გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაგული ტერმაკოზაშვილი - ლექსები


მონატრება

თვალზე ნამი მომადგება,
ამწვანდება დარდის დვრიტა,
მარტმა შენი მონატრება
მტევანივით შემაწყვიტა.
ცა ნაცრისფერ იადონებს
შემოახვევს ხაკის ქობანს,
თუ ღიღილოს ვეამბორე,
ძეწნა წყევლით ამომქოლავს.
თვალი ისევ ჩაპაჭუნდა,
აღარა ვარ თუმცა ოცის,
გოგო დარდით გაკნაჭულა,
აპრილს ვანდობ, ჩამიკოცნის.
ისევ ისე მენატრები,
ფეხშიშველა, მწვანეღილა,
ალიონიც ფეხაკრეფით
საკოცნელად შეღერილა.
ამოცლილი ღვინის ჭური
ეჭყანება გოლა ვასოს,
დოქის ძირი, შემაჭრული,
კოცნით უნდა ამოავსოს.
წვერგამხმარი ხეჭეჭური
ათინათებს ემალება,
ლოყა სისხლით შეჭარხლული,
საკოცნელად მენანება.
შინდი ღობეს მიტმასნილა,
ვეღარ იკრავს ღილ-კილოებს,
ქარმა ვერსად ინადირა,
გადააკვდა ღიღილოებს.
Начало формы
    
         
***
როგორც სიბნელე სარკმელს,
ვბლანდავ ობობას ძაფებს,
ცა იასამნებს დაკრეფს,
სევდებად  შემონაფენს.
თუ მონატრება სხვათა
საპირწონეა ლოცვის,
მოგონებების გარდა,
თეთრი სიჩუმე მკოცნის.
ღამე ოცნების მეჯლისს
შემოაქარგავს რითმებს,
იმდენი ცოდვა მქეჯნის,
იმდენ ბრალდებებს ვითმენ,
რომ სააპრილე კაბას
დავაკოცნინებ წვივებს.
ქარში გვირილებს ვკარგავ,
შენზედა ნაქორწილევს.
უპე დამძიმდა ცრემლით,
ღაწვებზე მოღვარღვარებს,
გამოკვერილი ცელით
ყელს გამომღადრავს ღამე,
მიწიდან ამოვძვერი,
დოქიდან გადმომღვარეს,
უბირ ქალივით ვწყევლი 
ჯიქანცარიელ ხვალეს.
ჩრდილი მოადგა ზეგანს,
მაკე ნასოფლარს წველის,
ამოუფრინდა მწევარს
ნაქოთქოთარი მწყერი,
ხოდაბუნებში ვწევარ
და აბდა-უბდას ვმღერი,
კიდევ კარგი, რომ  წეღან
შენს ჯინზე გამოვთვერი.
                         
     
***
წვიმა... მუსიკა...
წყვილები მარტო...
ალიაქოთი...
მთვარე...
თარაში...
- ჯერ არ წახვიდე,
შემხედა,
-რატომ?
-კაცი სად წავა
ამისთანაში?!..
თლილი თითები
ჩამოჰყვა ტუჩებს…
ისევ ის ტანი…
ნაქანდაკარი…
ხელში ჩავბღუჯე და
კოცნას უჩვევ
ლექსის სტრიქონებს
გადავაკალი...


მარტი

თითით მოვხაზე
სარკმელზე წერო,
ვერ მოვასწარი
ხელის წავლება,
გაფრინდა...
უნდა
ლექსები ვწერო,
სანამ სიკვდილი
დამეწამლება.
სულწასულივით
ვეძებდი რითმებს,
მეჩქარებოდა
დასმა წერტილის,
ამქვეყნად მოსვლა
არავის გვკითხეს,
წასვლა რად არი
გადაწყვეტილი?
თუ დამიჯერებ,
სად აღარ გძებნე,
ქარი მწუნობდა,
თვალებნაოსი,
ლექსებს ვაფენდი
ოქროსფერ ძნებზე,
მშურდა ვარსკვლავთა
სასაფლაოსი.
სუსხი ბინულებს
ხაფანგში აბამს,
აუხსნელს ბედის
სიმარტივეთი,
მარტი სიცოცხლეს
მიაფენს საბანს,
ორ თარიღს შუა
მდგარი ტირეთი.                  


თანდილა

დგას განშორება ნასეტყვი  თალხით,
მონატრებას რომ  აუგოს წესი...
ცივ საბუდარში ლექსები ჩავსხი,
წეროებს უნდა ვმწყემსავდე წესით.
ვიწრო ბილიკზე მოვკარი თვალი,
გზას კიდე ჰქონდა შემოსაქსოვი,
მიღიღინებდა თანდილა მთვრალი,
ცერად გავხედე, ისევ ვახსოვდი...
რა ვქნა, თანდილა, ჩრდილები მომდევს,
ჩვენს შორის გზაა გადაღობილი
და უსხეულო წამიერ ბოდვებს
სხეულს უფარავს ხაკის ქობინი.
შორს ცა ლურჯია და მლაშე წყლებზე
ხავსის ბილიკი როკავს დამრეცი,
რუხი ღრუბლები ამაოდ ვმწყემსე,
ბევრი გეძახე, ხმა არ გამეცი.
რა სულელიაჯანყი ნაჯაფი,
ჩამომიმძივა ძოწეულები,
ამიმარჯანათმებზე სადაფი,
როგორც ხასხასა ბროწეულები.
ააღიღინა ჩემი ვარდნარი,
თვალებსა ვკოცნი, ბროლისცვრიანებს,
და შინდის კვირტი,  თვეში ჩამდგარი,
გამთენიისასიმშობიარებს.
ამიტირდება ღამე შიშველი,
მშობიარე და ჯანგამოცლილი,
მითვლის თანდილა, მე ვერ გიშველი,
რა უგულოა,ეს დალოცვილი!..
და სახლში ჩუმად შემოსულ  ლილეს
აედევნება ფიქრში ნალოცი
სხივი, მაგრამ მე რა დამამშვიდებს,
ალიონს, როგორც შარბათს, გამოვცლი.
ნელა თენდება და მანეულით
ქარი ბებერი პენტავს  იარებს
და თებერვალი გადარეული
წუხს, გაზაფხული რად იგვიანებს?!
ნუ ეჭვიანობ, ნასეტყვი თალხი
არ  მომახურო, წამერთვა გონი,
ყოჩივარდების მაყრიონს  ვახლდი,
გარიჟრაჟები მომპარეს  მგონი.
ვაგლახად შენზე სალექსს და სამღერს
გაიტაცებენ შორს ქედანები,
მოვწველი ნისლებს და აჭრილ ნაღებს
დრო მოაყველებს ამ   შედარებით. რას მექადნები?
თეთრი პერანგი ჩაუცვამთ თრთიმლებს,
შემოქარგულიფერთა გამებით,
ეს ალუბლებიც მე შემოვთვრთვილე
ალერსით, მაგრამ შიგ მე გავები.
და გრძელ აღმართზე მივაბი წყვილად
შეჭარხლებული ვნების უღელი,
აქ ვერხვი იდგა დიდი ხნის წინათ,
მელოდებოდა ალბათ წუხელი.
ახლა კირძისფერ ენძელას მაწვდის,
მღერის და ჰანგი მეპნევა წლებად,
ჩაშლილ ბოგირთან შიშველი ანწლი
როგორც წაწალთან, ყამართან წვება.
თუ განშორება გაიხდის თალხებს,
თუ მონატრება ჩაიცვამს მირკანს,
დედიშობილა მზე თვალებს ახელს
და დამსკდარ კვირტებს ღილებად მიკრავს.
ყოჩივარდებით  აივსო  სახლი,
დანაღვლიანდა შუადღე ბერწი,
მზის გულზე ნალეწ იმედებს დავხლი,
თორემ ზედ გულზე ცისკარი მეწვის.
ქარი მუხლებზე ამიწევს კაბას,
მოფეთქარ მკერდზე მაკოცებს ურცხვად,
მერე თებერვალს ცხვარივით დაკლავს,
მარტს დახეული წიგნივით ფურცლავს.
რა ვქნა, თანდილა, არ იცის არვინ,
დღე რატომ არ ღვრის ხელების ნაბანს,
ან თითებს შუა წყალივით ჩავლილ
ცალწვეთა ნაღველს აქ რატომ აბამს.
თუ ისევ ისე ჩაიღიღინებ,
ფეხათრეული წაგყვება ღამე,
ჩემი ლექსები ბუდის სიგრილეს
გაუხედნავი რითმებით რთავენ
და შავ სტრიქონებს, მონადმიგვრილებს,
მელნის მორევში კისრამდე ფლავენ,
მეც გავიარე გზები იგივე,
შენ მოძახილი მითხარი ბარემ.
დგას განშორება - მშიერი ბარტყი,
ნაბიჯებს უნდა ვითვლიდე, წესით,
მაგრამ თანდილა, ვერაფრით გავტყდი,
ცისარტყელაზე ვკიდივარ ბეწვით,
თეთრი ღრუბელი, ერკემლის მატყლი,
გადაიქანცა ნისლების წეწვით,
მე ვარ დარაჯი ცარიელ საყდრის,
სახურავი რომ შემოტყდა სეტყვით, 
ზურგით მოტანილ ხმელ თივას დავყრი
სტრიქონებს შუა, არაფერს მეტყვი?!
ცარიელ გულთან, ვით ღია კართან
ფეხათრეული მოვა სიმშვიდე,
ნეტავი მარტი  ჩემს გულზე დამკვდარ
ამ ლექსის წერას არ დამიშლიდეს.  
ბროწეულივით შუაზე გამსკდარ
ალიონს ჩემ წინ გაუსკდა ტუჩი,
ცალ მუხლზე ვდგავარ, თანდილა და კვლავ
ვაზის კლერტოებს გულდაგულ ვფურჩნი...


დედს თონე

თონეს მტვრიან ფიცრებს ვაცლი,
-წალდი სად დააგდე?
-ემდა!
წამში ამოფუვდა ვარცლი,
წეღან ბებერივით თვლემდა.
ძილში იშმუშნება ცომი,
ორომს ალიმული ასდის,
მამას გაუმართა ომი,
ფქვილი ააცეკვა ცამდი.
უი, ჩამინელდა ცეცხლი,
ფეხზე წამომაგდო მეცა,
შუბლზე შეისწორა ვერცხლი,
ტანზე გაზაფხული ეცვა.
ცოცხი შემოუსვა კეწეწს,
ცოტა შეიბრალა მამა,
ფურებს გაუჯავრდა ბერწებს,
შარას გაუყენა წკვარამს.
ჭრელამ მიაშურა ბეღელს,
დადო ოქროსგულა კვერცხი,
ალი მარნის ჩრდილებს შეხევს:
შენ კი წაგეკიდა ცეცხლი!
ლოყა დაებრაწათ შოთებს,
ნისლი ამობობღდა შორით,
ნეტა რანაირად მორთეს 
ხონჩა ათასგვარი ჭორით?
სახე დაემკრახა მაჭარს,
ჩუმად ვაჭუკჭუკეთ  ნართი,
ხელებს ვეფერები დამჭკნარს,
თონე ჩავაცხრე და ჩავთბი.


ნოემბრის ვარდები 

(მთვარისა კევლიშვილ - ფუხაშვილს)
ისევ ნოემბრის ვარდებს ვუმღერი,
გაქარვისფერდნენ  ფიანდაზები,
რა მსუბუქია ყოფის უღელი,
როცა უღმერთოდ მელამაზები.
სალაზღანდაროდ მივლალავ წამებს,
მზე წაწალივით მელაციცება,
ნეტავი შური რად მითვალთვალებს,
არ მეშინია, დამეფიცება.
ნეტავი გზები რად გადაკვალეს,
ამაწრიალეს ალაიოლად,
მახსოვს, დამპირდი, ცის დალალ-კავებს
გულზე ვარდებად მოგაშლიო და..
განა დანაპირს ვედიდგულები,
განა მოგტირის ჩემი  დარდი და,
წლებმა დარდები,  ნაორგულევი,
შენი ღიმილით  გაიამინდა.
ბაგეს ბალივით ჩამომწიფდება,
წლების ნამცვრევი, თითოიოლა,
ვერხვის ფოთოლთა გადაფითრება
ჩვენში აპრილმა გააიოლა.
გადაივიწყეს ზოგიერთებმა
გულზე ნისლების გამოგლოვება,
დრო მოვა, ლექსიც დამიბერდება,
მაგრამ გავქრები, ნუ გეგონება.
მოვლენ ჭიშკართან ლურჯი იები,
ჩითის კაბაზე ათასფერები,
მე კი, უღმერთოდ გუდამშიერი,
ნოემბრის ვარდებს მოვეფერები.
ნეტავი გზები რად გადაკვალეს,
ამაწრიალეს ალაიოლად,
მახსოვს, დამპირდი, მზის  დალალ-კავებს
გულზე ვარდებად მოგაშლიო და..                        


თინო

მეც ხომ ვიყავი, თინო, შენხელა,
მეც ვაქარგავდი სარკეს ლილიებს,
ლექსებსაც ვწერდი, არა მეშველა,
არ დაღვინდაო, არ დამილიეს.
ვიფიქრე, წავალ, თინოს შევუვლი,
ლამის გამთვალეს ბუკიოტებმა,
დღე, უშვილძიროდ გადაგებული,
გზაზე ჩრდილივით მიიბოტება.
თინო, სარკმელზე თითით გაკეცა
ქარმა ნარინჯის ფარჩა-ფლასები,
ფიქრი, აშარი და მატრაკვეცა,
გარბის, მივდევ და ვეკაპასები.
ბინდი წნორებმა ჭიშკართან დაკლეს,
მაგრამ დაისმა ვერ ითანდილა,
ღელღელა რითმას დავუყრი საკენკს,
წეღან ბუდიდან გადმოვარდნილა.
გამოიხედე, ჩემო შავთვალა,
ამიწიოკე ლექსის მართვენი,
იმ ერთადერთმა სხვისად ჩამთვალა,
ლექსის პირმაღზე შემოვათვერი.
დაგვათენდება, ჭიშკართან მძინარ
ისლებს აშლიან ნიამორები,
ჩვენ კი ჩამოშლილ კედლებთან მივალთ
და წაშლილ ფრესკას ვეამბორებით.
შეიშმუშნება ცა და ცირცელი,
წაიღიღინებს, გასთქვამს კესანე,
ცისფერი ფარდა, მთლად გაცრეცილი,
სტრიქონს მოვასხათ, ამოკემსავენ...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge