ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
03 იანვ 00:36ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი
როგორც წერილობითი მასალებითა და ქართველ და უცხოელ ავტორთა სათავგადასავლო ჟანრის ტექსტებით დასტურდება, გვიანდელი შუა საუკუნეების ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ კონსტანტინოპოლშიც (სტამბოლშიც), იმხანად მრავალი ქრისტიანული ეკლესია არსებობდა, სადაც თავისუფლად აღესრულებოდა ღვთისმსახურება. გარდა იმისა, რომ ამ ეკლესია-მონასტრებში მყოფ სასულიერო პირთა შორის ქართველი ბერ-მონაზონებიც იმყოფებოდნენ, მათი მეშვეობით ისიც ეჭვმიუტანლად მტკიცდება, რომ ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში იმხანად არაერთი ქართული ეკლესია არსებულა. სამწუხაროდ, მათი უმეტესობა დღესდღეობით არა მარტო დანგრეულია და განადგურებული, არამედ უმეტესობის ზუსტი ადგილ-სამყოფელიც კი არაა დადგენილი.
როგორც ცნობილია, XVIII-XIX საუკუნეებში უცხოეთში არსებული ქრისტიანული წმიდა ადგილების მოსალოცად ნამყოფ ქართველ ღვთისმსახურთა და მოგზაურთა მოგზაურული ჟანრის ტექსტებისა და დოკუმენტური ჩანაწერების თურქულ ეპიზოდებში ოსმალეთის იმპერიაში რელიგიური თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასაც აქვს ყურადღება მიქცეული. ხსენებულ ავტორთა უმეტესობას ის პირები წარმოადგენდნენ, რომელთაც ამ ქვეყანაში თვეობით, ზოგიერთებს კი წლობითაც კი, მოუხდათ ყოფნა, რის შედეგადაც საკმაოდ კარგად იყვნენ გაცნობილი რელიგიური თვალსაზრისით იქ არსებულ ვითარებას.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, XVIII-XIX საუკუნეების ოსმალეთის იმპერიაში ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით მათ მიერ მოწოდებული ცნობები შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მივიჩნიოთ რეალურად არსებულ სინამდვილედ. ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში,” ტიმოთე გაბაშვილის “მიმოსლვა,” გიორგი ავალიშვილის “მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე,” იონა გედევანიშვილის “მიმოსულა,” რაფიელ დანიბეგაშვილის “ოცდაშვიდი წელი აზიის ქვეყნებში”...
როგორც დასახელებული ტექსტებიდან თვალნათლივ ჩანს, გვიანდელი შუა საუკუნეების ოსმალეთის იმპერიაში რელიგიური თავისუფლების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა არსებობდა, ვიდრე შემდგომ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მესვეურთა აქტიური მცდელობის შედეგად მაჰმადიანური რელიგია იმხანადაც ხაზგასმულად პრიორიტეტულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარნი არა მარტო ფიზიკურ დევნა-შევიწროებას განიცდიდნენ, არამედ მეჩეთებად ეკლესიების გადაკეთების პროცესიც მიმდინარეობდა აქტიურად, ქრისტიანული მღვდელმსახურება ფაქტობრივად მაინც აღევლინებოდა იმპერიის თითქმის ყველა რეგიონში.
მაგალითად, 1713-1716 წლებში საფრანგეთსა და იტალიაში დიპლომატიური მისიით ნამყოფი სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725 წწ.), რომელსაც სტამბოლსა და თურქეთის სხვა ადგილებშიც რამდენიმე თვის განმავლობაში მოუხდა ყოფნა, თურქეთში არსებული ცხოვრებისეული რეალობის პოზიტიურ მხარეთა წარმოჩენის დროს ქრისტიანებისადმი იქაურთა კეთილგანწყობით დამოკიდებულებაზეც ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, მისი ინფორმაციით, “ზმირინის (იზმირის – ა. ნ.) თათრები უფრო სიკეთის ხმას იგდებენ, ქრისტიანს პატივს სდებენ, ძალს ვერ უზმენ... სათნოდ იქმონენ“ (ორბელიანი, 2013: 335).
ანალოგიურ მოსაზრებებს გამოთქვამს XVIII საუკუნეში მოღვაწე მწერალი და ღვთისმსახური ტიმოთე გაბაშვილიც (დაბადების თარიღი უცნობია. გარდაიცვალა 1764 წელს), რომელმაც 1750-1759 წლებში იმოგზაურა საბერძნეთსა და იერუსალიმში იქ არსებული წმინდა ადგილების მოსალოცად. ამ მოგზაურობასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები მან საკმაოდ ვრცლად მოგვითხრო მხატვრულ-დოკუმენტურ ნაწარმოებში – “მიმოსლვა.” იმის გამო, რომ ამ მოგზაურობის დროს მწერალს თურქეთშიც მოუხდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, ნაწარმოებში ავტორის თურქულ შთაბეჭდილებათა გადმოცემასაც აქვს დათმობილი მნიშვნელოვანი ადგილი.
როგორც მისეული მონათხრობიდან ნათლად ჩანს, ქრისტიანული ტაძრები და ეკლესიები ფაქტობრივად ხსენებული პერიოდის ოსმალეთის ყველა კუთხეში არსებობდა და მათში განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე აღესრულებოდა წირვა-ლოცვა. ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ოსმალეთის იმპერიის იმჟამინდელი სახელისუფლებო წრეების ცალკეულ წარმომადგენელთა სწორედ ამგვარი დამოკიდებულების ნათელ გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ტ. გაბაშვილს, როგორც საპატიო სტუმარს, ხსენებული პირები ყველგან და ყოველთვის დიდი პატივისცემით ხვდებოდნენ და ღირსეულად მასპინძლდებოდნენ კიდეც.
ოსმალეთის იმპერიაში არსებული ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების შესახებ საუბრის დროს ტ. გაბაშვილი იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რამდენიმე მათგანში ქართველი სასულიერო პირებიც რომ ეწეოდნენ მღვდელმსახურებას. მაგალითად, იზმირისაკენ მიმავალ მწერალს ქალაქ უშის ახლოს უნახავს წმიდა მამა ხარიტონის მონასტერი, სადაც ძველად თურმე “ქართველნიცა მრავალი ცხოვრებულან” (გაბაშვილი, 1956: 10).
თავიანთი მოგზაურული შთაბეჭდილებების მოთხრობის დროს ხსენებული ჟანრის მხატვრულ-დოკუმენტური ტექსტების ქართველი ავტორები იზმირში რელიგიური თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ამ თვალსაზრისით საინტერესო ცნობებს ვხვდებით XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის პირველ ოცწლეულში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირის, მწერლისა და მოგზაურის - იონა (იოანე) გედევანიშვილის (1737-1821 წწ.) მოგზაურული ჟანრის ტექსტში.
როგორც ცნობილია, მან წმინდა ადგილების მოსალოცად თითქმის ათი წლის განმავლობაში, 1783-1792 წლებში, იმოგზაურა ევროპის, აზიისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ამ მოგზაურობასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებების მოთხრობის დროს იგი ქალაქ იზმირში არსებული მდგომარეობის შესახებაც გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს და ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ამ ქალაქში მისვლისას იგი იქაურ მიტროპოლიტ გრიგორის ისე მიუღია, “ვითარცა მამა და ძმა,” თავისთან დაუბინავებია და მისადმი პატივისცემა იმითაც გამოუხატავს, რომ საპატიო სტუმარი მიტროპოლიტად უკურთხებია.
სამწუხაროდ, ზემოთ ნახსენებ მოგზაურული ჟანრის ტესტებში არც იზმირის ქართული მონასტრის შესახებაა რაიმე ნათქვამი და არც ამ ქალაქში მოღვაწე ქართველ ღვთისმსახურებზე. ამ თვალსაზრისით ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსლვა,“ რომლის მეშვეობითაც ირკვევა, რომ XV საუკუნიდან ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალ ქალაქ იზმირში (ძველი სახელწოდებით სმირნაში) ქართული მონასტერიც არსებულა.
კერძოდ, როგორც ტიმოთე გაბაშვილის მონათხრობიდან ვგებულობთ, იმდროინდელ ოსმალეთში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ქცეულ იზმირში ყოფნის პერიოდში მას გულითად მასპინძლობას უწევდნენ ამ ქალაქში მრავლად არსებული ეკლესია-მონასტრების ღვთისმსახურნი. თავისი იზმირული შთაბეჭდილებების მოთხრობის დროს ტიმოთე მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ ამ ქალაქში ყოფნის დროს „მიტროპოლიტს ზმირინისასა“ იგი იქ არსებულ ქართულ მონასტერში დაუსადგურებია.
აი, რას წერს თავად ტიმოთე ამასთან დაკავშირებით: „და წარვიგზავნენით ზმირინად, რომელსა თურქნი იზმირსა უწოდენ. და მივიწიენით ზმირინად შვიდთა მათ ასიისა ეკლესიათაგანისა, სადა მჯდომარე იყო წმიდა პოლიკარპე ზმირინისა ეპისკოპოზი და ვუკოლე...
და ვიხილეთ ქალაქი, მჯობი ყოველთა ქალაქთა ესრეთ, ვითა ედემს შინა სამოთხე...
შევედით შინაგან ქალაქსა, ვიხილეთ სრანი და პალატნი უცხოდ ჩინელთაებრ ხუროებულნი ესრეთ, ვითა მაისის ველთა ასფოდელოებნი. და მოგვიძღვნენ სასახლესა იერუსალიმის მეტოქისასა. და არქიდიაკო ჩვენი ვახელით მიტროპოლიტსა ზმირინისასა, უფალსა ნეოფიტეს, და მასცა დიაკონი თვისი ებოძა. და მიგვიძღვნენ სხვაგან სრასა მთაწმიდელთა ქართველთა მონასტრისასა და მუნ დაგვასადგურნეს (ხაზგასმა ჩემია - ა. ნ.).
ამისა შემდგომად წარვედით და ვიხილეთ კაცი ყოვლად სამღვდელო დიდად პატიოსანი, სრითა და პალატითა მდიდარი. და ვიამბორეთ, და მოგვიკითხნეს. და იყვნენ სხვანი ორნი ეპისკოპოზნი მუნ ჯმნილნი სამწყსოსაგან. და შევედით ეკლესიად კათოლიკედ წმიდისა ფოტინე სამარიტელისასა და განვიცდიდით თითოსახეობასა სამკაულთა უცხოთა ეკლესიისათა. და გვაწვია პალატად მღვდელმთავარმან მან და განგვიმზადა სერი ბრწყინვალე და პატივს გვცა ჯეროვნად.
და დავადგერით იზმირს ჟამნი რაოდენიმე. და იყო მიმდემი განკრძალვით ქრისტიანეთაგან ეკლესიათა შინა სლვა და მხურვალედ ვედრება. ხოლო მე ზიართა მათ სამღვდელოთა და საეროთა სამარადისოსა ლოცვასა განვეკვირვე. და ვიხილე მუნ აკადემია საფილოსოფოსო, და იეროთეოს ფილოსოფოსი, მონაზონი ვინმე, ასწავებდა მრავალთა მუნ შკოლისაგანთა“ (გაბაშვილი, 1956: 275).
შემდეგი ავტორი, რომელმაც იზმირში არსებული ქართული მონასტერი პირადად მოინახულა და მასთან დაკავშირებით წერილობითი ფორმით მოგვაწოდა კონკრეტული ცნობები, პლატონ იოსელიანი (1810-1875 წწ.) იყო. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ის კომენტარები, რომლებიც მან კავკასიის მეფისნაცვლის - მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით 1852 წელს გამოცემულ ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურულ შთაბეჭდილებათა ამსახველ ზემოთ ნახსენებ წიგნს - „მიმოსლვას“ დაურთო.
სამწუხაროდ, უაღრესად ფასეული ეს კომენტარები ამის შემდეგ აღარსად დაბეჭდილა და ტ. გაბაშვილის „მიმოსლვის“ მაშინდელი გამოცემის ერთადერთი ეგზემპლარი, რომელშიც ხსენებული კომენტარებია გამოქვეყნებული, დღესდღეობით მხოლოდ სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკაშია დაცული. ხსენებულ გამოცემას მიაკვლია და მასში დაბეჭდილი პლატონ იოსელიანის კომენტარები მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახადა პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ. მხედველობაში მაქვს გაზეთ „აჭარის“ 2002 წლის 31 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული მისი წერილი „ქრისტიანობისათვის ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში: წმიდა თეოდორე აჭარელი.“
აღნიშნული პუბლიკაციისადმი ინტერესს არსებითად განაპირობებს ის ფაქტი, რომ ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსლვისადმი“ თანდართულ კომენტარებზე დაყრდნობით ქალბატონმა შუშანამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იზმირში ქართული მონასტრის არსებობას. სამწუხაროდ, გარდა ტიმოთე გაბაშვილისა და პლატონ იოსელიანის ზემოთ ხსენებული ნაშრომებისა, უცხოეთში არსებული ამ კერის შესახებ სხვა წერილობითი მასალა ჯერ-ჯერობით მიკვლეული არ არის.
არადა, როგორც ხსენებული ცნობებითაც თვალნათლივ ჩანს, იზმირის ქართული მონასტერი XVII-XIX საუკუნეებში არა მარტო ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ მძლავრ კერას წარმოადგენდა, არამედ ქართული კულტურისა და განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვარგარეთულ ცენტრსაც, რომლის მდიდარ ბიბლიოთეკაში მრავალი წიგნი და ხელნაწერი ყოფილა დაცული.
იზმირის ქართული მონასტერში მოღვაწე ქართველ ბერ-მონაზონთა საღვთისმსახურებლო მოღვაწეობისა და იქ არსებული საგანძურის ამგვარ შეფასებაში გადაჭარბებული რომ არაფერია, ეს ტიმოთე გაბაშვილისა და პლატონ იოსელიანის მიერ წერილობითი ფორმით მოწოდებული ცნობებითაც თვალნათლივ ჩანს.
კერძოდ, როგორც მათი მონათხრობიდან ირკვევა, იზმირის ქართულ მონასტერს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია, სადაც მრავალი წიგნი და ხელნაწერი ყოფილა დაცული. სამწუხაროდ, დღესდღეობით არა მარტო ამ დიდი საგანძურის ამჟამინდელი სამყოფელია უცნობი, არამედ თავად ხსენებული მონასტრის ადგილ-მდებარეობაც.
ყოველივე ზემოთქმულის ნათელსაყოფად, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსლვიდან“ ზემოთ ციტირებულ ფრაგმენტთან ერთად, აქ პლატონ იოსელიანის ხსენებული კომენტარებიდანაც დავიმოწმებ შესაბამის ამონარიდს.
როგორც მათი მეშვეობით ირკვევა, პლატონ იოსელიანი 1849 წელს, ტიმოთე გაბაშვილის მიერ შემოვლილი წმიდა ადგილების მონახულების დროს, იზმირის ქართულ მონასტერსაც სტუმრებია და სწორედ მაშინ შეხვედრია იგი აჭარიდან იქ გადახვეწილ ჩვენს თანამემამულეს - ნეოფიტეს, რომლის საერო გვარი და სახელი უცნობია. აი, რას წერს თავად პლატონ იოსელიანი ამ პიროვნების შესახებ: „1849 წელსა ვიხილე აქა აჭარითგან ქართუელი, დაუბრკოლებლად და კანონიერად მოუბარი ქართულად, რომელსაცა შეემოსა მონაზონებისა სახე 17 წლითგან ცხოვრებისა თვისისა. ამას ჰყოლოდა ბიძა, გაქრისტიანებული ტრაპეზუნტს, სადაც შრომობდა აბანოთა შინა მუშაკობითა და ლტოლვილი ისმირად შიშისათვის მაჰმადიანთა. მიიმალა მუნ ქართველთა მონასტრის მეტოქსა (ხაზგასმა ჩემია - ა. ნ.) და აიძულა ძმისწული თვისი, რათა მიეღო ქრისტიანობა.
ესრეთ ბიძა მისა, შემდგომად ქმნილი პროიღუმენად მისვე მეტოქისა (ხაზგასმა ჩემია - ა. ნ.), 1822 წელსა წარვიდა მთაწმინდას, რომელსაცა გარე ედგა თურქთა ლაშქარი ბრძოლისა ჟამსა ბერძენთათა ააღჰშფოთებულთა და შეპყრობილი გზასა ზედა მოკლულ იქმნა და შთაგდებულ ზღუასა. ამა ღირსსა და კაცსა ეწოდებოდა თეოდორე.
ძმისწული მისი, დაჰშთენილი ობლად, სიკუდილმან ბიძისამან, ქრისტიანობისა გამო მოკლულმან, უფროს განამტკიცა სიყვარულსა ზედა ქრისტესსა.
თურქთა წარიქციეს იგი თვისსა მსახურად და შემდგომად ათი წლისა მსახურებისა, განჰსყიდა იგი მომსყიდუელმან მისმან სამოსის ჭალაკის ვაჭარმან სომეხმან. მოსცა მას თავისუფლება და წარვიდა პირუელსა ბიძისა თვისისა სადგომს სმირნასვე (ხაზგასმა ჩემია - ა. ნ.) და აქა შეიმოსა ამანცა სახე მონოზონებისა და ჰგიეს მუნ მოღუაწედ. სახელი ამისი - ნეოფიტე, მცოდნე ბერძნულისა წიგნისა და წერისა. დიდად ჰსწუხდა უმეცრებისათვის ქართუელთა ენისა მწიგნობრიობისა“ (ფუტკარაძე, 2002: 5).
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, სიტყვა მეტოქი მონასტრის მონაცვლე სამყოფის აღმნიშვნელი გამოთქმაა. ამგვარადვეა განმარტებული ამ სიტყვის მნიშვნელობა სხვა ავტორთა მიერ შედგენილ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებშიც. მაგალითად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2008 წელს გამოცემულ „ძველი ქართული ენის შეერთებულ ლექსიკონში“ მეტოქი განმარტებულია, როგორც მონასტრის კუთვნილი, ან მის დაქვემდებარებაში არსებული ეკლესიისა და მამულის აღმნიშვნელი ტერმინი.
შუშანა ფუტკარაძის ინფორმაციით, ერთადერთი ადგილი, სადაც იზმირის ქართული მონასტრის შესახებ წერილობითი მასალების მოძიება შეიძლება, ეს სტამბოლის სავანის არქივია (წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან,2017: 15).
ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ტიმოთე გაბაშვილისა და პლატონ იოსელიანის წერილობითი წყაროების საფუძველზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდმა თეოდორე აჭარელი, რომელიც სავარაუდოდ XVIII საუკუნის 70-80-იან წლებში უნდა იყოს დაბადებული, 2002 წლის 17 ნოემბერს წმინდანად შერაცხა.
როგორც ცნობილია, ოსმალეთის იმპერიის ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებდა იქ მცხოვრები ქრისტიანების გამუსლიმანების პროცესს. ამ მოვლენისათვის თავის დასაღწევად იქაურთა გარკვეული ნაწილი იძულებული ხდებოდა სხვაგან გადახვეწილიყო და ამ გზით შეენარჩუნებინა ქრისტიანული სარწმუნოება. ასე მოქცეულა თეოდორე აჭარელიც.
სამწუხაროდ, მის ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებით ბევრი რამ დღესდღეობით უცნობია. როგორც პროფ. შუშანა ფუტკარაძე პლატონ იოსელიანის მიერ ტიმოთე გაბაშვილის „მომოსლვისთვის“ თანდართულ კომენტარებზე დაყრდნობით განმარტავს, ნეოფიტეს ბიძა - თეოდორე აჭარიდან ყოფილა. ოსმალთა მიერ ძალდატანებით გამუსლიმანების შემდეგ იგი „ტრაპეზუნდში (ტრაპიზონში) გადახვეწილა. იქ ხელმეორედ გაქრისტიანებულა, მაგრამ შიშობდა, მაჰმადიანებს ძალდატანებით კიდევ არ გაემუსლიმანებინათ. ამიტომ უშიშროების მიზნით, საქართველოდან შორს, სმირნაში (იზმირში) გადასულა. აქ მაშინ ჯერ კიდევ თავისუფლად ცხოვრობდნენ ქრისტიანები. მათ შორის ბევრი ქართველიც ყოფილა. როგორც ითქვა, იზმირში ქრისტიან ქართველებს თავიანთი სალოცავი ტაძარი ჰქონიათ, პლატონ იოსელიანის თქმით, „ქართუელთა მონასტრის მეტოქი“...
ამ „ღირსსა კაცსა“ – თეოდორე აჭარელს, ნეოფიტეს ბიძას, თავი გამოუჩენია ქრისტეს მოძღვრების ცოდნითა და სიყვარულით. იგი მალე აურჩევიათ ქართველთა მონასტრის... წინამძღვრად (პროიღუმენად). ამ მიღწევით არ დაკმაყოფილებულა თეოდორე აჭარელის მებრძოლი სული. უფლისადმი სამსახურის გასაძლიერებლად გამგზავრებულა მთაწმინდას. გადაუწყვეტია ათონის ივერთა მონასტერში დამკვიდრება,“ მაგრამ მთაწმინდისკენ მიმავალი ოსმალებს შეუპყრიათ, წამებით მოუკლავთ და გვამი ზღვაში გადაუგდიათ (ფუტკარაძე, 2002: 5).
პლატონ იოსელიანის თქმით, თეოდორეს მოწამეობრივ სიკვდილს ნეოფიტეს გულში ქრისტიანული რწმენა კიდევ უფრო მეტად განუმტკიცებია და იგი იზმირის ქართულ მონასტერში ბერად აღკვეცილა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულადაც კარგად საუბრობდა, ოსმალური და ბერძნული ენების შესანიშნავად მცოდნე და ღრმად განსწავლული ეს პიროვნება თურმე ძალიან ნანობდა იმას, რომ ქართულ მწიგნობრობას მისთვის სასურველ დონეზე არ იცნობდა (ფუტკარაძე, 2002: 5).
ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსლვის“ 1852 წლის გამოცემისთვის თანდართული პლატონ იოსელიანისეული კომენტარების შეფასების დროს აქ ერთ გარემოებასაც მინდა მივაქციოთ ყურადღება: ჟურნალ „ცისკრის“ 1852 წლის მესამე ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რედაქციამ მკითხველებს აუწყა, რომ „ბრძანებითა უგანათლებულესის კნიაზის მ. ს. ვორონცოვისა დაიბეჭდა მოხილუა ტიმოთესი“ და რომ „დაბეჭუდაზედ ამა წიგნისა მშრომელსა კოლეჟსკის სოვეტნიკს პ. იოსელიანს დაურთავს წინა-სიტყუაობა შემდგომი...“ („ცისკარი,“ 1952: 70).
სამწუხაროდ, მკითხველისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ჟურნალში გამოქვეყნებულ პლატონ იოსელიანის წინასიტყვაობაში იზმირის ქართულ მონასტერთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი და მასში მხოლოდ ტიმოთე გაბაშვილის ბიოგრაფიის უმთავრესი ეპიზოდებია აღნიშნული.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსლვის“ 1852 წლის გამოცემას, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ სტამბოლის სავანის ბიბლიოთეკაშია დაცული, უდავოდ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც იზმირის ქართულ მონასტერთან და იქ მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებთან დაკავშირებით უნიკალური ინფორმაციის მომწოდებელ წერილობით წყაროს.
გამოყენებული ლიტერატურა:
გაბაშვილი ტ. მიმოსლვა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრველმა, თბ. 1956 წ.
დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია, ქართველ წმიდანთაცხოვრება, თბ. 2004 წ.
ნაჭყებია მ. ქართული კულტურის კვალი უსკუდარში. სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია, 2008 წ. ტ. მე-5, გვ. 247-252.
ორბელიანი ს.ს. რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი I, პროზა, თბ. 2013 წ.
„საპატრიარქოს უწყებანი,“ 2002 წ. #43, გვ. 25-31.
სურმანიძე რ. გაზ. „ლიტერატურული საქართველო,“ 2002 წ. #48, დეკემბერი.
ფუტკარაძე შ. ქრისტიანობისათვის ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში: წმიდა თეოდორე აჭარელი, გაზ. „აჭარა,“ 2002 წ. 31 დეკემბერი.
ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი (შემდგენელი გრ. რუხაძე. შედგენილია ილ. აბულაძის, ა. შანიძის, ი. იმნაიშვილისა და სხვა ავტორთა ლექსიკონების მიხედვით), საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, თბ. 2008 წ.
წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან, I, ბათუმი, 2017 წ.
წინასიტყვაობა წიგნისა: გაბაშვილიტიმოთე. მთაწმინდისადაიერუსალიმისა და სხვათა ადგილთა მიმოხილვა. ჟურნ. „ცისკარი,“ თბ. 1852 წ. #3.
ხარაძე კ. ათი წელი მოგზაურობაში. იონა გედევანიშვილი, თბ. 2013 წ.
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ნინო დარბაისელი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი