ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
02 იანვ 04:37ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ქეთევან ჯერვალიძე-ნინო პეტრიაშვილი - როგორ ვკითხულობთ კლასიკას
შექსპირი - ,,ანტონიოსი და კლეოპატრა“; კლეოპატრას მონოლოგი, IV მოქმედება, სურათი XV
[(მოხსენება, არა სტატია, წაკითხული პროფესორ სერგი დანელიასადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე „სერგი დანელია 125“ მარტვილში 2013 წელს)
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ საგანგებოდ შევარჩიეთ ისეთი თემა, რომელიც რაღაც დონეზე მაინც გაამთლიანებდა დიდი ქართველი მეცნიერის, ფილოსოფოსის, ლიტერატორის, მთარგმელისა და პედაგოგის სერგი დანელიას ინტერესების სფეროს: ანტიკურობას, წარმართობას, ლიტერატურას, ფილოსოფიას, ისტორიას, ახალ ეპოქას... ასეთად ჩვენ მივიჩნიეთ]
უილიამ შექსპირი (1564-1616), უდიდესი ინგლისელი პოეტი აღორძინების ეპოქისა. მის შესახებ, მიუხედავად უმრავალრიცხოვანესი გამოკვლევებისა, რუსთველის მსგავსად, ბევრი არაფერი ვიცით უტყუარად და მის რეალურ პიროვნებას მხოლოდ მისი ხელთქმნილი თუ ხელთუქმნელი ქმნილებანიღა დასტურყოფენ. შექსპირი მოღვაწეობდა პროტესტანტი ელისაბედის (1558-1603) ზეობაში, ინგლისური აბსოლუტიზმის ხანაში, როდესაც ინგლისური კაპიტალი შეიჭრა ევროპაში და გავიდა ხმელთაშუა ზღვაზე; ინგლისელებმა აღმოაჩინეს ჩრდილოეთის გზა რუსეთისკენ; 1584 წელსდაარსეს პირველი ინგლისური კოლონია ამერიკაში, ხოლო 1588 წელს დაამარცხეს „ესპანეთის უძლეველი არმადა“ და გახდნენ „ზღვათა მბრძანებლები“. პოლიტიკური და სამხედრო გამარჯვებანი აისახა ეკონომიკასა და ხელოვნებაშიც...
შექსპირის შემოქმედება სამ ძირითად პერიოდად იყოფა: 1. (1590-1600); 2. (1601-1608); 3. (1609-1616).პირველ პერიოდში წერს შექსპირი ტრაგედიას „იულიუს კეისარი, მეორე პერიოდში კი სამ ანტიკურ ტრაგედიას: „ანტონიოსი და კლეოპატრა“, „კორიოლანოსი“ და „ტიმონ ათენელი“. ამჟამად ჩვენ გვაინტერესებს ტრაგედია „ანტონიოსი და კლეოპატრა“[1]. პიესაში აღწერილი ამბები მოიცავენ ისტორიულ პერიოდს ძვ. წ. 42 წლიდან (იულიუს კეისრის მკვლელის, ბრუტუსის მკვლელობიდან)[2] - 30 წლამდე, ანტონიუსისა და კლეოპატრას თვითმკვლელობებამდე. შექსპირი ინგლისურ ლიტერატურაში - ეს რენესანსის მწვერვალია დიდი ადამიანების ვნებათა კულტით. ჯერ არ დაბადებულა რაციონალიზმი და არც კლასიციზმი ილანდება, ამიტომაცაა რომ ჩვენს დრამაში მოქმედება ვითარდება 12 დღის განმავლობაში 12 ადგილას, აგრეთვე ერთი ადგილის სხვადასხავა სივრცეში და ამასთანავე, როგორც აღვნიშნეთ, განსხვავებულ დროს: ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიაში, დედოფალ კლეოპატრას სასახლეში; მესინაში - პომპეუსის სასახლეში; რომში - ოქტავიუსის სასახლეში, ასევე ლეპიდუსის სასახლესა და ქუჩაში; პომპეუსის გემზე; სირიაში; ათენში - ანტონიუსის სასახლეში; აქციუმის კონცხზე; კეისრის ბანაკში, ეგვიპტეში; კლეოპატრას სასახლის კარმიდამოში, აკლდამაში. პიესაში აღწერილია ის ეპოქა, როცა რესპუბლიკური რომი უკვე იმპერიალისტურ რომის სახით აგრძელებს არსებობას. მაგრამ ნაწარმოების უკეთ გასაგებად აუცილებელია, ცოტა უფრო შორიდან დავიწყოთ მოვლენების გაშუქება, მაგ.: ალექსანდრე მაკედონელიდან (356-323).
ალექსანდრე ფილიპეს ძემ დაიპყრო ეგვიპტე, აზია და შექმნა უზარმაზარი იმპერია. მისი სიკვდილის შემდეგ ეს იმპერია ძირითადად სამ ნაწილად დაიშალა და თითოეულს სათავეში მისი სარდლები ჩაუდგნენ: აზიურ ნაწილს - სელევკიდები (312- 64); (სწორედ ანტიოქოს სოტერ-სელევკიდისაგან მიიღო იბერთა მეფე ფარნავაზმა სამეფო ისიგნიები), ეგვიპტეს - პტოლემაიოსები (314-30), კონტინენტურ მაკედონია-საბერძნეთს - მაკედონელები (ანტიგონიდები-277-146)[3]. სამივე მათგანი რომმა პროვინციებად აქცია. შექსპირის პიესაში „ანტონიუსი და კლეოპატრა“, სწორედ ეგვიპტის დამოუკიდებლობის დაკარგვა არის ასახული, ანუ მაშინდელი მსოფლიო ომი გეოპოლიტიკურ ჭრილში, სხვანაირი მსოფლიო ომი არც არსებობს. ამავე დროს ავტორი და, შეიძლება ითქვას, მთარგმნელიც უმღერიან ანტონიუსისა და კლეოპატრას ხორციელ, სიკვდილისწინა სიყვარულს, აღგვიწერენ ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემას იმპერიულ ეპოქებში, ძლიერი პიროვნებების პატრიოტიზმსა და კეთილშობილებას, ადამიანურობას, ერთგულებას, მტრისადმი დამოკიდებულებას; დიდ ადამიანთა სისუსტეებს; დამარცხებული მტრისადმი პატივისცემას; სიცოცხლესა და სიკვდილთან დამოკიდებულებას. ქართულად პიესა მხოლოდ ივანე მაჩაბლის მიერაა ნათარგმნი და პირველად გამოქვეყნებულა ჟურნალ „მოამბეში“ (№6, 7, 1978); ამავე წელს გამოცემულა წიგნადაც.
ტრაგედიას ბევრი პერსონაჟი ჰყავს, გმირი კი - ორი. ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა და მეორე ტრიუმვირატის წევრი, დიდი სარდალი და აღმოსავლეთის განმგებელი, ანტონიოსი, რასაც ასახავს თვით სათაური. ინგლისში ტრაგედია პირველად 1623 წელს დაუდგამთ.
საკუთარი სახელი კლეოპატრანიშნავს „სახელგანთქმულს მამით“, ან„მამის განმადიდებელს“[4]. ამ სახელს ატარებდნენ ბერძნული თქმულებების, მაკედონიისა და ეგვიპტის სამეფო ოჯახის ქალები. კლეოპატრათა შორის ყველაზე სახელგანთქმული იყო კლეოპატრა VII ეგვიპტელი (-69-30). ის ეგვიპტეს მართავდა -51 წლიდან თავის ძმა და მეუღლე პტოლემაიოს XIII-სთან ერთად. მისი სიკვდილის შემდეგ კი პტოლემაიოს XIV-სთან ერთად, რომელმაც კლეოპატრასთვის ტახტის წართმევა მოინდომა. კლეოპატრამ ტახტის დასაბრუნებლად ყველა ხერხს მიმართა, პოლიტიკურს, მლიქვნელობას და თავის ქალურ მომხიბვლელობასაც. მან დახმარებისთვის იულიუს კეისარს მიმართა და მისი ფავორიტი გახდა. -48 წელს მისი დის, არსინოეს ხელმძღვანელობით არმიასა და ალექსანდრიის მოსახლეობაში დაიწყო აჯანყება რომაელების წინააღმდეგ, სწორედ ამ მოვლენების დროს დაიწვა ალექსანდრიის სახელგანთქმული ბიბლიოთეკა. - 47 წელს კლეოპატრამ იულიუს კეისარს[5] აჩუქა ვაჟი - ცეზარიონი, რომელსაც უწოდა ისიდას ძე („მეფე-ღმერთი“); –46-44 წწ-ში ის ცხოვრობდა რომში, კეისრისა და პტოლემაიოს XIV სიკვდილის შემდეგ კი დაბრუნდა ეგვიპტეში და დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა. მისი ვაჟი, ცესარიონი (პტოლემაიოს XV), მხოლოდ ნომინალური თანამმართველი იყო მისი. - 41 წლიდან კლეოპატრა გახდა მოკავშირე და საყვარელი ანტონიუსისა (-82-30), მეორე ტრიუმვირატის წევრისა. მარკუს ანტონიუსი იყო იულიუს კეისრის მომხრე და -49 წელს რომში სახალხო ტრიბუნის რანგში იცავდა კეისრის ინტერესებს. შემდეგ იყო დიქტატორის მოადგილე და ცხენოსანი ლაშქრის სარდალი; – 44 წელს -კონსული. კეისრის სიკვდილის შემდეგ კი შეეცადა გამხდარიყო მისი მემკვიდრე. მან ხელში ჩაიგდო იულიუსის არქივი, სახელმწიფო ხაზინა და ოქტავიანესა და ლეპიდუსთან ერთად შექმნა მეორე ტრიუმვირატი, რათა ერთობლივად ებრძოლათ რომაული არისტოკრატიის წინააღმდეგ. მათ -42 წელს დაამარცხეს კეისრის მკვლელები. ამის შემდეგ ხდება ანტონიუსი აღმოსავლეთის ერთადერთი მმართველი. - 40 წელს ის დაქორწინდა ოქტავიანეს დაზე, ოქტავიაზე, -36 წელს კი - კლეოპატრაზე. ანტონიუსმა საქორწინო საჩუქრად კლეოპატრას მიართვა კილიკიისა და კრეტის მდიდარი პროვინციები, ანუ ეგვიპტემ შეიძინა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამხედრო საყრდენი პუნქტები ეგვიპტის გარეთ. ამით ანტონიუსი ფიქრობდა აღმოსავლეთში მყარი პოზიციები ჰქონოდა, ებრძოლა პართელებისა და ოქტავიანეს ხელისუფლების წინააღმდეგაც რომში. -34 წელს ანტონიუსმა, ვითარცა „ღმერთმა და კეთილისმოქმედმა“ თავისი მეუღლე „ისიდა“ (კლეოპატრა) გამოაცხადა აღმოსავლეთის დედოფლად, „მეფეთა დედოფლად“, მაგრამ, როგორც ისტორიკოსები წერენ, ანტონიუსი დააბრმავა პატივმოყვარეობამ, ადამიანურმა სისუსტეებმა, რამაც ის დაღუპვამდე მიიყვანესო. -31 წელს ოქტავიანესთან ბრძოლაში ანტონიუსი დამარცხდა და თავი მოიკლა. კლეოპატრამ კი ვერ შეინარჩუნა გვირგვინი და მანაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე[6].ამის შემდეგ ეგვიპტე გახდა რომის იმპერიის პროვინცია. კლეოპატრასა და ანტონიუსს ჰყავდათ სამი შვილი. მათი აღზრდა ითავა ანტონიუსის ყოფილმა ცოლმა, ოქტავიანეს დამ, ოქტავიამ.
პოეტონიმი ანტონიუსის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს : 1.ლათ. ნიშნავს მეომარს, ომში ჩაბმულს, მოწინააღმდეგეს და წარმოადგენდა ღმერთ დიონისეს ეპითეტს; 2. მარკუსი - ლათ. ჭკნობადი, გამხმარი. მართლაც თითქოს სახელში დევს მისი ოქტავიანუს ავგუსტუსთან დამარცხების წინასწარმეტყველება[7]. ეგვიპტელების აზრით, სახელში ასახულია მთელი შინაგანი ბუნება და პოტენცია მისი მატარებლისა, ადამიანი იქნება ის, თუ სხვა რამ ნივთი იმ წუთიდან, როგორც კი მას დაერქმევა სახელი[8]. ანტონიოსი იყო მუდმივ ომში, იყო მოწინააღმდეგე და ბოლოს დამარცხდა.
კლეოპატრამ მცირე ხნით, მაგრამ მაინც მოახერხა პირველ პტოლემაიოსთა დიდების აღდგენა და იწოდებოდა ΘεαΝεωτερα ΦιλοπατωρΦιλοπατρις - ქალღმერთი მცირე (ან ახალი, გავიხსენოთ: „ახალმა ნინომ მოაქცია“, (იოანე ზოსიმე) მამისა და მამულის მოყვარე. ეს გახლდათ რაღაც მსგავსი ტიტულისა Pater Patriae – მამულის (სამშობლოს) მამა, რომში პირველად ციცერონს რომ უწოდეს და მერე - იულიუს კეისარს.
განსახილველად ჩვენ შევარჩიეთ დედოფალ კლეოპატრას ერთ-ერთი მონოლოგი დრამიდან:
კლეოპატრა:
დედაკაცი ვარ უბრალო, სხვა არაფერი,
რომელსაც ტანჯვა ისე სტანჯავს, ვით ძროხის მწველელს,
ანუ სხვა წვრილმან საოჯახო საქმის მკეთებელს.
უნდა ეს სკიპტრა შურიან ღმერთთ ვახალო თავში
და შევუძახო: მათი სამეფო არ სჯობდა ჩვენსას,
ვიდრე ეს განძი არ წარგვტაცეს. აწ გაჰქრა ყველა!
სისულელეა მოთმენაც და მოუთმენლობაც,
მხოლოდ ცოფიან ძაღლს შეჰფერის. მაშ რა ცოდვაა,
იდუმალებით მოცულს სახლში შევეჭრათ სიკვდილს
თუნდ მიუწვევლად. როგორ ხართ მხევალნო ჩემნო?
აბა გამხნევდით, ეგ რა მოგდით! ჩემო ძვირფასო,
კარგო ქარმიან; საყვარელნო, ჩემნო ერთგულნო.-
ოჰ, ოჰ, შეხედეთ; გაჰქრა ქვეყნის მანათობელი!
ნუ ხართ შემკრთალნი, ყმაწვილებო, დავმარხოთ იგი,
მერე შევუდგეთ ჩვენც ჩვენს საქმეს, რომაელთ წესით
და სიამაყით კარს გაგვიღებს სიკვდილი სტუმართ.
აბა, წავიდეთ! - ჰხედავთ, ბუდე ძლიერი სულის
გაცივებულა. - ოჰ, მხევალნო! რაღას მივენდოთ,
თუ არ მოლოდინს სიკვდილისას და ჩვენს სიმტკიცეს[9] .
CLEOPATRA
No more, but e'en a woman, and commanded
By such poor passion as the maid that milks
And does the meanest chares. It were for me
To throw my scepter at the injurious gods,
To tell them that this world did equal theirs
Till they had stolen our jewel. All’s but naught.
Patience is sottish, and impatience does
Become a dog that’s mad. Then is it sin
To rush into the secret house of death
Ere death dare come to us? How do you, women?
What, what, good cheer! Why, how now, Charmian?
My noble girls! Ah, women, women! Look,
Our lamp is spent; it’s out. Good sirs, take heart.
We’ll bury him; and then, what’s brave, what’s
noble,
Let’s do ’t after the high Roman fashion
And make death proud to take us. Come, away.
This case of that huge spirit now is cold.
Ah women, women! Come, we have no friend
But resolution and the briefest end[10].
Клеопатра
(приходя в себя)
Я - женщина, не более; таким же
Подвластна я страстям ничтожным, как
Служанка, что коров доит или
Все грязные работы отправляет.
Мне следовало б скипетр мой богам
Неправедным швырнуть и им сказать,
Что этот мир был равен их Олимпу,
Пока они не отняли у нас
Сокровища. Но это бесполезно.
Терпение есть глупость; нетерпенье
Низводит нас до степени собаки
Взбесившейся: коль так, то разве грех -
Низринуться в обитель смерти прежде,
Чем смерть сама решится к нам прийти?
Что скажете на это вы? Ну, полно,
Ободритесь, не плачь же, Хармиана.
О милые, о добрые, взгляните:
Светильник наш угас. И вы, друзья,
Мужайтеся. Его мы похороним
И вслед за тем исполним над собой
По римскому высокому примеру,
Что доблестно и благородно, так что
И смерть сама нас с гордостию примет.
Идемте же отсюда; охладело
Вместилище возвышенной души.
О милые, у нас нет друга, кроме
Решимости и быстрого конца.[11]
კლეოპატრა მეტყველებს თავისი ხასიათისა და სოციალური სტატუსის შესატყვისად. შექსპირი ზუსტად გადმოგვცემს მის განცდებს. დედოფლის მოქმედების ფსიქოლოგიური მოტივი ზუსტია, კონკრეტული, ნათელი და ეყრდნობა მისსავე ეპოქის საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებს. ეგვიპტეში უძველესი დროიდან მეფე ღმერთად იწოდებოდა. საზოგადოდ, ღმერთი გადმოიცემოდა სიტყვით - „ნეტერ“, ანუ ჩვენთვის, ქართველებისთვის, კარგად ნაცნობი სიტყვით „ნეტარი“: „ხორ-ბაი ნეტერ“- ნეტერ - ფარაონის ტიტულატურის ნაწილი; „თა ნეტერ“ - ღმერთების მიწა და ა. შ. [12] მეფობა ადამიანს ეძლევა ღმერთთა მიერ და ღმერთთა მიერვე ერთმევა (ასევეა ზოროასტრულ რელიგიაშიც). მეფის აქაური ყოფა, არაფრით ჩამოუვარდება ღმერთთა ზეციურ ცხოვრებას (გავიხსენოთ დიონისე არეოპაგელის „ზეციური იერარქია“და ბაძვის საკითხი). სამეფო გვირგვინის დამკარგავი ხდება ჩვეულებრივი მოკვდავი:
„დედაკაცი ვარ უბრალო, სხვა არაფერი,
რომელსაც ტანჯვა ისე სტანჯავს, ვით ძროხის მწველელს,
ანუ სხვა წვრილმან საოჯახო საქმის მკეთებელს“ - ამბობს კლეოპატრა. აქ გვაქვს უკვე რიტორიკული ხერხი ანტითეზა: უბრალო დედაკაცი – მეფე მეფეთა; გამოყენებულია ამავე დროს დაპირისპირებულ წყვილთა პარადოქსული ერთობა - ოქსიუმორონი - ერთ პიროვნებაში. ის, როგორც „დედოფალი სრულიად აღმოსავლეთისა“ და „დედოფალი მეფეთა“, „ძე ღვთისა“ თავს უფლებას აძლევს, განრისხდეს მშობლებზე – ღმერთებზეც კი და მათგანვე ნაბოძები სკიპტრა მათ, „შურიანებს, თავში ახალოს“, პროტესტის ნიშნად შეუძახოს და შეახსენოს მსმენელთ: „მათი სამეფო არ სჯობდა ჩვენსას, ვიდრე ეს განძი არ წარგვტაცეს“. მეფობა, ფლობა სამეფოსი აღქმულია განძად, პატივად, ვინაიდან ეგვიპტელ ფარაონს ეგვიპტელთა წარმოდგენით, ხორციელ მამასთან ერთად ჰყავდა ზეციური მამაც. ფარაონი იყო ერთდროულად მიწიური ღმერთი და უმაღლესი ქურუმი, რომელიც ხელმძღვანელობდა ყველა რიტუალს, პირველ ხნულსაც კი ის ავლებდა, როგორც შუამდინარეთში, ახორციელებდა კავშირს ღმერთთა სამყაროსა და ადამიანთა სამყაროს შორის[13]. დიდ, ძლიერ პიროვნებათა კულტი ყოველთვის არსებობდა კაცობრიობის ისტორიაში, თუმცა ტრანსფორმირდებოდა კიდეც ეპოქათა შესატყვისად.
ფარაონი ეგვიპტეში უხილავი სამშობლოს ხილული ხატის - ეგვიპტის პირველი პირი იყო. სხვათა შორის, ასე იცნობიერებდაო სამშობლოს ნიკოლო მაკიაველიც (1469-1527), თუმცა მოხდა კულტუროლოგიური გადააზრება: მძლავრმა ანტიეროვნულმა ტენდეციებმა სათავე დაუდო მაკიაველის შემოქმედებაში სამშობლოს გაღმერთებას. ,,ღმერთი ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა და მას სამშობლო დაერქვა“ - წერდა მაკიაველის შესახებ იტალიელი კრიტიკოსი ფ. დე სანკტისი)[14]– რაც უცხო სულაც არ გახლავთ ქართველი 60-იანელებისთვის: „დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა,ღვთად მოუცია მარტო მამული“ (ილია)[15].
ორიგინალში სიტყვა „განძი“ გადმოცემულია სპარსულ-არაბული წარმომავლობის
ლექსემით - jewel: Till they had stolen our jewel [16] - აქვს როგორც მარგალიტის, ძვირფასეულობის, ასევე განძის, საგანძურის, მნიშვნელობაც. რუსულ თარგმანში ინგლისური ლექსემა jewel გადმოცმულია ალმასით: „Пока они алмаз мой не украли!“[17]. წარმართობაში მარგალიტი აფროდიტესთან იყო დაკავშირებული, განასახიერებდა მდედრულ საწყისს. სწორედ აფროდიტეს ერქვა „მარგალიტის დიასახლისი“. აფროდიტეს ეპითეტი „ზეციურო“ - οὐρανία - ქრისტიანობისას გადავიდა ღვთისმშობელზე, (იქცა ქართული სიმღერების მისამღერადაც - „ოვრან-ი-ნაში“, „ნა“ -სუფიქსია ქართული)[18], მარგალიტი კი როგორც დედაღვთისასთან, ასევე ქრისტესთან დაკავშირდა, ქრისტეს სიტყვასთან, ქრისტეს სასუფეველთან, ანუ სამეფოსთან მაინც: „და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი - ὃς εὑρὼν ἕνα πολύτιμονμαργαρίτην ἀπελθὼν πέπρακε πάντα ὅσα εἶχε καὶἠγόρασεναὐτόν.“ (მათ. 13. 46). მარგალიტი - როგორც ეზოთერული სიბრძნის ხატება კარგად ჩანს თომა მოციქულის აპოკრიფულ საქმენში და მას „სიმღერა მარგალიტზე“ ჰქვია[19]. დროთა ვითარებაში ლექსემა მარგალიტი, როგორც მდედრული საწყისი, მდედრული საწყისის მქონე ხილულ სამშობლოსაც (ἡ πατρίς-ს) მიესადაგა, რაც ჩვენს ენაზე სიტყვა დედის დამატებით გადმოიცა: „დედა სამშობლო“, „დედა ქალაქი“, დედაქალაქმა მერე „კარი სამეუფო/სამეფო“, „ქალაქი სამეუფო შეცვალა“...
ალბათ მკითხველებს კარგად ემახსოვრებათ ლექსემა მარგალიტით საქართველოს მეტაფორულად სახელდების ფაქტი ილიას პოემიდან „აჩრდილი“: „ქვეყნის მარგალიტს, მაგა ობოლსა სიყვარულითა იგი დამზერდა“. აკაკის პოემიდანაც „თორნიკე ერისთვი“ IV: “და გადმოსცეს შვილიშვილთა, მარგალიტი ვით ობოლი!..” წყარო ილიასი მათეს სახარებაა, რუსთაველი თუ შექსპირი[20]? ალბათ, სამივე! დიდი ინგლისელი მწერლის შემოქმედით დაინტერესება ქართველობისა ხომ ილიას დროს დაიწყო? კავშირიც ხომ ჰქონდა შექსპირის ტექსტების თარგმნასთან ილიას?[21] სახარებისა და „ვეფხისტყაოსნის“ ცოდნა, მისით სუნთქვა კი ყოველ ნაბიჯზე ვლინდება ილიას შემოქმედებაში. აქვე ვიტყვით ბარემ, რომ ილიას პოემა „აჩრდილში“ ორჯერ გვაქვს სამშობლოს სახელდების სხვანაირი მაგალითებიც: „ხმელეთის თვალი, დიდის სამოთხის კუთხე პატარა“; „ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის თვალად დაბადებულო“.
ქართულად თვალი ძვირფას ქვებს გულისხმობს მხოლოდ, რუსთველის დროს უკვე, არა მაგალიტს, მაგრამ სპარსულ-არაბული წარმომავლობის ინგლისური jewel - განძი, ძვირფასეულობა, როგორც უკვე აღვიშნეთ, ორივეს ამთლიანებს. აკაკის ინსპირატორი კი ნამდვილად ილია უნდა იყოს ჯერ, მერე „ვეფხისტყაოსანი“. აკაკის უყვარს კოლეგათა მიერ შერჩეული თემებისა და თქმათა გამეორება, მაგრამ ყოველთვის ორიგინალურად; ჯერ ილიას „აჩრდილი“ ქვეყნდება (1859-1872 წწ.), მერე აკაკის „თორნიკე ერისთავი“ (1984 წ.), მაგრამ ამას გამიზნულად აკეთებდა აკაკი.., თორემ ისე ორივე პოეტთან რუსთველისეული წინადადების აშკარა პერიფრაზია, მაგრამ ძალიან ლამაზი, ძალიან დროული; ანუ ილიასთან და აკაკისთან მარგალიტის კულტუროლოგიურ გადააზრებასთან გვაქვს საქმე;
მარგალიტი რამდენადაც უცხო არ არის ქალაქებთან მიმართებაში, იმდენად რეალურ სამშობლოსთან დაკავშირებით, ჩვენ ვერც ერთი უცებ და ვერც ლიტერატურაში ჩახედვით, ვერ მოვიძიეთ. ეს იმას არ ნიშნავს, სადმე არ იყოს. ბარემ აქვე ვიტყვით, რომ გვიან შუა საუკუნეებში მარგალიტი შეავიწროვა და მისი ადგილი დაიკავა ალმასმა, ანდამატმა. რუსთველთან უკვე გვაქვს ალმასი: „გული ალმასი, წრთობილი“[22];. მის გული ანდამატისა“ (გრ. ორბელიანი)[23]ანთროპონიმ კლეოპატრას ეგვიტურ დაწერილობაში წინ ერთვოდა ღმერთის, ნეტერის, იდეოგრამა შტანდარტი რომბით nṯrt mr(t) jt.s.[24].
ქალები ეგვიპტეში უძველესი დროიდან გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული მდგომარეობით[25], მაგრამ კლეოპატრა ეგვიპტელი კი არა, ბერძენი იყო. ხმელთაშუაზღვისპირეთში, ეგვიპტური და მინოსური კულტურების დროს ქალებს მაღალი ადგილი ეკავათ საზოგადოებაში. ჰომეროსის პოემების მიხედვით, შედარებით დამოუკიდებელნი იყვნენ ისინი ძველ საბერძნეთშიც. გასათხოვარი და გათხოვილი ქალის ცხოვრება ძირითადად ოჯახში მიმდინარეობდა. მათ არ ჰქონდათ განათლებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. განათლებით გამოირჩეოდნენ მხოლოდ ჰეტერები და კიდეც ებმებოდნენ მამაკაცებთან კამათში. ძველ საბერძნეთში განათლებით სახელგანთქმულნი იყვნენ პოეტი საფო (-VI) და პერიკლეს მეუღლე ასპასია (-490-429). ელინისტურ ხანაში ქალთა უფლებები გაიზარდა, რაზეც გარკვეული გავლენა იქონია სტოიკოსთა ფილოსოფიამ. ეს მოძღვრება ქალისა და მამაკაცის თანასწორობას ქადაგებდა.
რომში განსაკუთრებული პატივით სარგებლობდნენ ქურუმი ქალები. რომის იმპერიის პერიოდში ქალისა და მამაკაცის უფლებები თითქმის გაუთანაბრდა ერთმანეთს. მაღალი წრის ქალბატონები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მათ ჰქონდათ აგრეთვე საქმროს არჩევის უფლება. სოციალურად დაბლა მდგომი ქალი სოციალურად მაღლა მდგომ მამაკაცზე დაქორწინების შემთხვევაში სოციალურ სტატუსს იმაღლებდა. ქრისტიანობის გავრცელებას კი, იუდაიზმის გავლენით, მოჰყვა ქალის მდგომარეობის გაუარესება. მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეიზღუდა [26] . არადა, სწორედ ქრისტიანობამ თქვა: არცა მამაკაცებაარს,არცა დედაკაცება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ (გალატ. 3, 28 ].
ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა სწორედ თვითონ ირჩევს საქმროს, დიდებულ ანტონიუსს. რომელსაც უწოდებს “ქვეყნის მანათობელს“. ანტონიუსის სიკვდილის შემდეგ მისთვის აზრი დაკარგა მოთმინებამ და მოუთმენლობამ შეიპყრო. ის გადაწყვეტს თავი მოიკლას, მაგრამ დედოფალი თავის განზრახვას გადმოსცემს უაღრესად ამაღლებულად და ხატოვნად: „მაშ რა ცოდვაა, იდუმალებით მოცულს, სახლში შევეჭრათ სიკვდილს თუნდ მიუწვევლად“. ეს არის კლეოპატრას სიტყვიერი პროტესტი რომის ხელისუფლების, ანუ სიკვდილის წინააღმდეგ. თუმცა, ეგვიპტელები მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწორედ სიკვდილისთვის ემზადებოდნენ. ცდილობდნენ მის იდუმალებას ჩასწვდომოდნენ.
ანტიკურობას ცოდვა, ცხადია, სხვანაირად ესმოდა. მას მოიაზრებდა ზნეობრივ შეცდომად. შემდგომ მისი მეტაფიზიკური განმარტებაც დაიწყეს. რომაულ ანტიკურობაში ცოდვა ღვთის შეურაცხყოფად ჩათვალეს. ქრისტიანობამ კი ცოდვის გაგება გადაიღო იუდაიზმისგან, რომელსაც ცოდვა ესმის როგორც ინდივიდუმის გათავისუფლება ღმერთისაგან და მიაჩნია ეთიკურ შეცდომად. შემდგომ ქრისტიანობაში ტერტულიანესა და ავგუსტინეს მიერ შემუშავდა ცოდვის დოგმატები [27].
მნიშვნელოვანია მოთმინების არსიც ელინისტურ პერიოდში.
არ გვაქვს უფლება, გამოვტოვოთ ზემოხენებული მონოლოგის სიტყვები: “სისულელეა მოთმენაც და მოუთმენლობაც, მხოლოდ ცოფიან ძაღლს შეჰფერის“.
ძველი ბერძნები ლექსემა “მოთმინებას” გადმოსცემდნენ სამი სიტყვით: 1. μακροθῡμίαἡ, ქართულად სულგრძელობა; 2. ἀνοχήἡ - მოთმინება ღვთის მიდევნის საქმეში; 3. ὑπο-μονήἡ – მოთმინება გარდუვალ განსაცდელში[28]; დედოფალი კლეოპატრა, შექსპირის მიხედვით, ავლენს მოთმინების ამ სამივე სახეს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
მოუთმენლობა - μικρο-ψῡχίαἡკი ძველ სამყაროში ესმოდათ, ვითარცა თავისუფალი ნების გამოცდა. ეგვიპტურ “მკვდართა წიგნების კოდექსში”, რომელიც - 2325 – 1700 წწ–სგანეკუთვნება, ბოლო რედაქცია კი საისური დინასტიის პერიოდს (–663 - 525), გარდაცვლილი მიწისქვეშეთში წარმოსთქვამდა ორმოცდაორ სიტყვას ღმერთებისადმი. იქვე სინზე კი იდო მისი გული, რომელიც ტყუილის შემთხვევაში ამხელდა მას. მიცვალებულის მიერ უარყოფილ ცოდვათა ჩამონათვალში (42 ცოდვა) შედიოდა მოუთმენლობაც: μικρο-ψῡχίαἡ, სიჩქარე. თვითმკვლელობა ეს მოთმენლობაა, მიუწვეველი სიკვდილია.
მნიშვნელოვანია ძაღლის ხატებაც. ძაღლი ძველ ეგვიპტეში დიდი პატივით სარგებლობდა, ის იყო სიკვდილის სამეფოს მცველი და მას ფარაონთა სარკოფაგებზე გამოსახავდნენ. სიკვდილის ღმერთ “ნეტერ ანუბისსაც” ძაღლის თავი ჰქონდა, ხან ტურისაც. ეგვიპტელებს ქალაქიც კი ჰქონდათ ძაღლისადმი მიძღვნილი, ბერძნულად „კინეპოლისი“...[29]. ძაღლის სახელი „უპუაუტ“ ნიშნავდა გზის გამკვალავს. მასზე იყო დამოკიდებული ომის წარმატებით დასრულება. როგორც ღმერთთა გზამკვლევი, ის მიუძღოდა წინ თავისი შტანდარტით მეფის საზეიმო პროცესიას, უპუაუტი წინამძღვრობდა თვით ოსირისსაც, რის გამოც ბევრ ეგვიპტელს სურდა, მისი საფლავის ქვაზე გამოესახათ უპუაუტი, რათა საფლავიდან პირველი გამოსვლისთანავე მისი სილამაზით დამტკბარიყო[30].
რუსულ თარგამნში Терпение есть глупость; нетерпенье
Низводит нас до степени собакиВзбесившейся - ორიგინალის აზრი უკეთ არის გამოკვეთილი.
ცოფი, როგორც ძაღლის დაავადება, ძველბერძნულ-რომაული სამყაროსთვის კარგად იყო ცნობილი. ბერძნებს პერსონიფიცირებული ჰყავდათ ცოფი და ლისას - Λύσσα-ს ეძახდნენ. სიტყვა მგლიდან λύκος- მომდინარედ მიაჩნიათ, ანუ მგლის დაავადება და მებრძოლთა სიმამაცის აღსაწერადაც გამოიყენებდნენ[31], (იაკობმაც გამოყენა: „ყიოდა და იზრახოდა ვითარცა ცოფი“), დაახლოებით შეპყრობილის, მოშურნის მნიშვნელობა ჰქონდა. ცხადია, ეგვიპტეშიც იცნობდნენ ამ დაავადებას, რომელიც სწორედ ძლიერ ნერვულ აშლილობასა და მოუთმენლობას იწვევს.
ეგვიპტელთა ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა მიცვალებულთა გაპატიოსნების რიტუალებს. არსებობდა სიკვდილის სახლები, რომლებშიც ეგვიპტური წესით მიცვალებულებს აპატიოსნებდნენ, თუმცა, მოცემულ კონტექსტში ეს სახლები კი არა, მიცვალებულთა სამეფო იგულისხმება. სიკვდილს დაასწრო და შეეჭრა სახლში, ამ შემთხვევაში ეს უკიდურეს სიმამაცესთან არის წილნაყარი და გადმოცემულია ზმნით „შევეჭრათ“. სიკვდილი მასპინძელია, მან სიამაყით უნდა გაუღოს შემჭრელებს კარი, თვითონ კლეოპატრა მსახურებთან ერთად კი სტუმრები არიან. სიტყვა “სტუმარი”, ცხადია, გადატანითი მნიშვნელობითა და ერთგვარი ირონიითაც არის ნათქვამი, ევფემიზმითაც. ვინაიდან ამ სიტყვაში - სტუმარი - დევს მისვლისა და გამობრუნების შინაარსი. სიკვდილის სამეფოში მისულს კი აღარ უწერია ხორციელი სახით გამობრუნება.
მაგრამ როგორ იდგა თვითმკვლელობის საკითხი ძველ საბერძნეთსა და ელინიზმის ეპოქაში?
ტრაგიკოსები ესქილე (-525-456), სოფოკლე (-485-405), ევრიპიდე (-480-406) და პლატონი(-427-347) ამართლებდნენ თვითმკვლელობას მაშინ, როცა ამის მიზეზი იყო წარუხოცელი სირცხვილი, პირადი უბედურება, განუკურნებელი სენი. ჰესიოდე კი თვთმკვლელობაში ხედავდა ღატაკთა ერთადერთი ხსნის გზას. არისტოტელეს თანახმად, ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოთა კანონებით, თვითმკვლელობა იკრძალებოდა. გამონაკლისი იყო ქალაქი მესინა, სადაც დასაბუთების შემთხვევაში თვითმკვლელნი ხელისუფლებისაგან იღებდნენ საწამლავს. სოფისტებმა და კინიკოსებმა კი საკუთარი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უმაღლესი თავისუფლების რანგში აიყვანეს. სტოიკოსები თვითმკვლელობასსავალდებულოდაც კი მიიჩნევდნენ გაუსაძლისი ბედისწერის პირობებში. თვითმკვლელობა -მისჯითი (სოკრატე) თუ ნებითი არ უნდა დამთხვეოდა რელიგიურ დღესასწაულებს[32]. ნეოპლატონიზმი და ქრისტიანობა კრძალავდა თვითმკვლელობას [33]. იმპერიის პერიოდში თვითმკვლელობა ხდებოდა ხოლმე საჯაროდ, ბრძნული საუბრებისა და სენტენციების თანხლებით [34]. კლეოპატრას გადაწყვეტილება თავსდება ელინიზმის პერიოდის ნორმაში, ვინაიდან მან უნდა აიცილოს ტრიუმფში გავლის სირცხვილი, ამავე დროს თვითმკვლელობა, როგორც დედოფალი ბრძანებს, ხორციელდება ზემოხსენებული წესით, რომაული წესით, ანუ თვითმკვლელობის ესთეტიზებით.
ტრიუმფი ეს იყო ზეიმი გამარჯვებული მთავარსარდლის პატივსაცემად, უმაღლესი ჯილდო. ის იმართებოდა მხოლოდ ბრძოლის დასასრულს, სარდალს ბრძოლაში 5000 მეტოქე მაინც უნდა გაენადგურებინა, რათა მისთვის ტრიუმფი მოეწყოთ. ეს ღონისძიება მხოლოდ დიქტატორის, კონსულის, ან პრეტორის პატივსაცემად იმართებოდა, იმპერიის ეპოქაში კი - პრინცეპსისა. ტრიუმფალური მსვლელობა იწყებოდა მარსის მოედანზე,მიემართებოდა ფორუმისაკენ და მთავრდებოდა კაპიტოლიუმთან. მსვლელობას ხელმძღვანელობდნენ სენატორები და მაგისტრები, შემდეგ მოჰქონდათ სამხედრო ნადავლი - ტროფეები, რასაც მოსდევდა ტრიუმფატორი ოქროთი გაწყობილ ძოწისფერ სამოსში გამოწყობილი, ცალ ხელში არწივის გამოსახულებიანი სპილოს ძვლის სკიპტრით, ცალში ფინიკის ტოტით და თავზე დაფნის გვირგვინით, წითლად შეღებელი სახით. ტრიუმფატორი იდგა ძვირფასად მორთულ ძოწისფრით გაწყობილ ეტლზე, რომელშიც შებმულნი იყვნენ თეთრი რაშები, ზოგჯერ სპილოები და ირმებიც. მას მოსდევდნენ თანამებრძოლნი, ბოლოს კი მოდიოდნენ ტყვეები. ტრიუმფი მთავრდებოდა რელიგიური წეს-ჩვეულებებითა და სახალხო პურობით [35] . ოქტავიუსი სწორედ ამ ტრიუმფში უპირებდა ეგვიპტის სწორუპოვარ დედოფალ კლეოპატრას გამოტარებას და თან სიმართლეს კი არ ეუბნებოდა, ატყუებდა, რაც უკადრისი საქციელი იყო რომის სახელმწიფოს პირველი პირისგან [36].
რომაული ტრიუმფი წარმოადგენდა ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულისადმი მშობლიური ქალაქების მიერ მოწყობილი დახვედრის სცენის ერთგვარ გადაღებას: ოლიმპიადის ბოლო დღეს გამარჯვებულები მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს და შემდეგ ბრუნდებოდნენ მშობლიურ ქალაქებში, სადაც წინასწარ უკვე იყვნენ გაგზავნილნი „მკვირცხლმავალნი“. მათ ნათესავების, მეგობრებისა და მთელი ქალაქისათვის უნდა შეეტყობინებინათ გამარჯვებულის სახელი. ათლეტები ბრუნდებოდნენ ძოწისფრით მოსილნი. იქ მათ ელოდათ საპატიო დახვედრა. ქალაქგარეთ ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულს ეგებებოდა თითქმის მთელი ქალაქი ( მეფე როსტევანიც გაეგება ავთანდილს, უცხო მოყმის ამბის შემტყობს, ანუ გამარჯვებულს, რაც პოემის განმარტებაში არასწორად არის კომენტირებული ქ. ჯ.). ხან ქალაქის კედლის ნაწილსაც კი მოანგრევდნენ ხოლმე და გამარჯვებული თავისი ეტლით შედიოდა სწორედ ამ მორღვეული კედლიდან და არა კარიბჭიდან. კედლის მორღვევაში ის აზრი იდო, რომ ასეთი სახელოვანი შვილი მშობლიურ ქალაქს ყოველთვის დაიცავდა ნებისმიერი თავდასხმისას და რაღა საჭირო იყო ზღუდე? ქალაქის მოსახლეობა გამარჯვებულ ათლეტს ფულითა და სხვა საჩუქრებით აჯილდოებდა[37].
ეგვიპტის დედოფოლი სტოიკოსივით იქცევა. ის მარხავს ანტონიოსს. „ბუდეს ძლიერი სულისას“, „ქვეყნის, ერების მანათობელს“. დედოფალი ანტონიუსს მოიხსენიებს არა სახელდებით, არამედ მეტაფორებით (ეს ტრადიცია, მეტაფორებით მოხსენიება ჩვენშიც იყო მიღებული: ზვიადაური - „ცით ჩამოსული სვეტადა“...). დაკრძალვა მიმდინარეობს მჭევრმეტყველების თანხლებით, საკუთარი სიკვდილის მოლოდინში. ის, რასაც ახლა ჩვენ მეტაფორებს ვეძახით, მაშინ ნამდვილი სახელის დასაცავად გამოიყენებოდა, სახელი უნდა დარჩენილიყო საიდუმლოდ თვით ღმერთებთან დაკავშირებითაც კი. წესადაც კი ჰქონდათ, თუ ვინმეს ეგვიპტის ისტორიიდან ამოშლა სურდათ, სწორედ მის სახელს ებრძოდნენ. საკმარისია ეხნატონის (-1424- 1400 ) გახსენებაც[38]. ცხადია, ეს დაუწერელი კანონია დღესაც...
ერთგულება და რწმენა ეს ორი სიტყვა ერთი ძირიდანაა ნაწარმოები ძველბერძნულ, ლათინურ და რუსულ ენებში: ლათ. Fides[39]. მისი შესატყვისია ძველბერძნული πίστις[40], რუს.
вера, верность. ქართული რწმენა, მრწამსი, სარწმუნოება და მრწმენი, მორწმუნე, სარწმუნო, რწმუნებული, ურწმუნო; ნდობა და მინდობილი, მიმნდობი, მისანდობელი, მიუნდობელი, ნანდობი, უნდო/უნდობი; სასოება - მსასოებელი, უსასოო, მესავი - (რამდენი უწვალიათ ჩვენს წინაპრებს?! და ამ წვალების მაგალითები უკვე სახეზეა „შუშანიკის წამებაში“) -ძალიან ირიბად თუ მიუხლავდება ზემოხსენებული ენების სემანტიკურ ერთეულებს, ანუ ერთგულება მაინც გვეკარგება, ვერც ერთი ძირი ბოლომდე ვერ ითავსებს მას...
ქართულ კულტურულ სივრცეში მაჩაბლის თარგმანის შემდეგ შექსპირის„იულიუს კეისრის“ ინსცენირებით 1934 წელს დაინტერესებულა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი, რაც ვერ მოუხერხებია მას. ახმეტელის სურვილი შემდეგ განახორციელა ცნობილმა რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა. მან რუსთაველის თეატრში დადგა „იულის კეისარი“. ამ პიესას 2015 წელს კვლავ მიუბრუნდა რუსთაველის თეატრი და რეჟისორი რობერტ სტურუა. მანამდე კი 1984 წელს რეჟისორმა ლ. პაქსაშვილმა დადგა სპექტაკლი „რომაელები“, რომელშიც გაერთიანებული იყო შექსპირის „იულიუს კეისარი“ და ანტონიოსი და კლეოპატრა“; 2018 წელს კი სანდრო ახმეტელის თეატრში რეჟისორი ირაკლი გოგია დგამს თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლის პიესას ,,ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა”[41]. ჩვენ აქ შევჩერდებით და აღარაფერს ვიტყვით შექსპირის სხვა დრამატული ნაწარმოების დადგმების შესახებ ქართულ სცენაზე.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძნელია მოიძებნოს თემა, მხატვრული ნაწარმოები, რომლის ამდენი ეკრანიზაცია განხორციელებულიყოს, ისტორიული ფაქტი, რესპუბლიკური რომიდან იმპერიულ რომზე გადასვლის პერიოდი, დიდი გეოპოლიტიკური ომების ფინალი, რომლის შესახებაც ამდენი დაწერილიყოს; იგივე შეიძლება ითქვას ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრაზეც. შექმნილია საოპერო ქმნილებაც „ანტონიუსი და კლეოპატრა“ ამერიკელი კომპოზიტორის, სამუელ ბარბერისა (1964), რომლის ლიბრეტოც მან იტალიელ რეჟისორ ძეფირელისთან ერთად დაწერა. ამასთანავე, გამოყენებულ იქნა ბრამსისი IV სიმფონია. ამ საოპერო ნაწარმოებით გახსნილა მეტროპოლიტენ ოპერის სეზონი 1964 წელს... ამ თემის ეკრანიზაციათა ჩამოთვლა, მუსიკალურ ქმნილებებთან ერთად კი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთი-ორს მაინც ვახსენებთ:.
ამერიკელმა მწერალმა ტორტონ უაილდერმა (1897—1975) დაწერა რომანი (1948) წერილების სახით - „მარტის იდები“, რომელშიც ასახულია ამბები იულიუს კეისრის ეპოქისა და შექსპირის ამ ორი ტრაგედიის -„იულიუს კეისრისა“ და „ანტონიოსისა და კლეოპატრას“- ყველა პერსონაჟია თავმოყრილი[42].
იტალიელ მწერალს და დრამატურგს, „იტალიური ტრაგედიის მამას“ ვიტორიო ალფერის ( 1749-1803 კლასიციზმის წარმომადგენელი) აქვს ციკლი სახელწოდებით „თავისუფლების ტრაგედიები“, რომელშიც შედის: „ბრუტუს I“ და „ბრუტუს II“, ასევე 1775 წელს მას დაუწერია ტრაგედია “კლეოპატრაც”[43] .
კლეოპატრას გვერდი ვერ აუარა ვერც დიდმა იტალიელმა შემოქმედმა დანტე ალიგიერმა (1265-1321) ). პოეტმა ის „ღვთაებრივი კომედიის“ ჯოჯოხეთის მესამე გარსში მოათავსა, სადაც ავხორცნი ისჯებიან[44]. მონარქისტი დანტესთვის ამოსავალი იყო რომის იმპერია და ქრისტიანობა. ის კლეოპატრას პიროვნებაში სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლს კი არ ხედავდა, არამედ რომის საღვთო წესრიგის მოწინააღმდეგეს. ასეთი გადმოცემაც არსებობს, რომ ბევრი უმსგავსი ეპიზოდი დედოფალ კლეოპატრას ცხოვრებიდან მაშინდელი პიარტექნოლოგიების დამსახურებაა. კლეოპატრამ ყველაფერი გააკეთა ეგვიპტის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად, ყველაფერი! ეგვიპტეზე მაღლა არც კეისარი დაუყენებია, არც ანტონიუსი და არც საკუთარი სიცოცხლე, ჩვენი მედეასავით კი არ მოქცეულა!კლეოპატრასა და იულიუს კეისრის პიროვნებამ, იმ ეპოქამ საუკუნეების შემდეგ დააინტერესა შექსპირის თანამემამულე ბერნარდ შოუც(1856-1950), რომლის „კეისარი და კლეოპატრა“ ნათარგმნია ქართულადაც[45]...
კლეოპატრა - ეს მსოფლიო კულტურის უდიდესი თემაა, რომლის შესახებ საუბრის დასრულებაც გიჭირს კაცს. ამიტომაცაა, რომ თვით შექსპირმა ორი დრამა მიუძღვნა ამ დიდი თემას, ქრონოლოგიურად დაალაგა და არც ისტორიული სინამდვილე დაურღვევია, არც - მხატვრული. ავტორი დრამაში „ანტონიოსი და კლეოპატრა“ კონკრეტულ ისტორიულ ამბავს გადმოგვცემს, თანაც თითქმის აბსოლუტური სიზუსტით, წყაროების ზედმიწევნითი ცოდნით, მაგრამ ამ გადმოცემისას ის სცილდება ვიწრო კლასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ ჩარჩოებს და მთელი ეპოქების, რომის იმპერიის დამდეგისა და თავისი თანამედროვე ინგლისის მონარქიის ისტორიულ-სოციალური საკითხების განზოგადებას ახდენს, საერთო მახასიათებლების წინ წამოწევით, ამასთანავე, უაღრესად მაღალმხატვრულად იყენებს მრავალფეროვან მხატვრულ ხერხებსა და რიტორიკულ ფიგურებს. მეტაფორა: „ქვეყნის მანათობელი“, „ბუდე ძლიერი გულის“; ირონია: „შევეჭრათ სიკვდილს“; „სიამაყით კარს გაგვიღებს სიკვდილი სტუმართ“; ქვეტექსტური ალუზია: „რომაელთ წესით“; ანტითეზა–ოქსიუმორონი: „დედოფალი – ძროხის მწველელი, წვრილმანი საქმის მკეთებელი“; ანტითეზა: „ჩვენი სამეფო – მათი სამეფო“ „მეფე– ღმერთები“; „მოთმინება– მოუთმენლობა“, „სიცოცხლე–სიკვდილი“;
ქართულ თარგმანზე რაღა უნდა თქვას კაცმა? ინგლისური ენის ჩინებულმა ქართველმა სპეციალისტებმა მიიჩნიეს ის უბადლოდ. პირველი რუსული თარგმანი შექსპირისა თვით რუსეთმა 1748 წელს სუმარკოვის თარგამანით გაიცნო, ქართულ საზოგადოებაზე 130 წლით ადრე...
ასე რომ, შექსპირი უდიდეს ისტორიულ პიროვნებათა პირადი ტრაგედიის ფონზე, რაც გამოწვეულია ინტერსთა პიროვნული, ოჯახურ-კლანური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონფლიქტებით, აღგვიწერს ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის 40 - იანი წლების ამბებს, მაშინდელი მსოფლიო ომის სურათს, დასავლეთის (რომის) ომის ფინალს აღმოსავლეთთან (ეგვიპტესთან) გეოპოლიტიკურ ჭრილში, რომელსაც შეიძლება დასავლეთის „წარმართულიჯვაროსნული ლაშქრობის“ ბოლო, წარმტებული ეტაპი ვუწოდოთ აღმოსავლეთის წინააღმდეგ - კართაგენის, სელევკიდური სირიისა და მაკედონელთა (ანტიგონიდები) საბერძნეთის დამარცხების შემდეგ; შექსპირის ამ დრამამ მოიცვა მთელი ეპოქები, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები, ხალხები, განსხვავებული კატეგორიის პრობლემები, ინტერესები და, ვინაიდან კაცობრიობა მაინც ძალიან ნელა მიდის წინ,(რომელიმე აღიარებული ავტორი და მისი შემოქმედება რომ გაუფასურდეს, მის მიერ ასახულ პრობლემებს, მხატვრული გამოსახვის ხერხებსა და მეთოდებსაც უნდა გაუვიდეთ ყავლი), გახდა მარად თანამედროვე და უკვდავი თავის ავტორთან ერთად.
იმედია, თუნდაც ამ მცირე მონოლოგმა დაგვანახა ბუნებრივი ნიჭის გარდა, რამხელა განათლება, ინფორმაციის შეგროვება სჭირდება ჯერ შემოქმედს, რათა მასალა ხელოვნების ძეგლად აქციოს. მერე მთარგმნელს, ის რომ თარგმნოს. მკითხველი კი მიიღებს იმდენს, რამდენის მიღების მზაობაც არის თვითონ მასში ინფორმაციულადაც და გრძნობიერადაც, გონებებრივადაც. იმედია,ჩვენ ოდნავ მაინც ვაჩვენეთ, თუ რამდენად მომზადებული მკითხველი, „კაცი ვარგია“ საჭირო კლასიკის გასაგებად...
ასე რომ, თუკი ოდესმე ქართველი კიდევ გადაწყვეტს ხელახლა შექსპირის ამ ნაწარმოების თარგმნას,ინგლისური და ქართული ენების ბრწყინვალე ცოდნის გარდა, მან მაინც უნდა გაარჩიოს ტექსტი, გამოწვლილვით, შეისწავლოს ლექსიკური ერთეულების მაშინდელი სემანტიკური ველი, იდიომები ორივე ენაზე, პოეტური აქსესუარები, ვერსიფიკაციული საკითხები ასევე ორივე ენაზე, გადახედოს სხვა ენებზე შესრულებულ თარგმანებსაც, ისტორიული წყაროები უნდა იცოდეს ბრწყინვალედ, გეოპოლიტიკური ომების ნიუანსებიც... დაბოლოს, ყოველივე ამის შემდეგ, თუკი მას აღმოაჩნდება პოეტური ნიჭიც, თარგმანიც საჭიროებს, ბატონებო, ამას, შეუძლია მას, მთარგმნელს, შეუდგეს თარგმნის პროცესის უაღრესად საპატიო, რთულ, სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს ქანცგამწყვეტ და თანაც უმადურ საქმეს...
[1] უილიამ შექსპირი, ტრაგედიები III, ინგლისურიდანთარგმნილიივანემაჩაბლისა, თბ., 1954, 161.
[2] Брут 1, Словарь античности, пер. с немецкого, М., 1989.
[3] ლ. სანიკიძე, ალექსანდრე მაკედონელი, თბილისი, 1985, 321-337.
[4] Клеопатра, Словарь античности; Н.Басовскaя, "Женщины в истории. Три царицы древнего Египта" http://bigbilet.ru/event/buy; З.Обермаер, Великие женщины, Клеопатра.Под знаком змеи , 1998.
[5] Плутарх, Цезарь, Избранные жизнеописания, М., 1990, 436.
[6] ალ. წერეთელი, რომის ისტორია, თბილისი, 1992 , 317-319.
[7] А. Ф. Лосев, Философия имени, Бытие. Имя. Космос. М., 1994.
[8] М. Луркер, Имя, Египетский символизм, М., 1998.
[9]უილიამ შექსპირი, 351.
[10] https://shakespeare.folger.edu/shakespeares-works/antony-and-cleopatra/act-4-scene-15/
[11] რუსულად შექსპირის ამ დრამის რამდენიმე თარგმანი არსებობს. მაჩაბლისეულ თარგმანთან მეტნაკლებად ახლოს დგას ს. ვ. მიხალკოვის თარგმანი (1913-2009) თარგმანი : http://www.lib.ru/SHAKESPEARE/shks_a_k3.txt
[12]ნეტერი, იხ. ქ. ჯერვალიძე, “სამგზის სანატრელი” და “სამგზის საწყალობელი” იაკობ ხუცესის “შუშანიკის წამების მიხედვით”. ჟურნალი „ქართველოლოგია“ #3, 2012.
[13] М. А.Чегодаев, Древнеегипетская Книга Мертвых, фрагменты перевода и комментарии, Вопросы истории. 1994. № 8. 145—163; № 9. 141—151.
[14] „Божество сошло с небес на землю и стало именоваться родиной“, Ф. Де Санктис (1817 - 1883), История итальянской литературы, т. II, М., 1964, 182.
[15] რამდენად არის ილია მაკიაველისგან დავალებული, ან არის თუ არა, ამის თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ ფაქტია, მიესალმა იტალიის გაერთიანებას. ერთნაირი პოლიტიკური, ეკონომიკური პროცესები სხვადასხვა ქვეყნებში, ერთმანეთისგან დაშორებულშიც კი ბადებენ მსგავს აზრებს: https://ketevanjervalidze.wordpress.com/2011/12/08/ნიკოლო-მაკიაველი-ზღაპარი/#comments
[16] Antony and Cleopatra:http://shakespeare.mit.edu/cleopatra/cleopatra.4.15.html
[17] http://adelanta.info/library/poetry/175.html?part=37&lan=rus&pages=[18] ქ. ჯერვალიძე, ქართული მისამღერები: „ო, დელა, „აბა, დელი დელი დელა“, „ოდილა–ოვდილა“, „ორანინა–რანუნი”, თანაავტორი: ნ. პეტრიაშვილი, ჟურნალი “ქართველოლოგია” №3, 2014.
[19] Acta apostolorum apokrypha, ed. R. A. Lipsius et M. Bonet, II,2 Lipsiae, 1903, 219-224. მისი რუსული თარგამანი იხ.: Песнь Иуды Фомы апостола в стране индийцев/ Деяния Иуды Фомы апостола. гл.: 9/ в переводе с сирийского, Мещерская Е. Апокрифические деяния апостолов. М., 1997, 43-152.
[20] ე. ხინთიბიძე, „ვეფხისტყაოსანი“ შექსპირისა და მისი თანამედროვეების ინგლისურ დრამატურგიაში, თბ., 2016.
[21] ა. ბაქრაძე, ილია ჟავჭავაძე, თბ., 1984, 43-44.
[22] ვ. ნოზაძე, ალმასი//ვეფხისტყაოსნის ფერთა მეტყველება, თბ., 2004, 311.
[23] მარგალიტის შესახებ ცალკე ვრცლად მაქვს კულტუროლოგიური გადააზრებანი, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა (ქ. ჯ.).
[24] https://ru.wikipedia.org/wiki/Клеопатра
[25] Б. Лиетер, Душа денег, Женский труд, М., 2007;
[26] Женщины, Словарь античности; Вардиман Е. Женщина в древнем мире. М., 1990.
[27] Грех, Словарь античности.,
[28]გავიხსენოთ: „ მხნე იყავ, მთმინე და სულგრძელ” – „შუშანიკის წამება“.
[29] Р. И. Рубинштейн, Анубис, Мифологический словарь, М., 1991; Г. О .Лонге, Египет, Иллюстрированная история рклигии, М., 1899 139-153.
[30] М. Луркер, Упуаут, Египетский символизм, М., 1998.
[31] Λύσσα -იხ..И. Х. Дворецкий, Древнегреческо-русский словарь, т. 1, М., 1958; Мифы народов мира. М., 1991-92. В 2 т. Т.2. .58.
[32]
[33] Самоубийство, Словарь античности.,
[34] С. С. Аверинцев, Поэтика раневизатийской литературы, М., 1977, 70.
[35] Триумф, Словарь античности.., С. С. Аверинцев, 144. Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.).СПб., 1890-1907.
[36] Светоний Транквил, Жизнь двенадцати цезарей, Божественный Август, М., 1988.
[37] Н. Ионина, 100 великих наград, Олимпийские награды, М., 2003; Г. Т. Залюбовина, Архаическая Греция, М., 1992 ,46; Paus.. III. 15.7: http://ancientrome.ru/antlitr/t.htm?a=1385000315
[38] М. Луркер, Имя, Египетский символизм, М., 1998.
[39] И. Х. Дворецкий, ,Латинско-русский словарь М., 1976.
[40] И. Х. Дворецкий, Древнегреческо-русский словарь, т. 1, М., 1958
[41] https://www.theatrelife.ge/tiraniiscinaagmdegbrzolistemakartul
[42] Торнтон Уайлдер, Мартовские иды, M., 2003.
[43] Витторио Альфьери. Трагедии, М., 1971
[44]დანტე ალიგიერი, “ღვთაებრივი კომედია”’ , ჯოჯოხეთი, ქებამეხუთე, თარგმანი კ. გამსახურდიასი: კ. გამსახურდია, თხზულებანი VIII, თბილისი, 1967,403.
[45] ბერნარდ შოუ, კეისარი და კლეოპატრა, ინგლისურიდან თარგმნა ერეკლე ტატიშვილმა, თბილისი, 2004.
ახალი სტატიები
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ნინო დარბაისელი - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*