გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - მოსაყდრის ინსტიტუტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში

         
      საქართველოს ეკლესიის სათავეები პირველი საუკუნიდან, ჩვენს სამშობლოში წმიდა მოციქულთა ქადაგებიდან მომდინარეობს. მეოთხე საუკუნიდან, მოციქულთასწორ ნინოს ხანიდან იწყება მისი სტრუქტურული ჩამოყალიბება, ხოლო ქართული ისტორიოგრაფიის თანახმად, მეხუთე საუკუნიდან ივერიის ეკლესია ავტოკეფალურია. საქართველოს ეკლესია თავისი არსებობის თითქმის ოცი საუკუნის განმავლობაში არ იცნობდა ტერმინ ,,მოსაყდრეს“ (ამჟამად მიღებული მნიშვნელობით) და მოსაყდრის საეკლესიო თანამდებობას. მოსაყდრეობა საქართველოს ეკლესიაში უბრალოდ არ არსებობდა. 
       შევნიშნავ, რომ დაახლოებით ამგვარი ფუნქცია ჰქონდა ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსს (წერეთელი), 1792-1814 წლებში, დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოში, თუმცა ხსენებული მღვდელმთავარი იწოდებოდა საკათოლიკოსოს გამგებლად (არა მოსაყდრედ) და რაც მთავარია - მიტროპოლიტი დოსითეოსი საკათოლიკოსოს გამგებელი იყო დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მაქსიმე მეორის (აბაშიძე) ქვეყნიდან გამგზავრებისა (1792 წ.) და გარდაცვალების (1795 წ.) შემდგომ ანუ კათოლიკოს-პატრიარქის არყოფნის ჟამს. 
       ტერმინი ,,მოსაყდრე“ (ამჟამად მიღებული მნიშვნელობით) საქართველოს ეკლესიაში ოფიციალურად პირველად ჩნდება ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ, 1917 წელს ანუ მეოცე საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ასექვსწლოვანი რუსული იმპერიალისტური მმართველობა განვლო საქართველოს ეკლესიამ. საქართველოს ეკლესიაში თანამდებობა ,,კათალიკოსის მოსაყდრე“ პირველად ოფიციალურად ჩაიწერა 1917 წლის 12 (25) მარტის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტში, რომელშიც ვკითხულობთ: ,,დროებით დაინიშნოს კათალიკოსის მოსაყდრედ ეპისკოპოსი ლეონიდე“. ამ დროიდან იღებს სათავეს საქართველოს ეკლესიაში მოსაყდრის ინსტიტუტი, თუმცა, მკაფიოდ ხაზგასასმელია, რომ მისი დაარსება მოხდა საპატრიარქო ტახტის ქვრივობისა და კათოლიკოს-პატრიარქის არყოფნის პირობებში. 
       საქართველოს ეკლესიაში მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში მოსაყდრის არსებობის შესახებ პირველად და უკანასკნელად ოფიციალურად ჩაიწერა 1917 წლის 17 სექტემბერს მიღებულ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში, მას შემდგომ, რაც კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე) ვერ გახდა კათოლიკოს-პატრიარქი და ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. ხსენებული დებულების მეორე პარაგრაფში ნომერ მეორე შენიშვნად ჩაიწერა: ,,ტფილელი, როგორც კათოლიკოსის უახლოესი ადგილობრივი მღვდელმთავარი, არის მოსაყდრე კათოლიკოზისა". აღნიშნული გადაწყვეტილება ემყარებოდა არა საეკლესიო სამართალსა და საქართველოს ეკლესიის ტრადიციას (პირიქით, სრულიად უცხო იყო ეს ჩანაწერი საეკლესიო სამართლისა და ტრადიციისთვის), არამედ თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს სურვილს, რომელიც 1917 წელს არ აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქად და მას სურდა,  მოსაყდრეობა მაინც შეენარჩუნებინა, რაც დებულებაში ზემოთხსენებული შენიშვნის ჩაწერის სახით შეძლო. ანუ საქართველოს ეკლესიაში მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის მამამთავრობის ჟამს, ,,მოქმედი" მოსაყდრის არსებობა უკავშირდება არა წმიდა საეკლესიო კანონებს, არამედ მიტროპოლიტ ლეონიდეს პიროვნულ სურვილსა და ჟინს საკუთარი სამოსაყდრეო პატივის შენარჩუნების მიზნით.
      1918 წელს მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე. 1919 წელს მიტროპოლიტი ლეონიდე აღსაყდრდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1920 წლის 27 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ახალი დებულება, რომლის მიხედვით მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები ოფიციალურად გაერთიანდა, ეწოდა მას მცხეთისა და ტფილისის ეპარქია და ის უშუალოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაექვემდებარა, ხოლო მართვა-გამგეობის 1920 წლის დებულებაში მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში მოსაყდრის არსებობის შესახებ ჩანაწერი საერთოდ გაქრა და აღარ ჩაიწერა. 
       აწ უკვე კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ აღარ ინება, რომ მას მოქმედი მოსაყდრე ჰყოლოდა... 1920 წელს მიღებულ საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეორე პარაგრაფის ,,ა“ პუნქტის მეორე შენიშვნაში ვკითხულობთ: ,,კათოლიკოზის გარდაცვალების შემდეგ გამოიწვევა ერთ-ერთი მღვდელმთავარი და იგი იწოდება კათოლიკოზის მოსაყდრედ, კათოლიკოზის არჩევამდე". ხსენებული ახალი ჩანაწერით მოსაყდრის შესახებ, არა თუ მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში მოსაყდრის თანამდებობა გაუქმდა, არამედ პოტენციურადაც კი არ დაუშვეს მოქმედი პატრიარქის ჟამს შესაძლებელი ყოფილიყო მოსაყდრის არსებობა და ამ თანამდებობაზე მხოლოდ კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ დადგინდებოდა (დროებით) ერთ-ერთი მღვდელმთავარი და არა კათოლიკოს-პატრიარქის წინასწარი ბრძანებით ან ანდერძით, ე.ი. საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
        საქართველოს ეკლესიის 1927 წლის ივნისში მიღებული მართვა-გამგეობის დებულება პირდაპირ აცხადებს: ,,მოსაყდრეობა უქმდება, როდესაც კათოლიკოზ-პატრიარქი თავის ადგილზეა". ანუ ამ დებულებით საქართველოს ეკლესიაში ფაქტობრივად აიკრძალა მოსაყდრის არსებობა მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის მამამთავრობისას. 
       საქართველოს ეკლესიის 1937 წელს მიღებულ დებულებაში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომ მოსაყდრის წოდება ერთ-ერთ მღვდელმთავარს ენიჭება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილობითი განკარგულებით, რომელიც ინახება კათოლიკოს-პატრიარქის მდივანთან. თუმცა, მხოლოდ მაშინ, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი გარდაცვლილია ან უუნაროა აღასრულოს თავისი უფლებამოსილება და ეს გამოსახულია ჩანაწერის დასკვნით ნაწილში, რომელშიც ვკითხულობთ: ,,მოსაყდრეობა უქმდება, როდესაც კათოლიკოზ-პატრიარქი თავის ადგილზეა".
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ამჟამად მოქმედ დებულებაში (მიღებული 1995 წელს) საერთოდ არაფერია ნათქვამი მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში მოქმედი მოსაყდრის არსებობაზე, არამედ მოქმედი პატრიარქის არარსებობის ჟამს, მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. ანუ ფაქტობრივად მოსაყდრემ უნდა მოამზადოს ეკლესია საპატრიარქო არჩევნებისა და ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისთვის.
       მეოცე საუკუნეში საქართველოს ეკლესიაში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა სხვადასხვა დროს თავად გამოაცხადეს მოსაყდრეებად კონკრეტული მღვდელმთავრები, თუმცა, ამ ტენდენციას არავითარი სამართლებრივი საფუძველი და საყრდენი არ გააჩნია. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის არც ერთ დებულებაში და როგორც აღვნიშნეთ, 1920 წლიდან 1995 წლის ჩათვლით მიღებული საქართველოს ეკლესიის ყოველი მართვა-გამგეობის დებულება გვაუწყებს, რომ ცოცხალი და მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის მამამთავრობისას მოსაყდრე არ არსებობს!

       ის, რაც 1917 წელს ერთჯერადად განხორციელდა მიტროპოლიტ ლეონიდეს პიროვნული სურვილითა და ჟინით, რომ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის მამამთავრობისას თავად (მიტრ. ლეონიდე) ყოფილიყო კათოლიკოსის მოსაყდრე, დაუშვებელია მიღებული იქნას ნორმად, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მას შემდეგ, რაც საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე.
     როგორც აღვნიშნეთ, 1920 წლის დებულებით მან თავად გააუქმა საქართველოს ეკლესიაში მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის მამამთავრობისას მოსაყდრის არსებობა, ხოლო საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის, როგორც ყოფილ დებულებებში, ისე მოქმედში გარკვევით ჩაწერილია, რომ საქართველოს ეკლესიაში მოსაყდრე არსებობს და მოქმედებს მხოლოდ(!) მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიას არ ჰყავს ცოცხალი და მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქი.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
როლანდ კოპალიანი - სუბტროპიკული მეურნეობის შესახებ როლანდ კოპალიანი - სუბტროპიკული მეურნეობის შესახებ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული გივი ჩიღვინაძე - წერილები აკაკის არემარეზე გივი ჩიღვინაძე - წერილები აკაკის არემარეზე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / ეთნოგრაფია / გამოქვეყნებული აზა გოგიტაური/ნაწიფაშვილი - ლექსები აზა გოგიტაური/ნაწიფაშვილი - ლექსები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / მომხმარებლები ზურაბ კიკნაძე - მიწიერი კედლები ზურაბ კიკნაძე - მიწიერი კედლები ჟურნალი / სტატიები / ისტორია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - რუსეთის მიერ წამებული (მოკლული) და გადასახლებული ქართველი მღვდელმთავრები ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - რუსეთის მიერ წამებული (მოკლული) და გადასახლებული ქართველი მღვდელმთავრები ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები