გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი გოგოლაშვილი - იაკობ გოგებაშვილი და ქართული სალიტერატურო ენა

       

                               (მოკლე მიმოხილვა)
 
              დედაენას მთავარ ეროვნულ ძალად მიიჩნევს იაკობ გოგებაშვილი და სწორედ ამ  ძალას მომართავს იგი ერის სასიკეთოდ. დედაენაზე სწავლის აუცილებლობაც სწორედ ამისთვისაა საჭირო. ამიტომ იტყვის იგი გულდაწყვეტილი: `ჩვენ გვერდით მცხოვრებმა სომხის ერმა, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, მოიპოვა სრული უფლება _ ასწავლოს თავისი ღვიძლი ენა ყოველ დღეს და ყველა საგნები ამ ენაზე არამცთუ ერთკლასიან  სკოლებში, არამედ ორს კლასშიაც მთელს  რვა წლის განმავლობაში და ჩვენ კი ხელს ვუწყობთ თითქმის მოსპობას ქართულის ენისას და წიგნისას ერთკლასიანს სკოლაშიაც~ (გოგებაშვილი, IV. 345).
              ეს არის კომენტარი `სახალხო გაზეთში~ (1910. # 78) დაბეჭდილ ვინმე ჭილაძის წერილზე; უფრო სწორად, იმ აზრის შესახებ, რომ ქართული ენა გამოუსადეგარი ენააო: `მშობლები ხშირად ამბობენ სკოლისადმი საყვედურსა, რომ იქ რუსულის ენის სწავლებას ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე ქართულის ენისა, რომელიც გამოუსადეგარი არისო~. იაკობის აღშფოთებას განსაკუთრებით იწვევს ის, რომ `უჩინო ავტორი~ (ი. გოგებაშვილის სიტყვებია) გურიის სახელით საუბრობს:            `საქართველოს იმ კუთხეშიაც კი, რომელიც კულტურულათ, დაწინაურებულათ ითვლება, სხვა მხარეებთან შედარებით, გურიაში ხშირათ შეხვდებით ამის მაგალითსა: ქართული ენა და `დედა-ენის~ კითხვა მე კაი ხანია კარგათ ვიცი, მაგრამ ეს ჩემთვის გამოუსადეგარია, ბავშვებს სკოლაში იმიტომ ვაბარებ, რომ ორიოდე რუსული სიტყვა ისწავლოსო~.
              ეს რომ `სიცრუეა და ცილისწამება~, ამის საინტერესო მაგალითები მოჰყავს ი. გოგებაშვილს, მაგრამ არსებითი ისაა, რომ ამ სიცრუესა და ცილისწამებას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, ხალხისათვის: `ყველა ხალხს მშობლიური ენა მიაჩნიათ განათლებისა და განვითარების დედა-ბოძათ და მის ფართო დაყენებაზე სკოლებში დაუცხრომლათ ზრუნავს~ (გოგებაშვილი, IV. 343); 
           `სიკვდილის გზას ადგია ყოველი ენა, რომელიც გამეფებული არ არის ოჯახსა და სკოლაში... იზრდება, ძალით და ღონით ივსება ყოველი ენა, რომელიც მეფობს ოჯახსა და სკოლაში~ (გოგებაშვილი, IV. 89). ოჯახის დამსახურება _ ეს ერთი მხარეა ენის სიცოცხლისა, სიძლიერისა... ი. გოგებაშვილი ეროვნული სკოლის თავკაცია და ამიტომაც განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში სწორედ ეროვნული სკოლის დამსახურებაზე ამახვილებს... თუმცა მარტივად და უბრალოდაა ნათქვამი `ამახვილებს~; ყველაფერს გვერდზე გადადებს და სიცოცხლეს მიუძღვნის ეროვნულ სკოლას. 
           რა არის ეროვნული სკოლა ი. გოგებაშვლისათვის? გვახსოვს, რა თქმა უნდა, ი. ჭავჭავაძის შეგონება: `სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?~ (ჭავჭავაძე, III. 27). ეს 1860 წელს ითქვა.
                ი.ჭავჭავაძე რომ ი. გოგებაშვილისათვის უდიდესი ავტორიტეტია, ფაქტია. გავიხსენოთ: ი. გოგებაშვილს 1900 წელს იუბილეს გადახდა შესთავაზეს. გაზეთ `ივერიის~ (1900. # 43) `ახალ ამბებში~ ცნობა იყო მოთავსებული: `როგორც შევიტყეთ, ბ-ნ იაკობ სიმონის-ძის გოგებაშვილის პატივისმცემელთ, მისდა პატივსაცემლად, მისის სალიტერატურო და საპედაგოგიო ასპარეზზედ მოღვაწეობის 35 წლის შესრულებისა გამო, განუზრახავთ სადილი გამართონ. სადილის გამართვის დრო ცალკე იქნება გამოცხადებული~. იაკობი შეწუხებული ჩანს ამ `ახალი ამბის~ გაგებით; წერილს მისწერს რედაქციას: `როგორც თქვენი ახალი ამბებიდან სჩანს, ზოგიერთ ქართველს მოუწადინია გამართონ საიუბილეო სადილი. დიდ მადლობას მოვახსენებ და ვთხოვ დიდი თხოვნით, ხელი აიღონ ამ თავის წადილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში,ეს სადილი უჩემოდ ჩაივლის. ჯერ ქართველმა საზოგადოებამ უნდა გადაიხადოს ის დიდი ვალი, რომელიც მას აწევს კისერზე შესახებ ჩვენის მთავარ-მოღვაწეებისა, რომელთაც ჩემზე უფრო დიდხანს უმოქმედნიათ და ჩემზედ უზომოდ მეტი გაუკეთებიათ. ჯერ იალბუზსა და მყინვარს ღირსეული იუბილეები გაუმართონ და მერე გაუწიონ თავაზიანობა სერებსაც, თუ არ დაუშლიათ~ (გოგებაშვილი, III. 197).
               მყინვარი მთავარმოღვაწე ილია ჭავჭავაძეა, იალბუზი _ მთავარმოღვაწე აკაკი წერეთელი; სერი _ თავად ი. გოგებაშვილი... ეს ბარათი `ივერიამ~ დაბეჭდა (1900. # 45).
              ილიასადმი იაკობის განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ჭეშმარიტებაშიც ჩანს: `იქნება არც ერთს მსოფლიო გენიოსს არა ჰქონდეს იმოდენა მნიშვნელობა თავისი ერისათვის, რამოდენაც  აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსათვის~ (გოგებაშვილი, IV. 215).
             დიახ, ილია იაკობისათვის უდიდესი ავტორიტეტია და, რა თქმა უნდა, იგი იზიარებს აზრს სამი ღვთაებრივი საუნჯის შესახებ; ოღონდ ესაა, იაკობი მას ეროვნების ბურჯს უწოდებს და, რაც დიდად მნიშვნელოვანია, მეოთხე ბურჯს დაუმატებს _ ეროვნულ სკოლას. იტყვის, ჩვენი ეროვნულობა ოთხ ბურჯზე დგასო:
                პირველი ბურჯი: `საძირკველს ნაციონალურის ძალისას შეადგენს ტერიტორია, მიწა-წყალი, მამული, სამშობლო... წაართვით ერს მისი მიწა-წყალი, მისი ტერიტორია, და იგი დაჰკარგავს არა მარტო ნიადაგს არსებობისას, არამედ მოსწყდება იმ დიდებულს სულსაც, რომელიც სამშობლოში ტრიალებს~.
          `მეორე ბურჯი ერის აღორძინებისათვის გახლავთ სამშობლო ენა. ერის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია ენის განვითარებაზე~...
          `მესამე ბურჯი ერის წარმატებისა გახლავთ სკოლა. რომელ ქვეყანაშიაც კი უმრავლებიათ სკოლები, ყველგან მათ მოუხდენიათ საოცარი ძირითადი ცვლილება: ერი გამდიდრებულა ცოდნით, ამაღლებულა ზნეობით, ავსილა დოვლათით~...
           `მეოთხე ბურჯი ერის წარმატებისა არის ეკლესია... თუ საქართველომ მთელის თხუთმეტის საუკუნის განმავლობაში გაუძლო აუარებელს და მძლავრს მტრებს და კავკასიაში დიდი ადგილი დააჭერინა მართლ-მადიდებელს ქრისტიანობას, ამისათვის უაღრესად უნდა ვუმადლოდეთ ქართულს ეკლესიასა~ (იაკობი, III. 245-249).
           ეროვნული სკოლა ი. გოგებაშვილისთვის ეროვნულობის უმთავრესი ბურჯია. ეროვნული სკოლა დედაენას უნდა ემყარებოდესო... ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა იაკობის მოღვაწეობისა.
რით აძლევს ძალას დედაენას ეროვნული სკოლა? _ სწორი გეზი სწავლებისა, სწორად შედგენილი სახელმძღვანელოები _ ესააო არსებითი!
          ი. გოგებაშვილი ასეთ მოგონებას გვთავაზობს: `ამ ოცდაათი წლის წინათ ჩვენს სასწავლებლებში გრამატიკა იოსელიანისა ქართული ენის სახელმძღვანელოდ იყო მიღებული. ვერ წარმოიდგენს მკითხველი, რა ჭირივით მეჯავრებოდა ქართული ენის გაკვეთილები და რა სიძულვილი ჩამისახა გულში დედა-ენისა ამ გრამატიკამ იმ დრომდინ, ვიდრე იგი არ შემაყვარეს ჩვენმა მაღალნიჭიერმა პოეტებმა და ლიტერატორებმა~ (გოგებაშვილი,  II. 90).ამიტომაც ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას იაკობი კარგად შედგენილ სახელმძღვანელოს; ამიტომაც ზრუნავს ასე თავდადებით სახელმძღვანელოთა შედგენაზე: სახელმძღვანელომ უნდა შეაყვაროს მოზარდს დედაენა. 
           ი. გოგებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების ენას იწუნებენ; ედავებიან, შენი სახელმძღვანელოების ენა არააო გასაგები ყოველი კუთხის ქართველთათვისო. იაკობი იძულებულია, განმარტოს, ამ თვალსაზრისით როგორ მუშაობს სახელმძღვანელოს ენაზე. მისთვის, როგორც აღმოსავლელი კაცისთვის, დასავლური ქართულის `მთავარი ექსპერტი~ აკაკი წერეთელია. წერს: `რამდენიმე წლის წინად `დედა-ენის~ ანბანში, აკაკის დახმარებით, გამოვტოვეთ ყველა ის სიტყვები, რომელნიც დასავლეთ საქართველოში არ იხმარებიან, აგრეთვე გამოვტოვეთ სურათები, რომელთაც იქ სხვა სახელი ჰქვიანთ, მაგალითად ლოქო, რომელსაც იქაურად ღლავი ეწოდება~ (გოგებაშვილი, IV, 317). ეს თემა იაკობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. საგანგებოდ მსჯელობს, `დედა-ენის~ საანბანე ნაწილში რატომ შეიტანა თითა, რომელიც დასავლელი ბავშვისთვის უცხოა, მაგრამ საანბანე ტექსტის აუცილებლობა ითხოვდა: `ვერ გამოვტოვე იმის გამო, რომ აქ ყოველი შემდეგი სიტყვა, გასაადვილებლად კითხვის პროცესისა, უნდა იწყებოდეს იმ მარცვლით, რომლითაც მთავრდება წინა სიტყვა. აი ეს გაკვეთილი: ა-თი, თი-თა, თა-თი, თითი. შეიძლება დასავლეთ საქართველოში ყველგან არ იცოდნენ, რომ თითა გრძელ მარცვლოვანს ყურძენსა ჰქვიან, მაგრამ ამით არა წახდება-რა~ (გოგებაშვილი, IV. 317).
            ამ მაგალითს იაკობი გამოყოფს იმ შემთხვევებისაგან, როცა ერთსა და იმავე საგანს აღმოსავლეთსა და დასავლეთში სხვადასხვა სახელი ჰქვია; ასეთი სინონიმების ცოდნა ქართული ენის ნებისმიერი წარმომადგენლისათვის აუცილებელია, ოღონდ ეს მოგვიანებით უნდა შეისწავლოს მოსწავლემო: `რაც შეეხება `დედა-ენის~ მეორე ნაწილსა, აქ ჩვენ თვით ტექსტში, აკაკისავე დახმარებით, ამერს ტერმინებს გვერდში ამოვუყენოთ იმერი სინონიმები... ამ ხერხის წყალობით იმერი ბავშვები სრული შეგნებით ითვისებენ ამიერ სინონიმებსა და ამიერი მოსწავლენიც უნებლიედ სწავლობენ კითხვის დროს იმიერ სინონიმებსა, და ამ სახით ლექსიკონი სიტყვისა ორივე მხარეს უმდიდრდება~ (იაკობი, IV. 317). კიდევ ერთი ციტატა დასტურად იმისა, რაც ვთქვით: ერთმა იმერმა `ჩვენის თხოვნით გულდასმით გადაიკითხა `დედა-ენა~, დაგვისახელა იმერელთათვის გაუგებარი სიტყვები და ჩვენ ისინი, საცა კი შეიძლებოდა, შევცვალეთ იმისთანა სიტყვებზედ, რომელნიც იხმარებიან იქით და აქეთ საქართველოში. რასაკვირველია, `დედა-ენაში~ კიდევ მოიძებნება რაოდენიმე სიტყვა, იშვიათად სახმარი იმერეთში, მაგრამ მათ ბავშვი გაიგებს ან აზრის მიმდინარეობით, ან მასწავლებლის შემწეობით... ბოლოს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში იხმარებიან იმისთანა გამოთქმანი, რომელნიც ზედგამოჭრილნი არიან საგანზედ, აზრზედ და რომელნიც იშვიათად იხმარებიან დანარჩენს კუთხეში~ (გოგებაშვილი, I. 299-300).
             მსჯელობა მკაფიო და ნათელია: სალიტერატურო ენის ღრმად შესწავლისათვის, დაუფლებისათვის აუცილებელია სწორედ ლექსიკური მარაგის გამდიდრება; სრულიად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ სიტყვათა გაცნობა... პედაგოგთათვის და სახელმძღვანელოთა ავტორთათვის საგულისხმოა კიდევ ერთი მსჯელობა: `მართალია, ეს გლეხობა (იგულისხმება დასავლეთის გლეხობა _ გ.გ.) აქა-იქ შეხვდება წიგნის ტექსტში აღმოსავლეთის სინონიმებს, რომელთა ნაცვლად  დასავლეთის საქართველოში სხვა სინონიმები იხმარება; მაგრამ უცნობს სინონიმებს კითხულობს იგი არა ცალკე და განმარტოებულად, არამედ ფრაზებში, რომლის ყოველი სიტყვა, ერთის გარდა, კარგად ესმის, და ამ სიტყვების შემწეობით ტყობილობს მნიშვნელობას უცნობის ტერმინისასა~ (გოგებაშვილი, IV. 318)...
       საინტერესო მსჯელობა პასუხია გაზეთ `დროებაში~ მასწავლებელ მიხ. კვაჭაძის კრიტიკულ წერილზე (`ორიოდე სიტყვა სახელმძღვანელოზე~, 1909, # 239). დასკვნაა იაკობის წერილისა ძალიან საინტერესო: `ამგვარს გაზვიადებას (იგულისხმება კრიტიკის ტონი _ გ.გ.) ჩვენ უნდა ვერიდოთ, რადგანაც მას შეუძლია ხელი შეუწყოს პროვინციალურს სეპარატიზმს, რომელიც უფრო მეტად იქნება მავნებელი, ვიდრე იყო ჩვენი ისტორიული პოლიტიკური სეპარატიზმი, რომელმაც დააქუცმაცა ჩვენი ქვეყანა, დააუძლურა და მტრების ლუკმად აქცია~ (გოგებაშვილი, IV. 319). 
     ეს კიდევ ერთხელ მინიშნებაა სალიტერატურო ენის, შესაბამისად ამ ენაზე შექმნილი სახელმძღვანელოების მნიშვნელობაზე ეროვნული მთლიანობის აღსადგენად, შესანარჩუნებლად. Eესაა სწორედ ის აზრი, რომელსაც ილია დაბეჯითებით ამტკიცებდა: `დიდმა და პატარამ შეიტყოს და გაიგოს, რა ღონეა დედა-ენა სკოლისათვის და საეროსათვის საკუთრივ~ (ჭავჭავაძე, IV, 1987, 195). 
          XIX საუკუნის მეორე ნახევარში იყო უაღრესად აქტიური ბრძოლა ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრებისათვის. არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ მთავარ `დარტყმას~ იაკობ გოგებაშვილი იღებს. აკაკი წერეთელი წერს: `ბატონმა დოდაშვილმა, გიორგი წერეთელმა და მე დავსკვენით პირობა, რომ `კვალისათვის~ კიდევ ერთი განყოფილება მიგვემატებია _ `სასწორმეტყველო~ და ჩვენს მწერლობაში როცა შევნიშნავდით ურიგო ქართულს, გვემხილებია ხოლმე. პირველი სანიმუშო ისარი მე გავტყორცნე და იმ ისარმაც ყურთან გაუზუზუნა ბატონ იაკობ სიმონიძეს. ბატონი იაკობი მისთანა კაცია, რომ ბუზსაც არავის ააფრენინებს, თვარა ყურთან ისრის გაზუზუნებას როგორ აიცდენდა? ეს ჩვენ წინდაწინვე ვიცოდით, მაგრამ პირველად სიმონიძეს იმიტომ გამოვეთამაშეთ, რომ ის სხვებზე უფრო შესამჩნევია: ისა ზრდის და ისა წვრთნის ქართველ ახალგაზრდობას, ენასაც ყველა მისგან სწავლობს და, მაშასადამე, იმის მცირე შეცდომასაც უფრო მეტი ვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე სხვისას~ (წერეთელი, XIII. 14).
            ცხადია, ეს იაკობმაც იცის _ მის მცირე შეცდომასაც დიდი ზიანის მოტანა რომ შეუძლია ქართული ენისათვის და, შესაბამისად, ქართველი ხალხისათვის. ცოტა რომ გადავუხვიოთ, კორექტურის მიმართაც იმიტომ აქვს მას გამძაფრებული ყურადღება. შალვა გოგებაშვილის მოგონებიდან: `კორექტურას იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა; ამ საქმეში ყველას იშველიებდა; ასოთამწყობებს, გამოცდილ კორექტორებს, ამხანაგებს, ნაცნობებს და უცნობებსაც კი, რომელთაც თითოეული შეცდომის აღმოჩენაზე შაურს აძლევდა ჰონორარად~ (სამრეკლო, 364). გავითვალისწინოთ: საანბანე წიგნი ორი შაური ღირდა!.. იგონებენ, თურმე ქალაქის თავს, ვასილ ჩერქეზიშვილს, სთხოვდა კორექტურის წაკითხვას _ კარგი თვალი აქვსო...
          ადვილი წარმოსადგენია, კორექტურულ შეცდომას რომ ასეთ მნიშვნელობას ანიჭებდა, ენობრივი შეცდომა რა ფასისა იქნებოდა მისთვის!
         იაკობის სახელმძღვანელოები _ `დედა-ენა~ და `ბუნების კარი~ _ იყო სრულიად საქართველოში ქართული ენის სახელმძღვანელოები. იაკობის ენობრივი ნორმა საყოველთაო ნორმად იქცეოდა. თავად იაკობი მიანიშნებს ამის თაობაზე ერთ-ერთი კრიტიკოსის საპასუხო წერილში: `ეს პატარა, იაფი წიგნაკი (იგულისხმება `დედა ენის~ პირველი ნაწილი – გ. გ.), შემკული მრავალი სურათით და დედნით, პატარა მინონოსკასავით, ნაღმოსანივით მისცურავს სოფლებში, შეისრიალებს ხეობებში, ადის მთაში, უწევს ოსეთსა და ქისტეთსა და ჰბადავს მოთხოვნილებას და სიყვარულს ქართულის მწიგნობრობისას~ (იაკობი, IV. 499).
              ამას გულისხმობდა შალვა დადიანი: `დედა ენა~ ამაფეთქებელი ნაღმოსანით მისრიალდა ჩვენს მიუვალ მთა-კლდეებში _ თუშეთსა და სვანეთში, მიდიოდა ბარად, შეუყვებოდა აჭარასა და მესხეთს და ყველგან სძრავდა ენას საქართველოდ, ყველგან აფეთქებდა გრძნობას ეროვნულსა~.  
             კიდევ ერთი დასტური ამ თვალსაზრისით `დედა ენის~ მნიშვნელობისა: ზ. ჭიჭინაძის აზრით _ `გოგებაშვილმა თავის `დედა ენაში~ აღადგინა დაცემული ენა ქართველთა... და ამ წიგნის მეოხებით მთელი ქართველობა, ყველა თემისა და ხეობის მონათესავენი ერთის ქართული ენით იწყებენ წერა-კითხვის სწავლებას და ლაპარაკს, ყველგან ამ წიგნის მეოხებით ქართული ენა ეფინება~. 
             აკაკის შეფასება: `იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ხალხს ქართულის ენის სიტკბოება ყურში ჩააწვეთა, ქართველ ხალხს ქართული ენა შეაყვარა~... (შ. დადიანის, ზ. ჭიჭინაძისა და აკაკის შეფასებებს ვიმოწმებთ წიგნიდან: გ. გოგოლაშვილი. ი. ავალიანი, `დედაენა~ _ წიგნთა წიგნი, 2001).
              იაკობ გოგებაშვილს თავისი მართლწერა აქვს შემუშავებული და ამ წესებს ამკვიდრებს თავის სახელმძღვანელოებში. იგი არავის აძლევს უფლებას (იგულისხმება რედაქციები), შეცვალონ მისი მართლწერა. `ჯეჯილის~ რედაქციიდან მიუწერიათ იაკობისთვის: `თქვენ არავის აძლევთ ნებას ენას შეეხონ, ჩვენ კი უცვლელად არავის ვბეჭდავთ ამ ბოლო ხანებში~ (გოგებაშვილი, III. 75).
            ეს ის პერიოდია, როცა არ არსებობს ერთიანი ქართული სალიტერატურო ენა, ერთიანი ნორმები. ყოველ რედაქციას თავისი პრინციპები აქვს. ამის თაობაზე თავის დროზე ვაჟაც ჩიოდა და მოითხოვდა, ენობრივი შესწორებანი არ შეეტანათ მის ნაწერებში. იაკობს, როგორც ჩანს, ძნელად უბედავენ შესწორებას, მაგრამ მაინც სჭირდება განმარტება: `ჩემი მართლწერა (...) მიმაჩნია ქართულ ლიტერატურულ მართლწერად, რომელსაც მისდევდნენ ბოლოს დრომდე საზოგადოდ ქართველი მწერლები იმერნი და ამერნი, ყველა ჩვენებური პერიოდული გამოცემანი აღმოსავლეთის და დასავლეთის საქართველოისა~ (გოგებაშვილი, IV. 456) .
          იაკობმა იცის, რომ დედაენის მდგომარეობა სავალალოა. უკომპრომისო, პრინციპული პოზიციის დაჭერაა საჭირო, რომ ეშველოს ქართულ ენას. ამიტომ მისი თავგამოდება არ უნდა გაუკვირდეთ: `ქართული ენის ბედი რომ ნორმალურს მდგომარეობაში იყოს, ჩვენ ყურსაც არ გავიბერტყავდით, კრინტსაც არ დავძრავდით, რადგანაც მაშინ წიგნს თავის-თავად ეწეოდა ის ბედი, რისაც ღირსია იგი~ (გოგებაშვილი, III. 95).
          მართლწერისათვის იაკობი საინტერესო ტერმინებს გვთავაზობს: მთავარი მართლწერა, საზოგადო მართლწერა, ინდივიდუალური მართლწერა, პროვინციალური მართლწერა. 
          ინდივიდუალური მართლწერა მთავარი მართლწერის (საზოგადო მართლწერის) სახესხვაობაა, მცირეოდენი განსხვავებით; როგორც ჩანს, აქ უფრო სტილურ თავისებურებებს გულისხმობს ავტორისას: `ბოლოს ხანამდის ქართულ ლიტერატურაში მიღებული იყო ერთი მთავარი მართლწერა, მცირეოდენი ინდივიდუალური განსხვავებით, რომელსაც მე მივდევდი~ (გოგებაშვილი, IV. 456). 
        იაკობის სახელმძღვანელოებში შესული ნაწარმოებები სწორედ ამ მართლწერის (იაკობის მართლწერის) წესებს ექვემდებარება. საგანგებოდ მიანიშნებს იმის თაობაზეც, რომ აკაკის ნაწარმოებებსაც კი ამ წესს ვუქვემდებარებო: აკაკის `ხელთნაწერი ჩვენ ხელუხლებლივ ვერ დავბეჭდეთ. მასში ჩვენ, თანახმად პედაგოგიურის მოთხოვნილებისა და ბავშვის ფსიქიკისა, ჩვენ მოვახდინეთ შიგა და შიგ ზოგიერთა ცვლილებანი~ (გოგებაშვილი, IV. 244) და ეამაყება ის, რომ აკაკიმ თავის წიგნში სწორედ იმ სახით შეიტანა იაკობის მიერ გასწორებული ნაწარმოებები, როგორც `დედა ენაში~ დაიბეჭდა. რა სახის იყო ეს ცვლილება, აქ არ ჩანს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ იაკობი ენობრივად ბევრ საკითხში არ ეთანხმება აკაკის (ცნობილი ხანგრძლივი პოლემიკაა ამის დასტური). ასე რომ, სახელმძღვანელო ერთ ნორმებზე უნდა იყოს აგებული. სხვადასხვა ავტორის (ილიასა და აკაკისაც კი...) თუ ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები იაკობის ქურაში გაივლის.
                ვთქვით, იაკობი დაუნდობელია სალიტერატურო ენის ნორმათა დამრღვევის მიმართ, თუმცა ისიც ვთქვათ: ძირითადად ენობრივ შეცდომათა ორ ჯგუფს გამოყოფს: ა) წვრილმანი და უნებლიე და ბ) `ბლომი მნიშვნელობის~ მქონე:
             `ეს დეფექტები წვრილმანია და უნებლიეთნი, რომელნიც არავითარს ზიანს ჩვენს ენას არ აყენებენ~ (იაკობი, IV. 464). 
            `მართლწერას ენაში მხოლოდ მაშინ აქვს ბლომი მნიშვნელობა, როცა მისი დარღვევა არღვევს აზროვნებას, ხელს უშლის მას~ (გოგებაშვილი, IV. 464).
             აი, ამ უკანასკნელი ტიპის შეცდომები `რეგრესულია და ენის გაღატაკებას უწყობს ხელს~ (იქვე). სალიტერატურო ენის რაობაზე, მართებულ და არამართებულ ფორმებზე ხშირია საუბარი იაკობთან. Mმან ამ თემაზე რამდენიმე პოლემიკაც გადაიტანა.
            გამოსვლისთანავე დაუწყეს ბრძოლა `დედა ენას~. წერს ერთგან იაკობი: `რაც მე დრო და შრომა მოვანდომე ჩემის სახელმძღვანელოების შედგენას და ხან-გამოშვებით გაუკეთესებას, ათი იმდენა დრო და შრომა მომინდა მათი დაცვისათვის სხვა და სხვა ცილისწამებისაგან~ (გოგებაშვილი II. 179). ერთ-ერთი ცილისწამება სწორედ ენობრივი გაუმართაობაა `დედა ენისა~. გავიხსენოთ: `ცილისწამება ჰქვიან იმისთანა სიცრუეს, რომელშიც შედის ბოროტი განზრახვაო~ (გოგებაშვილი, IV. 407), _ ბრძანებს იაკობი ერთგან და ამით მიანიშნებს იმაზე, რომ `დედა ენის~ წინააღმდეგ გალაშქრება ბოროტებაა...
   იაკობისთვის ყველაზე დიდი ბრალდება (ცილისწამება) ენის უცოდინარობის დაბრალებაა. აკაკის წერილის გამო თქვა: `მივაქციოთ ჩვენი ყურადღება მხოლოდ ენის უცოდინარობის დაბრალებას~ (გოგებაშვილი, II. 341) და ამ `დაბრალების~ გამო გაიმართა XIX საუკუნის პრესაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და საინტერესო პოლემიკა.
             როგორც ვთქვით, თავისი მართლწერა იაკობს მიაჩნია წმინდა, ლიტერატურულ მართლწერად (კარგ ქართულს ასე ახასიათებს: `წმინდა ქართული ენა და შესაბამისი კილო~ _ რაფიელ ერისთავზე იტყვის _ გოგებაშვილი, I. 272). არალიტერატურულ, არაწმინდა ქართულს – პროვინციალურს უწოდებს.
            სილოვან ხუნდაძე გაეპაექრა იაკობს _ ქართული დაუწუნა. იაკობი თვლის, რომ გაზეთ `კოლხიდაში~ სილოვანს `ჯიუტურად შეაქვს თავისი პროვინციალური მართლწერა ჩემს სტატიებში, ნაცვლად ჩემის ქართულ-ლიტერატურულის მართლწერისა, რომელსაც მისდევენ ყველა ქართველნი მწერალნი იმერნი და ამერნი და ყველა პერიოდული გამოცემანი აქეთა და იქითა საქართველოსი~ (გოგებაშვილი, IV. 429).
               იაკობი ამ კამათში კიდევ ერთხელ გახაზავს იმას, რომ ერთიანი სალიტერატურო ენა ამთლიანებს ერს; ენობრივი მთლიანობის დაკარგვა ეროვნულ მთლიანობას დაშლისო: `მთავარ საგნად მან (სილოვანმა _ გ.გ.) გაიხადა რაღაც პროვინციალური მართლწერის შემოღება და გავრცელება და ისეთი ჭირვეულობით მიჰყავს ეს უმნიშვნელო საკითხი, რომ ჰბადებს განხეთქილებას იმერთა და ამერთა შორის... ეს ხომ ნამდვილი პროვოკაციაა, რომელიც ხელს უწყობს ძმათა შორის განხეთქილებასა, პროვინციალურს სეპარატიზმსა, და ყოველს მტერს ჩვენის ქვეყნისას სიტკბოებით ავსებს~ (გოგებაშვილი, IV. 454).
               ერთ რომელმე კუთხეში გავრცელებული თუ რომელიმე პირის მიერ ნახმარი ფორმა არ შეიძლება ჩაითვალოს ლიტერატურულ ფორმად (გოგებაშვილი, II. 381); ის პირი თუნდაც აკაკი იყოს (ამას კ. დოდაშვილთან კამათში ამბობს). ისეთი ავტორიტეტული პირი, როგორიც აკაკია, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, რომ მისი ავტორიტეტის წყალობით არ დამკვიდრდეს ენაში უსწორო ფორმა: `მაშასადამე ჭკვიერი არის უხეირო, ნაძალადევი ჩიქორთული და მის ხმარებას აკაკი უნდა ერიდოს, რადგანაც თავისი ავტორიტეტის გამო ეს მდარე, შეუსაბამო ფორმა შეიძლება დაამკვიდროს ლიტერატურაში, ქართულის ენის საზიანოდ~ (გოგებაშვილი, II. 385).
               თავად ის პოლემიკა აკაკისთან (და `კვალის~ ავტორებთან) ბევრი რამით არის საინტერესო. უპირველესად იმით, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული მოკამათე წმინდა, სალიტერატურო ქართულს; მეორე _ რამდენად უკომპრომისონი და თავდადებულნი არიან ენობრივ საკითხებზე მსჯელობისას; მესამე _ თითოეულის პოზიცია შემაგრებულია თეორიულად და პრაქტიკულად; და მთავარი, უფრო სწორად, უმთავრესი ავტორიტეტი არის ქართული ენა და მის წინაშე ყველანი ვალდებულნი ვართ, გონივრულად მოვიქცეთ.
             ორიოდე მაგალითი იაკობის მსჯელობიდან; აკაკის საპოლემიკო წერილი გვახსოვს: იაკობს დაუწუნა ფორმა გაღიარებ; სწორია აღგიარებო, _ წერდა აკაკი. იაკობი: `აღგიარებ ძველი ფორმაა, გაღიარებ ახალი, ორივე კანონიერია~ (გოგებაშვილი, II. 341); ე.ი. ენის ისტორიის თვალსაზრისით ერთი ცვლის მეორეს: `საღმრთო წერილში ასეა ნახმარიო... მაგრამ საღმრთო წერილის ენაზედ მეათე საუკუნიდან აღარა სდგას საქართველო და ახლა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს როგორ დავუბრუნდეთ... განა ეს ათი საუკუნით უკან გადახტომა არ იქნება?~ (გოგებაშვილი, II. 345). შემდეგ თეორიული მსჯელობა: `საკამათო ზმნამ გამოიარა სამი ფაზისი, სამი გვარი ცვლილება: აღ-ვი-არო, ვ-აღ-ვი-არო, ვ-აღ-ი-არო... პირველი ფორმა არის ძველი კლასიკური, მეორე შუალა, მესამე ახალი. შუალა ფორმა ძლიერ გავრცელებულია ხალხში და იხმარება იმისთანა ქართულის ენის მცოდნეთაგან, როგორც არიან თ. ი. ჭავჭავაძე და თ. ს. გუგუნავა, მაგრამ იგი უნდა ჩაითვალოს მძიმე ფორმად... უკანასკნელი ფორმა გავრცელებულია შუაგულს საქართველოში და იხმარება მწერლობაში ქართველ ლიტერატორთაგან. იგი უნდა მივიჩნიოთ დაწინაურებულ, პროგრესულ ფორმად, რომელიც შემდგომში მიუცილებლად გააუქმებს ორსავე დანარჩენ ფორმას~ (გოგებაშვილი, II. 414-415).
               ამ მსჯელობაში ერთი რამ არის ძალზე საგულისხმო: იაკობი ფორმაცვალების ისტორიას ითვალისწინებს და კი არ აცხადებს რომელიმე ფორმას უკანონოდ, უპირატესობას აძლევს ერთ-ერთ მათგანს, დაწინაურებულ, პროგრესულ ფორმად მიიჩნევს; აკაკი ფაქტობრივ კრძალავს ვაღიარებ ფორმას; იაკობი ითხოვს, აკრძალვა მოეხსნას, არ აიკრძალოს... იგი არც აღვიარებ ფორმის აკრძალვას ითხოვს; ფორმათა გავრცელების ტენდენციის გათვალისწინება მას აიმედებს, რომ ვაღიარებ `შემდგომში მიუცილებლად გააუქმებს ორსავე დანარჩენ ფორმას~.  ამის იმედს ის აძლევს, რომ `ეს უკანასკნელი ფორმა გავრცელებულია მთელს აღმოსავლეთს საქართველოში, ზემო იმერეთში, რაჭაში და იქნება სხვა იმიერს კუთხეებშიაც. წიგნის მკაზმავმა ვასილ ყიფიანმა, ქვემო იმერეთის მცხოვრებმა, მითხრა: აღვიარებ მხოლოდ ეკლესიაში გვესმისო, ეკლესიის გარედ კი გლეხები ყოველთვის ვამბობთ: ვაღიარებ ან ვაღვიარებ~ (გოგებაშვილი, IV. 461)…
              ასე აქვს გამოკვლეული ეს ფორმა იაკობს: წარმოგვიდგენს მის ისტორიას,  ჩაატარებს მორფოლოგიურ ანალიზს, გამოიკვლევს მისი გავრცელების სიხშირეს და მერე აკეთებს დასკვნას.
            საინტერესოა ერთი ფაქტიც: კი სჯერა, რომ სიმართლე მის მხარესაა, მაგრამ მაინც მეტი ობიექტურობისა და სამართლიანობისათვის _ მიაჩნია, რომ ნორმის საკითხი ინდივიდუალურად არ უნდა წყდებოდეს; ენობრივ საკითხს, უფრო სწორად, ნორმის საკითხს, საგანგებო კომისია უნდა წყვეტდეს. წერს:
           `მსგავსს საკითხებს რუსეთში სწყვეტს მეცნიერებათა აკადემია, ჩვენი სამეცნიერო აკადემია არის `წერა-კითხვის საზოგადოება~. აი ამ საზოგადოების გამგეობამ უნდა აირჩიოს ექვსიოდე ქართველი ინტელიგენტი, საფუძვლიანი განათლებით აღჭურვილი, ევროპიულის ენების და ჩვენის ქართული ენის კარგი მცოდნე, შეადგინოს კომიტეტი, რომელმაც უნდა დაავალოს _ განიხილოს მართლწერა ბ-ნი სილოვან ხუნდაძისა და მისი ავკარგის შესახებ ვრცელი მოხსენება წარუდგინოს გამგეობას. კომიტეტის წევრებად უნდა იყვნენ არჩეულნი ნახევრად იმერნი და ნახევრად ამერნი. ჩემის მხრივ დავასახელებ სამს იმერს ინტელიგენტს კომიტეტის წევრებად; ესენი არიან: ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე, რომელიც მთელს ზამთარს თბილისში რჩება, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და ივანე გედევანის ძე გომართელი. პირადად მე დავემორჩილები ყოველს გადაწყვეტილებას არჩეულის კომიტეტისას იმ შემთხვევაშიც, თუნდაც არ ვეთანხმებოდე ზოგიერთ რამეში, და შესაბამ ცვლილებას შევიტან ჩემის წიგნების და ნაწერების მართლწერაში~ (გოგებაშვილი, IV. 465-466).
             ზემოთქმულიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იაკობის მიერ ქართული ენობრივი სივრცის სწორმა გააზრებამ და სალიტერატურო ენის როლის მართებულმა შეფასებამ, ხელი შეუწყო ქართველთა ენობრივი და ეროვნული მთლიანობის შენარჩუნებას; უდიდესია იაკობის როლი ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებაში; ამ მხრივ XIX საუკუნის მოღვაწეთა შორის იაკობ გოგებაშვილი ერთ-ერთი უპირველესია. 
ლიტერატურა:
გოგებაშვილი _ იაკობ გოგებაშვილი, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად: ტ. I, 1955; ტ. II, 1954; ტ. III, 1954; ტ. IV, 1955; ტ. VI, 1958.
ჭავჭავაძე _ ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად: ტ. III, 1956.
წერეთელი _ აკაკი წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. XIII, 1961.
იაკობის სამრეკლო, (წერილებისა და მოგონებათა კრებული), 1990.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ფერეიდანში გამოცემული ქართული ჟურნალი ავთანდილ ნიკოლეიშვილი - ფერეიდანში გამოცემული ქართული ჟურნალი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ისტორია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გიორგი გოგოლაშვილი - ქართველური ენობრივი სივრცე იაკობ გოგებაშვილის თვალთახედვით გიორგი გოგოლაშვილი - ქართველური ენობრივი სივრცე იაკობ გოგებაშვილის თვალთახედვით ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მეცნიერება / მომხმარებლები გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები ნინო გალდავაძე - ბიცია ნინო გალდავაძე - ბიცია ჟურნალი / სტატიები / პროზა / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge