გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოფიო ჩიტაშვილი - ლექსები


ჩემი დედამიწა, ჩემი ჭრელი კაბა

არა, ამ სხეულში ვეღარ დავეტევი,
ლამის გამიგლიჯოს სისხლმა საფეთქლები.
გულის კედლებს სცვივათ უკვე ნაფლეთები,
ვგრძნობ, რომ ვერ გავუძლებ, მალე ავფეთქდები.
არა, პატარაა ჩემთვის ყველაფერი
ვცდილობ, რომ გავფრინდე, მიწას ვეხეთქები.
მუხლებმოდრეკილი უფალს ვევედრები,
ვცდილობ, მოვერიო თავს და ვერ ვერევი.
როგორც ბავშვობაში მოკლე, ჭრელი კაბა,
ჩემი დედამიწა დამიპატარავდა.
უკვე ვეღარ მიტევს, უკვე ვეღარ მიძლებს
და მეც ხომ აქედან წასვლის ვეძებ მიზეზს.
მთელი სამყარო ვარ, უსასრულობამდე
გაჭენებული და გამოჭენებული,
როგორ უნდა მეყოს ერთი ციდა მიწა,
საზღვრებს ვერ ვეჩვევი, ცაში ფრენა მინდა!


***
მუდამ ზღვარს მიღმა – უსაზღვრობაში
მიმოფანტულებს ვპოულობ ფიქრებს.
ვცდილობ, როგორმე შევეხო მიწას,
გულით კი ზეცის ვთხოულობ რითმებს.
და ვეღარ წვდება ნანახს გრძნობები
დინამიური არჩიეს სითბო.
ვეღარ იკვლევენ გზა–კვალს ლოცვები,
რწმენა დააკლდათ რწმენაში თითო.
თავად რწმენა კი, ასე ჩვეული,
მექანიკური გამხდარა თითქოს.
ჭერმა მიწისკენ გაიდგა ფესვი,
დედაბოძი კი სიმაღლეს ითხოვს.
ამაღამ ზეცის კაბადონს ავწევ,
მერე კი მთების აწევას ვფიქრობ!


ცის-ფერი

და რა ფერია ცა?!
შეიძლება ცას ფერი ჰქონდეს? 
ცას რომ ფერი ჰქონდეს, 
მერე ჩვენ რა გვეშველება? 
მართლა ასე შორს რომ იყოს, რა ვქნათ მერე?! 
მისი სიშორე ისეთივე ილუზიაა, როგორც მისი ფერი...
ისე დავშორდით ერთმანეთის, 
რომ მეტი სიშორისგან მან ფერი მიიღო,
ჩვენ კი სასჯელად, მისი მონატრება და შორიდან ტკბობა.
არა, ჩემს ცას ფერი არ აქვს!
ჩემი ცა ჩემშია და ჩემს გარშემო.
ისეთივე უფეროა, როგორც მე სინამდვილეში.
მე არ ვიყურები მაღლა
ცა რომ დავინახო.
მე, ჩემს შიგნით, ჩემს გარშემო ვხედავ ცას 
და ამ სილამზეს ხელით ვეხები ყოველწამს.
ჩემი ცა, ჩემ ფერია...


ცისარტყელა

შვიდსულა და შვიდგულა.
და სილამაზე აღქმული მარტოოდენ ფერთა ერთობით...
არა ცალ-ცალკე ან პირიქით.
და მაინც... ნათელზე ვფიქრობ.
ერთადერთ წყაროზე შვიდფერთა მდინარისა.
ეს შვიდი იმ ერთის ტოლია
და ცისარტყელა ამ ერთის გამოვლენა შვიდ ფერში.
ფერთა განსხვავებულობის მიუხედავად, საოცარი ტანდემია მათი ერთობა.
და იგივე გარდასახვაა სამყაროც,
მე რომ ასე ძალიან მიყვარს!
მოწმედ კი ცასარტყელა ცაზე, როცა ვიტყვი: 
- მე, შენ და ის ერთნი ვართ...
ეს უნდა იგრძნო.
ვინც არ უნდა იყო შენ, 
თუკი სიცოცხლე გწადია.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge