გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლეონარდ კოენი - ლექსები (თარგმანი - ირაკლი ჯაფარიძე)

 ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ჯაფარიძემ

ვიცეკვოთ  დასასრულს   ჩვენი ტრფობისა

მეცეკვე   შენი  მშვენიერებით,
ვიოლინოთა  სიმხურვალეში.
მეცეკვე,  ვიდრე  გული  ძგერების
არს უშიშარი  მტანჯველ  ღამეში.
იყავ მომტანი  ჩემთან  სიმშვიდის,
ვით ზეთისხილის  ნანატრ  ტოტისა,
ვიცეკვოთ,  დასასრულს ჩვენი  ტრფობისა.
ო, დამრთე  ნება  გიმზერდე ნათელს,
განქარდებიან  ოდეს  მოწმენი.
ვიცეკვოთ,  თუკი  ვნება  იმეფებს,
როგორცოდესღაც  ბაბილონელნი.
მაჩვენე  კრძალვით,  რაც  მარტოოდენ
იმყოფებს  ცოდნად უსაზღვრობისა.
ვიცეკვოთ დასასრულს  ჩვენი  ტრფობისა.
ვიცეკვოთ,  თითქოს ჩვენი  უღლების
მოგვიახლოვდა   შორისაღამო,
ვიცეკვოთ  ნაზი  უსაზღვროებით,
ვიცეკვოთ,  თუნდაც სამარადჟამოდ.
ჩვენივე  ვნების გავხდით  მონანი,
თუმცამაღლდება   სული  გრძნობისა…
ვიცეკვოთ  დასასრულს ჩვენი  ტრფობისა.
ვიცეკვოთ   ჩვენთა ბავშვებისათვის,
რომ დაბადება   ექცათ   ვედრებად,
ვიცეკვოთ,   ჩვენი ტრფობის   ფარდები
ჩვენივალერსით   გადაბერდება.
ო, მარადისის   გახსენ   კარავი,
გაუფერულდა   სხივი კრთომისა,
ვიცეკვოთ  დასასრულს ჩვენი  ტრფობისა.


მიიღე  ვალსი

ო, ახლა  ვენად  ათიოდე  კრთომაა ქალთა
და შენი  მხრები,  სად  სიკვდილი მოდის  გოდებით.
აქ ცხრაასიოდ  სარკმელია,  ლოდინის კალთად,
ხე, სად  კვდებიან  ფრინველები - მძაფრშეცოდებით.
აქ ცვდება,  ცვდება  სული  შენი  ჟამთა  დილიდან,
გადაკიდული  მუზეუმებს გამყინვარების.
მიიღე ვალსი, უკანასკნელ   გრადაციიდან
დე,  შემომეჭდე მარწუხივით,   გამძვინვარებით.
ო, რარიგ  მსურხარ, მარადისო, ო,  რარიგ  ძლიერ,
ლბილ სავარძელზე  მოფენილი  მკვდარ ჟურნალებით
გამოქვაბულებს,  სად  წარმტაცი  ყვავილნი ჰგიეს
და დერეფანებს,  სად  სიყვარულს გვთხოვენ  თვალები.
საწოლს მთრთოლვარედ  გარშემოსილს  მთვარის სხივებით
და მწუხარებად,  გადავსებულს   ნაფეხურებით.
მიიღე ვალსი  უძლურებით   განახელები,
მიიღე ვალსი, შემომხვიე  შენი   ხელები.
აქ საკონცერტო  დარბაზია,  მშვენებად  ვენის,
სად ათასია  მომნახავი -  მზერისა  შენის.
აქ შეწყვეტილი   საუბრების  ბარია  მხოლოდ.
სად სიკვდილია, მარტოოდენ, სევდიან  ბოლოდ.
თუმც ვინ  იქნება,  ვინ  აღმართავს  სურათებს შენსას?!
წრფელი ცრემლების  მდინარებით  უგვირგვინესი.
მიიღე ვალსი, აწ  გარდასულ   დღეების კემსვად,
მიიღე ვალსი, დასასრულით  უფაქიზესი.
და სადღაც  სხვენში   მხიარული წამია  ბავშვთა,
იქ, სადაც  დროის  მჩქეფარება მოგვახვევს  ერთურთს,
შორ ოცნებებში,  სად  ბრწყინავენ ფარნები  ქართა,
სად საღამოთა  ნისლეულებს  ავუბამთ ფერხულს.
იქ დაგინახავ, გადაჯაჭვულს  სევდათა  გუნდებს,
შენს ზვარაკებით   და  შროშანით მწუხარე  თოვლის.
მიიღე ვალსი, დავიწყებას  რაც  უნდა  სურდეს,
მიიღე ვალსი, დაუვიწყარ   დღეების  თხოვნით!
ო, გეცეკვები, გეცეკვები  მშვენიერ  ვენად
და კვლავ  მოვირგებ  გაუხუნარ ნიღაბს  მდინარის
და მხრები  ჩემი  გადიქცევა სუმბულთა  მფენად,
რომ გადინამოს  შენი  ეშხი   ჩემი  ფინალით.
რომ შენს  ალბომებს  კვლავ  შემორჩეს  ჩემი  ხსენება,
ვით სურათები   ხავსმოდებულ  ჩვენი  დროების,
რომ ამოვწურო  ჩემი  ხვევნით შენი  მშვენება,
ვიოლინოთა   უმწიკვლო ეს უბრალოებით.
და გამიტაცებს  შენი  ცეკვის ნაზი  ფერია
მორევს,  ულმობელ დანანების  სხივით  ნაფერი.
მიიღე ვალსი, ო, ძვირფასო, ყველა  შენია,
მიიღე ვალსი,  შემოქმედო  ამ  ყველაფერის!  
  P.S. აღნიშნული  ლექსი  ეკუთვნის ფრედერიკო  გარსია  ლორკას, ლექსის  ინგლისური  ვერსია კი - ლეონარდ  კოენს.


სასწაულის  მოლოდინში

ძვირფასო, ძლიერ დიდხანს გელოდი,
აწ შეუძლოა  მზერა  დროისა. 
გელოდი დღით  და  მტანჯველ ღამითაც
და მოლოდინით გზები მოისრა.
იყვნენ მრავალთა  მოსაწვევები,
მცირედი შენგან გამოგზავნილიც,
მე კი ველოდი, რომ სასწაულის
მომვლინებოდა  თუნდაც გზავნილი.
ო, ვიცი, ძლიერ, წრფელად გიყვარდი,
მაგრამ უმზირე, დაჭკნენ ხელები.
მე ისიც ვიცი, როგორ ავნებდა
შენს სიამაყეს ტრფობის მტევნები,
რომ დამდგარიყავ ჩემს ფანჯარასთან
შენი საყვირით და დაფდაფებით,
ვიდრე ველოდი, რომ სასწაული
მომვლინებოდა აცახცახებით.
მჯერა, ძვირფასო, რომ არ გხიბლავდა,
რომ არ მოგწონდა ყოფა იმგვარი,
რომ გასართობად არვინ იწევდა,
რომ მსჯავრი იყო დაუნდობარი,
რომ მოცარტეულ ჰანგთა მდინარე
აასხვაფერეს მღვრიე ჰანგითა,
ვიდრე ელოდი, რომ სასწაული
მოგვლინებოდა ახალ წამიდან.
აღარაფერს აქვს აზრი სრულიად,
შენც აგირჩიეს ახალ სამიზნედ,
აღარაფერს აქვს აზრი სრულიად,
მოლოდინია როს ასპარეზზე.
აღარაფერს აქვს აზრი სრულიად,
როს მოწყალებას ითხოვ მცირედის.
ოდესმოელი, რომ სასწაული
მოვა ნანატრი ხსნით და იმედით.
მე ვოცნებობდი შენზე, ძვირფასო,
ღამე კი იყო რაღაც სხვაგვარი.
შენ უმეტესი გდევდა სიშიშვლე
და ძლიერ მცირე ნათლისმაგვარი.
დრო კი ცვიოდა ამღელვარებით
შენი თმებიდან და თითებიდან,
როცა ელოდი, რომ სასწაული
მოგვლინებოდა ბნელ სიშორიდან.
დე, ვიქორწინოთ, დროა, ძვირფასო,
დიდი ხანია, რაც ვართ მარტონი.
დე, ვიყოთ მარტოდ ერთად ყოფნაში.
აქ აღარავინ დარჩა გამგონი.
დე, ჩავიდინოთ რაღაც სიგიჟე,
რაღაც უსაზღვროდ გასაოცარი,
ვიდრე მოველით, რომ სასწაული
მოგვევლინება, როგორც სიზმარი.
როცა ეხლები გზას მოსვენებად,
როს გაწვიმს ძლიერ მკრთალი წვეთებით,
გკითხავენ: ,,რას იქმ, ახლა როგორ ხარ?“
ვერ დაიჩივლებ, ვერც შეყოვნდები.
როცა ითხოვენ პასუხს სიმკაცრით,
შენ კი სიმუნჯის გმოსავს ნიღაბი.
იტყვი, აღარ გწამს სასწაულისა,
რომ მოლოდინში არც კი იყავი.


,,შეხედე შენს გზას"

შეხედე შენს გზას, სად ნანგრევებით
მიმოიფინა ძველი სამსხვერპლო.
შეხედე შენს გზას, სად ქმნილებების
ჩამოინაცრა იგავ-სამრეკლო.
შეხედე შენს გზას, სასახლეების
თანდათანობით მსხვრევის ჩანაფიქრს.
წელ და წელ,
თვე და თვე,
დღითიდღე,
ფიქრ და ფიქრ...
შეხედე შენს გულს, როგორ სჯეროდა
გუშინდელი დღის მკაცრი სიმართლის,
წმინდა წყალობის, წმინდა შენდობის
და გზის აღსავსე სიბრძნით, სინათლით.
შეხედე შენს გულს, ვით ძვირფასია
ქალი, რომელიც ისევ იყიდე.
წელ და წელ,
თვე და თვე,
დღითიდღე,
ფიქრ და ფიქრ...
შეხედე ბილიკს, სადაც ტკივილი
შენზე ნამდვილი სახით მოსილა,
კოსმოსურ მოდელს, რომლის ყივილით
ყოველი ხედი გარემოცულა,
გთხოვ, ნუ წამიყვან იქ, სადაც ღმერთი
იქნება, ანაც აღარ იქნება
წელიწადობით,
თვით და თვეობით,
დღით და დღეებით,
ფიქრ და ფიქრებად...
და ჩურჩულებენ მეგალითები
გადაბინდული მთათა გოდებით,
ის აღესრულა კაცთა მოდგმისთვის,
ჩვენც აღვესრულოთ უბრალოები.
თქვი: Mea Culpa _ სიტყვა მარადის,
დავიწყებისთვის განაწირალი...
წელიწადობით,
თვით და თვეობით,
დღითიდღეობით,
ფიქრ-მოფიქრალი...
შეხედე ბილიკს, ო, ჩემი გული
ვერაფერს გეტყვის, სიტყვის სადარო,
მე, ო, რომელიც დავალებისთვის
ვიყავი მუდამ შეუსაბამო,
რომელმაც, ვიცი, მასამართლებენ
და მიმიზნებენ ტყვიას ჩანაფიქრს...
წლით და წლით,
თვით და თვით,
დღითიდღე,
ფიქრ და ფიქრ.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge