გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დალილა ბედიანიძე - ლექსები



***
არ ვიცი, რა ვუყო
ასკილის ამ აყვავებულ ბუჩქს,
რომელიც თავის ნაცვლად ამომეზარდა
და ყველას აშინებს, როცა დამინახავენ.
მე ჩუმად ვარ.
ის ჩემს ნაცვლად ლაპარაკობს
და მისი ფოთლები
მთელი დღე დაუღალავად გალობენ
და იზიდავენ ფიქრების ჩიტებს
აზრების ტყიდან.
დავკარგე თავი,
მაგრამ სხეული ქალისა შემრჩა
და ჩემი ასკილიც მდედრობითია
და მისი ყვავილებიც
ქალიშვილებივით გაფურჩქნულან.
ყველამ მიმატოვა. 
არავის ვუნდივარ ასკილისთავიანი,
მე კი არ ვიცი, რა ვუყო
ასკილის ამ აყვავებულ ბუჩქს,
რომელიც ჩემი ნაწილია
და ჰგავს შადრევანს,
საიდანაც მაცოცხლებელი შუქი იფრქვევა.


***
გულიდან გონებამდე ძლიერ გრძელი გზაა
და მხოლოდ ლექსს შეუძლია,
ეს გზა ელვასავით გადაიაროს.
როგორ ჰგავს სისხლის გადასხმას
ლექსის გადასხმა
და სიყვარულის გადასხმა!
ცეცხლივით იფეთქებს ლექსი
და თავის ირგვლივ შემოკრებილთ
სითბოს და სინათლეს მოჰფენს.
გულიდან გონებამდე ძლიერ გრძელი გზაა
და ამ გზაზე 
სიტყვები ეკლიან გორგალად იქცევიან
და ფხაჭნიან ნერვებს ისე,
რომ სისხლის დენას იწვევენ
როგორჰგავს სისხლის დენას ლექსის დენა!
და როდესაც სისხლისგან დავიცლებით,
ჩვენს ძარღვებში დარჩება
ლექსების ნალექი
და აღმოვაჩენთ, რომ თურმე მკვდარი ვართ
და მივისწრაფით, მეორე სიცოცხლე დავიწყოთ.
ჩვენში ჩამდგარ ლექსებს 
ჩვენი გაცოცხლება შეუძლიათ.


***
მესმის, როგორ უხსნის სიყვარულს
ბალახი ბალახს, ყვავილი ყვავილს, პეპელა პეპელას
და როგორ უხმობს უბედური ქორბუდა თავის მეუღლეს.
ტყედ ქცეულა ჩემთვის ქვეყნიერება.
მესმის, ზღვის მეცხრე ტალღას
როგორ უხმობს სანაპირო
და მესმის, რას ეუბნება ოქროს თევზს
ცნობილი მოხუცი მეთევზე,
რომელსაც საკუთარი სურვილები არ გააჩნია
და ცოლი აცდუნებს.
მესმის, მდინარეში როგორ ცეკვავენ და მღერიან კალმახები-
ვინ თქვა, რომ თევზი მუნჯია!
მესმის, როგორ ეჩურჩულება ცა დედამიწას,
როცა განთიადზე განეშორება...
ყველასი და ყველაფრის მესმის,
მაგრამ არ მესმის მშიერი მგლების ხროვისა,
რომელიც თანამოძმეს გაგლეჯს და შეჭამს.
ეს უკვე ომია
და მე არ მესმის იმათი, ვისაც ომი უნდა
და უმწეო შვლის ნუკრს დედას მოუკლავს.


***
ჩემთვის ყვავილი უფრო მეტია,
ვიდრე მცენარე.
ჩემთვის ჩიტი უფრო მეტია,
ვიდრე ფრინველი.
ჩემთვის ირემი უფრო მეტია,
ვიდრე ცხოველი.
ყვავილივით ჩვენც გვაქვს ფესვები,
ჩიტებივითაც ვჭიკჭიკებთ ზოგჯერ
და თავმომწონე ირემივით ვკრთებით ხოლმე,
როცა ჰაერში მგლის სუნი დატრიალდება
და უღრან ტყეს მივაშურებთ,
მაგრამ ოჰ, რქები, რქები, რომლითაც
თავი მოგვწონს, დაგვღუპავენ.
სულ სხვაა პანაშვიდის ყვავილები
და საქორწინო თაიგული-
სულ სხვაა თავისუფალი ჩიტი ტყეში
და გალიების ტყვე ჩიტები.
თუმცა ოდესმე ალბათ ჩვენი ყველას ხვედრია
მოშინაურება და ოჯახში, როგორც მახეში გაბმა
და იქიდან მონატრებული გავყურებთ ხოლმე
ყვავილებს, ჩიტებს და ლამაზ ირმებს,
რომლებიც თავიანთმა სილამაზემ დაღუპა.


***
ყველა ფოთოლი დაჭკნება ბოლოს,
ჩამოვარდება ყველა ფოთოლი
და ზამთრის ძილში
შიშველ ბაღებს თოვლი შემოსავს.
ყოველ წელიწადს მოდის ზამთარი
და ვეთხოვებით ხოლმე ზაფხულს,
როგორც შორს მიმავალ შეყვარებულს,
რომელიც მთელი წელი მერე შინ არ იქნება
და როცა ვნახავთ, შევამჩნევთ, რომ
თურმე მთელი წლით დაბერებულა
და მის გვირგვინსფოთლები უკვე შეყვითლებია.
ყველაფერს  თავის დასასრული აქვს,
მხოლოდ დროა უსასრულო და მარადიული
დრო -ბატონი, ჩვენ-მსახურები.
„დრონი მეფობენ და არა მეფენი!“
ყველა ყვავილი და ფოთოლი
დაჭკნება ბოლოს.
არ ჭკნება მხოლოდ
ხელოვნური ყვავილები და ფოთლები,
რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ,
რომ დროს ვაჯობოთ
და გული დავიმშვიდოთ,
რომ არ ვბერდებით.


***
ტყის მიწაში ღვივის ხოლმე
იების ბოლქვი გაზაფხულობით
და ძალას აძლევს იებს,
რომ მიწა ამოარღვიონ.
ღმერთო, ადამიანებიც ხომ მიწის ქვეშ არიან დამარხული
და რა იქნება, რომ ისინიც 
ამოვიდნენ, როგორც იები
და განმეორდნენ გაზაფხულობით!
თუ შეიძლება, გამიმეორე ღმერთო ჩემო,
როცა მიწაში კი არ ჩამფლავენ,
ჩამთესავენ, როგორც მცენარეს-
გამიმეორე ისევ და ისევ ადამიანად!
ერთი სიცოცხლე ძლიერ ცოტაა
და სააქაო აღარ მეთმობა.
ეს მშვენიერი წუთისოფელი,
აყვავებული იებით სავსე,
ხომ შენ შეგვიქმენ ღმერთო მაღალო
და რაღად გვართმევ სიკვდილის ძალით?
მოგვეცი ძალა, 
როგორც იები ისევ მოვიდეთ!


***
გადაბარდნილა თეთრად მთა-ველი,
ფეხად ჩამოდის ზეცა მთოველი.
ყველა მოვიდა, ვისაც არ ველი,
ის კი არა ჩანს, ვისაც მოველი.
დამეკარგება სათქმელი სიტყვა
და ვდარდობ, რადგან დუმილი კმარა.
ყველას ვუყვარვარ, ვინც მე არ მიყვარს
და ვინც მე მიყვარს, იმას კი-არა.
ჩემს ირგვლივ ყველას ვიცნობ, ვაფასებ
და მაინც ო, რა მარტო ვარ ახლა
და სულის წმინდა, ნათელ დაფაზე
აღბეჭდილია შიში და დაღლა.
ყველას ვიცნობ და იმას კი-არა,
ვინც მიყვარს, არის გამოუცნობი
და მაინც იმას ვეკუთვნი მარად
სულით, გულით და ათივე გრძნობით.
ეს მარტოობა ღმერთო, მაკმარე!
ჩემი სიცოცხლე ლოდინში მიდის.
ამაოდ ვაღებ ამ გულის კარებს,
არ ჩანს, ვიც მიყვარს კრძალვით და რიდით.


***
ჩამოივლის ქარი,
როგორც მაჰარაჯა.
შეუმღერებს მტკვარი
დიდგულას და არჯალს.
ჩამოივლის ქარი,
როგორც მაჰარაჯა.
მიაქვს მთა და ბარი,
უფეთქდება მაჯა.
ჩამოივლის ქარი,
როგორც მაჰარაჯა
და ფოთლების ჯარი
ფერით მოჰგავს მარჯანს.
ჩამოივლის ქარი,
როგორც მაჰარაჯა.
იქნებ მოჰყვეს დარი
გადაქცეულს ქაჯად.
ჩამოივლის ქარი,
როგორც მაჰარაჯა.
მიუხურო კარი-
ამაოა გარჯა.
ხეებს მოხრილს წელში
სალამს უძღვნის ქარი.
გადაგრევს და შეგშლის
ქარი ამდაგვარი.


***
სიტყვები სულის ცაში ისე მიფრინავენ,
როგორც წეროების გუნდი.
წინ მეწინავე სიტყვა მიფრინავს
და სხვები ნდობით მიყვებიან.
სავსეა სულის ცა სიტყვებით- წეროებით.
ხანდახან მათი ყივილი ისმის, როგორც ლექსი
და იბადება რიტმი და რითმები.
გზა ცისაკენ ძლიერ გრძელია.
ზოგჯერ წერო ჩამოვარდება
და დავიწყების ზღვაში ჩაიძირება.
სავსეა ეს ზღვა მკვდარი სიტყვებით- წეროებით
მეწინავე სიტყვა გზას მიიკვლევს
და წეროების გუნდი
ცაზე წარწერილი ლექსია,
რომელიც ამ გზას მიუყვება
და თვალს ახარებს.
ვდგავარ მთის წვერზე
და წეროებს გავყურებ.
აი, დაეშვნენ ისინი ქვემოთ დასასვენებლად
და ლექსიც დამთავრდა
და მე სავსე ვარ სიტყვებით- წეროებით
და მიხარია, რამეთუ „პირველითგან იყო სიტყვა“.


მზე შვებულებაში

დაზამთრდა.
კარგა ხანია, აცივდა და ჩამობნელდა
და ქუჩები ნისლით დაიტბორა.
ეს იმიტომ, რომ
მზე დაიღალა ამდენი ამოსვლა-ჩასვლით
და დასვენება მოინდომა
და შვებულებაში გავიდა.
გზას მივიკვლევ ხელის ცეცებით-
სადღაც ქუჩაში ტირის ბავშვი,
რომელიც დედას დაკარგვია
და რომელსაც გზა აბნევია
სიბნელის გამო.
არავინ ვიცით,
მზე კვლავ როდის გამოანათებს,
როდის დაგვიბრუნდება
და ვმარჩიელობთ ყავის ნალექზე,
რომელშიც მზე კი ამოდის, მაგრამ
ჯერ-ჯერობით ძლიერ შორია
მზე შვებულებაშია და უნდა გავძლოთ,
სანამ მისი შვებულება დამთავრდებოდეს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge