გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გივი ჩიღვინაძე - წერილები აკაკის არემარეზე

     

       კვერეთის მონასტერ
 
   კვერეთის მაცხოვრის მონასტერი მდინარე ჩიხურის ხეობაში, სოფელ კვერეთში მდებარეობდა. იქ არიან დასაფლავებული აკაკი წერეთლის ოჯახის წევრები. ამ მონასტერს წერეთელთა სხვიტორის შტო პატრონობდა, თუმცა მისადმი ყურადღებას გვარის სხვა წარმომადგენლებიც იჩენდნენ, მათ შორის, ყველაზე დაწინაურებული ზურაბ სახლთუხუცესის ოჯახი. მონასტრის ქონების სიაში ჩამოთვლილია გენერალ-მაიორ ზურაბ წერეთლისაგან შეწირული ერთი ვერცხლის კანდელი, მისი ქალიშვილის „საქართველოს მეფის სძლის ქეთევანის“ (იგი გიორგი მეთორმეტის ვაჟის, იოანეს მეუღლე იყო) მიერ შეწირული ბარძიმ-ფეშხუმი, ვერცხლის კოვზი, კამარა და დაფარნები (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, აკაკი წერეთლის არქივი, N 761)... 
     მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ამ ბარძიმს გიორგი ბოჭორიძე ჩიხის სამების ეკლესიის სიძველეებში ნახულობს და მასზე არსებული წარწერაც მოჰყავს: „ქ. ღ(ვ)თისმშობელს კვერეთისას შემოგწირე მეფის სძალმან წერეთლის ასულმან ქეთეონ ცოდვათა ჩემდა აღსახოცელად, მისხალი რზ (107) წელსა ჩღჟე (1795)“. იგი კვერეთის ეკლესიის ნივთებში ასახელებს აგრეთვე ქართლის მეფის ასულის, ბატონიშვილ თამარის - იგივე გივი ამილახვარის მეუღლის შეკვეთით 1684 წელს გაკეთებულ ოლარს, მეფე ერეკლე მეორის მიერ შემოწირულ ზარს კვერეთის ღვთისმშობლისადმი, რომელიც გურულ ბერს იოსებს მოუტანია თბილისიდან თავის შეწირულ მეორე ზართან ერთად 1795 წელს. აქვე ჩამოთვლილია მონასტრის სხვა სიძველეები (გ, ბოჭორიძე, იმერეთის ისტორიული ძეგლები, 1995 წ.).


     კვერეთის მონასტერი ჯრუჭის და მღვიმევის მონასტრებთან შედარებით მცირე მოცულობის იყო. 1844 წლისათვის იქ ტაძრის გარდა შემდეგი ნაგებობები ყოფილა: „ერთი ძირს ფიცრის სახლი და ზედ დგას ორი ოთახი ფიცრით დახურული. ერთი ხის ბეღელი კარგი. ერთი ფიცრის სასიმიდე და მეორე სხვა. ერთი ხის დიდი სახლი ფიცრით დახურული. ერთი პურის საცხობი სახლი. ერთი ეკლესიაზე მიდგმული სახლი და ერთი მარანი - ყველანი ფიცრით დახურულნი. საყურძნე ვენახი სიგრძით ასი და სიგანით სამოცდაათი საჟენი (213,36 X 149,35 მეტრი). ჭურნი -რვა დიდი და ხუთი პატარა ქვევრი“ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, აკაკი წერეთლის არქივი, N 761).
  
      მოგვიანებით რუსულმა ხელისუფლებამ კვერეთის მონასტერი სხვა მრავალის მსგავსად გააუქმა და სამრევლო ეკლესიად გადააკეთა. 1919 წლის აგვისტოში ჯრუჭის მონასტერში ყოფნისას ექვთიმე თაყაიშვილი - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი თავის უბის წიგნაკში წერს: „აღმოსავლეთით ჯრუჭისა,მთის გადაღმა,არის გაუქმებული კვერეთის მონასტერი, ეხლა ეკლესიად გადაკეთებული კვერეთისა 15 კომლით, ანტონ ხონელის ანდერძში იხსენიება“ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ექვთიმე თაყაიშვილის არქივი, N 800).


    კვერეთის მონასტერში არიან დასაფლავებული აკაკის წერეთლის ოჯახის წევრები. 1868 წელს კვერეთის ეკლესიისთვის აკაკის ღვთისმშობლისა და ნათლისღების ხატები შეუწირავს (გიორგი ბოჭორიძე, იმერეთის ისტორიული ძეგლები, 1895 წ.).


    მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სოფელი კვერეთი ცხომარეთის სასოფლო საბჭოში შედიოდა მოხვასთან, უზუნთასთან, ქვემო ხევთან, ყვიჩორთან და თვით ცხომარეთთან ერთად. როგორც ჩანს, მასთან დაკავშირებას ყვიჩორის გავლით, ნაურთების მთის ჩრდილოეთით გადამავალი გზით ახერხებდნენ. იმ დროს კვერეთში 21 ოჯახი - 102 ადამიანი ცხოვრობდა.


    კვერეთის მონასტრის ტაძარი დიდი ხანია აღარ არსებობს. ბოლო წლებში საჩხერეში ძალიან კარგი საქმეები კეთდება - აღდგენილია მოდინახეს ციხე, მთავრდება ჯრუჭის მონასტრის მთავარი ტაძრის მშენებლობა, რამდენიმე სოფელში აღადგინეს ძველი ეკლესიები. აუცილებელია, რომ კვერეთის მონასტრის აღდგენაზეც ვიფიქროთ, ავაშენოთ ტაძარი და, რაც მთავარია, იქვე უნუგეშოდ მიტოვებული ჩვენი დიდი მგოსნის, აკაკი წერეთლის ოჯახის წევრთა საფლავები სათანადოდ მოვაწყოთ...
   
         აკაკი ჯრუჭის მონასტერსა და მრავალძლის ეკლესიაში 
    
    ბავშვობის ერთ დღეს მომავალმა დიდმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა ორი საოცარი სალოცავი იხილა. ეს ამბავი ასე ცხადდება: ცნობილმა ლიტერატორმა სიმონ სხირტლაძემ აკაკის მიერ 1904 წელს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ყურადღება მიაქცია ერთ ადგილს, სადაც  მწერალი იგონებს ბავშვობაში ჩემი თვალით მაქვს ნანახი მრავალძლის ეკლესიაში დაცული შაჰ-აბასის ხმალიო, რის გამოც ბატონი სიმონი სამართლიანად ასკვნის, რომ აკაკი ბავშვობაში მრავალძლის ეკლესიაში იყო ნამყოფი (სიმონ სხირტლაძე, მრავალძალი: წერილები, ჩანაწერები, ნაწყვეტები ლექსებიდან, მოგონებანი, 2000 წ.). ეს ადვილი წარმოსადგენია, რადგან მრავალძლის წმინდა გიორგის ეკლესია იმერეთში ოდითგანვე სასწაულმოქმედ სალოცავად მიიჩნეოდა და უამრავი მომლოცველი მიდიოდა იქ. უფრო მეტიც, მას საზედაშე ღვინოსა და სასეფისკვრე ხორბალს რაჭის სოფლებთან ერთად ზემო იმერეთის სოფელი სარეკიც აძლევდა, - კერძოდ, თითო კომლი ერთ თუნგ ღვინოს და ერთ ლიტრ ხორბალს. მეც კარგად მახსოვს, საბჭოთა პერიოდშიც კი, როცა ეკლესია უარყოფილი იყო ხელისუფლებისაგან, მრავალძალში,მარიამობის დღესასწაულზე,იმერეთის  სოფლებიდან მიმავალი მრავალი მომლოცველი გაივლიდა ხოლმე მოხვასა და უზუნთაზე. 


    ჰოდა, ჩემი მხრივ, მინდა აღვნიშნო, რომ საჩხერიდან მრავალძლის ეკლესიაში მიმავალ მომლოცველებს ჯრუჭის მონასტერთან უნდა გაევლოთ. ჯრუჭის მონასტერი ხომ წერეთლებს ეკუთვნოდა. მართალია, სხვიტორელი წერეთლები კვერეთის მონასტერთან იყვნენ დაკავშირებულები, მაგრამ მრავალძალში მიმავალი როსტომ წერეთლის ოჯახი მის გვერდით გავლისას ჯრუჭის მონასტერსაც აუცილებლად მოილოცავდა. შემდეგ მომავალი მგოსანი სოფელ უზუნთას გაივლიდა, მერე სოფელ მოხვისკენ მდინარე ფასკნარის ან უზუნთის თავიდან მდინარე წყალფენილას კალაპოტს აუყვებოდნენ და ხიხათაზე ავიდოდნენ, ამ სუბალპური მთის უკიდეგანო, უმშვიდეს და ულამაზეს სივრცეებზე გადაჭიმული სათიბების ხილვა ნამდვილად გაახარებდა პატარა აკაკის, მერე ამავე მთაზე რაჭა-იმერეთის,ანუ ჯვრის უღელტეხილს გადაივლიდნენ და მრავალძლისკენ დაეშვებოდნენ. ესე იგი, შეიძლება დავასკვნათ, რომ თავისი ბავშვობის ერთ დღეს ჩვენი დიდი მგოსანი ორი ძვირფასი სალოცავის - ჯრუჭის მონასტერისა და მრავალძლის ეკლესიის მადლს ეზიარა და ულამაზესი მთის ნახვითაც მოიხიბლა...
              რომელ მონასტერში სწავლობდა როსტომ  წერეთელი?
     მინდა, ერთი სახალისო ადგილი გაგახსენოთ აკაკის „ჩემი თავგადასავლიდან“. გიმნაზიაში სწავლისას უცხო გამომცდელისგან შექებას რომ მოიგონებს, პოეტი წერს: „მივფრინდი თუ ფეხით მივედი სახლში, აღარ მახსოვს, სიხარულმა ისე ამიტაცა, რომ მთვრალივით ვეღარ გამოვერკვიე. შინ რომ მივედი, სტუმრები იყვნენ სახლში და მამაჩემმა მომაძახა: რა ქენი, ჩემო კაჭუაო? მეც ყველაფერი მოვახსენე, რაც გადამხდა. „მე კი არ ვიცოდი?! -წამოიძახა მამამ, -კვიცი ყოველთვის გვარზე მიდისო. პეტრე არხიმანდრიტს რომ ვებარე მონასტერში ბავშვობისას, ყველას ვჯობდიო, რასაც სხვები ათ-ათ წელიწადს უნდებოდნენ, მე ორ-სამ წელიწადს გავიარე, გავათავე: ღრამატიკა, ანგარიში, ისტორია, ღეოღრაფია და სხვანიო. ბატებმა არ დამაცალეს, ყიყინით მაწუხებდნენ, თვარა, რომ მომეცადა, არისტოტელის კატეღორიასა და ლოღიკას სულ ბდღვირს გავადენდიო“. 


     პეტრე არქიმანდრიტს აკაკი სხვაგანაც ახსენებს, მოთხრობაში „გრიგოლ წერეთლის ირემი“, სადაც არქიმანდრიტი გრიგოლ წერეთელთან და ივანე წერეთელთან ფილოსოფიურ საკითხებზე საუბრობს.


    ჰოდა, რომელ მონასტერში ებარა როსტომი? რომელ მონასტერში იყო პეტრე არქიმანდრიტი? და თუნდაც ირონიითაც ვიკითხოთ - რომელი იყო ის მონასტერი, სადაც იმდენი ბატები ჰყავდათ, რომ მოწაფეებს სწავლაში უშლიდნენ ხელს? 

    წერეთლებს ოთხი მონასტერი ეკუთვნოდა: ჯრუჭის, მღვიმევის, კვერეთისა და ვანის, საწალიკის მთის ძირას. როსტომი 1802 წელსაა დაბადებული, მისი ბავშვობისას ჯრუჭში არქიმანდრიტად დავით მიტროპოლიტი (წერეთელი) გახლდათ და არა პეტრე. მღვიმევში ამ დროს მამათა მონასტერი იყო, მოგვიანებთ გახდა დედათა სავანე, იქაც ვერ ვპოულობთ როსტომის ბავშვობის კვალს. ვანის პატარა მონასტერი მთაში იყო და იქ როსტომს არავინ გააგზავნიდა. წერეთელთა სხვიტორის შტოს კვერეთის მონასტერთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა და შეიძლება გვეფიქრა, რომ როსტომი კვერეთის მონასტერში ეწაფებოდა სწავლა-განათლებას, მაგრამ არ უნდა იყოსასე. კვერეთის მონასტერიც მცირე უდაბნო იყო და იქ მოწაფეთათვის აუცილებელი პირობები არ უნდა ყოფილიყო. რაც მთავარია, პეტრე არქიმანდრიტი კაცხის მონასტერში მოღვაწეობდა სწორედ როსტომის ბავშვობის დროს. 1808 წლის საბუთში ვკითხულობთ, რომ „კაცხის მონასტრის არქიმადრიტი პეტრე წყალობის წიგნს აძლევს ნებიერიძე ბაჭუკას, ზაქარიას და მათ მომავალს“... (სცსა, ფონდი 1448, ს. 567), იგი 1815 წელსაც ისენიება არქიმანდრიტად (სცსა, ფ. 1448, ს. 7148). კაცხის მონასტერი აბაშიძეებს ეკუთვნოდა, როსტომის დედა ხომ აბაშიძის ქალი იყო და, როგორც ჩანს, მან ერთადერთი შვილი მამისეულ მხარეს მიაბარა მონასტერში. ამის მიზეზი უთუოდ ისიც იქნებოდა, რომ როსტომის ბიძები თურქეთში თავშეფარებულ, რუსებისაგან დევნილ მეფე სოლომონ მეორეს ახლდნენ თან, საწერეთლოში კი რუსების მომხრე ზურაბ წერეთელი მძლავრობდა, რომელსაც როსტომის ოჯახთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამას ისევ აკაკის „ჩემი თავგადასავლიდან“ ვგებულობთ, თუ როგორ წაართვა ძელქვის სახლი ზურაბ წერეთელმა მათ ოჯახს და როსტომის დედის საყვედურს მუქარით უპასუხა: „აბაშიძის ქალო, ენა დაიმოკლე, თორემ, ხომ იცი, დროც ჩემს ხელთ არის და გასავალიცო. ჩაგწერ სიაში და შენი ობლიანად მოზდოკში ამოგაყოფინებ თავსო“! სავარაუდოდ, ამ მიზეზების გამო აღმოჩნდა როსტომი აბაშიძეთა კუთვნილ კაცხის მონასტერში... 
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - ამაოების სისტემური დაფუძნება ბადრი ფორჩხიძის ფილოსოფიაში გორვანელი - ამაოების სისტემური დაფუძნება ბადრი ფორჩხიძის ფილოსოფიაში ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - რუსეთის მიერ წამებული (მოკლული) და გადასახლებული ქართველი მღვდელმთავრები ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - რუსეთის მიერ წამებული (მოკლული) და გადასახლებული ქართველი მღვდელმთავრები ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები თენგის გუმბერიძე - გრიგოლ ბატონიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი მოღვაწეობა თენგის გუმბერიძე - გრიგოლ ბატონიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი მოღვაწეობა ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge