გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ნაწილი პირველი)

            

                      მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (არლონდ ჩიქობავას შესახებ)

***

(მემუარებისათვის)

ას წელს მიღწეულ აკაკი შანიძეს ჩერჩილის მემუარები ჩავარდნია ხელში, სულმოუთქმელად წაიკითხაო და ბედნიერი გამომეტყველებით უთქვამს: – „რამდენი რამ ვისწავლეო“... მემუარებს ასეთ შემთხვევაში ექნება გამართლება, თუკი ვინმეს „ასწავლის“ რაიმეს; თუკი ვინმეს ღვაწლს წარმოაჩენს; ისეთ ამბავს გაიხსენებს, გაკვეთილად რომ გამოდგება...
მემუარულ ლიტერატურაზე იყო საუბარი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ამასწინათ; ორად დააჯგუფეს მემუარულ თხზულებათა ავტორები: - ერთნი, რომლებიც მემუარებს წერენ იმისთვის, თავი რომ იმართლონ შთამომავლობის წინაშე („ჩემი ბრალი არ იყოო“... „მე რა შუაში ვარო“ და ა. შ.); წაგვიკითხავს ამგვარი მემუარებიც. - მეორენი, ვისაც მართლა აქვს სათქმელი და გასახსენებელიო...პირველი შემთხვევა განზე გადავდოთ; დრო და უსყიდველი მკითხველი განსჯის. მეორეა დიდად საინტერესო. ისე, მესამეც შეიძლებოდა გამოგვეყო: - სხვისი ამბის მოგონება საკუთარი თავის წარმოსაჩენად რომ სჭირდებათ. თენგიზ ჩანტლაძეს ჰყავდა ერთი ასეთი პერსონაჟი (სამსუნის ამბავს რომ ჰყვებოდა)... 
რა დაგიმალოთ და, მიყვარს მემუარული წიგნების კითხვა.ვფიქრობ, რომ ამგვარი ლიტერატურის არსი და მიზანი საოცრად ზუსტად განსაზღვრა დავით კლდიაშვილმა.  გავიხსენოთ სერგო კლდიაშვილის „მოგონებანი დავითზე“:
„მოხუცებს წარსულის მოგონება უყვართ. 
მაგრამ დავითისათვის წარსულის გახსენება უბრალო მოგონება არ არის. მას აწვალებენ წარსულის სურათები და სახეები. ესენი გამორჩნენ ლიტერატურულ გზაზე და ახლა ეპოტინებიან. ასეთ წუთებში დავითის სახე კიდევ უფრო შთაგონებული ჩანს...“
და სერგომ შეჰბედა დავითს და მემუარების დაწერა შესთავაზა. იუარა დავითმა:
„ვისთვის იქნება ეს საინტერესო? რა იყო ისეთი ჩემი ცხოვრება? ჩემს თავზე ვილაპარაკო? ეს ხომ ტრაბახი გამოვა...“
რადგან გაბედა, აღარ ეშვება სერგო... რამდენიმე ფაქტს შეახსენებს; რამდენიმეპიროვნებას მოაგონებს...
„შენ მოვალე ხარ, დავიწყებას არ მიეცნენ ისინი...“ ამან გაჭრა; დაეთანხმა დავითი:
„იცოცხლე ხალხი იყო... ჰაი, ბეჩა, რა ხალხი იყო!“
ასე შეძლო სერგომ დაეინტერესებინა დავითი, ამ საქმისთვის მოეკიდა ხელი... მაგრამ უკან დასახევი გზა მაინც დაუტოვებია დავითს. სერგო იგონებს, მწერდაო,  „დაიწყებს მუშაობას, თუ დარწმუნდა, რომ მემუარებს საზოგადოებრივი და ლიტერატურული მნიშვნელობა ექნება“... და შედეგი ვიცით: დავითმა დაწერა „დიდი წიგნი“!..
„ჰაი, ბეჩა, რა ხალხი იყო!“ – სასათაურე ფრაზაა.
„მემუარებს საზოგადოებრივი და ლიტერატურული მნიშვნელობა უნდა ჰქონდესო,“ – მემუარული საქმიანობის პრინციპად  გამოდგება.
დიახ, ჰაი, ბეჩა, რა ხალხი იყო!..
„უყვართ მოხუცებს წარსულის მოგონებაო“,  – ალბათ იმიტომ, რომ იციან წარსულის ფასი და ფასი ისეთი ადამიანებისა... სჯობს კლასიკოსს მოვუსმინოთ:
ილია ჭავჭავაძემ სენეკას აზრი მოიშველია და დავით აღმაშენებლის შესახებთქვა: „ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროა იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მისი მაგალითით შევიძლოთ საკუთარი ხასიათის გაწვრთნა და განმტკიცება. ო, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ თავისი სახელის ხსენებითაცო!“
საბედნიეროდ, ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არაერთი შემხვედრია, ვინც „თავისი სახელის ხსენებითაც“ კი გვასწავლის, გვწვრთნის და განამტკიცებს ჩვენს ხასიათს“. ყველა კეთილი მაგალითი გამოდგება საამისოდ. ამიტომაც გადავწყვიტე ამ „მაგალითების“ შეკრება, გახსენება.
„მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ“, – ასე ერქმევა წიგნს, როცა გასრულდება.
პირველ ნაწილს „შეხვედრები“ დავარქვი.
„შეხვედრებში“ იმ ადამიანებს გავიხსენებ, ვის გვერდითაც მომიხდა ცხოვრება, საქმიანობა, უშუალოდ თუ შორიახლოს. მეამაყება მათი ნაცნობობა, მოწაფეობა, მეგობრობა... მიზანი უპირველესად იმ ადამიანთა სახის ჩვენებაა. გააჩნია, როგორც ოტია იოსელიანი იტყოდა, „რისი შემძლებელი ვარ“.
ვენდობი მეხსიერებას, მაგრამ არა მხოლოდ: მაქვს უამრავი ჩანაწერი. ეს საქმე საკმაოდ ადრე დამიწყია – ორმოციოდე წლის წინათ. 
                         
მე ვიცნობდი არნოლდ ჩიქობავას
***
(„რაც თვალს უნახავს“)
განათლებული მკითხველისათვის ეს სახელი და გვარი ბევრის მთქმელია. ერთი მოღვაწის სადიდებლად მარტო ის იკმარებდა, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეული რომ დევს წიგნიერი ქართველის წიგნის თაროზე!
ერთი მოღვაწის სადიდებლად მარტო ის იკმარებდა, ჩრდილო-კავკასიის ყველა სამეცნიერო ცენტრს მისი პორტრეტი რომ ამშვენებს. მან მეცნიერული იდეით შეკრა კავკასია!
მარტო ის იკმარება... თუმცა, ვიკმაროთ...
მე ვიცნობდი არნოლდ ჩიქობავას.
არის შეგონებანი, სერიოზული თუ ღიმილიანი აზრები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩამესმის ყურში.

ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაა. ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა ქეთევან ლომთათიძემ ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგეს, მიხეილ ჭაბაშვილს ჰკითხა,  გეგმით გათვალისწინებული „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ერთტომეულ მზადაა თუ არა გამოსაცემადო... ბატონმა მიხეილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, კიდევ რა იყო გასაკეთებელი. ბატონმა არნოლდამა ისმინა, ისმინა... მერე ასწია თავი, ხელჯოხი შეათამაშა და მკვეთრად თქვა; 
„ლექსიკონზე მუშაობა არ მთავრდება. უნდა შეძლოთ წერტილის დასმა“!
იმ წელს ერთტომეული გამომცემლობას გადაეცა (გამოვიდა 1985 წელს).
„უნდა შეძლოთ წერტილის დასმა“!.. – ხშირად ჩამესმის ეს შეგონება...
მერე თითქოს მუხრან მაჭავარიანმა დააზუსტა: - „არსებობს თუ არა ნიჭის საზომი რაიმე ხელსაწყო? არსებობს! ეს არის წერტილი! დიახ, წერტილი!..“

1966 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიურ ენათა განყოფილებაზე. ეს განყოფლება ბატონმა არნოლდმა დააარსა 1933 წელს.
პირვეკურსელებს შეგვხვდა აკაემიკოსი და გვესაუბრა ჩვენს მომავალ სპეციალობაზე. ეს ტრადიცია იყო, თურმე, კათედრისა. არნოლდ ჩიქობავას სახელი გაგვეგონა, მაგრამ, ცხადია, ბ-ნი არნოლდის სიდიდე ჯერ წარმოდგენილი არა გვქონდა.
ორი საგანი წაგვიკითხა: მეორე კურსზე – „იბერიულ-კავკასიურ ენათა ზოგადლინგვისტური საფუძველი“... და მეოთხე კურსზე – „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი“.
მეორე კურსზე ვართ. 
პირველივე ლექციიდან რაღაც უჩვეულო „შინაურული“ დამოკიებულება აეწყო ჩვენ შორის, – 18-19 წლის ყმაწვილებსა და საქვეყნოდ ცნობილ აკადემიკოსს შორის. - „კოლეგა“, – ასე მოგვმართავდა მხოლოდ.
ჩვენი ჯგუფი პატარა იყო, ათკაციანი.
სემესტრის ბოლოს გამოცდა უნდა ჩაგვებარებინა. ბ-ნი არნოლდის საგანში ადრე პარტისტორიაში გვქონდა გამოცდა. გრიგოლ გამსახურდია გვიკითხავდა. ჩათვლის წიგნაკები რომ გამოგვართვა გამოცდაზე ბატონმა გრიგოლმა და ჩაიხედა შიგ, – თითი დაადო, ეს (ე. ი. ჩემი საგანიო) არაფერი, ამას მიხედეთო! – ბ-ნი არნოლდის საგანზე გვითხრა... ცოტა  გაგვიკვირდა, მაგრამ როცა კარგად გავიცანით, ერთი მხრივ, ბატონი არნოლდი და, მეორე მხრივ, გრიგოლ გამსახურდია (პარტისტორიის ლექტორი!), უნივერსიტეტის სიტუაციაც რომ შევიცანით, აღარ გაგვკვირებია...
ბ-ნი არნოლდის გამოცდაზე მე და თამაზ ხმალაძე (დღეს ცნობილი მწერალი) ერთად გავედით საპასუხოდ (თანაჯგუფელები ვიყავით). ჩემს ბილეთში ერთი საკითხი ენათა  სტადიური განვითარების თეორიას ეხებოდა. ბ-ნი არნოლდის წიგნიდან მქონდა ნასწავლი ეს საკითხი, ჰოდა „გავანადგურე“ ნიკო მარი. ბ-ნი არნოლდი ღიმილით მისმენდა, როგორც ჩვეოდა. მერე შემაჩერა და მითხრა: - ეგ სხვისი აზრია, როცა გაეცნობი თავად და  შეგექმნება შენი აზრი ამ საკითხების თაობაზე, მაშინ უნდა ისაუბრო ეგრეო.
საუბრისას რამდენჯერმე დავიმოწმე „აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა“. „გამისწორა“ – „მეცნიერული აზროვნებისთვის არა აქვს მნიშვნელობა, აკადემიკოსია თუ ასპირანტი; მთავარია, რას ამბობსო“. („შედარებისათვის“: ერთმა ლექტორმა სტუდენტი მძიმე დღეში ჩააგდო, მატრიკულში ჩემი გვარის წინ „პროფესორი“ რატომ არ წერიაო... „ვერ ჩავატიე გრაფაშიო“, იმართლა თავი  „დამნაშავე“ სტუდენტმა და უარესი რისხვა მიიღო თურმე).
თამაზ ხმალაძის პასუხის ჯერი მოვიდა; პირველი საკითხი არ ვიციო, გულწრფალად უთხრა. ბ-ნმა არნოლდმა  იმ საკითხის შესახებ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ახლა მეორე საკითხიო, მესამეო, მეოთხეო, კარგად უპასუხა თამაზმა.
გამოგვართვა ჩათვლის წიგნაკები და გააფორმა ნიშნები. „ფრიადები“ მივიღეთ. ეუხერხულა თამაზს; უთხრა: – ბ-ნო არნოლდ, მე ხომ ერთი საკითხი არ ვიცოდიო.
ბ-ნი არნოლდის პასუხი:
– როცა არ იცოდი, ნიშანი მაშინ არ დამიწერია; ახლა იცი ის საკითხიც და ფრიადიც ამიტომ დაგიწერეო.
გამოცდა კი არა, მთელი აკადემია იყო.
        იმ სემესტრში ექვსი ჩათვლა და სამი გამოცდა გვქონდა; მატრიკული რომ აიღო ხელში, ჩაილაპარაკა (თანაგრძნობით), - ამდენი საგანი სულ არ გვისწავლია ჩვენ ოთხი წლის მანძილზეო. ასე მომრავლებული საუნივერსიტეტო საგნების გამო თანაგრძნობა სხვა დროსაც გამოუთქვამს.
        „არ ისიმს კარგად“, გვეტყოდა ხოლმე და გაგვამეორებინებდა ნათქვამს. გვეგონა, ასაკშია და სმენას უჩივისო. თურმე, როგორც მერე მივხვდით, დანაწევრებულ, გამოკვეთილ საუბარს გვასწავლიდა (მე, იმერელი, ჩქარ საუბარს ვიყავი ჩვეული).
ძალიან თავისუფალი გარემო იყო ლექციაზე. შეკითხვების დასმა არ გვერიდებოდა; პირიქით – გვაგულიანება, მაგრამ, როგორც  ვთქვით: ხმამაღლა, გარკვევით, სწორი ინტონაციით.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის სხდომებზე მუდმივად ესწრებოდა. წინა მერხზე მარცხენა მხარეს ჯდებოდა. ის ადგილი „მისი“ იყო ყველა კონფერენციაზე. თუ არ ესწრებოდა, „ბატონი არნოლდის ადგილი“ ცარიელი იყო. სხდომაზე მისი დასწრება ზრდიდა პასუხისმგებლობას სტუდენტი-მომხსენებლისასაც და მეცნიერ-ხელმძღვანელისასაც. ტოლ-სწორივით გვეკამათებოდა; გვესაუბრებოდა, გვარიგებდა, გვირჩევდა.
კათედრის ყველა წევრიც ამის გამო მუდმივად ესწრებოდა სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომებსაც კი. გვასწავლიდა, როგორ დაგვეჭირა ხელში მოხსენება, რა დაშორებით, როგორი დახრით, რომ ხმა კარგად გაშლილიყო აუდიტორიაში.
კონფერენციის შემდეგ სურათებს იღებდა ჩვენთან ერთად (გაზეთისათვის); მაქვს ორიოდე ასეთი გაზეთი შემორჩენილი.
თითქოს უბრალო დეტალი: სტუდენტთა კონფერენციაზე კართან ახლოს ვიჯექი. ვიღაც მოეჭიდა სახელურს. გავაღე. არც მოუხედავს, გაიარა, წავიდა. რამდენჯერმე განმეორდა ასე. ვაღებდი და ვკეტავდი კარს.
„არ ჩაკეტო კარიო, – მითხრა, – ზოგიერთს ჩვევა აქვთ ასეთი,შემოიხედას და წავა. ნუ შეიშლით ხელსო“.

IV კურსზე „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალს“ გვიკითხავდა. იმჟამად ამ საგნის სახელმძღვანელოზე მუშაობდა. წინა კურსთან დაიწყო. სემესტრის ბოლოს სალექციო ჩანაწერები მიჰქონდა.
ყველა ლექციას ვესწრებოდი და ჩემი ჩანაწერები წაიღო. მომდევნო ლექციაზე დამიბრუნა, – ვერ გავიგეო. მხოლოდ შენთვის არ უნდა წეროო. გადაწერა მომიხდა. მერე როცა ხელს ავუჩქარებდი, ეს მახსენდებოდა და ვცდილობდი გარკვევით მეწერა.
         ასეთი მეთოდი ჰქონდა. ორსაათიან ლექციაზე პირველ საათზე გამოიკითხავდა, რის შესახებ გვქონდა წინა ლექციაზე საუბარი. მეორე საათზე, ლამის გვკარნახობდა ახალ მასალას.
ასე გავიარეთ მთელი კურსი.
ერთი სახალისო ამბავიც მახსენდება:
ერთხელაც დახედა საათს და თქვა: ხუთი წუთი რჩება, თორემ კიდევ შეიძლებოდა გვეთქვა რაღაცო.
ბ-ნ არნოლდს პატარა მრგვალი საათი (მგონი „პობედა“) ეკეთა ხელზე, გაცვეთილი შავი სამაჯურით.
მე იმჟამად ჯიბის საათი მქონდა („მოდაში“ იყო), გრძელ „ჯაჭვზე“ იყო გამობმული და შარვლის უკანა ჯიბეში მედო. წინა მერხზე ვჯდებოდი. საათს უნივერსიტეტის ზარზე ვასწორებდი. დემონსტრატიულად ამოვიღე საათი ჯიბიდან, დავაჭირე თითი ღილაკს, ავხადე ხუფი, დავხედე და ხმამაღლა ვთქვი, 10 წუთი დარჩა-მეთქი. ბატონი არნოლდის გასაგონად იყო ნათქვამი და, ცხადია, გაიგონა, მაგრამ არ შეიმჩნია, განაგრძო საუბარი.
დაირეკა ზარი. ისევ ჩავატარე იგივე პროცედურა: ამოვიღე საათი, ავხადე ხუფი და ღიმილით შევხედე ბატონ არნოლდს:
– ჩემი საათი ყოფილა-მეთქი სწორი.
შემომხედა ბატონმა არნოლდმა, ულვაშებში ჩაიცინა თავისებურად და მიპასუხა:
– არც ჩემი საათი წავიდოდა წინ, მაგხელა ჯაჭვით რომ იყოს დაბმულიო.

სხვაც მაქვს ღიმილიანი მოგონება:
II კორპუსში მეორე სართულზე, ფიზიკოსების მხარეს,  გვქონდა ლექცია. ფანჯარასთან ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი. გამოჩნდა ბატონი არნოლდი. წკიპურტით გავისროლე სიგარეტის ნამწვი: „დამუღამებული“ მქონდა, ურნაში უნდა ჩავარდნილოყო და გავიჩქარე აუდიტორიისკენ. შემოვიდა ბატონი არნოლდი, ჩამიარა წინ და არ შემოუხედავს, ისე ჩაილაპარაკა, „იწვის“, „იწვის“. მივხვდი, „გამიცუდდა გასროლა“. დავხარე თავი, გავედი გარეთ, ჩავაგდე ნამწვი ურნაში და შემოვბრუნდი.
რა მოხდა, ვიცოდით მხოლოდ ორმა.

ერთსაც გავიხენებ ჩემი სტუდენტური ცხოვრებიდან; ცოტა გრძელი ამბავია:
მეოთხე კურსზე ვარ. აპირილის ბოლო იყო. საღამოს  სტუდქალაქში მოვიდა დამზირ გახარია (ლაშა მერე დაირვქა, ცნობილი პოეტი რომ გახდა).
სოფლიდან დარეკეს, მამა ყოფილა ცუდადო – შეშინებული იყო. ლაშას მამა, კაპიტონი – მშვენიერი მეგრული ლექსების ავტორი, 30-იან წლებში გააციმბირეს და 10 წელი გაატარა იქ. 1945 წელს დაბრუნდა ოჯახში.
1970 წელია. თამაზ ხმალაძე, თამაზ ტყემალაძე და მე ვიყავით ოთახში. თამაზ ხმალაძემ და მე გადავწყვიტეთ გავყოლოდით. დავუბარეთ ტყემალაძეს და წავედით სამეგრელოში. ორშაბათი იყო.
ვიმგზავრეთ მატარებლით, მერე მანქანით და დილით მუხურში (ჩხოროწყუ) ვიყავით. ძია კაპიტონი მოკეთებული დაგვხვდა, მაგრამ სუსტად იყო მაინც, იწვა. შიშით მივდიოდით და გავიხარეთ.
ტაბლა  მიუდგეს საწოლთან. არაყი, საუზმე და ნამგზავრზე საკმაოდ შევქეიფიანდით. მოგვასვენეს.
მერე ქაცარი და მეზობლები – დაზმირმა მეგობრები ჩამოიყვანაო... და აღმოვაჩინეთ ჩვენი საქართველო სამეგრელოში!
ასე გაგრძელდა შაბათამდე, მეზობლებთან გადაპატიჟება, ულამაზეს ლუგელას ხეობაში ცხენით სეირნობა და ასე შემდეგ. დაგვიკლეს შაბათსაც ქაცარი, ჩაგვაბარგეს და გამოგვაცილეს სადგურამდე. კვირას დილით მივადექით სტუდქალაქს. დავისვენეთ, ვითომ. საღამოს მეგრული პურმარილი გაიშალა სტუდქალაქშიც, მეორე დღეს დასანახად აღარ გვინდოდა სასმელი და ქაცარი.
სამშაბათს წავედი ლექციაზე, – ერთი კვირა გამიცდა. (მე და თამაზი უკვე სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით).
ბ-ნი არნოლდის ლექცია გვქონდა სამშაბათს და პარასკევს. როცა ვინმე აცდენდა, აუცილებლად იკითხავდა, რატომ არ არისო (ხომ არ უჭირს რამეო – ამ გაგებით).
ორი ლექცია გამიცდა. 
პარასკევს უკითხავს ბ-ნ არნოლდს, რატომ არ არისო. ვერ უპასუხეს, არაფერი იცოდნენ ჯგუფელებმა. ჩვენი წასვლის „ამბავი“ თამაზ ტყემალაძემ „არია“: უყვარდა თავგადასავლების გამოგონება და  ტყემალაძის ფანტაზია ამუშავდა: შეთხზა „ისტორია“.
კათედრაზე უთქვამს ბატონ არნოლდს, გაიგეთ, რა სჭირს იმ ბიჭსაო და...
სამშაბათს შევედი ლექციაზე.
მოვერიდე, უკანა მერხზე დავჯექი. სახე მქონდა, – ერთი კვირის მეგრული ქეიფი ზედ მეხატა.
რომ დამინახა, მომიკითხა, რა მოხდა, რატომ არ დადიოდიო.
რა უნდა მეთქვა, – გავბედე ტყუილი: დიშვილი მყავდა ახალი შეძენილი; ვთქვი: დიშვილი შემეძინა, ქუთაისში წავედი და ავად გავხდი-მეთქი;
ჰოდა (ამსიგრძე ამბავიც ამიტომ მოვყევი), ბატონმა არნოლდმა შემომხედა სახეზე, ჩაიღიმა თავისებურად და მითხრა:
იცის ახალმა ტყემალმა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამიწვიეს ორი წლით (1971 წელს). სომხეთში ვიმსახურე.
ჯარიდან რომ დავბრუნდი (1973 წელს), კარგა ხანს უმუშევარი ვიყავი. 
უნივერსიტეტის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში შემხვდა ქალბატონი ქეთევან ლომთათიძე. ღიმილით მომესალმა, მომიკითხა, მომეფერა და რას აკეთებო, მკითხა. იმჟამად „არაფრის კეთების“ პერიოდი მქონდა. ცოტა დაფიქრდა. ახლავე წადით ბატონ არნოლდთანო. ვიუარე, ვერ გავბედე. - წადით, წადით, - შემატყო უხერხულობა, - უთხარი, ქეთევანმა გამომგზავნა-თქო, - ისეთი დაჟინებით ითხოვდა, დავუჯერე.
დავრეკე ზარი. კარი ქალბატონმა თამარმა (ბატონი არნოლდის მეუღლემ) გამიღო. ქალბატონმა ქეთევანმა ბ-ნ არნოლდთან გამომგზავნა-მეთქი, – ძლივს ამოვღერღე. შემიძღვა მარცხნივ ბ-ნი არნოლდის კაბინეტში, მიმითითა სავარძელზე და გავიდა.
ცოტა ხანში შემოვიდა ბატონი არნოლდი, შემომხედა, რაღაც ღიმილივით გადაჰკრა სახეზე. (თითქოს მელოდა). ჩამომართვა ხელი. დაჯდა და გამომკითხა ჩემი ამბავი... სად ვიყავი, რომელ ნაწილში მსახურობდიო, რას ვაკეთებდი, როგორი ურთიეთურობა გვქონდა სომეხ მოსახლეობასთან... და ბოლოს, ახლა რას აკეთებო... მარტივი პასუხი: „არაფერს“... ჩაფიქრდა, კარგა ხანს იფიქრა, ახლა ინსტიტუტში რთული ვითარებააო, ჩემ გასაგონად ჩაილაპარაკა.
დაველაპარაკები ბ-ნ გიორგისო (კათედრის გამგესო) და წამოდგა. მივხვდი, ვიზიტი დამთავრებული იყო. კარებამდე გამომაცილა.
როგორც ჩანს, ბატონი არნოლდი ესაუბრა ბატონ გიორგი როგავას; ბატონი გიორგი შეხვდა ბატონ ივანე ქავთარაეს, – ახალი ქართული ენის კათედრის პროფესორს (ბატონი ივანე ქავთარაძე კარგად მიცნობდა ლექციებიდან, დიალექტოლოგიური ექსპედიციებიდან, სტუდენტთა კონფერენციებიდან); სთხოვა, კათედრაზე რეკომენდაცია გაეწია ჩემთვის და ეხელმძღვანელა (იმჟამად კათედრის გამგე აკადემიკოსი შოთა ძიძიგური იყო). ახალი ქართული ენის კათედრას მეტი შესაძლებლობა ჰქონდა საათებისა. ასე აღმოვჩნდი ახალი ქართული ენის კათედრაზე, – საათობრივი ანაზღაურების წესით მიწვეული  მასწავლებელი. 1974 წელია. ახლა რომ ვფიქრობ, არნოლდ ჩიქობავას სურვილს გაეწია დიდი ანგარიში.

1978 წელს ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი გავხდი.
1979 წელს გამოიცა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას წიგნი „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი“. ბატონმა არნოლდმა წიგნი მისახსოვრა („უმცრ. მეცნ. თანამშრომელს გიორგი გოგოლაშვილს კეთილი სურვილებით ავტორი 8.X.1979“). პროფესორმა ბიძინა ფოჩხუამ თავისთან მიმიხმო და მითხრა, ამ წიგნზე რეცენზია უნდა დაწეროო, თან დააყოლა: დღემდე ბატონი არნოლდის წიგნზე დადებითი რეცენზია არ დაწერილაო (იგულისხმებოდა: უარყოფითი – მრავლად). პასუხისთვის არც მოუცდია, ისე გამშორდა. დავალება დიდად მემძიმა: ლეგენდადქცეულ არნოლდ ჩიქობავას წიგნზე რეცენზია უნდა დამეწერა მე, ასე ვთქვათ, დამწყებ ენათმეცნიერს, როცა ენათმეცნიერების კლასიკოსები – ქეთევან ლომთათიძე, გიორგი როგავა, თინათინ შარაძენიძე, ივანე გიგინეიშვილი, ტოგო გუდავა, თვითონ ბიძინა ფოჩხუა და სხვები, ღვთის მადლით, არსებობდნენ... მეორე დღეს მივადექი ბატონ ბიძინა ფოჩხუას და უარი შევბედე.  ვთქვათ ესეც: ბატონი ბიძინა ძალიან მკაცრი პიროვნება იყო და არ იყო იოლი მისთვის უარის თქმა, მაგრამ შიშმა და პასუხისმგებლობამ გამაბედვინა. - რატომ ვერ დაწერო, - მკითხა. მე ვცადე ჩემი უარის დასაბუთება ზემომოყვანილი არგუმენტით. ბატონმა ბიძინამ შემაწყვეტინა საუბარი, ჯოხი იატაკს დაჰკრა და მკაცრად მითხრა:
–ულამაზესი ქალი იყო ნუგეშა მაყაშვილი, ვერავინ გაუბედა, ცოლად გამომყევიო და კი დარჩა გაუთხოვარი! თქვენ დაწერთ რეცენზიას.
(ცნობისათვის: ნუგეშა მაყაშვილი იყო კოტე მაყაშვილის ასული, მარო მაყაშვილის და, ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი).
... ჩემი რეცენზია „შორეულ წარსულში დანახული ერთიანობა“, გამოქვეყნდა ჟურნალში „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ (N 1, 1980 წ.). დაბეჭდვის საქმე ბატონმა ბიძინამ მოაგვარა.

არნოლდ ჩიქობავა და მისი სკოლა „მწყრალად“ იყო იუბილეებთან. თურმე ბატონმა არნოლდმა კატეგორიული უარი განაცხადა იუბილეზე. ძლივს დაითანხმეს მიძღვნითი სამეცნიერო კრებულის გამოცემაზე, – ოღონდ არავითარი მიძღვნითი საიუბილეო წერილებიო, – უთქვამს. ეს გვიან გავიგეთ.
1974 წელს ბესარიონ ჯორბენაძის თავკაცობით დავაარსეთ ახალგაზრდა ენათმეცნიერთა მუდმივმოქმედი სემინარი „საენათმეცნიერო საუბრები“. კონსულტაციები ბატონ არნოლდისაგან მივიღეთ. ერთი მიზანი სემინარის დაარსებისა ამაგდარ ენათმეცნიერთა ღვაწლის დაფასება იყო. საინტერესო რჩევები მოგვცა და შევუდეით საქმეს. ბ. ჯორბენაძე იმჟამად ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იყო. 1975 წელს კავკასიურ ენათა კათედრის გამგეს, გიორგი როგავას, 70 წელი შეუსრულდა. გადავწყვიტეთ, სხდომა მიგვეძღვნა. კავკასიური ენების კათედრის წევრებს უნდა გაეკეთებინათ მოხსენებები. გვინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო და გვიან ვეტყვით-თქო იუბილარს. გაუგია ქალბატონ ქეთევან ლომთათიძეს (გიორგი როგავას მეუღლეს), მისულა ბატონ არნოლდთან „გვიშველეთო“ და შევესწარი:
ბატონი არნოლდი საგანგებოდ მოვიდა უნივერსიტეტში ბესიკ ჯორბენაძის სანახავად; პირველი კოპუსის მესმე სართულზე ფლოლოგების დეკანატში; შემოვიდა მძიმე ნაბიჯებით, მოგვესალმა და სთხოვა ბესიკს, „საიუბილეო სხდომა“ არ ჩაეტარებინა – გიორგი როგავა ცუდად გახდებაო.
სხდომა აღარ გამართულა.
                                                                                                                                   

1975 წელს „საენათმეცნიერო საუბრების“ საჯარო სხდომა მივუძღვენით იოსებ ყიფშიძის  ხსოვნას. გვსურდა, მომხსენებლები ყოფილიყვნენ აკაკი შანიძე და არნოლდ ჩიქობავა. აკაკი შანიძე და იოსებ ყიფშიძე სტუდენტობისროინდელი მეგობრები იყვნენ და ერთად ედგნენ მხარში ივანე ჯავახიშვილს თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. არნოლდ ჩიქობავა თბილისის უნიერსიტეტის პირველი ნაკადის სტუდენტი იყო; იოსებ ყიფშიძისა და აკაკი შანიძის მოწაფე. იოსებ ყიფშიძე 1919 წელს გარდაიცვალა 35 წლისა... დიდი მეცნიერი და დიდი მოღვაწე.
ფილოლოგიური წრეებისათვის კარგად იყო ცნობილი თეორიულ ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირება აკაკი შანიძესა და არნოლდ ჩიქობავას სკოლებს შორის. თუნდაც ერთი ფაქტი: აკაკი შანიძემ პრინციპული მოსაზრებით დატოვა განმარტებითი ლექსიკონის კომისია. თუ რა ძალა დააკლდა ამ საქმეს, ნათელია.
კლასიკოსები უკვე ასაკში იყვნენ და მათი პიროვნული ურთიერთობაც გვაინტერესებდა. აკაკი შანიძესთან კორნელი დანელია გავაგზავნეთ სათხოვნელად (ბატონი აკაკი 88 წლის იყო); ბატონ არნოლდთან მე და ბესიკ ჯორბებაძე მივედით (ბატონი არნოლდი 77 წლისა იყო). მარჯვენა მკლავზე ახალი გაკეთებული ჰქონდა ოპერაცია; სუსტად იყო და ნაოპერაციები ხელიც ძნელად ემორჩილებოდა.
ესიამოვნა იოსებ ყიფშიძის გახსენება, დაგვპირდა მოსვლას. ცოტა ხანს გვესაუბრა დიდ მასწავლებელზე... ერთი ასეთი ფაქტიც გაიხსენა: როგორ გადმოჰქონდათ წიგნები სატვირთო მანქანით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის და ახლაც თვალში მიდგასო: იოსებ ყიფშიძე ძარაზე იყო წიგნებს გადაფარებული (სხვას არ ანდოო). ფეხზე ხელით ნაქსოვი თეთრი წინდა უჩანდაო, – თითქოს თავისთავს უყვებოდა.
სხდომაზე ბატონი არნოლდი ადრე მოვიდა. 93-ე აუდიტორიაში იყო სხდომა. მაგიდა-ტრიბუნა შემაღლებულზე იდგა. უჭირდა სიარულიც. ბესიკი მიეშველა, ავიდა და დაჯდა. მალე კორნელი დანელიამ მოიყვანა აკაკი შანიძე. ბესიკი მიეგება და მიაცილეს მაგიდა-ტრიბუნამდე. ნაჩქარევად წამოდგა ბატონი არნოლდი. შემოეგება. აკანკალებული ხელი შეაშველა დიდ მასწავლებელს. ავიდა ბატონი აკაკი. ხანგრძლივად ართმევდნენ ხელს ერთმანეთს და ღიმილით წაისაუბრეს. მერე ბ-ნმა არნოლდმა გზა დაუთმო ბ-ნ აკაკის და მიჰყვა. ბესიკი ქვევით დარჩა. დარბაზიდან მიჰყავდა სხდომა. ბატონმა აკაკიმ ისაუბრა პირველმა. ერთგან შეყოვნდა. სწრაფად წამოდგა ბატონი არნოლდი, წყალი დაასხა და აკანკალებული ხელით მიაწოდა მასწავლებელს. იმანაც ღიმილით მადლობა გადაუხადა.
საოცარი სანახავი იყო ამ ორი ლეგენდა ადამიანის ურთიერთობა: ჩვენ წინ მოწაფე და მასწავლებელი იდგნენ. ფიზიკურად ბატონი აკაკი უკეთ გამოიყურებოდა. იგი ნაწყვეტებად, ფრაგმენტებად ჰყვებოდა ამბებს. დაასრულა საუბარი. ბატონმა არნოლდმა ხელი შეაშველა ტრიბუნიდან ჩამოსვლაში.
ტრიბუნაზე ბატონი არნოლდი ავიდა... და ეს „მოხუცი პროფესორპი“ ორატორად იქცა. ლოგიკურად ასხმული საუბარი თავიდან ბოლომდე. ჩვეული მკვეთრი დიქცია. ცოტა შეჩერდა და ხაზგასმით თქვა: - „იოსებ ყიფშიძეს რომ ეცოცხლა, ის ენერგია, რაც გართულებულმა ურთიერთობებმა შეიწირა, საქმეს მოხმარდებოდაო“.  ამ საოცრად ზუსტად ნათქვანი წინადადებით შეძლო დაეხასიათების ოსებ ყიფშიძეც და „ის გართულებული ურთიერთობაც“ (საქმეს რომ არ მოხმარდა)... და ეს ითქვა აკაკი შანიძის თანდასწრებით.
მერე ისევ ღიმილით დაემშვიდობენ ერთმანეთს.

საოცრად ლოგიკური მსჯელობა ჰქონდა; იცოდა ყოფითი, პრაქტიკული მაგალითების მოშველიება:
ეს ადრე იყო (1976 წელს). ენათმეცნიერების ინსტიტუტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ცნობილმა მეცნიერმა ივანე გიგინეიშვილმა. დისერტაციის თემა იყო „ვეფხისტყაოსნის“~ ტექსტის ისტორია. ერთ-ერთი ოფიციალური ოპონენტი იყო ბატონი არნოლდ ჩიქობავა. საუბარობდა პოემის ტექსტის ცვლილებაზე; კერძოდ, გადამწერთა შეცდომებზე. ტექსტში რა სახის ცვლილება შეიძლება მოხდეს. როგორ და რა შეიძლება იყოს მიზეზი ამისა. თქმულის „თვალსაჩინო მაგალითად“ ბატონმა არნოლდმა ასეთი ფაქტი მოიყვანა:
–ოციან წლებში უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა ყმაწვილი, სახელად კიტა; ერთ საქმისმწარმოებელს შეეშალა და დოკუმენტში შეცდომით ჩაწერა კატა; მეორე საქმისმწარმოებელმა იფიქრა, აქ შეცდომაა, კატა კი  არა კატო ერქმევაო, ალბათ და „გაასწორა“; მესამე საქმისმწარმოებელმა იფიქრა, კატოს ალბათ შინაურები ეძახიან, ოფიციალურად ეკატერინე ერქმებაო და კატო ეკატერინედ გადააკეთა. უნივერსიტეტში შემოვიდა კიტა და დაამთავრა ეკატერინემ. ასე შეიძლება შეიცვალოს ტექსტიო, - ბრძანა ბატონმა არნოლდმა.

ბოლო რამდენიმე წელს ბ-ნი არნოლდი ინსტიტუტში თითქმის აღარ დადიოდა. ქალბატონი თამარი რომ გარდაიცვალა, მაშინ შევხვდი უკანასკნელად. მის ირგვლივ უმთავრესად ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის თანამშრომლები ტრიალებდნენ. ღამეს ახალგაზრდები ვუთევდით. ამ საქმეს ვაჟა შენგელია აწესრიგებდა. დაკრძალვის წინა ღამით მურმან სუხიშვილსა და მე დაგვევალა ღამისთევა. ბატონი არნოლდის კაბინეტში მიგვიჩინეს ადგილი. საოცარი შეგრძნება იყო: არნოლდ ჩიქობავას სამუშაო ოთახში, სამუშაო მაგიდასთან, მის სავარძელში და, რაც მთავარია, მის ბიბლიოთეკაში. ახლაც მახსოვს წიგნების განლაგება თაროებზე. დილით გვითხრეს, ბატონ არნოლდს სურს თქვენი ნახვაო. ლოჯიაში ტახტზე იწვა, წამოჯდა, ხელი ჩამოგვართვა და საკოცნელად წამოიწია. კრძალვით დავიხარეთ და ვეამბოეთ. - დიდი მადლობა პატივისცემისა და თამარის დაფასებისათვისო.

სიცოცხლის ბოლო დღეები სამკურნალო კომბინატში გაატარა. მეგრული „ნანას“ მოსმენა ინატრაო. ლევან ღვინჯილიამ ჩონგური მიიტანა და მან და შუქია აფრიდონიძემ მეგრული სიმღერები უმღერეს. უთქვამს:
  • სიკვდილი არ არის ძნელი, კვდომის პროცესია საზიზღარიო.
ბატონი არნოლდი გარდაიცვალა 1985 წლის 5 ნოემბერს. ახალგაზრდები უნივერსიტეტში საპატიო ყარაულში ვენაცვლებოდით ერთმანეთს.
         ***
(„რაც სმენას სხვისაგან გაუგონია“)
  • (თამარ ბერზაშვილისაგან)
ხალასი იუმორი ჰქონდაო.
განმარტებით ლექსიკონზე მუშაობის პერიოდში გვიან ღამემდე შევრჩით საქმესო. ბატონი არნოლდი შეწუხდა, ასე გვიან როგორ წახვალთო. მივუხვდით და დავამშვიდეთ:
  • ბატონი ევგენი გაგვაცილებს.
  • ღამით შეიძლებაო, – გაიღიმა ბ-მა არნოლდმა.
იუმორის აზრი: პროფესორი ევგენი ჯეირანაშვილი ტანად პატარა იყო, მაგრამ ხმა ჰქონდა დიდად რიხიანი.
  • გურამ თოფურიასაგან
გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში საკავშირო გაზეთ „პრავდაში“  საენათმეცნიერო დისკუსია გაიმართა –„მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები“. დისკუსია აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სტატიით გაიხსნა და იოსებ სტალინის  წერილით დაიხურა. გაიმარჯვა არნოლდ ჩიქობავამ (მარიზმი დამარცხდა). ქართველი მეცნიერის სახელი დიდად პოპულარული გახდა. მისი „ენათმეცნიერების შესავალი“ ითარგმნა და გამოიცა რუსულად, ჩინურად, ევროპის მრავალ ენაზე. მძიმე დისკუსიაგადატანილი არნოლდ ჩიქობავა თბილისში ბრუნდებოდა. აეროპორტში ტაქსი აიყვანა. მძღოლიდაინტერესდა ბატონი არნოლდის ახალი ლაბადით. 
– სად იყიდე პლაშიო, - ჰკითხა. 
– მოსკოვში, – მშვიდად უპასუხა ბატონმა არნოლდმა.
– რა მიეცი? –ამის პასუხიც მიიღო. მძღოლმა რამდენჯერმე აათვალიერა ბატონი არნოლდი და ბოლოს კომპლიმენტი უთხრა:
  • „ინტელიგენტნი ვიდს გაძლემს, ხო იცი!“
  • მიხეილ ალავიძის ნაამბობი
აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს ქუთაისიდან. წესი იყო ასეთი და ბატონი არნოლდი ამომრჩევლებს შეხვდა პედაგოგიურ ინსტიტუტში. მეუღლე თამარ ყიასაშვილიც ახლდა თურმე. შეხვედრის შემდეგ მასპინძლებმა სუფრაზე მიიპატიჟეს საპატიო სტუმარი. ბატონი არნოლდი სუფრაზე ჩვეულებრივ უარს ამბობდა, მაგრამ როცა გაიგო, რომ პეტრე ჭაბუკიანის ოჯახში ეპატიჟებოდნენ, დათანხმებულა. მოგეხსენებათ, პეტრე ჭაბუკიანი უაღრესად საინტერესო, კოლორიტული პიროვნება იყო. ბატონი არნოლდი დიდ პატივს სცემდა მას (ქუთათურებს გაუთვალისწინებიათ ეს).
სუფრას თავად პეტრე ჭაბუკიანი თამადობდა. ბატონი არნოლდის სადღეგრძელოს ჯერიც მოვიდა. თამადა ლამაზსიტყვაობს:
–ანგელოზი ადამიანის ბედს ასე ანაწილებს: ამ კაი კაცს  ცუდი ცოლი, ამ ცუდ კაცს – კაი ცოლი; ზოგჯერ ჩათვლემს ანგელოზი და წამოცდება: ამ ცუდ კაცს –ცუდი ცოლი, ამ კაი კაცს –კაი ცოლი... ჰოდა, თვლემდა ანგელოზი, ბატონო არნოლდ, როცა თქვენს ბედს ანაწილებდა და ამიტომაც ხართ ორივენი, თქვენც და ქალბატონი თამარიც, ასე კარგებიო!
სუფრას ბატონი პეტრეს მეუღლე ემსახურებოდა.
ბატონი არნოლდი საღეგრძელოს პასუხად ჩაჰკითხია:
– როცა თქვენს ბედს ანაწილებდა, მაშინ რა მდგომარეობაში იყო ანგელოზი?
  • არასოდეს ყოფილა ისეთი ფხიზელი! – დაბეჯითებით უპასუხა თამადამო.
  • ალექსანდრე მაჰომეტოვისაგან
დარგუულ ენას პროფესორი ალექსანდრე მაჰომეტოვი გვასწავლიდა. ინტერესს ამ ლექტორისადმი მისი ვინაობა და ბიოგრაფიაც აღვივებდა:
დაღესტნელი იყო, დარგოელი, ცნობილი კუბაჩიდან. ტექნიკურ უნივერსიტეტში უსწავლია. ინჟინრის დიპლომით უმუშავია კიდეც.
ბატონ არნოლდს ამბავი მოუტანეს, ასეთი დაღესტნელი არის თბილისშიო. ინფორმატორი სჭირდებოდა დაღესტნის ენების მცოდნე და გაეცნო ბატონ ალექსანდრეს.
კარგი ლინგვისტური ალღოს პატრონი აღმოჩნდაო, უთქვამს ბ-ნ არნოლდს და შეუთავაზებია, ეფიქრა სპეციალობის შეცვლაზე, ენათმეცნიერობაზე.
ანუ: დაღესტანში საშუალო განათლებამიღებული, პოლიტექნიკური ინსტიტუტის („გეპეის“ რომ ეძახდნენ) კურსდამთავრებული იწყებს ფიქრს ლინგვისტობაზე. სწვლობდა ქართულსაც და ენათმეცნიერებასაც. 40-იანი წლების შუახანებია.
ბ-ნ ალექსანდრეს მოუყოლია: დამიბარა ლექციაზეო. უკვე ვიცი, ვინც არის ბ-ნი არნოლდი (აკადემიკოსი, პროფესორი, კათედრის გამგე). შევედი აუდიტორიაში. ერთი გოგონა იჯდა წინა მერხზე. მეგონა გაივსებოდა აუდიტორია და წავედი უკანა მერხზე. დაირეკა ზარი და შემოვიდა ბ-ნი არნოლდი. მიიხურა კარი და დაიწყო ლექცია.
კავკასურ ენათა განყოფილებაზე იმჟამად იმ კურსზე ერთი სტუდენტი სწავლობდა. ის სტუდენტი ანა კალანდაძე იყოო.
და ისწავლა ბ-ნმა ალექსანდრემ ქართული შესანიშნავად; ქართულად კითხულობდა ლექციებს, მოხსენებებს. დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.
მთელი ცხოვრება ბატონი არნოლდის მადლიერი იყო.
  • ქეთევან ლომთათიძისაგან
ქ-ნი ქეთევანი ჰყვებოდა: ერთმა ცნობილმა პიროვნებამ თავისი კარიერის გარიჟრაჟზე უკადრებელი იკადრაო. ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით კოლეგის საქციელით. ბატონმა არნოლდ ჩიქობავამ ჩვეული სიმშვიდით თქვა: 
–კაცს ასეთი რამ რომ შერჩება, მერე იწყება მისი აღზევებაო.
–ასე აგიხდეთ ყოველი კარგიო, - დაამატა ქალბატონმა ქეთევანმა.
  • ვაჟა შენგელიასაგან
არნ. ჩიქობავასთვის აზრი უკითხავთ ერთ კოლეგაზე;
–კარგ ამინდში კარგია და ცუდ ამინდში როგორ მოიქცევა, ვერ მოგახსენებთ.
  • ანა კალანდაძისაგან
შექებაც უცნაური იცოდა:
ჭკვიანი ნიჭის პატრონი – მხოლოდ ქეთევან ლომთათიძეზე უთქვამს.
  • ანა კალანდაძისაგან
არნოლდ ჩიქობავას ძალიან უყვარდა თურმე ჩეხოვი, იტყოდაო: ყოველგვარ ამინდში წაიკითხებაო. 
  • ქეთევან ლომთათიძისაგან
უნივერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის გამგის არჩევნები იყო. ბატონი არნოლდი ვისაც მხარს უჭერდა, დამარცხდა. მერე შეხვედრია გამაჯვებულს.
  • მე თქვენ შავი მოგეცით, – მისალმების ნაცვლად უთქვამს ბ-ნ არნოლდს.
  • არა უშავს, ბატონო არნოლდ, არა უშავს! –დამამშვიდაო, ღიმილით უთქვამს. 
  • ვაჟა შენგელიასაგან
ბ-ნი არნოლდის  ერთმა „ცნობილმა ოპონენტმა“~ წიგნი გამოსცა. არნოლდ ჩიქობავასნაშრომს აკრიტიკებდა „დაუნდობლად“. ბ-ნ არნოლდს ჰკითხეს აზრი ამ  წიგნის შეახებ.
– უღრანი უვიცობაა, – იყო პასუხი. 
  • გ. თოფურიას ნაამბობი
არნოლდ ჩიქობავას ლენინგრადში სამეცნიერო სიმპოზიუმზე ერთ-ერთი მოხსენების გამო გამართულ კამათში უთქვამს: 
მომხსენებელი მე მაგონებს ტურისტს, რომელსაც ხელში უჭირავს ერთი ქალაქის რუკა და ცდილობს ორიენტირებას მეორე ქალაქში.
*ჩემგან – „ბოლოთქმა“
აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას პირდაპირობა, პრინციპულიბა, მართლის თქმა აღარ გამკვირვებია, როცა წავიკითხე წიგნი „ივანე ჯავახიშვილი ტირანიის სამსჯავროს წინაშე“ (მ. ვაჩნაძისა და ვ.გურულის გამოცემა, 2004 წ.): 1930 წელია. ივანე ჯავახიშვილის ერთგულებისა და „ჯგუფის წევრობისათვის“  სჯიდნენ. არნოლდ ჩიქობავას ზურგი არ შეუქცევია დიდი მოძღვრისათვის (სხვებისაგან განსხვავებით). პირიქით, თავგამოდებით იცავდა მას. ეს იმ დროისათვის სიცოცხლის რისკის ტოლფასი იყო. (იხ,: გ. გოგოლაშვილი: „ივანე ჯავახიშვილის „სამსჯავრო“ და ქართული ენათმეცნიერების კლასიკოსები“: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ტ. XXX, 2022)... ასევე დიდი საფრთხის შემცველი იყო ბრძოლა მარიზმის წინააღმდეგ (30-იანი – 40-იანი წლები)... არნოლდ ჩიქობავა ასე არ ფიქრობდა!
დიახ, მე ვიცნობდი არნოლდ ჩიქობავას!..скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge