გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან


"სიცოცხლე გარეკანია სიკვდილისა, რომელიც უნდა გადავიცვათ, ადამიანი რომ იბადება, სიცოცხლესთან ერთად მისი სიკვდილიც იბადება". გთავაზობთ ინტერვიუს პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან

🎙️ცოტა რამ თქვენ შესახებ...

უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მადლობა საინტერესო კითხვებისთვის.
მე ვარ ზაალ ჯალაღონია პოეტი,მთარგმნელი,მკვლევარი...

🎙️"მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა“, – თქვა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ თავის ერთ-ერთ იუბილეზე.
თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა ყოველივე… აღმოჩნდით სრულიად უცხო ქვეყანაში,საფრანგეთში…თქვენ რას ეუბნებოდით საკუთარ თავს?რა ეტაპები გაიარეთ სულიერი ევოლუციიის?

-ჩვენი ,,დიდოსტატისგან" განსხვავებული პირობები მქონდა, ამიტომაც ვინმესთვის ნაციონალური უპირატესობა, რომ დამემტკიცებინა ეს არ იყო. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა, ცხოვრების ურთულესი და უძნელესი ეტაპი გამოვიარე.ხშირად ვხუმრობ მატერიალური ჯოჯოხეთი ვიცი, რასაც ნიშნავს- მეთქი.საკუთარ თავს ვამხნევებდი- უნდა გაუძლო, რადგან სხვა გზა შენთვის არ არსებობს! ამან გამაძლებინა!

🎙️როდის დაიწყეთ მწერლობა და თუ გახსოვთ პირველი თქვენი ნაწერის შინაარსი,რას ეძღვნებოდა?

-ასე 12  წლიდან ვწერ. პირველი ლექსი იყო ბუნების აღწერა, და მის ფონზე ჩემი სულიერი განცდები, თუმცა მაშინაც რეალობას ,,სიუ რეალიზმი" და ,,მაგიური რეალიზმის" შტრიხები ერწყმოდნენ.

🎙️ბედნიერებისთვის რა გჭირდებათ?

-ძალიან მცირედიც მყოფნის. ადამიანი წუთისოფელში მხოლოდ ბედნიერების ნამცეცებს იღებს, სრული ბედნიერება არ არსებობს. ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს. ესეც საკმარისია.
  
🎙️ერთგან წერთ:

"რად მოვიგონო,
ის პილატე,
ის ბარაბა,
ან ის იუდა?
იქ ხალხი იდგა
ჰეროდეზე უფრო ბნელი,
უფრო სასტიკი.
,,გაუყალბებელ არჩევნებში "
დამარცხდა ქრისტე”...
მის მერე საუკუნეები გავიდა,საზოგადოება თუ შეიცვალა?დღეს როგორია საზოგადოება?

-ადამიანი მას მერე აბსოლუტურად არ შეცვლილა. განვითარდა მხოლოდ ტექნიკური ცივილიზაცია. სული ისევ ბინძურ ჭაობში დაცურავს. დღესაც ახალი დროის ქრისტე რომ მოვიდეს იმავე იდეებით, გოლგოთა არ აცდება...,თანამედროვე ადამიანი უკვე სითბურ სიკვდილს განიცდის. მას სიხარულისთვისაც არ რჩება დრო. უფროდაუფრო მანქანური ხდება მისი აზროვნება. მისი გულიც თანდათან ცივდება და ემოციურად კვდება. ფიზიკურ სიკვდილს ჯერ ემოციური სიკვდილი უსწრებს. დღევანდელი ადამიანი ატომური საუკუნის პირმშოა.ის ყველაფრისადმი გაუცხოებულია, მათ შორის, საკუთარი თავისადმიც...

🎙️ერთი ნახვით სიყვარულის გჯერათ?

-შეიძლება, რატომაც არა. ყველაფერი აღმქმელზეა.

🎙️რას ურჩევდით ქალებს?

-ძნელია ქალს რამე ურჩიო. ისე ზოგადად ვიტყვი, მეტი რაციონალურობა, ანალიტიკა და ნაკლები მგრძნობელობა, ბევრად უკეთეს სიტუაციაში ჩააყენებთ.

🎙️უდისესი ცოდვა...

-ყველა ცოდვა საზიანოა, მაგრამ ღალატი და უმადურობა საშინლად მეზიზღება...

🎙️თქვენი სიტყვებია:
"ტანჯვას წინ უსწრებს
იმედების გარდაცვალება.
მივყვები ქუჩას,
წონასწორობა დარღვეული
ღამე მომყვება.
ყრუ სამყაროში
ჩემი თავის ჩავარდნა მესმის”...
თქვენ გარდაცვლილ იმედებზეც გვესაუბრეთ…

-როცა ელიოტს ერთმა მკითხველმა თავი მოაბეზრა, ,,ეს რა სირთულეა თქვენს ლექსებშიო", ელიოტმა მშვიდად უპასუხა- ,,ცხოვრება ამაზე უფრო რთულიაო" რადგანაც ცხოვრება ასეთი სასტიკია, ,,გარდაცვლილი იმედებიც" მუდამ იქნებიან.

🎙️თავისუფლების თქვენეული აღქმა…

-ჩემთვის თავისუფლება უპირველესი ცნებაა.ეს არ არის მარტივი მოცემულობა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა შენი ადამიანური არსის წინაშე. თავისუფლების გარეშე ინდივიდი არ ხარ. თავისუფლება შეიძლება დროებით შეგიზღუდონ, მაგრამ თუ  განუწყვეტლივ თავისუფლებისთვის არ იბრძვი, ფუტურო ადამიანი ხარ.

🎙️"სიცოცხლე სევდაა,ადამიანად ყოფნის სევდა.სიკვდილი სევდაა,ადამიანად არ ყოფნის სევდა”.წერს ერთ-ერთი გამოჩენილი მწერალი...
თქვენთვის რა არის სიცოცხლე და სიკვდილი?

-ადრე დავწერე ,,სიცოცხლე გარეკანია სიკვდილისა, რომელიც უნდა გადავიცვათ" სამყაროს გონისთვის, რომელსაც, პირობითად თუ გვინდა, ღმერთი ვუწოდოთ. ადამიანი ცოცხალიც და გარდაცვლილიც ერთია.ადამიანი რომ იბადება, სიცოცხლესთან ერთად, მისი სიკვდილიც იბადება. სიცოცხლესთან ერთად, მისი სახით სიკვდილიც დადის.სიცოცხლის შემდეგ კი არ იწყება სიკვდილი, არამედ ის სიცოცხლეშივეა. ეს სხვაგანაც მითქვამს და შეიძლება ვიმეორებ, მაგრამ ასე მიმაჩნია. მიუხედავად ყველაფრისა, სიცოცხლისგან მაინც მაქსიმალური უნდა მივიღოთ, რადგან ის ძველი დანაკარგია, რომელსაც გვიბრუნებენ და ისევ გვართმევენ, და ასე დაუსრულებლად...

🎙️რა ასოციაციას იწვევს თქვენში მზის ჩასვლა ?

-მზის ჩასვლა არის ისეთი სურათი, რომელიც ბევრ განცდას ბადებს.ფრანგული პოეზია ამ მხრივ მდიდარია, რაც შემდეგ ქართულ პოეზიაშიც გადმოვიდა. ვიტყოდი, მეტნაკლებად ინდივიდუალურადაც. ეს არის სევდიანი, მაგრამ იმედიანი მოვლენა,რადგან
იცი, რომ მზე ხვალაც ამოვა. სხვათაშორის, ამ წამს გამახსენდა დიდი აზერბაიჯანელი სუფისტი პოეტი სიეიდ იმად- ედდინ- ნესიმი, რომელსაც ტყავი ცოცხლად გახადეს და როდესაც ტკივილისგან ფერი დაკარგა, ჯალათებმა დასცინეს პოეტს. მზე ვარო გაიძახოდი და ფერი, რატომ დაკარგეო. ნესიმმა ძალა მოიკრიბა და მტარვალებს ასე მიმართა: ,, მზე ყოველდღე კარგავს ფერს, მკვდრის მზედ იქცევა, რათა ხვალ უფრო ბრწყინვალებით ამოვიდესო". აი ასეთი ხატები მიდგას და მახსენდება მზის ჩასვლისას. სიკვდილ- სიცოცხლის მთლიანი გრადაციით.

🎙️ცხოვრებისეულ რთულ პერიოდებში რა გაფხიზლებთ და რა გახსენებთ ხოლმე რომ ცხოვრება მშვენიერია?

-ის, რომ  მხოლოდ ჩემ თავს არ ვეკუთვნი და მაქვს მოვალეობა, ცხოვრება მივიღო ისეთი, როგორიც არის...

🎙️"ჩემი მარტოობის ანარეკლი, შენი სახლის თაროებზე მტვერივით გროვდება”ზ.ჯალაღონია
თქვენი მარტოობა როგორია?მოგწონთ სიმარტოვე?

-მსჯელობისას ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მარტოობა და მარტოსულობა. ხელოვან ადამიანს მარტოობა ჰაერივით ჭირდება, მის გარეშე ის ღირებულს ვერაფერს შექმნის. მარტოობა არის ობიექტურ რეალობასთან პირსპირ დარჩენა,  მარტოსულობა კი ავადმყოფობაა, ობიექტურ რეალობისგან სრული მოწყვეტა. მიყვარს მარტოობა, ოღონდ რამდენიმე წუთით, ან საათით. დროში შემოსაზღვრული.

🎙️წიგნი ,რომელიც მოგწონთ…

-ასეთი წიგნი უამრავია.ერთი? იყოს მაშინ ჰომეროსის ,, ,,ილიადა"

🎙️მოქანდაკე რომ იყოთ,რის ქანდაკებას შექმნიდით?

-მშვენიერების.

🎙️ერთგან წერთ:”მე ვარ გაფრენილი ციტატა,
თვინიერი მეტაფორა.
ფიქრი, რომელსაც პირიდან ელვა ამოსდის
და შეცბუნებულ რაფსოდიას
მეტაფიზიკის ნაყენს უმზადებს დასამშვიდებლად”.
და მაინც ვინ არის ზაალ ჯალაღონია?

-ნაკლულოვანი ადამიანი, რომელიც ცდილობს სამყარო შეიმეცნოს სრულყოფილად. უბრალოდ, ცდილობს...

🎙️"ყოველთვის მოსაწყენია
უშემოდგომო ქარში ამოვლებული პეიზაჟი,
როდესაც მთვარეც ვალიდოლის ნატეხივით
გააგრილებს ენას”.ზ.ჯალაღონია
სად პოულობთ სიმშვიდეს?სად არ არის მოსაწყენი?

-ყველაფერ ბუნებრივში. ის, რაც ხელოვნური არ არის, ყველგან შეიძლება თავი მიიდრიკოს ადამიანმა. სიმართლეს სიმშვიდე მოაქვს. ყველგან მოსაწყენია, სადაც ბუნებრივობა ირღვევა...

🎙️ამონარიდი თქვენი ჩანაწერიდან:”მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც უმეტესნი არა პირით,
არამედ თვალებით ჭამენ საჭმელს.
აქაური ოპტიმიზმიც წნევიანია და გამოსაკვლევი”.
როგორი საზოგადოებაა ,სადაც ცხოვრობთ…რა შთაბეჭდილებები გაქვთ?
რა მოგწონთ ფრანგულ მენტალიტეტში?

-ეს საქართველოში ყოფნისას დაიწერა და ბუნებრივია, მხოლოდ ჩვენ გვეხება.საზოგადოება ყველგან ჭრელია. ევროპაში საშინლად დამღლელი ბიუროკრატიზმია, მაგრამ არის ბუნებრივობა, უბრალოება და პროფესიონალიზმი. ფრანგები ეტიკეტის მოყვარული ხალხია. ძალიან დახვეწილი ქცევის კულტურა აქვთ. უბრალონი არიან,  ვიღაცის დასანახავად არაფერს გააკეთებენ. ამით სრული ანტიპოდები არიან ქართველებისა. იქ თუ პოეტი არ არის, ის, თავსა და სხვას არასდროს გააწვალებს. ყველამ თავისი საქმე იცის... ჩვენი ყველაზე დიდი სენი დილეტანტიზმისკენ მისწრაფებაა...

🎙️"ქალაქში სათნოება მიიმალა,
ყველა მის გამოჩენას ელოდება”.
რატომ?რამ გამოიწვია სათნოების მიმალვა?

-ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა უმთავრესი ესაა, გაუხეშდა სული, ადამიანმა ვერ გააცნობიერა ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ის მტვერია.

🎙️"ღრუბელს ვთევზაობ
და მზე ჰკიდია
სიტყვის ანკესზე”.
კიდევ არის თქვენს ანკესში?

-ყველაფერი ის, რაც სამყაროში ხილული და უხილავია.

🎙️"გარემოებამ ჭირხლივით გაადნო
ადამიანი”.ზ.ჯალაღონია
რა გარემოა დღეს?რა გარემოში გვიწევს ცხოვრება?

-დღეს სულისშემხუთველ გარემოში გვიწევს ცხოვრება, თუმცა მხოლოდ დღეს არა, სულ ასე იყო. თუ საკუთარ თავს უწესებ ზნეობრივ შეზღუდვებს, მაშინ უნდა იარო დანაღმულ ველზე, თუ შენთვის ყველაფერი ,,ნებადართულია" მაშინ ბევრად უკეთესად იცხოვრებ.

🎙️ლექსი,რომელიც შეესაბამება დღევანდელ ყოფას…

*
მე ყოველ ჯერზე ადამიანი
ვიყავი,
მაშინაც, როცა კურდღელივით აცახცახებული
გავრბოდი ამ სამყაროდან
და მაშინაც, როცა მგელივით
შეუვალი და პირდაპირი
ისევ აქეთ მოვუყვებოდი მის ბილიკებს.
ყველგან ადამიანი იყო მიზეზი
და ადამიანისგან დამდგარი შედეგი
სუფევდა ირგვლივ.
ანუ ადამიანი, თითქოს საბოლოოდ საკუთარ თავშივე გამოეთხოვა,
ისევ ადამიანს.
მეც, რადგან საჭირო იყო,
გავხდი ბოლომდე პრაქტიკული
ბოლომდე სასტიკი,
ბოლომდე უსიყვარულო,
ბოლომდე ცივი,
როგორიც თანამედროვე ცხოვრებას
შეეფერებოდა.,
ერთი სიტყვით, თანამედროვე კაცი გავხდი.
თითქოს ყველა გზა დაიკარგა,
ყველა სიტყვამ თავისი შინამო
გახსნა,
ყველა ბაგემ ხმამაღლა ამოთქვა საიდუმლო,
და ბგერებს ამოყვა მარტომყოფი
პოეტის უნაპირო სევდა,
რომელმაც მინდვრებში
ცვარი შეცვალა,
ცაში ვარსკვლავები.
და ქალაქებში ავტომობილების,
თუ მატარებლების გაბმული შეკივლება.
ვერ ვიტყვი სად ვიდექი,
ან რაში ავივსე და გამოვილიე.
არ ვიყავი სიძულვილში, არც სიყვარულში,
არც გრძელი დღისა და გრძელი ღამის
გასაყარზე ვყოფილვარ,
ადამიანურ თავისუფლებასა და სივიწროვეში.
ხმა რომელიც მომესმა,
უკვე პასუხი იყო.
სად დაიკარგა ჩემი კითხვა,
რომელიც არსად გამოსახულა?!

🎙️როგორ წარმოგიდგენიათ მოხუცებული თქვენი თავი?

-ცნობიერად ძალიან ადრეულ ასაკში ვიგრძენი და შევიცანი, თუ რას წარმოადგენს სიბერე.

🎙️რა გგონიათ,ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო?

-ალბათ, სწორ კვებაში, სწორ ცხოვრების წესსა და სულიერ სიმშვიდეში.

🎙️წარმატება ...

დასახული მიზნის მიღწევა, მიიღო ის, რაც გეკუთვნის, ყოველგვარი ,,ჩალიჩის" გარეშე. ასევე ზუსტად იცოდნენ იმისი ფასი, რასაც ქმნი...

🎙️რა გეზარებათ?  

-მეზარება ყველა ის სამუშაო, რომლის შესრულება დაკვეთით მიწევს და ჩემ სულს თავად არ მოუსურვებია.

🎙️რა დაგაკლდებოდათ დაუსახლებელ კუნძულზე?

-მაინც ადამიანი.

🎙️სამშობლო...

-სამშობლო არის ადგილი ,სადაც მოევლინე ქვეყნიერებას, სადაც ჩამოყალიბდი, ენა აიდგი და აქედან შეხედე მსოფლიოს. ეს პატარა ამბავი არ არის... თუმცა ცნების დავიწროვებაც არ მიყვარს, უფრო უიტმენის მოსაზრება მიზიდავს ,, მსოფლიო, როგორც გაფართოვებული სამშობლო". აქვე დავსძენ. სამშობლო უნდა გიყვარდეს უპირობოდ. შეიძლება მან გაგწიროს კიდეც,  მაგრამ მაინც ის შენს წინაშე, ყოველთვის მართალი იქნება, რადგან ის შენით არ დაწყებულა და არც შენით დასრულდება. ის შენგან ყველაფერს მოითხოვს, შენ კი მას არაფერი უნდა მოსთხოვო. სიყვარული, რომელიც ორმხრივობას არ ითხოვს...

🎙️თუ იქნებოდით სიკვდილმისჯილი,რა იქნებოდა თქვენი ბოლო სიტყვა?

-სიმართლისთვის და ჩემი ღირსებისთვის ეს მიღირდა!

🎙️ეპოქა და ხელოვნება…რა ახდენს გავლენას ხელოვნებაზე ? რომელ ეპოქას გამოარჩევდით, ყველაზე გამორჩეული საუკუნე ხელოვნების შექმნით კუთხით…

-ხელოვნებაზე გავლენას ბევრი რამ ახდენს, არსებული წყობა, ეკონომიკური პირობები, რელიგიური ცნობიერება აშ. ალბათ რენესანის ეპოქა, ასევე მეოცე საუკუნე და მოდერნიზმის დაბადება.

🎙️საქართველოს დახატვა რომ გთხოვონ ,როგორს დახატავდით?

-ვაჟა ფშაველას მოთხრობა ,, ამოდის ნათდება" მახსენდება, როგორ ჭამენ თავისიანები ერთ დროს უძლეველ, ახლა კი ბებერ მგელ ტოტიას.აი ეს ტოტიაა საქართველო.

🎙️ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?

-ცოტას ვიხუმრებ. წარსულში ალბათ უბოროტესი და უსამართლო ადამიანი ვიქნებოდი, რადგან დღეს იმდენს ვიბრძვი სიმართლის დასამკვიდრებლად. ალბათ, ამ დროში კარმამ ეს დამავალა წარსული ცოდვის გამოსასყიდად.

🎙️რას ფიქრობთ გენდერულ თანასწორობაზე?

-ახალს ვერაფერს ვიტყვი. ჩემთვის ყველა ადამიანი ერთმანეთის თანასწორია. უიტმენი კარგად ამბობს.,, ყველა ჩვენგანი ღვთიურია და თანაბარი"

🎙️თქვენი ოცნება…

-ევროპული მენტალიტეტის მქონე ,პროფესიონალიზმზე დამყარებული ძლიერი საქართველოს არსებობა.

🎙️რას აკეთებთ როცა ცუდ განწყობაზე ხართ?

-ვარჯიშს ვიწყებ. ან ვწერ...

🎙️ცხოვრების დიდი საიდუმლო…

-დაბადება და სიკვდილი.

🎙️თემა,რომელზეც არასდროს კამათობთ?

-მათემატიკურ სიდიდეებზე.

🎙️რას ეტყოდით უიმედობით შეპყრობილ ადამიანს?

-ამისთვის მუდამ ,,სიზიფეს მითს" ვიყენებ. და შემდგომ მის კამიუსეულ ახსნას. ჩვენ ვიცით, რომ ლოდი, რომელსაც მივათრევთ, აუცილებლად დაგვიგორდება, მაგრამ არ ვწყვეტთ პროცესს. უამრავი ფიასკოს მიუხედავად, მაინც განვაგრძობთ. ეს არის ბედზე ამბოხება. დარჩით ბოლომდე ამბოხებულები!

🎙️პოეზია ...

/პოეზია ჩემთვის არსებობის წყაროა. ჩემი სულის პირვანდელი ხმა. მე მის გარეშე არსად  ვიქნები. ეს არის იმ ენის გახსენება, რომელიც სამოთხიდან წამოსვლის შემდეგ დაგვავიწყდა...

🎙️ხელოვნების მთავარი დანიშნულება  ?

-ადამიანს ასწავლოს ერთდროულად დროსა და უდროობაში გასვლა. განაცდევინოს ესთეტიკური სიამოვნება. აგრძნობინოს, რომ მშვენიერება მხოლოდ მის გარეთ არ არის, ის მის შიგნითაც სუფევს.

🎙️ყველაზე წრფელი ვისი თვალებია?

-დედის.

🎙️ცხოვრებაში ბევრჯერ “დაგაგვიანდათ”?

-დიახ, ,,დაგვიანებით ადრე მოვედი."

🎙️სამი რამ ,რაც არასდროს არ უნდა მოითმინოთ…

-ერთს ვიტყვი, ღირსების შელახვა. ამაში შედის ღალატი და სიცრუეც.

🎙️ადამიანის ცხოვრებაში ,რა არის მთვარი შემაფერხებელი აზროვნებაში,ტაბუ,რაც ხელს უშლის წინსვლას..

-ეს არის ცრუ განცდა, როდესაც გგონია ცოდნის შეძენა დაასრულე და მეტ სწავლას არაფერს საჭიროებ. დაღმასვლა ამ აზრის გაჩენიდან იწყება.

🎙️გახსოვთ სკოლის მასწავლებელი ,ვინც განსაკუთრებით გიყვარდათ?როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი?

-დიახ. მახსოვს.  კარგი მასწავლებელი? ძველი ჩინური სიბრძნის თანახმად,(რასაც ბრუსლიც იყენებდა თავის მოძღვრებაში) კარგი მასწავლებელი არის ის, ვინც შეგირდს თავის გავლენას ააცილებს. ეს მოსაზრება საკმაოდ ზუსტია. მასწავლებელმა, მოძღვარმა, ისე უნდა ასწავლოს შეგირდს, რომ მას თავისი გავლენები თავს არ მოახვიოს.  მოსწავლეს, საკითხიდან თავად უნდა გამოატანინოს დასკვნები. ასეთ დროს მივიღებთ ჩვენ ნორმალურ, თავისუფალ ახალგაზრდებს.  თორემ ის კომუნისტური ინერციები ბოლომდე არ ამოშანთულა ჩვენი ცნობიერებიდან...

🎙️ვინ არის თქვენთვის კოლორიტი?

-კოლორიტია, ადამიანი, რომელიც საოცრად უხდება საზოგადოებას, სოფელს, ქალაქს. ,,ოქროპირია" და ამასთანავე მის სიტყვას ფასი აქვს, მისი ქმედება მოვლენასთან შესატყვისია.მუდამ გახსენებს, რომ ზოგი კარგი ტრადიცია სულაც არ არის დასავიწყებელი რამ.

🎙️ერთხელაც ,მიხვდებით რომ…

-სამყარო ,,ბუმერანგის პრინციპით" მოქმედებს...

🎙️სიტყვა,რომელსაც გადაურჩენიხართ…

-მე მჯერა შენი!

🎙️რა გიქმნით პოზიტიურ განწყობას?

-კარგი მუსიკის მოსმენა, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს.

🎙️როდის ხართ ჰარმონიაში საკუთარ თავთან?

-როცა ლექსსზე ვმუშაობ. ამ პროცესის ხიბლს ვერაფერი შეედრება...

🎙️მხოლოდ ერთი წიგნი რომ არსებობდეს,რომელს აირჩევდით წასაკითხად?

-რთული კითხვაა, ,,უპანიშადებს"

🎙️მწერალი,ვისთანაც ისურვებდით დიალოგს..

-ასეთი ბევრია, პერიოდულად იცვლებიან ისინი. მოდი, ახლა იყოს ფოლკნერი.

🎙️როგორია სიბერე ფრანგულად?როგორ ცხოვრობენ მოხუცები?

-თეთრი შურით მშურს აქაური მოხუცების. ჯანმრთელები და ფიზიკურად ბოლომდე აქტიურები არიან. დარბიან, ველოსიპედით დადიან, იკრიბებიან პარკებში და ათასგვარ თამაშობებში მონაწილეობენ. ბევრად უფრო ახალგაზრდულადაც გამოიყურებიან. ჩვენთან ახალგაზრდობაც კი დაბერებულია. მე აქ შევამჩნიე დაახლოებით, 5- 10 წლით უფრო ახალგაზრდულებად გამოიყურებიან, ვიდრე საქართველოში ხალხი.ამის საიდუმლო ალბათ ცხოვრების წესში, სულიერ სიმშვიდესა და ჯანსაღ საკვებში უნდა ვეძებოთ. ამას დავამატოთ ძლიერი მედიცინაც.

🎙️როგორ სკოლას დაარსებდით?

-ფსიქოლოგიურ სკოლას.უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიურ მომზადებას დავუთმობდი დიდ დროს. ყველაზე მეტად ამ კომპონენტში მოვიკოჭლებთ.

🎙️ადამიანებმა რა უნდა გავაკეთოთ,რომ აღარ იყოს ომი მსოფლიოში?

-სამწუხაროდ, ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. ჩვენს დაუკითხავად წყდება ასეთი საკითხები...

🎙️"ცხოვრება დიდთოვლობაა”
რას გულისხმობდით ამ დიდი ფრაზის უკან?

-ეს ერთგვარი მეტაფორაა. როცა დიდი თოვლი მოდის, ყველაფერი სხვა კალაპოტში ექცევა. ხეები, სახლები, გზები ყველაფერს თოვლი ადევს და სიმძიმის შეგრძნება, რომელიც განუზომელია დაანგრევით, ჩახერგვით და დამტვრევით ემუქრება ყველაფერს. ცხოვრებაც ასეთია, დაწოლილი სტიქიისგან სიმძიმის შეგრძნება მუდმივია... ამიტომ არის ,,ცხოვრება დიდთოვლობა."

🎙️დაასრულეთ ფრაზა:” არასდროს არის გვიან..
-გამოსწორება.

🎙️რას უსურვებდით ადამიანებს?

-მხოლოდ ერთს. დარჩნენ ადამიანებად!скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ზურაბ ხასაია - ამერიკული მსოფლმხედველობისათვის ზურაბ ხასაია - ამერიკული მსოფლმხედველობისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი მარიამ ჩხეიძე - ქართული რომანტიზმი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები ორჰან ბერიძე - „...ბერიძეთა აღვადგინე ჯიში...“ ორჰან ბერიძე - „...ბერიძეთა აღვადგინე ჯიში...“ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები იოსებ ჭუმბურიძე - ორი აზრი ერთ ქანდაკებაზე იოსებ ჭუმბურიძე - ორი აზრი ერთ ქანდაკებაზე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge