გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბაღათერ არაბული - ლექსები



ხევსურეთს მიმრავლე, ღმერთო, ხევსურები

(სავედრებელი)

მამა-პაპათ წეს-ადათის ერთგულად შემსრულებნი,
ხევსურეთს მიმრავლე, ღმერთო, ხევსურები...
არაგველებივით რომ იყვნენ გულადები
და მამულს იცავდნენ კვლავაც გულანთებით...
ლესავდნენ ფრანგულებს და ფარებს ფერავდნენ,
სულით კი ატარებდნენ კვლავ ჯაჭვის პერანგებს...
რომ მათი საბრძოლო ხაფი და ყიჟინა
მტერსა და ორგულს კვლავ სცემდეს შიშის ზარს...
მთა-ბარს ავედრებდნენ სამყაროს გამჩენს
და ღმერთებს სწირავდნენ ჯიხვებს და არჩვებს...
ჯვარ-სალოცავების წეს-რიგის შემსრულებნი,
ხევსურეთს მიმრავლე, ღმერთო, ხევსურები...
მაწმავლებ-დათვისლები, ბარისახოვლები,
მთებივით ლაღები და მთებივით ახოვნები...
ჩირდილელ-ლიქოკელნი, გველეთელ-სახილელნი,
ერისთვის საგმირო ბრძოლებში სახილველნი...
ქმოსტელებ-ხადუვლები, გუდანელ-ხახმატელნი,
თვით უფლის ყმანი და ყმანი ჯვარ-ხატების...
გვარ-ტომად ფხოველნი და ძირად ქართველნი,
პირიქითელნი და პირაქათელნი...
არღუნის, ასაის, არაგვის პირელნი,
საბრძოლო ლაშქარში ყოველთვის პირველნი...
არდოტლებ-ანდაქლები, ატაბლებ-ჯუთელები,
რომლებიც სამშობლოს ღამეებს უთენებენ...
შთამომავლები გმირი წინაპრების,
მამულის გულისთვის სიკვდილთან წილნაყრები...
ბლოელებ–ბისოვლები, ღულელებ-ჭიელები,
მომხდურზე კვლავაც რისხვად რომ იელვებენ...
მუცოელ-შატილელნი, არხოტელ-როშკელნი, –
თოვლიან მწვერვალებით და ციხე-კოშკებით...
თავის მთასიქითით და თავის გორშეღმით,
ჯვარ-კვრივში შენახული საბრძოლო დროშებით...
მიუწვდომ მთა-გორებით, გაუვალ ტყე-ველით,
უტეხად რომ იდგნენ კვლავ მიღმაჴეველნი...
წინაპართ საფლავებით და შვილთა აკვნებით,
არც ვისზე მეტნი და არც ვისზე ნაკლებნი...
ახალგაზრდებით და ხანში შესულებით,
ხევსურეთს მიმრავლე, ღმერთო, ხევსურები...


ქებათაქება სვანეთს

ლექსი ეძღვნება სვანებს და ყველას, ვისაც სვანეთი უყვარს
უფლისგან შექმნილს მაგონებს შედევრს,
როცა ვუყურებ სვანეთის ქედებს...
გაშლილ სივრცეებს სამოთხედ,ზღაპრად,-
უშბას და შხარას,ლასტილს და ლაბრაყს...
ძირს მოთქრიალეს ენგურს,ცხენისწყალს,
თავზე რომ შუქად ადგას ვრცელი ცა...
ჭალებს,უღრანებს,ხეობებს ქვიანს,
ყველაფერს, რასაც სვანეთი ჰქვია...
მაღალ მწვერვალებს,- საბრძანისს დალის,-
ლამაზ ლეგენდას ჯიხვთა მწყემს-ქალის...
მესტიას, უშგულს, ლენტეხს და ცანას,
სვანურ „ლილეოს” და სვანურ “ნანას”...
ტყეებს, ტყის პირებს, კორდებს და ველებს,
ხოფურს და ხევებს შეფენილ ხელედს...
მუშკერს და მაზერს, ნაცულს და სასაშს,-
თვალსაწიერზე ვუყურებთ რასაც...
ხალდეს და იფრარს, ბაბილს და წანაშს,
წინაპრებს, დღეს რომ საფლავში წვანან...
უკვე დარწეულს და,არა ნაკლებს,
სამომავლოდ კვლავ დასარწევ აკვნებს!..
ველ- მინდვრებს, ქედებს, ნამიანს, ცვრიანს,
ყველაფერს, რასაც სვანეთი ჰქვია...
ჰადიშს და ზესხოს,ზეგანს, გულიდას,
“ მიშგულადეღ სი”- ნათქვამს გულიდან...
მე ვლოცავ ბეჩოს, ეცერს, ჟახუნდერს,
ეს სილამაზე რომ არ გახუნდეს...
შენ შეეწიე, უფალო, გვედრებ,
ყორულდაშს, ცხუმარს, ფარსა და ყვედრეშს,
აცსა და იელს, ბავარს, ლესემას
და ქარს, ამ მთებს რომ ეალერსება...
კალას და იფარს, ყარიშს და ხაჩეშს
და ჭიუხებში ჯიხვებს და არჩვებს...
ვლოცავ ლექსურას, შკედს და ჭველიერს,
მულახს და მუჟალს, ასე მშვენიერს...
ჟამუშს და ჟაბეშს, საყდარს და თეკალს
და ტაძრებიდან ზარების რეკვას...
ვლოცავ, როგორც განძს და რელიქვიას,
ყველაფერს, რასაც სვანეთი ჰქვია...
უფლისგან შექმნილს მაგონებს შედევრს,
როცა ვუყურებ სვანეთის ქედებს...


ზაფხული

(ეტიუდი)

მზე ისევ მოდგა თბილისის კართან,
მიჰყვება ცის თაღს და მაღლა იწევს
და შადრევანი, როგორც წყლის ფარდა,
თეთრად ჰკიდია დასიცხულ სივრცეს...
და გათანგული ზაფხულის ბუღით
მთელი ქალაქი დაეძებს გრილოს,
ჩრდილით დახუნძლულ სკვერებს და ბაღებს
რომ შეეფაროს, დილიდან ცდილობს...
ხოლო ბაღები, მკერდგაღეღილი,
დგანან და ნიავს უშვერენ გულ-მკერდს
და საკუთარი გრილო თუ ჩრდილი
თვითონ მათ ხეებს არ ჰყოფნის უკვე...
მზე ისევ მოდგა თბილისის კართან,
მიჰყვება ცის თაღს და მაღლა იწევს
და შადრევანი, როგორც წყლის ფარდა,
თეთრად ჰკიდია დასიცხულ სივრცეს...


დარიალის ხეობაში

(ეტიუდი)

ქარს ნისლის მკრთალი სამოსი ეცვა,
(სციოდა ქარს და ჰქროდა წუხელის)
და მთვარის ნალით დაჭედილ ზეცას
ნამიან მთებზე ეწყო მუხლები...
ჩვენ კი ვიდექით სახლის ნიჟარით
ღამის უკუნში და სადღაც გარეთ,
თავის დარდების გამხელის ნიშნად,
ქარში ხეები გვხმობდნენ მწუხარედ...
და წაქცეული ხეობის ფსკერზე
ესვენა თერგის თეთრი ცხედარი, -
ოდესღაც მქროლი შორეულ გზებზე,
ოდესღაც კვიცი გაუხედნავი...
ქარს ნისლის მკრთალი სამოსი ეცვა,
(სციოდა ქარს და ჰქროდა წუხელის)
და მთვარის ნალით დაჭედილ ზეცას
ნამიან მთებზე ეწყო მუხლები…
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge