გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - პლატონის ანტაგონიზმი

პლატონის ანტაგონიზმი

პლატონის, ამ გენიალური ფილოსოფოსის ღვაწლი კაცობირობისათვის შეუფასებელია. მისი ეთიკური შეგონებანი ყველა დროის თანამედროვე საზოგადოებას ესადაგება. მასთან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიკეთის, როგორც ეთიკური მოძღვრებების მამოძრავებელს და ჭეშმარიტებას, როგორც ყველაფერზე აღმატებულ ინსტანციას, სადაც ერთიანდება ადამიანური სიკეთენი, სამართლიანობა და სიყვარული. პლატონისათვის არ არსებობს გადაულახავი უნივერსალიები, თუმცა არსებობს წინარე საუკუნეების გამოცდილება და სწავლებანი, ასე ვთქვათ, ზეპირსიტყვიერი გადმოცემა, ხალხში განბნეული თქმულებები, რასაც პლატონი ძველთაგან მომდინარე ცოდნას უწოდებს. ამ ,,ძველებში“, საგულისხმოა, რომ მოიაზრებს არამხოლოდ ბერძნულ კულტურასა და ისტორიას, არამედ საერთოდ, საკაცობრიო ისტორიასა და სააზროვნო გამოცდილებას. უპირველესად კი, აღმოსავლურ კულტურასთან მსგავსება შეიმჩნევა პლატონისა.
პლატონის დიალოგები გამოირჩევა უშუალობითა და ბუნებრივობით, მკითხველს აგრძნობინებს, რომ მისი თანამედროვეც არის, რომ ყოველი პრობლემა, რაზეც ის საუბრობს, განგრძობადია და არ შემოიფარგლება მხოლოდ რომელიმე ეპოქისა და კულტურის მახასიათებლით. ადრეული დიალოგები, როგორებიც არის: ,,ევთიფრონი“, ,,ლახესი“, ,,მცირე ჰიპია“, ,,პირველი ალკიბიადე“, ,,თეაგე“, ,,იონი“, ,,სოკრატეს აპოლოგია“ (და სხვა), გვარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ ოსტატობაში გაუწაფავ პლატონს პროზაული ერთსახოვანება ახასიათებს, სადაც, მართალია, ლაკონიზმი და პერსონაჟთა მკაფიო აღწერა გვხვდება, თუმცა იმ დინამიკას მაინც ვერ ვხვდებით, რასაც ეგრედწოდებულ გვიანდელ დიალოგებში.
ადრეული დიალოგები ,,სოკრატული პერიოდის“ სახელით არის ცნობილი და როგორც პლატონის მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, ძვ.წ. 390-იან წლებში უნდა დასრულებულიყო, რა დროსაც პლატონი 30-დან 35 წლამდე იქნებოდა.
სოკრატულ დიალოგებში პლატონის ყურადღება მიპყრობილია ზოგადი საკითხების მიმართ, როგორებიც არის სამართლიანობა, საზოგადოებრივი განწყობები, ოჯახური თანაცხოვრებისა და სათნოების პრობლემა, თუმცა ჭეშმარიტების ფაქტობრივი დადგენის მცდელობა იმთავითვე იგრძნობა პლატონის ზემოაღნიშნულ დიალოგებში. მოგვეხსენება, პლატონი, უმეტეს შემთხვევაში, სოკრატეს პირით საუბრობს და ოპონენტებს ეპაექრება, რათა ჭეშმარიტება დაადგინოს. დიალოგის ფორმა, რაც პლატონის ტექსტებს ნიშანდობლივად ახასიათებს, მის აზრებს იმ ესთეტიურ მომხიბვლელობას სძენს, რაც ასე აღაფრთოვანებს მკითხველს.
,,პირველ ალკიბიადეში“ განვითარებული დიალოგის ერთ-ერთი პასაჟი რომ გავიხსენოთ, სადაც სოკრატე მიმართავს ალკიბიადეს, ვნახავთ, სამართლიანობა პლატონისათვის რამდენად გადაჯაჭვულია სიკეთესთან: ,,თუ გინახავს ოდესმე, რომ სამართლიანი საქციელი, იმავდროულად, მახინჯი და სამარცხვინო ყოფილიყოს?“ კითხვის ადრესატი, რასაკვრველია, ლოგიკურ პასუხს სცემს სოკრატეს: ,,არასოდეს“. ამ ფრაზით გამოხატულია მთელი განწყობა და დამოკიდებულება პლატონისა, თუ რამდენად აღმატებითია მისთვის სამართლიანობა და ადამიანთა მიერ ამ ცნების გაანალიზება. აქვე ვხვდებით, რომ მშვენიერების მატარებლადაც მიიჩნევს პლატონი სამართლიანობას, თუმცა თავად მშვენიერების შესახებ დიალოგის გაგრძელება გვეუბნება, რომ ის კეთილიც უნდა იყოს. ამ საკითხზე წარმოიქმნება შემდეგი დისონანსი სოკრატესა და ალკიბიადეს შორის, სადაც სოკრატე თავისთავადი მშვენიერების ახსნას ცდილობს, რაც, იმავდროულად, კეთილია. ერთეული შემთხვევები, რასაც ალკიბიადე გულისხმობს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგი რამ მშვენიერი შეიძლება ბოროტიც იყოს, სოკრატესათვის არ წარმოადგენს მშვენიერებას თავისთავადს, რამეთუ მშვენიერება თავისთავადი იმთავითვე კეთილია, ხოლო ალკიბიადეს დუალური განწყობები უგულვებელყოფილია სოკრატეს მიერ და სიკეთე გაიგივებულია მშვენიერებასთან, როგორც გარდაუვალი მოცემულობა. ამდენად, ჭეშმარიტებაც ის არის, რაც სამართლიანი, მშვენიერი და კეთილია.
პლატონისათვის აქვეა თავისუფლების ობიექტური შინაარსიც, სადაც მკაფიო ზღვარია მონურ ცნობიერებასთან მიმართებით. ის, რაც მშვენიერი და კეთილია, მაშასადამე, არის თავისუფალი. ,,თავისუფლებაში“ პლატონი გულისხმობს მენტალურ თავისუფლებას და ყურადღებას არ ამახვილებს ფიზიკურ თავისუფლებაზე, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მენტალური თავისუფლება, საზოგადოებრივი განწყობილებების მიხედვით, შესაძლოა გახდეს უარყოფილი და მიზანმიმართულად დაითრგუნოს.
სიკეთისა და ჭეშმარიტების ირგვლივ პლატონი თითქმის ყველა დიალოგში ტრიალებს. ადამიანური არსებობის ნორმებს ლოგიკური მსჯელობითა და თანმიმდევრული, დინამიური დისკურსით გვთავაზობს. ,,ნადიმში“, მის ერთ-ერთ გამორჩეულ დიალოგში, ნათლად ჩანს სიყვარულის ცნების შეთვისება სიკეთის ცნებასთან, რაც ადამიანური ჰარმონიის წინაპირობაა. ყოველი კეთილნი არსნი სიყვარულში სახიერდება პლატონისათვის, სიყვარულია წინაპირობა მშვენიერებისა და სიკეთისა, როგორც ყოფითი განხორციელების ცნებებთან. ჭეშმარიტების ცნებაც აქედან გამოიკვეთება პლატონის ფილოსოფიაში. ჭეშმარიტია ის, რაც მარადიული სათნოებისა და სიყვარულის წიაღში იქმნდება. პლატონისათვის ჭეშმარიტება გარდაუვალია. თუ სოფისტებისათვის ჭეშმარიტებას ნომინალური ხასიათი ჰქონდა, პითაგორელებისა და დემოკრიტელებისათვის საგნობრივი და მატერიალური, პლატონისათვის ჭეშმარიტება მდგრადი და უცვლელია. საგანთა თვისობრიობის ხარჯზე არ ცდილობს ჭეშმარიტების მდგენელთა პოვნას, არამედ საუბრობს აუცილებლობით არსებულ ცნებებზე, როგორებიც არიან: მშვენიერება, სიკეთე, სათნოება, სამართლიანობა, სიყვარული, რომელთა მხოლოდ გარეგან გამოხატულებას არ ანიჭებს მნიშვნელობას, ცდილობს, რომ იმთავითვე არსებული გვიჩვენოს თითოეული ზემო ცნება და, საბოლოოდ, გამოკვეთოს და ახსნას ჭეშმარიტების ცნება, როგორც არამატერიალური ინსტანცია. თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პლატონის იდეათა სამყარო, სადაც მიჩნეულია ჭეშმარიტების განსრულება, განპირობებული ხდება სწორედ ფიზიკური, ყოფიერი სამყაროსაგან. ეს პათოსი პლატონის ფილოსოფიას თან ახლავს. მკვლევართა შეთანხმებაც ცალსახა და უკამათო არ არის, რადგან ინსპირაციის წყაროდ სწორედ არსებული ხილვადობა და ყოფიერი საგნებია პლატონთან გამოკვეთილი, რომლებსაც საკუთარი არსი, არისტოტელეს სიტყვებით თუ ვიტყვით - ეიდოსი გააჩნია. პირველადი სახე, იდეა, რომელიც მას სძენს მატერიალისტურ მნიშვნელობას. პლატონთან მეტისმეტად გადაჯაჭვულია მყოფი ხილვადობა და უხილავი იდეათა სამყარო, როგორც თავად უწოდებს, სადაც მიღწეული და გამოკვეთილია ჭეშმარიტების რეზულტატი.
როგორც ინგლისელი მოაზროვნე უილიამ გათრი ამბობს, ვიდრე ყოველდღიური გახდებოდა ის იდეები, რაც ბერძნულ ფილოსოფიასა და, კონკრეტულად, პლატონის მოძღვრებას ახასიათებს, მანამ მრავალი მრუდე სარკის გამოვლა მოუხდათ ამ იდეებს, რომ გარკვეული ფორმა და პრაქტიკული განხორციელების მექანიზმები დანერგილიყო.
პლატონის ფილოსოფიის ვარიაციები სიკეთის, როგორც უდიადესი სიყვარულის გამოხატვას ემსახურება, საბოლოოდ კი, ჭეშმარიტების ინსტანციის შემოფარგვლაა.                      
პლატონის დიალექტიკის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა არისტოტელეს ლოგიკისა და მთელი რიგი კატეგორიების შექმნა. რამდენადაც პლატონის დიალოგებში დიალექტიკას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, იმდენადვე ნიშანდობლივია მისი მიკერძოებულობა და თვითნებობა. რთულია, პლატონს რაიმეშე არ დაეთანხმო, არ მოიხიბლო მისი ქვეტექსტების შინაგანი დრამატიზმითა და მოქნილობით... მით უფრო რთულია, გააკრიტიკო და სუბიექტურობა დაინახო მის ტექსტებში. ჩვენ, რასაკვირველია, ვკადნიერდებით და ვცდილობთ, რომ პლატონის მეთოდი დაუფარავად გიჩვენოთ.
მთელი რიგი დებულებებისა, რაც ყოფილი მოჭიდავის ფილოსოფიას თან ახლავს, ხელოვნური და სუბიექტურია. სიტყვათკაზმულობით დაჯილდოებულმა და წინარე ფილოსოფიური მემკვიდრეობის ღრმად მცოდნე პლატონმა, რომელსაც გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა არ აკლდა, ვით მისანმა, იწინასწარმეტყველა მის შემდგომ მომდინარე საზოგადოებებისა და კულტურების ბედი, მონუსხა რა თავისი დიალოგებით ბერძენი საზოგადოება, მომავალ საუკუნეთა ქმნილი უდაბნოების მარადიულ ოაზისად გადაიქცა, საიდანაც სიცოცხლეს, სიხალისესა და შთაგონებას გამოჰყოფს უდაბნოთა დაუსრულებლობაში მოხეტიალე ადამიანთათვის.
,,სოფისტში“ ჩვენ ვხვდებით დიალექტიკური ლოგიკის უაღრესად მნიშვნელოვან პასაჟებს, სადაც პლატონი სოფიზმს ეხება და უცხოელი მოსაუბრის სიტყვებით, რომელიც თეეტეტოსს დიალოგის რეჟიმში ესაუბრება, უხსნის სოფისტიკის სპეციფიკას, მოხერხებულად ახდენს ნამდვილი სოფისტის აზრთა და მოქმედებათა ხერხების დეტალიზაციას. საუბრობს იგივეობისა და სხვაობის ცნებებზე, სადაც ერთი არსი შესაძლოა შეიცავდეს სხვადასხვა შინაარსს, რომელთა დიფერენციაციაც უნდა მოხდეს. მსგავსი მიმბაძველისაგან რომ განვასხვავოთ, ამისათვის საჭიროა დავადგინოდ პირველადი ცნება და მისი განსაზღვრება მოვახდინოთ. თუმცა პლატონის მიერ აქ წარმოშობილი დილემა ნამდვილად ყურადღებას საჭიროებს. საუბარი მიმდინარეობს სოფისტიკის შესახებ და თავად სოფისტის მნიშვნელობის განსაზღვრას ეხება, თუ ვინ არის სოფისტი. უცხოელის სიტყვებით, პლატონი გეგმაზომიერად მიჰყვება სოფისტის განსაზღვრების ჩვენებას. არსებულისა და მიმბაძველის განხილვის დროს ამბობს, რომ სოფისტი აკვირდება რა არსებულ ფაქტს, იქნება ის მოვლენა, საგანი თუ ადამიანი, რომელიც საკუთარ ცოდნაში დაჯერებული საუბრობს, იმთავითვე ცინიკურად განეწყობა მის მიმართ, დაიწყებს მისი მეთოდის შესწავლას, დაკვირვების შედეგად გააცნობიერებს ოპონენტის სუსტ და ძლიერ მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოქმედებას. პლატონი ამბობს, რომ სოფისტიკა არის დამაბნეველი ხელოვნება, რომელიც განეკუთვნება შეხედულებათა ბაძვის ირონიულ ნაწილს, ეს კი გამოსახულებათა შექმნის ხელოვნების ერთ-ერთი ნაწილთაგანია. მოჩვენებათა შექმნის ხელოვნებად მიაჩნია პლატონს სოფიზმი, რაც გამოსახულებათა შექმნის ხელოვნების ნაწილია.
აღნიშნული განმარტებით, პლატონი ავლენს მაქსიმალურ ოპტიმიზმს, როცა ერთმანეთისაგან გამოჰყოფს გამოსახულებათა ხელოვნებას და მოჩვენებათა ხელოვნებას. ამ უკანასკნელს მიიჩნევს ზემოთ აღნიშნული პირველის ერთ-ერთ ნაწილად. ამ ლოგიკურ დისკურსს რომ გავყვეთ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ იგივეობა იმდენად აღემატება სხვაობას, რამდენადაც სხვაობა აღემატება პირველწყაროს. მიმბაძველია - სხვაობა, პირველწყაროა - იგივეობა, ხოლო ბაძვის ობიექტი ორივე ერთადაა - მიმბაძველიცა და განსხვავებულიც. აქ ჩვენ ვკარგავთ პირველწყაროს მაწარმოებლის ფუნქციას, რადგან თავად ქმედითი მდგომარეობა ამჟღავნებს და ლეგიტიმაციას ახდენს პირველწყაროსა. პლატონი კი ამბობს, რომ თითოეული მიმბაძველი თავისი თავის იგივეობრივია, ხოლო განსხვავდება პირველწყაროსაგან, ბაძვის ობიექტისაგან.
ღვთაებრივი ზეშთაგონებით გაბრძნობილი პლატონი, რომელიც თავისსავე ტექსტებში აკრიტიკებს და მიწასთან ასწორებს მსგავსად გაბრძნობილ ადამიანებს, თავად ექცევა იმ საკრალურ წრეში, საიდან გამოსხლტომის გზები უკვე თავადვე დავიწყებია. ,,სოფისტის“ ავტორი თვითტკბობას ეძლევა, ჰქმნის უნივერსალურ მეთოდს, ლოგიკური წანამძღვრები კი ოპონენტთა საპირისპიროდ არის მიმართული და არ ითვალისწინებს მოსაუბრეთა არგუმენტაციასა და მტკიცებებს. ,,სოფისტში“, სხვა დიალოგებიდან განსხვავებით, შენარჩუნებულია ნეიტრალური პოზიცია და მხოლოდ დაშვებებისა და შესაძლებლობების გარშემო საუბრით შემოიფარგლება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ დიალოგშიც სუბიექტივიზმი იგრძნობა, მთლიანი ფორმითა და შინაარსით მაღალი დონის დიალექტიკური ნაშრომია.
პლატონი ეპოქალური მნიშვნელობის მოაზროვნე გახლდათ. სხვაგვარად რომ ემსჯელა დიალოგებში, არ გამოეკვეთა საკუთარი პოზიციები და მტკიცედ არ დაეცვა, ფილოსოფიის ისტორიის ფურცლებზეც ვერ ჩაიწერებოდა ოქროს ასოებით. მართალია, უკვე მის დროს მრავლად არსებობდა ფილოსოფიური სკოლები და საკმაოდ მაღალი ავტორიტეტითაც სარგებლობდნენ, თუმცა პლატონის მოღვაწეობა, მისი აკადემიის არსებობა და მისი მოწაფეების ღვაწლი შეუფასებელი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. აზრის მკაფიოობა, სიტყვის ოსტატობა და დახვეწილობა, ლაკონიზმი და ტექსტუალური დინამიკა, წინადადებათა დრამატიზმი, რომელიც უსაზღვრო ემოციებს აღძრავს, უპირობოდ გადაიქცა მომდევნო ასწლეულების ეპოქათა გამომკვებავად. პლატონმა საკუთარი ხელწერის ფიგურაცია შეძლო, რაც საკმაოდ რთული საქმე იყო. ტექსტებში ერთიმეორეს უპირისპირებს სხვადასხვა პროფესიისა და ცოდნის ადამიანებს, თუმცა მათი შეხების წერტილები მკაფიო და ნათელია. ჩვენ მის დიალოგებში ვერ ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ, ან რომლებსაც არაფერი მოუმოქმედებიათ (ან კარგი, ან ცუდი). ეს მეტად ყურადღებაგასამახვილებელი ფაქტია. როგორც უილიამ გათრი აღნიშნავს, პლატონი იმ ტრადიციების გამგრძელებელია, რაც ჰომეროსის ეპოქის საბერძნეთს ახასიათებდა. ის ცდილობს, რომ საზოგადოებაში ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს, ეს არ არის ვალდებულლებითი განსაზღვრება, არამედ იგულისხმება ცნობიერად მოვალეობითი მდგომარეობა ადამიანთა, ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენელთა, სადაც ყველამ იცის თავისი საქმე და სხვის ნაცვლად არ ცდილობს რაიმე აკეთოს, ის საქმენი გადაწყვიტოს, რაც მას არ ეხება.
გათრი, რასაკვირველია, პლატონის დიალოგ ,,სახელმწიფოზე“ ამახვილებს ყურადღებას და ზემოაღნიშნული მისი განწყობებიც აქედან გამომდინარეობს. დღევანდელი გადასახედიდან, უნივერსალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი შექმნა პლატონმა, სადაც ყველა სფეროს წარმომადგენელს განუსაზღვა მოქმედების არეალი. უილიამ გათრს თუ დავეყრდნობით, პლატონს ისევ ,,ძველებთან“ დაბრუნების ნოსტალგია ამოძრავებს, იმ ძველებთან, რომლებიც ჰომეროსისათვის გახდა შთაგონების წყარო. ჰომეროსის ,,ოდისიაში“ ვხვდებით იმ პასაჟებს, სადაც ყველა სფეროს წარმომადგენელმა ათენელმა საკუთარი ადგილი და დანიშნულება იცოდა. აღნიშნული განწყობები კარგად აისახა პლატონის ,,სახელმწიფოში“.
გავლენებისა და ანალოგიების გარეშე არც ერთ ნამდვილ მოაზროვეს და, მით უფრო, ფილოსოფოსს არ უღვაწია, არც ერთი მათგანი დარჩენილა დოგმატური აზრების ტყვეობაში და ყოველმა მათგანმა შეძლო საკუთარი ხელწერის დანერგვა. ერთ-ერთი პირველი, ამ თვალსაზრისით, პლატონია. მისი სუბიექტივისტური, ობიექტივიზმთან წილნაყარი დიდაქტიკური პათოსი აღტაცებას იმსახურებს. პლატონის დიალექტიკა უმტკიცესია, რასაც მომდევნო ასწლეულებში არაერთი იდეოლოგიური გამოხმაურება მოჰყვა, რომელი იდეოლოგიებიც პლატონიზმის მემკვიდრეებად ითვლებიან.                                      
ადრეული დიალოგებისაგან განსხვავებით, პლატონის გვიანდელი დიალოგები ხასიათდება ,,არსებულის“ ცნებების მდგენელთა შესწავლით და გამოკვეთით, სადაც ერთისა და მრავალის ურთიერთმიმართება უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამ თვალსაზრისით, გამორჩეული ნაშორმია ,,პარმენიდე“, რომელ ტექსტშიც პლატონი ანვითარებს არსის პრობლემას და ელეელთა სწავლებას წარმოაჩენს ღრმა დიალექტიკური დისკურსით. სწორედ პარმენიდესა და ახალგაზრდა არისტიტელეს შორის იმართება დიალოგი, სადაც პლატონის ოსტატობა პარმენიდეს სიტყვებში აშკარად ჩანს. არსის პრობლემა, რაც ელეელთა ამოსავალი წერტილია, სიღრმისეულად არის გაანალიზებული აღნიშნულ ტექსტში.
,,პარმენიდეს“ პასაჟებს თუ დავუკვირდებით, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ პლატონი გაურბის არსებობის ცალსახა განმარტებას, რამდენადაც მისთვის ყოფნა გარდამავალია. ამით აიხსნება ერთისა და მრავალის პრობლემა, რაც აღნიშნული ტექსტის ცენტრალური ხაზია. აქ იკვეთება მეთოდოლოგიური მსჯელობა, სადაც პლატონი უარყოფს როგორც ერთის, ისე მრავალის ცალკე არსებობას, მაგრამ, ამავდროულად, უშვებს თითოეული მათგანის არსებობას. პლატონი პარმენიდეს პირით გვეუბნება: ,,და თუ ჩვენ მათგან ავირჩევთ, გნებავთ - არარსებობას და სხვას, გნებავთ არსებობას და ერთს, გნებავთ - ერთსა და სხვას, განა ყოველი არჩევანისას არ მივიღებთ ორ იმნაირ წევრს, რომლებისთვისაც შეიძლებოდა მართებულად გვეწოდებინა წყვილი?“ აქ პლატონი გვეუბნება, რომ, მართალია, შეიძლება რაღაცას ვუწოდოთ ,,წყვილი“, მაგრამ ის ორი არ იქნება, არამედ იქნება ყოველი ერთის შემცველი, რამდენადაც მოცემული წყვილი ორ წევს შეიცავს, მაგრამ ის ცალკეული ერთია. წყვილი და ერთი კი სამ წევს ჰქმნის და არა ორს. პლატონი გვთავაზობს არსებულის ლოგიკურ დასაბუთებას, სადაც ერთი მთელის რამდენიმე ნაწილის არსებობის მიუხედავად, მთელი ერთია და დაცალკევების დინამიკას თუ მივჰყოფთ ხელს, მაშინ ეს უსასრულო პროცესად გადაიქცევა, რადგან ყოველ ერთს ემატება ის წყვილი, რაც ერთშია დაყოფილი. ასეთი დაყოფა კი შეიძლება ამოუწურავი იყოს.
პლატონისათვის უმთავრესია, რომ გვიჩვენოს არსებობის ნაწილთა სიმრავლე და მის ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნოს. ისევე ესადაგება არსებობის ნაწილები უმცირესს, როგორც უდიდესს. ისინი ერთმანეთს მიემართებიან და ჰქმნიან დინამიკას, რაც აუცილებლობით გამოწვეულია.
პლატონის ფილოსოფიაში არ გვაქვს წარმოდგენილი მდგრადობა, სადაც ერთსახოვანება და უცვლელობა იქნება გამეფებული. მისი მეთოდი ეფექტურია. წარმოვიდგინოთ, რაოდენ სჭირდებოდა იმდროინდელ საზოგადოებას სულიერი სიმშვიდე და ყოველგვარ ყოფითზე აღმატებული ინსტანციების წვდომის სურვილის გაღვივება. სწორად შენიშნავენ პლატონის მკვლევართა წარმომადგენლები ქრისტიანული ფილოსოფიის განხრით, რომ ქრისტიანობის ნიადაგი პლატონთან მომზადდა და რომ ისე მოევლინა პლატონი ანტიკურ საზოგადოებას, როგორც ქრისტე მოევლინა უპოვართ და რწმენა შესძინა, არსებული ხილვადობისა და წარმავლობის ამაოებას სხვა სამყაროში განსულიერების იმედი ჩაუსახა. პლატონი სწორედ ასე აღიქმება ქრისტიანობის მესვეურთათვის, რადგან პლატონის ფილოსოფია დავანებულია მათ ცნობიერებაში და, ზოგადად, ქრისტიანული ცნობიერების წიაღში პლატონის ფილოსოფია მრავალგვარად გამოიხატა.
გარდამავალი ყოფნის ცნება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პლატონის ფილოსოფიას თან ახლავს. ეს არ გახლავთ კონკრეტულ სივრცეში და დროში მოქცეული ფაქტი, რომელიც შეიძლება მხოლოდ აღქმითი ან შეგრძნებითი იყოს. მასთან არ გვხვდება ინსტანციური გარდამავლობა. ქართული სიტყვა ,,მყის“ გამოხატავს პლატონის ამ გენიალური ნაშრომის ,,პარმენიდეს“ საზრისს. სწორედ გარდამავალი ყოფნაა - მყის, სადაც ერთი და მრავალი ერთმანეთისაგან გამომდინარეობს, როგორც ერთმანეთის ამხსნელი და ამსახავი. ყოველი ცალკეული ნაწილების შექმნა, რომლის საბოლოო წერტილი დასასრულის შექმნაა პლატონის მიხედვით, მიგვანიშნებს, რომ ამ თითოეულ ნაწილში იმთავითვე იბადება ერთი, როგორც მთლიანობა, თუმცა ის არ არის განსრულებული, ვიდრე არ გადაიქცევა მთელად. ერთისაგან გამომდინარეობს დასაწყისი, ნაწილებიცა და დასასრულიც, თუმცა მთლიან ერთად დაბადებამდე ის ნაწილების სახით არის წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ პლატონი დასაწყისსა და დასასრულსაც ნაწილებად მიიჩნევს. სწორედ აქ ჩნდება გარდამავალი ყოფნის პარადოქსი, სადაც ერთი არსი მეორეზე უხნესი იმდენადვე არის, რამდენადაც მეორეს დაბადებისას იყო, ეს უკანასკნელი კი იმდენადვე უნდა იყოს უმრწემესი, რადგან, პლატონის მიხედვით, თანაბარი სიდიდეების დამატებისას იმდენადვე რჩებიან განსხვავებულნი, რამდენადაც განსხვავდებობდენ იმთავითვე. აქედან გამომდინარე, ერთი არსი მეორეზე ვერც უხნესი გახდება და ვერც უმრწემესი. პლატონი აქ გულისხმობს უხნესად და უმრწემესად გახდომის შეუძლებლობას, მაგრამ მასთან დაშვებულია უხნესად და უმრწემესად არსებობა იმთავითვე. ,,ერთი“ და ,,ნაწილები“ უხნესი ან უმრწემესი არ ხდებიან ერთმანეთისათვის, მაგრამ გახდნენ და არიან. ზუსტად ეს არის პლატონთან გარდამავალი ყოფნა, სადაც დასაწყისიცა და დასასრულიც ერთ წერტილად მოიაზრება, როგორც ერთისა და მრავალის ურთიერთლეგიტიმაცია.
ერთობ რთულია წინამორბედ სისტემათა თუ მოაზროვნეთა გავლენებისაგან, მათი ხიბლისაგან გათავისუფლება და დამოუკიდებელი მჭვრეტელობით სამყაროს საიდუმლოებების წვდომა, განსხვავებული, დრამატული სისტემის შექმნა, რაც იგივენაირად და უფრო მეტადაც კი გახდება საზოგადო, მომავალ ეპოქათა მასაზრდოებელი. პლატონიც შებყრობილი იყო ამ კომპლექსით, რაც წინარე ფილოსფიურ სისტემებსა და იმ მოაზროვნეთა ავტორიტეტს უკავშრდებოდა, რომლებმაც პლატონამდელი საბერძნეთის (და არა მხოლოდ) ცნობიერება განსაზღვრეს. როგორც დიოგენე ლაერტელი მოგვახსენებს, პლატონს, ამ დაუცხრომელი ხასიათის პიროვნებას, დიდი შინაგანი წინააღმდეგობა გააჩნდა ეგრედწოდებულ ძველებთან და კონკრეტულად კი - დემოკრიტესთან. გადმოცემის თანახმად, პლატონი მთელის მონდომებით ცდილობდა დემოკრიტეს ,,განეიტრალებას“, რაც გამოიხატებოდა ხალხში გავრცელებული დემოკრიტეს ტექტებისა და ინფორმაციის ხელოვნური განადგურებით. პლატონს დემოკრიტეს წიგნების დაწვაც კი განუზრახავს, რომ აღარ ჰქონოდა საზოგდოებას მისი გაცნობისა და განზოგადების საშუალება. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პლატონი დემოკრიტეს მიიჩნევდა თავისი იდეოლოგიისა და მოძღვრების უწინარეს მტრად, რადგან მსგავსება მათ მოძღვრებათა შორის აშკარაა. მართალია, პლატონმა დემოკრიტესაგან განსხავებით იდეალიზირება მოახდინა იმ ცნებებისა, რაც დემოკრიტეს მატერიალისტურ სისტემას შეადგენდა, მაგრამ ამ უკანასკნელის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, ახალგაზრდა პლატონს საკუთარი თავის დამკვიდრების გზებს უკეტავდა. მეგობრებისა და თანამოაზრეების დაჟინებული თხოვნით, პლატონს ხელი აუღია ამ უაღრესად მავნებლურ ქმედებაზე, რადგან გარჯა მაინც ფუჭი აღმოჩნდებოდა იმ თვალსაზრისით, რომ საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქ-სახელწიფოში უკვე გავრცელებულიყო დემოკრიტეს ნაშრომები და მათი განადგურება საზოგადოების უარყოფით განწყობილებას გამოიწვევდა, რაც პლატონს არ წაადგებოდა სამომავლოდ. ამ ბნელ ჩანაფიქრს კიდევ ისიც უშლიდა ხელს, რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ დემორიტეს ათასობით ტექსტის მოპოვებას დაწვის მიზნით. ეს იყო პირველი მცდელობა, თუმცა კრახით დასრულდა.
პლატონის ფილოსოფია შთაგონებულია პითაგორელებისა და ელეელების დებულებებით, სადაც პითაგორეიზმი რიცხვთა ჰარმონიას ესწრაფვის და ფორმათა მნიშვნელობებს სახავს, ხოლო ელეელები არსის პრობლემას აქცევენ დიდ ყურადღებას. პლატონთან ნათლად აისახა ორივე მათგანი. ფორმათა შესახებ პლატონის თეორიები გასცდა ლოკალურ საზღვრებს და მეტაფიზიკურ ჭრილში წარმოდგინდა, სადაც ერთგვარი მისტიკური ელემენტებით აღივსო. პითაგორეიზმის ცნებობრივი მონადები კი პლატონის იდეათა სამყაროს ქვემდებარედ იქცა, საიდანაც გამოიკვეთა პლატონის იდეალისტური ზრახვები. მისი ფილოსოფიის ამოსავალი პრინციპი მაინც ელეელთა მოძღვარებისა და პითაგორელების იდეების წიაღში ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანულად სძულდა დემოკრიტე (რაშიც გვარწმუნებს ის ფაქტი, რომ არსად ახსენებს საკუთარ დიალოგებში, როცა სხვა, იმდროინდელ მოაზროვნეებს აქტიურად წარმოადგენს საკუთარი ტექსტების პერსონაჟებად), მისი ფილოსოფიის მთავარი ბირთვი დემოკრიტეს იდეებისაგან არის განპირობებული.
პლატონის ანტაგონიზმი გამოიხატებოდა არა მხოლოდ წინამორბედ სისტემათა თუ ფილოსოფოსთა დათრგუნვითა და მიზანმიმართული დევნით, არამედ ათენის საზოგადოებისა და ხელისუფალთა კრიტიკით. ბერძენ მოაზროვნეზე დიდი გავლენა იქონია მისი მასწავლებლის - სოკრატეს სიკვდილით დასჯამ, რომელიც გასწირა ათენმა, დაადანაშაულეს რა ახალგაზრდების გარყვნასა და ღმერთების შეურაცხყოფაში. სოკრატული დიალოგების უმრავლესობა მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ, ეტაპობრივად, რამდენიმე წელიწადში უნდა დაწერილიყო. შესაძლებელია, რომ სოკრატეს გარდაცვალებამდეც დაიწერა რამდენიმე მათგანი. საზოგადოებას, რომელმაც სოკრატე უარყო და განდევნა, შეუძლებელია პლატონის კეთილგანწყობა დაემსახურებინა, ამიტომაც თავის დიალოგების უმრავლესობაში სოკრატეს ალაპარაკებს, სასაუბრო თემა კი, ძირითადად, სამართლიანობა, სიკეთე, მშვენიერება და ჭეშმარიტებაა.
პლატონის ,,სახელმწიფოში“ უაღრესად ცხადად სჩანს წინააღმდეგობა იმ დროს არსებული სახელმწიფოს მიმართ. საუბარია სამართლიანობასა და იმ ეთიკურ თვისებებზე, რაც სახელმწიფოს სათავეში მყოფ ადამიანებს უნდა გააჩნდეთ, ასევე, უნდა გააჩნდეს საზოგადოებას, რომელიც სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ნაწარმოები დიდ ვნებათა ღელვას გამოიწვევდა იმდროინდელ საზოგადოებაში და სახელმწიფოს მესვეურთა რიგებში მყოფ ადამიანებს მოსვენაბს დაუკარგავდა. პლატონის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ არაცნობიერად გარყვნილი და უმეცარი საზოგადოება ზნეობრიობისა და კეთილშობილების პათოსით აღევსო. თრასიმაქე გამოხატავს დღევანდელი მსოფლიო საზოგადოების აზრსაც და, რაღა თქმა უნდა, იმდროინდელი საზოგადოების უდიდესი ნაწილიც ამ აზრს იზიარებდა, რომ სამართლიანად ცხოვრება წამგებიანია და რომ ადამიანებს უსამართლობის ჩადენა არ შეუძლიათ არა კეთილშობილებისა გამო, არამედ უსუსურობისა. აღნიშნული თვალსაზრისი არის ტიპიურ უმეცარ ადამიანთა სახე, რომელთა სრული უმრავლესობა ყოველ ეპოქაში არსებობდა, რომლებიც ცხოვრობენ უზრუნველად, მორალურ-ეთიკური თვითშეგნებისა გარეშე და რომელთა მამოძრავებელი ენერგია მხოლოდ მომხვეჭელობა და განდიდებაა. თრასიმაქე კარგად გამოხატავს თაანამედროვე კაპიტალიზმის სახეს, ამ ამაზრზენი სისტემისა, რომელიც ბოლო ორი საუკუნეა მენტალურად ანადგურებს კეთილშობილ ადამიანს.
ლიბერალიზმის ერთ-ერთი გამორჩეული იდეოლოგი, მეოცე საუკუნის მოღვაწე ბრუნო ლეონი, თავის ნაშრომში ,,თავისუფლება და კანონი“ წერს: ,,დღესდღეისობით ჩვენ არ გვჭირდება ვანდოთ სხვა ადამიანებს, გადაწყვიტონ, მაგალითად, როგორ უნდა ვილაპარაკოთ, ანდა გავატაროთ თავისუფალი დრო, თუმცა ეს გარემოება ვერ გვეხმარება გავაცნობიეროთ, რომ ასევე შეიძლება ვიქცეოდეთ ბევრი სხვა ქმედებისა და გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, რომლებსაც სამართლის სფეროს ვაკუთვნებთ. სამართლის შესახებ ჩვენი ამჟამინდელი წარმოდგენა ნამდვილად დაღდასმულია იმ მნიშვნელობის გადაჭარბებით, რომელსაც ვანიჭებთ საკანონმდებლო ფუნქციას, ანუ სხვა ადამიანების ნებას (მიუხედავად მათი ვინაობისა) ჩვენს ყოველდღიურ საქციელთან მიმართებით“. აღნიშნული ფრაზებით, ლეონი მიანიშნებს იმ ცხოველური ჟინისა და სწრაფვის შესახებ, რაც უმეცარ საზოგადოებას ახასიათებს. ბრბოს იდეოლოგია, სამწუხაროდ, უფრო დიდ მასშტაბებსა და გაქანებას ჰპოვებს, პოპულარობით სარგებლობს და გავლენას იპოვებს. ყოველგვარი კანონებისა და საკაცობრიო ისტორიიდან მოპოვებული ზნეობრივი ნორმების უკუგდება გვამსგავსებს ბრბოს, რომელსაც ცხოველივით შეუძლია იმოქმედოს, ისე მოიქცეს, როგორც ნებავს და სადაც ნებავს. ნების თავისუფლებას ასხამს ხოტბას ლეონი და სულაც არ აღელვებს კანონთა და წესრიგთა შემოქმედი სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოს მესვეურთა ჯგუფების მიერ შექმნილი ნორმები, რომლებიც კეთილშობილურია. პლატონის ,,სახელმწიფოს“ პათოსი სწორედ ასეთ თავაშვებულ და ზნეობრივი მონაპოვარის გაუბრალოებით დაკავებულ ადამიანთა წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებსაც თავისუფლება მსხალი ჰგონიათ, რომ მოკბიჩონ და გემო ჩაატანონ. პლატონისათვის არსებული პარადოქსი ის არის, რომ ასეთ თავაშვებულ და ზნეობრივად დეგრადირებულ საზოგადოებას ხელთ უპყრია ხელისუფლება. მასები რამდენად კმაყოფილი ჰყავთ, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ორივე შემთხვევა დასაშვებია: მასა აღფრთოვანებული იყოს და იყოს აღშფოთებულიც.
პლატონის ზემოაღნიშნული ანტაგონისტური განწყობილებები აისახა არაერთ დიალოგში, მათ შორის გამორჩეულია ,,სახელმწიფო“ და ,,კანონები“.
ყურადღებაგასამახვილებელია ის ფაქტი, რომ პლატონი არ წყალობდა პოეტებსა და ხელოვნებით შთაგონებულ, როგორც თავად უწოდებდა - ღვთაებრივი ზეშთაგონებით გაბრძნობილ ადამიანებს, მათ შორს - რაფსოდებსაც. თუმცა ჰომეროსის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, რაც მის დიალოგებში გამოსჭვივის.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - რამდენიმე ნიუანსი მაგდა გოშნიაშვილის ნაწარმოებში - ,,ალპური ვარდი, ანუ თოვლზე ამოსული როდოდენდრონი“ გორვანელი - რამდენიმე ნიუანსი მაგდა გოშნიაშვილის ნაწარმოებში - ,,ალპური ვარდი, ანუ თოვლზე ამოსული როდოდენდრონი“ ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გორვანელი - სუბსტანციალობის პრობლემა დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში გორვანელი - სუბსტანციალობის პრობლემა დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები ელიზბარ ელიზბარაშვილი - სიყვარულის ონტოლოგია და თავისუფლება ელიზბარ ელიზბარაშვილი - სიყვარულის ონტოლოგია და თავისუფლება ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები გორვანელი - რა დროს ჰუმანიზმია გორვანელი - რა დროს ჰუმანიზმია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge