გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

იოსებ ჭუმბურიძე - ლიტერატურიდან თეატრამდე

                                           
          
რაღაცნაირად ლაპარაკი 

„ამ დღეს ველოდი, მოვესწარ“...
აკაკის ეს სიტყვები გამახსენა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის ერთმა ფეისბუკპოსტმა.
2022 წლის 29 მაისს, 21 საათსა და 10 წუთზე, თანამედროვე ქართული თეატრმცოდნეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წარმომადგენელს ასეთი მწარე სიმართლე დასცდა:
„ისე, კრიტიკოსებს რომ გვაკრიტიკებენ და შოლტს გადმოგვკრავენ ხოლმე, განა მართლები არ არიან?! არ ტყუიან, ბევრ სიმართლესაც ამბობენ, რაღაცნაირად ვწერთ, თავის გამოჩენაც გვიყვარს და ამ თავის გამოჩენაში პროფესიულ უსუსურობასაც ვავლენთ. აწი რაღა გაგვზრდის, ვბერდებით. როგორ მინდა, ჩვენც გვეშველოს და იმათაც, ვისაც ჩვენ „ვაკრიტიკებთ“.


***  
„რაღაცნაირად“ რომ  წერენ, ამაზე - სხვა დროს.
ამჯერად კი, ის ვნახოთ, როგორ ლაპარაკობენ.
ზემოხსენებული პოსტი რომ წავიკითხე, ახალი ნანახი მქონდა „ქართული თეატრის ელექტრონული არქივის“ ვიდეო: სამი თეატრმცოდნის - ერთი ბატონისა და ორი ქალბატონის საუბარი, ანუ ერთ-ერთი რეგიონული თეატრის ახალი დადგმის „განხილვა“.
ბატონზე არაფერს ვიტყვი. ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს და თანაც, ლაპარაკი ნამდვილად ეხერხება.
აი, ქალბატონების საუბარი კი მართლაც შემაშფოთებელია.
არა იმიტომ, რომ სწორი „აბსოლიტური“ ჰგონიათ, უფრო იმიტომ, რომ რასაც თვითონ ამბობენ, აბსოლუტურად სწორი ჰგონიათ.
გაგონილს ნანახი სჯობსო და იხილეთ:
პირველი ქალბატონი:
„აქტიური მუშაობა მათში გააცოცხლებს იმ პროფესიას, რაც აქვთ ნასწავლი. აითვისებენ ახალს. მათი ქმედება იყო ჭარბი, თუნდაც მეტყველების თვალსაზრისით“...
მეორე ქალბატონი: 
„მე ვისურვებდი, რომ მსახიობებს უფრო მეტად შეეძლოთ იმის გადმოცემის უნარი, რისი გადმოცემაც მათ უნდათ.“
ამის უნარი არც თეატრმცოდნეებს აწყენდათ. 
ოღონდ, შეეძლოთ კი არა, უნდა ჰქონდეთ.
ერთს ვიცნობ, მეორეს - არა. 
ის, ვისაც ვიცნობ, თუ არ ვცდები, თეატრალურში ასწავლის და სადღაც, შეთავსებით, სხვისი ადგილიც უკავია.
და ამათ უნდა უსმინონ საწყალმა სტუდენტებმა და უკვე პროფესიამიღებულმა მსახიობებმა?!
როგორ მინდა, ეშველოთ?! 


„იმ ქვეყანაში თავგასაყოფად“

„ - სები, სადა ხარ! –
როკვენ სეფენი...
კვლავ ამღერდება ჩემი ოცნება,
მზით შეივსება შესავსებელი,
ცა - ვარსკვლავებით შეისოსნება“...  
საიდან მოჰქონდა ჯემალ აჯიაშვილს ასეთი ქართული და ასეთი საგალობლები?!
ჩემთვის, აჯიაშვილის ფენომენის ახსნა ამ სინტაგმაშია: „ქართველი ებრაელი."
როგორც ქართველი, ის მოდიოდა რუსთაველიდან, როგორც ებრაელი - დავითის ფსალმუნებიდან. 
***
სიტყვათქმნადობა და გალობა, თავისთავად, მაგრამ ეს  ნახეთ:
მონძაემონ ჩიკამაცუს გმირებმა, შეყვარებულებმა, თვითმკვლელობა გადაწყვიტეს.
იაპონელი რომეო და ჯულიეტა.
უწოდებენ კიდეც ჩიკამაცუს იაპონელ შექსპირს. 
ცხადია, არ ვიცი, რა წერია დედანში, აჯიაშვილი კი ასე  თარგმნის:
„მზადაა ყულფი - ამა ქვეყნიდან იმ ქვეყანაში თავგასაყოფად"...
შეიძლება, დედანში უკეთესად ეწეროს?!
***
რა შესანიშნავად დადგა ჩიკამაცუს პიესა მედეა კუჭუხიძემ?!
საერთოდ, რა ბრწყინვალე პერიოდი ჰქონდა იმ დროს მარჯანიშვილის თეატრს?!
თემურ ჩხეიძე „ჰაკი აძბას", „ჯაყოს ხიზნებსა" და „ოტელოს" დგამდა, მედეა კუჭუხიძე - „შეყვარებულთა თვითმკვლელობას", „პრემიერას", „პროვინციულ ამბავს"...
აი, თუ არ შეიძლება ორი სრულიად განსხვავებული ხელწერის რეჟისორი ერთ თეატრში!
       


„სული უსახლო და არ-ბედნიერი“

რუსთაველის, 19.
სანდრო მრევლიშვილის სახელობის მუნიციპალური თეატრი.
სანდრო მრევლიშვილისვე დადგმა.
„უსაზღვრობა დროთა“ - გალაკტიონის ლექსებზე შექმნილი კომპოზიცია.
მთავარი გმირი - რა თქმა უნდა, გალაკტიონი. 
ვინ თამაშობს?
აკაკი ხიდაშელი. 
დიახ, თამაშობს და არა კითხულობს. 
მთავარი გმირიო, - ვთქვი.
მაშასადამე, არამთავარიც უნდა იყოს. 
გალაკტიონი მარტო ვერ იქნება. 
„სადაც ერთი ნიჭიერია, იქვე მისი ანტიპოდია ატუზული, თანაც თანამიმდევრულად სასტიკი ანტიპოდი... ქრისტეს გვერდით იუდაა, მოცარტის გვერდით - სალიერი“(აკ. გაწერელია).
გალაკტიონის გვერდით დემონია.
სპექტაკლში მას თორნიკე ბელთაძე განასახიერებს. 
საკმაოდ შთამბეჭდავად და საინტერესოდ.
გალაკტიონი კი გალაკტიონია.
დემონი მასშიც არის და მის გვერდითაც.
აკაკი ხიდაშელი ცდილობს, გენიალური სულის ურთულეს ხვეულებს მისწვდეს და ჩვენც დაგვანახოს. 
მაგრამ როგორ გინდა, წარმოადგინო სული, რომელსაც თვითონ გალაკტიონმა  „უსახლო და არ-ბედნიერი“ უწოდა?!
ურთულესი ამოცანაა.
მანერა, რომლითაც მსახიობი თამაშობს, ალბათ, რეჟისორის არჩეულია. 
თან მოგწონს, თან რაღაც სხვა გინდა.
ასეთი გაორება გასაკვირი არ უნდა იყოს: გალაკტიონია!
მაგრამ რაც გინდა, იმას სახელს ვერ არქმევ. 
და უცებ ხდება უიშვიათესი რამ, რამაც ეს ეტიუდი დამაწერინა.


***
სანდრო მრევლიშვილის სახელობის პაწია თეატრი, რუსთაველის, 19 - ის სარდაფში მდებარეობს. 
მაყურებელთა დარბაზში ისე ვერ შეხვალ, სცენაზე თუ არ გადაივლი    . 
ცხადია, ასევე უნდა გამოხვიდე.
მიმდინარეობს სპექტაკლი.
მსახიობი როლშია შეჭრილი. 
მოულოდნელად წამოდგა წყვილი და დარბაზიდან გასვლა მოინდომა. 
შეშფოთდა კამერდინერი. 
წინ გადაუდგა წყვილს და იმის ახსნა დაუწყო, რომ ეს შეუძლებელი და ძალიან უხერხული იყო. 
და, უცებ, მსახიობმა  შეწყვიტათამაში და კამერდინერს მიმართა:
„გამოატარეთ! გამოატარეთ! არ არის პრობლემა!“   
და სწორედ ეს იყო ის, რაც მინდოდა და სახელს ვერ ვარქმევდი. 
სწორედ ამ გაუთვალისწინებელ ეპიზოდში იყო მსახიობი ყველაზე გულწრფელი, მართალი და ბუნებრივი.
მის ფრაზაში, ერთდროულად იყო წყენაც და მიტევებაც, გაბრაზებაც და დიდსულოვნებაც.  
ეს იყო ნამდვილი გალაკტიონი!
მხოლოდ ირონია და „ძამიკო“ აკლდა.
*** 
თუმცა, გალაკტიონი გალაკტიონია და ნებისმიერ მანერას მოიხდენს.
იმ არცთუ შესაფერის სიმღერასაც კი, რითაც ეს უდავოდ საინტერესო წარმოდგენა მთავრდება. 
ბოლოს მხოლოდ ის გიკვირს, როგორ დაატიეს რეჟისორმა და ორმა მსახიობმა ამ პაწია დარბაზში უსაზღვრო სივრცეთა ბინადარი „სული უსახლო და არ-ბედნიერი“...
არადა, დაატიეს.

ტრაგედიები და რეჟისორები

რაღაც უცნაური ტენდენცია იკვეთება თანამედროვე ქართულ თეატრში:
არ ჰყავთ ტრაგიკოსი მსახიობები და დგამენ ტრაგედიებს. 
დგამენ „ოტელოს“ და არ ჰყავთ ოტელო. 
დგამენ ოიდიპოსს და არ ჰყავთ ოიდიპოსი.
კი, ნიჭიერ მსახიობებს ათამაშებენ, მაგრამ ამ როლებისთვის სრულიად შეუფერებლებს. 
თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ, ძალიან იშვიათად,  სრულიად საპირისპიროც ხდება:
არის მეფე ლირი, მაგრამ არ არის რეჟისორი. 


***
რისი იმედით დგამენ? 
ძნელი სათქმელია.
ალბათ, იმის გარანტია აქვთ, რომ სათეატრო კრიტიკა თვალს დახუჭავს. 
არსებითად, ასეც არის, მაგრამ...
ვურჩევდი, ესეც გაითვალისწინონ:
თბილისში შესაძლოა, თვალი დახუჭონ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ჩავლენ, მაგალითად, ქუთაისში და იქ ისეთი მაყურებელი დახვდებათ, რომ ვერც კი წარმოიდგენდნენ. 
ქალბატონი ლია კუხიანიძე, დიდებული პედაგოგი და ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი, ჩვეული პირდაპირობით დაწერს. მისი ფეისბუკპოსტი ნებისმიერ კრიტიკოსს შეშურდება. აი, მხოლოდ პატარა ფრაგმენტი: 
„ვიხილეთ შესანიშნავი იაგო, როდრიგო, კასიო, ემილია და „ოტელო“ ოტელოს გარეშე. თუმც მსახიობი ნამდვილად ცდილობდა და იხარჯებოდა.“
აქ შესაშური არა მხოლოდ პირუთვნელობაა, არამედ ლიტერატორის იშვიათი განსწავლულობაც. მან იცის, რისი ხილვა სურდა და რატომ, ისიც, თუ რამ უფრო დაღუპა ოტელო, პუშკინის აზრით...
ნუ შეგვშურდება.
არა, შეგვშურდეს და მივბაძოთ.
ეს - კრიტიკოსებმა.
მაგრამ რეჟისორებმა?
ნუ დადგამენ „ოტელოს“ ან „ოიდიპოს მეფეს“, თუ არ ჰყავთ ოტელო ან ოიდიპოსი.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გიორგი გოგოლაშვილი - ენას გიწუნებ, ქართველო გიორგი გოგოლაშვილი - ენას გიწუნებ, ქართველო ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული ამირან გომართელი - ეს როგორი საქციელია, როსტომ?! ამირან გომართელი - ეს როგორი საქციელია, როსტომ?! ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გუგა მგელაძე -   ლაშა ბუღაძის ერთი დაუდგემელი პიესის გამო გუგა მგელაძე - ლაშა ბუღაძის ერთი დაუდგემელი პიესის გამო ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge