გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბელა ჩეკურიშვილი - ლექსები

გენიალოგია

ნეტავ მართლა რა იფიქრა ჩემმა დიდპაპამ,
როცა სამ შვილს ხელი მოხვია
და სვანეთიდან ბარში დაეშვა. 
შეიძლება, ღვინო უყვარდა?
აკი, მთელი საქართველო გადმოიარა
კახეთში რომ ჩამოსულიყო
და ვაზის რქა გადაეწვინა.
მერე მისი სახლის ჭიშკარს, კიბეს, სახურავს
ვაზის ლერწი კაზმავდა და ასაზრდოებდა ნუგბარ ხილად, საჩრდილობელად...
შთამომავლებს კი საფიცარად დაუტოვა
რთული სიტყვები, 
უცნობი რიტმით და ჟღერადობით
ყოველდღიურ ყოფაში რომ კოშკებივით აღმართულიყვნენ.
ისინი თითქოს ანიშნებდნენ რაღაც გზავნილზე
წარსულიდან მომავლისაკენ,
თან იცავდნენ, თან აქეზებდნენ...  
ან ის კახეთს გამოზრდილი პაპაჩემი რაზე ფიქრობდა? 
ამბობენ, რომ წერა უფრო ეხერხებოდა, 
ვიდრე ოჯახთან მასლაათი, თუნდაც კოშკებზე, 
მამამისმა სიტყვებად რომ გადაუქცია
და მის ქალიშვილს ქუხილადღა რომ ჩაესმოდა.
ალბათ ამიტომ გადაწყვიტა, 
ყველაფერი, რაც ახსოვდა 
ლექსის სვეტებად ჩამოეწერა, 
იქნებ უფრო მყარად სჭეროდა მოგონებების გუგუნა თაღი, 
წლებითა და ნოსტალგიით დამძიმებული?
დედაჩემზეც ვერაფერს ვიტყვი, 
ალბათ დაღალა მამის ლექსმაც, პაპის ვენახმაც.
ხელნაწერები დედის კუბოს გააყოლა, 
ვაზები - სეტყვას,
ფიქალ-ფიქალ დაარღვია ნაანდერძალი სიტყვებიც და ძველი კოშკებიც
და შვილები, როგორც ქარმა ფეტვის მარცვლები,
უცნობ მიწებს გადაგვაბნია.
ჩემს გონებას ერთი მისხალიც არ გადმოჰყვა პაპის ენიდან,
მაგრამ როცა ხორხისმიერ ბგერებს წარმოვთქვამ,
ისე თამამად ირხევიან სახმო სიმები,
მეჩვენება, რომ მათ ახსოვთ რაღაც სხვა, მეტი... 


ალკუნის ფსალმუნი
                                უვე კოლბეს 

ლურჯ ფრინველზე მინდოდა დამეწერა -
ზღაპრებში რომ ჩნდებოდა ხოლმე, 
ჯადოსნურ ფრინველზე, 
როგორც აღთქმაზე, სასწაულზე
და სასწაულის გაცხადებაზე
ფსალმუნის ლექსად,
სიყვარულად,
სამადლობელად 
გერმანელი პოეტების სტრიქონებში სულ რომ ელვარებს.
ალკუნი -
ვამბობდი და
ვაპარებდი მზერას ტბებისკენ, 
ვუსაფრთებოდი სიტყვას, როგორც ფრთების აქნევას.
ალკუნი -
ფრთხილად ვაყურადებდი 
სახელს -  ჩვენში იშვიათად რომ წარმოთქვამენ.
ჩვენს ენაზე პოეზიამ იცის არწივი, 
იცის ბულბული, მტრედი, მერცხალი, ბეღურა, ყვავი, ჩხიკვი, წიწკანა... 
ალკუნს არავინ უმღეროდა, 
ჯერ არავის უოცნებია, მისი ლურჯი სინათლისთვის მოეკრა თვალი. 
ნუთუ მართლა არ შეიყვარა ენამ სიტყვა, 
არ მიცა ფრთები, არ შემოსა, არ გამოზარდა?
ნუთუ სიტყვებსაც სჩვევიათ ასე,
ზოგს იღბალი დაჰყვება, ზოგიც დროს ელოდება, 
ფასკუნჯივით ქვესკნელიდან ამოსაფრენად,
სადმე, თუნდაც თარგმნისას რომ აღმოაჩინონ? 


ჩრდილები 

ისინი, ჩვენზე წინ რომ აღწევენ მიზანს,
გვასწრებენ კარში, 
დაუბრკოლებლად 
გაივლიან კედელზე, ჭერზე,  
დადევნება არც კი ღირს ალბათ,
მხოლოდ თვალის გაყოლება, 
როგორ შესწვდება შენი ჩრდილი მეზობლის თუთას, 
ხის ქვეშ მდგარი
გოგოების ფეხებში ძვრება, 
ამ მზიან დღეს რომ ტოტებს არხევენ,
გაწვდილ ხელებში 
ლურჯი მუშამბის სუფრა უჭირავთ
და ვიდრე ჭიშკართან შეგამჩნევენ მორცხვად ატუზულს,
ჩრდილს კიდეც თითები გაშავებია,
ტუჩებს ილოკავს - 
ეს მახსენდება, როცა ჩემი ბნელი მხარე 
შენსკენ მომიძღვის,
კიბეზე მასწრებს,
ოთახიდან გამომავალ სინათლის ჩქერში
ბილიკად წვება
და მისრუტავს, 
როგორც  ცხელ კვამლს საბუხრე მილი.


იზოლაცია

სიშიშვლე,
თუკი არავინ გხედავს, 
მნიშვნელობას სრულიად კარგავს,
როგორც თმა - კეფაზე რგოლად დახვეული,
ანდა სალონში დახვეული.
მასთან ერთად კი ქრება სირცხვილი,
და ალბათ, შიშიც,
რადგან თამამად შედიხარ წყალში...
თუმცა, ახლა, 
პანდემიურ იზოლაციაში, 
როცა საკუთარ შიშველ სხეულს 
ოთახიდან სამზარეულოსკენ
მეგობარივით დაჰყვები, 
სადილობისას ურჩევ, ჩაიცვას - 
მაგიდასთან ამით ერთით მეტი იჯდება...


მეგობრის საფლავი

იმ ქვეყანაში, 
სადაც მეგობრის საფლავია,
უბრალო სტუმრად ვეღარ დარჩები,
ახლა უკვე შენც გევალება, 
ერთი სარეველა ამოგლიჯო, 
თუნდაც ქვასთან,
მისი დაბადების თარიღისკენ რომ მიიწევს.


სტატუსი

შვილმოკლული მამა სტატუსია ჩემს ქვეყანაში
და ეს მარადიულ ბრძოლას ნიშნავს,  
რომ ერთ დღეს უთხრან:
დაისვენა შენმა შვილმა, იქ, გაღმა მხარეს,
მის მკვლელს მკვლელის სახელი ჰქვია, 
და ამ  სახელით შერჩება აწმყოს.
შვილმოკლული დედა სტატუსია ჩემს ქვეყანაში
ეს მოუხდელ ვალს ნიშნავს და მოუწმენდ სირცხვილს:
როგორ შეხვდეს იმ ქვეყნად წასულს ასე პირშავად,
ვერ ჩაუტანოს ამბავი, რომ 
მის მკვლელს მკვლელის სახელი ჰქვია -
რადგან მშობლები მარცხდებიან ყველა ბრძოლაში
აქვე, ჩვენს თვალწინ, ვინც მკვლელებსა და მოკლულთა შორის 
უძრავად ვდგავართ
და საკუთარ თავს ვეღარ ვუყურებთ,
ქვებად ქცეულნი, 
ოღროჩოღროდ დადგმულ ყორეს რომ დავემსგავსეთ.
ისღა გვრჩება, 
გალავნად მაინც შემოვერტყათ ცოდვებით სავსე ამ ჩვენს ქვეყანას, 
ცოცხლები და მკვდრები მაინც ზუსტად გავმიჯნოთ...
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge