გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი


ნაზიმ ჰიკმეთი
1902-1963
დიდი თურქი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ნაზიმ ჰიკმეთი დაიბადა სალონიკში,1902 წელს,პოლიტიკოსი მამის და პირველი თურქი მხატვარი ქალის ოჯახში.
პირველადი განათლება,მაღალჩინოსანი ბაბუას ოჯახში მიიღო.დაამთავრა სტამბულის გალათასარაის ლიცეუმი.რის შემდეგაც გაემგზავრა მოსკოვში და პოლიტოლოგია და ეკონომიკა შეისწავლა.გახდა კომუნისტი.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს,პოლიტიკური შეხედულებებისთვის.საპყრობილეში 17 წელი დაჰყო.ბოლოს გაათავისუფლეს და გააძევეს ქვეყნიდან.გაემგზავრა და დასახლდა მოსკოვში.
აქტიურად მონაწილეობდა სამშვიდობო მოძრაობაში.მინიჭებული აქვს მშვიდობის პრემია,შოსტაკოვიჩთან და ჩარლი ჩაპლინთან ერთად.
არჩეულ იქნა მშვიდობის მსოფლიო საბჭოს საპრეზიდენტო საბჭოში.
გარდაიცვალა მოსკოვში 1963 წლის 3 ივნისს.
მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე,თუმც სამშობლოში მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა.



მობრძანდი ქალბატონო

მობრძანდი, ჩემო ქალბატონო, მობრძანდი;
დაღლილხარ;
როგორ დაგბანო ეგ პაწაწინა ფეხები,
არც სურნელოვანი ვარდის წყალი და
არც ვერცხლის თასი მაქვს.

მოგწყურებია;
არ მაქვს ყინულიანი შარბათი,
რომ მოგაწოდო,შეგასვა და
წყურვილი მოგიკლა.

მოგშიებია;
ვერ გაგიშლი თეთრ,ნაყშებიან
სუფრას,
სამშობლოსავით უქონელი კაცი ვარ.

მობრძანდი,ჩემო ქალბატონო,მობრძანდი;
შენი ფეხის შემოდგმით,
ჩემი ოთახის,
ორმოცი წლის ბეტონი
ნაირფრად აყვავდა.
გაიღიმე და
შენს ღიმილზე,
ვარდები გაიშალა რკინის ფანჯრებზე;
იტირე და
ცრემლები მარგალიტებად
ჩაგეპნა მუჭებში.
ტრფობაში მდიდარი ვარ-
გაცისკროვნდა და გასხივდა
ჩემი ოთახი.

მობრძანდი, ჩემო ქალბატონო,
მობრძანდი.



გულთენ აკინი
1933-2015
ქალი პოეტი, გულთენ აკინი:,,აქ არავის აქვს დრო გაჩერდეს და წვრილმანებზე გესაუბროს,,
,,ლექსი სტროფში გაჭედილი ფეთქებადი ენერგიაა, ლექსი დაგშლის, აგაფეთქებს. ასეა, ამაღლებულად საშიში რამეა. ლექსი ხან სიამოვნებაა, გადმოცემა, თან უსაშველო თავისუფლება, სილაღე. თან ძალიან ნაზი წონასწორობა, შინაგანი წესრიგი, მოთმინება და ენთუზიაზმი.,,



ლექსი დამსხვრეულ ქალებს

ლამაზი კანი რომ მირაჟია,
ბოლოს რომ ქრება
იციან ქალებმა,
ქალებმა, რომლებიც ბოლოს
მკითხაობის ჭაობში იძირებიან.
სადღაც სიბნელეში, დაშვებული,
იდუმალი ფარდის მიღმიდან
ნამარჩიელები იმედების
სხივი, მხოლოდ
იმ დაშვებული ფარდების
სიგრძის ზომაა.
ეძიებენ იმედებს ქალები...

ვის აინტერესებს
მათი სამყარო,
რკინაა? ცეცხლია?
თუ ჯოჯოხეთია.
პროპელერივით მობზრიალენი,
ფერადი შუშების
მსხვრევა -მსხვრევით,
დამსხვრეული ფრთებით,
ამთავრებენ ქალობას.

ლამაზი კანი
რომ მირაჟია,
ბოლოს რომ ქრება,
იციან ქალებმა.


***
ვზივართ
ოცნებების ყავახანაში
და
ვსვამთ
ცხოვრების ჩაის.
ყოველ ჯერზე, ნაკლებად
გვეწვება ტუჩები.
ყოველ ჯერზე ,უფრო
გრილია, ჩვენი ჩაი.
ყავახანაც დანგრევის პირასაა
თითქმის...
მომსვლელნი იგივე...
წამსვლელნი იგივე...
ხომ არ გავიდეთ
აწი ყავახანიდან?
ერთი ყლუპიც კიდევ?
რატომ?
არ მოგბეზრდა
ტუჩების წვა
ჯერკიდევ?



ჰალიდე ნუსრეთ ზორლუთუნა
1901-1984
( ქალი პოეტი)


***
გამეცალე, ამ ჩრდილებში რა გინდა...
გაზაფხულის მზერა ისევ მთვრალია,
ნუ შეცდები, ჩემს გულს ნუ ესტუმრები,
სალოცავთან ჩარაზული კარია.
ტაძარია, მეიჰანე კი არა!

ამ გვირილებს რად აქვთ ოქროს გვირგვინი,
მზისფერ თმებში დაიბნიე ვარდები,
გაზაფხულო, წადი, ღვთის გულისათვის,
მუხლმოდრეკილ ქალწულებს ნუ ადარდებ...
გულს ნუ მოხვალ, ის კაშანე არაა!

სიკაშკაშე, სურნელება, ფერები,
ერთი დღე და კიდევ ერთი ქორწილი,
ბულბულს მკერდში უზის მისი ლანდები,-
ბულბულს მკერდში ეღვრებიან ვარდები!
ლამაზი ხარ, ვიცი, არ მეჩვენები!

გაზაფხულო, წადი, სხვა გზებს უღიმე!
ზღვას ფერები საჩუქრებად ეყაროს,
ცის ტატნობზე, ცის კიდეზე იარე,
ოღონდ ჩემს გულს, ამ გულს არ გაეკარო.
კანდელია, ფეიმანე კი არა.
(მეიჰანე-გასართობი ადგილი,ტავერნა.
კაშანე-სასახლე
ფეიმანე-სასმისი ალკოჰოლისთვის.)



შუქუფე ნიჰალი
1896-1973
( ქალი პოეტი)
სისხლსავსე ცხოვრების,სიყვარულების,ქორწინებების და პოპულარობის მიუხედავად, შუქუფე ნიჰალმა ცხოვრების ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა და იქვე გარდაიცვალა. ეს მისი უკანასკნელი ლექსია.


***
ოქროსფერ ქვიშას დავაწერე შენი სახელი.
უკანასკნელი შევიშერი ცრემლის წვეთები,
ზღვისპირას ვზივარ, ნავებს ვითვლი,
შენგან სახსოვარს,-
ვუმზერ თეთრ ცივ ქვას, დამჭკნობია სული ქვასავით!
ისევ ქრის ქარი, ბობოქრობენ ისევ ტალღები,
ბოლო ოცნებაც დამეკარგა, სადღაც ქვიშაში...
დამარცხებული ვუმზერ სივრცეს, მზეც მე ჩამომგავს,
გაჰხუნებია მასაც ფერი, ისიც ფითრდება.
წამიღე ზღვაო, გამიტაცე მაგ წყლის ქვეშეთში,
ვიღა ვარ, მხოლოდ ერთი ქვა ვარ, ათას ქვებს შორის,
,,ნუ გავიყრებით, ერთად ვცუროთ, ხელჩაკიდულმა,,-
ოდესღაც ჩემმაც, ამ სიტყვებით გამიშვა ხელი...



ედიპ ჯანსევერი
1928-1986
ედიპ ჯანსევერი დაიბადა 1928 წლის 8 აგვისტოს,სტამბულში.
დაამთავრა სტამბულის ვაჟთა ლიცეუმი.
ოჯახის ტრადიციისამებრ,სტამბულის სავაჭრო უბანში,ხალიჩებით და სუვენირებით ვაჭრობდა.თუმცა მოგვიანებით საქმიანობა მიატოვა და თავი მთლიანად პოეზიას მიუძღვნა.
1951 წელს გამოსცა ჟურნალი,ახალგაზრდა ავტორების წარმოსაჩენად.რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
გამოცემული აქვს ლექსების 17 კრებული და მრავალი ჟურნალი.
გარდაიცვალა ინსულტით,1986 წელს,სტამბულში.



მოვსულვარ

ეს მე ვარ? რა ვარ?
წყლის ხმაური ვარ,
სარდინიების შეხების თრთოლა,
სხეულის მწველი,ნამსხვრევად მქცევი,
უცხო თუ ბრძენი.
ან სად მომსვლელი...
ან სად წამსვლელი...

მზე დაეშვა თუ
დამთავრდა რაღაც,
უსახელოდ და უსულოდ ისე,
როგორც დამწვარი ხეების ფოთლებს
აშრიალებდა ქარი საოცრად.
ვის უწყვეტია ველური ლეღვის
ტოტიდან ხილი,უცხო და მწიფე,
ანდა რა რჩება,ან წარსულიდან,
ან მომავლიდან,ვკითხულობ ისევ.

მოჩვენებაა თუ სინამდვილე,-
ვიღაცა უხმობს ოცნების გემებს,
სანაპიროზე,ზღვების ხმაურში,
მე ისევ ვეძებ პასუხს კითხვებზე,
რა დაწერილა,საით და რატომ,
ამ უცნაურ აურზაურში.

ციმციმებს ბევრი ვარსკვლავი ცაზე,
მოჯადოვებულ უცხო მხარეში,
უსახელოდ და ისე საოცრად
როგორც ეს კლდე, ან
ბალახი...წყარო.

მოხეტიალე მუსიკოსები...
საიდან გაჩდა ნეტავ ეს ქორო,
მაცოცხლებელი და მომაკვდავი.
ისეთი უცხო,ისეთი მშვიდი,
როგორც,ვარდების ჭკნობისას,
კვირტის
აცეტების და გაფურჩქვნის შიში.
ნეტავ სადაა უცხო ქალაქი,
სადმეა...იქნებ სიკვდილის შიგნით.

ვწერე ლექსები,
ვიკითხე წიგნი,
ხელახლა ვძერწე
ფიალა ძველი,
ხშირად ფიქრებში ვიხეტიალე,
გაურკვევლობამ დამრია ხელი.

თუ ჰპოვა ვინმემ თვისი ადგილი?
ბედნიერება-ვინ მიხვდა რაა?
ეი,წვიმებში ნისლის ბაღებო,
ღამის ნადიმებო.სიჩუმე კმარა.
მესაუბრეთ,
მოვსულვარ.




ჯემალ საფი
1938-2018
ჯემალ საფი თურქეთის ქალაქ სამსუნში დაიბადა 1938 წელს.ლექსების
წერა 38 წლის ასაკში დაიწყო,თუმც საზოგადოებაში სწრაფად მიაღწია წარმატებას.
მის 150 ლექსზე შექმნილია სიმღერები.
2003 წელს აღიარეს საუკეთესო პოეტად ,რომელსაც ლექსებში გამოყენებული აქვს თურქული ენა მთელი მისი სიმძაფრით და მშვენიერებით.
2004 წელს მიიღო მიხაი ემინესკუს პრემია.
ჯემალ საფის ლექსები თარგმნილია იტალიურ,რუმინულ და ალბანურ ენებზე.
1992 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე სათავეში ედგა ხელოვნების,პოეზიის და კომპოზიტორთა ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად,აგვისტოს ბოლო სამ დღეს იმართება თურქეთში.
გარდაიცვალა 2018 წლის 17 აპრილს.



ვაითუ სახლში აღარ ხარ

დავდივარ თქეშში,სახეზე მაწვიმს,
ამ სიყვარულმა რა დღე მაყარა,
ჰო,ყველაფერი კარგია,მაგრამ,
ვღელავ,ვაითუ სახლში აღარ ხარ.

სამოსი ძველი,ფეხებიც სველი,
ძვლებში გამიჯდა წვიმა ამაღამ,
ნეტავ თბილ ოთახს დამახვედრებდე...
ვღელავ,ვაითუ სახლში აღარ ხარ.

კარს გამიღებდე,ოდნავ ავხორცი,
თმაგაშლილი და ოდნავ აშარად...
სუფრაზე სასმელს დამახვედრებდე....
ვღელავ,ვაითუ სახლში აღარ ხარ.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge