გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები


ჩვენს დროშას გული უნდა ეხატოს                    

ჩვენს დროშას გული უნდა ეხატოს,
დაჭრილი გული ცრემლით და სისხლით,
ღმერთებს შევთხოვდეთ, თავს ვირწმუნებდეთ,
რომ ჩვენს სამშობლოს თვითონვე ვიხსნით.
არ დარაჯობდეს მუდმივად მტერი,
ჩასაყლაპავად გემრიელ ლუკმას
და ამშვენებდეს ქართული გენი,
მარადიულად მსოფლიო რუკას.
ჩვენს დროშას გული უნდა ეხატოს...
       

           ***
რად ეწოდა აფხაზეთის ომი,
ძმა ძმას მტრად რად გადაკიდა ღმერთმა,
იმ ომშიაც ერთი იყო ორი,
და ორივეს საქართველო ერქვა.
შერიგებას მომავალი ითხოვს...
და დრო გადაქცეულია გლოვად,
ერთმანეთი დაგვავიწყდა თითქოს,
აღარ გვახსოვს ქართველები რომ ვართ.
რად ეწოდა აფხაზეთის ომი,
რა შევცოდეთ, რომ გაგვწირა ღმერთმა.
იმ ომშიაც ერთი იყო ორი
და ორთავეს საქართველო ერქვა.
           

          ***
შენ შენი სული სამოთხეს ანდე,
ეს იმას ნიშნავს, ცაში არსებობ,
არ გსურს, რომ ვისმეს ბაძავდე, გავდე,
დროს არსებობა რომ შეახსენო.
იცი სიკეთის ზომა და წონა,
უცქერი ეჭვით დროს და სამართალს,
მოგწყინდა ცაში, ღრუბლებში წოლა,
და შესდგომიხარ რწმენით გზამართალს.
წუხარ, ვერ იტან მედროვე კაცებს
და სახეწაშლილ მომღიმარ ნიღბებს,
გამოგონებულს ფლობ სიწარმტაცეს
და დრო ამისთვის მწყრალია, გიღრენს.
იმედს რატომღაც სევდაში ეძებ,
მოუშუშებელ ტკივილის ფასად,
ღმერთის და რწმენის გარეშე ვერ ძლებ,
დედამიწიდან გარბიხარ არსად.
შენი სიმშვიდით და ცოდვა-მადლით,
ჩაემჭიდროვე მშობლიურ მიწას, 
შორდები შენს თავს ორიოდ ადლით
და უბრუნდები ტკივილებს იმ წამს.
ბავშვობა შერჩათ დროს და სანახებს,
ახლის ძიების გიზიდავს რწმენა,
დროის სიმუხთლეს ფიქრი არ ამხელს,
რომ არ დაიტყოს ცხოვრებამ წყენა.
სულიერება სამოთხეს ანდე,
ეს იმას ნიშნავს, ცაში არსებობ,
არ გსურს, რომ ვინმეს ბაძავდე, გავდე,
დროს არსებობა რომ შეახსენო.
          

          ***
დავეკარგები ხანდახან ჩემს თავს,
ვეძებ ქუჩაში... და თქვენში ვეძებ,
მერე ვპოულობ, შეცივნულს, შემკრთალს,
ვხვდები, რომ თავის გარეშე ვერ ვძლებ.
ძნელია სხვაში იპოვო შენი
ფიქრი და განცდა, იმედი, რწმენა,
წარსულს მომავლის იმედით შველი
და აცოდვილებს ფიქრს ბედისწერა.
პატარავდება თითქოს სამყარო
და დროს გაურბის ფიქრი თავხედი,
შემოვირიგო და ვეთაყვანო 
ის, რასაც ადრე ვეღარ ვამხელდი.
დავეკარგები ხანდახან ჩემს თავს, 
ვეძებ ქუჩაში და თქვენში ვეძებ,
მერე ვპოულობ შემცივნულს, შემკრთალს
და ვხვდები თავის გარეშე ვერ ვძლებ.
        

          ***
საკუთარ თავთან დავაში გადის
დრო და მსუყდება ასაკი, წონა,
შუბლზე გამრავლდა ხაზები დარდის,
მარადიულის მრუდდება წვდომა.
საკუთარ თავში ვამღვრევ სიმშვიდეს,
მერე ბებერი დარდი მწყინდება,
ჩამოიშლება ღრუბლები გროვად,
თვალსაწიერი გამიწვიმდება.
ვერ მოიცალა ავდარმა ჩემთვის,
ვერ მიერთგულა დროის ამინდმა,
ჩემი ოცნება ზეციურს ერთვის
უკვე რამდენი წელი გავიდა.
        

        ***
გუშინ ხეები დაბანა წვიმამ,
ჩამოირეცხეს მტვერი მუხებმა
და შეამზადეს ხეები ტყეში,
კვლავინდებურად დასაქუხებლად.
გააშრო მზემ და გაცრეცილ ფოთლებს,
ჩააცვა სითბოდ სხივების ბადე,
ხეები წვიმით ჩამონაბანი 
გაცისკროვნებულ სიმშვიდეს გავდნენ.
მზემ ააორთქლა სინესტე ღამის
და ფერნაცვალი დიდი მუხები, 
ცას შესცქეროდნენ აბოლებული,
როგორ ზამთარში სოფლად ბუხრები.
    


               ***
ჩემი ოჯახის მე ვარ აფიშა,
მოვა დრო, ჩემი შვილი ჩამომხსნის,
ჩემით მოხდება დროის აღნიშვნა,
მიწაზე ჩემი ციდან ჩამოსვლის.
აღინიშნება, თუ ჩემთან ერთად, 
ვინ ითამაშა როლი გულწრფელად,
გაუგებრობას ჩამითვლის ღმერთად, 
რომ საწამლავი გამომიწერა.
ჩემი ოჯახის მე ვარ აფიშა,
დროის იმედით დამპურებელი,
ვარ მსახიობი ახალი დროის
და უბილეთო მაყურებელი.
   
               
         ***
სავსეა ქარით, ფოთლები შრიალს 
ქარისას ისმენს, სამყარო ბორგავს
და გაფრენილი ფოთოლი ქარში
დაუბრუნებელ სიხარულს მოჰგავს.
არ უყვართ მყუდრო ცხოვრება ქარებს,
აღვირახსნილი მოსწონთ თარეში,
რატომღაც გვანან ქარები ქალებს,
დაუოკებელ სითამამეში.
        

                 ***
                              
პატარა ბაღში ათი ბეღურა,
მეტი თუ არა, ალბათ, ათამდე,
მოფრინდებოდა დილით ჟღურტულით,
თვალსასეირო კონცერტს მართავდნენ.
მაყურებელი, მსმენელი მათი,
იყვნენ ამ ბაღის ციცქნა მწერები,
პატარა ბაღის მეთვალყურენი
და ბეღურათა დასის წევრები.
როცა ჟღურტული დასრულდებოდა,
პეპლებს, ჭრელ პეპლებს, ალბათ, ოცამდე,
მოქონდათ ციდან აღფრთოვანება
და ცოცხლდებოდა ბაღში მოცარტი.
ათასში ერთხელ, ათასში ერთი 
მოინდომებდა ხელყოფას დროში,
გამოდიოდა დარაჯად ბაღის,
მეხოტბისა დ ა მსაჯულის როლში.
პატარა ბნაღი, პატარა ქალაქს რწყავდა 
ოცნებით, ჩუმად წვალობდა 
და მოლოდინი უკეთესობის 
კარიდან კარად დაწანწალობდა.
     

 ***
ღმერთო ნუ დამაღამებ,
ისე, აღარ გავთენდე,
მიგატოვო, ვერ გნახო
და ხელს აღარ გართმევდე.
ვინც მიყვარდა, ვინც მიყვარს, 
ვისაც ვესათუთები,
ვისაც ემწვანებიან მსრხმოიარე თუთები,
ვეფერები, რატომღაც მათთან ყოფნას ვუნდები…
სიზმარშიაც მეძინოს,
ღამეს ვარსკვლავს ვართმევდე,
ღმერთო, ნუ დამაღამებ, ისე, აღრ გავთენდე.
    

  ***
სავსეა სასწაულებით ეს დედამიწა ბებერი
და ღმერთი თვალსაჩინეობს სამყაროს ფუძემდებელი.
ვიცით, არ ვიცით, განვიცდით, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს,
გვიხმობენ სასწაულები, ზეციურ მოხეტიალეს.
საოცარია სიცოცხლე, რაც გვიხარია, გვაწვალებს,
დრომ მოგვისროლა უმწეოდ, ვგავართ გადაყრილ ნამწვავებს.
საოცარია სამყარო, ფიქრით, სიჭრელით, ოცნებით,
საოცარია, ვინც ვიშვით, სუყველა დავიხოცებით.
საოცარია სამყარო, მარადიულობს უცვლელი,
ხარ ჩაყვინთული სივრცეში და სასწაულებს უცქრი.
ბუნების ცვალებადობის შენც აქტიური წევრი ხარ,
სამოთხის მობინადრე ხარ, ჯოჯოხეთშიაც წერიხარ.
       

            ***
გამქურდეს, ფიქრი მომპარეს,
ვცხოვრობ უშენოდ, უფიქროდ,
თქვენ ბედნიერი ბრძანდებით, 
ფიქრის გარეშე თუ ფიქრობთ.
ფიქრის გარეშე ცხოვრება 
ჩაკვდა და აღარ ხალისობს,
აღარ ასრულებს მეძავი 
ღმერთთან მლოცველი ქალის როლს.
საჭირისუფლო სანთელი, 
ხსოვნასთან აღარ ანთია,
გაყინულია სათქმელი, 
დრო ყალბი მისამართია.
გამძარცვეს, ფიქრი მომპარეს, 
ფიქრის გარეშე ვარსებობ,
ვურჩევ მტერსა და მოყვარეს, 
ვინც უყვართ აღარ ახსენონ.
დამთვრალა, სიტყვა ბანცალებს,
ვერაგობს, ჩოხა აცვია,
მართალი ტყვილზე გაცვალეს, 
დროს სიტყვაც გაუძარცვია.
წვალობს, ჯახირობს მოკეთე,
ვერშელეული დრო ჟამსა,
თუ გინდა ხელი მომკვეთე,
ვერ შეველევი დროშასა.
დროშაც თამარის, დავითის,
ილია რწმენად გვეყოფა,
მტრობას ვერავინ დაგვითვლის, 
თავი არ გამოგვეყოფა.
გამქურდეს ფიქრი მომპარეს,
ჩინი დამაკლდა თვალებში,
ვეღარ ვცნობ მტერს და მოყვარეს,
მომწყინდა მტრობის თარეში.
მიაქვთ და მოაქვთ წეროებს 
სითბო, რომ მთა-ველს მოჰფინონ,
ვითვლი წეროებს, მცირობენ
და ვრჩები უკმაყოფილო.
     

              ***    
ჭადრის ფოთლები ბარათებია,
ქარით გიგზავნი ღამის წერილებს,
რასაც გწერ, ღამეგანათევია,
ტკივილებმა რომ დამაწერინეს.
გიგზავნი, როგორც სიმშვიდის ნიშანს,
რომ მოგიტანოს სინედლე დილის,
შენ როგორა ხარ, მე არა მიშავს,
დრომ შემაგუა შენს გამო ტკივილს.
ყველა ფოთოლი შენსკენ მოფრინავს,
ამ ქარისა და ღმერთის შეწევნით,
რომ ვერასოდეს ვერ დაგივიწყო,
არ გაგიმეტო, შენ ეს შესძელი.
წაიღებს მერე დრო, გადამალავს,
როცა ოცნება ფიქრს ვერ მიწვდება,
როცა ეს ქარიც გაიყუჩება
და ჩემი თავი დაგავიწყდება.
უმწეობით და ქარის წყალობით
გაშიშვლდებიან ჭადრის ტოტები,
გაგახსენდება, როგორ ვწვალობდით,
სიმარტოვეში მოგაგონდები.
მოუხმობ წარსულს ყველაფრის შემწეს,
რომ შეახსენო ძველი განცდები.
ეს მაშინ, როცა დრო ჩამოგვრეცხავს,
როცა ბავშვობის ზღვარს გავცდებით.
ცვივა ფოთლები, აკლდება ჭადარს 
სიმწვანე, ქვეყნად ძვირად რომ ფასობს,
ბევრჯერ გასცვალეს ფიქრებმა განცდა,
მე მაინც შენი სიმწვანე მახსოვს.
თავაღერილი შევყურებ ტოტებს,
გაძარცვულ ტოტებს, ყვავებს რომ ისხამს,
წერს ელვა ცაში ცეცხლოვან ნოტებს
და დედამიწას უგზავნის რისხვას.
მოაჭრიალებს სიბერე ურემს,
ვხედავ შებმული შავი ხარია,
წვიმაში ქარი ფანტელებს ურევს
და არაფერი არ მიხარია.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge