გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ადა ნემსაძე - „წყაროსთვალივით წამოგხეთქავს სტრიქონი თოთო“ (გიორგი ლობჟანიძის პოეზია)

დაძაბული დროითა და ამ საუკუნის ცხოვრების უაღრესად აჩქარებული რიტმით გადაღლილ ადამიანს უფრო და უფრო ხშირად უჩნდება მოთხოვნილება მყუდრო თავშესაფრის ძებნისა. ეს თავშესაფარი კი ხან საინტერესო მოგზაურობაა, ხან კინოდარბაზი თუ თეატრის სცენა, ხანაც უბრალოდ მუსიკა, ნახატი, სკულპტურა, წიგნი... კარგი ლექსის ან მოთხრობის წაკითხვა უამრავ ნეგატიურ ინფორმაციას გადასწონის. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი დღეს ნამდვილად არ გვაკლია, მით უფრო დიდია თუნდაც ერთი რიგიანი ლექსის ფასი და მნიშვნელობა. ამიტომაც ჩვენგან დიდი მადლობა ეკუთვნით მათ, ვისაც ჩვეულებრივი რუტინული ყოფით დაღლილი მკითხველისთვის ამ ბედნიერების მინიჭება შეუძლიათ. 
მიუხედავად პროფესიისა, ლექსის ძირითადი ფუნქცია ჩემთვის მაინც ისაა, რაც კარგი მუსიკის, ნახატის, ფილმისა თუ სპექტაკლის. მაგრამ ხანდახან (იშვიათად) ისეთი პოეზიაც შეგვხვდება ხოლმე, რომ უნებურად განგვაწყობს საწერად; მით უფრო, თუკი ეს ავტორი ჩვენი თანამედროვეა და იმავე სოციოკულტურულ გარემოში ცხოვრობს, იმ პრობლემების წინაშეა, იმ სირთულეებს ეჭიდება, რასაც ჩვენ ყველანი... მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, მათ ძალუძთ, სულ სხვა ფერებითა და სახეებით სავსე სამყარო გადმოგვიშალონ წინ და ამით მშვენიერება დაუბრუნონ ყოფას... 
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა გიორგი ლობჟანიძის სახელი გავიგე. მაშინ, ჩვენს საბჭოთა ბავშვობაში, ამდენი პოეტი, დღეს რომაა, ცხადია, არ იყო, უფრო სწორად, შეიძლება იყო, მაგრამ თავისთვის, ყველას პოეტობაზე პრეტენზია არ ჰქონდა. ამიტომაც მას, ვისი სახელიც იმ დროის სალიტერატურო ბეჭდურ მედიაში ჩნდებოდა, განსაკუთრებული რამ უნდა დაეწერა. ასე გავიგე მეც და მთელმა საქართველომაც ერთი პატარა პოეტი ბიჭის შესახებ... 
სამყაროს გიორგი ლობჟანიძისეული პოეტური აღქმა მკითხველს დიდ სიამოვნებას ჰპირდება, მიუხედავად იმისა, რომ მასში ბევრი ტკივილი და დარდია. ხელოვანის ოსტატობის საზომიც ხომ ესაა, ხელოვნებად გარდაქმნას და ესთეტიზებული ფორმით მოგაწოდოს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება – მხიარულიც და სევდიანიც. 
თანამედროვე ადამიანის ტრაგიკული ყოფა ძირითადად გასასტიკებულ სამყაროში ცხოვრებით, ფასეულობების მოშლითა და ზნეობრივი საყრდენების ტრანსფორმაციით, უნდობლობით, მიტოვებულობისა და მიუსაფრობის მტკივნეული განცდებითაა ნასაზრდოები. ტექნიციზმის ეპოქაში ადგილი აღარ დარჩა არც ღმერთისათვის, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ზემოჩამოთვლილი ფაქტორებით დატანჯული ეული ადამიანის ყოფა. ყველაფერთან ერთად მას ის თავშესაფარიც მოეშალა, რომელსაც რწმენა ჰქვია. ორიგინალურ პოეტურ საბურველში გახვეული ეს ტკივილია სწორედ გიორგი ლობჟანიძის ლექსების ერთ-ერთი მთავარი სათქმელი.

ველზე ეშვება ღორების კოლტი,
ირგვლივ ყველაფერს მსუნაგად ხაპავს,
დავიწყებია პაპას ზღაპარი,
სძინავს და ბოლო არ უჩანს ზღაპარს...
მინდვრის ბოლოს კი ეული ალვა, 
მაინც შრიალებს – ქარების ურჩი,
თითქოს ცხოვრება ლექით კი არა,
ქადა-ნაზუქით უვსებდეს ხურჯინს...


პოეტს ისე ფაქიზად შემოაქვს რელიგიური თემატიკა, რელიგიური სიმბოლოები და პასაჟები თავის ლექსებში, რომ ისინი სიმძიმის განცდას ოდნავადაც არ ტოვებენ. არადა, ხელოვნებაში გარკვეულმა ნებისმიერმა ადამიანმა კარგად იცის, რომ ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია. ღორების კოლტი ფრაზაში პირდაპირ სახარებისეული ალუზიაა, რომელიც, თავის მხრივ, უშუალოდაა თანამედროვე ეპოქასთან გადაჯაჭვული და ურწმუნოებისა და უსაშველობის განცდას აღძრავს, მეტადრე პაპის დავიწყებული ზღაპრის ფონზე. 
„პარკებიანი კაცის ლოცვაშიც“ რელიგიური კონტექსტი იკითხება. აქ აუცილებლად აღსანიშნია პოეტური ოსტატობის მაღალი ხარისხი, რისი საშუალებითაც ავტორი საოცრად ბუნებრივად აახლოებს ერთმანეთთან ორ სრულიად განსხვავებულ განცდას, რომელთა ერთ კონტექსტში წარმოდგენაც კი ძნელია – როგორ შეიძლება ამქვეყნიური სანოვაგით დატვირთული ადამიანი მიემსგავსოს უფალს, თან ყველაზე რთულ ფაზაში, ჯვარცმაში. ეს ლექსი ეპოქის სულისკვეთების გამოხატულების კიდევ ერთი ნიმუშია, საუკეთესო ნიმუში. მასში იკითხება არა მხოლოდ ის, რომ დრომ ადამიანის ფასეულობათა სისტემა შეცვალა, არამედ უფრო ის ტრაგიკული ყოფა, თუ როგორ მიაჯაჭვა სასტიკმა, დაუნდობელმა და უაღრესად რთულმა დრომ ადამიანის უმთავრესი საფიქრალი ყოფით პრობლემებს და როგორ წაართვა მას ამაღლებულზე, მშვენიერზე ფიქრისა და ოცნების სურვილიც და საშუალებაც, როგორ გაუთანაბრა საკვების მოპოვების ყველაზე მიწიერი პრობლემა სიცოცხლის დათმობისასას განცდილ უმაღლეს სულიერ და ფიზიკურ ტკივილს: 

მე კი კაცი ვარ, 
ცელოფნების პარკებით – ქარში,
როცა ხელებს ვშლი, 
რათა ქარი მოვიგერიო,
რომ ადგილიდან უცებ შენთან არ ამომტყორცნოს, 
მოულოდნელად შენ გემსგავსები,
მაშინ როდესაც
ღმერთად იქეცი...
ასეთია ამ ცელოფნის პარკების ჯვარცმა,
ხუთი თევზით და
ორი პურით...

სხვა ლექსში („რას გვეუბნება“) კი თოვლის სხვადასხვა კონოტაციური მნიშვნელობებით პოეტი კონტრასტს ქმნის სიწმინდესა და ჭუჭყს, სინათლესა და სიბნელეს, ტანჯვასა და ბედნიერებას შორის, ხოლო თოვლის ის ნიშანი, რომ იგი დიდი ხნის „ნანატრია“, ამ ოპოზიციებში დადებითი საწყისის სიმწირეზე მიუთითებს: 

რის საჩუქარი? – ყველაფერი ტანჯვით გვეძლევა,
საჩუქარს კაცი ვერ მოიხმარს, ვერაფერს უზამს,
შეხედე – მთელი წლის ნანატრი თოვლი მოვიდა,
სუდარასავით გადმომემხო მარტოსულ ჰუსარს...
თვალუწვდენია გზა, სიცივის ავლია ქობა,
ისე მივდივარ თან არაფრის მიმყვება ჯავრი,
ღამდება, თუმცა მალე მთვარე ამონათდება,
რომ საშიშ გზებს არ შემატოვოს ეული მგზავრი. 

ამ ყველაფერთან ერთად კი ადამიანს არა მხოლოდ იმედი და რწმენა დაუკარგავს, არამედ არჩევანის თავისუფლებაც. აქ საკმაოდ ფრთხილ თემას ეხება პოეტი და მისთვის ჩვეული ოსტატობით ფარავს ძალიან ტრაგიკულ სათქმელს შედარებით მსუბუქი ფერებით. არჩევანის არარსებობა, რასაც პირდაპირ ნების თავისუფლების პრობლემასთან მივყავართ, თანამედროვე საზოგადოების უდიდესი სატკივარია. იძულებით ცხოვრება და იძულებით მიღებული გადაწყვეტილებები ადამიანს უმთავრესს – ბედნიერების განცდას ართმევს. იგი უკვე კარგად არჩევს სიყალბესა და ნამდვილს, მაგრამ ეს სიმშვიდის მოპოვებაში ვერ ეხმარება.

ჭკუა ვისწავლეთ: 
ვეღარ მოგვატყუებს
თქვენი სარეკლამო პლაკატები – 
ყალბი ზურმუხტები,
კიდევ უფრო ყალბი აგატები,
თოფი იმხელაა, მთელ ჩვენს ცხოვრებას გადასწვდება, 
ადგება კაცი და თოფს არჩევანივით გადატენის...
რას იზამ მაშინ, როცა არა გაქვს არჩევანი –
გულს თუ დაუმიზნებ,
რადგან არც სერსოა აქ, არც ტირი..
მით უფრო, როცა თავად ეს ცხოვრება იტყუება
გაპრიალებული
წინასაარჩევნო პლაკატივით.


შესაქმის აქტი სამყაროს გვირგვინის – ადამიანის შექმნით მთავრდება, რომელსაც ებოძა მთელი ის საოცრება, რაც მანამდე შეიქმნა. ჯერ მოდერნიზმის, შემდეგ კი პოსტმოდერნიზმის დროში კი ყველა ის იმედი გაცრუვდა და ოცნება დაიმსხვრა, რომლებშიც ადამიანი არსებობის გამართლებას ხედავდა. სიმულაციურმა ყოფამ ჩაანაცვლა რეალობა, სიმულაკრამ დაიდო ბინა ხელოვნებაშიც. ცხადია, ამ ფონზე ყველაზე მეტად ადამიანს გაუჭირდა, გაუჭირდა არსებობა, თან ისე გაუჭირდა, რომ გაქრა მისი სულიერი ხატი და სამყარო მხოლოდ ფიზიკური, უმიზნოდ მოხეტიალე არსებებით გაივსო: 

ზუსტად აღარ მახსოვს, როდის, მაგრამ 
ზუსტად მახსოვს, რომ ვნახე ადამიანები,
ბედნიერებით იყვნენ ერთმანეთით
და ისე ლაღად მიდიოდნენ, 
გეგონებოდათ,
გაზით ამჩატებული საჰაერო ბუშტები არიანო...
... ადამიანები ყინვაში და ადამიანები სიცხეში ვნახე,
ადამიანები წვიმაში და ადამიანები ქარიშხალში ვნახე.
ადამიანები, დიახ, დიახ... ზუსტად მახსოვს, რომ სწორედ ისინი...
მაგრამ ვერ გეტყვით,
ბოლოს როდის ვნახე ადამიანები...

ადამიანთაგან დაცლილი სამყაროს ტრაგიზმი გიორგი ლობჟანიძესთან ხშირად გვხვდება. მაგრამ პოეტური ხატების ვარირებით იგი ყოველ ახალ ლექსში ახალ მხატვრულ სამყაროს ქმნის, ასეა ამ ლექსშიც, რომელსაც „კნუტებივით...“ ჰქვია და სადაც ადამიანები დასახრჩობად განწირულ კნუტებს ჰგვანან თავიანთი უმწეობითა და მარტოობით:

გუშინ ღამით ავტობუსში დავჯექი და ვიკატავე,
წასასვლელი არსად მქონდა, არც რწმენა და ღმერთი, რჯული,
ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობდი,
თითქოს მდინარეზე გაველ,
ავტობუსის ბოლო სკამზე საიმედოდ მიკუჭული...
მოჩახჩახე სინათლეებს
მოჰყვებოდა რია-რია
ქალაქისა,
სადაც ერთი ნაცნობიც არ შემხვედრია...


კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი, რაც ზოგადად მსჭვალავს გიორგი ლობჟანიძის პოეზიას, არის კაცთაგან მიტოვებული ღმერთის მეტაფორული სახე, რომელსაც ასევე უამრავი ვარიაცია აქვს. ეს სახეები იმ სახარებისეული ალუზიითაა ნასაზრდოები, რომლის მიხედვითაც ყველა, ვინც დახმარება გთხოვა და უარი უთხარი, შენგან გაგდებული და უარყოფილი ღმერთია. ამ კონტექსტში კი საოცრად ზუსტად ზის მიტოვებული, შეუცნობელი და ცხვირწინ კარმიხურული კოჭლი ღმერთის მხატვრული სახე:

ვირეკდი და არ განმეღო კარი,
სულის მინებს
ზამთრის ჭირხლი ფხოჭნის,
თან მომყვება მაწანწალა ძაღლი,
ჩემი წუთისოფელივით კოჭლი...
საკუთარი მარტოობის ქარში
მივირხევი, როგორც ცრემლის საყურე,
პატრონი თუ არ ბრძანდება, რაღას 
ვემართლები ზრდილობიან მსახურებს...
გარეთ გახვალ, 
რა კარგია გარეთ...
გაუყვები აცრემლებულ ქუჩას,
მარტო გდია მარტი,
როგორც ბოზი,
გუბეების ძუძუები უჩანს...
უცნაური ქსოვილია ყინვა – 
აბრეშუმი, ყაჭი და ჭიჭნაუხტი,
იყო ჩვენთან ერთი კოჭლი ღმერთი
და არც ერთი (ვითომ) შინ არ დავუხვდით...


ხომ თითქოს მე-19 საუკუნის ეპოქაში გადავყავართ ლექსის კონტექსტს, მაგრამ აბა დავუკვირდეთ დღევანდელობას და ვთქვათ, დღეს რამე სხვა ხდება? დღესაც ასევე, შეიძლება უფრო სასტიკადაც და უგულოდ, არ ვწირავთ ერთმანეთს? არ ვუხურავთ ცხვირწინ კარს მაშინ, როცა მას მხოლოდ საშველად გაწვდილი ჩვენი ხელი სჭირდება? ზუსტად იგივე სათქმელი, ოღონდ სხვა პოეტური ხატებითაა გადმოცემული „ძველმოდურ ლექსშიც“:

თოვლს შეუდგება ალბათ მალე პირველი ლეღმა,
და ნაჭერ-ნაჭერ ღრუბლის წვიმა მაღლა ციდანა,
რაღა ქნას ხევში მოქანავე პატარა ლეღვმა,
თუ სანაყოფე ყვავილი ვერ გამოიტანა?
საით გავექცე ამ ფორიაქს, სიცრუის წიაღს,
ამ გაურკვეველ ხალხს – სულით და გულით აკუმებს,
არავის ჩემთვის გულის კარი არ გაუღია,
არადა, ღმერთო, ხომ ხედავდი? – დავაკაკუნე. 


გიორგი ლობჟანიძის „წყევლა-კრულვიან საკითხავებში“ ერთი ქართული ტკივილიცაა, დღევანდელი ტკივილი, რომელიც დაკარგულის გლოვას ეხება. ეს დაკარგული ზღაპარია, დაკარგული ბავშვობა... არადა ამ ბავშვობას, როგორც ყველაზე ნათელ და სათუთ მოგონებას, ისე ვინახავთ ადამიანები, დიდობაში ცხოვრების სისასტიკეს რომ გავუძლოთ. მაგრამ ის ბავშვობაც სადღაც გამქრალა დედის გულივით ახლობელ ქართლის მიწებთან ერთად და ერთი დიდი ამოუვსები სიცარიელე დაუტოვებია: 

აქ მორჩა ჩემი ზღაპარი,
ჩემი ფქვილიც და ქატოც,
რა უცხო მთვარე ანათებს
პირგამეხებულ ატოცს!
სად არის ჩემი კულული,
აქ რომ პირველად მკვეცეს?
ან ჩემი ქართლი სად არის,
დედის გულივით ვეძებ...

მიუხედავად დიდი ტკივილისა, გიორგი ლობჟანიძის პოეზია სავსეა სიყვარულით, ნათელი, სუფთა, უანგარო, და ხანდახან სევდიანი სიყვარულითაც. ადამიანს მეორე ადამიანის სიყვარული აქცევს ადამიანად, ხელოვანს კი ამ სიყვარულის თესვა, ზრდა და შემდეგ მისი მთელი სამყაროსთვის მოფენა ევალება უპირველესად. ამას საოცრად ახერხებს გიორგი ლობჟანიძე თუნდაც თავის მინიატურული ფორმის ლექსებში, სადაც სიყვარული არის მხოლოდ მე და შენ:

მე და შენ... 
ის კი... 
არ არსებობს... 
იგულისხმება... 
ცხოვრება კი სიზმარია, რომელიც იმ ერთადერთს უნდა უამბო, თუ იპოვი:
ეს სიზმარი –
მე რომ უკვე წყალს 
გავატანე – 
შეიძლებოდა,
შენთვის 
მეამბო...

ხოლო ლექსში „ისედაც...“ სიყვარული ერთი დიდი დაუნაწევრებელი მთლიანობაა, სადაც ყველაფერი ერთდროულად შეიძლება დაინახო: გაცივებული სამყაროც, დატანჯული სამშობლოც, საოცნებო ქალიც, ტკივილიანი წარსულიც, აუხდენელი ოცნებაც, რეალურიც და ირეალურიც... და ეს ყველაფერი უდიდესი კონდენსირების ძალით მხოლოდ ორ სტროფშია ჩატეული:   

თუ რამე შემომრჩა მშობლიური,
თან ახლავს ჩემს ქართლურ კილოკავს,
დაჭრილი მგელივით მოვიკუნტე 
და წარსულს წყლულივით ვილოკავ...
ნეტავ ასე რატომ გამიარჯლდა,
ან ასე რამ გამიმიზეზა,
ცოტა ხანს გეცლია, სიყვარულო,
მალე მოვკვდებოდი ისედაც... 

ხომ თითქოს ტკივილითაა სავსე გიორგი ლობაჟანიძის პოეზია, მაგრამ ეს ტკივილი ისეთი სუფთაა, ისეთი გულწრფელი და ასე ადვილად გასაგებს ხდის მას პოეტი, რომ სასოწარკვეთილების განცდას არ ტოვებს. მაღალი რანგის პოეზიის ნიშანიც ხომ ესაა – ისეთ ძლიერ ესთეტიკურ მუხტს შეიცავს თავის თავში, რომ ძალაუნებურად გადმოდის მკითხველზე და კათარსისის სივრცეში გითრევს.  
თანამედროვე ქართულ პოეზიაში გიორგი ლობჟანიძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელია, რომელსაც აქვს თავისი განსაკუთრებული ხმა, სათქმელი და ამ სათქმელის გადმოცემის საოცარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გზები და ხერხები. ავტორს დავესესხები და ვიტყვი, რომ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულები „სინამდვილეში საჩუქრებით სავსე ტომრებია“, რომელთაც „მპოვნელი და პირის მომხსნელი“ მანამ ეყოლება, სანამ ადამიანს სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი გააჩნია, სანამ „მზეებს ხატავს“, სანამ ძალუძს, „საკუთარ ჩრდილში შეგიშვას და სიგრილედ გადმოგეფინოს სიცხით შეხუთულს“, სანამ შეუძლია, გვერდით მდგომს უთხრას:

არავისი მიწა არა ვარ.
ხიდი ვარ,
ორ არაფერს შუა გადებული.
თამამად გაიარე...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge