა ჩანქსელიანი - ლექსები



ენგურს გადაღმა

ეკლის გვირგვინი შემოავლეს დედა სამშობლოს,
ცა ჩირაღდნებით ავსებულა ენგურს გადაღმა,
დილა გათენდა უჩვეულო, სველი ყლორტებით,
ზეცა დაგვტირის... დაუსველდა ღვთისმშობელს კალთა...
ყაყაჩოსფერი ელვარებით გვიმზერდა ზეცა,
ტყვიების წვიმა ანგელოზებს გულში ხვდებოდათ,
ცრემლები სწვავდნენ ქუთუთოებს წითელ ზოლებად,
იყო სისხლისღვრა... შეწყალება არვინ იცოდა.
იუდას მსგავსად, არაერთხელ, გაგვყიდეს, გაგვცეს
და მამლის პირველ ყივილამდე გავარდა ტყვია,
აბობოქრებულ ზღვის ტალღებში გაცურდა ნავი
და ამის შემდეგ ჩემს მიწაზე დევნილი მქვია.
უფლის ტახტამდე ადიოდა ხალხის გოდება, 
გვსურს, მხურვალება კვლავ შევიგრძნოთ ქართული მიწის, 
გახსნილ ჭრილობებს დრო როგორღაც განკურნავს, მაგრამ
რაღა ვუშველოთ იმ ტკივილებს, სულში რომ ღვივის.
მთებს დაეხურათ ბინდისფერი ლეჩაქი თმებზე,
სისხლიან ზეწრებს დაეფარა ენგურის ველი,
ტროტუარებზე გაისმოდა დედების გმინვა...
ხარ გოლგოთისკენ მიმავალი ჯვარცმული ღმერთი.


***
ღამეა, ისევ ცოცხლდებიან ლურჯი ჩრდილები,
ჩამავალი მზე ერეკება სარკმელთან წყვდიადს,
ამ შემოდგომის ღამეებში შემოჩვეული
მოჩვენებები ბნელ ოთახში იწყებენ წრიალს. 
ფიქრები უკვე სიბნელეშიც მიღრღნიდნენ სხეულს,
ისე მიმძიმდა უშენობით ღამის გატანა,  
მენატრებოდი და სიგიჟის ზღვრამდე მისული,
ვეღარ ვამჩნევდი, დავემსგავსე, თურმე, ავაზაკს. 
ბნელში სარკმელთან აჩრდილები ჩურჩულს იწყებდნენ, 
ქანცგაცლილ დღეებს იანვარი ნისლებში ხვევდა,
ამ უღიმღამო სიბნელეში დაჰქროდა ქარი,
მე კი ოთახში არსებული სიჩუმე მეცვა. 
თებერვლის ფიფქით მევსებოდა სულში ფიალა,
მე ღამეები უშენობის შემოვიკედლე, 
როგორც იუდამ, საკუთარი თავი გავეცი
და ამ ოთახში თვითმკვლელობის გრძნობა ვიგემე. 
შუაღამისას შეარხევდა წყვდიადს ნიავი,  
ამ უღიმღამო სიბნელეში გაიჭრა მთვარე,  
მოჩვენებებიც გაიპარნენ ღია კარიდან,
ვითარსი შუქი აცოცხლებდა იდუმალ ღამეს. 


***
ხიდის მოაჯირს დაყრდნობოდა ნოემბრის ღამე, 
მდინარის პირას მიცურავენ თეთრი გედები.
სიგიჟის როლი თუ მოირგო, იქუხებს ცამდე, 
ღრუბელთ აკლდამას გადაივლის დროთა რელსები. 
მტკვრის შეძახილებს ყურს უგდებდა ღამის მნათობი, 
გალაკტიონის ხიდზე მდგომი სონეტებს თხზავდა, 
ჯერ კიდევ მაშინ, პოეზიის სხივით მოსილმა, 
მან არ იცოდა, რომ ეს ღამე ჩვეულს არ ჰგავდა. 
ქარი ფანტავდა ათრთოლებულ ფერად ზამბახებს, 
მოვერცხლილ მდელოს კვლავ მოელის სიტყვათა თქეში
და ახლა, როცა თეთრი მთვარე ანგრევს დარაბებს, 
ზღვისფერ ხატებას კვლავ მოვუხმობ გრძნობათა ველში. 


***
ჯერ ისევ მახსოვს არშემდგარი ჩვენი შეხვედრა
და დღე, როდესაც უსიცოცხლოდ დავმარხე ნატვრა. 
მე მონატრების სუდარაში დარდებს ვეწვიე, 
ეს განშორება სიგიჟეა, არ უნდა ახსნა. 
ფიქრთა ტალღები ასკდებოდა  ღამით საფეთქლებს, 
სველი ქუჩები ხეტიალში დავლიე მარტომ
და როცა მთვარე ცის შუაგულს ათბობდა ხარბად,
ეს ღამეები თვითგვემაში გავლიე მხოლოდ. 
სილურჯე დაკრავს აზვირთებულ ფიქრთა ლაჟვარდებს, 
ახლა დეკემბრის სუსხი ატანს გადაღლილ მკერდში, 
მომენატრები, სხვა რა გითხრა, სიჩუმის გარდა,
თოვლით ნაშენებ პირამიდებს სულიდან ვერ ვშლი. 


***
სიყვითლე ოქროსფერ ზეწრებად ედება
მიწაზე დაფენილ ოქტომბრის სიცივეს,     
მზის პირმა ღრუბელთა დარბაზში იარა,
ბროლის ყელს უმშვენებს ვარსკვლავი ცის კიდეს.
მთვარე ხომ უძირო სივრცეში აბნევდა
სხივების მანდილზე დაწერილ სონეტებს,
ფერმკრთალი წამები მოლოდინს ძერწავენ,
საღამოს ქალაქზე სიჩუმე იმეფებს.
ნეტავ, ვის ელიან ყვითელი ფოთლები,
მალე ხომ ფიფქები გზებს გადაივლიან,
უდროოდ დაფენილ ოქტომბრის სიცივეს
ფოთლები ოქროსფერ ზეწრებად ეკვრიან.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge