გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირაკლი ჯაფარიძე - ლექსები

მოგონება

ვით განშორების მაცნე ბარათი,
ისე იწვოდა შენი სინაზე
და მთვარე, როგორც უხმო ჯალათი,
ისევ ჩნდებოდა მწუხრის ზეცაზე.
მე კარგად მესმის, აღარ იქნება
სხვა ფაგოტებით სულის შერხევა
და როგორც ტალღებს აივაზოვსკის
- მეც ამაღელვებს შენი შეხება.
რამდენი ზეცა უკვე აენთო
ყავით შეფერილ მთვარის ხურვებით,
რამდენი იყო ცისფერ ღამეთა
უეშაფოტო გაზაფხულები?!
ო, მაგონდები და ბნელ ღამითვე,
მოგონებები წყებად გროვდება,
დიდება აბსურდს!_ თუ იმთავითვე
ჩვენი შეხვედრა განმეორდება...


ჭეშმარიტება

დღე ფერადებით მარად მზიანი,
როცა თვალები ცისფრად ინთება
და თმების ნელი ქარით შრიალი,
ნუთუ ეს არის ჭეშმარიტება?!
ან ბილიკები მიმოვარდული,
სასახლეების შორით ბინდება,
შორეულ ზღვათა ხმა არნახული...
ნუთუ, ეს არის ჭეშმარიტება?!
იქნებ სამშობლოს წრფელი ძახილი,
გულს სიყვარულის ალთა მოდება
თოვლში მავალი ძველი მარხილი,
იქნებ, ეს არის ჭეშმარიტება?!
მზის გარდამოხსნის მოგონებები,
როგორც ვნებები იოანესი
და ყვავილებით სავსე ხელები,
ცა ლურჯზე უფრო მოანკარესი.
ბნელ უფსკრულების გადარიდება,
მიმოფენილი გზა ლაჟვარდებით,
იქნებ ის არის ჭეშმარიტება,
როდესაც მიყვარს და ვუყვარდები...
დაუსრულებელ წამის მიგნება,
სად ოცნებაა ჩემი მშობელი.
იქნებ ის არის ჭეშმარიტება,
რაც საამოა და ახლობელი.
გზა სახლისაკენ დანანისლარი,
ცისფერ თვალების მწველი ანთება,
ჭეშმარიტება მხოლოდ ის არის,
რაც უსასრულოდ დაგვიანდება...
             

ფიქრები პრუსტზე

მზე აღარ მოჩანს მთათა მაღლობებს
უდროო დროის უცხო მზიურად,
როგორ უყვარდათ მათ სიახლოვე,
ვით გაზაფხულის უვერტიურა.
ფრაჟოლეტების მდინარებაში,
სადაც იწვოდა ყოფნის ბუნება,
გადაიღვარნენ, ვით აკლდამაში
დაკარგულ დროის დასაბრუნებლად.
გზა, შეგრძნებები, სხივი, ტაძარი,
აზრის მიღმიერ აზრის შენობა,
მხოლოდ განცდებით ამონაძარი
და არვინ არსის მოსაშველებლად.
ო, როგორია გესმას შორეთთა
ჰანგი, ვენტეის ფორტეპიანო,
რომელიც ისევ შენთან მოვიდა,
რომ აზრი სხვებსაც გაუზიარო.
მაგრამ რა არის აზრი ხედვაზე?!
ხედვა ხედვით რომ დაინახება,
ვით მოგონება მოგონებაზე,
რაც უსასრულოდ შეინახება.
როგორც შეხება პირველ კოცნისას,
მზე, ალბერტინა, ღელვა, ვნებები,
ვით ჩაფიქრება სხვა კოცონისას
და ვენეციის ქვაფენილები.
გზის განათება დღის სიმწირეში,
თითქოს ისეთად რაღაც სრულდება,
როს მიუწვდომელ სინამდვილეში,
რაღაც საშიში გიახლოვდება.
რომ მოაქროლოს ის, რაც წარსულობს,
დღე საშინელი გაავდარების
და გადაკარგოს უდასასრულოდ
ღრმა ელვარება ლურჯი თვალების.
კვლავაც იქნება სამაისეთი,
მოგონებებით გადაელდება,
მაგრამ იქნება რაღაც ისეთიც,
რაც აღარასდროს გაგახსენდება...


ადელინას სიზმარი

გარემოცული მღვრიე შენობით,
მე ისევ ვივლი ღონემიხდილი,
რომ უზენაეს იისფერობით
გამომეცხადოს შენი სიკვდილი.
ააშრიალოს ჰანგი არფაზე,
ჰანგი სიკვდილთა სიფაქიზესი,
რომ ვიოცნებო სხვა დაღუპვაზე,
ვით ყვავილებზე ცის სილურჯეში.
და როგორც იქნა კრთება, ნელდება
სულს რა ბედითაც კრძალვით უვლია...
გზა, განშორება, ისევ შეხვედრა,
ეს ფაუსტური დასასრულია.
რა უნდა ჰპოვო უიმედობით
და შეღამებით სავსე ბინაში,
ერთადერთია, რასაც იპოვი,
სიკვდილი თეთრი ადელინასი.
და მაინც თვალთა ცისფერ ღელვაში,
უნდა იპოვო შენი მდევარი,
მე ისევ გეძებ და ამ ძებნაში,
ბევრი რამ რჩება ნაოცნებარი.
                         

იხედებოდა ბავშვი  ფანჯრიდან

იხედებოდა ბავშვი ფანჯრიდან
და სულ სხვა ჩანდა ქუჩების ფერი
და როგორც სიო სასაფლაოთა,
მიმოდიოდა ფერთა ფერმწერი.
იხედებოდა ბავშვი ფანჯრიდან
და ცოცხლდებოდა მკვდარი ალაგი
და თითქოს კრთოდა მიწისძვრის შემდეგ
ჩამონაცრული ტანჯვის ქალაქი
და ინახავდნენ თვალები სხივებს,
როგორც წიგნები ძვირფას თაროებს,
უმზერდა ბავშვი შენობებს, ხიდებს,
როგორც უცნაურ სათამაშოებს.
სხვაგვარი ჩანდა ოცნება შორზე,
ვით გვირილები შორეთთა შორის,
ფიქრობდა ბავშვი შორეულ დროზე
და გზას ესვენა ხმელი ფოთოლი.
იხედებოდა ბავშვი ფანჯრიდან,
როს მიმავალი მანქანის ბოლი
ეხამებოდა ხალხის საუბარს,
ვით უსახლკაროს მყუდრო სოფელი.
ემსგავსებოდნენ ხეები ტალღებს,
ღელვა_ ტერნერის ზღვათა ქარობას
და შეღამების ლამაზ ჩირაღდნებს
ავსებდათ თვალთა მიუვალობა.
სულ ერთი იყო მაშინ შესაქმე,
ვარდობის დროთა სხვა უვარდობა,
ხიბლავდათ სხივი თვალებს ელვარებს,
ვით შეღამებით ცელქი გართობა.
იხედებოდა ბავშვი ფანჯრიდან,
თან შორდებოდა ქუჩის კარნავალს
და უტოვებდა უზრუნველ დღეებს,
მზისფერ სხივების თავგადასავალს.
ემატებოდნენ ბგერები ბგერებს,
ისმოდა ხალხის ყრუ ლაპარაკი,
იხედებოდა ბავშვი ფანჯრიდან
და სულ სხვა იყო მისი ქალაქი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge