ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
მამუკა ოჩიაური - ლექსები

ასმეერთე
შენზე ლექსი დავასრულე ასმეერთე,
დაებჯინა ცა მთებს ნისლის ყავარჯნებით.
შეგავედრე ზეცის მფლობელ მაღალ ღმერთებს
და მოვხატე გზა - ბილიკი წმინდა ჯვრებით.
მოდი, მოდი გულს დარდები აცლილია,
გელოდები და ვჩურჩულებ რუდუნებით,
გულის კარი მე დავტოვე შენთვის ღია,
გახსნილია გაუტეხი ურდულები.
მოდი მალე, სანამ გზები ამოქოლეს,
სანამ თოვლის დააზვინეს ნამქერები,
სანამ ზეცა დაუპყრია ღამის ქორებს,
სანამ სივრცეს დაიპყრობენ ფანტელები.
მოდი, სანამ ნაფიქრალი ისევ მოჩანს,
სანამ გელის გული სევდით გადაღლილი,
სანამ ებრძვის დაუდუმებ ქარებს ოჩანს,
ტირიფის ხე მტირალი და თავდახრილი.
შენი თავი შევავედრე წმინდა ღმერთებს,
შენზე ლექსი დავასრულე ასმეერთე.
ჩემი ქალთამზე
ცხენებმა დატორეს ქვიშიან ბილიკი,
მათრახმა იწივლა, გაფრინდა ქურანი,
მთა გიყვარს, გეტყობა ღიმით და მიმიკით,
დღეს შენ ხარ არხოტში მოსული სტუმარი.
ყურებთან მოშხუის ქარულად ნიავი,
მთებზე წევს ნისლები წვეთებით ნამძივი,
ცხენი ცხენს მიჰყვება სიშმაგით, სიავით,
მცირდება სოფლისკენ სავალი მანძილი.
გამოჩნდა სოფელი ციხე და სახლები,
სხივს, ციხის ქონგურზე გულდაგულ ართავს მზე
და თითქოს გაცოცხლდა ლამაზი ზღაპრები,
მე მზეჭაბუკი ვარ, შენ ჩემი ქალთამზე.
მომენდე, ეს გულიც შენია ამ დღიდან,
მსურს, თმებში ჩავწურო ზაფხულის მზეები,
სხივები ძვრებიან ნისლების თავშლიდან,
სად არის ასეთი სხვა სამოთხეები.
წკრიალებს ქვიშაზე ნალები ცხენების,
იორღას არ წყვეტენ, მიჰქრიან ქარულად,
დრო დადგა მთის წესით მხედრობის, ჭენების,
მსურს ასე გვერდს მყავდე, შენ მარადჟამულად.
მთა გიყვარს, გეტყობა ღიმით და მიმიკით,
სხივს, ციხის ქონგურზე, გულდაგულ ართავს მზე.
სოფლამდე მივყავართ, თავდება ბილიკი,
მე შენი მიჯნური, შენ ჩემი ქალთამზე.
წინასწარმეტყველება-სურვილი
(ჩემ ლექსებს)
ვიცი, რომ მალე ნახავთ მზიანეთს,
როგორც დღეს, ჩრდილში აღარ იქნებით
გაიფანტეთ და გაუზიარეთ
ჩემი განცდა და ჩემი ფიქრები.
მჯერა, დარეკავს ზარი როდისმე,
მსმენელის სახეს მორთავს ღიმილი,
შეგიყვარებთ და გულით მოგისმენთ,
დამსუბუქდება ეგ სიმძიმილი.
ბევრი ჩაწვდება დიდი გონებით,
რაც ჩამოვწურე მელნის წვეთებად,
ვიცი, სიავეს არ ემონებით,
ეს მუდამ მწამს და მეიმედება.
ხოდა, იფრინეთ ლაღად, განცდებით,
იყავით ტანჯულ ხალხთა მკურნალი,
არ გაქრებით და აროს გაცვდებით,
დროს შემორჩებით გაუხუნარნი.
მე მჯერა, მალე ნახავთ მზიანეთს,
ბოლომდე ჩრდილში აღარ იქნებით,
ხალხთან მიდით და გაუზიარეთ
ჩემი განცდა და ჩემი ფიქრები.
ბოლო გაფრენა
(ვუძღვნი არაგვის ხეობაში სამაშველი ოპერაციის დროს ავიაკატასტროფაში დაღუპულებს)
მთებში ჩაინთქა ხმები გუგუნის,
თქვენი სამზეოს გზა აქ თავდება.
გადაავიწყდა არაგვს დუდუნი,
ქარიც სისინებს, უფრო ავდება.
თვალწინ გაირბენს წელთა კადრები,
კლდე ცივგულაა, კლდე ფოლადია
დღევ ცოდვიანო, ისე დადნები,
დროს მიადნება, რაც გაბადია.
ქალის კივილი ფრიალოს ბზარავს,
სიცოცხლეც უშვებს ფარდებს საოცარს,
გმირთა გასავლელს მიჰყვებით შარას,
აბარებთ ძნელ და მტკიცე გამოცდას.
მაგრამ სამზეოს გზაგასაყართან
ჩამოშვებულა შავი ფარდები,
კავკასიონის დაულეწ კართან
სანთლად დნებით და სანთლად თავდებით.
ქარი, მთებიდან გადმოპარული,
რად შეეხიზნა ჭალას არაგვის,
ძალა უნდობი, ძალა ქარული,
დაუნდობელი, ავი ათასგზის.
წრიულად მიდის დაღმა სიკვდილი,
საშინლად წივის ფრთადაძეძილი,
ჩერდება წამი სასომიხდილი,
ჩამომშრალი და ცრემლდაშრეტილი.
მარადისობა ცაში გამაღლებთ,
ციმციმა სულებს სანთლის მაგვარად,
სიკვდილს ვერასდროს ვერ გავამართლებ,
რად გადაწყვიტა თქვენი წაყვანა.
არაგვის აღარ ისმის დუდუნი,
სულ გაცამტვერდა ფრთადაძენძილი.
ჩაინთქა მთებში ხმები გუგუნის,
წამიც გაშეშდა ცრემლდაშრეტილი.
შენ და ლერწამი
გახსოვს, შეხვედრა, ის ბოლო წამი?
წამი, რომელიც იმ დროს ზეობდა,
მდინარის პირთან მდგარი ლერწამი,
საღამოს ქარში რომ ირწეოდა.
გახსოვს, ზვირთები, ტალღის ფაცერი,
აბორგებული მკერდში გულები
და შენი მზერა კვლავ ალმაცერი,
ტუჩებიც ისევ დაბუსხულები.
გახსოვს, დღეები ნაფერადები,
რომ მიჰყვებოდნენ დროის სწორხაზებს,
ღრუბლემა, - ლურჯი ცის ბელადებმა,
უკიდეგანო სივრცე მოხაზეს.
ცრემლით სველდება გრძელი წამწამი,
ვდარდობ, ფიქრები გულს რომ ეწვევა,
მდინარის პირას მდგარი ლერწამი
დღეს უშენობით ისევ ირწევა.
ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა