ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
მაია მინდელი - ლექსები
კუდიანის სიზმარი
სად ხარ? არსად ხარ, რომ ჩემს ხელებს შემოაშველო
ასე ნაცნობი და გამქრალი სადღაც, წუხილი.
ქარით, წვიმაში მოყოლილით, არა საშენო
რომ მოგაწვდინო ეს იმედი, გადაწურული.
სანამ იყავი, კუდიანის მქონდა იღბალი -
ცას გიხარშავდი და შიგ ვყრიდი დაფნის ფოთლებად
ღრუბლებს, მზეს შუბლზე რომ ეყარა, შუქით მინანქრის
და როგორც ქოჩორს, შიგადაშიგ რომ ისწორებდა.
ვკუდიანობდი, სიყვარულის ბალახ-ბულახის
კვამლით გბანგავდი, ეს წამლობა სიზმრით ვისწავლე.
რუხი ჭაობის ფსკერს ტკეპნიდა ვნების ულაყი,
სანამ ჩემივე ჯადოქრობით არ მოვიწამლე.
შენ მშვიდი ცურვით სამშვიდობოს შეძელი გასვლა,
არავინაა იმ ქარიშხლის მოწმე ჩემ გარდა,
ჩემი თვალები, როგორც ქვიშა, ჩამოიბანე
და მობეზრების ლაყუჩებით, ახალ მიზანთან
განაგრძე შენი ფრთხილი ცურვა, ჩემგან დაცლილმა
(ვინც კარგად ცურავს, მაშველი მას უფრო სჭირდება),
და სანამ ეჭვის დაუნდობელ ზვიგენს გავწვრთნიდი,
სიყვარულიდან ვერ გაცურე შენ მოთმინება.
შტორმი დასრულდა, თუმცა გატყდა ტალღებზე ქიმი
ხსოვნის წუთების, აკვირტული ნატვრის სადაფად.
ჩემს ხელებს, ახლა უშენობით საეჭვოდ მშვიდებს,
ვერაფრით ვუხსნი, სადა ხარ და რატომ არა ხარ.
ჩვენს შორის ჩადგა საუკუნე, გაუსაძლისი,
როგორც ტკივილის ბრჭყალებბასრი, ავი ქიმერა.
სახლმა, რომელშიც ყველაფერი იყო მარტივი,
გამიუცხოვა, გამრიყა და გადამიმტერა.
და უშენობის ჭრელა-ჭრულა კრისტალებს ითვლის
მათი სიმძიმით ჩაზნექილი ხის იატაკი.
ახლა ქუჩებში, უშენობის სხივები მშვიდად
მიმოუყრია მზეს და ალბათ უკვე აღარ ღირს
მოგწერო, როგორ დასეირნობს ეული ხოჭო
ჩემი სახლის წინ ხეზე, რომ არ ვიცი სახელი.
რომ რაც არ უნდა სისხლმდინარი ფრჩხილებით ვფხოჭნო
და გამოვუშვა შენთან, მაინც ვერ მოგაგნებენ
ვეღარც ფიქრები, ვერც სიტყვები ვეღარც თვალები...
მე ვდარდობ ღიმილს, ვერაფრით რომ ვერ გაგატანე,
მიყეფს წუხილი, შენს წუხილთან ვერმოკარების,
როგორც ყეფავენ უპატრონო ძაღლები გარეთ.
ქალაქის თაღებს თითო თითოდ ეყუდებიან
ქვაფენილიდან ასხლეტილი ღამის სხივები.
ადრე, გამორწყულ ბნელ სურვილებს, ჩვენი ვნებიდან,
ახლა ფოთლები დილის ცვრებად დაიკიდებენ.
მე გავუყვები ჩემთვის ალბათ ყველაზე უცნობ
და მიყრუებულ, საშიშ ქუჩას და თავს დავისჯი
იმ მოგონებით, რასაც ჩემ თავსაც ვერ გავუნდობ,
ვიპოვი ადგილს, თუღა დარჩა ჩემთვის ადგილი
ამ აწეწილ და დაუნდობელ საუკუნეში,
როგორც ღრუბლებში, მზე რომ იყრის შუბლზე ხანდახან
და რომელიმე ქუჩით თუკი ზღვასთან მივედი,
შენ დაგიძახებ... გამაგონებ? იქნებ სადა ხარ?!
თეთრეულივით კეცავს სიზმრებს ღამეში მთვარე,
ჩემი ტკივილი შენსასთან რა მოსატანია?
თუ შევძელი და ერთხელ მაინც თუ მივიმგვანე
ლანდი სარკეში, რომ მიცქერს და მიფრთხის ძალიან,
მაშინ დავაცლი ოთახს - კედლებს, კარებს - ურდულებს,
სიზმრის სარტყლებით შევკრავ ჩვენთვის ახალ კიდობანს,
რომ გამოვცურო ბნელ სივრცეში, სადაც წუხილი
უკვე ყოფილ ან ახალ იმედს აღარ მიტოვებს.
ცხოვრებამ გვფურცლა, შეგვისწავლა და შემოგვაწყო
ბნელ თაროებზე, როგორც უყდო, ძველი დავთრები.
თუ მოვაღწიე, თუ შენამდე მეყო სიფიცხე,
გამიჭირდება გითხრა, დღემდე რომ მენატრები.
ღამეა, ღამემ მთვარე ისევ დააორსულა,
უნდა დაბადონ კიდევ ერთი დილა სისხამი -
ზამთრის უდღეურ დილათაგან უსათნოესი,
მაგრამ დღენაკლი, არნანატრი და ნაბიჭვარი.
და როცა მთვარე სხივებს წყლებად დაღვრის სივრცეში,
მე ისევ ჩემი კუდიანის შავ ქვაბს შემოვდგამ
და ცას ასწვდება ჩახარშული მასში ფიქრების
კვამლი და ნატვრა, ისევ შეძლოს შენში შემოსვლა -
სადაც და როგორც, ვისთანაც და რადაც არ იყო -
ყრუ მონატრებამ, ვერაფრით რომ ვერ გავაგონე,
რომ არსად არ ხარ, სადაც მისი მოგწვდება სითბო
და სამუდამოდ დაეკარგათ თვალებს პატრონი.
ჩემი იმედის კიდობანზე შევდგი ის ქვაბი -
კუდიანების, ბალახების, შელოცვილ ვერცხლის.
მოვცურავ, მაგრამ სადღა არის ის ქარიშხალი?
მოვცურავ, მაგრამ ჩაინაცრა კოცონში ცეცხლი.
დილაა, დილას ნეტავ კიდევ ცოტა ეცლია
ღამის და მთვარის ამ უდღეურ, სათნო ნაბიჭვარს,
რომ უშენობა ერთი დღითაც გადამეწია
და მომეხარშა ბალახების ბანგი თავიდან,
უკვე ჩემთვის და მხოლოდ ჩემთვის (რომ ახალ დღიდან
დაგივიწყო და სიმარტოვეც არ გავიოცო),
ღრუბლის დაფნებით, სამყურებით - სიზმრის ბაღიდან...
და სიყვარული სამუდამოდ გამოვილოცო.
დაბრუნდი, ღმერთო
არავინ იცის, რით დაიწყო ეს დასასრული,
რაც შენ წახვედი, ყველაფერი გართულდა ერთობ...
გზებმა ვეღარსად მიგვიყვანეს, ჩვენი ხმაური
აღარ გესმოდა - ძალიან შორს იყავი, ღმერთო.
ახლა გვერდს ვუვლით ერთმანეთის ტკივილს გულგრილად,
მიზეზს ვერ ვხედავთ და თუ ვხედავთ, არ ვცდილობთ ახსნას
და ერთმანეთში რუდუნებით რასაც ვუვლიდით,
სულერთიობის აკლდამებში გულდაგულ ვმარხავთ.
ჩვენი დღე-ღამე - 24 ზანტი საათი,
ჩვენი დღე-ღამე - 24 ჩიტის აფრენა
აღარ გვანაღვლებს, დავასრულეთ დროსთან კამათი,
უკვე არ ვხტებით წყალში თავის გადასარჩენად.
არავინ იცის, მაინც როდის გახვედი ჩვენგან?
დამშვიდობებაც არ ისურვე, ხელის ჩაქნევით
შემოიფარგლე და დაგვტოვე მარტო და ერთად,
ალბათ გვეძინა, როცა ჩვენში - შენგან წახვედი.
გაღვიძებულზე, ჩვენი თავი ვეღარ ვიცანით,
გამოვიკეტეთ, შიშისაგან სული გავაცხეთ,
შენი დაკარგვის მიზეზებად გვექცა მიზანი,
დრო ვიხელთეთ და ერთმანეთი მიწყივ ვამარცხეთ.
დრო ვიხელთეთ და ერთმანეთი ვანარცხეთ მიწყივ
დაუნდობლობის და ეჭვების ლოდებზე, დიდხანს...
ფრჩხილივით სწრაფად გვეზრდებოდა მთავარი შიში -
თუ დაბრუნდება, ჩვენ, ასეთებს, რა უნდა გვითხრას?
ტყავს ვეღარ ვიცვლით, დავივიწყეთ თმენა და ლოცვა,
აღარ ვმღერით და არ ვიცინით, გვაქვს სამიოდე
ცოდვა-სურვილი - განვიკითხოთ, უარვყოთ, მოვკლათ
ერთმანეთი და წვეთი ცრემლიც არ მოგვდიოდეს.
რა აიაზმა, რის მირონი და აღსარება?
სულის ჩიტები გალიებში ცემით მოვკალით
და ერთმანეთში უღმერთობის გადასარჩენად
აღარც წარსულის აღარ გვჯერა, აღარც მომავლის.
ვეღარც ათამდე ვეღარ ვითვლით მრისხანებისას,
მეორე ლოყა? - გვეცინება... არა, ვხარხარებთ!
ზოგჯერ, სახლებში შეყუჟულებს, შებინდებისას
ერთი წამით თუ გაგვახსენდი - შენვე გაბრალებთ...
რაც შენ დაგვტოვე, მიზეზებად გვექცა მიზანი,
რაც შენ წახვედი, ყველაფერი გართულდა ერთობ.
იქნებ დაბრუნდე, რომ როგორმე გადაგვარჩინო
ერთმანეთისგან... შორს ხარ, მაგრამ ხომ გვხედავ, ღმერთო?!
* * *
სხვანაირი რომ ყოფილიყო ის დღე, მარიამ...
ვინ განარჩევდა ცისქვეშეთში უფლისგან-შენ შვილს?!
ღვთის შობის ხვედრი გერგო წილად, ნეტარ არიან -
შენი წიაღით გამოკვებე ცოდვილთა ღმერთი.
გაივლის ბევრი საუკუნე, შენ კი, ახლიდან
დაგმეხავს ელდა და დედობის ტანჯვით ევნები,
რადგან ცოდვებით გაბასრებულ სამსჭვალებისგან
ვერ დაიფარავს შვილის სხეულს შენი ხელები.
სხვანაირი რომ ყოფილიყო ის დღე, მარიამ...
მელანქოლია
ვცხოვრობ ცხოვრების გარეთ,
უალო ცეცხლზე ვიწვი,
აღარ ვენდობი თვალებს,
მაქვს უნიჭობის ნიჭი.
გამიქრა ვარდისფერი,
"ხოს" ნაცვლად ვამბობ "არას",
სულიდან ხიჭვებს ვიცლი
და დაღლილ ხორცში ვმალავ.
ჰორიზონტები გაქრა,
უკვე არ ვუსმენ ფიქრებს,
თითქოს დამტოვეს სადღაც -
ჩემს უჩემობას ვითმენ.
დავუმეგობრდი მძიმეს,
ტირეს ვაკერებ ყველგან,
ყველა პწკარის წინ წერტილს
ვსვამ და სინანულს ვბედავ.
დღითიდღე მიმძიმდება
გასაღებების აცმა,
კარს ვეღარ ვაღებ, ზღურბლთან
მაინც ჯიუტად ვდგავარ.
მე მივატოვე ღმერთი,
ვიდრე მან მიმატოვა.
მაწვენს, საბანში მახვევს
ერთგული სიმარტოვე.
ვერცხლისფერი გზით მივქრი
და ყოველ ღამით მთვარე,
უფერული და მშვიდი,
ფრთხილად მიხუჭავს თვალებს.
სარკმელს ჩამოვხსნი ფარდას,
სამყაროს სხეულს ვერწყმი,
სანამდე მიმატოვა -
მე მივატოვე ღმერთი.
მე - ყოფილი
მე - ყოფილი ჩემი ბედით კმაყოფილი არ ვყოფილვარ,
მე, ყოფილი ცოლი - მგზავრი სხვა ცხოვრების,
სიჩქარეში ნაწილებად დავყოფილვარ,
დღემდე სხვას რომ მონდომებით ვაგროვებდი.
მე ყოფილი ევაც ვარ და ლილიტიც ვარ -
ყველა ადამს ჩემი ნებით შეწირული.
ხან შეცდომა, ხან ღალატი წამომტკივა,
ვინც არ მიყვარს - მტკივა მისი სიყვარული.
მე - ყოფილი დანგრეული ჩიტის ბუდე,
დამტვრეული ვიოლინოს ბოლო სიმი.
ზამთრის ბაღი თუ უდაბნოს ბნელი ზღუდე,
უსაზღვრობა - საზღვარს იქით დარჩენილი.
ვიხდი ვალებს, მაგრამ მუდამ მოვალე ვარ,
ერთ გზას ვირჩევ და იყოფა ის გზა ასად.
თივის ზვინში დაკარგული ნემსიც მე ვარ,
ერთგულებაც ჩემი ფასობს ჩალის ფასად.
მე - ყოფილი საღრჩობელა ჩემი თავის,
შეცდომა რომ მტერივით არ ვიპატიე.
არყოფილი სიყვარულის პლანეტაზე
ვერგაფრენას ცოდვასავით ვინანიებ.
მე - ყოფილი და დამშრალი ოკეანის
უთევზებო, უშობელი, ბერწი საშო,
მავანისთვის ბილიკი ვარ სამოთხისკენ,
მავანისთვის - უხელებო სათამაშო.
მე - ყოფილი თოვლი, ახლა ნაკადულად,
რომ არ ვიცი, მთიდან რისთვის წამოვედი.
ქუხილიც ვარ, ხან ყოფილი ზვავივით ვარ,
ბედნიერი მთის კალთების აგორებით.
მე - ყოფილი ნატაძრალი სანთელივით
გულს ვიფუფქავ, ვინმეს გზა რომ გაუნათდეს.
თემიდა ვარ და თვალები დათხრილი მაქვს,
რომ სიკეთეს ბოროტით არ დავუზავდე.
მზით დატრუსულ ბალახებში ვცოცავ ზოგჯერ
როგორც გველი, ნაედემარ მოგონებით,
ტყავს ვერ ვიცვლი, ვაშლის ნაცვლად ბროწეულით
ვაცდუნებ და არასოდეს მოვშორდები
ვისგანაც მშვა შემოქმედმა და გამკოჭა
საუკუნო, მტკივნეული, მტანჯველ ვალით.
ყოფილი ვარ, ყველაფერი ყოფილი ვარ...
დარჩენილი სამუდამო ცოდვად - ქალი!
ნატვრის ხე
ალიხე, მალიხე, სალიხე...
რა ჩუმად ჩურჩულებს ნატვრის ხე,
რა ჩუმად.
გაგიმხელ,
ოცნებას გაგიმხელ,
ამ ხეზე ნატვრად რომ დავკიდე.
გასულან
ერთნაირები და ჩუმები,
ჩვენი მარტოობის წუთები.
მივდივართ
ხსოვნის გვირაბებში, ვფერხდებით
და ვერ დაწერილი ლექსები
ხეზე ჭრელეულად
ჰკიდია.
აისი-დაისი -
შუაში
ჩვენ ვართ,
მომწყვდეულნი მუჭაში
ცხოვრების.
ცხენი უსაბელო - ოცნება,
ძველებური ჟინით ბორგდება,
მოგველის.
დავიწყებთ,
თავიდან დავიწყებთ სუნთქვას და მივხვდებით,
არც ისე
შორს და უიმედოდ
წავსულვართ.
ალიხე, მალიხე, სალიხე...
რა ჩუმად ჩურჩულებს ნატვრის ხე,
რა ჩუმად...
საიდუმლო სერობით
საიდუმლო სერობით
გაცხადდება ყოველი:
სად - კაცი, სად - ღმერთი.
ჰანგებს, ასე ღვთიურებს
ქერუბიმულ-ციურებს
ხმა დაფარავს ვერცხლის.
ყველა გამოხსნილია,
ვისაც არ ეშინია
ნაგოლგოთარ ზარის.
ღმერთო, მადლი მოფინე,
გადი, რომ შემოხვიდე
ჩვენში - თუნდაც წამით.
შენი გარდაცვალებით,
უსასრულო წამებით
ივნეს, გავნეს, გვავნეს...
იუდების მოდგმიდან
ფეხაკრეფით მოვდივართ
მარადიულ გზამდე.
ირინდება ყოველი,
მამლის ყივილს მოველით
ისე, როგორც მაშინ...
განთიადით ცხადდება
ჩვენი გარდაცვალება
შენში - როგორც კაცში...
იალკიალი
დამიშენ დუმილს გამშრალ გუგებში,
ღამე ჯადოქრებს შემოგვაპარებს
უიმედობის.
ჩემი სიმართლე, ვითომ სიმართლე შენი არ არის -
აღარ მენდობი.
სახლი ივსება მოლოდინის ციცქნა ჯვარცმებით,
ვერ ან არ წახვალ, დუმხარ საშიშად.
მოვა ზამთარი, დაბრუნდები,
თუ ვერ გიცანი, გთხოვ, არ გამიშვა:
პირამიდებში, უდაბნოში ანდა წალკოტში ბაცი ვერთმობის.
ჩამქრალ თვალებით და უღონოდ ჩამოყრილ მხრებით -
მაინც გენდობი.
შუადღის სიცხეს შევატოვეთ ერთმანეთობა,
ველით საღამოს - ჩვენით სავსეს, სავსეს ციალით..
ბრუნდები ჩემთან და ზანზარებს ელდისგან სახლი
შენი ვნებით და ჩემი სულის იალკიალით.
ის ქალი ჩემზე ლამაზია?
ის ქალი ჩემზე ლამაზია?!
თუ კიდევ უფრო ლამაზი?
როგორ იცინის ან რა აცვია?
გნოლის ტანი აქვს თუ ავაზის?
ან როგორ სამკაულს ეტანება,
უხმოდ ტირის თუ ქვითინებს?
თმის სამაგრი ხშირად ეკარგება?
ვარდებს გიკვეთავს თუ გვირილებს?
მე კი, ჩემებურად ლამაზი ვარ,
რა ხანია, უხმოდ ვიცინი.
თალხ სხეულზე თალხადვე მაცვია...
ყელში ჩაბრუნებულ ყვირილით
უკვე ჭიასაც კი ვერ ვაღვიძებ
და ბოლო დროს, ჩემდა გასაკვირად,
ხელოვნურ ყვავილებს უფრო ვირჩევ
და წვიმებიც ისე აღარ მიყვარს.
მოვისროლე ყველა თმის სამაგრი,
თმები უკვე ჩემი ძაძებია.
მისი ღამეები - უცრემლებო,
ჩემი ღამეები - არ შრებიან.
ის ქალი ნამდვილად ლამაზია?
ან უბრალოდ, ჩემზე ლამაზი.
ნეტავი შემთხვევით შემახვედრა
ის - ჩვენს ცხოვრებაში არნამყოფი,
იქნებ მოვუყვე და დავაჯერო,
რომ შენ აღარ დარჩი გასაყოფი.
რომ ძილის დროს მხოლოდ მაშინა კრთი,
როდესაც ბავშვობა გესიზმრება.
რამდენი ჩემ სახელს დაუძახებ,
იმდენი ნურაფერი გეტკინება,
საერთოდ ნურაფერი გეტკინება!
ის ქალი ჩემზე მამაცია -
გამოგიგონა და გაგაღმერთა.
საფასურად - თავი დაგავიწყა,
მერე ჩემი თავიც გადაგრეცხა.
ნეტავ სადმე შემხვდეს, დავარიგებ:
როცა ბრაზობ-უნდა გაგეცალოს,
წინდებს თუ მოგაწვდის დილაობით -
უფრო გეყვარება... არ იწვალოს
ბროკოლის წვნიანის კეთებაზე-
ალბათ ჯერ არ იცის, რომ ვერ იტან.
გრძელი პერანგები შეგირჩიოს,
ისეთი, შარვალში რომ ჩაიტან.
ის ალბათ ჩემზე ლამაზია,
ანდა, უბრალოდ ლამაზი...
ვეტყვი, სასმელთან რომ ვერ მეგობრობ,
სამი ჭიქის მერე გულწრფელობ,
ღმერთი არ გაგიწყრეს, სიმთვრალეში
ჩემი სახელი არ უხსენო!
გამოგიგონა და გაგაღმერთა,
ღმერთები კი განა დარდობენ?
ღმერთები აწმყოთი ნეტარებენ,
წარსულზე არაფერს ამბობენ,
წარსულზე სიტყვას არ ამბობენ...
ის ქალი, ჩემზე რო ლამაზია-
ჩვენი ბედისწერა, წყალგამყოფი,
ვერ ხვდება, ძაღლივით რომ გდარაჯობს
აღარაფერი აქვს გასაყოფი,
უკვე მხოლოდ მისი სამყოფი ხარ,
მისი - ჩვენს წარსულში არნამყოფის.
მე კი, ისევ უხმოდ ვიცინი და
თმები ძაძებივით მაცვია,
რომ ოდესმე ჩემზეც არ იკითხონ -
"ის ქალი ჩემზე ლამაზია?"
შელოცვა
ალისასა, მალისასა,
ალისასა, მალისასა...
გულო, რამ შეგაშინაო,
სისხლი რამ აგიღვარაო?
ბოქლომდადებულო და საკეტჩაშლილო,
გარსი გაგითხელდა,
სკდები და არც სკდები,
ჩაინიავქარა, წავიდა საშენო...
შენს ფერფლს ნუ ისუნთქავ,
გულო, გაჩერდები!
შეგილოცავ გულისასა,
კედლებ დანაცრულისასა,
იმშვიდე და დაიძინე,
წყლულში თივა ჩაიფინე.
ნანდომთან რომ ბალახს კრეფდი,
წნავდი, ჰკონდი, თან არჩევდი,
გამომხმარა ის ბალახი...
ის ბალახი - ახლა თივა,
ჩაიფინე, მოგირჩება, გადარჩები.
თვალო, რამ შეგაშინაო,
შუქი რამ აგიღვარაო?
ბნელით უნდა გიმკურნალო,
შევულოცო ქუთუთოებს.
გაზაფხულებს რომ იფარებ
ცრემლის წვიმის დასამალად,
იმ გუგებზე შეგილოცავ,
შენს სიზმრებში,მარტოობის
ურჩხულების მოსაკლავად.
თვალო, თვალებს ნუღარ ახელ,
ნუღარ ხედავ - წყლულში თივა
რომ აფინა გულმა დიდხანს,
დასაშრობად ცხელი ცრემლის.
გული უკვე გადაბრუნდა,
უმადური გაისტუმრა,
ანარჩევი გახუნებულ ირისებით.
გული რატომ მოატყუე, ფლიდო თვალო?
შენც მასავით გადაბრუნდი,
შენი ზურგი დაანახე
ვინც არ მოვა, არ ჩაგხედავს,
გულს არასდროს არ აჰყვება,
შენი სარკის ეშინება,
გადაბრუნდი გულთან ერთად,
დაიძინე, გენაცვალე.
გულო, ვინ აგატკიაო? გულო ჩადექ საგულესა,
თვალო, ვინ აგატირაო? თვალო ჩადექ სათვალესა,
ბნელი ტბებით დაიფარე ეგ ირისი.
რომ დაგჭრათ და რომ წავიდა,
მაგრამ თან არ წაგიყვანათ,
უტაროა მისი დანა,
მოსარგები ორივესი.
შეგილოცავთ არაფრისას,
შეგილოცავთ არავისას,
ერთმანეთის მეტი ვინ გყავთ?
ნუ გეშინით!
უტაროა მისი დანა, თუმცა ყუას მიატანა
თქვენს წიაღში, თქვენს ცრემლებზე ალესილი.
მიეხორცა ხელზე მარად,
შერჩნილი დანის ტარი,
ამიტომაც ვერ მოგარჩენთ, ვერ გიშველით.
შეგილოცავთ, ჩემო გულო, ჩემო თვალო,
იმ წასულის უგულობის, მისი კვალის მაცქერალნო,
ჩუ, იყუჩეთ! იყუჩეთ და ნუღა ელით.
გადაბრუნდით, დაისვენეთ.
ნალს დაგკიდებ გულზე, გულო,
თვალო, კოცონს მოგიტარებ
იმ თივისგან დანანთების,
თუ გიშველით, გიმკურნალებთ
ნახარშით და მალამოთი კესანების,
გვიმრების და მწვანე ხმალა ბალახების.
დაცხრით, დაცხრით, კრიალებო,
ნატკენო ჩემიანებო,
ნურასოდეს შეიცვლებით.
გულო, ვინ აგატკიაო,
თვალო, ვინ აგატირაო? ყუამდე ვინ მიატანა დაპირებით?
კარგად ვიცი, განა არა
გულს თვალი ვინ გამოთხარა,
ვერ გიშველეთ, შელოცვით ვერ გაგამთელეთ,
მაგრამ მაინც გეკითხებით
იმის სახელს წარა-მარა,
მენატრება, გამახსენეთ, გამახსენეთ...
ალისასა, მალისასა...
ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ბექა ახალაია - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები