გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კატო მარი - ლექსები

მთვარ - ეული

მე და შენს შორის, მთვარევ, მანძილი თეთრად გაშლილი ღამის სუფრაა,
არ სჩანს ვარსკვლავნი, შენ ხარ თამადა, მთავაზობ წვიმას... იგი სუფთაა,
სუფთაა, როგორც გულები ჩვენი, წვიმიან ღამით გზებზე დაღლილი,
დავლიოთ, მთვარევ, და ვიქეიფოთ, სანამ ამოვა მზე გარდაცვლილი.
იმ სიყვარულის დავლიოთ, გინდა? მე და შენს გულებს ხსოვნად რომ დარჩათ,
ჩემი წარსულის დავლიოთ, მთვარევ, ჩემი ასაკი მტრებისთვის არ სჩანს.
შენ გახსოვს, მთვარევ, როცა მე გავჩნდი, შენად მიმიღე, წვიმა მაპკურე,
ცრემლები სიცილს შეაყვარე და ჯვარი დამწერე, ქალად მაკურთხე.
გახსოვს, ლექსები მე რომ მიყვარდა? გახსოვს, ტირილი, ჩუმი, უთქმელი?..
დედა და მამა მარტო მტოვებდა, შენ არ მტოვებდი, გზას მინათებდი
და თენდებოდა, მზე მწვავდა დღისით, ღამეს ვეძებდი, შენთან მინდოდა
მთელი ცხოვრება, მიყვარდა ღამე და შენი უხმო გამობრწყინება...
ახლა მარტო ვარ მცივანი ღამით და შენთან ერთად სუფრასთან ვზივარ,
მასმევ და მათრობ წვიმის წვეთებით... იმ სიყვარულზე ნურაფერს მკითხავ.
ხო, მე იმ გრძნობით დაჭრილი დავალ, მოგონებებით მტკივა ხსოვნები,
ყველა, ვისთვისაც გული გავაღე, მიდიან ჩემგან, მე მათ ვშორდები...
ვერ ვაპატიე ღალატი მასაც და ვერც მეგობრის ღიმილს ვერ ვენდე,
მოტყუებული სუფრის თამადა, მთელი ცხოვრება ვეძებდი ღმერთებს,
დამრჩნენ წვიმები, შენ და ეს ღამე, ერთფეროვნება კვლავ გათენების,
შენ ერთედერთი მეგობარი ხარ, ვისიც მჯერა და ვისაც ვნებდები.
ყველა იძინებს, ყველა იღლება, ყველას რაღაცა სჭირდება, ვიცი,
შენ არაფერი არ გითქვამს ჩემთვის და მე უთქმელად კვლავ შენი მესმის.
ღმერთთან ახლოს ხარ, მინათებ რწმენას, წვიმაში მბან და მეალერსები,
არვინ არ იცის, რა არის ლექსი, მე რომ ვწერ ახლა და შენ რომ გესმის...
მოდი, დამისხი, რაზე შევჩერდით, ეს ხვალინდელი ღამის დავლიოთ,
ხომ მოხვალ, ისევ დაგელოდები, შენც არ დამტოვო, არ გადამრიო...
,,მეცეკვე, მოდი, მომხვიე ხელი, ხარ ჭეშმარიტი თამადა სუფრის,
სადაც მე და შენ და თეთრი ღამე, წვიმით დამთვრალნი ერთმანეთს ვეტრფით“.




შენში

მე თუ მექნება შენში სახლი,
რომელშიც თბილა.
აღარ ვიქნები მარტო,
რომ გათენდება დილა.
სახეს შეახებ ხელებს,
გახსნი დარაბებს სულის
და არნახული, ჩვენში,
ისუნთქებს სიხარული.
სახლში გვეწვევა წვიმა,
სახლში იქროლებს ქარი
და ჩვენ გვერგება წილად,
ბილიკი, ზღვა და ნავი.
სახლში იქნები შენ და
სახლი იქნება მშვიდი.
კუდმაკრატელა მერცხლებს
ექნებათ შენი რიდი.
მე შენში დავრგავ ვარდებს,
ათასწლოვანი ნერგის,
ღამით ავანთებთ სანთლებს,
ჩვენთან იცხოვრებს ღმერთიც.
შენ იავნანას მეტყვი
და მე - პატარა თევზი,
შემოვცურდები შენი,
ერთგულ თვალების ფსკერში.
ასე მინდა, რომ ვიყო, ხანა, ეპოქა წლები...
და მერე ალბათ უკვე,
არასდროს დავმთავრდებით.




წვიმებს გაასწარი

სახლში უშენობით დარჩა ყველა წამი
(კარის ბარიერი უნდა გადავლახო),
ყოველშემთხვევაში, წვიმებს გაასწარი,
თუკი არ გინდა, რომ ცრემლი დაგანახო.
სახლი, სადაც თავი ჩვენ ჭერს შევაფარეთ...
სადაც გაებზარა ხმასაც ამბოხება,
ისე აბალახდა, ვითომ არაფერი.
ჰოდა, ცოტა ხანში, სული ამოხდება.
შენ კი ჩაატიე მომცრო ჩემოდანში:
,,ერთი ცხოვრება და ორი მარტოობა"...
შენს ჩრდილს კედლებიდან მზეც კი ვეღარ აშლის,
გასდევ მოგონებებს ლაიტმოტივებად.
მე კი ნებისყოფამ ისევ მიღალატა
(ხელში მიკავია ძველი ბილეთები),
სადაც უნდა ვიყო, იქაც აღარა ვარ,
ჯერ არ წასულხარ და უკვე მენატრები.











თუ მეყოლები

მოდი, ჩამეკარ გულში ტკენამდე,
დრო უშენობის განაჩენია.
ჩემი თვალების ჩამქრალ კელაპტრებს
სხვისი სინათლე ნუ გირჩევნია.

მოდი, დამადე თავი მუხლებზე...
დავწყვიტოთ მკლავებს აპეურები.
სხვის სატრფიალოს, თუნდაც მუხამბაზს,
გერჩივნოს ჩემი საყვედურები.

გელი, ძვირფასო, სიზმრად და ცხადად
(თვალები ჩემი - შენი მსტოვრები),
მეორედ მოსვლაა? არ მიღირს ცდადაც,
სხვა სიცოცხლეში თუ მეყოლები.













მინდა მჯეროდეს

მე დავიღალე ფიქრით წუხელის,
ყველა უმთვარო ღამე გავრითმე,  
ჩამოთოვლილმა ბროწეულებმა
როცა წითელი სული გაითბეს...

დამტვერილ სხვენში აბლაბუდების
კაბებს იქსოვდნენ მერე ჭინკები  
და მომავალში, რადგან დაბრუნდი,  
ვეღარ გითხარი, როგორ მჭირდები.

სხვის გასაგონად როცა ვყვიროდი,
ვერ მივაღწიე ვერც ერთ მიზნამდე  
და ლოლოების შაქარყინულით
ზამთრებმა ჩემში გამოიზამთრეს...

ყველა თემაზე ვისაუბრებდი,  
არ წარმოადგენს მგონი პრობლემას,
ბეღურასავით გისვამ უბეში
და გული ისე გესაუბრება.  

მინდა მჯეროდეს მართალი რომ ხარ,
სულაც არ მინდა, გავხდე გულგრილი...
თუმცა, როდესაც საეჭვოდ სდუმხარ,
მანგრევს დუმილის ჭექა-ქუხილი.


ჩემი უშენობა

მოდი, დაალაგე დარდი,
ტაბლა გაშალე და ხონჩას
მარილმობნეული მადლით,
ცოტა ოცნებაც თუ მორჩა.

მისხალს ვამყოფინოთ იქნებ.
ხმაში შევურიოთ სევდა
გრძნობას, ერთმანეთზე ფიქრის,
ჩვენი მარტოობის სვედან.

მხარზე მომაყრდენი თავი.
ღამე დაეკიდა გიშერს.
ცაა დეკემბერით მთვრალი
და ჩვენ ვარსკვლავებით გვიშენს.

სადმე წაგიყვანდი ახლა,
ზღაპრულს აგიგებდი კოშკებს,
ვიდრე ფესვებიდან გახმა,
ვიდრე ტოტებივით მოსჭრეს

ჩემი უშენობა, კარგო.
დამაქვს დამტვრეული ფრთები.
გეძებ, გპოულობ და გკარგავ,
ვკვდები, უშენობით ვკვდები.

ბრბოს ის ურჩევნია ვძულდე,
ჩვენ რა გვირჩევნია - ვიცით...
ცრემლი, ჯერჯერობით, უძლებს
პირზე ამოტეხილ სიცილს.

ოღონდ კარგად მყავდე შენ და
წვიმას შევაგროვებ საცრით.
ან მხნედ დავუწვები ურდოს,
ფეხქვეშ მონღოლის და თათრის.

შენ მზეს გაუღიმე ვიდრე,
გრძნობა სასწაულებს სჩადის.
გულში ჩამეღვარე სითბოდ,
სულში დაისივით ჩადი...


თვალები

გასცდი დერეფანს, რკინის კარებს,
რომელიც ახლა, ამ სამყაროს შენიდან გაჰყოფს,
გამიჯნავს და ერთ ფანჯარაში ჩაატევს ღრუბლებს,
როგორც ცოდვის ხილს, ანუ ცოდვის აკრძალულ ნაყოფს.

და აშტერდები ჭერს, რომელზეც დაეკიდა შენი თვალები,
როგორც იმ ვიწრო დერეფანში, რომელსაც გასცდი...
და ჯერ არ იცი ცოტა ხანში ფერისცვალების
წყურვილი მლაშე, სისხლიანი შეგრძნებით დაგცლის.

და მოგროვდება ქვის წვიმები წარმოსახვაში,
რადგან ყველაფერს ახლა უფრო სველი გემო აქვს,
უეცრად ვიღაც მკლავზე (ისე, როგორც თამაში)
წყლის წვეთებს გასხამს და სიგრილე შენში შემოაქვს...

ჭერზე დაეძებ საკუთარ თვალებს,
იქ აღარაა, სადაც დატოვე...
და მოდის ტალღა უცნაური, გულს რომ აჩერებს,
მოდის და გარტყამს, მკერდზე გიჭერს თავის მძლავრ ტორებს.

აღარაფერი აღარაა! არაფერს არ გრძნობ...
მორჩი, დამთავრდი ისე, როგორც ყველა მთავრდება!..
მაგრამ კედელზე რაღაც თბილს და ძალიან ნაცნობს
ხედავ და გჯერა, არ დაგტოვეს უფლის თვალებმა.

კედლიდან ორი ანთებული სანთელი გიცქერს
და თითქმის იცი, ყველაფერი კარგად იქნება.
ამ მზერას სხვა დროს ღრუბლებივით მიჰყავდი ცისკენ
და გაბრუნებდა მერე ისევ უკან წვიმებმად.

გამოღვიძება! ხმისმიერი... ანუ გადარჩი...
ცოცხალი ხარ და გაგრძელდება დამღლელი ყოფა
და იქ, კედელზე, ის თვალები უკვე აღარ სჩანს,
ცოტა ხნის წინ რომ გაგონებდა რატომღაც უფალს.

ცოცხალი ხარ და ანუ ,,ახლა იცი - გადარჩი!"
(კალიდორივით ვიწროვდება თეთრი ოთახი)
და ელოდები იმ სიცოცხლის ახალ განაჩენს,
რომელიც წეღან ღრუბლებს გაჰყვა ცაში ცოტა ხნით...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge