გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები


ოდესღაც, ჩემი პატარა ბიჭობისას, მამაჩემის მიერ ძლივს ნაყიდი ტელევიზორი ისე უცებ ჩაქრა და ხმაც გაკმინდა, სრულიად გარდაცვლილად ჩავთვალე და ცრემლიც მომადგა. კი არ მომადგა, ჩამომეცრემლა. ის ერთი გამრთობი გვქონდა სახლში და ისიც უდღეური აღმოჩნდა, გული გაუსკდა. მე სოფელში ვცხოვრობდი, სოფლელი ვიყავი, მეტი მისახედ-მოსახედი არაფერი გამაჩნდა და ამიტომაცდაქცეულად მივიჩნიე ქვეყანა, თორემ ქალაქელისთვის, კულტურულად რომ გამოვთქვა, ტელევიზორის მწყობრიდან გამოსვლა, რა ჩემი სალამური იყო, გამოიძახებდა ხელოსანს და წესიერი სასწრაფოს სიჩქარით თუ არა, თავისი ხელოსნური სისწრაფით აუცილებლად მოირბენდა, საქმესაც მალე მორჩებოდა, თვითონაც კარგად წავიდოდა და შენც კარგად დაგტოვებდა.მე ვინ გამომეძახა ან რით  მივწვდომოდი! მამაჩემი რკინიგზელობამ გადაიყოლა და დღედაღამ ლიანდაგებზე დარბოდა, დედაჩემი მოწინავე კრწ ანუ კოლმეურნეობის რიგითი წევრი იყო და თოხი ხელიდან რომ გამოგეგლიჯა, კივილ-წივილით დაიპუტავდა ყველაფერს. (ისე , ჩემო კოლია, დაიპუტავდას დეიპუტავდა არ სჯობია!), ბებიაჩემი ერთ კოჭლ კრუხს დასდევდა მთელი დღე და მისი ნაგრამი, ფრთიანი თუ უფრთო გამოთქმა რომ მოვიშველიო, მკაცრ კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. ჩემი მომდევნოები ანუ ჩემზე უმცროსი ოჯახის წევრები, მულტფილმების გაქრობას ვერანაირად შეელიენ და ფეხდაფეხ მეხვეწებოდნენ, ტელევიზორის კაცი მეშოვა სადმე.
  • ჩემი ძამიე თუ ხარ, მეიყვანე, რა იქნება, ი კაციი!
განა არ ვიცოდი, ვინ იყო ის კაცი. ჩვენთან, სოფლის ცენტრში ჰქონდა, თავისი დაწესებულება გახსნილი, ჩემი ორბორბალა ველოსიპედით, ათ წუთში იქ ვიქნებოდი, როცა მოიცლიდა, ხო მოიცლიდა, რა უნდოდა ჩემამდე მოსვლას მისი გაკრიალებული მანქანით, მაგრამ შარშანდელი მისი წვალება, ოხვრა და წკმუტუნი რომ წკმუტუნია, ისიც, რომ მახსენდება, ჩვენი ტელევიზორის პირველი გარდაცვალებისას, იმ კაცის მეორედ ჭირისუფლობას ნამდვილად ვერ ავიტანდი.
ძალიან მდარედ ვსაუბრობ. შავ-თეთრი ამინდის სურათები მაინც გამომერია სადმე ან ჭექა-ქუხილი ან ქარიანი წვიმა, წვიმიანი ქარიც შეიძლება ან შეფერადებული თოვლი ან შემაწუხებელი მუსიკაც, ან შენი პორტრეტი დამედო ჭიშკართან ( ვისი?)
მოვიდა, შარშან იყო, ახალი მოკრეფილი გვქონდა ხაბურძაკი, ნაბოლარეები, ყვაპები, მაგრამ სისხლივით წითლები შიგნით და შაქარმსუსხავები, კოინდარზე გვეყარა, ტალავერის ჩრდილქვეშ. ამით განსაკუთრებულს კი არაფერს ვამბობ, უბრალოდ წელიწადის დროს ვაფიქსირებ, ის გამოქლიავებული რომ შემოვიდა თამამი ნაბიჯებით ეზოში და ისე გამოექანა სამზარეულოში მდებარე ტელევიზორისკენ, მე კი არა, ყველას, მეზობლების თანდასწრებით, გვეგონა, ტელევიზორს  თვალისდახამხამებაში ამოადგმევინებდა სულს და შეიძლება უზარმაზარი ტელეანძაც წამოეჭიმა მსოფლიოს მოსანახულებლად.
თანამედროვე განვითარებულ ვინ ჯგუფის არსებას, რასაც მე ახლა ვყვები, შაურიანია ამბავი ჰგონია, თვითონ შაურიანს. მართალია, მე მოზრდილი ვიყავი, მაგრამ მაინც ბავშვი მეთქმოდა, ბავშვივით ვიქცეოდი და ეს იყო ჩემი ბუნებრივი სიმდიდრე, რაფერ ვიყავით მიციცინებული და რამხელა ძალაა ამ მიციცინებაში, შეგიძლია ამის გაგება? ერთი მოძრაობა, ხელის წაღებ-წამოღება არ გამოგვრჩენია იმ ჩემი თუ ჩვენი ცოდვით სავსესი, დაშალა და დაანგრია მამიკოს მიერ სიმწრით ნაყიდი ეს მიცვალებული, სულ დააქიაქა, ქორო რაღაცას გამწარებით ეძებს კაცი, რაღაცას, მართლა  უმნიშვნელოს, თვალით შეუტყობელს, ისე ეძებდა, ჩვენი მეზობელ აიმანოს მხატვრული ლექსიკის მიხედვით, ის კვდარგაციებულის შვილი, მართლაც მკვდრის გამომშიგნავი, ეძებდა და ვერ პოულობდა. მე ვინ მაჩვენებდა მის ტექნიკუმურ დიპლომს, მაგრამ აუცილებლად ექნებოდა, ჰქონოდა მერე, რაში მაინტერესებდა, ჩვენ მიციცინებული ვიყავით მის ხელებზე, იქნებ მოერჩინა ავადმყოფი, მაგრამ მთლად რომ გამოშიგნა და გამოასუფთავა, ჩემზე პატარებიც კი მიხვდნენ, საქმე ფაფუ იყო და გვერდით ოთახში გავიდნენ, დაგუდულად რომ ეტირათ. მეზობლებსაც მოწყინდათ  და როგორც იქნა მოიფიქრეს, თავიანთი საბუდარებისკენ წასულიყვნენ. ეს მოწადინებულად მშრომელი კი არსად მიდიოდა. უჩხიკინა, უჩხიკინა იმ საწყალს, ერთი-ორჯერ დენმაც ქე ბეთქა, მაგრამ ვერც ხმა ამოაღებინა და ვერც ეკრანი გაუნათა. მე რა უნდა მექნა! მივშტერებოდი შტერივით და მეცოდებოდა იმოდენა კაცი, თავისი საქმის რომ არაფერი გაეგებოდა, მხოლოდ გაკვირვებული შემოხედვა იცოდა და უაზრო გაღიმება, არფერს რომ გეუბნებოდა, ისეთი, არც საიმედოს, არც უიმედოს. მხოლოდ ერთნაირი წინადადება მითხრა რამდენჯერმე - თუ მივაგენი, რა ჭირს, აუცილებლად გავაკეთებო. ამასობაში დაღამდა. ბებიაჩემმა კეთილშობილურად წარმოთქვა, ვაჭამოთ რამე ამ კაცს, იქნებ გეეხსნას თავიო, მაგრამ ვერ მოვიფიქრეთ, რა უნდა გვეჭმია, რა გახსნიდა მის გაშტერებულ თავს, წასვლისას შემეცოდა მაინც და მანქანის საბარგულში რამდენიმე ყვაპი ჩავუდევი, სახლში რომ მიხვალ, პირი გეისოლეთქვა ( ნერვიულობდა, რაც არ უნდა იყოს პროფესიონალური დამარცხების გამო და პირიც გამომშრალი ექნებოდა). ხუთი საათი იწვალა და აწვალა ჩვენი გამრთობი, თუ მივაგენიო, თქვა რამდენჯერმე და ეს იყო სულ. სად ეძებდა, კაცმა არ იცის და არც მე ვიცი ან რას ეძებდა, არც ის. სახელოსნო ქე ჰქონდა გახსნილი. ამოტენილი გარდაცვლილი ტელევიზორებით. რაც იმას აგინებდნენ, მაგრამ უყრუებდა. ხანდახან ალალბედზე ქე გამოდიოდა რაცხა და ერთი შექება თვიდან თვემდე კმაროდა, მეძვირეც არ იყო, რასაც მისცემდი ჯერდებოდა. ჩვენ ქე გამოგვისვა დანა იმ საღამოს და დაგვყარა უინფორმაციოდ, ვერც „მოამბე“ ვნახეთ და ვერც „ოქროპირი“, ვერც კლოსი და ყველაფერს ხვარ ჩამოვთვლი!
იმ ღამეს მართლა მოწვიმა. დასავლეთის ქარმაც ურტყა მომეტებულად. არ დაგვაძინა. ტელევიზორი საღი რომ გვქონოდა და ამინდის პროგნოზი რომ მოგვესმინა, შეიძლება ქე დაგვძინებოდა.
რაცხა ნამეტანი წავუკუთხურე და იქნებ ქე გწყინთ. გეწყნოთ, მერე, (თუ გინდა, ახლაც), მე ძაან მსიამოვნებს, ასეთი კაი ქართული რო მაქვს, თანაც ადგილობრივი გაგებით კარა, მსოფლიო მასშტაბით ( ეს მასშტაბი ვერ ჯდება რაცხა, მარა ეგდოს, ვერაფერს აფუჭებს)
მაპატიეთ, ნერვების სისუსტის ბრალია, ასეთად გზიდან გადახვევა. შეიძლება რამდენჯერმე ვქნა კიდო ასე, მაგრამ ბევრჯერ ნამდვილად არ გადავუხვევ...
მეორე დღეს ჩემი საყვარელი სკოლის მეცხრე კლასში რომ ამოვყავი თავი, შვაგულ გაკვეთილზე, თანაც ფიზიკისა, აზრად მომივიდა, ამ კაი მასწავლებლისთვის გამემხილა ჩემი ოჯახური გაჭირვება, ფიზიკოსი რომ იყო მიზა, სულ დენთან და ტკაცატკუცა აპარატებთან ჰქონდა საქმე  იმ წესიერს და ვიფიქრე ჩემი მეცხრეკლასელობით, გეერტყა იქნებ ამ ფიდოიას და გავეხარებინე. პირდაპირ შვაგულზე ხვარ შევაწუხებდი, დებილი კარ ვყოფილვარ (ახლა არ ვარ დებილი და მაშინ ვიქნებოდი?). მევითმინე ზარის დარეკვამდე, თანაც ვაჟკაცურად და ოთახი რომ დაუცალეს ჩემმა ვუნდერკინდმა ამხანაგებმა და მეც რომ გასვლას ვაპირებდი თითქოს, უცაბედად მოვბრუნდი და სკოლის პირველ ფიზიკოსს ვთხოვე ჩემთვის მოესმინა.ნამეტანი კაი კაცი იყო ის კაცი და მცა პატივი - მომისმინა. როდის გაფუჭდაო ( პირველი გაოცება - რა მნიშვნელობა ჰქონდა?). ვუპასუხე ალალად. ცოტა ჩაფიქრდა (რატომ, ახლაც არ ვიცი). მოდი ახლა და ვიმსჯელოთო. მე რა უნდა მემსჯელა, ისევ იმან გააბა, მეტი გაკვეთილი არ ჰქონდა, როგორც შევატყვე, და ყოფა მიტირა, ორჯერ ფეხზე კინაღამ ჩევიფსი, იმდენხანს მაყურყუტა. კარებისკენ რომ გამექცეოდა თვალი, ოდნავ უწევდა ხმას და ისევ მსჯელობით მატყვევებდა, არადა, შევატყვე, დასასრულისკენ ჯერჯერობით არ აპირებდა წასვლას და ჩაფსმას ვინ ჩივოდა, უფრო დიდი გაჭირვებისთვის რომ მამზადებდა ჩემი იღბალი, ოდნავი კადნიერებით შევკადრე პატივსაცემს - გაკეთდება, მასწ?
გაუკეთებელი არაფერიაო, თეორიულად თითქმის მისული ვარ მიზნამდე, თუმცა შენი ტელევიზორი აქ არ მაქვს და ამიტომაც არ გაკეთდებაო, თანაც თეორია ყოველთვის არ ამართლებსო, პრაქტიკა და გამოცდილება უფრო მეტს ნიშნავსო, ესაო, ისაო და სანამ მართლა გამექცეოდა სითხე შარვლის ტოტში, ვდურთე თავი  სკოლის ოღრო-ჩოღრო დერეფანში და გადავრჩი.
რამდენიმე დღეში დედაჩემის ჩადრში გახვეული ჩვენი „ატლანტი“ მე და ვასილიჩმა ანუ მამაჩემმა ქალაქში ჩავიტანეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. იქაურმა კაცმა მხოლოდ ერთხელ იკითხა, რა ჭირს ამ უბედურსო და ხუთ წუთში ხმაც ამოაღებინა და ეკრანიც აანთო. სიხარულისაგან გავიმართე წელში. მოთავდა ეს საქმე, მაგრამ იმ ქალაქელის უკანასკნელი სიტყვები არ დამვიწყებია, ხუფი რომ მიაგო ტელევიზორს, გვითხრა - მეორედ , ბიძია, ვიღაც ტვინდაფარჩაკებულს არ გაახსნევინოთ ეს ნივთიო.
რა დროს ასეთი წარსულის გახსენებაა ოცდამეერთე საუკუნეში. რა დროს ლამპებიანი ანუ ნათურებიანი ტელევიზორებია, ცხრაჯერ ევიდა და ჩამევიდა  ადამიანი კოსმოსიდან, სულ ერცახე  ტელეფონს ანტარქტიდაზე თეთრ დათვთანაც კი შეუძლია დალაპარაკება სანმუხიანიდან და სანტფარცხანაყანევიდანაც, ისე წარამარა გარბის ტექნიკა წინ, ერთ დღეში ორი კვირით ვხდები ჩამორჩენილი, სად შემიძლია  მაგას ვსდიო, კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ  კომპიუტერის ჩართვა და გამორთვას ვახერხებ  და ისიც მიჯერებს ჯერხნობით.
მაგრამ მე მაქეთკენ არ მივდივარ, მაქეთ თქვენ მიდიხართ , თანაც დიდი სიჩქარით. მე, აგერ, ჩემს პატარა ქალაქში ვაგრძელებ ცხოვრებას და იმდენად ბედნიერი ვარ, ლამის დავიხრჩვე ამ ბედნიერებაში და თუ ვინმეს გაკლიათ იგი , მობრძანდით, გაჩუქებთ, რამდენიც მოგესურვებათ.
კაი, ეს ასე იყოს, მაგრამ მაინც ხო იკითხავს წესიერად გამვლელ-გამომვლელი, რამ ამაკვინტრიცა და ამიშალა საღერღელი, ვერ დევეტევი ჩემთვის?
რამდა, გეტყვი აგერ, ქე ხარ ახლოს მოსული და ყურიც გაპარტყნილი გაქვს იმასავით (რასავით?).
იმ კაცს, იმ ჩემი ცოდვით სავსეს, ერთი ფარღალალა დიპლომი ჰქონდა, იგიც ძლივს აღებული და მეტს არ თხოულობდა, იმ დიპლომის შესაფერისი  ტვინის უჯრედებიც მისი იყო და არავინ ართმევდა, სადღაც თუ მოყუჩდებოდა, მეიდგამდა ფეხს და ორ კაპეიკს იშოვიდა, ამით არც თვითონ შენდებოდა და არც ქვეყანა იქცეოდა, მინისტრობისკენ არ ეჭირა თვალი და შარვალი რომ შემოგეხიათ მისთვის ერთ ნაბიჯზეც არ წამოგყვებოდა დეპუტატად. იყო თავისთვის, თავისი პატარა სითბოთი და მიქონდა წუთისოფელს.
ამას უყურე, ახლა, შენ!  ამას, ამ ლეღვის ჩირს! ქაღალდებით აქვს გამოტენილი კაბინეტი. რა მნიშვნელობა აქვს დასაწყისში რა პროფესია ჰქონდა, ყველაფერი იცის, ყველაფერში აქვს ნადურთი თავი. დაწყებით ხარიხაზე ბუღალტერი რომ იყო, ახლა, შუას იქით ცოტათი, უკვე ექიმია, შეიძლება არქიტექტორიც ან პოლიციის ანწლი. თუმცა ეს შერეული საქმეა და ნუ გამოვეკიდებით, გადაგვაცილებს ფოთს! ერთი, ერთმწკრივიანი ვნახოთ, ქუთაისიდან რომ იწყება, დავუშვათ, და ბაქომდეა გაქაჩული, კია გრძელი, მაგრამ თანმიმდევრობითია და შინაარსობრივად მარტივი. თუმცა შენ თვითონ გივარდება გონება უფსკრულში გაოცებისაგან, იმ ზედმეტად დადუღრულის სამფლობელოში რომ მოექცევი და სასტიკად ფიქრობ, თუ როგორ ჩაეტია იმის კენტ თავში ამდენი ცოდნა. აჭრელებული აქვს კედლები განსაკუთრებით შორეული მეზობლებისგან ნაბოძები საცოდნო უწყებებით. ერთთან ოცდაათზე მეტიც დავთვალე, თვრამეტიანები და ოციანები ქვეყანა არიენ. შენაც კი იცი, უბრალო მეზობლების საჩუქრებზე არაა ლაპარაკი. ეს ამერიკიდანო, ეს საფრანგეთიდანო, ეს ინგლისიდანო, გერმანიიდანო, იქედანო, აქედანო, მაღლაკიდან  კი არაო, საფიჩხიიდან კი არაო, ინდონეზიიდანო, უკვე თურქეთიდანაცო და მიდის ასე მრავალსერიანი სერთის ფიკატები. მე რა! მე ჩემი თუნდაც დაბანილი ფეხები! იმ მრავალგანშტოებიანთან მოკაკვულად მისვლა და ვედრება, იქნებ რამე მომიხერხოს, გამათავისუფლოს ეშმაკის სენისგან.
თუნდაც სენის საქმეს გავყვეთ. გავყევი კიდეც და დედაც მეტირა. ნეტაი საერთოდ არ ამომეღო ხმა, მეფსა და მეფსა. რამე ძილს ვერ ვეღირსე, გათენებამდე ორმოცდათორმეტჯერ წამომახტუნებდა სითხეობრივი შემოტევა და თავპირისმტვრევით გავრბოდი განმათავისუფლებელი მოქმედებისთვის. დრო ხომ თანდათან გადის, ხომ მატულობს დრო და მოდით (თუ გინდა, ნუ მოხვალთ) ორმოცდათორმეტი გადაამრავლეთ იმ დროზე, სად წავა ეს ციფრი, რამდენჯერ შემოეხვევა დედამიწას, კაია საკუთარი სალამური რომ გაქვს, მაგრამ იმაზეც ხელის მოკიდება რომ შეგზარდება, სად მიდიხარ, რომელ ბოსტანში!
როგორც იქნა გავთქვი ჩემი გასაჭირი. მისწავლება-მისწავლებლობით ჯერ ადგილობრივები ჩამოვიარე, ოთხი - ხუთი სერთიფიკატი ამათაც კი ეკიდათ თავთან, გამოსაჩენად, პაციენტზე ზემოქმედებისათვის. კი შევხედე იმ ქაღალდებს, მორიდება და მოკრძალებაც მეტი გამიჩნდა, მაგრამ უფრო ამას, ქაღალდების ქვემოთ მჯდომარეს, არ ვაცილებდი მგლოვიარე თვალებს, ყველას ერთნაირი ლექსიკონი ჰქონდა გადანაყლაპი - ჩვენ დღეს სრულიად საკმარისი ცოდნა გვაქვს, შეხედე ამათ, იმ ქაღალდებისკენ აიშვირა დასტაქრული ხელი, მაგისთანა ბოროტი, მაგრამ თვინიერი ავადმყოფობა დავამარცხოთ, ოღონდ!.. ოღონდ რა, პატივსაცემო? (გინა, პატივ - ცემულო), ისეთი არაფერი, ყოველ მოსვლაზე, თუ გნებავთ წასვლისას, გასამრჯელოს გადამიხდი და წამლები აუცილებლად კუკურიის ბიჭის აფთიაქში უნდა შეიძინო.
ადგილობრივ მასშტაბით სამწლიან მკურნალობას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ კაი ძალი ექიმები გავიცანი  და აფთიაქებსაც დავუცარიელე დახლები. ნერვები მე მქონია, გოგია უიშვილივით რომ არ მოვიქეცი და ცოლ-შვილთან გამოთხოვება ნერვული კრიზისის გამო არ მომიწია თანამედროვე სანადირო თოფით. სამაგიეროდ იმ ექიმებს კარგადაც გადმოვუტრიალე ყველაფერი, აიმანომ რო იცოდა, ისე, მაგრამ არა სახალხოდ, არა პირადად, ჩემთვის, ჩემს გულში, ხასიათის გამოსასწორებლად და ფინანსურად გაცამტვერებული ისევ ვებრძოდი ღამეულ შემოტევებს.
ძნელია, შეეგუო წყალშიჩაყრილ ცხოვრებას, თუმცა მაინც შეეგუები. შენ ხომ არ არსებობს ქვეყნიერებაზე მარტვალე, სხვებიც არიან და იმიტომ არიან (თუ არიენ), რომ გამოსავალი მოგაძებნინონ, გამოგათრიონ მავთულხლართიდან, ახლებურ ჩიტად გაქციონ. მეც მყავს ასეთი  მშველელები და თანდათან შევეგუე მათ მოთხოვნას, დედაქალაქისკენ გამეწია, ჩემი შინაგანი ღამეული მტრის დასამარცხებლად, მიქეს და მიქეს ერთი პრაფესორი, თვითონაც მონასინჯი რომ ჰყავდათ, იგი. მიქეს და, რაღა მექნა, მივისესხე - მოვისესხე ფარა ძლივძლივობით (ახლაც მაქვს შემორჩენილი იმდროინდელი ვალი და მხრავს გახსენებისთანავე), ჩევიჯიბავე და ვქენი პირი თბილისისკენ. გამგზავრებამდე იმდენი რამ მოვიძიე იმ პრაფესორზე ინტერნეტში, ამათი ნათქვამიც რომ მიემატა ზედ, დავრწმუნდი, კაცთან კი არა ღმერთთან მივდიოდი, წესიერ ღმერთთან, ტყუილი რომ არ იცის, თანაც მიწაზე მოსიარულეა და სურათის გადაღებაც შეიძლება მასთან და უფრო გადევირიე სიხარულით, თვითონაც რომ შევეხმიანე ტელეფონით, თუ როდის შემეძლებოდა მისი მაღალბრწყინვალების დაუბრკოლებლად ხილვა და ხმაი მსიამოვნებდა ნამდვილად პრაფესორული და ნამდვილად ზეციური.
რა ჩაღწევა უნდოდა თანამედროვე თბილისში და ჩავაღწიე კიდეც პროვინციელმა დოპყლაპიამ. მისამართი კი ვიცოდი, მაგრამ მაინც ვეძიე, იმდენად შესხვაფერებულია იქაური სივრცეგადაჭიმულობა. თანაც სიამაყე მწიწკნიდა სისხლში, რომ სამშობლოს ყველაზე დიდ ქალაქში დავაბიჯებდი, სადაც ახლანდელ გადაქცეულ მამულიშვილებთან ერთად ჩემი გრძელი შვილიც ცხოვრობს (კაპიკი იქნებოდა აქაურობის ფასი უმისოდ), მაგრამ ოდნავ მაწუხებდა ოდნავი ნიავი სევდისა, ვინაიდან ამ ჩემს სიმაყეს თბილისელების გარდა ვერავინ ამჩნევდა (?).
რა თქმა უნდა, დაბალი პროფესიონალურობის მაუწყებელია, ასეთი მიხვეულ-მოხვეულობით სიარული, მაგრამ მე მსიამოვნებს მახსოვრობა რომ არ მღალატობს ჯერეთინე და წვრილმანებიც დასახლებული არიენ დასასვენებლად წამოწოლილ ჩემს ტვინის უჯრედებში.
გამიმართლა დასაბოლოოდ მივაგენი არამიანცის ტერიტორიაზე მაღლობრივ კოშკურა სახლში   მედიცინის ფაშას. ის სახლი უზარმაზარი კი იყო, მაგრამ ჩვენი ფაშა მეოთხეზე მჯდარა, ეს კი დავადგინე პირველ სართულზე, მაგრამ ვინ გამიშვა ზემოთ, სანამ სამოცი ლარი არ გადავიხადე სარეგისტრაციოდ. ვინ ჩივოდა სამოც ლარს, რახან სამოთხისკენ  წასვლის ნებართვა ავიღე, ერთი საათი კი მალოდინეს ფაშას კარებთან, მაგრამ არ ვწუხდი, ვინაიდან იმოდენა ტიტული ეწერა იმ კარების გვერდით, მორიდებისაგან კვლავაც მომეფსა. თუმცა თავს რაინდულად ვიკავებდი და არ მცილდებოდა მაღალი შეგნება იმისა, რომიმ ოთახში ჩემს ფაქტიურ ტკივილთან ერთად უნდა შევსულიყავი.
შევედი. შევხედე კაცია, კაი კაცს ჰგავს, ექიმიც მართლა კაი უნდა იყოს, ქუთაისელებივით სამი-ოთხი სერთიფიკატი კი არ უკიდია კედელზე, ათჯერ მეტი, ტყვილა ხვარ მისცემდნენ ყველას, ქე აქვს აჭრელებული ზურგს უკან იქაურობა, ტიტველი ადგილი არ ჩანს  ერთი ფინჩხაც, მაგრამ უცებ ისე შემომიბღვირა, ექიმობას თავი რომ დავანებოთ, პრაფესორობაზე წამიხდა წარმოდგენა, საერთოდ, პრაფესორი თბილი ადამიანი უნდა იყოს, მით უმეტეს დედაქალაქისა და ეს ჩემისა თუ ჩემი გადალენდია ისე შემომებღვირა, ჩევიფსი, მაგრამ ღმერთწინაშე არ ჩამოსულა ქუთაისიდან წაყოლილი სითხე ბოლომდე, გზადაგზა შარვალმა შეიშრო, უნაპორო რომ იყო, მიზა. რატომ შემომბღვირა და რატომ მოლბა - მოხასიათდა უცებ ახლაც არ ვიცი, ამისთვის სპეციალური გამოკვლევაა საჭირო, მაგრამ ჩემი გამოკვლევა რომ დააპირა, კითხვებიც ვაჟკაცურად დამისვა და თითქმის ალალად მითხრა, ნამდვილად ჩემი პაციენტი ხარო. მე, პროვინციელი, მაინც სერთიფიკატებიან კედლისკენ მალმალ ვაპარებდი დაიმედებულ თვალებს და ოდნავ სისოვლესაც კი ვგრძნობდი იმ თვალებში,  სანახაობრივი ქაღალდების მაღალმნიშვნელობსთან ერთად, გულზე მათი მხატვრული მოპირკეტება რომ მხვდებოდა.
რაღა მეთქმოდა, დავუჯერე იმ წესიერ ადამიანს და მისგან მეორე თუ მესამე ოთახში დაველოდე ჩემს რიგს, იმ დალოდებისა და შემდგომი  გასინჯვისათვის კიდევ სამოცი ლარი ჩაიხუტეს. იმ ოთახის სერთიფიკატებიანმა რამდენჯერმე გადამისვა მუცლის ქვემო მიდამოებზე მგძნობიარე მოწყობილობა და ჯარის ამხანაგს მრავალი წლის მერე რომ შეხვდები და აღფრთოვანდები, იმის ნახევარი სიხარულით განმიცხადა, საგანგაშო არაფერი მჭირდა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა ჩემს დამოუკიდებელ სხეულში.
იქ რავა ვიტყოდი ან რა მოგებას მომიტანდა, ნორმის ფარგლებზე ვამბობ,  ჩვენი დატიალიანებულ ლარს რომ დედა ეტირა, თუ უტირეს ქვეყნის ვეშაპებმა, დასამახსოვრებლად თქვა ივანიშვილმა, ნორმას არ გადაცილებულა ფულის გაფუჭებაო, ხოლო კაცის გაფუჭება რომ გადაცილდა ნორმას, თანაც ძალიან გადაცილდა და ზედ  იმ გათახსირებულ ლარს ჩვენც მივყევით ზედ, დავმათხოვრდით, ისევ თქვა იმ  ჩემისამ, ნორმაში ვართო და კაი სიტყვა შეიქნა ნორმა.
ბიჯოთქვა ხვარ ვეტყოდი (არადა ზუსტად ასე უნდა უთხრა იმ გამოქლიავებულს), მაინც  პროვინციულმა მორიდებამ და ზრდილობამ გადამქაჩა, რაც არ უნდა ყოფილიყო, ესეც პრაფესორი იყო, კაი გვარის მქონე, მაგრამ სამუდამო გაუგებრობაში რომ არ აღმოვჩენილიყავი, ვატაკე - პატივცემულო, მაქანე კი ყოფილა ყველაფერი ნორმაში, მარა რო ვიფსამ, ამას რა ეშველება? წესით არ უნდა იფსამდეო, სხვა რამეშია საქმეო და მაგი სხვა ექიმის მისახედიაო, ის სხვა კაცი სად ვეძიოთქვა, რომ შევეკითხე, სხვაგანო, სწრაფად მიპასუხა, დაუფიქრებლად, თუმცა ისიც ასე გეტყვისო.
რა მექნა. ვერაფერს ვიზამდი. ისევ პირველი პრაფესორისკენ მიმითითეს, დევიკავე ხელში მეორე პრაფესორისგან გამოტანებული ქაღალდები და გადმევინაცვლე პირველისკენ, მაგრამ იქ მითხრეს, ისევ სამოცი ლარი უნდა გადაიხადოვო, რატომ -მეთქი? რატომო და მაგ ოთახში ყოველი შესვლა სამოცი ლარი ღირსო. მძლია დედაქალაქის მოსარიდებელმა ავტორიტეტმა, წავხდი და ისევ ამოვაკელი ჯიბეს ფული.  შევედი ფაშასთან. გადახედა იმ დაკუმენტებს და არაფერი გჭირსო, ჯანმრთელი ხარო, მარა ასე უპატივცემლოდ რაფერ გაგიშვაო, ჩეიხადე და წეიკუზეო, ისე მატაკა ხელთათმანიანი თითი, რაც იყო ბაკში დარჩენილი ქუთაისური სითხე, მივასხურე გასასინჯი ლოგინის ფარჩეულობას, მხეცივით ხარო, ჩაიცვიო. წამლებს მაინც გამოგიწერ, ამ შენობიდან რომ გახვალ, იქვე აფთიაქია და იქა შეიძენო, არ გაწყენსო.
რა მოსაყოლი ამბავი ეგია, მაგრამ ისე გავბრაზდი, ასე მარტივად რომ დამთავრდა თუ მთავრდებოდა ჩემი დიდი ვაისვაგლახით მომზადებული სამკურნალო მოგზაურობა, ისე გავბრაზდი, საფუძვლიანი აქოთება მომინდა და ავქოთდი კიდეც:
  • უნდა გაგლანძღო, ჩემო ბატონო, არც კაი ექიმი ჩანხარ და არც კაი კაცი! 
  • მაგი ვარაუდია თუ  მტკიცებულება, ჯერ წინადადების ბოლო ნაწილზე თქვი.
  • მტკიცებულება, არ ხარ კაი კაცი, ვერაფრით გავიგე, პირველად რაიზა წეიღე ჩემგან სამოცი ლარი, გასაცნობად?
  • კი, მასეა.
  • მერე, შეჩემისა, გაცნობაში კაცი რო ფულს გამოგართმევს, იგი ნაგავი არაა?
  • ფულს თუ შოულობს, არა. ფულიზა ყველაფერი შეიძლება, შენ ჩამორჩენილი ხარ.
  • რას ვარ მე , ბიჯო, ჩამორჩენილი! შენ ხვარ ფიქრობ, პრაფესორობა მიკვირს ან მაგერ კედელზე აპლაკული ქაღალდებით შემაშინებ! შე ჩემის  ვართაპედია, როგორც აიმანომ იცოდა თქმა თავისი უებარი ლექსიკით, თვარ გქონდა ტრაკი ჩემი ხვითოს კრანი დაგეკეტა ან რეგულიროვკა მაინც გაგეკეთებია, რატომ ჩამომიტყუე აქანე და გამაშაყირე, ქაღალდები მიიწებე მაგ ხნიერ სიყვარულობაზე, მიპასუხე, თვარა, გარდაცვლილი რომ გყავდეს დედა, მაინც აგიტირებ!
  • შენ, პატივცემულო, თუ ერეკები, აგერ გვერდითაა მოსარჩენი კლინიკა და ახლავე გადაგამისამრთებ.
  • მართლა შერეკილი რომ წამოვიდე იქედან! შენსაზე გამეცი პასუხი, თვარა მოგიწევს ფანჯრიდან სახლში წასვლა.
  • ნუ მაშინებ, შენისთანა რთული აქ ჯერ არავინ მოსულა, ყველა გაღიმებული მიდის. შენც ქე გეცინებოდა, მარა უცებ აირიე!
  • მახუჭუჭებ ხომ, პრაფესორო, არ გამოგივა, დამიბრუნე ჩემი ფული უკან!
  • მე რანაირად დაგიბრუნო, შენ ფული სალაროში გადაიხადე!
ამ დროს უფრო აიწია ტემპერატურა და წნევაც. ვეცი კედელს, ჩამოვდღლიზე ის სერთიფიკატები და ფანჯარაში გადავაფრინე,  ეტყობოდა ნორმალური ადამიანის ფერი დაკარგული მქონდა და ეს  ფაშა ნაწილობრივ დაბნეულობის მიუხედავად მიხვდა, იმდენად ვიყავი გამოქლიავებული, ზნეობრივი რეცეპტებით ვეღარაფერს გახდებოდა, მისკენ გიჟივით შეტრიალებულს, საცაა კისერში რომ უნდა მეტაცა ხელი, ორი ასლარიანი შემომახვეწა, კიდევ კარგი მოულოდნელად რომ შემეცოდა, უფრო მეტად არ გავააქტიურე პირიდან წამოსული დორბლი და ვითარცა ქრისტემ  ხელის ერთი აწევით დააწყნარა შეშფოთებული ზღვა (აუ, რა შედარებაა, თანაც პირდაპირობიექტური!), ნელნელა დამიცხრა  აღელვება და იმ პატიოსან ადამიანს, თითქმის ალალად ვუთხარი -
  • მაგარი ჩათლახიც ყოფილხარ იმ კაი ექიმობასთან ერთად!
  • სხვაგვარად პური არ იჭმება!
  • პურის ჭამა არ ახსენო. შენ რომ პურის ჭამას ეძახი, მაგი სხვა რამეა, მთხლეობაა მაგი! აღარ დამირეკო, შენთან  აწი მომსვლელის კარგიცა და გლახაცა.
  • ოღონდ წადი!
  • წავედი, კიტრო!
ეს ბოლო სცენები არ მომხდარა, მერე, გზაში გამოვიგონე, დრო არ მქონდა თუ რა. იქ კი დამშვიდობებითაც წესიერად დავემშვიდობე და სხვა რამეც. მე გამოვედი ზრდილობიანი ციყვი, გამფცქვნეს, გამღლიტეს და  ჯანმრთელიც გამომიყვანეს. იმან და იმათ ექიმობრივად ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც სერთიფიკატები კარნახობდათ. ბუნებრივი გაგებით კი ათი პაციენტიდან  სამი საერთოდ ვერ მორჩება, სამის სნეულება  ნელნელა შეიცვლის ზნეს ამდენი გაუგებარი წამლების თუ ანტიწამლების შეშხაპუნებისას, თითქოსგანკურნებისკენ მიდის საქმე. დანარჩენი სამი თუ ოთხი, ჩემი არ იყოს, მკურნალობს, მკურნალობს და არც იცის რატომ მკურნალობს ან საერთოდ თუ მკურნალობს. შეჩვეულია ორგანიზმი იმ თავშობილ სენს, ხან იმატებს, ხან იკლებს, უცებ შესაძლებელია სულ გადაირიოს და მეყოლე მერე  ჩხეტიის ტყის ვარდივით, მალე წაგაჩანჩალებენ  მიწად ქცევის კვადრატში.
რამ გამახსენა ის გაფუჭებული ტელევიზორი, არ გევიკრიფე ენად! სჯობს ზოგიერთი რამ ისე წაიშალოს გონებაში, რომლის აღდგენა ვერასდროს შევძლოთ. აბა, რა გასახსენებელი ეს სისულელეები, ჩემო მატრონა!
23- 29 ოქტომბერი, 2020.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge