გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გივი ჩიღვინაძე - ტოპონიმები, ამბები და ადამიანები

    
                         (ზემო იმერეთისა და რაჭის რამდენიმე ტოპონიმის ეტიმოლოგიისათვის)
ტოპონიმებს, როგორც ენობრივ მოვლენას, ადამიანები ქმნიან. თვით მისი საფუძველი კი ადგილებია, რომლებზეც მერე დამოკიდებული არიან როგორც შერქმეული სახელები, ასევე ადამიანები. ჩემი დაკვირვებით ტოპონიმებს ამბებიც ინახავენ. რა თქმა უნდა, ძველი, საინტერესო, გარდასული დროის ამბები. ეს ამბებში იშლებიან მათ სივრცეებზე და მათში ადგილის სახელებიც გაისმის... აქ ზემო იმერეთისა და რაჭის რამდენიმე საინტერესო ტოპონიმს წარმოგიდგენთ, რომელთა ეტიმოლოგიის დადგენა აქამდე არავის უცდია.
კრეჭია - კლდე, წყარო რაჭის ქედზე, უზუნთა-შქმერის გზაზე ანუ საჩხერე-რაჭის ახალ გზაზე. უზუნთასა და შქმერს შორის, ხიხათის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არსებობს ერთი მშვენიერი ადგილი - კრეჭია. ასე ჰქვია სათიბს, კლდეს, წყაროს და ტყეს. კრეჭიას წყალი ჯრუჭულას ერთვის. ბევრს აინტერესებს, რატომ ჰქვია ამ ადგილს კრეჭია. რაჭაში ასეთი გადმოცემა არსებობს: კრეჭიასთან რაჭველები წაჩხუბებიან იმერლებს, მერე დადევნებიან და ჯრუჭულაში ჩაუყრიათ. გამარჯვებულები რომ წამოსულან, იცინოდნენ, იკრიჭებოდნენ და ამიტომ დაერქვა ამ ადგილს კრეჭიაო (პაატა ცხადაია, ვიოლა ჯოჯუა, რაჭის გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. 2, 2005 წ.). ახლა იმერეთში ნათქვამი ვნახოთ: ორი რაჭველი მიდიოდა, დალიეს კრეჭიას წყალი და იქვე მინდორზე წამოწვნენ დასასვენებლად, ერთი წამოდგა და წავიდეთო, უთხრა თანამგზავრს, მაგრამ მეორე არ გაინძრა. პირველი დააკვირდა და კბილები ჰქონდა დაკრეჭილი, მომკვდარიყო ასეთი ცივი წყლის დალევის გამოო. ეს გადმოცემა ჩაწერილია სოფელ უზუნთაში ქალბატონ მანანა შეყილაძის მიერ (გივი ჩიღვინაძე, წინაპართა ნაცქერი სივრცეები, 2021 წ.). კრეჭიას წყალი ისეთი ცივია, რომ დალევ, კბილებს დაგაკრეჭინებსო, ასე ამბობენ მოხვაშიც.
ისე ნუ გაიგებთ, რომ კრეჭიას წყაროს დალევა მართლა საშიშია. ძალიან კარგი წყალია. მეც სიამოვნებით დამილევია. 
ალბათ, ამ ტოპონიმის მნიშვნელობა სხვაა, ანუ პირვანდელი სიტყვა გადასხვაფერებულია. ეს თქმულებები კი სიტყვის ახალი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს.
ჩემი აზრით, ტოპონიმი „კრეჭია“ ეტიმოლოგიურად უნდა განვითარებულიყო „კლდეჩია“ - დან, რადგან იგი უმეტესად კლდეს უკავშირდება: „კრეჭია - კლდე, წყარო (უზუნთა), კრეჭიაკლდე - კლდე (დურევი) (საქართველოს სსრ ტოპონიმია, ტ. I, ზემო იმერეთი, 1987 წ.). ხიხათის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც კრეჭია მდებარეობს, მართლაც შედარებით დაბალი, პატარა, ჩია, კლდე გვხვდება, განსხვავებით მის დასავლეთ და შუა ნაწილებისაგან. სხვათა შორის ამავე მთაზე მსგავსი ტოპონიმებიცაა - „კლდეშუა“, „კდითავი“, „კდიძირი“. ხოლო ზემო იმერეთის და რაჭის ტოპონიმებში ასეთები მრავლად გვხვდება. მაგ., ზემო იმერეთშია: კდეიცელი//კდეწითელი, კდეკარა, კდენავარი, კდეყანა, კდეყივანი და სხვა მსგავსები (საქართველოს სსრ ტოპონიმია, I, ზემო იმერეთი, 1987 წ.). რაჭაში დადასტურებულია: კდიახო, კდისწყალა, კდისშურო, კდეწითელა, კდისპირი, კდისგორა, კდეკარა, კდეუნა, კდეფიცარა, კდექვეში, კდეშავი, კდეწვეთია, კდისწვერი (პ. ცხადაია, ვ. ჯოჯუა, რაჭის გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. 1, 2, 3, 4, შესაბამისად - 2003, 2005, 2010, 2012 წ.წ.). ხალხურ მეტყველებაში „კლდეჩიადან“ სავარაუდოდ წარმოიქმნა „კლდეჭია“, შემდეგ „კრეჭია“.
    ისტორიულად კრეჭიასთან გამავალი გზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო იმერეთსა და რაჭის დამაკავშირებელ გზებს შორის. მერე მისი მნიშვნელობა შემცირდა, ბოლოს თითქმის აღარავინ იყენებდა. ახლა კი ახლადგაყვანილი მაგისტრალით ისევ მნიშვნელოვანი გახდა.
ამ რამდენიმე წლის წინათ, სანამ მაგისტრალი გაკეთდებოდა, მე და ჩემი მეგობარი, მწერალი, პროფესორი სოლომონ (სოლო) ტაბუცაძე იმერეთიდან ფეხით გადავედით რაჭაში სწორედ ამ გზით, მაგრამ სადღა ჩანდა ძველი გზა? ბილიკიღა იყო დარჩენილი და მასზეც მრავალ ადგილას შამბი იყო გადავლილი. ერთგან, სანამ კრეჭიამდე მივიდოდით, გზაზე ამოსული შამბი დათვს გაეკვალა, კარგა ხანს ევლო ამ შამბში და მის ნავალზე გაგვიადვილდა სიარული. აშენდა შენი ოჯახიო, ვლოცავდით მადლიერები დათვის სახლობას. მერე როგორც იქნა, მივედით უცნაურ, ცივ წყაროსთან, სწორედ ეს იყო კრეჭია...
    კაკლეთი, იგივე წვერისათიბები - სათიბები ბორცვზე, ჭოლევის კლდის გაგრძელება სოსევას მიმართულებით, ხიხათაზე, რაჭის ქედზე (პ. ცხადია, ვ. ჯოჯუა, რაჭის გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. 2, 2005 წ.). კაკლიეთის სერი - სერი (მოხვა) (საქართველოს სსრ ტოპონიმია, I, ზემო იმერეთი, 1987 წ.). ეს საკმაოდ მაღალი ადგილია ხიხათაზე, იმერეთიდან მიმავლები ჯვრის უღელტეხილის მარცხენა მხარეს დიდ სერსა და ფერდობს ვიხილავთ სათიბებით, რომელსაც ჭოლევის კლდე საზღვრავს მრავალძლის მხრიდან, მის ძირში ჭოლევის ტბაა. რატომ უნდა ერქვას მას კაკლეთი? ნუთუ სიტყვა „კაკლიდან“ მოდის, კაკალს რა უნდა ხიხათაზე? ჩემი აზრით, რადგან იქ ბევრი გარეული ფრინველი იყო გავრცელებული და მათ შორის კაკაბი, თავიდან ამ ადგილს ერქმეოდა „კაკბეთი“ და შემდეგ დროთა განმავლობაში მეტყველებაში შეიცვალა, და მივიღეთ თქმულების თანახმად, სწორედ კაკლიეთის სერზე ავიდა ნისლით გზააბნეული თურქების ჯარი, ჭოლევის კლდეზე დაიწყო ცვენა და შემდეგ მრავალძლის წმინდა გიორგის აღთქმა დაუდეს, ოღონდ გადაგვარჩინე და სანამდე შენი ზარის ხმა მიაღწევს იმ ტერიტორიაზე არავის არაფერს დავუშავებთო.
კოხიწყალა, კოხიწყალეები - ნამოსახლი, მინდორი, საძოვარი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთასთან. მსგავსი ტოპონიმი გვხვდება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალში (პაატა ცხადაია, ვიოლეტა ჯოჯუა, რაჭის გეოგრაფიული სახელწოდებები, ტ. 2, 2005). ეს ადგილი მრავალძალსა და ჭოლევის კლდეს შორისაა და იქ რამდენიმე წყაროა, ალბათ რომელიმე კოხიდან (სეტყვიდან) მომდინარედ მიაჩნდათ და ამიტომ ჰქვია ასე. უზუნთასთან არსებულ კოხიწყალაზე ცხოვრობდა მრავალძლის კოხიწყლებიდან გადმოსახლებული ოჯახი, გვარად სხირტლაძე და ამ ადგილსაც კოხიწყალები დაერქვა. ადრე იქ მრავალძლის გარეუბანში ცხოვრობდნენ, აქაც, კილომეტრზე მეტზე იყვნენ მოცილებული უზუნთას, მერე სხვაგან გადასახლდნენ. დღეს ამ ადგილას რამდენიმე შინაური მცენარეა მხოლოდ შემორჩენილი. მთავარი კი ისაა, რომ რაჭის სოფლიდან გადმოსულმა გლეხმა თავისი უბნის სახელიც გამოიყოლა და დაამკვიდრა ახალ სოფელში.
ასე მოხდა მოხვაშიც, სადაც ერთ-ერთ ადგილს „მრავალძელას კაკლებს“ ეძახიან, ესეც სხირტლაძეს ეკუთვნოდა... გასაკვირი აქ არაფერია, რაჭველებს თითქმის ყველა კონტინენტზე აქვთ დატოვებული კვალი. უბრალოდ საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში საკუთარი უბნის და სოფლის სახელიც გამოიყოლეს ძველი ადგილსამყოფელიდან...
ამ მშვენიერ მინდორზე მერე სატყეო მეურნეობამ ნაძვი. მოხველები და უზუნთელები საძოვრად ვიყენებდით ამ მინდორს. მახსოვს, ერთხელ როგორ ვმეცადინეობდი და საქონელსაც ვმწყევსავდი კოხიწყალების ფერდობზე, გამოცდისთვის ვემზადებოდი და მერე კარგი ნიშანიც დავიმსახურე... გატრუნულა ახლა ჩამავალ მზეში თუ ღამის სიჩუმეში ერთ დროს ეზოდ, თბილ ოჯახად მყოფი ადგილი და იქნებ ადამიანთა ხმებიც ჩაესმის შორი წარსულიდან.
კვეშლევი - მთა რაჭის ქედზე, იგივე ველტყევი. რა­ჭის ქედის ამ მონაკვეთზე ტყით შემოზღუდული მინდორი დაწეულია, ჩაღრმავებულია, მეტად დაბლაა ირგვლივ მდებარე ტყეებთან შედარებით, თითქოს მათ ქვეშაა. ამის გამო, რო­გორც ჩანს, მისთვის უწოდებიათ „ქვეშველი“. ეს სიტყვა ორი ნაწილისაგან შედგება „ქვეშ“ და „ველი“. სიტყვის მეორე ნაწილში მოხდა ბგერათა გადასმა, ბგერა „ლ“ გადავიდა წინ, ხოლო „ვ“ - უკან, როგორც სუფიქსის წინა ბგერა: ველტყე-ვი, ველე-ვი, ჭიბრე-ვი და სხვა. ამ ფონეტიკურ მოვლენას სიტყვის პირველ ნაწილში „ვ“ ბგერის არსებობამ შეუწყო ხელი. შემდეგ წინა ნა­წილში „ქ“-ს მაგივრად გაჩნდა „კ“. ესე იგი, მივიღეთ: ქვეშველი > ქვეშლევი > კვეშლევი. კვეშლევის ანუ ველტყევის მთაზე მდებარეობდა ველტყევის ანუ სხვავის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, უმშვენიერეს ადგილას, ზღვის დონიდან 1927 მეტრის სიმაღლეზე, რაჭასა და იმერეთს შორის, დღევანდელი ამბროლაურის მუნი­ციპალიტეტის ტერიტორიაზე. იგი იწოდებოდა აგრეთვე, როგორც „ნათლისმცემლის უდაბნო“, „რა­ჭის უდაბნო“, ზოგჯერ „უდაბნოს ეკლესიადაც“ მოიხ­სე­ნიებდნენ. 
ველტყევის მონასტრის ეკლესია იქვე არსებული კლდის ქვისაგან ყოფილა აგებული. შეინიშნება კიდეც გზის პირას სწო­რად ნაკვეთი კლდე.
ამ სავანესთან რაჭისა და ზემო იმერეთის დამაკავშირე­ბე­ლი მნიშვნელოვანი გზები გადიო­და. ამის გამო მონასტრის ბერებსა და მორჩი­ლებს ზამთარში განსაკუთრებული მოვა­ლეობა ეკისრე­ბო­დათ - თოვლიან გზებს წმენდნენ, ნამქრითა და დიდი თოვლით შეწუხებულ მგზავრებს ეხმარებოდნენ, მო­ნასტერში ღამეს ათევინებდნენ და მერე სამშვი­დობოს ისტუმრებდნენ.
აქვე გაუთევია ზაფხულის ერთი წვიმიანი ღამე ცნობილ გერმანელ მეცნიერს, ექიმსა და ბუნებისმცოდნეს იოჰან ანტონ გიულდენშტედტს, რომელიც 1768-1774 წლებში პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიის მიერ იყო მოვლინებული ჩრდილო კავკასიისა და საქართველოს შესასწავლად. 1771-1772 წლებში გიულდენშტედტმა მთელი საქართველო მოიარა. რაჭაში, სო­ფელ სხარტალში, მას იმერეთის მეფე სოლომონ I შეხვდა, რო­მელიც გულწრფელად იყო დაინტერესებული უცხოელი მე­ცნიერის გამოკვლევებით და ყოველმხრივ უწყობდა ხელს. სხარ­ტალიდან სოლომონ მეფემ გიულდენშტედტს და მისი ექსპედიციის წევრებს სამი თავადი გააყოლა. ველტყევის მო­ნასტერში მეცნიერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა 1772 წლის 19-20 ივლისის ღამე გაათიეს. იგი წერს: „სხარტალიდან ერთი საათი მივდიოდით ჩრდილო-აღმოსავლეთით უდაბნომდე (გან­დეგილთა საყუდელი), სადაც ჩვენ გავათიეთ წვიმიან ღა­მეში. ეს არის ნამდვილი უდაბნო, სადაც 6 მოხუცი ბერი, რათა ღმერთს ემსახურონ, ნამდვილად მკაცრ ცხოვრებას ეწე­ვა... დგას ქვიტკირის პატარა ეკლესია, რამდენიმე სა­ჟენი სიმაღლის ხის პატარა სახლებით. გარშემო სულ ხშირი წიფლის ტყეებია, ადგილი მაღალია“ (გი­ულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, 1962 წ., გვ. 117). მეორე დღეს, ნა­სადილევს გიულდენშტედტი და მისი თანხმლები პირები ველტყევის სავანიდან მრავალძლისაკენ გამგზავრებულან  (უფრო ვრცლად იხ.: http://www.ambioni.ge/veltyevis-monasteri , 2013 წ., ან გივი ჩიღვინაძე, წინაპართა ნაცქერი სივრცეები, 2021 წ.).
კიბულთა - სათიბი ხიხათის სამხრეთ ნაწილში, რაჭის ქედზე (პ. ცხადია, ვ. ჯოჯუა, რაჭის გეოგრაფიული სახელწოდებანი, ტ. 2, 2005 წ., გვ. 100)., იგივე კიბულთის სერი - იხსენიება აგრეთვე ჯრუჭის მონასტრის საარქივო მასალებში, სადაც განმარტებულია, რომ ეს ადგილი მდებარეობს სამყვირალოს სერსა და კეცების კლდეს შორის, რაჭის ქედზე. ეტიმოლოგია უნდა მოდიოდეს სიტყვა „კიბედან“, ძველ ქართულში იგივე მნიშვნელობით „დაკიბულიც“ გვქონდა (აბულაძე ილია, ძველი ქართული ენის ლექსიკონი“ 1973 წ.). თუ მეგრულიდან წარმოშობილად დავუშვებთ, იქ სწორედ ასეთი მნიშვნელობით იხმარება: კიბული - კიბის მსგავსი ადგილი (მეგრულ-ქართული ლექსიკონი, 3 ტომად, 2001 წ.).
ესაა პირველი სათიბი იმერეთიდან ხიხათაზე ასულთათვის. მას საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთის მაცხოვრებლები თიბავდნენ. უზუნთა ხომ ყველაზე ახლოსაა იმერეთის მხარიდან ხიხათასთნ და იქაურებიც პირველ სათიბებს იჭერენ ყოველთვის. ისინი ბოლომდე შემორჩენენ ხიხათას. ახლაც ადის რამდენიმე კაცი და ამ თვალუწვდენელ სივრცეში მხოლოდ უზუნთის სათიბები ჩანს ნაწილობრივ მაინც გათიბული. ამასთანავე ზოგჯერ ზამთარშიც ადიან და მარხილით ან ზურგით ჩამოაქვთ დატოვებული ზვინები.
მოსალოცავი - გორა, მინდორი, დღევანდელი ქვედა უზუნთის ძირითადი საცხოვრებელი ვრცელი ადგილი (საჩხერის მუნიციპალიტეტი). ტოპონიმი დაკავშირებული უნდა იყოს ჯრუჭის მონასტერთან. მოსალოცავი ჯრუჭის მონასტრის სავენახე და საყანე ადგილებს წარმოადგენდა. აქ მონასტერს ჰქონდა თავისი ვენახები, მარნები, საწნახლები, საბძლები და ყანები. ჯრუჭის მონასტრის საარქივო მასალებში თვით მოსალოცავზე არსებული სხვადასხვა ტოპონიმი დასტურდება, მაგ., ქვის საწნახელი, მილისწყალი... მოსალოცავზე ფიქსირდება უძველესი შენობების ნაშთები, საფლავები. საფიქრებელია, რომ შუა საუკუნეებში იქ სოფელი იყო და „მოსალოცავი“ ახლოს არსებული ჯრუჭის მონასტრის გამო ერქვა, რადგან იქ მომლოცველები მიდიოდნენ და მოილოცავდნენ. შემდეგ სოფელი, ისე როგორც მის გაღმით მდებარე მონასტერი, დროის გარკვეულ მონაკვეთში გაუქმდა, სავარაუდოდ რაჭის ერისთავსა და თავად წერეთლების კონფლიქტის დროს. მონასტრის აღორძინების შემდეგ ძველი სოფლის ადგილზე მისი დამხმარე მეურნეობა მოეწყო, სოფელი კი მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს აღორძინდა ცოტა ზემოთ არსებული სოფლის, უზუნთის, ხარჯზე და ეს ადგილიც უზუნთის შემადგენლობაში შევიდა. ასეთივე ტოპონიმი „მოსალოცავი“ ეწოდება მრავალძლისკენ ჭოლევის კლდის ძირას არსებულ ნამონასტრალს.
საწკრიალო - ხევი (საჩხერე, სოფელი მოხვა). თუ მისი წარსული არ იცის, დღეს ვერავინ ვერ მიხვდება, რატომ ჰქვია ამ ადგილს საწკრიალო. არადა სულ მცირე ისტორიაა საჭირო - დათვისაგან ყანების დასაცავად, მის შესაშინებლად, აქ ჩამომავალ ღელეზე მოწყობილი ჰქონდათ ბორბალი, რომელიც ბრუნვისას ერთ-ერთ დეტალს ეხებოდა და წკრიალებდა. ამიტომ დაერქვა საწკრიალო.
უზუნთა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. ტოპონიმი „უზუნთა“ კომპოზიტად მიაჩნიათ, „უზუნ“ თუ­რ­ქული სიტყვაა და „გრძელს“ ნიშნავს, „თა“ კი „მთა“ არი­სო. მე მეეჭვება ეს ახსნა, რატომ უნდა შერეოდა უკი­დურეს ზემო იმერეთში სოფლის სახელს თურქული სიტყვა?.. თუმცა მართლა გრძლად გადაჭიმული კი მოჩანს უზუნთის ჩრდილოეთით ჩვენი ხიხათა. შეიძლება ეს სახელი მოდიოდეს მცენარის სახელიდან - „უზანი“. სიტყვის პირველი ასო-ბგერის უ-ს გავლენით იქნებ „უზანთა“-დან „უზუნ­თა“ მივიღეთ. უზანისგან წარმოქმნილი უნდა იყოს ტოპონიმი „უზნარი“, „უზნარის მთა“ სოფლებში ლეღვანსა და დიდ სახვლარში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (საქართველოს სსრ ტოპონიმია, ტ. I, ზემო იმერეთი, 1987 წ.). თუმცა ეს ახსნაც არ მგონია დამაჯერებელი, რადგან უზანი იშვიათი მცენარეა და უზუნთაზე განა რამდენი იყო, რომ მის გამო რაიმე ადგილს და მერე სოფელს დარქმეოდა სახელი?.. სხვათა შორის, კახეთში არსებობს მსგავსი სახელის სოფელი - უზუნთალა. თუ ამ სიტყვაში „თა“ – „მთას“ ნიშნავს, ბოლოს „ლა“ რაღაა?..
უზუნთას შესანიშანავი მდებარეობა აქვს, რაჭის ქედის, კერძოდ, ხიხათის დაბლა უკიდეგანო წიფლის ტყეების სამხ­რეთით მშვენიერი ვაკეები და ფერდობები უჭირავს. სიგრძე­ზე ორივე მხრიდან მთის პატარა ანკარა მდინარეები ჩამოუდის - ფასკნარა და წყალფენილა. აქვეა საკმაოდ მოზრდილი სადეოს ღელე, რომელიც ტყის სიღრმეში მდებარე ტბიდან გამოედინება, შუა დინებაში კიდევ ქმნის ერთ ლამაზ ტბას და ბოლოს მდინარე ფასკნარას უერთდება მარცხენა მხრიდან. 
ფასკნარა - მდინარე ზემო იმერეთში. გამოედინება რაჭის ქედის ძირას, სადაც ეს ტოპონიმი ტყის ნაწილის, სათიბისა და წყაროს სახელადაც მოიაზრება (ფასკნარა - სათიბი, წყარო ხიხათაზე, სასაცხებოსა და იმერეთის საზღვარს შუა, პაატა ცხადაია, ვილენა ჯოჯუა, რაჭის გეოგრაფიული სახელწოდებანი, II, 2005 წ., გვ. 206). დღეს მდინარეა ძირითადად ცნობილი ამ სახელით, ვიდრე უღელტეხილი, ტყე ან მინდორი. ადგილობრივები მის სახელს გამოვთქვამთ, როგორც „ფასკანა“ (სავარაუდოდ, ადრე გვქონდა „ფასკარა“, მერე მოხდა რაე-ს ასიმილაცია, გარდაიქმნა ნარ-ად), სალიტერატურო ენაში მდინარის სახელი დამკვიდრდა როგორც ფასკნარა.
რას უნდა ნიშნავდეს ტოპონიმი „ფასკარა?“ ფასის მთა (მწვერვალი რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონზე) რაჭაშია, იქიდან მოდის მდინარე რიონი, ძველი ფასისი (იგივე სახელწოდება ზღვისპირა ქალაქს, დღევანდელ ფოთს, მდინარის სახელიდან უნდა დარქმეოდა.). პავლე ინგოროყვას დასკვნით „ფას-ი, ფას-ის-ი“ არაა უცხოური წარმოშობისა, არამედ ქართული ენობრივ სამყაროს ეკუთვნის“ (პავლე ინგოროყვა, ტ. I, გიორგი მერჩულე, 2009, გვ. 187-189). ამას მთის სახელიც ხომ მიანიშნებს. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ძველ მსოფლიოში ფასისი და კოლხეთი ერთ ცნებად აღიქმებოდა (საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, 1993, გვ. 49), როგორც ტერმინ „რაჭის“, ისე ამ მხარის ადრეული სახელწოდება კი, მიუხედავად მრავალი მეცნიერის კვლევისა, დღემდე არაა დადგენილი (როინ მეტრეველი, რაჭა: შტრიხები წარსულიდან, 2013 წელი) ალბათ კოლხეთის ერთ-ერთი ნაწილის, მისი ერთი მხარის სახელის დაკონკრეტება შეიძლება - სავარაუდოდ „ფასი“ რაჭას ეწოდებოდა და ამას ყველაზე კარგად სწორედ ტოპონიმ-ჰიდრონიმი „ფასკნარა“ ამტკიცებს, რომლისთვისაც აქამდე არავის მიუქცევია ყურადღება. ამდენად, ზემო იმერეთიდან ანუ არგვეთიდან „ფასში“ (რაჭაში) გადამავლი ერთ-ერთი გზის მონაკვეთს, უღელტეხილს, ხიხათა მთის წინ ეწოდებოდა ფასის კარი – ფასისკარა - ფასკარა. ანუ ამ კარს გაივლიდნენ და „ფასში“ გადავიდოდნენ. მსგავსი ტოპონიმებია ზემო იმერეთში: კლდეკარა, ქვაბიკარა, ლაშკარა, ჭიშკარა, პუწკარა (საქართველოს სსრ ტოპონიმია, I, ზემო იმერეთი, 1987, გვ. 281). ანალოგიები სხვაგან: ხვანჭკარა - სოფელი რაჭაში. ზეკარა - მწვერვალი, უღელტეხილი და მდინარე ჯავის რაიონში. ზეკარი - კურორტი და უღელტეხილი ბაღდათის რაიონში, მესხეთის ქედზე (საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, 1987, გვ. 44). ასევე „კარი“-ზე დაბოლოებული ტოპონიმები: ხიდიკარი (რაჭაში). ქვაბთაკარი, კლდეკარი, ღელიკარი, წყაროკარი, დოლაბისკარი, წისქვილისკარი, მესხისკარი და სხვა (საქართველოს სსრ ტოპონიმია, I, ზემო იმერეთი, 1987, გვ. 319).
მოგვიანებით უღელტეხილმა - ფასკარა - ნაწილობრივ დაკარგა წინანდელი ფუნქცია, რადგან რაჭაში გადასასვლელმა ოდნავ დასავლეთით გადაინაცვლა, იქ ველტყევის (სხვავის) მონასტრის დაარსების შემდეგ, სავარაუდოდ IX-XI საუ­კუნეებში (თამაზ ბერაძე, რაჭა, 1983, გვ. 115-117), მთავარი გზა მონასტერთან გადიოდა. „ფასკარა“ ძირითადად იქცა ჰიდრონიმად - იმ ადგილებში უმნიშვნელოვანესი მდინარის სახელად, რაც საბოლოოდ „ფასკანად“ ჩამოყალიბდა (უფრო ვრცლად იხ.: გივი ჩიღვინაძე, იქნებ ამ ტოპონიმში იმალება რაჭის უძველესი სახელწოდება, ჟურნალი „ისტორიანი“, N# 4, 2021 წ., ან წიგნში: გივი ჩიღვინაძე, წინაპართა ნაცქერი სივრცეები, 2021 წ.) 
ჯრუჭი - მონასტერი. ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერი X საუკუნეშია დაარსებული.  მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯრუჭულას ხეობაში, რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობის დასასრულზე. ზემო იმერულ ტოპონიმებს შორის „ჯრუჭი“
მეტად უცნაურად ეჩვენებათ და ჯერ თითქმის არავის უცდია მისი ახსნა. ჩვენი აზრით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზემო იმერეთში და კერძოდ, ჯრუჭის მონასტრის ახლომდებარე ტერიტორიებზე საკმაოდ გავრცელებულ ტოპონიმებს: ღრუჭი, ღრუჭები, ღრუჭუნი, ღრუჭუნოღელე და მისთანანი. გვახსენდება კიდეც ამ სიტყვის მსგავსი სიტყვების (ღრუჭუმი, ღრუჭე) გამოყენების შემთხვევები ჩვენი სოფლის, საჩხერის რაიონის სოფელ მოხვის, წარმომადგენელთა მეტყველებაში. ასე უწოდებიათ ჩავარდნილი, ძნელად გასავალი ხევებისთვის, არა როგორც სახელი, არამედ როგორც ადგილის დამახასიათებელი სიტყვა. რას ნიშნავს ღრუჭი? ძნელი არაა ამ სიტყვის მნიშვნელობის წარმოდგენა. იგი ნიშნავს მკვეთრად ჩაღრმავებულ ადგილს, თუნდაც ხევს, უფრო მეტად წყლიანს. მისი ზუსტი ახსნა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულში არ გვხვდება, განმარტებულია მხოლოდ მსგავსი სიტყვა ღრუჭუმი: „ღრუჭუმ-ი (ღრუჭუმისა) კუთხ. (რაჭა) ბუნებრივი ორმოები სათიბში“ (თ. ბერ.) (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. VII, 1962 წ., გვ. 483.). ასეთი ბუნებრივი ორმოები მრავლად გვინახავს რაჭის ქედზე, უმეტესად ხიხათაზე, ისინი ჩვეულებრივი ორმოები არაა, საკმაოდ ვრცელი ჩავარდნილი ადგილებია, ღრუჭის სახეცვლილი ფორმები ნიშნავს: ღრუჭმული - ბუნებრივად ჩავარდნილი დაბლობი ადგილი. „ღრუჭმული დაბლობი ადგილია, დაწეულია თავისთავა“. ღრუჭული იგივეა, რაც ღრუჭმული. „ამ სერის დაბლა არის ღრუჭული“ (ქეთევან ძოწენიძე, ზემოიმერული ლექსიკონი, 1974 წ., გვ. 418). აღნიშნული ლექსიკონებითაც დასტურდება, რომ ღრუჭი, ღრუჭო, ღრუჭმული, ღრუჭუნო ჩაღრმავებულ, ჩავარდნილ ადგილს ნიშნავს. 
ჯრუჭის მონასტრის ახლოს მრავალი ხევი და ჩაღრმავებული ადგილი შეიძლება მოვიძიოთ, რომელსაც შეიძლება სახელი ღრუჭი მიესადაგოს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადგილების სახელი შემდეგ დღევანდელი მონასტრის ტერიტორიაზეც გავრცელდა.
თუ როგორ მივიღეთ „ღრუჭი“-დან „ჯრუჭი“ ეს ადვილი ასახსნელია. მოხდა ბგერათა ნაწილობრივი ასიმილაცია – ბგერა ღ ნაწილობრივ დაემსგავსა ჭ-ს და მივიღეთ ჯ, ღრუჭი > ჯრუჭი (უფრო ვრცლად იხ.: „ისტორიანი“, ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი, 2012 წ., თებერვალი, N 2 (14), გვ. 57-61. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/51950 - Istoriani_2012_N2.pdf ან გივი ჩიღვინაძე, ჩვენი ჯრუჭის მონასტერი, 2021 წ.).
ერთი ცნობა ისტორიიდან: 1915 წლის 22 მარტს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ აქვეყნებს ცნობას, რომ ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერში ადგილობრივ სკოლის მოსწავლეთა და ხალხის თანდასწრებით 7 მარტს გადახდილ იქმნა საორმოცო წირვა პანაშვიდი აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებლად. ამასთანავე მონასტრის კრებულმა დაადგინა, რომ მთელი წლის განმავლობაში ყოველ დღე სწიროს მგოსნის სულის მოსახსენებლად.
    წყალფეინა, წყალფენილა, წყალთენილა - მდინარე (უზუნთა, ცხომარეთი - საჩხერის მუნიციპალიტეტი). სწორი ფორმაა „წყალფენილა“. ეს მდინარე დასაწყისში ხიხათაზე მიმავალი გზის ნაპირებზე მიედინება და თითქოს „გაფენილია“ ვაკეზე, ამ გზაზე და მის ნაპირებზე. ვფიქრობ, სწორედ, მდინარის ამ ნაწილის გაშლის - გაფენის გამო ეწოდა მას წყალფენილა, რადგან სწორედ „გაფენილ წყალს“ წარმოადგენს მისი ზემო დინება. 
ჭოლევის ტბა - მდებარეობს რაჭაში, მრავალძლიდან სამი კილომეტრის მანძილზე, სწორედ ჭოლევის კლდის ძირას. შეიძლება ტოპონიმი „ჭოლევი“ მომდინარეობდეს მცე­ნარის სახელწოდება „ჭყორიდან“ (ჭყორები). ჭყორი ანუ ბაძგი მარადმწვანე ბუჩქია, აქვს ეკლებიანი სქელი პრიალა ფოთლე­ბი, ისხამს წვრილ კენკრას, რომელიც წითლად მწიფდება. სა­ქარ­თველოში ჭყორს ძველ საწესჩვეულებო რიტუალებში იყე­ნებდნენ. რაჭველები მას საახალწლოდ „სამკლოვიარო გვერგვის“ (მისაკვლევი გვერგვი) მოსართავად ხმარობდნენ. ის ასე მზადდებოდა: ახალი წლის წინა საღამოს ოჯახის უფროსი ცხრა ვაზს თვითო რქას შეაჭრიდა, ერთმანეთს მრგვალად შეაგრეხდა და მისგან გააკეთებდა. შუაში ჯვრად თხილის დაჩიჩილაკებულ ჯოხებს ჩაუყენებდნენ, რომლებსაც გარეთ გამოშვერილ წვეროებზე ვაშლებს წამოაცმევდნენ. მე­რე გვერგვს ჭყორის მწვანე ტოტებით მორთავდნენ და ზედ საახალწლო განატეხს დადებდნენ.
აი, რაჭაში ჩაწერილი ჩვეულება: „ნაახალწლებს პირველად რო თაში წავიდოდით, ჭყორის მწვანე პატარა ტოტუკეებს წამოვიძღვანდით სახში (ქეგლ, ჯაჯან., ქავთ., ძოწ., მაყ., I... იხ. აგრეთვე: რაჭული დიალექტის ლექსიკონი, შემდგ. ალ. კობახიძე, 1987).
ჭოლევის ეტიმოლოგია ასე უნდა განვითარებულიყო: „ჭყო­რები“-დან მივიღეთ „ჭყორევი“, ანუ სავარაუდოა, რომ „ევ“ დაბოლოებიანი ტოპონიმები „ებ“ სუფიქსიანი სახე­ლებისაგან არიან მიღებული (თუმცა, აკაკი შანიძე თვლის, რომ ქართულში „ევ“ დაბოლოებიანი მრავლობითიც გვქონდა). ასეთები საკმაოდ გვხვდება როგორც მთელ საქართველოში, ისე კონკრეტულად რაჭაში: მღვიმევი, ბჟინევი, ეხვევი, ნა­ურთევი, ბოსლევი, ბეღლევი, მერჯევი, ხოტევი, ველევი, ველ­ტ­ყევი, ჭიბრევი, ონჭევი და სხვა. ჭყორები-დან ჭყორევი-ს მიღების შემდეგ, სრულიად ბუ­ნებ­რივად, ქართული ენის თვისებიდან გამოდინარე, რ (რაე) გადაიქცა ლ (ლას)-ად და ყ (ყარ) კი ამოვარდა სიტყვიდან - დაგვრჩა ჭოლევი. ჭყორები > ჭყორევი > ჭყოლევი > ჭოლევი. 
ასევე აიხსნება წყალტუბოს რაიონის იგივე სახელწოდების სოფლის - ჭოლევის - ეტიმოლოგიაც.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge