ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
კონსტანტინე კაპანაძე - ორი მოთხრობა
მეექვსე დღე მარტისა
1
ზამთრით გათანგულ ქუჩაზე გაზაფხული ყვავილდებოდა. ცივ, გამთოშავ ნიავს ნელ-ნელა და ნება-ნება ჰაეროვანი, სურნელოვანი სუნი მოჰქონდა. ისინი სკოლას მორჩნენ და სენდვიჩების საჭმელად გაეშურნენ. მოწმენდილ, კამკამა ცაზე გამოზამთრებული მზე ეკიდა. არკადან რომ გამოვიდნენ, სახეში შეანათა და შალვამ თვალები მოწკურა, მერე კისერი მარჯვნივ გასწია. ირაკლის ქამელეონი სათვალე ეკეთა. ქუჩაზე შედგნენ. ჭადრები მზის სხივებს მეტ-ნაკლებად ფარავდა. სიცივემ იმატა. ადამიანები მიდი-მოდიოდნენ. სიცოცხლე ჩქეფდა, როგორც პირველად შეყვარებული გული.
სანამ სკოლის ეზოს გამოივლიდნენ და ხალხში გაერეოდნენ, ბოლო ზარზე და ბანკეტზე ისაუბრეს. შალვა, თავისი ასაკისთვის, მეტად მაღალი და მხარბეჭიანი იყო. თაფლისფერ თვალებისა და ჭვინტწამახული ცხვირის გამო სკოლის გოგოებს მოსწონდათ და ასევე, იმიტომ, რომ ქალის შეურაცხყოფას არავის არჩენდა და თითქმის მუდამჟამ ვაჟკაცობის შარავანდედს აფრქვევდა. ერთხელ, როცა სკოლის ეზოში ირაკლი და შალვა სიგარეტს ეწეოდნენ, მასწავლებლებმა ჩაიარეს. დამრიგებელი დიდი ენთუზიაზმითა და თავდაჯერებით ირწმუნებოდა, რომ ბუფეტში დაჩაგრულ ბიჭს ირაკლი ან შალვა აუცილებლად გამოექომაგებოდა... ირაკლიმ უნებლიედ ყური მოკრა. კედელზე მიბჯენილი ზურგი და მარჯვენა ფეხისგული ჩამოიღო, დაუცადა მათ დაჯდომას საცხობთან და ამაყად მივიდა:
- ველაპრაკეთ, - შალვას გახედა, - ველაპარაკეთ და ხვალ ბოდიშს მოუხდის.
- ა, ხედავ შენ, რამხელები არიან უკვე! - ხმამაღლა და ყველას გასაგონად თქვა დამრიგებელმა.
ირაკლის ქუჩური ლაპარაკი უჭირდა. არასდროს უშლიდა ხელს შალვას. უკან ან გვერდით ედგა ხოლმე და გაფაციცებული ელოდებოდა მუშტის პირველ მოქნევას. შალვა კი მის გარეშე ლაპარაკს ერიდებოდა, იცოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, არ მიატოვებდა და ბოლომდე შეაკლავდა თავს. რასაკვირველია, მისი იმედი აურაცხელ ძალას სძენდა საქმის გარჩევის ჟამს. ირაკლი, ასაკის შესაფერისად, არც მაღალი იყო და არც დაბალი. მუქი ფერის კანი ჰქონდა, ძლიერ მარტივად იღებდა რუჯს. სქელი და მოკლე ცხვირის, აგრეთვე განიერი, გამოწეული შუბლის ფონზე, მართკუთხედშუშიან სათვალეს ხმარობდა.
ადრე, მანამ ასე თუ ისე სიჭაბუკეში ჩადგამდნენ ფეხს, სკოლიდან მოშივებულები შინ დასანაყრებლად თავქუდმოგლეჯილები მირბოდნენ, ახლა კი, სახლის ნაცვლად, სკოლის გვერდზე სენდვიჩებს შეექცნენ და სინები რომ დაალაგეს „Subway”-ის წინკარში, ზურგჩანთები ცალ მხარზე გადაიკიდეს და როგორც კი კარის ზღურბლი გადაკვეთეს, სიგარეტს გაუკიდეს და ნეტარად ამოიხვნეშეს.სწორედ ამ დროს გადასასვლელი თაზომ გადმოიარა და ძალაუნებურად შეეფეთა.
- სალამი ბიჭებს!
თაზო გამხდარი და საშუალო სიმაღლის იყო. მარჯვენა ყურზე პატარა ოქროსფერი ოვალური საყურე ეკეთა, რომელიც მის მუქ თეთრ კანსა, მარცხნივ გადაწეულ შავ თმასა და ღია ყავისფერ თვალებს, არ უხდებოდა.
- სალამი, სალამი! - შალვამ გადაკოცნა და ჩაეხუტა.
- რას ჩალიჩობთ,სკოლა მოგირჩათ?
- კი, ახლა ვიკიშკავეთ და გავიშლებით.საკაიფოდ მეძინება.
- ჰო, მეც ახლა მოვრჩი უნის. - ცხვირპაჭუა ცხვირზე საჩვენებელი თითი მოისვა.
- პირველ კურსზე ხარ, ხო? - კითხა ირაკლიმ.
უკანასკნელი ნაფაზები დაარტყეს და ნამწვი ძირს დააგდეს.ფეხით გასრისეს. ჭადრებიდან შუადღის მზის სხივები იპარებოდა და „Subway“-ის კარზე სუსტად ტყდებოდა. ნიავმა ოდნავ აუშრიალა თაზოს თმა და წელზე შემოხვეული მწვანე ქურთუკი ჩაიცვა. მას კრემისფერი შარვალი, მწვანე ბოტასები და წითელი თხელი გრძელმკლავიანი მაისური ეცვა. ქურთუკი რომ ჩაიცვა, შუა ტროტუარზე დადგნენ, რადგან გამომსვლელებს და შემსვლელებს აფერხებდნენ. უცბად რამდენიმე კურიერმა სიგნალ-სიგნალით ჩაუქროლეს.
- ხო, პირველ კურსზე ვარ. მაიტა ერთი ღერი, რა, - და გაშლილი მაჯა გაუწოდა.
- გრძნობ, შალვა, გაზაფხული მოდის, გაზაფხული. რა სასიამოვნო სუნი მოვიდა. გაზაფხულის სუნი!
თაზომ შარვლის ჯიბიდან ცისფერი სანთებელა ამოიღო. პირშიგათხრილი სიგარეტი სანთებელასთან მიიტანა. მარცხენა მაჯა მოაფარა.
- ვერა, მარა კია დღეს, შეჩემა, ექვსი მარტი.
- შალვა, - მოუკიდა და სანთებელა დააბრუნა, - ორი წუთი გვერდზე გამო. საქმე მაქვს, რა. - ბოლი გამოუშვა.
- მოვალ ახლავე, - უთხრა ირაკლის.
ტროტუარიდან ორი არკა მიედინებოდა. ერთი სკოლაში შესასვლელი, წითელაგურებიანი, ხოლო მეორე - თეთრი, უფრო განიერი და მაღალი, რომელიც უბანში მიგიძღვებოდა. მათ შორის კი „Subway“-ი, ორი სხვადასხვა ბანკი და საიუველირო მაღაზია იყო. ირაკლიმ მშენივრად ჰკიდა თვალი, რომ თეთრ არკაში შეუხვიეს.
იგი პირნათლად ელოდებოდა. იმაზე დიდხანს მოუწია ლოდინი, ვიდრე უნდა დალოდებოდა. გაიფიქრა, რამე ხომ არ მოუვიდაო, მაგრამ მიხვდა, რომ არავინ გამოქცეულა, რომ ღრიალი, ყვირილი არ გაუგონია და წამიერმა სიმშვიდემ მოიცვა. მერე კვლავ მღელვარება ეწვია და მიუხედავად იმისა, რასაც გამოცდილებიდან მიხვდა, ზურგჩანთა „Subway“-ში დატოვა, სკოლის ეზოში დამალული შალვას კასტეტი აიღო და ნელი და მძიმე ნაბიჯებით დაიძრა. არკაში რომ შეუხვია, ვერავინ დალანდა. შინაგანი სიმხურვალე მოემატა. ცოტა კიდევ გაიარა და ორი სხვადასხვა ბანკის უკანა მხარეს, როგორც იქნა, შალვას მოკრა თვალი. შინაგანი სიმხურვალე ჩაჩუმდა, ჩაილურსა. ზამთრის ტრადიციული სიცივე დახვდა. მაღალი კორპუსები შუადღის მზეს ფარავდა და საღამომდე ასე იქნებოდა. შემდეგ დედამიწა დატრიალდებოდა და მზეც მოადგებოდა, თუ ისევ ეკიდებოდა ცაზე... იგი უახლოვდებოდა, თან პალტოს ფართო გულისჯიბიდან კასტეტი ამოიღო და ზურგს უკან წაიღო. რაწამს დაინახა შალვამ, ბიჭებს გამოეყო და მიირბინა.
- რა ხდება, შეჩემა? - და მალულად კასტეტი მისცა.
შალვამ ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო და ელვა-შესაკრავით შეკრა.
- შეჩემა, უნივერსიტეტში გოგოს პონტში შელაპარაკება მოსვლიათ და პოლონელმა აქ დაიბარა. - ბერეტი მოიხადა.
- პოლონელმა? - გაიკვირვა და გაიცინა - პოლონელის პონტში რომ იხიპიშებ კაცი...
- ხო, შეჩემა. ცხრა წლიდან თბილისში ცხოვრობს. აქ რამ ჩამოიყვანა, კაცი პოლონეთიდან აქ რომ ჩამოხვალ საცხოვრებლად, - ხელი აიქნია.
- რჩები შენ? - კითხა სერიოზული სახით.
- კი, თაზოს ვერ მივატოვებ!
- ხარაშო, მეც ვარ იასნად. - მამაცურად უთხრა.
- მოკლედ, - უკან გაიხედა, - შენ არაფერ შუაში ხარ, ამიტომ განზე დადექი და თუ დავარტყი მოდი, თუ არა, ყლეზე დაიკიდე და რომელიმე გაქცევის ხოდი და შეხვედრის ადგილი.
როგორც ფეხბურთში იტყვიან ხოლმე, სახლში იღებდნენ მეტოქეს. ყმაწვილობიდან მოყოლებული საქმეს აქ არჩევდნენ. გადასარევად იცოდნენ სამი გაქცევის გზა: კედელზე გადაძრომა, საიდანაც სკოლის ეზოში ხვდებოდი, ფარეხებს შორის გაძრომა და სადარბაზოს გავლით ქუჩაში გასვლა.
- დავაი, მიდი, ეგრე ვქნათ.
პოლონელი და უცხო ბიჭები გაიცნო. პოლონელს ქართულად გამამხნევებელი სიტყვები უთხრა. მერე ყველას მოახსენა, რომ სადარბაზოში დაიმალებოდა და ეგრევე ქარიშხალივით მოვარდებოდა. მათი ჩათვლით ექვსნი იყვნენ.
უცდიდნენ... თაზო ბაქიაობდა და შალვას გვერდზე დგომისთვის მადლობებს სწირავდა. უცდიდნენ....და მაღალი, შავგვრემანი პოლონელი წამდაუწუმ აწიტებდა... შალვასა და ირაკლის გარდა, სული უკაწკაწებდათ. ჯერ ერთმა ქალმა, შემდეგ მეორე ქალმა აივნიდან იკითხეს, ხო მშვიდობააო... სულის კაწკაწში მოპედზე ამხედრებული მსუქანი და თავგადაპარსული ბიჭი შემოვიდა, აქეთ-იქით მიმოიხედა და გაბრუნდა. დაფრთხნენ... ირაკლი სადარბაზოში იმალებოდა, თან მზერას შალვას არ აცილებდა, ისე იმალებოდა, რომ კაციშვილი ვერ დაინახავდა. მსუქანი და დაბალი ბიჭის გაბრუნებიდან ათიოდე წუთში მოპედები შემოლაგდა და გადმოლაგდნენ... ყველა ქაჩალი იყო და ან შავ-თეთრ ზოლებიანი ან ლურჯ-თეთრ ზოლებიანი გრძელმკლავიანი მაისურები ეცვათ, ფეხზე კი ბენსიმონები ან მარჯიელეი და მოდიოდნენ, როგორც სიკვდილის მოციქულები, მიწა ბორგავდა, ხვნეშოდნენ. ისინი კედელზე აიტუზნენ. შეიქმნა ხმაური, ალიაქოთი. ქალი აივანზე გადმოეკიდა და ყვიროდა, პოლიციას ხომ არ გამოვუძახო, პოლიციას ხომ არ გამოვუძახოო... მოხუცი კაცი გამოეხმაურა, რას ჩადიხართ ახალგაზრდებოო და როცა პირისპირ აღიმართნენ და სახეში ჩახედეს, თაზოს სული ფეხებში გაეპარა და კედელზე გადაძვრა. შალვა გაჰყვა. მერე ერთი-ორი სიტყვა გაცვალეს და ის-ის იყო მოხუც კაცს კიდევ უნდა ეღრიალა, რომ ქაჩალიანებმა დრინები, პატარა ბეისბოლის ბიტები, კასტეტები ამოალაგეს და უმოწყალოდ, თითქოს ამა ქვეყნის ბოროტება მხოლოდ მათში ბუდობა, კედელზე ატუზულებს ეცნენ. დაენარცხნენ. პოლონელმა გაქცევა მოახერხა და ისე გაეკიდნენ, როგორც დამშეული ძუ ლომი მომავალ ნანადირევს. ირაკლი ტროტუარზე გავიდა და წითელაგურებიან არკაში შევიდა. ისმოდა ქალების უსაშველო მოთქმა-გოდება, რომელმაც სკოლამდე მიაღწია. ატყდა ვაი-ვიში...
2
ამტყდარი ვაი-ვიში არ ცხრებოდა, ბუინობდა და ბუინობდა... ირაკლი უკვე ფანჩატურს გასცდა და იქ, სადაც სიგარეტს აბოლებდნენ ხოლმე, დამრიგებელს და კლასელის დედას მოკრა მზერა. ნელ-ნელა მზერაში ფარეხის წინ ჩამომჯდარი შალვა გამოიკვეთა.
- რას აკეთებდი, შალვა, რატომ იყავი? - კითხა დამრიგებელმა.
დამრიგებელი დაბალი ქალი იყო. შავად იღებავდა თმას სულ. პირველი კლასიდან მოჰყვებოდა.
- აჰა, ესეც მოვიდა. სულ გადაიერიეთ? პოლიციას გამოუძახეს! - აჰყვა კლასელის დედა, რომელიც ინგლისურს ასწავლიდა.
- არაფერი მომხდარა. მივედით და წამოვედით. დიდი ამბავი. - თავდაჯერებით უპასუხა და შალვა წამოაყენა.
- ბედი თქვენი, რომ გადარჩით! - დაიყვირა ინგლისურის მასწავლებელმა.
- კარგი, რა! - გაბრაზდა შალვა-მისასვლელები ვიყავით და მოვედით. ვერ გაიგებთ თქვენ, შეგვეშვით.
შორიდან სირენების ხმა მოისმა. არკისკენ დაიძრნენ. ფანჩატურში სამი თეთრ-ზოლებიან მაისურიანი ბიჭები ისხდნენ. შალვამ გახედა, მაგრამ სვლა განაგრძო. მასწავლებლებმაც შეამჩნიეს. ოდნავ მოშორდნენ თუ არა,კლასელის დედა ადგილზე გაშეშდა და იკითხა:
- ესენი იყვნენ?
დუმდნენ.
- ესენი იყვნენ? - მეთქი.
კვლავ დუმდნენ.
- ესენი იქნებოდნენ, ნათია. - უპასუხა დამრიგებელმა.
ნათია შემოტრიალდა, ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და თითქოს ძაღლს აგდებდა, ფეხების ბაკუნს მოყვა და გაიძახოდა, აბა, ჩქარა მოუსვით აქიდანო...
- რას შვრებით, ქალბატონო ნათია? გვღუპავთ? - შალვამ მხარზე მოკიდა ხელი და შემოაბრუნა. გააჩერა.
- ჩვენ ხვალ, ზეგ შევხდებით მაგათ და უნდა იჭორავონ, რო მასწავლებლებმა შეიფარეს ამხელა კაცებიო?! - ცეცხლის ნაპერწკელბს ყრიდა ირაკლი თვალებიდან, - თქვენ ვერ ვხდებით, მაგრამ ჩვენ კაცები ვართ და სირცვხილია ეს, სირცხვილი! თავი მოგვჭერით უბანში!
- აი, ახლა მივხდი. შეეშვი ნათია. -თქვა დამრიგებელმა და როცა ქუჩამდე მიაცილეს, სკოლაში მიბრუდნენ.
ფანჩატურში აღარ ისხდნენ.
შოპენი
1
სხვათა შორის, პირველად ვესტუმრე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშობიდან ვმეგობროდბით.
მესამე სართულზე პიანინოს ხმა მომესმა. აქეთ-იქით მიმოვიხედე, თითქოს პიანისტს დავლანდავდი. ხელში წითელი ღვინის ბოთლი და ქოთნის ორქიდეა მეჭირა. სახლში ვიწექი და ვფიქრობდი, რომ სტუმრად ხელცარიელი მისლვა სირცხვილია. უკვე სახლს ვტოვებდი, როცა დედაჩემმა საჩუქარზე მკითხა. უღიმღამოდ მოვახსენე, რომ ბოთლი წითელი ღვინოს ყიდვას ვაპირებდი. დედა ჩაფიქრდა, ერთი-ორი გაიარ-გამოიარა და ხმამაღლა შესძახა, ყვავილები, ჰო, ქოთნის ორქიდეა უყიდეო და ვდგავარ ახლა წითელი ღვინოს ბოთლით და ქოთნის ორქიდეათი კართან.ვერ მოვისვენე, ვერ მოვითმინე და ნაადრევად ვეწვიე, ისე ნაადრევად, რომ მასპინძილის ოჯახის ყოფა ასე თუ ისე შევისუნთქე. დავაკაკუნე.
მასპინძელი ერთი ახალგაზრდა, გამხდარი და შავგვრემანი გოგო იყო. რატომღაც მოაფიქრდა, რომ ძველი მეგობრები, უფრო სწორედ - ბავშობის მეგობრები, რადგან იგი უნივერსიტეტს ამთავრებდა, შინ დაეპატიჟებინა და ზამთრის კვირა საღამო ამაღლებულ ნოტაზე გაეტარებინა, თან თოვდა იმ დღეს, ოჰ, ისე ლამაზად და მიმზიდველად, ადამიანის მარტყო ყოფნა დანაშაული, საცოდავობა რომაა. რა საკვირველია, თოვლსაც მიუძღვოდა წილი მონატრებასთან ერთად. ჩაი, შოკოლოადი, ხილი, თოვლი და ადამიანები. მას ქათარუ ერქვა.
- გეშთუუუ, - ხელები გაშალა ქათარუმ.
ჯერ საჩუქრები გავუწოდე და მერე გადავკოცნე.
- დიდი მადლობა. რატომ შეწუხდი? - და მისაღებში გაიტანა.
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სახლში. - ვთქვი და სამზარეულოში შევიჭყიტე, რომელიც შემოსასვლელის მარჯვნივ იყო და არც კარი ფარავდა და არც ფარდა.
დედამისი შემომეგება. ლურჯი ხალათი და თეთრი ჩაფუთნული ფლოსტები ეცვა. ცისფერი დაღლილი თვალები. თეთრი მხედველობის სათვალე. წითლად შეღებილი თმა. დასიებული წვივები.
- მოდი, შვილო - ხელი მომხვია - აბა ისაა საქმე, ამდენ ხანს რომ მეგობრობთ და პირველად ხარ ჩვენთან?! - გამიღიმა და წინ წამიძღვა - აი, მოკლათდი, დაჯექი. მოვალ მალე. ყვავილოვანი კობოსტო არ მიმეწვას. მიდი, მიდი.
ქურთუკი შემოსასვლელში დავკიდე. სიგარეტი და სანთებელა ჯინსის ჯიბეში მედო. ქათარუს ვკითხე,სად მოვწევ-მეთქი და აივანზე გამიშვა. აივანი გადახურული იყო. ოჰ, რა დიდებულად თოვდა... სქელი თოვლი. შევიწროვებული ვიდექი. უამრავი საყოფაცხოვრებლო ნივთები ეყარა: პლასმასის ჯამები, დოქები, ცოცხი, იატაკის ჯოხი, ტაშტები. საფერფლე ქათარუმ მომიტანა. კარტოფილისა და ხახვის პლასმასის შეშა დადო. ლურჯი საფერფლე. შემოვბრუნდი და სიგარეტს გავუკიდე. სამზარეულოს გავლით შემოსასვლეს ვხედავდი. შემოსასვლელის კუთხეში ფერდაკარგული და ძირამძრვალი სარეცხი მანქანა ედგათ. როცა შემოვაბიჯე, რა თქმა უნდა, გამომრჩა. სამზარეულოში ქეშთუს დედა და ძმა ტრიალებდა. მაცივარი ძველი, ოდნავ გაყვითლებული. ხის რამდენიმე სკამი. ოთკაციანი მაგიდა. ასევე ხის. დედა ლობიანს ჭრიდა. ძმამ რომ შემამჩნია, გამოემართა. ეზოში ბავშვები გუნდაობდნენ.
- გეთშუ, - გავუღიმე, ხელი ჩამოვართვი და ნაპაზი დავარტყი.
- მე ქათარუს ძმა ვარ, შახათუ.
- სასიამოვნოა. - სიგარეტი ჩავაქრე.
- შემოდი, შემოდი.
აივნის გასასვლელთან დივანზე დავჯექი, საუთავებელთან და პიანინოსთან ძალიან ახლოს. მეორე პიანინოს მისაღებში მოვკარი თვალი, თუმცა პიანინონებს შორის მანძილი ჰა-ჰა შვიდი ან რვა ნაბიჯი ყოფილიყო. ქათარუმ გადასაფარებელი მოიტანა და საუთავებელზე გაშალა.
- შახათუ, მიდი, შოპენის მესამე ეტიუდი დაუკარი. - გასძახა სამზარეულოდან დედამისმა.
- როგორ მიყვარს ეს ეტიუდი. - გამოვიდა და კედელს მიეყრდნო. ქათარუს უკან ამოუდგა.
ქათარუმ ალუმინის ჯამი მოიმარჯვა და გადასაფარებელს წყლით ნამავდა. მე ვიჯექი და პიანისტს ვუცქერდი. ქათარუს პატარა და ფეხებთან მიეწება. დედამ თეთრი სათვალე მოიხსნა და დაღლილი ცისფერი თვალები გაუნათდა. ტაფაზე ყვავილოვანი კობოსტო და კარტოფილი შიშხინებდა. სქლად თოვდა. შახათუ შოპენს უკრავდა...
2
- არაუშავდა.შემდეგზე ცონა ნელა დაუკარი.-უთხრა დედამ.
- სიმართლე რომ გითხრათ, ძალიერ ვისიამოვნე. - მხარი ავუბი შახათუს.
ქათარუმ გადასაფარებელს უთო გადაატარა. მისი და სამზარეულოში შევარდა.
- ვაიმე, კარტოფილი არ დამეწვას. მოვალ ახლავე.
მერე ერთი-ორჯერ ისევ გადაატარა უთო და საუთავებელი აკეცა.
- რახმანინოვს უკრავ? - ვკითხე.
- აუ, ერთხელ დავუკარი კონცერტზე და აღარ დამიკრავს საერთოდ. დამავიწყდა. ნოტებიც არ მაქვს.
შახათუ მაღალი ბიჭი იყო. კონსერვატორიაში სწავლობდა. შავი გრძელი და სქელი თმა. მუქი კანი.
- არადა ისე მიყვარს რახჰმანინოვი. აი, ლუგანკის შესრულებული ელეგია, უფ, საოცარია.
- ჰო, მაქამდე ბევრი მიკლია. - ჩაიცინა - ვივარჯიშებ ახლა ცოტას. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- არა, არა, პირიქით.
დინჯად უკრავდა. ჩემს მარჯვნივ ორსართულიანი საწოლი და პატარა დაბალი მაგიდა იდგა, რომელზედაც ვერცხლისფერი ლეპტოპი იდო. კედელში წიგნებით გატენილი ორი სათავსო შევნიშნე. მივიხედ-მოვიხედე. თეთრი გაცრეცილი ფანრჯები და ალაგ-ალაგ ამძვრალი ყვითელი შპალიერი.
- ნახე, დედა, გაშთუმ ორქიდეა და ღვინო მოგვართვა.
დედამისი მომიჯდა.
- ვაიმე, გაიხარეთ, მადლობა. ახლა მსურდა ყიდვა და ვერაფრით მოვახერხე. - ქოთანი დაიჭირა, მერე ძირს დადო. - როგორ გამახარეთ.
ქათარუ სამზარეულოში შევიდა და შემწავრი კარტოფილი და ყვავილოვანი კომბოსტო ტაფიდან გადმოიღო. ჭიქებიც გააწყო მაგიდაზე. ძმა აყვა, თეფშები და დანა-ჩანგალი მიუწყო ჭიქებს.
- თქვენ სწავლობთ?
ქეშთუს დამ ჩაგვიარა. არც შემოგხვედა. ტელეფონს ჩაკირკიტებდა.
- დიახ, ფილოსოფიაზე, მაგრამ ფილოსოფოსი, დამერწმუნეთ, არა ვარ.
- ამთავრებთ, ხომ? - ფეხი ფეხზე გადაიდო. სათვალე მოიხსნა.
- დედა, მალე სხვებიც მოვლენ. - უთხრა ხმადაბლა ქათარუმ და კარადის უჯრიდან სალფეთკების შეკვრა ამოიღო.
პატარა დამ ორქიდეა აიღო. დედამისის საძინებელში გაიტანა.
- ვამთავრებ, კი. ეს წელიც და დავამთავრებ. აი, მერე რას ვიზამ არ ვიცი.
- ჰო, ისე სასაცილოა ძალიან, დაამთავრებ ბაკალავრს და ფილოსოფოსი გიწერია დიპლომში. სასაცილოა.
- ხო, მეც მეცინება. -ნაძალადევად გავუღიმე.
- ერთი ის ვიცი, რომ ფილოსოფიაში დისერტაცია რომ დაიცვა და პროფესორიც გახდე, მაინც ვერ იქნები ფილოსოფოსი. ფილოსოფოსი სხვაა, სხვაა. შინაგანად უნდა იყო ეგეთი. კია სავსე უნივერსიტეტები ფილოსოფიის ისტორიკოსებით.
კაკუნი გაისმა.
- დედააა, მოვიდნენ. - დაიყვირა ახათუმ.
ახათუს გავყევი. თვალს მჭრიდა მათი ბიბლიოთეკა. ყველგან წიგნები, წიგნები და კიდევ წიგნები. კედელზე ოჯახის პორტრეტი ეკიდა. შვილები სკამებზე ისხდნენ, ფონს კი დედ-მამა უმშვენბდნენ. ერთ-ერთ თაროზე სამი გიტარა ეწყო. შახათუს თურმე ვაიფაის პაროლი ქაღალდზე დაეწერა და წიგნის თაროს შუშაზე მიუკრას.
ვივახშმეთ. სქლად თოვდა. ახლა ჩაის მივირთმევდით შოკოლადისა და ხილის თანხმლებით. სარწეველა სკამზე ეთული იჯდა. მისაღებში ვიყავით. სანამ ვახშამს მოვათავებდით, შახათუმ შოპენი ისევ დაუკრა, ისევ დედამისის თხოვნით, ანდა თხოვნანარევი ბრძანებით. ბევრი ვიმუსაიფეთ. ქათარუს დედა ხან შემოგვიერთდებოდა, ხან კი სამზარეულოში ფუსფუსებდა. ჩაიზე დაგვწევია. ეთულუ მხარბეჭიანი ბიჭი იყო, თაფლისფერი თვალებით. ვახშმობის ჟამს ახათუ მოვიდა, ჩემი და გრძელთმიანი და ფართოგუგებიანი. წითელი ღვინო შევსვით. სამი ან ოთხი ჭიქა დავლიეთ. ქათარუს დედამ ახალგაზრდობა გაიხსენა და გაგავბრუა ისტორიებით. რა საკვირველია, გულისყურით ვუსმენდით. თურმე მას „პირველი მაკაბელთა“ და „მეორე მაკაბელთა“ უთარგმნია ახალ ქართულ ენაზე. ყურანზეც ვთქვით ერთი-ორი სიტყვა. მერე წიგნები გვანახა, რომლებიც მწერლება და პოეტებმა აჩუქეს, თან მინაწერებს გვიკითხავდა. ფოტოგრაფების ფოტოალბომებიც დაგვათვალიერებინა.
- აუ, შოპენის რევოლუციურ ეტიუდს უკრავ? - კითხა ეთულუმ.
- კი, კი. ზეპირად ვიცი. - და სკამიანად პიანინოსკენ შებრუნდა.
ქათარუს და ოთახიდან გამოვიდა. წიგნების თაროს ზურგით მიეყრდნო. ტელეფონი მაგიდაზე დადო. ქათარუს დედამ სათვალე მოიხსნა და მუხლთან მიიდო. შახათუმ დაკვრა დაიწყო. ეთულუ და ახათუ ერთმანეთს უმზერდნენ. ქათარუმ ფოტოაპარატი აიღო და ისე მოკალათდა, რომ კადრში ყველა მოვეხვედრებინეთ. შახათუ შოპენს უკრავდა... სქლად თოვდა.
ახალი სტატიები
სალომე გოგოლაძე - ლექსები 22:52თენგიზ გუმბერიძე - ზოგადეროვნული საკითხები ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკასა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში 01:09კარლ გუსტავ იუნგი - თანამედროვე საზოგადოებაში ინდივიდის გაჭირვებული მდგომარეობა (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 01:01ირაკლი ნადარეიშვილი - ზადენი (ფენტეზი) 20:57დაფნე დიუ მორიე - მისი მამა (თარგმანი - თამარ ნამგლაძე) 20:53გივი ჩიღვინაძე - ტოპონიმები, ამბები და ადამიანები 20:27გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა 19:46ირინა თოფურია - ლექსები 19:31
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ბექა ახალაია - ლექსები