გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზაალ ებანოიძე - ლექსები


ზიარი ტექსტი

ჰაერში ხელებს გაშლი და გსურს აიმგზავრონ ხელებმა 
აყვავილებულ ვაშლიდან – უთქმელი ბედნიერება. 
ხმაურს ზიარად დავეძებთ – ბგერებს შევხსენით ღილები
და ცის უხილავ საცეცებს ცალ-ცალკე ვემორჩილებით. 
ჭალებს რო გამოაღვიძებს ღვალო-მოლოქა ტუხტები, 
საკუთარ ლანდებს ვაბიჯებთ და გვეკვეთება მუხლები. 
რო ხატავ – ფიქრის გარეშე, რო ვფიქრობ – ხატვის თანხლებით, 
ცრემლი რო გიდგას თვალებში, რო ვხედავ – ხო მეთანხმები. 
ნაირ-ნაირი ფერების შუქში ჩამდგარა ქუჩები, 
უთქმელი ბედნიერებით თანდათანობით ვმუნჯდებით. 
სულის ზიარი შებერვით გულში ხანძარი გვინთია, 
სამყარო, მუდამ ბებერი, წაუკითხავი მითია. 
შორიდან მზერით ამოწმებ, ახლოდან ხელით ვეხები. 
ან არაფერი გაოცებს, ან მაოცებს და ვერ ვხვდები. 
“საკურცხლეს” არქმევ არათითს - კურცხალს ამ თითით იმშრალებ.
მტრედის მოტანილ ბარათის - მესაიდუმლედ მნიშნავენ.
გადიხამხამებს მზის სხივი და სივრცე უფრო ღრმავდება, 
ჩვენს აჩვილებას ვინ ჩივის – სხვაც ბევრი სევდიანდება. 
და ციტატების ჯაგანით ტექსტის კედლები შენდება 
და სასაუბრო საგანი თანდათან მშვენიერდება: 
“ეკალში ვარდი შევნიშნე”- ვთქვი და ამჩატდა სხეული, 
ჩაიარე და ვერ გიცნეს - ესეც ბედია რჩეულის. 
“წყალი ჩქეფს, ხევი ჩატირის”- ბაგეს მოადგა ანაზდად, 
ფერდობმა მჩატე მანდილით პირ-სახე გაილამაზა. 
“ტყდება, ნანაობს ეთერი” – “ჩქარი” შენ წამომაშველე, 
სტრიქონს სინაზე შეჰფერის, ღაწვს რო კურცხალი ამშვენებს. 
”ხაზარეთისკენ მიფრინავს ”- წეროს წიაქიც იცნობა, 
ადგას სამყაროს გვირგვინად უთქმელი მარადისობა. 
“შავი ფიქრები გროვდება”, ახსნან მიზეზი – არ ელი, 
სამარეს უახლოვდება ლანდი – ტერენტი გრანელი.
“ავადმყოფობა ეგონათ” – ახსნა წუხილი თავისი, 
წყვდიადი დაიმეგობრა, ძმად გაიხადა დაისი.  
“რადგან სამოთხის დახატვა” ნატვრამ ფეხდაფეხ იარა, 
ვერ დაიტია ქაღალდმა – წაყვა წყლულად და იარად. 
წარბი თამაშობს თავისით – უხმო, უტექსტო მკითხავი, 
რას მიმანიშნებს, რა ვიცი თავად თუ იცი, მითხარი. 
საღამოს ხშირი ბინდია – მოწყენილობა ჩვეული, 
მთამთა ნისლები მიდიან, მიაქვთ მსუბუქი სხეული. 
მზერას რომ მორცხვად ვაჯამებთ და ერთმანეთში ვრიგდებით, 
ტექსტი მოითხოვს მაჯამებს, მაგრამ გვღალატობს რითმები. 
მწვანე ძეწნების ხელშია დობილოების ჩრდილები, 
ცოტ-ცოტა, რაც რო შეგვშლია – გვამდიდრებს გამოცდილებით. 
ჩურჩული, ლოცვის ხასიათს, სულ ნაბიჯ-ნაბიჯ იმშვენებს- 
დასაბამიდან ასეა - “ღმერთო, მაღალი, მიშველე!”
სინათლე ეპირდაპირა ბნელს და გაკვეთა წყვდიადი, 
ვზივართ მდინარის ნაპირთან…- სიტყვაა ჩვენი ხმიადი. 
წყლის აზვირთებით მჩატდება მდინარისპირი ყანები. 
და ჩვენს გარშემო რაც ხდება – ფარულად ვეთაყვანებით. 
ორქთლი აუდის აოშილ მიწას და კვალში ფართქალობს 
და ცის ქათქათა საშოში გატრუნულია სამყარო. 
                 


პოემის მაგიერი ლექსი

ესეც რული ზაფრანების თუ მთენთავი შუქის კალო, 
დგას წამები, დგას წამები, რო შორიდან უთვალთვალო. 
სინამდვილის გამოსახვა. შეზავება ფერთა ფერის. 
შენ თავს იმის გამოც გავხარ – რო ტირილის ნაცვლად მღერი. 
მჩატე, ჭორფლიანი ჭერი, ვარსკვლავების რამე ხარო, 
ხელმა უნდა ბანოს ხელი და თვალს თვალი დაეხმაროს. 
გუბურიდან წყალი შესვი, ყური თარგმნის ქარის მოტივს: 
ტოტი ცაში არის ფესვი და მიწაში ფესვი – ტოტი”. 
“რამდენ რამეს შექმნის ენა-საზღაპროს და საარაკოს“, 
“სიარული ჰქვია ფრენას, როცა ცაზე ვლაპარაკობთ”. 
ჰა, ბილიკიც მოირიბე, სერზე წარბად ხატია, რო, 
ძალა, ძალა მოიკრიბე, ფეხდაფეხ რო გადიარო. 
სუნთქვა სუნთქვას მიაცილებს, მაჯა მაჯას ებევრება, 
ეურჩება სიყმაწვილე მოძალადე შებერებას. 
ლანდი. ლანდის სამოსელი, მარებელი უსხეულოდ, 
“ნიავზე რო წამოვწვები, დუმილს მაშინ უსმენ, ყურო”. 
ამ სამყაროს მჩატე ჰქვია, ახლა ჰქვია – უწინ არა!
ნისლში გვიან გაეხვია – თავი გაიუჩინარა. 
დილა სურათს დაასრულებს-თეთრი ორთქლი ასდის სერებს, 
შუბლზე ხელი დააცურე და პირჯვარი გადიწერე. 
ველი გაისაფეხურე, გამოები თვალით კარავს, 
“სიყვარულით სავსე გულებს უფლის მადლი დაიფარავს”. 
გრძნობა, გრძნობა როცა მღერის, მხოლოდ მაშინ გვეუფლება
ჟრუანტელი მოსასმენი, ფერთან ფერის შეუღლება. 
პირსახეზე ფშანებს ღვიძავს, თუ ფშანების მიმოქცევას, 
გვინარჩუნებს ცას და მიწას ერთხელ წყალის ღვინოდ ქცევა. 
უკვე მთებიც შეიხანძრა – შემოდგომის დღეა გრილი, 
ფერი, ფერი შვენის ამ ცას - წყალში განზავებულ ლილის. 
სურათების ჰარმონია – შუქჩრდილების რამე ჯაჭვი… 
“თავისთავი ამოლია გრძნობის ხელგაშლილი ხარჯვით.”
აბსტრაქტული რამე ვარდი. მზის სხივები. რამე ულო. 
შეირხევა რიდე ფარდის, ისე ჩუმად – ვერ ვგებულობთ. 
ძილს სიზმარი ეგვირგვინა, ეგვირგვინა სიზმარს ძილი, 
იკარგება ცხადში ხშირად ის სივრცე და ის მანძილი… 
ადარება გიხარია და ხეების რხევა შორი, 
გული, გული ტიხარია წუხილსა და ლხენას შორის. 
სივრცე –ერთი. ჟამი- სამი. წამი წამს რო მიაცილებს, 
კარზე მომდგარ მარტის ამინდს ორად გადავინაწილებთ. 
და ერთობი შენი თავით, ფიქრი გულის ზღაპარია,
ღამე ცოლად შეირთავი ამის გამო, რა ხანია. 
ცოტა-ცოტა საყვედურის ბილიკს გეზი მიე ნებით: 
“ამ ცხოვრებას არც ვემდური, არც მთლად ვემადლიერები”
იქსოვება ელეგია, გარდასულის გახსნებით, 
გვრჩება თვალი მერე ღია. ვრჩებით მერე თვალსველები. 
ემალები ირონიას – ამ ნიღბების ღია სცენას, 
წყალ-ჭალების მირონია ციდან ნამის ჩამოცვენა. 
გაი-გაისიგრძეგანე მესენაკე კაცის წესი, 
თავს ბოლომდე მიემგვანე, შენი ზნით და შენი ლექსით. 
თეთრი უსასრულობიდან გამოიხმობ ზამთრის მოტივს, 
რო ივიწყებ – სურო გინდა, რო იხსნებ - დაფნის ტოტი. 
ეძებს თვალი განსხვავებას, ჩრდილთან ჩრდილის გატოლებას, 
ცა მოფარეს ვარსკვლავებმა – ამ წითელა ბატონებმა. 
დარჩა ღამე ძაღლის ყეფას, ნიავს დარჩა, დარჩა ქარებს, 
სიმსუბუქე აწევს კეფას, სიზმრებმა რო დააფარეს. 
და სიზმრებშიც ვეძებთ იმას, რაც რო ცხადში დაგვიკარგავს, 
მთელი ღამე არ გეძინა – ქუცმაცობდა თაგვი კართან. 
დაღლილობის დავიწყებას მიზე-მიზეზ ცდილობ, გულო, 
სად მთავრდება, სად იწყება კაცის ტანჯვა უსასრულო?!
მოიყენებს ღაწვი მთვარის ხან წუხილს და ხან ხარებას, 
თუ დააფრთხობს ნაწვიმარი ღელის გადახარხარება. 
აწმყოს ზომავ წარსულიდან და აწმყოდან ზომავ მერეთს, 
“ჩემსავე თავს გარს ვუვლი და დასაჭერად ვიშვერ ხელებს”. 
დგას ამინდი მომაისე – შვენის ტევრს და შვენის ახოს, 
თუ წავედი, მოვალ ისე, რომ ვერავინ დამინახოს, 
ამ ჩუმ მოსაღამოებას – მდუმარების ღია წიაღს, 
ჩქამი მაინც გამოება და სმენამდე მიაღწია: 
“გუშინდელი `მე”– დან მოდის – რაც შენამდე სხვას ენება, 
ხვალინდელი მძიმე ლოდის მკერდზე მჩატედ დასვენება”. 
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge