გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მილან კუნდერა - რომანის ხელოვნება და გვარის გაგრძელება (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)

 

                              თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა


უცნაური იდეა მეწვია „მარტოობის ასი წლის“ გადაკითხვისას: დიდი რომანების გმირები უშვილონი არიან. მოსახლეობის ერთ პროცენტზე მეტს შვილები არა ჰყავს, მაგრამ, როგორც მინიმუმი, ცნობილ ლიტერატურულ პერსონაჟთა ორმოცდაათი პროცენტი ქრება რომანთა გვერდებიდან ისე, რომ მემკვიდრეს არ ტოვებენ. არც პანტაგრუელს, არც პანურგას, არც დონ კიხოტს შვილები არ ჰყავდათ. არ ჰყავდათ ისინი არც ვალმონს, არც მარკიზე დე მერტეის, არც პრეზიდენტ ქალს „სახიფათო კავშირებიდან“, არც ტომი ჯონს, ფილდინგის ყველაზე ცნობილ პერსონაჟს, არც ვერთერს.
სტენდალის რომანთა თითქმის ყველა პერსონაჟი უშვილოა (ან არასოდეს არ უნახავთ შვილები); იგივე შეიძლება ითქვას ბალზაკისა და დოსტოევსკის უმეტეს გმირებზეც; ასევე იქნება თუკი მივუბრუნდებით ახლახან გასულ საუკუნეს – „დაკარგული დროის ძიების“ მთავარ მოქმედ პირს და, რა თქმა უნდა, მუზილის ყველა გმირს – ულრიხს, მის დას აგატას, ვალტერს, მის ცოლს კლარისასა და დიოთემს; შვეიკსა და კაფკას ყველა პერსონაჟს, მხოლოდ ახალგაზრდა კარლ როსმანის გამოკლებით, რომელმაც მოახლე დააორსულა და, სწორედ, იმიტომ, რომ  ამოშალოს ეს ბავშვი თავისი ცხოვრებიდან, იგი მიემგზავრება ამერიკაში და შესაძლებლობა მისცა რომანს გაჩენილიყო. ეს უნაყოფობა არ წარმოადგენს მწერალთა შეგნებულ განზრახვას – თავად რომანის ხელოვნების არსი (ან ამ ხელოვნების ქვეცნობიერი მხარე) ართმევს გვარის გაგრძელების იდეას. რომანი წარმოიშვა „ახალი დროის“ დადგომისას, რომელმაც ცალკეული პიროვნება, როგორც ჰაიდეგერი ამბობდა, აქცია ყველაფრის საფუძვლად. რომანის წყალობით, ევროპაში ადამიანი გამეფდა როგორც ინდივიდუუმი. რეალურ ცხოვრებაში მცირედი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორები იყვნენ ჩვენი მშობლები ჩვენ დაბადებამდე; ჩვენი ცოდნა ახლობლების შესახებ ნაწყვეტ–ნაწყვეტია; ჩვენ ვხედავთ თუ როგორ მოდიან და მიდიან ისინი; როგორც კი ისინი ქრებიან, მათ ადგილს სხვები იკავებენ: ისინი წარმოქმნიან მონაცვლე არსებების გრძელ მწკრივს; და მხოლოდ რომანი გამოსტაცებს ბრბოს ცალკეულ პიროვნებას, მოგვითხრობს მთელ მის ბიოგრაფიას, აზრებს, გრძნობებს, აქცევს მას შეუნაცვლადს: იგი წარმოადგენს ყველაფრის ცენტრს.
დონ კიხოტი კვდება და რომანიც მთავრდება; ეს დასასრული საბოლოოა, ვინაიდან მას არ ჰყავს შვილები; თუკი ისინი იქნებოდნენ, მის სიცოცხლეს შეიძლება გაგრძელება ჰქონოდა, შეიძლება მოეხდინათ მისი იმიტირება ან შეკამათებოდნენ, დაეცვათ ან ეღალატათ; მამის სიკვდილი კარს ღიად ტოვებს; სწორედ ეს გვესმის ბავშვობიდანვე: შენი სიცოცხლე გაგრძელდება შენს შვილებში; შენი შვილები – შენი უკვდავებაა. მაგრამ თუკი ჩემი ისტორია შეიძლება გაგრძელდეს ჩემი პირადი სიცოცხლის დასრულების შემდეგაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი სიცოცხლე არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სიდიდეს და მასში არის რაღაც დაუსრულებელი, თავისთავად აზრს მოკლებული; ეს კი ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც სავსებით კონკრეტული და მიწიერი, რაშიც ინდივიდუუმი განზავდება, იძლევა განზავების თანხმობას, იძლევა თანხმობას – იყოს დავიწყებული: ოჯახი, შთამომავლობა, გვარი, ერი. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუუმი, როგორც „ყველაფრის საფუძველი“ მხოლოდ ილუზიაა, სანაძლეო, ოცნებაა, რომელსაც ევროპა თავს ევლებოდა რამდენიმე საუკუნის მანძილზე.
გარსია მარკესის „მარტოობის ასი წლის“ წყალობით რომანის ხელოვნება გამოეთხოვა ამ ოცნებას; ახლა ყურადღების ცენტრშია არა ცალკეული პიროვნება, არამედ პიროვნებათა მწკრივი; ისინი ყველა უნიკალურია, განუმეორებელნი და მიუხედავად ამისა, თითოეული მათგანი სხვა მეტი არაფერია, გარდა მზის წუთიერი ათინათისა მდინარის ტალღაზე; თითოეული ინდივიდი ატარებს მომავალ დავიწყებას და ყოველი მათგანი ანგარიშს უწევს ამას; არც ერთი გმირი არ მყოფობს რომანის სარჩულში თავიდან ბოლომდე; ამ გვარის წინაპარი ქალი – მოხუცი ურსულა, – კვდება ასოცი წლის ასაკში, მაგრამ რომანი გაცილებით გვიან მთავრდება; ყველა პერსონაჟი მსგავს სახელებს ატარებს არკადიო ხოსე, ხოსე არკადიო, ხოსე არკადიო მეორე, აურელიანო ბუენდია, აურელიანო მეორე – რათა გაბუნდოვანება მოახდინოს თვისებათა, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მათ და აიძულოს მკითხველი ერთი მეორედ მიიჩნიოს. როგორც ჩანს, ისინი არ მიეკუთვნებიან ევროპული ინდივიდუალიზმის ეპოქას. რომელ ეპოქას მიეკუთვნებიან ისინი? ამერიკის ინდიელთა წარსულს? ან მომავალს, რომელშიც ცალკეული ადამიანის პიროვნება განზავდება კაცობრიობის მოდგმაში? ჩემი აზრით, ეს რომანი, რომანის ხელოვნების აპოთეოზი, იმავდროულად წარმოადგენს უდიდეს დამშვიდობებას რომანის ეპოქასთან.







ევროპული რომანი           (თარგმანი - 24.08.17.)



რათა ზუსტად დადგინდეს საზღვრები ხელოვნებისა, რომლის შესახებაც ვლაპარაკობ, მე მას ვუწოდებ ევროპულ რომანს. ამით არ მინდა თქმა: რომანები, შექმნილი ევროპაში, ევროპელების მიერ და რომანები, - ისტორიის შემადგენელი, რომელიც ევროპაში  დაიწყო ახალი დროის გაიჟრჟზე. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა რომანებიც: ჩინური რომანი, იაპონური, ბერძნული ანტიკურობის დროინდელი რომანი, მაგრამ ეს რომანები არ არის დაკავშირებული რაბლესა და სერვანტესთან ერთად გაჩენილ, ისტორიულ წამოწყებათა ევოლუციის უწყვეტობასთან.
ევროპულ რომანზე ვლაპარაკობ არა მხოლოდ იმისთვის, რომ განვასხვავო იგი (ვთქვათ) ჩინური რომანისაგან, არამედ იმისთვის, რათა ვთქვა, რომ მისი ისტორია ტრანსეროვნულია და რომ ფრანგულ რომანს, ინგლისურ რომანს ან უნგრულ რომანს არ ძალუძთ შექმნან საკუთარი დამოუკიდებელი ისტორია, არამედ მხოლოდ წარმოადგენენ საერთო ზეეროვნული ისტორიის მონაწილეებს და ქმნიან ერთადერთ კონტექსტს, სადაც შეიძლება გამოვლინდეს რომანის ევოლუციის აზრიც და ცალკეული ნაწარმოების მნიშვნელობაც.
რომანის განსხვავებულ ეტაპთა მსვლელობაში სხვადასხვა ერები, როგორც ესტაფეტაში, ხელთ იგდებდნენ ინიციატივას: თავდაპირველად იტალია ბოკაჩოსი, შემდეგ საფრანგეთი რაბლესი, შემდგომ ესპანეთი სერვანტესისა და პლუტოსური რომანის.  XVIII საუკუნე დიდი ინგლისური რომანით, დასასრულს გოეთეს გერმანული ჩარევით; XIX საუკუნე მთლიანად მიეკუთვნება საფრანგეთს, საუკუნის ბოლო მეოთხედში რუსული რომანის გამოჩენასთან ერთად და ამის შემდეგ მაშინვე – სკანდინავიური რომანი. ამას მოჰყვება XX საუკუნის ცენტრალურევროპული ავანტიურა – კაფკა, მუზილი, ბროხი და გომბროვიჩი...
ევროპა რომ ერთი ერი ყოფილიყო, დარწმუნებული არ ვარ, რომ მისი რომანის ისტორია, ოთხი საუკუნის მანძილზე ყოფილიყო ესოდენ სიცოცხლისუნარიანი, ასეთი გაჯერებული და ასეთი მრავალფეროვანი. ყველა ეს ახალი ისტორიული სიტუაციები (ახალი ეგზისტენციური შინაარსით) ერთხელ საფრანგეთში წარმოიშვება, მეორეჯერ – რუსეთში, შემდეგ სადღაც სხვაგან და ა.შ., სწორედ ამას მოჰყავს მოქმედებაში რომანის ხელოვნება, შეაქვს მასში ახალი აღმაფრენა და გვთავაზობს ახალ ესთეტიკურ გადაწყვეტილებებს. თითქოსდა, რომანის ისტორია თავის გზაზე, ევროპის სხვადასხვა ადგილზე, ერთმანეთის მიყოლებით იღვიძებდა და ადასტურებდა მათ უნიკალობასა და იმავდროულად ახდენდა მათ ინტეგრირებას ერთიან ევროპულ ცნობიერებაში.
მსოფლიოში, სწორედ, XX საუკუნეში ჩნდება, ევროპის საზღვრებს იქით, რომანის ისტორიაში უდიდესი წამოწყებანი: თავდაპირველად, ჩრდილოეთ ამერიკაში, ოციან–ოცდაათიან წლებში, შემდეგ სამოციან წლებში ლათინურ ამერიკაში. კმაყოფილების შემდეგ, რომელიც მომანიჭა სალმან რუშდის ხელოვნებამ, უპირატესობას ვანიჭებ ვილაპარაკო მთლიანობაში ოცდამეთხუთმეტე პარალელის ქვემოთ არსებულ რომანზე, ანუ სამხრეთულ რომანზე: ესაა რომანის ახალი უდიდესი კულტურა, გამორჩეული  შეუკავებელი ფანტაზიის რეალობის გასაოცარ შეგრძნებასთან შერწყმით, რომელიც გადის ყოველივე დამაჯერებლის შესაძლებელ საზღვრებს იქით.
ეს წარმოსახვა აღმაფრთოვანებს, თუმც ბოლომდე ვერ ვიგებ, საიდან წარმოიშვება. კაფკა? ეჭვს გარეშეა, ჩვენ საუკუნეში სწორედ მან მიანიჭა რომანის ხელოვნებაში დაუჯერებელს ლეგალურობა. მაგრამ კაფკას წარმოსახვა არ ჰგავს რუშდის ან გარსია მარკესის წარმოსახვას; მათ ჰიპერტროფირებულ წარმოსახვას, როგორც ჩანს, ფესვები აქვს გადგმული სამხრეთის მეტად სპეციფიკურ კულტურაში; მაგალითად, იქ ჯერ კიდევ შემორჩენილ ზეპირ ლიტერატურაში (შამუაზო იმოწმებს კრეოლელ მთქმელებს) ან ლათინურამერიკული ბაროკოს შემთხვევა, რომლის შეხსენებაც ფუენტესს უყვარს და რომელიც სიშმაგითა და „სიგიჟით“ აღემატება ევროპულს.
სხვაგვარია გასაღები ამ წარმოსახვაში ჩაწვდომის: რომანის ტროპიკალიზაცია. ვფიქრობ, რუშდის ფანტაზიის თავისებურებებზე: ფარიშტა დაფრინავს ლონდონის თავზე და ოცნებობს ამ მტრული ქალაქის „ტროპიკალიზაციაზე“: იგი ჩამოთვლის ტროპიკალიზაციის უპირატესობებს: „ეროვნული მასშტაბით სიესტის შემოღება... ხეებზე ახალი სახეობის ფრინველები (თუთიყუში არა, ფარშევანგები, კაკადუები), ფრინველთა ქვეშ ხეების ახალი სახეობები (ქოქოსის პალმები, თამარინდის ხეები, ბანანები)... რელიგიური გულმოდგინება, პოლიტიკური არეულობები... მეგობრები, გაუფრთხილებლად თქვენთან შემოჭრილი, მოხუცთა თავშესაფართა გაუქმება, დიდი ოჯახების მნიშვნელობის გაცნობიერება, უფრო ცხარე საკვები... ნაკლი: ქოლერა, ტიფი, ლეგიონერთა დაავადება, ტარაკნები, მტვერი, ხმაური, სიუხვის კულტურა („სიუხვის კულტურა“: მშვენიერი გამოთქმა. რომანის ტენდეციები მისი მოდერნიზმის უკანასკნელ ფაზებში: ევროპაში: უკიდურესობამდე მიყვანილი ყოველდღიურობა; უფერულის უფერულზე დეტალური ანალიზი; ევროპის საზღვრებს იქით ესაა - დაგროვება ყველაზე უფრო დაუჯერებელი დამთხვევების; ფერადი ფერადზე. საფრთხე: ევროპისათვის მობეზრებული უფერულობა, ხოლო მის საზღვებს გარეთ ერთფეროვანი სიკაშკაშე).
რომანები, ოცდამეთხუთმეტე პარალელის ქვემოთ შექმნილი, თუმცა ევროპული გემოვნებისათვის ოდნავ უჩვეულო, წარმოადგენენ ევროპული რომანის, მისი ფორმების, მისი სულის გაგრძელებას და გასაოცრად ახლოსაა მათ პირველწყაროსთანაც; არსად, გარდა არაევროპელი მწერლებისა, არ მოედინება ძარღვებში ისე მძაფრად ძველი რაბლეზიანური სისხლი.














ემიგრაციის არითმეტიკა     (თარგმანი - 09.09.17.)

ემიგრანტის ცხოვრება არითმეტიკის საკითხია: იოზეფ კონრად კოჟენოვსკიმ (ჟოზეფ კონრადის სახელით ცნობილმა) ჩვიდმეტი წელი პოლონეთში იცხოვრა (უფრო ზუსტად, რუსეთში, იქედან გამოდენილ თავის ოჯახთან ერთად), ცხოვრების დანარჩენი ნაწილი, ორმოცდაათი წელი - ინგლისში (ან ინგლისურ გემებზე). იგი ქმნიდა ინგლისურ ენაზე და თემატიკაც ინგლისური იყო. მხოლოდ მისი ალერგია ყოველივე რუსულისადმი (საცოდავმა ჟიდმა ვერ გაიგო კონრადის აუხსნელი ზიზღი დოსტოევსკისადმი!) ამხელს კვალს მის პოლონურ წარმოშობაზე.
ბოგუსლავ მარტინუ ოცდათხუთმეტ წლამდე ცხოვრობდა ჩეხეთში, შემდეგ ოცდათექვსმეტი წელი შვეიცარიაში, ამერიკასა და კვლავ შვეიცარიაში. ძველ სამშობლოზე ნოსტალგია ყოველთვის გამოსჭვივის მის ნაწარმოებში. თავს ყოველთვის ჩეხ კომპოზიტორს უწოდებდა. მაგრამ ომის შემდეგ უარი თქვა ყველა იქედან მომდინარე მიწვევაზე და მოისურვა შვეიცარიაში დამარხულიყო. მისი უკანასკნელი სურვილის მასხრად აგდებით, 1979 წელს დედა-სამშობლოს აგენტებმა მოახერხეს, მისი გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ, განეხორციელებიათ მისი ნეშტის შეკვეთილი მოტაცება და მშობლიურ მიწაში საზეიმო დაკრძალვა.
გომბროვჩმა ოცდათხუთმეტი წელი პოლონეთში იცხოვრა, ოცდასამი არგენტინაში, ექვსი საფრანგეთში, მაგრამ წიგნების წერა მხოლოდ პოლონურად შეძლო და მისი რომანების გმირებიც პოლონელები არიან. 1964 წელს ბერლინში ყოფნისას, მან მიიღო პოლონეთში მიწვევის წერილი. იგი ყოყმანობდა და საბოლოოდ უარი თქვა. ის ვანსენშია დაკრძალული.
ვლადიმერ ნაბოკოვმა ოცი წელი რუსეთში იცხოვრა, ოცდაერთი ევროპაში (ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში), ოცი წელი ამერიკაში, ხოლო თექვსმეტი - შვეიცარიაში. მან ინგლისური ენა აირჩია, მაგრამ ნაკლებად აღიქვამდა ამერიკულ თემატიკას; მის რომანებში ბევრი რუსი პერსონაჟია. თუმცა არაორაზროვნად და დაჟინებით თავს ამერიკის მოქალაქესა და მწერალს უწოდებდა. იგი შვეიცარიაში, მონტრიოშია დაკრძალული.
კაზიმირ ბრანდისმა სამოცდახუთი წელი იცხოვრა პოლონეთში და იარუზელსკის პუტჩის შემდეგ, 1981 წლიდან დამკიდრდა პარიზში. წერდა პოლონურად, პოლონურ თემებზე და მიუხედავად იმისა, რომ 1989 წლის შემდეგ აღარ არსებობს პოლიტიკური მიზეზები საზღვარგარეთ დარჩენის, იგი არ ბრუნდება პოლონეთში (რაც სასიხარულო შესაძლებლობას მაძლევს მასთან დროდადრო შეხვედრებისთვის).
ეს მოკლე მიმიხილვა, უპირველეს ყოვლისა, ავლენს ემიგრანტის შემოქმედებით  პრობლემას: ცხოვრების რაოდენობრივად თანაბარ ბლოკებს აქვს განსხვავებული ხვედრითი წონა ახალგაზრდობისა და მოწიფულობისათვის. თუკი მოწიფულობა მნიშვნელოვანი და უხვია, როგორც ცხოვრებისათვის, ასევე შემოქმედებისათვის, მაშინ ქვეცნობიერის ჯიბრზე, ცნობიერება, ენა, შემოქმედების მთელი ფუნდამენტი ყალიბდება მეტად ადრეულ ასაკში; ექიმისათვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ რომანისტისათვის, კომპოზიტორისათვის იმ ადგილებიდან დაშორება, რომლითაც დაკავშირებულია მისი წარმოსახვები, მისი სიყვარული და აქედან მისი მთავარი თემები, ეს შეიძლება გახდეს თავისებური სულიერი რღვევის მიზეზი. მან უნდა მოახდინოს მთელი თავისი ძალებისა და ხელოვანის ხერხების მობილიზაცია, რათა მოცემული სიტუაციიდან წარმოქმნილი უკმარისობანი აქციოს უპირატესობად.
ემიგრაცია იოლი არაა, ასევე, წმინდა პირადი თვალსაზრისითაც: გამუდმებული ფიქრი ნოსტალგიურ ტკივილებზე; მაგრამ კიდევ უფრო უარესია ის, რომ ეს გაუცხოების ტკივილია; მე ვგულისხმობ: პროცესს, რომლის მიმდინარეობისას ის, რაც ჩვენთვის ახლობელი იყო, ხდება უცხო. გაუცხოება არ ვრცელდება ემიგრაციის ქვეყანაზე: აქ პროცესი საპირისპირო მიმართულებით მიმდინარეობას: ის, რაც უცხო იყო, თანდათან ხდება ნაცნობი და ძვირფასი. გაუცხოება თავის შეურაცხმყოფელ, განმაცვიფრებელ ფორმაში ვლინდება არა იმ ქალისადმი, რომლის დაქამანდებასაც ცდილობ, არამედ იმ ქალისადმი, რომელიც ადრე შენი იყო. მხოლოდ დიდი ხნის არყოფნის შემდეგ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებლობას იძლევა დაგვანახოს სამყაროსა და ყოფიერების უცნაურობა.
ხშირად ვფიქრობ გომბროვიჩზე. მის მიერ პოლონეთის კვლავ ნახვის უარის თქმაზე. იქ, მაშინ, ჯერ კიდევ გაბატონებული კომუნისტური რეჟიმისადმი უნდობლობაზე? არ ვფიქრობ: პოლონური კომუნიზმი უკვე ირღვეოდა, კულტურის თითქის ყველა მოღვაწე ოპოზიციის შემადგენლობაში იყო და შეეძლოთ გომბროვიჩის ჩასვლა ტრიუმფად ექციათ. უარის ჭეშმარიტი, გამოუხატავი მიზეზები შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ეგზისტენციური აზრის. გამოუხატავი იმიტომ, რომ მეტად პირადულია. გამოუხატავი იმიტომაც, რომ მეტად საწყენი იქნებოდა სხვებისათვის. არის ისეთი რამ, რომელზედაც მხოლოდ დუმილი შეიძლება.





პროცესი საუკუნეზე


თითქმის სამოცდაათი წელია ევროპა პროცესის რეჟიმში ცხოვრობს. რამდენი მსჯავდებულია ამ საუკუნის უდიდეს შემოქმედთა შორის... ვილაპარაკებ მხოლოდ მათზე, რომლებსაც ჩემთვის რაღაც მნიშვნელობა აქვთ. ოციანი წლებიდან მოყოლებული, რევოლუციური მორალის სამსჯავროს მიერ დევნილთა შორისაა: ბუნინი, ანდრეევი, მეიერხოლდი, პილნიაკი, ვეპრიკი (ებრაული წარმოშობის რუსი მუსიკოსი, მოდერნისტული ხელოვნების დავიწყებული წამებული, რომელმაც გაბედა სტალინის წინააღმდეგ გამოსვლა, შოსტაკოვიჩის, განაჩენგამოტანილი ოპერის, დასაცავად; იგი დააპატიმრეს. მახსოვს მისი საფორტეპიანო ნაწარმეობები, რომელთა შესრულება მამაჩემს უყვარდა), მანდელშტამი, ჰალასი (ლუდვიკის–„ხუმრობებიდან“ – საყვარელი პოეტი; მას დევნიდნენ უკვე post mortem მისი პოეზიის ნაღვლიანი ტონალობის გამო, რომელიც შეფასებული იქნა როგორც კონტრევოლუციური). შემდეგ იყვნენ ისინი, ვისაც დევნიდა ნაცისტური სამსჯავრო: ბროხი (ჩემ საწერ მაგიდაზე დგას მისი ფოტოსურათი, საიდანაც იგი, ჩიბუხით პირში, მიცქერს), შიონბერგი, ვერფელი, ბრეხტი, თამას და ჰაინრიხ მანები, მუზილი, ვანჩურა (რომელიც ჩეხ პროზაიკოსთა შორის ყველაზე მეტად მიყვარს), ბრუნო შულცი. ტოტალიტარული იმპერიები გაქრნენ მარადიულობაში თავის სისხლიან პროცესებთან ერთად, მაგრამ მემკვიდრეობად დარჩა პროცესის სულისკვეთება, სწორედ ის მართავს მეჯლისს. ასე დაზარალდნენ არანაცისტური სიმპათიების ბრალდებით პროცესისგან ჰამსუნი, ჰაიდეგერი (მთელი ჩეხური დისიდენტური აზრი, პატოკის მეთაურიობით, რომელიც მისგანაა დავალებული), რიჰარდ შტრაუსი, გოტფინიდ ბენი, ფონ დოდერერი, დრიე ლია როსელი, სელინი (1992 წელს, ომის დამთავრებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ, განრისხებულმა პრეფექტმა უარი თქვა მისი სახლის ისტორიულ ძეგლთა სიაში შეტანაზე); მუსოლინის მომხრეები: პირანდელო, მალაპარტე, მარინეტი, ეზრა პაუნდი (თვეების მანძილზე ამერიკის არმიას დაჭერილი ჰყავდა ისე, როგორც მხეცი გალიაში, იტალიის მცხუნვარე მზის ქვეშ. რეიკიავიკში ქრისტიან დევიდსონი, თავის სახელოსნოში მაჩვენებს მის დიდ ფოტოსურათს: „აი, უკვე ორმოცდათი წელია იგი თან მახლავს სადაც მივემგზავრები“); მიუნხენელი პაციფისტები: ჟიონო, ალენი, მორანი, მონტერალი, სენ–ჟონ პერსი (საფრანგეთის დელეგაციის წევრი მიუნხენში. იგი უშუალო მონაწილეობას იღებდა ჩემი ქვეყნის დამცირებაში); შემდეგ კომუნისტები და ისინი, ვინც მათდამი სიმპათიურად იყვნენ განწყობილი: მაიაკოვსკი (ვის ახსოვს დღეს მისი სასიყვარულო ლირიკა, მისი წარმოუდგენელი მეტაფორეზი?), გორკი, ბ. შოუ, ბრეხტი (რომელიც მეორე პროცესშიც მოექცა), ელუარი (ეს გამანადგურებელი ანგელოზი, თავისი ხელმოწერის ორი დაშნით გამლამაზებელი), პიკასო, ლეჟე არაგონი (როგორ შემეძლო დამევიწყებია, ჩემი ცხოვრების მძიმე წუთებში, მის მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი?), ნეზვალი (ზეთში შესრულებული მისი ავტოპორტრეტი ჩემი წიგნების კარადის გვერდითაა დაკიდებული), სარტრი. ზოგიერთებმა განიცადეს ორმაგი პროცესი; თავდაპირველად ისინი დაადანაშუალეს  რევოლუციური საქმის ღალატში, ხოლო მოგვიანებით მისდამი ადრე გაწეული მომსახურების გამო: ჟიდი (ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისათვის - საყოველთაო ბოროტების სიმბოლო), ბრეტანო, მალრო (დღეს მას მსჯავრი დასდეს რევოლუციური იდეალებისადმი ღალატის გამო, ხოლო ხვალ შეიძლება  ბრალი დასდონ ადრე ამ იდეალების მატარებლობის გამო), ტიბონ დერი (ამ კომუნისტი მწერლის, რომელიც, დააპატიმრეს პუდაპეშტში ჩატარებული ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ზოგიერთი პროზაული ნაწარმოები ჩემთვის იყო პირველი ნამდვილი არაპროპაგანდისტული ლიტერატურული პასუხი სტალინიზმისადმი). საუკუნის ყველაზე უფრო ნატიფი ყვავილი, ოციანი-ოცდაათიანი წლების, მოდერნისტული ხელოვნება სამჯერაც კი იყო მსჯავრდებული: თავდაპირველად, ნაცისტური სამჯავროს მიერ, როგორც Entartete Kunst, ,,გადაგვარების ხელოვნება“; შემდეგ კომუნისტთა სამჯავროს მიერ, როგორც „ელიტარული, ხალხისთვის უცხო ფორმალიზმი“ და ბოლოს, გამარჯვებული კაპიტალიზმის სამსჯავროს მიერ, როგორც რევოლუციურ ილუზიებში ჩაფლული ხელოვნება.
როგორ მოხდა, რომ საბჭოთა შოვინისტი, ლექსური პროპაგანდის დამამზადებელი, ის, ვისაც თავად სტალინმა უწოდა „ჩვენი ეპოქის საუკეთესო პოეტი“, მიუხედავად ამისა, მაიაკოვსკი რჩება უძლიერეს და ერთ-ერთ უდიდეს პოეტად? განა არ იყო გამზადებული ლირიკული პოეზია, ირგვლივ მყოფი სამყარო, მისი ამაღელვებელი ცრემლებით მოფენილი, ეს ხელშეუხებელი ქალღმერთი, რომელსაც ძალუძს ენთუზიაზმის გამოწვევა, ერთ საბედისწერო დღეს გადაიქცევა  სიმხეცის გამლამაზებელ ხელოვნებად და ხდება მათი „დიდსულოვანი მომსახურე“ (ბოდლერი)?  ეს კითხვები მაჯადოვებდნენ, როდესაც ოცდასამი წლის უკან დავწერე რომანი „სიცოცხლე აქ არაა“, რომელშიც იარომილი, ახალგაზრდა, ოც წელს მიუღწეველი პოეტი, ხდება სტალინური რეჟიმის აღფრთოვანებული მსახური. თავზარდაცემული ვიყავი, როდესაც კრიტიკოსებმა ხოტბა შეასხეს ჩემ წიგნს და ჩემი გმირი ცრუ პოეტად  და ნაძირალადაც კი მიიჩნიეს. ჩემთვის იარომილი იყო ნამდვილი პოეტი, უმანკო სული, წინააღმდეგ  შემთხვევაში, რომანს სავსებით უინტერესოდ მივიჩნევდი. ნუთუ, მე ვარ ამ გაუგებრობაში დამნაშავე? ნუთუ, არასწორად გამოვხატე ჩემი აზრები? არა, ასე არ ვფიქრობ. იყო ნამდვილი პოეტი და, ამასთანავე, აღმოჩნდე ჩათრეული (როგორც იარომილი ან მაიაკოვსკი) საშინელებებში, - სკანდალია. სწორედ ამ სიტყვით აღნიშნავენ ფრანგები მოვლენას, რომელიც შეუძლებელია გაამართლო, მიიღო, რომელიც ეწინააღმდეგება ლოგიკას, მაგრამ იმავდროულად ხდება რეალობაში. ჩვენ ყველანი ქვეცნობიერად მიდრეკილნი ვართ სკანდალების თავიდან აცილებისკენ, თავი მოვაჩვენოთ, რომ, თითქოსდა, არაფერი მომხდარა. სწორედ ამიტომ უპირატესობას ვანიჭებთ, ვთქვათ, რომ კულტურის დიდი მოღვაწენი, ჩვენი საუკუნის საშინელებებში თანამონაწილენი, ნაძირლები იყვნენ; ეს პასუხობს ლოგიკას და ყოველივე ეს ბუნებრივია; მაგრამ ეს ტყუილია; თუნდაც მათი პატივმოყვარეობის გამო, იციან რა, რომ იმყოფებიან ყველას თვალწინ და რომ მათ უცქერიან და რომ მათზე მსჯელობენ, ხელოვანები, ფილოსოფოსები უკიდურესად შეწუხებულნი არიან იმაზე ზრუნვით, რომ იყვნენ პატიოსანნი, მამაცნი და სიკეთის, სამართლიანი საქმის მხარეზე. სწორედ, ამიტომაც, სკანდალი ხდება კიდევ უფრო რთული ასახსნელი. თუკი ჩვენ არ გვსურს ამ საუკუნიდან გამოვიდეთ ისეთივე უგუნურები, როგორადაც მასში შევედით, საჭიროა უარი ვთქვათ პროცესის მისაწვდომ მორალიზმზე და ვიფიქროთ სკანდალის გამოცნობაზე, ბოლომდე ავწონ-დავწონოთ იგი, თუნდაც ამის გამო მოგვიწიოს, ადამიანის შესახებ, მთელი ჩვენი მტკიცე შეხედულებების ხელახალი გადასინჯვა.
მაგრამ საზოგადოებრივი აზრის კონფორმიზმი - ესაა ძალა, რომელიც შეიმოსება სამსჯავროს ფორმით, ხოლო სამსჯავრო არსებობს არა იმისთვის, რომ დრო დაკარგოს აზრების გარჩევაში, არამედ არსებობს პროცესთა წარმატებისთვის  და იმ ზომით, თუ როგორ ღრმავდება უფრსკული დროში განმკითხველთა და ბრალდებულთა შორის; ყოველთვის ხდება, რომ მცირე გამოცდილება გადაწყვეტს მსჯავრს დიდზე. სელინის შეცდომებში მსჯავრის დადებაში უმწიფარება, ანგარიშის გაუწევლობა იმაში მდგომარეობს, რომ თუკი ისინი გაიგებდნენ, რომ, სწორედ, ამ შეცდომათა წყალობით, სელინის რომანები თავის თავში ატარებენ ეგზისტენციურ ცოდნას, ისინი მოწიფული გახდებოდნენ. სწორედ ამაში მდგომარეობს კულტურის ძალაუფლება: იგი ინანებს საშინელებებს და გარდაქმნის მათ ეგზისტენციურ სიბრძნედ. თუკი პროცესის სულისკვეთება შეძლებს ამ საუკუნის კულტურის განადგურებას, ჩვენ ზურგს უკან დარჩება მხოლოდ მოგონება ბავშვურ ხმათა გუნდის მიერ ხოტბაშესხმულ სისასტიკეთა შესახებ.













რომანის ისტორია, როგორც შურისძიება ისტორიაზე    (თარგმანი - 22.08.17.)


ისტორია. შესაძლებელია კი კიდევ დამოწმება ამ მოძველებული ავტორიტეტის? ეს სავსებით პირადული აღიარებაა: როგორც რომანისტი, ყოველთვის თავს შევიგრძნობდი ისტორიის შიგნით, სწორედ სადღაც შუაგზაზე და ვსაუბრობ მათთან, ვინც ჩემზე ადრე მოვიდა და შესაძლოა (ნაკლები ხარისხით) იმათთაც კი, ვინც აწი უნდა მოვიდეს. ცხადია, იგულისხმება რომანის ისტორია და არა სხვა რამ და ვამბობ მასზე იმგვარად, როგორც ის მე წარმომიდგენია: მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს ჰეგელის მსოფლიო გონთან; იგი წინასწარ განსაზღვრული არაა, არც პროგრესის იდეის თანაბარმნიშვნელოვანი არაა; იგი მთლიანად ადამიანურია, შექმნილია ცალკეული ადამიანების მიერ ადამიანებისათვის და, მაშასადამე, იგი შეიძლება შევადაროთ ერთი ხელოვანის ევოლუციას, რომელიც მოქმედებს ხან საკმაოდ ბანალურად, ხან გაუფრთხილებლად, ხანაც გენიალურად, ზოგჯერ საშულოდ და ხშირად მისი შესაძლებლობების ხელიდან გაშვებით.
ახლა ვაცხადებ რომანის ისტორიასთან ჩემი კუთვნილების შესახებ, მაშინ, როდესაც ჩემ ყველა რომანში გამოსჭვივის საშინელებები ისტორიის წინაშე, ამ მტრული, არაადამიანური ძალისადმი, რომელიც მოპატიჟების გარეშე და მასზე ბევრი თანხმობის გარეშე გარედან შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში და ანგრევს მას. მაგრამ ამ ორმაგ ურთიერთობაში არა არის არაფერი არათანმიმვდევრული, ვინაიდან კაცობრიობის ისტორია და რომანის ისტორია სხვადასხვა რამაა. თუკი პირველი არ ეკუთვნის ადამიანს, თუკი იგი თავსმოხვეულია როგორც უცხო ძალა, რომელზედაც ის ვერ ბატონობს, რომანის ისტორია (ფერწერის, მუსიკის) პირიქით, შობილია ადამიანის თავისუფლებისაგან, მისი ღრმად პირადული შემოქმედებით და მისი არჩევანით. რომელიმე ხელოვნების ისტორიის აზრი საპირისპიროა, სწორედ, ისტორიის აზრისადმი. პიროვნებასთან მტკიცედ დაკავშირებული რომელიმე ხელოვნების ისტორია, თავისი ხასიათით, არის ადამიანის შურისძიება კაცობრიობის უსახურ ისტორიაზე.
რომანის ისტორიის პიროვნული ხასიათი? განა იმისათვის, რომ საუკუნეთა მანძილზე ფორმირება მოხდეს ერთნაირი ხასიათის, ეს ისტორია არ უნდა იყოს შეერთბული ერთიანობის, მუდმივობის შეგრძნებასთან და, ამასთანავე, იყოს ზეპიროვნული? არა! მიმაჩნია, რომ ერთიანობის ეს შეგრძნება ყოველთვის რჩება პიროვნული, ადამიანური, ვინაიდან ისტორიის მსვლელობაში ამა თუ იმ ხელოვნების კონცეფცია (რა არის რომანი?), ისევე, როგორც მისი ევოლუციის შეგრძნება (საიდან წარმოიშვება და საით მიდის?), ექცევა განსჯისა და თითოეული ხელოვანის, თითოეული ნაწარმოების მიერ ხელახალი გააზრების არეალში. რომანის ისტორიის აზრი – არის ამ აზრის ძიება, მისი გამუდმებული ქმნადობა და ხელახლა შექმნა, რომელიც რეტროაქტიურად მოიცავს რომანის მთელ წარსულს: რაბლე არასოდეს არ უწოდებდა თავის „გარგანტუა–პანტაგრუელს“ რომანს. ეს არ იყო რომანი, იგი გახდა რომანი იმ ზომით, თუ მომდევნო მწერლები (სტერნი, დიდრო, ბალზაკი, ფლობერი, ვანჩურა, გომბროვიჩი, რუშდი, კისი, შამუაზო) როგორ იძენდნენ მისგან შთაგონებას, იმოწმებდნენ მას და ამგვარად შეერთვოდნენ რომანის ისტორიას, ხოლო მოგვიანებით აღიარებდნენ მას ამ ისტორიის ქვაკუთხედად.
ყოველივე ამ სიტყვის შემდეგ „ისტორიის დასასრული“ არასოდეს არ იწვევდა ჩემში მღელვარებას, არც უკმაყოფილებას. „საუცხოო იქნებოდა მისი დავიწყება, იმის, რამაც გამოფიტა ჩვენი სასიცოცხლო ძალები, გამომშრალი ისე მოკლე დროში, რომ უნაყოფო შრომა იქნებოდა მისი გახარჯვა, როგორი მშვენიერი იქნებოდა ისტორიის დავიწყება!“ („სიცოცხლე აქ არაა“). თუკი ის უნდა დასრულდეს (თუმცა ჩემთვის ძნელია რეალურად ამ დასასრულის წარმოდგენა, რომლის შესახებაც ასე უყვართ ფილოსოფოსებს ლაპარაკი), დაე, აჩქარდეს! მაგრამ იგივე ფორმულირება –„ისტორიის დასასრულის“ ხელოვნებისადმი გამოყენება სიმწარით აღმავსებს; ეს დასასრული მეტად მკაფიდ შემიძლია წარმოვიდგინო, ვინაიდან რომანთა თანამედროვე ბაზრის დიდი ნაწილი შედგება რომანებისგან, რომლებიც არ შედის რომანის ისტორიაში: აღსარება რომანის ფორმაში, რეპორტაჟი რომანის ფორმაში, ანგარიშის გასწორება რომანის ფორმაში, ავტობიოგრაფია რომანის ფორმაში, უხამსი გულახდილობა რომანის ფორმაში, მხილება რომანის ფორმაში, პოლიტიკური გაკვეთილები რომანის ფორმაში, ქმრის ტანჯვანი რომანის ფორმაში, მამის ტანჯვანი რომანის ფორმაში, დედის ტანჯვანი რომანის ფორმაში,  ქალწულობის დაკარგვა რომანის ფორმაში, მშობიარობა, რომანები ad infinitum, საუკუნეთა დასასრულამდე, რომლებიც არ ატარებენ თავის თავში რაიმე ახალს, არანაირ ესთეტიკურ ამოცანას, არაფერს არ ცვლიან, არც ადამიანის გააზრებაში, არც თავად რომანის ფორმაში, ერთმანეთის მსგავსია და ვარგისისა დილით გამოყენებისათვის და ღამით სანაგვე ყუთში ჩასაგდებად.
მიმაჩნია, რომ უდიდესი ნაწარმოები შეიძლება გამოჩნდეს მხოლოდ ხელოვნების საკუთარი ჟანრის ისტორიის შიგნით და ამ ისტორიაში მონაწილეობით. მხოლოდ ამ ისტორიის შიგნით შეიძლება გარჩევა, რა არის ორიგინალური და რა მეორადი, სადაა ზეშთაგონება და სად მიბაძვა; სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მხოლოდ ნაწარმოების ისტორიის წიაღში შეიძლება არსებობდეს რაიმე, როგორც დამოუკიდებელი ღირებულება, რომელიც შეიძლება შეიცნო და ღირსეულად შეაფასო.
ხელოვნებისათვის, როგორც მე მგონია, არაფერი ისე საშინელი არაა, როგორც ამოვარდნა საკუთარი იტორიის საზღვრებიდან, ვინაიდან ეს არის ქაოსში ჩავარდნა, სადაც უკვე თავს ანებებენ ესთეტიკური ღირებულებების აღქმას.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge