ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
09 იანვ 21:42ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
როგორც წინარე ნაშრომებში აღვნიშნეთ, დემოკრიტეს ატომისტიკის არსი გამოხატულია მკაცრი და ერთსახოვანი ცნებით, რასაც ატომისა და სიცარიელის ჰარმონიული თანაარსებობა გვიჩვენებს. განუყოფელი, რომელიც იმთავითვე არსებობს, მოქმედებს უშრეტი ენერგიით, ის მიემართება თავის მსგავსს და იმდენადვე უახლოვდება, რამდენადაც შორდება. წარმოქმნილი დინამიური პროცესი ტრივიალურია და ჩვეულებრივი რეალობის თვალით აღუქმელი და შეუმეცნებელი. ასევეა პლატონის იდეათა სამყაროც. როდესაც ,,პარმენიდეში“ პლატონი საუბრობს ერთისა და მრავალის ცნებაზე, არსის პრობლემას განიხილავს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია საგნის არსი, რაც გარეგან გამოხატულებას არ ექვემდებარება. პლატონისათვის არსებობს დაშვება, რაც შემდგომში საძირკველია ყოველი მსჯელობისა და განმარტებისა. დემოკრიტესთანაც ამგვარად არის წარმოდგენილი ატომი, როგორც საფუძველი, წინასწარი დაშვება, რაც გარდაუვალია და რასაც ექვემდებარება ყოველი ხილული საგანი თუ მოვლენა.
პლატონმა ისარგებლა დემოკრიტეს მოძღვრებით, ამაში გვარწმუნებს მთელი რიგი პასაჟები პლატონის ფილოსოფიისა. როდესაც ის სიკეთის ცნებაზე საუბრობს და განიხილავს მშვენიერებას, როგორც სიკეთის იგივეობრივს, აქვე ჩნდება წინასწარი დაშვების განზრახვა. თუ არ არსებობს წარმოდგენა რაიმეს შესახებ, რაც შეიძლება მშვენიერი იყოს, მაშინ მშვენიერების ცნებაც არ იარსებებს. მსგავსად შეიძლება ითქვას სიკეთეზეც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ სიკეთე უფრო მასშტაბური ცნებაა პლატონთან, ვიდრე მშვენიერება.
პლატონის იდეათა სამყაროში არ არსებობს საგანთა წინასწარი განსაზღვრება, საერთოდაც, საგანთა მნიშვნელობა უკიდურესად დათრგუნულია. არსებობს ერთარსი, რომელიც ყველაფერს განაპირობებს, რომლის ნაკლოვანი გამოხატულებაა ეგრედწოდებული სინამდვილე. დემოკრიტესთანაც მსგავსად გახლავთ: როცა ატომი მიემართება თავის მსგავსს, ის წარმოშობს ხილულ საგნებს, ბუნებასა და მატერიას, თუმცა ატომის შინაარსს უშუალო შემხებლობა არ გააჩნია ამ ხილულ მატერიასთან, ის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური მამოძრავებელია, რომელიც მხოლოდ ქმნადობასა და დაშლას აწარმოებს. ატომთა სიმრავლეც საკამათო საკითხს წარმოადგენს დემოკრიტესთან. გასარკვევია, რამდენად ბევრი შეიძლება იყოს ატომი; თუ ეს უკანასკნელი გარეგანი სიმრავლით ხასიათდება, მაშინ შინაგანად ის აუცილებლად ერთი უნდა იყოს, რადგან შეუძლებელია ისეთი სიმრავლე არსებობდეს, რომელსაც არ გააჩნია შინაგანი ერთი. სწორედ აქედან გამომდინარეობს პარმენიდეს მოძღვრება, რომლის გადამუშავებულ ვარიანტს გვთავაზობს პლატონი თავის გამორჩეულ დიალოგში ,,პარმენიდე“. თუ ცალსახა ერთი არ არსებობს, მაშინ არც გარეგანი სიმრავლე არსებობს, როგორც ერთის საპირისპირო, არამედ არსებობს მთელი, რაც, ერთობლივად/თანადროულად სიმრავლეც არის და ერთიც.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დემოკრიტეც იდეალიზმის წარმომადგენელია ამ გაგებით, რადგან მასთან არ გვხვდება მატერიასთან ბმაში მყოფი ატომი. დემოკრიტესეული ატომი არ გახლავთ მატერიალური ერთეული, არამედ ის სრულად იდიალიზებული მთელია. სავარაუდოა, რომ პლატონის ჩანაფიქრი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ დემოკრიტეს წამოწყებული იდეალიზებული მთელის ცნება გადაემუშავებინა და მიეღო განფენილი სამყარო, რომელიც ჩვეულებრივ ატომთან შედარებით იქნებოდა რელატიური, სადაც მყოფი საგნები არ იარსებებდა, მაგრამ იარსებებდა საკრალური სიახლოვე მათ შორის. როცა პლატონი საუბრობს საგანთა პირველად სახებაზე, რაც იდეათა სამყაროდან განპირობდება, უთუოდ გულისხმობს წინსწრებით არსებულ სივრცეს და საგნებს, რომლებიც ამ სივრცეში არსებობენ და რომლებიც მსგავსნი არიან მატერიალური საგნებისა, მაგრამ ეს მსგავსება არ არის ჩვეულებრივი მსგავსება, რომელიც ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ. მათ, პლატონის გაგებით, საერთოდ არაფერი არ აქვთ საერთო არსობრივად, მაგრამ ისინი არიან მსგავსნი. აღნიშნულ უკიდურესობას ერთადერთი ახსნა აქვს: ყოფიერი, ასე ვთქვათ, ადამიანური სივრცე, სადაც ქმედითი მატერია ხორციელდება და ფრთებს ისხამს, გადაიქცევა წინაპირობად ყოველგვარი იდეალისტური სახებისა, რომლიდანაც შეიძლება განისაზღვროს იგივე მატერია, ანუ მატერია ჰქმნის იდეას და იდეა მკვიდრდება პირველად სახედ. თუ არ არსებობს წიგნი, შეუძლებელია არსებობდეს წიგნის იდეა, როგორც წინაპირობა წიგნისა. მიუხედავად იმისა, რომ პლატონისათვის ჩვენს რეალობაში არსებული საგანი უკავშიროა ამ საგნის ეიდოსთან, კავშირი მაინც გარდაუვალია, როგორც დემოკრიტეს ატომის კავშირი მის მიერ შექმნილ სინამდვილესთან. უნდა ვივარაუდოთ, რომ პლატონი მანიპულირებს არსებული საზოგადოების განათლების დაბალი დონით და მათ ფსიქოლოგიურ დამორჩილებას ეწევა.
დემოკრიტეს ატომის მისტიფიკაციას ახდენს პლატონი. იდეათა სამყარო გამოკვეთილია, როგორც ატომისა და სიცარიელის ქმედითი დაკავშირება, სადაც ატომის მოქმედების არეალს სიცარიელე წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს ის ცრუსწავლებანი, რაც დროთა განმავლობაში დამკვიდრდა ნორმად, დემოკრიტეს ფილოსოფიის განმარტებად: თითქოს სიცარიელეში, აბსტრაქტულ სივრცეში, სადაც არაფერი არსებობს, ატომები არსებობენ მხოლოდ და ისინი მიემართებიან ერთმანეთს. არისტოტელეც ამდაგვარად განმარტავს ატომისტიკას, ისევე, როგორც მომდევნო ეპოქების მოაზროვნეები. სავარაუდოა, რომ პლატონი საკუთარი მოძღვრების შექმნის კვალდაკვალ საზოგადოებაში ეწეოდა დემოკრიტეს მოძღვრების საკუთარი ინტერპრეტაციით განვრცობას. სწორედ ამიტომ ჰგონიათ მკვლევარებს, რომ ატომების მოქმედება სიცარიელეში ხდება.
დროის პრობლემა არისტოტელესა და დემოკრიტეს ფილოსოფიას საკვანძო საკითხად ახლავს. მათთან არ არსებობს ერთსახოვანი დრო, რომელიც ყოფიერი დრო იქნებოდა, არამედ არსებობს საგნები, რომლებიც თავის შინაარსში შეიცვას დროს. ამით აიხსნება ის პარადოქსი, რასაც ვერ ჩაწვდნენ მომდევნო საუკუნეების მოაზროვნეები. ერთადერთი, შეგვიძლია პლოტინი დავასახელოთ, რომელმაც არისტოტელეს ფილოსოფიის შემეცნება უკეთ მოახერხა და საკუთარ ფილოსოფიურ მოძღვრებაში დროის პოსტულატი შემოფარგლა საგანთა თვისებებით, მაგრამ ცალსახად არც ის საუბრობს საგნებისა და გარეგანი დროის იგივეობაზე.
არისტოტელეს მთელი რიგი სწავლება გამოიხატება საგნებისადმი ნდობითა და ერთგულებით. ამით ის ჰგავს დემოკრიტეს. ამ უკანასკნელის ფილოსოფია ინსპირატორი გახდა არისტოტელესი. საგნების არსებობა, როგორც დამოუკიდებელი შედეგობრივი ცვალებადობა უკვე უარყოფს გარეგანი დროის არსებობას, რომელიც შეიძლება სიცარიელის, ან რაიმე დაშვებული ინსტანციის სახით არსებობდეს, სადაც საგნები, ამ შემთხვევაში - ატომები იმოძრავებენ. დემოკრიტესთან მოძრაობა გაგებულია, როგორც ატომის შინაგანი სიცარიელე და ყოფნა იმთავითვე და არა ცვლადი ერთეულების სიმეტრიული განლაგება. ჩვენის აზრით, დემოკრიტეს ფილოსოფიის თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასთან არ არსებობს გარეგანი დრო, როგორც სიცარიელე, არამედ არსებობს საგნები, რომლებსაც შინაგანი დრო გააჩნიათ.
აღნიშნული განმარტებით, უნდა ვთქვათ, რომ საგნები დროში არ ხორციელდება, არამედ ისინი თავად წარმოადგენენ დროს და მიემართებიან საკუთარ თავსა და შინაარსს. დიფერენცირებული შინაარსი ჰქმნის გარეგან გამოხატვას, სადაც საგნების მრავალნაირი ბუნება წარმოგვესახება. სინამდვილეში, ატომი ერთია და შეუძლებელია მისი სიცარიელეში ყოფნა, როგორც სივრცეში საგნისა, რომელ სივრცესაც უნდა ახასიათებდეს დრო. საკითხი მეტად რთულია. იქით, საითაც მიემართებოდნენ დემოკრიტეს ფილოსოფიის შემსწავლელები და დღესაც მიემართებიან, ჭეშმარიტება არ გვეგულება. ჩვენ ვამბობთ, რომ მატერია, რომელსაც წარმოშობს ატომი, ხდება საგნების წინაპირობა, მაგრამ თავად ატომი არ არის საგანი და ის არც დროშია განფენილი, ამდენად, არც სიცარიელეში.
ყურადღებაგასამახვილებელია ის ფაქტი, რომ დემოკრიტეს ნაშრომების სრული პოლიგრაფიული მასალა არ მოგვეპოვება. გამომდინარე აქედან, მის ინტერპრეტატორებს მეტად ფართო გასაქანი მიეცათ. როგორც სურთ, სუბიექტური ზრახვებით საუბრობენ და განიხილავენ მის სისტემას. ატომისტიკის ინდივიდუალურ გაგებათაგან ვერც ერთს ვერ მივიჩნევთ აბსოლუტურად სარწმუნოდ, რადგან მრავალგვარი ვარიაციის შესაძლებლობა არსებობს.
არისტოტელე თავის ნაშრომში ,,მეტაფიზიკა“ არაერთგზის ახსენებს დემოკრიტესა და ლევკიპეს, რომელთა მსოფლმხედველობას ზოგადი ფრაზებით გამოხატავს. სტაგირელი ფილოსოფოსისთვის უთუოდ დიდი ავტორიტეტია დემოკრიტე, ეს სჩანს მის ტექსტებში. აბდერელი ფილოსოფოსი არისტოტელემდე დაახლოებით საუკუნენახევრით ადრე მოღვაწეობდა, ამდენად, არისტოტელეს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა დემოკრიტეს მსოფლმხედველობისა და მისი ფილოსოფიური მოძღვრების შესახებ, თუმცა მიზანმიმართულად არ გამოკვეთავს იმ დეტალებს, რაც შეიძლებოდა ჩვენთვის გამომდგარიყო რწმუნებად. ყოველი მასშტაბური მოაზროვნისათვის დამახასიათებელია წინარე მოაზროვნეთა გავლენების დათრგუნვა ან უარყოფა, თუმცა არისტოტელე არ ამჟღავნებს წინააღმდეგობას დემოკრიტეს მიმართ, პირიქით, მას იმოწმებს და მისი მოძღვრების განმარტებებს გვთავაზობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრიტეს ავტორიტეტი მისთვის მისაღებია. სწორედ აქედან გამომდინარეობს აბდერელი ფილოსოფოსის სისტემის ბუნდოვანი განმარტება. არისტოტელე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საუბრობს, სადაც კონკრეტულად არაფერს გვეუბნება ,,დიდი დიაკოსმოსის“, ან ,,მცირე დიაკოსმოსის“ შესახებ.
არისტოტელესთან საგანი დროში არ ხორციელდება და ამით ის ითავისებს დემოკრიტეს მოსაზრებებს. ასე ვთქვათ, დემოკრიტე გადაიქცა შთაგონებად არისტოტელესათვის. ,,რიტორიკაში“ ის საუბრობს ადამიანურ შესაძლებლობებზე, სიკეთეზე და სიკეთეთა მიმართებებზე. ბუნებისეული საგნობრივი არსებობა ადამიანზე კონცენტრირდება მასთან, მაგრამ ხდომილობის ალბათობას ვერაფრით საზღვრავს.
თუ სიკეთე თავისთავადი გაგვაჩნია, როგორც არსებული სინამდვილის სიმკვეთრე, მაშინ საგანი უნდა იყოს სიკეთეთა მიმღები და შემმეცნებელი ობიექტი, მაგრამ დროს რა დანიშნულება აქვს ამ შემთხვევაში?! ჩვენის აზრით, დრო ხდომილობას თან უნდა ახლდეს, როგორც შინაგანი სისავსე და არა გარეგანი განსაზღვრება. ანუ, ადამიანი, რომელიც ობიექტია, იმთავითვე არის საგანი და სუბიექტური დრო, რადგან ის ხორციელდება საკუთარ თავთან ერთად და არა საკუთარი თავის გარეთ. ამდაგვარადვე გვესმის დემოკრიტეს აზრები, როცა ის საუბრობს ატომის განუყოფელი ნაწილის შესახებ. ატომს არ გააჩნია არანაირი ადგილი, სადაც შეიძლებოდა განფენილიყო, არამედ ატომი თავად არის ადგილი, რომელსაც ახასიათებს შინაგანი სიცარიელე. ჩვენის აზრით, სწორედ შინაგანი სიცარიელე სძენს ატომს სიმკვრივეს და ხდება მისი მრავალგზის დაყოფა. სინამდვილეში ატომი ერთია და მასში არსებული სიცარიელე ხდება დროისა და საგნების გარანტორი, რამეთუ ერთარსად მოვლენილი ატომი, რომელიც გარეგანია, არ მოძრაობს, არამედ მოძრაობს მისი შინაგანი სიცარიელე და ამ სიცარიელეში საგნები. დრო უძრაობაა.
პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიათა ანალიზისას საჭიროა გავიხსენოთ მათი გამორჩეული ნაშრომები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ და გამოვკვეთეთ თითოეული მათგანის მნიშვნელობა. არ გახლავთ ადვილი მათი ტექსტების დეტერმინისტული განსაზღვრება, რამდენადაც ყოველი მომხიბვლელი ტექსტი სცდება ყოველგვარ შემოფარგვლას, თუმცა საჭიროება მოითხოვს ყურადღება გავამახვილოთ ამ ორი გენიალური მოაზროვნის მოძღვრებათა თავისებურებებზე.
პირველყოვლისა, აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე მათგანს ცხოვრება მოუწია ისეთ გარემოში, სადაც სახელმწიფოებრივად საკმაოდ დასუსტებული გახლდათ ათენი, საზოგადოების რჩეული წევრები კი ყოველგვარი მანკიერებებით გამოირჩეოდნენ. უსამართლობა თან სდევდა მოაზროვნის ყოველდღიურ არსებობას. ამის ნათელი დადასტურებაა სოკრატეს სიკვდილით დასჯა და თავად არისტოტელესთვისაც იგივე განაჩენის გამოტანა. ამ უკანასკნელმა მოასწრო და განერიდა ათენს, თორემ სოკრატეს ბედს გაიზიარებდა. სწორედ ასეთი უსამართლობა, საზოგადოებისა და ხელისუფლების უმეცრება გახდა მიზეზი იმისა, რომ შექმნილიყო ისეთი ფილოსოფიური მოძღვრებები, რომლებიც განზოგადდებოდა, შეაღწევდა თითოეული უბრალო ადამიანის სახლში და ვიწრო ჯგუფების ინტერესებს უფრო მასშტაბურს გახდიდა.
სწორედ აქედან გამომდინარე, პლატონმა თავიდანვე მიზნად დაისახა ყოფილიყო ყოვლისმომცველი. ადრეულ წლებში იმოგზაურა აღმოსავლეთში. საგულისმოა, რომ პლატონი იმყოფებოდა ჯოუს დინასტიაში და უშუალოდ გაეცნო ლაო ძისა და კონფუცის მოძღვრებებს. აგრეთვე, ინდოეთში მოგზაურობისას მას უნდა შეესწავლა ადრეინდური ვედები, რომელთა შინაარსი კარგად აისახა მის ფილოსოფიაში. პლატონის კვლევისას, ნაკლებად მიუთითებენ იმაზე, რომ კავშირი ინდურ და ჩინურ მოძღვრებებთან აშკარაა.
ამდაგვარად, არისტოტელემაც იმოგზაურა მცირე აზიის ქვეყნებში. მან შეისწავლა იქაური ბოტანიკა და ზოოლოგია, დააკვირდა ადამიანთა ცხოვრების წეს-ჩვეულებებს. თავის მხრივ, არისტოტელემ საკუთარ თავზე გამოსცადა უცხო ქვეყნებში ხეტიალის სიამოვნება და უშუალოდ შეიგრძნო მოვლენების სიმძაფრე, ეს ყოველივე კი მის მოძღვრებაში აისახა. მოგვეხსენება, არისტოტელეს ტექსტების უმრავლესობა საკმაოდ გვიან დაიწერა, დაახლოებით (ძვ.წ) 340-დან 322 წლებამდე.
არისტოტელეს ფილოსოფია მოვლენათა აღწერის დინამიკით გამოიჩევა, ყოველი ხელშესახები მეცნიერების კვლევა-შესწავლით, სადაც ფილოსოფოსი თავს კომფორტულად გრძნობდა. განსაკუთრებით ეყრდნობა და იზიარებს ემპედოკლესა და ანაქსაგორას სწავლებებს... მართალია, პლატონს პირდაპირი კრიტიკით არ ეხმაურება, მაგრამ შეფარულად აშკარად მიუთითებს ძველი მოჭიდავის კრიტიკაზე. მთელი ,,მეტაფიზიკა“, რომელიც არისტოტელეს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაშრომად ითვლება, პლატონის კრიტიკაა. არსება და მოვლენა, რაც პლატონმა ერთმანეთისაგან გამიჯნა, არისტოტელესათვის მიუღებელია ასე დიფერენცირებული და განცალკევებული, არამედ მისთვის ერთმანეთზე ზემოქმედებენ. არსის გადაწყვეტის საკითხი არისტოტელესთან ცოტა არ იყოს ბუნდოვანია, თუ არ ჩავთვლით ელეელთა მოძრვრებების გადამუშავებასა და მთელი რიგი მაგალითების წარმოდგენას, სადაც არისტოტელე ცდილობს საგნის არსების შესახებ დასკვნები შემოგვთავაზოს. მის ფილოსოფიაში მკაფიოდ სჩანს პლატონის გავლენა. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ არისტოტელემ ვერ გაიაზრა პლატონის ფილოსოფია... რადგან ენციკლოპედიური ცოდნა და ცალკეულ ბუნებისმეცნიერებათა შესწავლა არ გულისხმობს ცნებობრივი დიალექტკის განაზრების უნარს. შეგვიძლია არისტოტელე დავზრახოთ პლატონის მოძღვრების ვერგაგებისათვის, მაგრამ, ამავდროულად, პლუსადაც ჩავუთვალოთ, რადგან სხვაგვარად ვერ წარმოიშობოდა მატერიალისტური ფილოსოფიის სისტემატიკოსი თავისი გლობალური ტექსტებით და დარჩებოდა მხოლოდ პლატონის მოსწავლე, ვინმე არისიტოტელე სტაგირელად.
ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი საქმე პლატონის გავლენებში დამოუკიდებელ მოაზროვნედ ჩამოყალიბება, ამიტომაც ვერ შეძლო ადრეულ ასაკშივე დამოუკიდებელი, ზოგადი მნიშვნელობის ნაშრომების შექმნა არისტოტელემ. თუმცაღა, პლატონის აკადემიაში ყოფნამდე, ვიდრე პლატონის სიკვდილამდე, საგულისხმოა, რომ არისტოტელეს შეექმნას არაერთი ნაშრომი, რომელიც ლოკალურ წრეებს არ გასცდენია, მაგრამ მაინც საკმარისი აღმოჩნდა პლატონთან იდეოლოგიური დაპირისპირების წარსამართად. პლატონის აკადემიაში 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ არისტოტელე გაეცალა აკადემიას მასწავლებლის გარდაცვალებისთანავე, მოამზადა ნიადი და დამოუკიდებელ კვლევა-ძიებას შეუდგა, აკადემიაში მიღებული ცოდნა კი საკუთარი მოძღვრების შექმნას მოახმარა.
პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფია იმ საკვანძო საკითხებს შეიცავს, რომელთა შესახებ მსჯელობა-დისკუსია საკაცობრიო მოთხოვნილებაა. შეუძლებელია, რომ უყურადღებოდ დატოვოს ადამიანმა მათი მოღვაწეობა, მათი ფილოსოფია არ შეისისხლხორცოს... ნაკლებმნიშვნელოვანია, რამდენად დაეთანხმება მოაზროვნე მათი მოძღვრებების შინაარსს, მთავარია ტექსტების ნაწილად წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი, არისტოტელე და პლატონი ხომ დღესაც ჩვენს წიაღში იმყოფებიან თავიანთი ყოვლისმომცველი იდეებით.
მართალია, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფია გარკვეულწილად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ უმთავრესი საკითხი, რაშიც ისინი თანხმდებიან, გახლავთ სიკეთისა და ჭეშმარიტების საკითხი.
ახალი სტატიები
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე) 21:42იოსებ ჭუმბურიძე - მომცრო სტატიის უკიდეგანო სივრცე, ანუ განსაკუთრებული არაფერი ხდება?! 15:07რაულ ჩილაჩავა - ლექსები 15:04გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ქეთევან ლომთათიძეზე) 14:32ნინა ნინეა სამხარაძე - ლექსები 14:25ქართლოს ქარჩხაძე - ლექსები 14:13ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ბექა ახალაია - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
რაულ ჩილაჩავა - ლექსები