გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი გოგოლაშვილი - ენას გიწუნებ, ქართველო

ახლახან ერთი ახალგაზრდა მწერლის წიგნს ვკითხულობდი; რამდენიმე უხერხული გამოთქმა მომხვდა თვალში... მერე სწორედ ამ თვალსაზრისით ფანქრით ჩავიკითხე ხუთიოდე გვერდი... და უცნაური სურვილიც გამიჩნდა – ჩამენიშნა, როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა - „ურიგო ქართულის“ მაგალითები... მერე რაო? – მკითხავენ, იმჟამად (აკაკის  ეპოქაში) ამას აზრი ჰქონდაო... დიახ, აკაკის მიზანი  „მხილება“ იყო და ამხელდა კიდეც საჯაროდ... ადრესატი იღებდა ან არ იღებდა კრიტიკას და ზოგჯერ ამას მოჰყვებოდა პოლემიკა დედაენის სასიკეთოდ... გვახსოვს ალბათ, აკაკი წერეთელმა იაკობ გოგებაშვილს ერთი ზმნური ფორმა დაუწუნა და... თუმცა ამას ქვემოთაც გავიხსენებ...
დღეს ღირს ფიქრი ამგვარ მხილებაზე?.. მახსენდება, ერთ ცნობილ ტელეწამყვანს ღია ეთერში შენიშვნა მისცეს, ცუდი ქართულით საუბრობო და უპასუხა: ჩემს საუბარს უფრო იგებს ტელემაყურებელიო... და დამთავრდა „პოლემიკა“... არადა, როგორი გაკვეთილები ჩაგვიტარეს ჩვენმა კლასიკოსებმა!.. XIX საუკუნეს გავიხსენებ...

***
XIX საუკუნე, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიაში დარჩება როგორც დიადი ეპოქა ქართული ენის გადარჩენისა... ქართულ ენას ამდენი თავდადებული ჭირისუფალი, დამცველი, ქომაგი ერთ ეპოქაში არ ჰყოლია... ქართული ენის გადარჩენისათვის ბრძოლა იყო უკომპრომისო, რადგან სწამდათ: ენის გადარჩენა ერის გადარჩენის საწინდარი იყო...
ამ ბრძოლის დასაწყისში თქვა ილია ჭავჭავაძემ, „ჩვენ მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოსო“ და არავის უთმობენ, დედაენისადმი აუგად მოპყრობას ვისაც შეამჩნევენ... და ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი და სხვანი და სხვანი „ებრძვიან“  მტერსა თუ მოყვარეს, ერთმანეთს, თუ მიაჩნიათ, რომ „უმთავრეს ღვთაებრივ საუნჯეს“, „უპირველეს ბურჯს ჩვენი ეროვნებისას“ ისე არ ექცევიან, როგორც საჭიროა... ამხელენ ერთმანეთს „ენის უცოდინარობაში“... და ეს ენის ცოდნის დაწუნება უმძიმესი ბრალდებაა მამულისმოყვარეთათვის...
ჩვენ არ ვწერთ ისტორიას... ჩვენ ვიხსენებთ ფაქტებს და შევნატრით იმ დროს, როცა ასეთი იყო დედაენისადმი დამოკიდებულება; როცა „ურიგო ქართულის“ გამო აკრიტიკებდნენ ერთმანეთს და ეს იღებდა უაღრესად საინტერესო ხასიათს... მწვავედ განიცდიან კრიტიკას და ცდილობენ თავის მართლებას... ვოცნებობთ ისეთ ქართულ საზოგადოებაზე, მსგავსი ენობრივი შეგნება რომ ექნება...
დიახ, ჩვენ არ ვწერთ ისტორიას... რამდენიმე ამბავს გავიხსენებთ მხოლოდ... ამას წარსულის გახსენება ჰქვია მომავლისათვის!..

ამბავი პირველი:  ვაჟა-ფშაველას ენა დაუწუნეს...
ვაჟა-ფშაველას გამოსვლა სამწერლო ასპარეზზე ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა:
მოვიდა გენიოსი მოაზროვნე და თავად გენიოსმა ილია ჭავჭავაძემ ხმამაღლა თქვა: ახლა ჩვენ, ძველებმა, კალამი უნდა დავდოთ და გზა ვაჟას დავუთმოთო...
მოვიდა საკუთარი ენობრივი სამყაროთი, სრულიად განსხვავებული ხმითა და კილოთი... აი, აქ დაიბნა ლიტერატურული ელიტა და ვაჟას გამოჩენისთანავე საკრიტიკო საგანი გახდა მისი ენა...
ვაჟას ასპარეზზე გამოსვლიდან პირველივე წლებში ითქვა: „ფშაური პოეზიის მოვლინებამ ხომ მთლად არია ენის ტაძარი; ჰლამის დაჰბადოს მწვალებლობა მეტად საზარი!“  (პეტრე მირიანაშვილი). სხვაც იყო, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე გამოდგა აკაკი წერეთლის პოზიცია; იგი ვრცლად განიხილავს რაზიკაშვილების ენას, მკაცრად აკრიტიკებს... მოკლე ამონარიდი – „ვინც ზმნებს ჯეროვნად ვერ ხმარობს, ის უეჭველად ქართული ენის უმეცარია!“– რაზიკაშვილებზე საუბრობს აკაკი (1899 წელია)... და კიდევ არაერთი...
ვაჟა ამგვარ კრიტიკას მწარედ განიცდიდა; რამდენიმე წერილიც გამოაქვეყნა თავისი ენობრივი პოზიციის განსამარტავად, თავისი ენობრივი სამყაროს გასაცნობად...
და ბოლოს კულმინაცია: „ენას გიწუნებ, ფშაველო!“... – აკაკი წერეთლის ეს ლექსი 1913 წელს გამოქვეყნდა...
ვაჟას პოზიცია, განცდები ამ ლექსის გამოქვეყნების გამო კარგად აღწერა დავით კლდიაშვილმა  თავის მემუარებში: ლექსი რომ გამოქვეყნდა გაზეთ „თემში“, ვაჟა იმ დროს ქუთაისში იყო და იქ უნახავს... დავით კლდიაშვილი მოიგონებს ვაჟას ნათქვამს: „ახირებული ადამიანია ეს ჩვენი აკაკი! დამიწერა, „ენას გიწუნებ, ფშაველოო“. კაცო, მე ამ ჩემი ენით მომწონს თავი, თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია, მაშ აღარაფერი ყოფილა და ბარემც ასე თქვი პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმე! – ამას საოცარი გულისტკივილით ამბობდა დიდებული ვაჟა“...
დიახ, ენა დაუწუნეს პოეტს და საოცარი გულისტკივილიც ამან გამოიწვია!.. მერე რა, რომ დამწუნებელი აკაკი წერეთელია!... და ამას მოჰყვა ვაჟასეული შემართებით მცდელობა თავისმართლებისა, თავისი პოზიციის სისწორის მტკიცებისა...

ამბავი მეორე:  იაკობ გოგებაშვილს ენა დაუწუნეს...
ცნობილი ფაქტია: XIX საუკუნის მოღვაწეთა შორის იაკობ გოგებაშვილისა და აკაკი წერთლის ურთიერთდამოკიდებულება გამორჩეული იყო. გვახსოვს, ალბათ, აკაკის აზრი იაკობზე – ენას მთელ საქართველოს  იაკობ გოგებაშვილი ასწავლის; იაკობი ღირსია იმისა, რომ მას ქართველმა ხალხმა სიცოცხლეში ძეგლი დაუდგასო... იაკობის აზრით – აკაკი პატარა საქართველოა, აკაკი განხორციელებული მამულიშვილობაა და სხვა ამგვარი... აკაკი ერთ მოღვაწეზე ბრაზობდა, „იაკობს ენას ასწავლის და ილიას ჭკუასო“ და...
ერხელაც აკაკი წერეთელმა იაკობ გოგებაშვილს ენა დაუწუნა; ეს ამბავი ასე იყო:
ერთ-ერთ წერილში („ჭრელი ფიქრები“) აკაკიმ იაკობის არაკი მიმოიხილა  და დაასკვნა: „ერთი წუნი იმ ვირისა (არაკის პერსონაჟია!–გ.გ.) ის არის, ქართული არა ჰსცოდნია; მის ნაცვლად, რომ გუგულს უთხრას, პირველ მომღერლად „აღგიარებო“,  ის ჩიქორთულად ეუბნება გაღიარებო“... იაკობს ენის უცდინარობას სწამებენ („იმ ვირს ქართულ არა ჰსცოდნიაო“)...
და აღშფოთდა იაკობი: „აკაკიმ მორიელივით კუდი მოიქნია, ჩემი გათახსირება მოინდომა; მოუმიზეზებია, უნდა დაბალ ღობედ მნახოს, დამჩაგროს, უსაფუძვლოდ მკბინოს და სხვანი...“
დიახ, იაკობის აზრით,  ენის უცოდინრობის დაწამება დამცირებაა, გათახსირებაა, დაბალ ღობედ მიჩნევაა კაცისა...
და დაიწყო „დაუნდობელი“ პოლემიკა ენობრივ საკითხებზე  პრესაში; ერთი მხრივ  იაკობ გოგებაშვილი და მეორე მხარეს აკაკი წერეთელი და „კვალის“ რაზმი“ (როგორც იაკობი უწოდებს „მოწინააღმდეგებს“)... 30-მდე წერილი გაიცვალა... ასე შეაფასებს ამ პოლემიკას იაკობი, ჩემი დამცირება მოინდომეს და თავად დამცირდნენო...
მოგვიანებით მოიგონებს იაკობი: „აკაკი წერეთელსა და ჩემ შორის დაწყებული ხანგრძლივი პოლემიკა ქართული ენის გრამატიკული ფორმების თაობაზე იმით დასრულდა, რომ ჩვენი მანამდე უბრალო ნაცნობობა თითქმის მეგობრობად იქცა“...

ამბავი მესამე:  ივანე მაჩაბელს ენა დაუწუნეს...
აკაკი ფხიზლად დგას დედაენის სადარაჯოზე და არ ინდობს არავის, თუკი ამას დაიმსახურებს... ივანე მაჩაბლის ამბავი გავიხსენოთ... აკაკი მოიგონებს:
„ერთხელ სადილად ვიყავით იმასთან (ივანე მაჩაბელთან – გ.გ.) და სუფრაზე ჩამოვარდა ლაპარაკი შექსპირის შესახებ. ვანომ სთქვა: მეფე ლირი პირდაპირ ინგლისურიდან არის ნათარგმნი და კარგი ენითაც არის ქართულზე გადაღებულიო! –  პირდაპირ ინგლისურიდან რომ არის ნათარგმნი, ეტყობა, მაგრამ ქართული ენა კი ძალიან კოჭლობს-მეთქი, ვუპასუხე მე. – გაცხარდა. წამოვარდა ზეზე, შეიჭრა მეორე ოთახში, გამოიტანა წიგნი და დამიგდო წინ... აბა, გვიჩვენე შეცდომებიო! პირველ გვერდზედვე მივუთითე. გადააბრუნა მეორე, აქაც აღმოჩნდა... ჩაჰყვა ამგვარად და რომ გამტყუნდა, უკმაყოფილოდ მითხრა: „რა ვუყოთ მერე, განა შენ ნაწერებში კი არ არის შეცდომები თუო?“ მე სიცილი დავიწყე და ვუთხარი: „აქ სიტყვა ჩამოვარდა მეფე ლირზე და მეც იმიტომ ვამბობ! და როცა ჩემ ნაწერებზე გადავალთ, რა იცით, რომ იქაც არ დაგეთანხმებით? მერე კიდევ, განა ერთის უვარგისობა ამართლებს მეორეს? მე რომ ქართული კარგათ არ ვიცოდე, ნუ თუ სხვებმაც აღარ უნდა ისწავლონ? – ამგვარი ბაასი ინტელიგენტური ბაასი კი არ არის, მოახლური გაქიშპება არის-მეთქი“. გაჩუმდა, ხმა აღარ ამოუღია..“

ამბავი მეოთხე:  დიმიტრი ყიფიანი იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ შეცდომებს  დაძებნის და...  იაკობი ზოგ შემთხვევაში ენის ცოდნას დაუწუნებს დ. ყიფიანს...
დიმიტრი ყიფიანს – XIX  საუკუნის უდიდეს ქართველ მოღვაწეს, იმ დროისათვის ქართული ენის საუკეთესო სახელმძღვანელოს ავტორს, ქართული ენის თავგამოდებულ დამცველს (ამაში დარწმუნდებით, თუ დ.ყიფიანის თხზულებათა IV ტომს გაეცნობით – გამომცემელი თ. ჯოლოგუა, 2019) წაუკითხავს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ (ადრე დიდებული რეცენზია უძღვნა „დედაენას“); წიგნი მოსწონებია, მაგრამ ბევრი ენობრივი შეცდომა იყოო და ეგ შენიშვნები გაუგზავნია იაკობისათვის, რომ გაეთვალისწინებინა შემდგომ გამოცემაში. „ბუნების კარის“ მომდევნო გამოცემის წინასიტყვაში იაკობი წერს:  „ამ გამოცემაში ჩვენ მოვახდინეთ ზოგიერთა  ცვლილებანი. პირველად ყურადღება მივაქციეთ ენის გაუკეთესობასა. ამ გაუკეთესობაში მხურვალე მონაწილეობა მიიღო დიდათ პატივცემულმა დიმიტრი ივანეს-ძემ ყიფიანმა, რომელმაც  გულდადებით გადაიკითხა ეს სახელმძღვანელო და თავის შენიშვნები ენის შესწორების შესახებ გამოგვიგზავნა ჩვენა. ამ შენიშვნებით, რასაკვირველია, ჯეროვნად ვისარგებლეთ და ენა ყველგან გავასწორე, სადაც კი მის უკანონობაზედ დავრწმუნდით“...
„გავასწორე, სადაც კი მის უკანონობაზედ დავრწმუნდითო“... ე.ი. ზოგი შენიშვნა არ გაითვალისწინა – არ მიიჩნია მართებულად...
და აღშფოთდა დიმიტრი ყიფიანი:
გაზეთ „დროების“ რედაქტორისათვის, ივანე მაჩაბლისათვის, გაუგზავნია ბარათი დ. ყიფიანს:
„ბ-ნო რედაქტორო!  დიდათა გთხოვ, ამ ჩემს წიგნს ადგილი უბოძოთ თქვენს პატივცემულ გაზეთში და ამით მძიმე ვალი მომახდევინოთ, ბ-მა იაკობ გოგებაშვილმა რომ დამატეხა. ძალიან მძიმეა ეს ვალი, რადგან საქვეყნოა და საქვეყნოა, რადგან პირდაპირ მცნებათა კიდობანს ეხება ჩვენსას, ჩვენს წმიდას-წმიდათას“.
„მცნებათა კიდობანი“ და „წმიდა-წმიდათა“ ქართული ენაა. დიახ, ქართულ ენას ეხება ეს ვალიო...
რა მოხდა? რა ვალი დასდო ი. გოგებაშვილმა დ. ყიფიანს? რამ აღაშფოთა დამსახურებული მოღვაწე? რა ჩაიდინა იაკობმა ისეთი, ასე რომ გაცხარდა დიმიტრი ყიფიანი? რა საქვეყნო ვალზეა საუბარი? იაკობი ხომ მხურვალე მადლობას უხდის...
აი, რა გახდა დიმიტრი ყიფიანის აღშფოთების მიზეზი: მისი – ქართული ენის ღვაწლმოსილი მსახურის – შენიშვნები არ გაიზიარა, უსამართლოდ მიიჩნია ახალგაზრდა ავტორმა...
ი. მაჩაბელს სწერდა დ. ყიფიანი:  „თუ ამ მეოთხედ დასტამბულ წიგნში კიდევ არის სადმე უკანონობა, სჩანს, მე არ შემინიშნავს, ან შევნიშნე, მაგრამ ბ-ნი იაკობი არ დარწმუნებულა უკანონობაზედ...“ – აი, რამ აღაშფოთა თურმე დიმიტრი ყიფიანი!
აქ ი. მაჩაბლის პასუხიც საგულისხმოა: „უპატივცემულესო ბატონო დიმიტრი, გაახლებთ ამასთანავე თქვენს წერილს „ბუნების კარის“ შესახებ (წერილი გაითხოვა ავტორმა – გ.გ.) და მოგახსენებთ მიზეზს აქამდის დაუბეჭდაობისას. მე ვერიდებოდი, რომ თქვენს წერილს რაიმე უსიამოვნება არ გამოეწვია; რაკი თქვენს წერილს დავბეჭდავდი, გოგებაშვილსაც მიეცემოდა უფლება ცხარე კრიტიკაზედ ცხარევე პასუხი დაეწერა და ამგვარი პოლემიკა არ მოუხდებოდა ეხლანდელ დროს, როდესაც იანოვსკიმ სასტიკი ომი გამოუცხადა ქართველთა შორის განათლების საქმეს“...  
ადამიანები უდიდეს პატივს სცემენ ერთმანეთს; დიდად აფასებენ ეთმანეთის ღვაწლს, მაგრამ როცა საქმე დედაენას ეხება  („მცნებათა კიდობანსა“ და „წმიდას-წმიდათას“ – როგორც დ. ყიფიანი ამბობს) პიროვნული გვერდზე გადაიდება და ქართული ენის ინტერესი მოდის წინა პლანზე... უმთავრესი საამაყო დედაენის ცოდნაა; მთავარი შეურაცხყოფა – დედაენის უცოდინარობის დაბრალება...

ამბავი მეხუთე:  დავით კლდიაშვილსაც დაუწუნეს ქართული...
დავით კლდიაშვილმა „ქამუშაძის გაჭირვება“ გამოაქვეყნა. პეტრე უმიკაშვილს   „ქამუშაძის გაჭირვება“ წაუკითხავს (ამას დავითი გვიან მოიგონებს). მოსწონებია;  შეუქია ავტორი, თუმცა ცოტა საყვედურიც გაურევია – ენა დაუწუნებია დავით კლდიაშვილისათვის, „ქართული მოიკოჭლებსო“, – უთქვამს. დავითი ჩვეული თავმდაბლობით მადლობას უხდის უფროს მეგობარს და იმაშიც ეთანხმება, ენა რომ დაუწუნეს მწერალს: „ემდურით ენას და თქვენზედ უფრო მე ვარ უკმაყოფილოო“– უპასუხია დ. კლდიაშვილს...
არა, განა არად ჩააგდო კრიტიკა, თავისმართლებას არ მოჰყვა თორემ, დედაენის სიყვარული და პატივისცემა დავითს რომ აქვს, ბარეორს შეშურდება... ამის დასტურად მრავალი ფაქტის მოყვანა შეიძლება, მის „მემუარებში“ უხვადაა საამისო მაგალითები... დ. კლდიაშვილის ნაწერები ხომ ბუნებრივი, დახვეწილი ქართულის დიდებული ნიმუშია... ღვაწლმოსილ პ. უმიკაშვილს ჰქონდა, როგორც ჩანს, საბაბი ამგვარი შენიშვნისა... და მადლობით იღებს ამ შენიშვნას მწერალი...

***
სხვაც მრავლადაა მაგალითი, როცა დედაენისმოყვარე კეთილმოსურნე ასევე დედაენის ერთგულ კალმოსანს „ურიგო ქართულის“ გამო საყვედურს ეტყვის...  თუ ეს კალმოსანი ფიქრობს, რომ სიმართლე მის მხარესაა, იწყება დავა-კამათი, თუ არადა, გულწრფელი მადლობის თქმა არ ეთაკილება...
და კიდევ: ენის დაწუნება ყველაზე მძიმე ბრალდებაა შემოქმედისათვის...
აი, ასე იყო  XIX  საუკუნეში...
XXI  საუკუნეში?  – სამწუხაროდ, არაა ასე XXI  საუკუნეში... და ეს კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს „ღვთაებრივ საუნჯეს“ (ი. ჭავჭავაძე);
ჩვენს „უმთავრეს ბურჯს ეროვნებისას“ (ი. გოგებაშვილი);
„მცნებათა კიდობანს  ჩვენსას“,
ჩვენს „წმიდას-წმიდათას“ (დ. ყიფიანი);
ჩვენს ქართულ ენას – „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას“ (ლ. ასათიანი)!

P.S. შეგონებანი არ არის ჩემი საქმე... ეს მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა: „სალიტერატურო გამარჯვებისათვის ჯერ კარგი ქართულია საჭირო, მერე კარგი ქართული და ბოლოს ისევ კარგი ქართულიო“...

12. 12. 2020 წელი.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge