გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ანა მითგუჩი - (თარგმანი ნინო მელქაძისა) - ორ ენაზე ცხოვრება

ორ ენაზე ცხოვრება

რა არის გამოუთქმელი ბირთვი,
ორიგინალის უთქმელი ცენტრი?                                                                                      


ორ ენაზე ცხოვრება, ან მუდმივად ქვეყნებს, კულტურებს, ენობრივ სისტემებს შორის აქეთ-იქით მოძრაობა, უსასრულო თარგმნას ჰგავს, რომელიც შეუმჩნევლად, დროთა განმავლობაში არსებობის განუყოფელი ნაწილი ხდება, თითქოს, ცხოვრებას საქანელაზე ატარებ, რომელზეც წონასწორობის შენარჩუნება შეუძლებელი ამოცანაა, ჰარმონიის მიღწევა ვერ ხერხდება, რადგან ნეიტრალური ადგილი, იქ არყოფნის და აქ არყოფნის terra nullius არ არსებობს.  ამ არა მუდმივად გაცნობიერებულ,  რა თქმა უნდა, განაყოფიერებულ, მაგრამ, ასევე, ამბივალენტურ, აქ და იქ ხტომას ენებს შორის არ შეუძლია წონასწორობის დაცვა, რადგან ყველა ენობრივი სისტემა, თავისთავად დახურულია, არაფერს ეხება თავის გარდა, არათუ სხვისგან რაიმეს იღებს, არამედ საერთოდ გამორიცხავს სხვას და მას როგორც უცხოს, ზედმეტს, ხელისშემშლელს ებრძვის, ისე, რომ არც ერთს ამ ორთაგან (თუ აქ ორ ენობრივ სისტემაზეა საუბარი) არ შეუძლია ხარვეზები ამოავსოს, რომელთაც ყოველი სხვა თავისი არყოფნით კიდევ უფრო აღრმავებს.
„Brot და pain-ში (პური) ერთი და იგივე იგულისხმება, მაგრამ გამოხატვის ფორმაა სხვა. გამოხატვის ფორმა აჩვენებს, რომ ორივე სიტვა გერმანელებისა და ფრანგებისთვის განსხვავებულს ნიშნავს, რომ ისინი ორივესთვის არ არის ურთიერთშემცველი, დიახ, საბოლოოდ, ურთიერთგამორიცხვისკენ მიისწრაფვიან.“
მაშინ, როცა ერთენოვანს ეჭვი არ შეაქვს ცნებასა და აღნიშნულს შორის ობიექტის იდენტობისა და ენობრივ გამოხატვასთან დაკავშირებით, ორენოვანთა შემთხვევაში სრუილად გამორიცხულია უკიდურესი დარწმუნებულობა. აღარაფერია ცხადი. ყოველ ენობრივ გამოხატულებაში წესები და კულტურული შეთანხმებები იგრძნობა ნაწარმოებზე.
შეიძლება ეს ზრდის ასახვის უნარს, მაგრამ, ამასთანავე, იწვევს ფიქსირებული მდებარეობის დაკარგვას და გარკვეულწილ გაურკვევლობას. სადავოა, ამ შემთხვევაში დანაკარგი განიხილება როგორც ტრაგედია თუ განთავისუფლება. ტვინის ნაწილებში, რომლებშიც ცალკეული ენები ადგილს იკავებს, ჰარმონიული ერთდროულობის მიღწევა მხოლოდ იშვიათად შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს ეხება მხოლოდ მათ, ვინც ორ ან მეტ ენაზე ადრეული ასაკიდან გაიზარდა, ორივე ენას ერთდროულად ბავშვობაშივე ყოველგვარი გრამატიკული წესებისა და სემანტიკური ექვივალენტების სწავლის გარეშე დაეუფლა. რაც უფრო გვიან ხდება ახალი ენისა და, შესაბამისად, უცხო კულტურულ გარემოში შებიჯება, მით უფრო რთულია ამ ბალანსის დამყარება. სინქრონული თარგმანიც კი, რომელიც უფრო მეტად, ვიდრე ლიტერატურული თარგმანი, უპირველესად ყურადღებას შინაარსისა და ზედაპირული მნიშვნელობის გადმოცემაზე ამახვილებს, მსგავსი პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ მოკავშირის წინაშე და არა კონგრუენტული სემანტიკური ველების. ყოველთვის ნაწილობრივ ბრმა ხდები მეორე, მოგვიანებით შემოსულ ენის მიმართ, რადგან ენა არის არა მხოლოდ ის, რაც გამოხატულია, არამედ ის, რაც გამოტოვებულია დისკურსში, რაც ნაგულისხმევია, კომუნიკაციის მთელი დახვეწილი სისტემა. ნაწილობრივ ბრმა ხდები და, ამავდროულად, აღჭურვილი ხარ დამატებითი აღქმით, ზღვარიდან, გარედან, რომელიც ახდენს შედარებებს და შეფარდებებს და რომელიც ერთენოვანებს მსგავსი მასშტაბით არ გააჩნიათ. ეს აღქმა ასევე გავლენას ახდენს მშობლიურ ენაზე, რომელსაც ხშირად ემოციურ ენას უწოდებენ, მუდმივი შედარებისას ისიც კარგავს თავის ავტომატიზმს, ხედავ გარედან და, ამავდროულად, შიგნიდან, მუშაობ სარკეებით, რომლებსაც უსასრულობაში გადაჰყავხარ, რომლებიც გაბნევს და გაბრმავებს, მაგრამ, ასევე, წარმოქმნის სირთულეებს. საკუთარი კულტურა მხოლოდ გაუცხოებული ენის დისტანციიდან ხდება გასაგები.
შესაძლოა, ეს ყველაფერი წინაპირობაა ენასთან შემოქმედებითად და რეფლექსურად მიდგომისთვის. ეს შეიძლება ეხებოდეს შემოქმედებით ენობრივ პროცესს, მაშინაც კი, თუ მეორე ენა პირველის გადაფარვას შეძლებს, მასში ბზარებს კიდევ უფრო გააღრმავებს, რომლის შევსებას ის საკუთარი ტერმინებით ცდილობს, რადგან მეორე ენა ანადგურებს ჩვენი პირველის თავისთავად ცხადობას და მაინც დედაენის გავლენის ქვეშ რჩება, იმდენად ძირს უთხრის, აბინძურებს მას, რამდენადაც ანაყოფიერებს.
ენა აწესრიგებს გამოცდილების სფეროებს, ყოველი ახალი გამოცდილება ტერმინებითა და ენობრივი გამოსახულებებით იმ მომენტში ფიქსირდება, როდესაც ის ცნობიერი ხდება. და რადგან ორ ენაზე ცხოვრება ნიშნავს, ორივე გამოცდილების მიღებას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში წესების შესაბამის სისტემაში ადგილის დაკავებას,  ერთ ენაში ყოფნა არის მეორე ენაში არყოფნა. ერთხელ მიღებული გამოცდილება არ შეიძლება პირველადი სახით განმეორდეს და მათთვის მინიჭებული ენობრივი ფიქსაციები იზრდება ერთ ენაზე მხოლოდ მეორე ენაზე დაშორებით. უწყვეტად უნდა ვიცხოვრო ენაზე, რომ ის სრულად შევავსო და მასთან შესაბამისობაში დავრჩე. თუ მას დიდი ხნით დავშორდები, ჩემი ენა გაჩერდება იქ, სადაც დავტოვე. ცოცხალი ენა ზრდას მასში მიღებული გამოცდილების ჯამით აგრძელებს.
მაშინაც კი, თუ ცხოვრობა იმ ენაზე გვიწევს, რომელიც ოდესღაც უცხო იყო და ზრდასრულ ასაკში შევისწავლეთ, იშვიათად ვიმყოფებით მასთან სრულ ჰარმონიაში, ვცხოვრობთ მის ერთ სისტემაში, რომელიც ყველა ენაში ბევრია, ვფლობთ მის ერთ-ერთ რეგისტრს, შეიძლება ორს, მაგრამ უცხოა მრავალი სხვა, რომელთაც ვერ შევიცნობთ, ვერ ვახერხებთ მათ კლასიფიკაციას, მის წინაშე ისე ვდგავართ, თითქოს სხვა უცხო ენა იყოს. ყველამ, ვინც პირველ ენაზე უმაღლესი განათლების სისტემა გაიარა, უცხო ენაზე განათლებულის იდიომი აქვს, მან შეისწავლა სტანდარტული ენა და სალიტერატურო ენაში სრულყოფილებისა და ენისადმი გრძნობა გამოიმუშავა. მაგრამ ასევე არსებობს მრავალი წარმოქმნილი ენა სხვადასხვა სოციალური კლასის, რეგიონისა და ეთნიკური ჯგუფის. გერმანულის, ინგლისურის, ფრანგულის და ა.შ. ენაზე საუბარი უკვე აბსტრაქციაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხეულის ენა, თვალის კონტაქტი,  ქცევის წესები სრულყოფილად ჩართულია თითოეულ ამ ენაზე. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი სტრუქტურები იგივე რჩება ან სულ მცირე მსგავსი, რომ ისინი ადვილად შესასწავლი ვარიანტებია, რომლებიც ბირთვს კონცენტრირებულ წრეებში ათავსებენ, ენათმეცნიერული თვალსაზრისით შესაძლოა ეს სრულიად გამართლებულია, მაგრამ ამ ენების უცხო ენაზე მოსაუბრეთათვის ისინი უცხოს, უენობასა და დაბნეულობას წამოადგენს, რომელიც დიდი ძალისხმევის მიუხედავად შეუღწევადი რჩება. მთელ მსოფლიოში ადამიანები, რომლებიც აქცენტით საუბრობენ, უნდობლობას განიცდიან. აქტენტი მიუთითებს განსხვავებაზე, უცხოობაზე, რომლის მიღმა რეალობის სხვა აღქმა იმალება.
„არ არსებობს ორი ენა, ორი დიალექტი ან ადგილობრივი იდიომი თავის სამყაროებს ერთნაირად შეიცნობდეს, გამოხატავდეს, აღწერდეს […] ენაზე საუბარი ნიშნავს, რომ გარკვეულ სამყაროში-ადგილზე სახლობ, აშენებ, გამოირჩევი […] ეს ნიშნავს, დროში ერთადერთ ლანდშაფტს იპყრობ და კვეთ.“
ჩვენს ცნობიერებაში რამდენიმე ენას არ შეუძლია ერთდროულად პირველი ადგილი დაიკავოს. რომელიც შედარებით შორსაა, არ გამოიყენება, ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის, დავიწყებას ეცემა. ვინც დიდი ხნის განმავლობაში ერთენოვან გარემოში ცხოვრობს, მისი სხვა ენა თანდათან უჩინარდება, ქრება და ღარიბდება. მისი განახლება და გაცოცხლება შესაძლებელია, რასაც დროის გარკვეული ნაწილი სჭირდება, მაგრამ ყოველი არარსებობა მიმდინარეობს დროის უწყვეტობაში. ჩვენ არ ვიმყოფებით მაშინ, როცა ჩვენი არყოფნის შემთხვევაში საზოგადოება და მისი გამოხატვის გზები ვითარდება და დაბრუნების შემდეგ შეცვლილ ენობრივ რეალობაში შევდივართ. თუ ყოველი ახალი გამოცდილება გვცვლის, მაშინ ამ ცვლილებაში ენისა და კულტურული გარემოს წვლილი დიდია, რომელშიც ეს გამოცდილება განხორციელდა. მაშინაც კი, თუ ბავშვობის გამოცდილება და მშობლიური ენის ათვისების წლები წარმოუდგენელ გავლენას ახდენს, ვიდრე მოგვიანებით შემოსული, მაინც აქვს მნიშვნელობა, როგორ, სად და რომელ ენაზე განვიცდით ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებს. ოცდაათი წლის განმავლობაში, როდესაც თითქმის  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრიაში თანაბრად ვცხოვრობდი, ვგრძნობდი, რომ ყოველი დაბრუნებისა და ხელახალი დასაწყისის შემდეგ გარემო და ენა იცვლებოდა. რა თქმა უნდა, ეს იყო თანდათანობითი, ძლივს შესამჩნევი ცვლილება წლების განმავლობაში, თუმცა ყოველი წასვლა ხელახალ ამოძირკვას ნიშნავდა და ყოველი იდენტიფიკაცია ერთ სამყაროსთან იწვევდა მეორესთან გაუცხოებას. საბოლოოდ, არ არსებობს ადგილი, რომელსაც სახლს უწოდებ, ამიტომ ორივეზე მიწებებული ხარ და არც ერთი და არც მეორე გეთმობა. ვინც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს უცხო ენაზე, რაღაც მომენტში აცნობიერებს, რომ სრულიად სხვა გახდა. ზოგჯერ ჩვენ ვქმნით ჩვენს ახალ იდენტობას შეგნებულად და ხალისით, განვიცდით მას, როგორც ნიღაბს, როგორც განთავისუფლებას, როგორც მანამდე არარსებულ შესაძლებლობას. მაგრამ ნიღბებით თამაშიც თავის ფასს ითხოვს. უცხოობიდან გამომდინარე, თავდაპირველი ხელშეუხებლობა, უცოდინრობის მხიარული სოლიფსიზმი შეიძლება საწყის ეტაპზე დაცვისა და ხელშეუხებლობის გარანტიადაც კი მივიჩნიოთ, თუმცა, ამავდროულად, ტკივილსაც იწვევს, რომ შეუცნობელი რჩები და ბოლომდე აღიარებული ვერასდროს გახდები, რადგან მათ, ვინც მხოლოდ ერთ ენაზე ცხოვრობს, ხშირად არ გააჩნიათ უნარი ამოიცნონ და სწორად შეაფასონ უცნობები თავიანთი ენის საზღვრებს მიღმა. ვინც ორ ენაზე ცხოვრობს, ყოველთვის აქვს უხილავი, ფერისცვალებადი მხარე, რომელიც მას მარტოსულს ხდის.
ენა, ამტკიცებს ლინგვისტიკა, ეკონომიისაკენ მიისწრაფვის, ანუ ის მხოლოდ სინონიმების გარკვეულ რაოდენობას, ცნებების მრავალმნიშვნელობას უშვებს. როგორც ჩანს, ჩვენი ცნობიერება ვერასოდეს დაუშვებს, ორი ენა სრულიად თანაბარ პირობებში დიდი ხნის განმავლობაში გვერდიგვერდ არსებობდეს. ორ ენაზე ცხოვრება ხშირად კონფლიქტს წარმოშობს, რომლის დროსაც სიტყვები და იდიომები ერთმანეთს ცვლიან და ერთმანეთს გადაფარავენ. ისიც ხდება, რომ ტექსტის წერისას შუა წინადადებაში სიტყვა მეორე ენიდან გამოხტება და მისი, როგორც ერთადერთი ზუსტი ვარიანტის დანმტკიცებას გაიძულებს. აქ განიხილება ინტერფერენცია, მაგრამ ეს არ არის სხვა ენის თავიდან აცილებული არევა კონცენტრაციის მეშვეობით, რადგან მტკიცედ შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სიტყვა, რომელსაც ზუსტად ის სახელი ეწოდება, რისი გამოხატვაც სურდათ. თარგმანი მხოლოდ იმპროვიზაცია იქნებოდა, მეორე საუკეთესო არჩევანი.
ამ ტიპის ინტერფერენცის სურათის წარმოსაქმნელად საკმარისია წარმოვიდგინოთ გამოგონილი პერსონაჟი, უსაზღვროდ აღელვებული, დაბნეული, განერვიულებული, მწუხარებისა და აღშფოთებისგან სრუილად ბრმა ქცევის წესების მიმართ. ამდენი სიტყვაა საჭირო იდიომა  „all bent out of shape" აღსაწერად. მაგრამ როგორ ვთარგმნო ფრაზა, რომელიც ჩანაცვლების ან თარგმანის გარეშე მოულოდნელად გერმანულ ტექსტში გვხვდება? „Fassungslos“ (გაოგნებული) იქნებოდა სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი, მაგრამ ორიგინალთან შედარებით უფერულია, შედარებით უფრო ხისტი "hysterisch" (ისტერიული)  ცდება მიზანს და შეიცავს განსჯის ელემენტს, „aufgeregt“ (აღელვებული) უფრო ზოგადი და არაფრის მთქმელია. თარგმანი, რომელსაც ლექსიკონი გვთავაზობს „verbogen“ (მოხრილი) საერთოდ არ გადმოცემს ემოციურ შინაარსს. სურათი, რომელსაც ინგლისური ფრაზა შეიცავს, წარმოუდგენელია გერმანულად არსის დაკარგვის გარეშე ითარგმნოს. თუ კი ვიტყვით „aus der Fassung" შეიძლება მონათესავე სურათი წარმოიქმნას, მაგრამ მას აკლია ფიზიკური, მიმზიდველი, გროტესკისა და იუმორისტული ელემენტის კვალი, მას აკლია გრაუჩო მარქსისა და ჩარლი ჩაპლინის უხილავი ყოფნა და მთელი აზროვნება, რომელიც ანგლო-საქსონურ კულტურაში არსებობს. რა თქმა უნდა, ამ ფრაზის თარგმნა შეგვიძლია, მაგრამ საკუთარი კულტურით გაჯერებული ენობრივი გამოსახულების უნიკალური ეფექტი წარმოსახვაზე იკარგება. ყველა ენა სრულყოფილია თავის საზღვრებში, ის შეიცავს ყველაფერს, რაც მის სამყაროს ქმნის. ვალტერ ბენიამინის უძველესი სიტყვის თეორია, უძველესი ენა, რომელიც დაფუძნებულია აკადემიური ორიგინალური ენის კაბალისტურ კონცეფციაზე, რომელშიც აღმნიშვნელი და აღნიშნული იდენტურია, არის განსხვავებული მსოფლმხედველობებისა და ენების გაერთიანების იმედის მომცემი მცდელობა. „მაგრამ ენებს შორის წარმოსახვითი, შინაგანი ურთიერთობა არის თავისებური კონვერგენცია. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ენები ერთმანეთისთვის უცხო კი არ არიან, არამედ აპრიორი და უპირველეს ყოვლისა ისტორიული ურთიერთობების გარდა, მასთან კავშირშია, რისი თქმაც სურთ […] თუმცა, ჭეშმარიტად, ენათა ნათესაობა თარგმანში ბევრად უფრო ღრმად და აშკარად ჩანს, ვიდრე ორი ლექსის ზედაპირულ და განუსაზღვრელ მსგავსებაში.“
უძველეს ენაზე ყველა ენის ამოცნობაა შესაძლებელი, საერთო მესამედი, რომელშიც ისინი ერწყმის და ფრაგმენტაცია იცვლება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სრულიად ვაცნობიერებთ, რომ გრამატიკა, სინტაქსი, ლექსიკა და ყველა ენობრივი სურათი და მეტაფორა ისტორიიდან, კლიმატიდან, სოციალურ სტრუქტურებიდან, საერთო კოლექტიური გამოცდილებიდან წარმოიქმნა. სამოთხეში დაბრუნების, მესიის ხანაში შებიჯების ამ უტოპიაში, ნათქვამია კაბალისტურ წერილებში, ადამიანი დამწერლობის ყველა ფარულ შრეს ყოვლისმომცველი ხედვით, ინტერპრეტაციისა და თარგმანის საჭიროების გარეშე ამოიცნობს. მანამდე იქნება ენის აღრევა, რომელსაც ჯორჯ შტაინერი არა ადამიანის ცოდვაში ჩავარდნის სასჯელად, არამედ კაცობრიობის უდიდეს მიღწევად და ჩვენი აღქმის შესაძლებლობების უსაზღვრო გამდიდრებად მიიჩნევს. და ჩვენ მოგვიწევს მასზე დაყრდნობით თარგმნა, უცხო ენებზე, როგორც უცხო ჭერქვეშ დაბნეულ სტუმრებივით ცხოვრება, ენებს შორის გულის წასვლამდე გაყუჩება და იმის შეგრძნება, რომ ყოველ ლიტერატურულ ტექსტში უთარგმნელი ბირთვი, ფარული საიდუმლო იმალება.
„Über-setzen" (გადათარგმნა) ნიშნავს საზღვრის გადაკვეთას, გადალახვას და ზოგჯერ საზღვარი უფსკრულია. ყველა ენა, რომელსაც ვიცნობ, და არა მხოლოდ გერმანული, შეიცავს ერთი მხრიდან მეორეზე, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლის არსს: „trans-late", „tra-ducir", „tra-duttore", ხოლო იტალიურად თარგმნა მჭიდროდ დაკავშირებულია ბორანთან „tra-durre." ებრაულში თარგმანის სამი სინონიმია: „he'evir", რომლის ფუძე შეიძლება ნიშნავდეს „მოხდომას“ „ჩავლას“, „წარსულს“, „გადმოსულს“ და ასევე არის ფუძე „ივრი, ებრაელისთვის“, რაც ნიშნავს „გადმოსულს“.  ასევე "ჰაზაჰ", გადასვლა, რომლის ძირიდან იწარმოება სინონიმები: „გადაკვეთა“,  „გაყოფა/დანაწევრება“, „დაცილება“, „განახევრება.“
ერთი ენიდან მეორეზე გადასვლით ეს ენები აერთიანებს პასაჟს, გვერდის შეცვლას, ადგილის ან თვალსაზრისის შეცვლას, თუნდაც დროის შეცვლას, უსაფრთხოს დატოვებას და ჯერ კიდევ გაურკვეველის შემოსვლას. მხოლოდ ებრაული შეიცავს ცნებას გადაცდომის შესახებ, რომელიც შეიძლება წმინდა ტექსტების თარგმნის რელიგიური აკრძალვიდან მომდინარეობდეს. ებრაულში მესამე სინონიმს მივყავართ მნიშვნელობის სრულიად განსხვავებულ ველთან: „ტირგემ“, რომლიდანაც მომდინარეობს ძირი  „ვარჯიში“, „წვრთნა“, რაც მიანიშნებს თამაშზე, რომელიც ყველა თარგმანში თანდაყოლილია, საჭირო პედანტურობა და დახვეწილობა, რომელსაც ის მოითხოვს, მოთმინება, რომლითაც ადამიანმა უნდა მოუსმინოს ყველა ბგერას, ყველა ნიუანსს, ძნელად არსებობს ენაში უკეთესი პრაქტიკა, ვიდრე თარგმნა. და კიდევ უფრო ინტიმური, ვიდრე ნებისმიერი კითხვის აქტი არის თარგმანის შეცნობა და შეგრძნობა, ინტუიციური და ამავე დროს ინტელექტუალური, ფრთხილი და მაინც მიმზიდველი: „ჭეშმარიტი თარგმანი გამჭვირვალეა, ის არ ფარავს ორიგინალს, მის შუქს არ ჩრდილავს, არამედ საშუალებას აძლევს სუფთა ენას, საკუთარი მედიით გამყარებული  უფრო სრულად ემთხვეოდეს ორიგინალს.“
რა გვაიძულებს, ნაწარმოები, რომელიც ძალიან კარგად გვესმის ორიგინალში, საჭიროების და პროფესიის გარეშე ვთარგმნოთ, უკვე არსებული ლექსი სხვა ენაზე გავიმეოროთ? ვალტერ ბენიამინისთვის „ლიტერატურული ტექსტის ცენტრში არსებული საიდუმლოს“ თარგმნა პრაქტიკულად შეუძლებელია, უთარგმნელია და „თარგმანი, რაც არ უნდა კარგი იყოს, ვერასდროს შეცვლის ორიგინალს." ლიტერატურით ყოველი გატაცება მის ღრმა არსში უნდა ვეძებოთ, ის სწორედ საიდუმლოებისა და ინტიმურობის გამო, მკითხველისთვისაც და ავტორისთვისაც ერთნაირად დიალოგურია და მიუხედავად დიდი ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნადობის მიმართ ყოველგვარი სკეპტიციზმისა, თარგმანის იმპულსი დიალოგურობაში მდგომარეობს. კითხვა არის შეხვედრა და რაც უფრო ახლობელად გვეჩვენება ორიგინალი, მით უფრო გაგვაბედნიერებს შეხვედრა. თავის ესეში The Drowened Library ებრაელ-არაბი ავტორი ანტონ შამასი თარგმანს, როგორც „კანიბალიზმს" აღწერს: „გააზრებული უნდა იყოს არა დასავლური გაგებით, როგორც დატყვევება, დანაწევრება, დასახიჩრება, გადაყლაპვა, არამედ იმ გაგებით, რომელიც გამოხატავს პატივისცემას – როგორც სიყვარულისგან უკან დახევის სიმბოლურ აქტს, სხეულის სათნოების შთანთქმა სისხლის გადასხმის გზით. თარგმანი განიხილება, როგორც გამაძლიერებელი, მკვებავი, დადასტურებული თამაშის აქტი“. კანიბალიზმი აქ გაგებულია, როგორც ზიარება, როგორც უდიდესი შესაძლო დაახლოება, დაპყრობა, რომელიც მპყრობელობაში მყოფთ ხელშეუხებელს ტოვებს, მაგრამ ამავე დროს, როგორც იმ საიდუმლოს, რომელსაც ვალტერ ბენიამინი უთარგმნელ ბირთვს უწოდებს, დიალოგში სარკისებურ გამოსახულებასთან გააზრების მცდელობა. თარგმნის მცდელობა ნაწარმოებთან ყველაზე ახლოს შესაძლო მიახლოებაა, რომლის ცენტრშიც იგრძნობა ეს საიდუმლო.
ალბათ ამ მიზეზით ვთარგმნე სილვია პლათის უკანასკნელი ლექსები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს ლექსები ორივე ენაზე გასაგები იყო, ორიგინალში და მოგვიანებით ერიხ ფრიდის თარგმანში. ეს ის ლექსებია, რომლებშიც სილვია პლათმა, დაუფარავად, შეუნიღბავად სიკვდილის წინაშე ამბიციითა და თვითგამოხატვით გადალახა თავისი ენის უკიდურესი საზღვრები. ჩემი სურვილი არ იყო თარგმანში ვარჯიში ან უკვე არსებულ თარგმანთან გაჯიბრება. ეს იყო დისკუსია ლექსებთან, რომლებიც პოეტმა მისი უკანასკნელი საათების  მოწმეებად დაგვიტოვა, მცდელობა გამეგო, ჩავწვდომოდი პოეტის საზღვრის კვეთას. ბოლო ლექსს არიელში ჰქვია სიტყვები:

Axes
After whose stroke the wood rings,
And the echoes!
Echoes travelling
Off from the centre like horses

The sap
Wells like tears, like the
Water striving
To re-establish its mirror
Over the rock

That drops and turns,
A white skull,
Eaten by weedy greens.
Years later I
Encointer them on the road

Words dry and riderless,
The indefatigable hoof-taps.
While
From the bottom of the pool, fixed stars
Govern a life.

ჩემი გამოუქვეყნებელი თარგმანი:

ცულები
რომლებიც ტყეში ხმას გამოცემდა
და ექო!
ექო, რომელიც შორს მიდოდა
ცენტრიდან ცხენებივით.

ცხოვრების ნარევი
იმატეს, როგორც ცრემლები, როგორც
წყალი, რომელიც საკუთარი სარკის
აღდგენას ცდილობს
კლდეზე,

ეცემა და ბრუნდება,
თეთრი თავის ქალა,
წყალმცენარეების მწვანისგან შთანთქმული.
წლების დაგვიანებით
შევხვდი მას ქუჩაში -

სიტყვები მშრალი და უპატრონო,
დაუღალავი ჩლიქის ცემა,
მაგრამ ფიქსირებული ვარსკვლავები
აუზის სიღრმიდან
ეუფლება ცხოვრებას.

ეს თარგმანი განსხვავდება ერიხ ფრიდის თარგმანისგან. მათი შედარებით მივხვდი, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, ინტერპრეტაციის მცდელობაა, არა მხოლოდ მისი ლექსების, ასევე მისი სიცოცხლისა და სიკვდილის, ეს პირადი დიალოგია შემაშფოთებელ და სიტყვით აღუწერელ თემასთან, რომლის ირგვლივ ეს ბოლო ლექსები ტრიალებს. ისინი ეხება წასვლას, ფერების, ტონების, ნივთების უწყვეტი შემცირებით არყოფნასთან მიახლოებას, ამას გადმოგვცემენ გაქვავებისა და გაქრობის სურათების სახით. ამ ბოლო ლექსებში ბატონობს სიტყვათა ნაკლებობა და გამოსახულებათა კარსტიფიკაცია, რომელთა მთავარი ხაზი განადგურებაა. შევეცადე ხელახლა შემექმნა ეს შემცირება, რომელშიც კონცენტრირებული ვიყავი აკუსტიკაზე, ცულის ხმისგამოცემასა და მის ჩახშობაზე ექოში და შემდეგ სიჩუმეში, სიცოცხლის დაცლა მისი ცენტრიდან.
ერიხ ფრიდის მიერ თარგმნილი პირველი სტროფი:

ცულები
შეშა ჟღერს დარტყმის შემდეგ
და ექო!
ექო რომ გადის
შორს შუაპუნქტიდან, როგორც ცხენები.

ეს არის სიტყვასიტყვით ნათარგმნი, ერთხელაც არ არის მთავარი აზრი გამოყვანილი, არანაირი იტრპრეტაცია, ყველაფერი ღიაა.
ერიხ ფრიდის მიერ ნათარგმნი მეორე და მესამე სტროფი:

წვენი
იმატებს ისე, როგორც ცრემლები, როგორც
წყალი, რომელიც მიიწევს
დაუბრუნდეს თავის სარკეს
კლდის ზემოთ,

ეცემა და ბრუნდება,
თეთრი თავის ქალა
სარეველამწვანის მირე შეჭმული,
წლების შემდეგ ვხედავ
მათ ქუჩაში.

პირველ წაკითხვისას ეჭვი არ გამჩენია, რომ ეს ლექსებიც ასევე არის სილვია პლათის ჯერ კიდევ არსებობის მეტაფორა უკიდურეს უფსკრულში. თუ პირველ სტროფში სამყარო ჩუმდება და ლექსის სათაური ენაზე მიუთითებს, მაშასადამე, ექოს გაქრობა პოეტური ენის გაჩუმებაა, რა შეიძლება იყოს „წვენი“ მის ანთროპომორფულ სამყაროში, თუ არა სიცოცხლის ნარევი? მაგრამ ეს არის მწუხარების, ცრემლების მწარე წყარო, რომელიც გაქვავებისა და შემცირების საწინააღმდეგო მოძრაობაში, როგორც სიკვდილის ალტერნატიული გზა ეგო იხრჩობა და შთაინთქმება. ბნელ, ამორფულ ღრმულში შთანთქმა არის კიდევ ერთი სიკვდილი, რომელიც ეგოს ემუქრება და იზიდავს, დამალულია წყლის ქვეშ, თუმცა შესაცნობი. ამიტომ მიმაჩნია „გადასანსვლა, შთანთქმა“ ზუსტად გამოხატავს სიტყვას „eaten“ და ლოგიკურად მეჩვენება დახრჩობით გადაფარვის, ამოხსნის, სიკვდილის სურათთა ველზე დარჩენა და ფერების შემცირების შენარჩუნება.
„ვხედავ / მათ ქუჩაში“ თარგმნა ერიხ ფრიდმა, მაგრამ „encounter“ ვფიქრობ, რომ უფრო ძლიერ ურთიერთქმედებას მოითხოვს, ვიდრე უბრალო აღქმა, ეს შეხვედრაა, თუნდაც უშედეგო.
ფრიდმა ბოლოს სტროფი ასე თარგმნა:

სიტყვები მშრალი და უმხედრო
დაუღალავი ჩლიქი.
მაგრამ
უძრავი ვარსკვლავები აუზის ფსკერიდან
მართავენ ცხოვრებას.

ერიხ ფრიდის თარგმანი უდავოდ უფრო ზუსტია. თუ მაინც დაჟინებით ვიმეორებ „უპატრონო" უფრო შეესაბამება სიტყვა „riderless"-ს ეს იმიტომ, რომ ის შეიცავს ინტერპრეტაციას, რომელიც ებმის პირველ სტროფს, ცულების, სიტყვების ექოს, რომელიც მოუსვენარ ცხენებივით დარბის, ვერ იჭერენ, სიჩუმეში ქრება. ეს არის სამყარო, რომელსაც შორდება, ნივთებს, სიტყვებს, მათ უკვე აღარ ფლობს, ყველაზე პირდაპირი გაგებით. დასისხლიანებული სამყარო მას ბოლო პაემანს სთავაზობს, ბოროტი ნიშნის ჩრდილი. და როგორც სხვა ლექსში - Edge, Sheep in fog, Contusion - , როგორც თითქმის ყველა მის ლექსში ბოლო სტროფი მთავრდება სიკვდილის გაქვავებით. ამიტომ ფრიდის მიერ გამოყენებული სიტყვა „მართვა“ ზედმეტად მოქნილი, ზედმეტად ცოცხალი მეჩვენება.  „ტბის ფსკერიდან“ და „ტბის სიღრმიდან“ ერთსა და იმავეს ამბობს, მაგრამ „სიღრმიდან“ ქმნის კავშირს მეორე სტროფთან და ამავდროულად მის კონტრასტშია: უკვე წყარო არ მატულობს, ცრემლებიც კი არა, უმოძრაო, გაყინული ცა ერთიანდება წყლის მჭამელ ელემენტთან, სიკვდილი საბოლოოდ გარს ეხვევა ეგოს და ბეჭედს არტყამს, როგორც ლექსში Sheep in Fog, რომლის ბოლო ორი სტროფი ერთნაირი მეტაფორით განსხვავდება:

My bones hold a stillness, the fat
Fields melt my heart.
They threaten
To let me through to a heaven
Starless and fatherless, a dark water.

სიჩუმე ჩემს ძვლებში, გაშლილი
მინდვრები გულს მიდნობს,
ისინი მემუქრებიან,
რომ ზეცას გამიხსნიან
უვარსკვლავოს, უსახლკაროს, მუქ წყალს.

ან ერიხ ფრიდის თარგმანში:

ჩემი ძვლები შეიცავს სიჩუმეს, შორეული
მინდვრები გულს მიდნობს.
ისინი იმუქრებიან,
რომ ცაში შემიშვებენ
უვარსკვლავო და უმამო, ბნელ წყალში.

როგორც პოეტების უმეტესობა, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ლექსები უფრო მეტადაა დაშიფრული, სილვია პლათიც თავის ბოლო ლექსებში მუდმივ მეტაფორულ ველებში მოძრაობს, რომელთა მითითებები შედარებით უფრო ზუსტად არის განსაზღვრული. ასევე Sheep in Fog-ში მეტაფორითაა გადმოცემული შეჩერების, გაქრობის შესახებ: ბორცვები გადადის სითეთრეში, მატარებელი სუნთქვის სიხშირეს ამძაფრებს, დილა ბინდდება, უხილავი ყვავილი. ნივთები გამოჩენის მომენტშივე არაფერში ქრება. სამყაროს ეს დაცლა აუცილებლად ბოლომდე უნდა გავიდეს. „ჩემი ძვლები შეიცავს სიჩუმეს“ როგორც ერიხ ფრიდი თარგმნის, გადაშენებისკენ მიმავალ მოძრაობაში უფრო შელამაზებული მეჩვენება. გაშლილი ცის უკიდეგანობა აისახება „გაშლილ" ველებში: თუ ვინმე გადაწყვეტს „დუმილს", ხმის დონის მონოქრომული „გაფართოება" თითქმის გარდაუვალია. ამ სისხლდენისა და გაუჩინარების მდგომარეობაში ლირიკული მეს გარდაუვალი დასასრულის წინაშე უკვე გაქვავებულს წარმომვიდგენ. ამიტომ სიტყვა „შემიშვებენ“ ზედმეტად აქტიური ჩანს. ცას შეუძლია მხოლოდ საფლავივით გაიხსნას, ზემოთ და ქვემოთ, ერთდროულად ერთში ეცემა და იმარხება ეგო, სივრცე ისევე ქრება, როგორც დრო. შემცირებამ, რომელიც უფრო და უფრო იმატებს ასევე უნდა გამოიწვიოს სინტაქსური სიმწირე. „უსახლკარობა" არის სიტყვა, რომელიც იმ სურათს მაჩვენებს, რომელიც მიტოვებულობისა და მარტოსულობის მხრივ უმამობასაც რომ აღემატება.
„ფიქსირებული" ან ფრიდის სიტყვებით „უძრავი ვარსკვლავები" სიკვდილის საბოლოო სიგნალი გვხვდება არა ერთ ლექსში,  მაგალითად Death & Co-ში:

The frost makes a flower,
The dew makes a star,
The dead bell,
The dead bell,

Somebody´ s done for.

ყინვა ქმნის ყვავილს,
ნამი ქმნის ვარსკვლავს,
სიკვდილის ზარი,
სიკვდილის ზარი,

ვიღაცისთვის მოხდა.

ერიხ ფრიდის თარგმანი:

ყინვა ქმნის ყვავილს,
ნამი ქმნის ვარსკვლავს
სიკვდილის ზარი,
მკვდარი ზარი,

ვიღაცსითვის ჩავლილია.

„სიკვდილი არის ხელოვნება... მე ეს არაჩვეულებრივად კარგად გამომდის“ ამბობს ლექსში
„ლედი ლაზარე“. მთელი ტომი, არიელი, არის სიკვდილის ხელოვნება (Ars moriendi), როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, ენობრივი, სინტაქსური და მეტაფორული საშუალებების შემცირებით. ჩემის აზრით, თარგმანი უნდა დაექვემდებაროს ამ ძირითად პრინციპს, რათა ორიგინალს არ წაერთვას მისი იდუმალი და დამზაფვრელი ბირთვი. მაგრამ ამ დროს თარგმანის ფუნდამენტური საკითხი კიდევ ერთხელ თავს გვახსენებს: რამდენად აქვს მთარგმნელს უფლება გადმოსცეს ტექსტში საკუთარი ინტერპრეტაცია? რა არის ორიგინალის უთქმელი ბირთვი, უთქმელი ცენტრი? ჩვენ შეგვიძლია მისი ინტერპრეტაცია, შეგვიძლია ვეცადოთ მასთან ადაპტირება, მაგრამ ვერ გავიგებთ, სიმართლე რჩება დამალული და არსებობს მხოლოდ მთარგმნელთა და ინტერპრეტატორთა მრავალი სიმართლე.



ვენა, ივლისი. 2021.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - მოსაყდრის ინსტიტუტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - მოსაყდრის ინსტიტუტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / გამოქვეყნებული ანა მითგუჩი - უფსკრული (თარგმანი - ნინო მელქაძე) ანა მითგუჩი - უფსკრული (თარგმანი - ნინო მელქაძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ანა მითგუჩი - სამყაროს შინაგანი სივრცე ანა მითგუჩი - სამყაროს შინაგანი სივრცე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები ბაჩანა ჩაბრაძე - მთარგმნელთა დღესთან დაკავშირებით ბაჩანა ჩაბრაძე - მთარგმნელთა დღესთან დაკავშირებით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გიორგი გოგოლაშვილი - ქართველური ენობრივი სივრცე იაკობ გოგებაშვილის თვალთახედვით გიორგი გოგოლაშვილი - ქართველური ენობრივი სივრცე იაკობ გოგებაშვილის თვალთახედვით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მეცნიერება / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge