გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა)

                         
      

1956 წლის ნოემბერში, უნგრეთის ახალი ამბების სააგენტოს დირექტორს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე საარტილერიო ცეცხლი მის ოფისს მიწასთან გაასწორებდა, მთელ მსოფლიოს გაუგზავნა გასაოცარი წერილი, რომელიც იუწყებოდა ბუდაპეშტში რუსების შემოსევის დაწყებას. გზავნილი შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა: „ჩვენ მოვკვდებით უნგრეთისა და ევროპისათვის.“ რას ნიშნავდა ეს ფრაზა?იგი ეჭვს გარეშეა მიუთითებდა,  რომ  რუსული ტანკები ემუქრებოდა უნგრეთსა და თვით ევროპასაც. მაგრამ რაში მდგომარეობდა ევროპისათვის ეს საფრთხე? აპირებდა კი რუსული ტანკები უნგრეთის საზღვრებიდან ევროპაში შეჭრას? არა. უნგრეთის ახალი ამბების სააგენტოს დირექტორი გულისხმობდა, რომ უნგრეთზე თავდასხმით რუსული ტანკები უტევდნენ თვით ევროპას. იგი მზად იყო მომკვდარიყო იმისათვის, რომ უნგრეთი დარჩენილიყო უნგრეთად და ევროპის ნაწილად. 
     მაგრამ, ეს ფრაზა, მას შემდეგაც კი, როცა ჩვენ რაღაც ოდენობით გავიგეთ მისი აზრი, აგრძელებს ჩვენ დაინტერესებას. მართლაცდა, საფრანგეთში და ამერიკაშიც მიჩნეულია, რომ შეჭრით განზრახული იყო პოლიტიკური რეჟიმის არსებობის შენარჩუნება. ამერიკასა და საფრანგეთში არავინ არ მიიჩნევდა, რომ ეს იყო უნგრეთისათვის საფრთხე, როგორც ასეთი და ვერავინ ზუსტად ვერ გაიგო თუ უნგრელებმა, რომელიც სიკვდილს პირდაპირ უცქერდა, რატომ მიმართა ევროპას.
        როდესაც სოლჟენიცინი გამოვიდა კომუნისტური ჩაგვრის წინააღმდეგ, განა ის მოუწოდებდა ევროპას, როგორც ფუნდამენტურ ღირებულებას? არა. „მოვკვდე საკუთარი ქვეყნისა და ევროპისათვის“- ეს თავში არ მოუვათ მოსკოვსა და ლენინგრადში; მაგრამ, სწორედ, ასე იფიქრებენ ბუდაპეშტსა და ვარშავაში.
      რას ნიშნავს ევროპა უნგრელისათვის, ჩეხისათვის, პოლონელისათვის? ათასწლეულის მანძილზე მათი ხალხები მიეკუთვნებოდნენ ევროპის ნაწილებს, რომლის საფუძველი გახდა რომაული ქრისტიანობა. მასთან უწყვეტადაა დაკავშირებული მათი ისტორია. მათთვის სიტყვა „ევროპა“ გეოგრაფიას კი არ მიეკუთვნება, არამედ სულის სფეროს, სიტყვა „დასავლეთის“ სინონიმს. იმ მომენტში, როდესაც უნგრეთი შეწყვეტს ევროპის ნაწილად არსებობას, იგი შეწყვეტს დასავლეთის ნაწილად ყოფნას; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰკარგავს საკუთარ ისტორიასა და ბედს, ჰკარგავს თავის არსს.
„გეოგრაფიული ევროპა“ (გადაჭიმული ატლანტიკიდან ურალამდე) ყოველთვის იყოფოდა ორ ნაწილად და თითოეული ვითარდებოდა დამოუკიდებლად: ერთი უწყვეტად დაკავშირებული იყო ანტიკურ რომთან და კათოლიკურ ეკლესიასთან, მეორე კი - ეყრდნობოდა ბიზანტიასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას. 1945 წლის შემდეგ საზღვარი ამ ორ ევროპას შორის გადმოიწია, რამდენიმე ასეული კილომეტრით, დასავლეთისაკენ და ერთხელაც, დილით, რამდენიმე ერმა, რომლებიც საკუთარ თავს ყოველთვის დასავლეთს მიაკუთვნებდნენ, აღმოაჩინეს, რომ ახლა უკვე ისინი იმყოფებოდნენ აღმოსავლეთში.
ომის შემდეგ, როგორც შედეგი, ევროპის სამივე ნაწილში სხვადასხვაგვარი სიტუაცია შეიქმნა: დასავლეთში, აღმოსავლეთსა და განსაკუთრებით იმ მწვავე ნაწილში, რომელიც გეოგრაფიულად ცენტრში მდებარეობს და რომლის კულტურა დასავლეთს მიეკუთვნება, ხოლო პოლიტიკური რეჟიმი  - აღმოსავლეთს.
ევროპის წინააღმდეგობები, რომელსაც მე ცენტრალურს ვუწოდებ, ხელს გვიწყობს გავიგოთ, უკანასკნელი 35 წლის მანძილზე ყველაზე უფრო დრამატული ევროპული მოვლენები რატომ იყო თავმოყრილი აქ: უნგრეთის 1956 წლის დიდი აჯანყება და სისხლიანი ხოცვა-ჟლეტვა, რომელიც მას მოჰყვა; პრაღის გაზაფხული და ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის ოკუპაცია; აჯანყებები 1956,1968 და უახლოესი, 1970 წლის, პოლონეთში. თავისი დრამატიზმითა და ისტორიაზე ზეგავლენით არც ერთ მოვლენას  „გეოფრაფიულ ევროპაში“ - დასავლეთსა და ღმოსავლეთში - ვერ შეედრება თავისი შედეგებით ცენტრალური ევროპის აჯანყებებს. ყოველი მათგანი მხარდაჭერილ იქნა თითქმის მთელი მოსახლეობის მიერ და ვერც ერთი რეჟიმი სამ საათსაც კი ვერ გაძლებდა რუსების დახმარების გარეშე. დროა შევიგნოთ: რაც ხდება პრაღასა და ვარშავაში, თავის საფუძველში, არა აღმოსავლეთ ევროპის, საბჭოთა ბლოკის ან კომუნიზმის დრამაა, არამედ ეს დასავლეთის დრამაა - მას ემუქრებიან, მას ავიწროვებენ, ტვინებს ურეცხავენ, ხოლო იგი შეუპოვრად იცავს თავის არსს.
   ხალხის ან ცივილიზაციის თვითშეგნება მიმართულია იქითკენ, რასაც ჩვენ „კულტურას“ ვუწოდებთ და თუკი ამ თვითშეგნებას ემუქრება გაქრობა, კულტურული ცხოვრების ინტენსიურობა შესაბამისად იზრდება და იგი იძენს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იქამდე, ვიდრე კულტურა არ გახდება ხალხის გამაერთიანებელი, ცხოვრების აუცილებელი ღირებულება. აი, ცენტრალური ევროპის აჯანყებების დროს, კულტურული ტრადიციები და თანამედროვეთა შემოქმედება, რატომ იძენდა ვეებერთელა და გადამწყვეტ მნიშვნელობას - უფრო დიდს, ვიდრე ევროპაში მიმდინარე სხვა მასობრივ აჯანყებებთან შედარებით.
სწორედ უნგრელმა მწერლებმა შექმნეს ჯგუფი, რომელსაც რომანტიკოსი პოეტის პატივსაცემად, შადორ პეტეფის სახელი უწოდეს, დაიწყეს რეჟიმის ძლიერი კრიტიკა და მოამზადეს 1956 წლის აფეთქება. სწორედ თეატრის, კინოს, ლიტერატურის, ფილოსოფიის ზემოქმედებამ მიგვიყვანა 1968 წლის პრაღის გაზაფხულამდე. სწორედ დიდი პოლონელი პოეტი - რომანტიკოსის - ადამ მიცკევიჩის პიესების აკრძალვამ გამოიწვია პოლონელი სტუდენტების ცნობილი 1968 წლის აჯანყება. კულტურისა და ცხოვრების, შემოქმედისა და სახალხო მოძრაობის ამ ბედნიერმა კავშირმა მიანიჭა ცენტრალურ ევროპის აჯანყებებს შეუდარებელი სიმშვენიერე, რომელმაც სამუდამოდ მოხიბლა ყველა ის, ვინც იმ დროს მოესწრო.
შეუძლიათ მითხრან: ჩვენ გაღიარებთ, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნები ნამდვილად იცავდნენ თავიანთ იდენტობას, რომელსაც საფრთხე დაემუქრა, მაგრამ ეს სიტუაცია განსაკუთრებული არაა. რუსეთიც ასეთივე მდგომარეობაშია; მანაც  შეიძლება დაჰკარგოს საკუთარი თვითმყოფადობა. არ ვკამათობ, არა რუსეთი, არამედ კომუნიზმი აკარგვინებს ერებს საკუთარ არსს და რუს ხალხს აქცევს თავის პირველ მსხვერპლად. რუსული ენა გუდავს საბჭოთა იმპერიის სხვა ერების ენებს არა იმიტომ, რომ რუსებს სურთ სხვათა „რუსიფიცირება“, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა ბიუროკრატია - საჭიროებს ქვეყნის უნიფიკაციისათვის ინსტრუმენტს.
მესმის ეს ლოგიკა; ასევე მესმის რუსების შიში, რომ მათი საყვარელი სამშობლო შეიძლება აერიოთ საძაგელ კომუნიზმში.
მაგრამ აუცილებელია გავუგოთ პოლონელებსაც, რომელთა სამშობლოც, გარდა ორ  მსოფლიო ომს შორის პერიოდისა,  დამონებული ყავდა რუსეთს ორი საუკუნის მანძილზე და განიცდიდა „რუსეთიფიკაციას“ - ზეწოლას ჯიუტად და ულმობლად, რუსებად გახდომის მიზნით.
ცენტრალურ ევროპაში, დასავლეთ  - აღმოსავლეთ საზღვართან, ყველა და არაა მხოლოდ პოლონელები, გამომდინარე რუსული სიძლიერისაგან, საფრთხისადმი განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან. ფრანტიშეკ პალაცკი, გამოჩენილი ისტორიკოსი და მეცხრამეტე საუკუნის ჩეხეთის პოლიტიკური წრეების ტიპიური წარმომადგენელი, 1948 წელს წერს ფართოდ ცნობილ წერილს ფრანქფურტის რევოლუციური პარლამენტის მისამართით. მასში იგი ამართლებდა ჰამსბურგების იმპერიის ხანგრძლივ არსებობას იმით, რომ იგი იყო ერთადერთი საფარი რუსეთისაგან თავდაცვის, „სახელმწიფოსაგან, რომელმაც, ჩვენ დროში, მიაღწია შემზარავ სიძლიერეს, აგრძელებს მის ზრდას, ხდება უძლეველი ყველა ევროპული სახელმწიფოსათვის“. პალაცკი გვაფრთხილებდა: რუსეთს სურს გახდეს ,,მსოფლიო მონარქი“  იგი მიილტვის მსოფლიოს ბატონობისაკენ. „რუსული მსოფლიო მონარქია“, - წერდა პალაცკი, - იქცევა წარმოუდგენლად გიგანტურ უბედურებად, განუსაზღვრელ და უსაზღვრო უბედურებად.
ცენტრალური ევროპა, პალაცკის თანახმად, უნდა გახდეს თანაბარუფლებიან ხალხთა ოჯახი, რომელთაგანაც თითოეული პატივისცემით  მოეპყრობა მეორეს და ძლიერი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ, შეეძლება განავითაროს თავისი ინდივიდუალურობა. ეს ოცნება, ბოლომდე ვერასოდეს ვერ განხორციელებული, კვლავაც ფლობს ძალასა და მიზიდულობას. ცენტრალური ევროპა ყოველთვის მიისწრაფვოდა თავი მოეყარა თავის მცირე ტერიტორიაზე კულტურის ისეთივე მრავალფეროვნებისათვის, როგორიც მთლიანად მთელ ევროპაშია, გამხდარიყო პატარა, ზეევროპული ევროპა, მისი შემცირებული ასლი, მოწყობილი ერთადერთ საფუძველზე - მაქსიმალური მრავალფეროვნება მინიმალური ზომების პირობებში. როგორ არ უნდა შეძრწუნებულიყო ის რუსეთის დანახვისას, რომელიც დაფუძნებულია სრულიად საპირისპირო პრინციპზე - მინიმალური სხვადასხვაგვარობა მაქსიმალური ზომების პირობებში? რა უნდა ყოფილიყო სხვადასხვაგვარობისაკენ მლტოლველი ცენტრალური ევროპისათვის უფრო მეტად უცხო, თუ არა რუსეთი: მონოლითური, ცენტრალიზებული, მიმართული იმპერიაში შემავალი ენების (უკრაინელების, ბელორუსების, სომხების ლატვიელების, ლიტველების და სხვა დანარჩენის) ერთიან რუს ხალხად გადაქცევისაკენ (ან როგორც გამოთქვამენ საყოველთაოდ მიღებული ენობრივი მისტიფიკაციის ეპოქაში - „ერთიან საბჭოთა ხალხად“).
და მაინც: კომუნიზმი რუსული ისტორიის უარყოფაა თუ მისი გაგრძელება? იგი  ეჭვს  გარეშეა, არის მისი უარყოფაც (მაგალითად, უარყოფა რუსული რელიგიურობის) და მისი განხორციელებაც (განხორციელება ცენტრისკენული ტენდენციებისა და იმპერიული სურვილების). რუსეთში უპირატესად ამჩნევენ პირველ ასპექტს - ტრადიციებისაგან მოწყვეტას. დამონებულ ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ უფრო მნიშვნელოვანია მეორე - კომუნიზმის მემკვიდრეობა.
ხომ არ ვიყავი მეტისმეტად კატეგორიული რუსეთისა და დასავლური ცივილიზაციის დაპირისპირებაში? განა ევროპა, თუმც დაყოფილი აღმოსავლეთად  და დასავლეთად, არ წარმოადგენს კვლავ ერთ მთლიანობას, მემკვიდრეს ანტიკური საბერძნეთისა და იუდეურ-ქრისტიანული ფილოსოფიის? რა თქმა უნდა, ასეა. უფრო მეტიც, მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე, რუსეთი, ევროპით მოჯადოებული, მიიწევდა მისკენ. ევროპაც მოხიბლული იყო რუსეთით. რილკე ამტკიცებდა, რომ რუსეთი მისი სულიერი სამშობლოა და რომ უდიდესმა  რუსულმარომანებმა ყველაზე მოახდინა ზეგავლენა, რომელიც რჩება განუყოფელ ნაწილად საერთო ევროპული კულტურული მემკვიდრეობის. ყოველივე ასეა და ორი ევროპის მაშინდელი კულტურული დაახლოება არის მშვენიერი, დაუვიწყარი მოგონება. მაგრამ სწორია ისიც, რომ კომუნიზმმა რუსეთში გამოავლინა ძველი ანტიდასავლური ფობიები და უხეშად მიმართა ევროპის წინააღმდეგ.
მაგრამ ჩემი განსჯის საგანი რუსეთი არაა და არ ვფლობ რა სპეციალურ ცოდნას, ვშიშობ არ ამერიოს გზები მის უსასრულო პრობლემებში. მხოლოდ მსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმა: რუსეთი არა უბრალოდ ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოა, არამედ დასავლეთის აღმოსავლეთ საზღვრებთან მდგომი განსაკუთრებული ცივილიზაციაა.
ჩესლავ მილოში - წიგნში ,,მშობლიური ევროპა“ წერს: მე-16 - მე-17 საუკუნეებში პოლონელები ომს აწარმოებდნენ რუსეთის „საზღვრების გასწვრივ. თავად რუსები განსაკუთრებულად არავის აინტერესებდა... ამ ომის დროს პოლონელებმა აღმოსავლეთში აღმოაჩინეს მხოლოდ სიცარიელე, რამაც წარმოშვა პოლონური წარმოდგენა რუსეთის შესახებ, როგორც რაღაც „სადღაც იქ“ - ქვეყნიერების საზღვრებს იქით მყოფი.“
კაზიმინ ბრანდისი „ვარშაულ დღიურში“ მოგვითხრობს თუ როგორ მოუწია შეხვედრა ერთ-ერთ პოლონელ მწერალს ანა ახმატოვასთან. პოლონელმა დაიწყო ჩივილი თავისი ყველა ნაწარმოების აკრძალვის გამო. ახმატოვამ საუბარი გააწყვეტია; „თქვენ იჯექით ციხეში?“ „არა“. „მაგრამ თუნდაც მწერალთა კავშირიდან გაგრიცხეს?“ „არა“. ახმატოვა გულწრფელად გაკვირვებული იყო: „მაშ რისთვისღა ჩივიხართ?“ ბრანდისი შენიშნავს: „ეს ჭეშმარიტად რუსული ნუგეშია. უკვე აღარაფერს არ ძალუძს მათი შეძრწუნება, მას შემდეგ, რაც რუსეთს დაემართა. მაგრამ ასეთი ლოგიკა ჩვენთვის არაა. ჩვენ რუსეთის ბედს აღვიქვამთ, როგორც რააც გარეშს და ჩვენ მასზე პასუხისმგებელი არა ვართ. იგი კირთებში გვამყოფებს, მაგრამ ჩვენ სხვა ხვედრი გვაქვს. იგივე შემიძლია ვთქვა რუსულ ლიტერატურაზე. იგი მაშინებს. ახლაც კი მაჟრჟოლებს გოგოლის ზოგიერთი ნაწარმოებისაგან და ყოველივე იმისაგან, რაც სალტიკოვ-შედრინმა დაწერა. ვისურვებდი არაფერი მცოდნოდა მათი სამყაროს შესახებ, არ მცოდნოდა თვით მისი არსებობაც კი. ბრანდისის მსჯელობა, რა თქმა უნდა, არ უარყოფს გოგოლის მნიშვნელობას; იგი მსოფლიოს წინაშე ამხელს საშინელებებს, რომელიც მისი პროზის ფურცლებიდან წამოიმართება. ეს სამყარო - მისგან საკმაოდ დაშორებისას - გვიზიდავ და გვაოცებს, მაგრამ საკმარისია მის შიგნით მოხვდე, რომ ჩვენ მაშინვე ვხვდებით, თუ რაოდენ უცხოა იგი ჩვენთვის. არ ვიცი, ეს სამყარო ჩვენზე უარესია თუ არა, მაგრამ იგი სხვაგვარია: რუსეთში (მეტი) უბედურების სხვა მასშტაბია, სივრცის სხვა სახეა (იმდენად ვეებერთელა, რომ მასში იკარგებიან ერები), დროის სხვაგვარი გრძნობა (ნელი და მომთმენი), სიცილის ცხოვრებისა და სიკვდილის მანერა.
აი, საიდან იცის ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა: ის, რომ, რაც მათ დაემართათ 1945 წლის შემდეგ, არა უბრალოდ პოლიტიკური კატასტროფაა, არამედ შეტევა მათ ცივილიზაციაზე. მათი წინააღმდეგობის სიღრმისეული აზრი არის ბრძოლა საკუთარი არსის შენარჩუნებისათვის ან სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, საკუთარი თავის დასავლეთისადმი კუთვნილებისათვის.
აღარ დარჩა არანაირი ილუზია რუსეთის სატელიტი ქვეყნების პოლიტიკურ რეჟიმებზე. მაგრამ ჩვენ ვივიწყებთ მათ ტრაგედიას: ისინი გაქრნენ დასავლეთის პოლიტიკური რუკიდან. რატომ დარჩა შეუმჩნევბელი ეს გაქრობა? ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიზეზი თვით ცენტრალურ ევროპაშია.
პოლონელთა, ჩეხთა, სლოვაკთა, უნგრელთა ისტორია იყო ბობოქარი და ქაოტური. სახელმწიფოებრიობის ტრადიციები მათში იყო სუსტი და არამდგრადი, ვიდრე უმრევლეს ევროპულ ქვეყნებში. ცენტრატური ევროპის ხალხებმა, ჩაჭერილმა  რუსეთსა და გერმანიას შორის, მთელი თავისი ძალები დახარჯეს გადარჩენისა და მშობლიური ენის შენარჩუნებისათვის. ისინი არასოდეს არ იყვნენ სრულიად ჩართულნი ევროპის თვითშეგნებაში და რჩებოდნენ დასავლეთის ნაკლებადცნობილ და მყიფე ნაწილად და ასევე დაფარულნი თავიანთ ქვეყანაში, ძლივს გასაგები ენითა ფარდით.
ავსტრიის იმპერიას ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა შეექმნა ცენტრალური ევროპისაგან ერთიანი ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ, ვაი, რომ გერმანულმა ამპარტავნულმა ნაციონალიზმმა არ მისცა შესაძლებლობა ავსტრიელებს განეხორციელებინათ თავიანთი ცენტრალური მისია. მათ ვერ შეძლეს თანაბარუფლებიან ერთა ფედერაციის შექმნა და მათი ეს მარცხი საბედისწერო აღმოჩნდა მთელი ევროპისათვის. თავიანთი მდგომარეობით უკმაყოფილოებმა, ცენტრალური ევროპისხალხებმა, 1918 წელს იმპერია შიგნიდან ააფეთქეს, თუმცა არ ესმოდათ, რომ ის მართალია ცუდია, მაგრამ მისი შეცვლა სხვა რამით ვერ მოხდებოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალური ევროპა დაიშალა მცირე სახის სუსტ სახელმწიფოებად, რომელთა მოწყვლადობამ შექმნა შესაძლებლობა მათი ჯერ ჰიტლერის მიერ მიტაცების, ხოლო შემდეგ სტალინის ტრიუმფის. ალბათ, ამ მოვლენების მახსოვრობა აიძულებს ევროპელებს ცენტრალურ ევროპას მოეპყრონ, როგორც კატასტროფათა წყაროს.
მაგრამ თუ გულახდილად ვილაპარაკებთ, მე მაქვს შეგრძნება იმისა, რომ ცენტრალური ევროპის შეცდომა გამოწვეულია „სლავური სამყაროს იდეოლოგიით“ მე განზრახ ვიყენებ სიტყვას-„იდეოლოგია“, ვინაიდან ყოველივე ეს ნაწილია მეცხრამეტე საუკუნეში ჩაფიქრებული მისტიფიკაციის.
ჩეხებს (მიუხედავად თავიანთი ელიტისაგან გაფრთხილებისა) მოსწონდათ ბავშვივით აქეთ-იქით ეფრიალებინათ „სლავური იდეოლოგია“ და მიიჩნევდნენ მას გერმანული აგრესიის წინააღმდეგ დაცვის საშუალებად. რუსებიც ასევე სიამოვნებით იყენებდნენ მას თავიანთი იმპერიული გეგმების გამართლებისათვის. „რუსები ყოველივე რუსულს სლავურს უწოდებდნენ, რათა შემდეგ ყოველივე სლავურს უწოდონ რუსული“, - ასე აფრთხილებდა, 1844 წელს დიდი ჩეხი მწერალი კარელ გავლიჩეკი თანამემამულეებს რუსეთით უმეცრული აღტაცებით გამოწვეული საშიშროების გამო. ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს, ვინაიდან ჩეხები ათასი წლის მანძილზე არასოდეს პირდაპირ არ შეხებიან რუსებს. მიუხედავად ენობრივი ერთობისა, ჩეხები და რუსები არასოდეს არ ყოფილან ერთი სამყაროს, ერთი ისტორიის, ერთი კულტურის ნაწილები. პოლონელებისა და რუსების ურთიერთობა კი ყოველთვის შეიძლებოდა განგვესაზღვრა, როგორც „ბრძოლა არა სიცოცხლისათვის, არამედ სიკვდილისათვის“.
ჯოზეფ კონრადს, წარმოშობით პოლონელს, აღიზიანებდა იარლიყი - „სლავური სული“, რომელსაც დაჰკიდებდნენ მას და მის წიგნებს. დაახლოებით სამოცი წლის უკან იგი წერდა: „ არაფერი იმაზე მეტად უცხო არაა, რასაც ლიტერატურულ სამყაროში „სლავურ სულს“ უწოდებენ, ვიდრე პოლონური ხასიათი მისი რაინდული მორალური შეზღუდვებისა და პიროვნების უფლებათა ამაღლებული პატივისცემისადმი რაინდული ერთგულება“ (როგორც მე იგი მესმის! მეც არაფერი ვიცი იმაზე უფრო უაზრო, ვიდრე ეს ბურუსიანი სიღრმეთა კულტი, ბრტყელ-ბრტყელი და ფუჭი მცდელობები  „სლავურ სულზე“, რომელსაც დროგამოშვებით მე მომაწერენ!).
მიუხედავად ამისა, „სლავური სამყაროს“ იდეა დამკვიდრდა ისტორიოგრაფიაში. 1945 წლის შემდეგ, ევროპის გაყოფამ, თითქოსდა, გააერთიანა არსებული სლავური სამყარო (საცოდავ უნგრელებსა და რუმინელებთან ერთად, რომელთა ენებიც რა თქმა უნდა, არასლავურია - მაგრამ ღირს კი ამგვარი წვრილმანების გამო აღელვება? რომელიც თითქმის ბუნებრივად იქნა მიჩნეული. ჩანს, რომ ცენტრალური ევროპა თვითონ ყოფილა დამნაშავე იმაში, რომ დასავლეთმა ვერც კი შეამჩნია მისი გაქრობა? მაგრამ არც მთლად ასეა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ცენტრალური ევროპა, მიუხედავად პოლიტიკური სისუსტისა, ფლობდა დიდ, შეიძლება უდიდეს კულტურას. უტყუარია ვენის მნიშვნელობის აღიარება, ფროიდისა და მალერის ქალაქის, მაგრამ ეს მნიშვნელობა და ორიგინალურობა შეიძლებოდა გამოვლენილიყო მხოლოდ სხვა ქალაქებისა და ქვეყნების შემოქმედებითი მონაწილეობის ფონზე. ატონალური სისტემა შექმნა შიონბერგის სკოლამ, მაგრამ უნგრელმა ბელა ბარტოკმა, მეოცე საუკუნის ერთ–ერთმა უდიდესმა მუსიკოსმა, ტონალურობის პრინციპის საფუძველზე, გახსნა მუსიკის უკიდურესი შესაძებლობები. პრაღელების, კაფკასა და გაშეკის რომანებმა, ვენელების მუზილისა და ბროხის რომანებთან ერთად წარმოიქმნა უბადლო კონტრაპუნქტი. არაგერმანულენოვან ქვეყნებში, 1918 წლის შემდეგ, შემოქმედებითი აქტივობა გაძლიერდა: მსოფლიომ გაიგო პრაღის ლინგვისტური წრისა და სტრუქტურალიზმის მიღწევები, ხოლო დიდებულმა სამეულმა – ვიტოლდ გომბროვიჩმა, ბრუნო შეულცმა და სტანისლავ ვიტკევიჩმა დაასწრო 50-იანი წლების ევროპულ მოდერნიზმს, განსაკუთრებით ე.წ. აბსურდის თეატრს.
წარმოიშვება კითხვა: იყო კი ეს საყოველთაო კულტურული გარღვევა უბრალო დამთხვევა? თუ მიზეზია ძველ ტრადიციაში, საერთო წარსულში? სხვა სიტყვებით: წარმოადგენს კი ნამდვილად ცენტრალური ევროპა კულტურულ მთლიანობას თავის საკუთარ ისტორიასთან? და თუკი ეს მთლიანობა არსებობს, სადაა მისი საზღვრები? არ ღირს მათი ზუსტად გავლების მცდელობა. ცენტრალური ევროპა სახელმწიფო არაა: იგი განსაკუთრებული კულტურა ან ბედია. მისი საზღვრები წარმოსახვაში არსებობს და იგი გადაადგილდება ისტორიული სიტუაციიდან გამომდინარე. მაგალითად მეთოთხმეტე საუკუნის შუა წლებში პრაღის კარლოსის უნვერსიტეტში შეიკრიბნენ ინტელექტუალები (როგორც ლექტორები, ასევე სტუდენტები): ჩეხები, ავსტრიელები, ბავარიელები, საქსონელები, პოლონელები, ლიტველები, უნგრელები და რუმინელები – წინარე სახე მრავალეროვნული საზოგადოების, რომელშიდაც ყოველი ერი შეინარჩუნებდა მშობლიურ ენას. მართლაცდა, სწორედ, კარლოსის უნივერსიტეტის გავლენით (რომლის რექტორი, ერთ დროს, რელიგიური რეფორმატორი, იან ჰუსი იყო) მივედით რუმინულ და უნგრულ ენებზე ბიბლიის პირველ თარგმანებამდე.
შემდეგ იწყება ჰუსიტური ომები, უნგრული რენესანსი მატიაშ კორვინის დროს, რომელმაც გავლენა მოახდინა მთელ ევროპაზე, ჰამსბურგების იმპერიის წარმოქმნას მოჰყვა გაერთიანება სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოსი – ბოჰემიის, უნგრეთისა და ავსტრიის, ომები თურქეთთან და მეჩვიდმეტე საუკუნის კონტრეფორმაცია. ამ ეპოქაში ცენტრალური ევროპის კულტურული თავისებურება გამოვლინდა ბაროკოს ხელოვნების აყვავებაში, რომელმაც მოიცვა ვეებერთელა სივრცე – ზალცბურგიდან ვილნიუსამდე. ევროპის რუკაზე გამოჩნდა ორი დაპირისპირებული პოლისი: ბაროკული ცენტრალური ევროპა (ირაციონალური საწყისის სიჭარბით, სადაც ბატონობდა ფერწერა, სკულპტურა და განსაკუთრებით მუსიკა) და კლასიცისტური საფრანგეთი (რაციონალურის სიჭარბით და პირველ ადგილზე ლიტერატურისა და ფილოსოფიის დაყენებით). სწორედ ბაროკოს პერიოდს მიიჩნევს მრავალი ცენტრალური ევროპის მუსიკის გასაოცარი აღმაფრენის საფუძვლად, რაც ვითარდებოდა ჰაიდნისაგან შონბერგისკენ, ლისტისაგან ბარტოკისაკენ და რაც გახდა კონცენტრირებული გამოხატულება გზისა, რომელიც განვლო მთელი კონტინენტის მუსიკამ.
მეცხრამეტე საუკუნეში ეროვნული სახელმწიფოების შექმნისათვის ბრძლამ (ბრძოლა პოლონელთა, უნგრელთა, ჩეხთა, სლოვაკთა, ხორვატთა, სლოვენიელთა, რუმინელთა, ებრაელთა) ერთმანეთს დააპირისპირა ხალხები. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანმა – განცალკავებულებმა, ეგოისტურებმა, იზოლირებულებმა – განვლო ეგზისტენციალური გამოცდა, არსებობასა და გაქრობას შორის არჩევანში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და უფრო მრავალრიცხოვან ეთნოსში ათქვეფას შორის. თვით ავსტრიელების წინაშედაც კი, რომლებიც მართავდნენ იმპერიის ერებს, წარმოიშვა უფრო დიდი გერმანიის მიერ მისი შთანთქმის საფრთხე, რომ აღარაფერი ვთქვათ ებრაელთა შესახებ. იმავე ცენტრალურ ევროპაში წარმოშობილი სიონიზმი იყო მათი არჩევანი – არჩევანი, ასევე ასიმილაციის უარმყოფელი.
მეოცე საუკუნე გახდა მოწმე ავსტრიის იმპერიის ნგრევის, რუსული ოკუპაციისა და ცენტრალურ ევროპული გაჭანურებულ აჯანყებათა პერიოდის, რაც იყო წინასწარ განუსაზღვრელი შედეგის თამაშში დიდი ფსონის ჩადება. ამგვარად ცენტრალური ევროპა შეუძლებელია შემოხაზულ იქნას და განსაზღვრული პოლიტიკური კორდონებით (ისინი ხელოვნურად, თავდასხმებით, დაპყრობებით, დატაცებებითაა შექმნილი), მაგრამ საერთო ბედს ხალხები ისევ და ისევ მიჰყავს წარმოსახული და მოძრავი საზღვრების შიგნით, ქვეყნის შიგნით, საერთო მოგონებებთან, უბედურებებთან, კინკლაობასა და ტრადიციებთან.
ზიგმუნდ ფროიდის მშობლები პოლონეთიდან იყვნენ, მაგრამ თავად ზიგმუნდმა ბავშვობა მორავიაში გაატარა, ახლა კი იგი ჩეხოსლოვაკიაა. აქვე გაიზარდნენ ედმუნდ ჰუსერლი და გუსტავ მალერი. პოლონური ფესვები ჰქონდა ვერელ რომანისტს იოზეფ როტს. გამოჩენილი ჩეხი პოეტი იულიუს ზეიერი პრაღაში დაიბადა, ოჯახში, სადაც გერმანულად საუბრობდნენ, მაგრამ თავისი ლექსებისათვის ჩეხური ენა შეგნებულად აირჩია. პირიქით, ჰერმან კაფკას მშობლიური ენა ჩეხური იყო, მაგრამ მისი შვილი – ფრანცი გერმანულ ენაზე წერდა. უნგრეთის 1956 წლის აჯანყების მთავარი ფიგურა ტიბორ დერი იმ ოჯახიდან იყო, სადაც ლაპარაკობდნენ უნგრულად და სერბულად. გასაოცარი გადახლართვაა ყოველი ქვეყნის ნათელ წარმომადგენელთა ბედში.
ყველა მათგანი, რომელიც ახლახან მოვიხსენიე, იყვნენ ებრაელები. მსოფლიოს არც ერთი სხვა ნაწილი არ იყო ისე ამთვისებელი ებრაული სულის გავლენის, როგორც ცენტრალური ევროპა. ებრაელები, ყველგან უცხონი და ყველგან ჩვენიანნი, დადგნენ ეროვნული შეხლა–შემოხლაზე მაღლა და იქცნენ, მეოცე საუკუნეში, ცენტრალური ევროპის გაერთიანების მთავარ ფაქტორად – ინტელექტუალურ ცემენტად, მისი სულის შემდუღებლად, მისი სულიერი ერთიანობის შემოქმედად. ამიტომაც ძვირფასია ჩემთვის ებრაული მემკვიდრეობა და ვებღაუჭები მას იმგვარი ვნებითა და ნოსტალგიით, თითქოსდა, იგი ჩემი საკუთარი იყოს. არის კიდევ სხვა მიზეზი, რის გამოც ძვირფასია ჩემთვის ებრაელები, – მათმა ხვედრმა თავის თავში ასახა და კონცენტრირება მოახდინა ცენტრალური ევროპის ბედის და იქცა მის სიმბოლოდ.
რა არის ცენტრალური ეროპა? ადგილი, მცირე ერებით დასახლებული, რუსეთსა და გერმანიას შორის არსებული ბუნდოვანი საზღვრებით. ხაზგასმით ვამბობ: მცირე ერებით. მართლაც რა არის ებრაელი, როგორც არა მცირე ერი par excellence? მცირე ერებს შორის ერთადერთი, ვინაც შეძლო გაეძლო იმპერიის და ისტორიის გამანადგურებელი სვლისათვის.
მაგრამ რა არის მცირე ერი? მე მაქვს ასეთი განსაზღვრება – ეს ისეთ ერია, რომლის თავად არსებობა ყოველთვის შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს, ეს შეიძლება დაიღუპოს და იცოდეს კიდევაც ამის შესახებ. ფრანგებს, რუსებს, ინგლისელებს არ სჭირდებათ მუდმივი წუხილი თავიანთი ერების არსებობაზე. მათ ჰიმნებში უმღერიან მხოლოდ სიდიადესა და მარადიულობას. პოლონეთის ჰიმნი კი, პირიქით, იწყება სიტყვებით: „ჯერ პოლონეთი არ დაღუპულა...“
ცენტრალური ევროპა, არის რა მცირე ერთა ოჯახი, იგი განსაკუთრებულად უცქერის მსოფლიოს. ეს ხედვა დაფუძნებულია ისტორიისადმი ღრმა უნდობლობაზე. ისტორია, ჰეგელისა და მარქსის ღვთაება, მამოძრავებელ ძალთა განხორციელებაა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ბედს, – ესაა დამპყრობთა ისტორია. ცენტრალური ევროპის ხალხები არ არიან დამპყრობნი. ისინი განუყოფელნი არიან ევროპის ისტორიისაგან, ისინი მის გარეშე წარმოუდგენელნი არიან, მაგრამ ისინი – მისი შეცდომა, მისი მსხვერპლი და აუტსაიდერია. ისტორიისადმი ამ გამომაფხიზლებელ დამოკიდებულებაში არის მათ კულტურის, სიბრძნის, „ირონიული სულის“, სიცოცხლესა და დიდებაზე თავშექცევის წყარო. გახსოვდეთ, რომ ისტორიისადმი მხოლოდ დაპირისპირება, როგორც ასეთი, გვაძლევს დღევანდელი ისტორიისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს.“ ვიტალდ გამბროვიჩის ამ სიტყვებს დავწერდი ცენტრალური ევროპის შესასვლელთან.
სწორედ, ეს მცირე ერების მხარე, რომელიც „ჯერ არ დაღუპულა“, ხდის ნათელს მთელი ევროპის მოწყვლადობის. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც რამდენიმე დიდი ქვეყანა გამუდმებით ზრდის თავის სიძლიერეს, ევროპის ყველა ერი საფრთხეში ვარდება – მცირე ერად გადაქცევისა და ცენტრალურ ევროპელთა ბედის გაზიარებაში. ამ აზრით, ცენტრალური ევროპის ხვედრი განჭვრეტს მთელი ევროპის ხვედრს და მისი კულტურა იძენს განსაკუთრულ აქტუალობას. საკმარისია წავიკითხოთ ცენტრალურ ევროპული დიდი რომანები: ჰერმან ბროხთან – „მთვარეულებში“ ისტორია წარმოდგენილია, როგორც იდეალების უწყვეტი დაქვეითება; რობერტ მუზილი – „უთვისებო კაცში“ ხატავს საზოგადოებას, რომელიც იმყოფება ეიფორიის მდგომარეობაში და არ ესმის, რომ ახლოსაა მისი დასასრული; იაროსლავ გაშეკს – „ყოჩაღი ჯარისკაც შვეიკში“ ერთადერთ საშუალებად თავისუფლების შესანარჩუნებლად მიაჩნია თავის იდიოტად წარმოდგენა; კაფკა განჭვრეტს მახსოვრობადაკარგულ მსოფლიოს, მსოფლიოს, რომელიც დადგება ისტორიის დასრულების შემდეგ. ცენტრალურ ევროპაში, მეოცე საუკუნეში შექმნილი ხელოვნების ყველა უდიდესი ნაწარმოები არის ჯიუტად ფიქრი ევროპული ცივილიზაციის შესაძლებელი სიკვდილის შესახებ.
დღეს, როდესაც რუსეთმა დაიმორჩილა მთელი ცენტრალური ევროპა (გარდა პატარა ავსტრიის, რომელმაც შემთხვევით შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ მოგლეჯილ იქნა ცენტრალური ევროპის გარემოს), უკანასკნელმა დაკარგა თავისი მეტად დამახასიათებელი ნიშნები და სავსებით თავისი მნიშვნელობა. უდავოა, რომ კულტურის ცენტრალურ ევროპული ოჯახის გაქრობა, არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მთელი დასავლური ცივილიზაციისათვის. ამიტომაც ვიმეორებ ჩემ შეკითხვას: როგორ დარჩა ეს შეუმჩნეველი? პასუხი უბრალოა: ევროპამ ვერ შეამჩნია ეს გაქრობა, ვინაიდან უკვე ვერ აღიქვამს თავის ერთიანობას, როგორც კულტურულ ერთიანობას.
მართლაცდა, რას ეყრდნობოდა ევროპის ერთიანობა? შუა საუკუნეებში საერთო რელიგიას. ახალ დროში, როდესაც შუა საუკუნეების ღმერთი გარდაიქმნა Deus absconditus1, რელიგიამ ადგილი დაუთმო კულტურას, რომელიც გახდა იმ უმაღლესი ღირებულებების მატარებელი, რომლის მეშვეობითაც ევროპულმა ცივილიზაციამ გააცნობიერა და განსაზღვრა თავისი თავი, – როგორც ევროპული.
ჩანს, რომ ჩვენ საუკუნეში მოხდა კიდევ ერთი ცვლილება, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ახალი დროის გამოყოფა შუა საუკუნეებისაგან. ზუსტად იმგვარად, როგორც ძალიან დიდი ხნის უკან უფალმა ღმერთმა ადგილი დაუთმო კულტურას, კულტურამაც დათმო ადგილი. მაგრამ რა და ვის? რა სახის უმაღლეს ღირებულებებს შეეძლო ევროპის გაერთიანება?
ტექნიკის მიღწევებს? ბაზარს?
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს? (შეცვლის კი დიდ პოეტს დიდი ჟურნალისტი?)
პოლიტიკას? მაგრამ როგორ პოლიტიკას? მემარჯვენულს თუ მემარცხენულს?
არსებობს კი საყოველთაოდ აღიარებული იდეალი, რომელიც მემარჯვენე და მემარცხენე მანიქეველობაზე უფრო მაღალია, უეშმაკო და უძლეველი? გახდება კი შემწყნარებლობა იდეალი, სხვა ხალხთა აზრებისა და შეხედულებებისადმი შემწყნარებლობის იდეალი? და ხომ არ აღმოჩნდება ეს შემწყნარებლობა უშინაარსო და უსარგებლო, თუკი მის გვერდით არ იქნება შემოქმედებითი აქტივობა და ღრმა იდეები? ხომ არ იქნება საჭირო კულტურის უარყოფის შეფასება, როგორც რაღაც ტვირთისაგან თავის დახსნა, რომლისგანაც აღტაცებით უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენც? არ შეიძლება Deus absconditius კიდევ დაბრუნდეს, თავი გამოიჩინოს, სიცარიელე შეავსოს? არ ვიცი, არაფერი ამის შესახებ არ ვიცი. ჩანს, ვიცით მხოლოდ ის, რომ კულტურა გამოგვემშვიდობა.
ფრანც ვერფელმა სიცოცხლის პირველი მესამედი პრაღში გაატარა, მეორე – ვენაში, მესამე ემიგრაციაში, ჯერ საფრანგეთში, ხოლო შემდეგ ამერიკაში – ტიპიური ცენტრალური ევროპელის ბიოგრაფიაა. 1937 წელს იგი ცოლთან, ცნობილ ალმასთან, მაილერის ქვრივთან ერთად ჩამოვიდა პარიზში. ერთა ლიგასთან არსებული ინტელექტუალური თანამშრომლობის საზოგადოებამ იგი მიიწვია „ლიტერატურის მომავლის“ კონფერენციაზე. თავის სიტყვაში იგი გამოვიდა არა მხოლოდ ჰიტლერიზმის წინააღმდეგ, არამედ ტოტალიტარული საფრთხის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ, აგრეთვე, იდეოლოგიისა და პრესის ქარაფშუტულობის წინააღმდეგ. ჩემი შეხედულებით, კულტურის ნგრევა, რომლის წინაშედაც აღმოჩნდა მსოფლიო, შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებია პოეტთა და მოაზროვნეთა მსოფლიო აკადემიის (Weltakademie der Dichter und Denker) შექმნით. ამ აკადემიის კანდიდატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნან წამოყენებული სახელმწიფოსაგან. ყოველი კანდიდატის შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი იქნება მხოლოდ მისი ქმნილება. აკადემიაში უნდა ყოფილიყო ოცდაოთხიდან ორმოცამდე მსოფლიოს საუკეთესო მწერალი. პოლიტიკისა და პროპაგანდისაგან თავისუფალი ამ აკადემიის ამოცანა იქნებოდა „მსოფლიოს პოლიტიზაციისა და გაბარბაროსების პირისპირ დგომა“.
წინადადება არა მხოლოდ უარყოფილ იქნა, არამედ მასზე ღიად დაიწყეს სიცილი. რა თქმა უნდა, იგი გულუბრყვილო იყო, საშინლად გულუბრყვილო. ერთთავად პოლიტიზირეულ მსოფლიოშ, სადაც მწერლები და მოაზროვნეები უკვე სრულიად იყვნენ „შებოჭილნი“, პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელი იყო დამოუკიდებელი აკადემიის შექმნა. იგი, უფრო იქნებოდა კეთილშობილ გულთა გართობის კავშირი. მაგრამ ამ გულუბრყვილო წინადადებას რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანთან მივყავარ, – იგი ადასტურებს, რომ აზრწართმეული მსოფლიო, კვლავ და კვლავ განიცდის ზნეობრივი ორიენტირების ძიების მწვავე მოთხოვნილებებს. იგი ადასტურებს კულტურის ჩემი ხმის, Dichter und Denker ხმის, დაჭერის მტანჯველ სურვილს.
ჩემ ცნობიერებაში ეს ისტორია გადაეხლართა ერთი დილის მოგონებებს, როდესაც პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ერთ–ერთი ჩემი მეგობრის, ცნობილი ჩეხი ფილოსოფოსის ბინაში და მოახდინა მისი ათასგვერდიანი ხელნაწერი ნაშრომის კონფისკაცია. რამდენიმე ხნის შემდგ, გრადჩანიდან დაშვებისა და მანესის ხიდზე გადმოსვლის შემდეგ, ჩვენ დილით პრაღის ქუჩებში დავდიოდით. იგი ცდილობდა ყველაფერი ხუმრობად ექცია: როგორ აპირებს პოლიცია მისთვის გასაგები ტექსტის გაშიფვრას? მაგრამ იუმორს არ შეეძლო ტკივილის ჩახშობა: ხელნაწერი, რომელიც ათი წლის მანძილზე იქმნებოდა, საბოლოოდ დაკარგული აღმოჩნდა, – ეს ერთადერთი ეგზემპლარი იყო.
განზრახული გვქონდა, ამ კონფისკაციის ირგვლივ სკანდალის ორგანიზების მიზნით, საზღვარგარეთ ღია წერილი გაგვეგზავნა. სავსებით ნათლად გვესმოდა, რომ წერილი უნდა გაგვეგზავნა არა სახელმწიფო მოღვაწისათვის ან ორგანიზაციისათვის, არამედ იმისათვის, ვინც პოლიტიკაზე მაღლა დგას და არის უდავო ზნეობრივი ღირებულების მატარებელი, ადამიანისადმი, ვისაც მთელი ევროპა იცნობს. სხვა სიტყვებით, – კულტურის დიდი მოღვაწისათვის. მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი? მოულოდნელად გავიგეთ, რომ ასეთი ადამიანი არ არის. რა თქმა უნდა, იყვნენ დიდი მხატვრები, დრამატურგები და მუსიკოსები, მაგრამ საზოგადოებამ მათ ჩამოაცილა ზნეობრივი ავტორიტეტის საპატივცემულო როლი, რომელიც განასახიერებს მთელი ევროპის სულს. კულტურის სამეფო, რომელსაც უმაღლესი ღირებულებები მართავს, უკვე აღარ არსებობს. ჩვენ ძველი ქალაქის მოედნის მიმართულებით მივდიოდით, რომლის ახლოსაც მე ვცხოვრობდი და ვგრძნობდით თავზარდამცემ მარტოობასა და სიცარიელეს – ევროპული სივრცის სიცარიელეს, საიდანაც თანდათანობით გაქრა კულტურა.
ცენტრალურ ევროპის ქვეყნები უკანასკნელად დასავლეთის შემადგენლობაში შედიოდნენ  1918-დან 1938 წლების შუალედში. შესაბამისად, მათი წარმოდგენა დასავლეთზე იყო წარმოდგენა დასავლეთის შესახებ, რომელიც უკვე აღარაა, დასავლეთზე, რომელსაც ჯერ კიდევ არ დამშვიდობებია კულტურა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მსურს ხაზგასმა არსებითი ვითარებისათვის: აჯანყებები ცენტრალურ ევროპაში შეამზადა არა გაზეთებმა, რადიომ ან ტელევიზიამ – ე.ი. არა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, არამედ იგი მოამზადეს, ფორმირება გაუკეთეს და მოძრაობაში მოიყვანეს რომანებმა, პოეზიამ, თეატრმა, კინომ, ფილოსოფიურმა დისკუსიებმა – ე.ი. კულტურამ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, განუყოფელს ფრანგისა თუ ამერიკელისათვის, – რაც დღეს დასავლეთად ესმით – არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ აჯანყებებთან (პრესა და ტელევიზია სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ იყო). აი, რატომ დაიწყო რუსეთმა, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ ყოველივე იმის კეთება, რათა გაენადგურებია ჩეხური კულტურა. ამით რუსეთი ცდილობდა სამი მიზნის მიღწევას: პირველი – დაენგრია ოპოზიციის საფუძვლები; მეორე – გაეხლიჩა ერის ერთიანობა, გაეიოლებია ჩეხების შემდგომი შთანთქმა რუსული ცივილიზაციით, მესამე – იძულებით დაესრულებია ახალი დრო, დრო, როდესაც კულტურა ჯერ კიდევ განასახიერებდა უმაღლეს ღირებულებებს.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანად მიმაჩნია მესამე. არსებითად, ტოტალიტარული რუსული ცივიზაცია არის თანამედროვე დასავლეთის რადიკალური უარყოფა, იმ დასავლეთის, რომელიც შეიქმნა ოთხასი საუკუნის წინ, ახალი დროის განთიადისას, – ეპოქისა, რომლის პრიორიტეტები იყო მოაზროვნე პიროვნებები, რომელთაც შეეძლოთ ყველაფრის კრიტიკული განხილვა, აგრეთვე ხელოვნების ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატავდნენ ამ პიროვნებათა უნიკალურობას. რუსეთის  შემოჭრამ ჩეხოსლოვაკია გაიყვანა „პოსტკულტურულ“ ერაში, გააშიშვლა იგი და გახადა რუსეთის არმიისა და ყველგან მყოფი სახელმწიფო ტელევიზიის წინაშე უმწეო. რუსეთის შემოჭრის ტრაგიკული შედეგებით სამჯერ შეძრწუნებული ჩამოვედი საფრანგეთში და შევეცადე მომეთხრო ჩემი ფრანგი მეგობრებისათვის იმ დარბევების შესახებ, რაც განიცადა ჩეხურმა კულტურამ: „მხოლოდ წარმოიდგინეთ! ლიკვიდირებულია ყველა ლიტერატურული და მხატვრული პერიოდული გამოცემები! ჩეხეთის ისტორიაში ასეთი რამ არასოდეს არ ყოფილა, თვით ჰიტლერული ოკუპაციის დროსაც კი!“
მეგობრები მოთმინებით მისმენდნენ, მაგრამ რაღაც უნიათოდ, რომლის მიზეზიც მოგვიანებით გავიგე. იმის შესახებ, რომ ჩეხოსლოვაკიაში ყველა პერიოდული გამოცემა დაკეტილია, იცოდა მთელმა ერმა და მთელ ერს შეგნებული ჰქონდა ამ მოვლენის მძიმე შედეგები. მაგრამ თუკი საფრანგეთისა ან ინგლისის მთელი კრიტიკული პერიოდიკა უცებ გაქრება, ვერავინ (მათ შორის მისი გამომცემლებიც) ამას ვერ შეამჩნევდა.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
მილან კუნდერა - რომანის ხელოვნება და გვარის გაგრძელება (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) მილან კუნდერა - რომანის ხელოვნება და გვარის გაგრძელება (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფსიქოლოგია / გამოქვეყნებული ფრიდრიხ ნიცშე - რელიგიურობის არსი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) ფრიდრიხ ნიცშე - რელიგიურობის არსი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული Լևոն Խեչոյան / «Զանգը» - ლევონ ხეჩოიანი (თარგმანი - გელა გელაშვილი) - ზარი Լևոն Խեչոյան / «Զանգը» - ლევონ ხეჩოიანი (თარგმანი - გელა გელაშვილი) - ზარი ჟურნალი / სტატიები / პროზა / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ევროპის გზის სათავეებთან მარიამ მარჯანიშვილი - ევროპის გზის სათავეებთან ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ის, რაზეც გვიფიქრია, მაგრამ არ გაგვიაზრებია დათო კაკაურიძე - ის, რაზეც გვიფიქრია, მაგრამ არ გაგვიაზრებია ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / სპორტი / მომხმარებლები