გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სემიუელ ბეკეტი - კრეპის უკანასკნელი ჩანაწერი (თარგმანი - ინგა ჟღენტი)



გვიანი საღამო ახლოვდება.
კრეპის სორო.

სცენის ცენტრში დგას პატარა მაგიდა, რომელსაც სცენის მხარეს აქვს ორი უჯრა,  ორივე ღიაა. 
მაგიდასთან, სახით სცენისკენ, უჯრების მოპირდაპირედ, ზის თავმობეზრებული და დაქანცული მოხუცი კრეპი. 
ძველი, ვიწრო შავი შარვალი ძალიან მოკლე აქვს.  აცვია ასევე ძველი, შავი  უსახელო საწვიმარი, რომელსაც ოთხი ტევადი ჯიბე აქვს. უკეთია მძიმე ვერცხლისძეწკვიანი საათი. დაჭუჭყიანებული თეთრი უსაყელო პერანგი ყელთან შეხსნილი აქვს. მისი  წყვილი თეთრი ჩექმა, სულ მცირე 44 ზომის, ძალიან ვიწრო და წაწვეტებული, წარმოუდგენლად ჭუჭყიანია. სახე გაფითრებული აქვს, ცხვირი - გალურჯებულ-გაწითლებული, თმა კი უწესრიგო და ჭაღარა. წვერგაუპარსავია. ძალიან ახლომხედველია (მაგრამ სათვალე არ უკეთია.) სმენადაქვეითებულია. მოხუცი ბოხი ხმით და თავისებური ინტონაციით გამოირჩევა. 
დაძაბული სიარულის მანერა აქვს.
მაგიდაზე დევს ფირსაკრავი და რამდენიმე მუყაოს ყუთი, რომლებშიც  ფირები ალაგია.   
სცენის იმ ადგილს, სადაც მაგიდა დგას,  მკვეთრი  თეთრი შუქი ეცემა.  სცენის დანარჩენი ნაწილი ჩაბნელებულია. კრეპი ერთი წამით გაშეშდება, ღრმად ამოიოხრავს, მაჯის საათს დახედავს, ხელებს ჯიბეებში აფათურებს, ამოიღებს საფულეს, უკან ჩააბრუნებს, ისევ აფათურებს ჯიბეებში ხელებს, გასაღებების პატარა ასხმას ამოიღებს, თვალებთან ახლოს მიიტანს, ამოარჩევს ერთ-ერთ გასაღებს, ადგება და მაგიდის წინა ნაწილისკენ მიდის. წელში მოიხრება, აღებს პირველ უჯრას, შიგნით იჭყიტება, ხელების ცეცებით რაღაცას ეძებს, ამოიღებს  ფირს და დააშტერდება, მერე ისევ უკან აბრუნებს, უჯრაში. კეტავს უჯრას, აღებს მეორე უჯრას  და შიგნით იჭყიტება, ხელის ცეცებით ისევ რაღაცას ეძებს, ამოიღებს დიდ ბანანს, დააშტერდება, კეტავს უჯრას, გასაღების ასხმას ისევ ჯიბეში იდებს. სცენისკენ მიტრიალდება, წინ მიიწევს  სცენის კიდისკენ, ჩერდება, ბანანს ხელს გადაუსვამს, გაფცქვნის, კანს ფეხებთან ძირს აგდებს, ბანანის  ერთ ბოლოს პირში იდებს და გაშეშებული დგას, თან წინ სივრცეს უაზროდ გაჰყურებს. როგორც იქნა,  ჩამოკბეჩს ბანანის ერთ ბოლოს, მერე გვერდით შეტრიალდება და იწყებს წინ და უკან ბოლთის ცემას სცენის კიდესთან ახლოს, განათების ქვეშ. ერთი მიმართულებით დგამს არა უმეტეს ოთხ ან ხუთ ნაბიჯს, თან ჩაფიქრებულად ჭამს ბანანს. ბანანის კანს ფეხს აბიჯებს, მერე ფეხი მოუსრიალდება და ლამის იატაკზე ეცემა, წამოდგება, დაიხრება და ბანანის კანს დაჟინებით დააშტერდება, ბოლოს ფეხს ჰკრავს, მერე ისევ დაიხრება და ფეხს სცენის კიდესთან პარტერში  გადაჰყოფს. მერე ისევ ბოლთას სცემს, ბანანის ჭამას დაასრულებს, მაგიდასთან ბრუნდება, ჯდება, ერთი წამით გაირინდება, ღრმად ამოიოხრებს, ჯიბეებიდან გასაღებებს ამოიღებს, თვალებთან ახლოს მიიტანს,  ადგება და მაგიდის წინა მხარესთან მიდის, აღებს მეორე უჯრას, აიღებს მეორე მოზრდილ ბანანს,დაჟინებით უმზერს, კეტავს უჯრას, გასაღებებს ისევ ჯიბეში იდებს, წინ სცენის კიდისკენ მიიწევს, ჩერდება,  ბანანს ხელს გადაუსვამს, გაფცქვნის, კანს პარტერისკენ ისვრის, ბანანის ბოლოს პირში იდებს და უმოძრაოდ დგას,  წინ უაზროდ იყურება. ბოლოს თავში ერთი აზრი მოსდის - ბანანს საწვიმრის ჯიბეში იდებს ისე, რომ ბოლო გარეთ ჩანს, შემდეგ მთელი თავისი მაქსიმალური  სიჩქარით სცენის უკანა მხარისკენ  მიდის და სიბნელეში უჩინარდება. გადის 10 წამი. 
ისმის ბოთლიდანსაცობის ამოვარდნის ხმამაღალი ტკაცანი... გადისთხუთმეტი წამი. ისევ უბრუნდება სცენის განათებულ ადგილს, თან მოაქვს ძველი დღიური და მიუჯდება მაგიდას. დღიურს მაგიდაზე დებს, იწმენდს პირს,  საწვიმარს ხელებს შეაწმენდს, მერე ორივე ხელს მკვირცხლად  ისრესს. 

კრეპი

(ენერგიულად). ეჰ!  (დღიურს ეყრდნობა, გვერდებს ფურცლავს, პოულობს იმ ჩანაწერს, რომელსაც ეძებდა, კითხულობს.)ყუთი...   მესამე...
ფირი... მეხუთე. (თავს ასწევს და კმაყოფილი გამომეტყველებით წინ სივრცეში გაიხედავს.)
ფირი! (პაუზა.)   ფიიირი! (სახეზე ბედნიერების ღიმილი ეფინება. პაუზა.  მაგიდასეყრდნობა, შემდეგ ყუთების დაჟინებით თვალიერებას იწყებს, თან ამ ყუთებს ხელის კვრით აქეთ-იქით ისვრის) ყუთი... მესამე...  მესამე... მეოთხე...  მეორე...(გაკვირვებული)  მეცხრე!  ღმერთო, მაღალო! ... მეშვიდე... ეჰ! აი, თურმე სად ყოფილხარ, შე პატარა ცუღლუტო! (ამოიღებს ყუთს, ყურადღებით ათვალიერებს.) მესამე ყუთი. (ყუთს მაგიდაზე დადებს, გახსნის და მასში მოთავსებულ ფირებს ათვალიერებს.) ფირი... (ახლა დღიურს დააშტერდება) ...მეხუთე... (ახლა ისევ ფირებს უყურებს დაჟინებით)... მეხუთე... მეხუთე...  ეჰ! ეს პატარა არამზადა, ეს! (ამოიღებს ფირს, დაჟინებით უყურებს.)   ფირი მეხუთე. (ფირს მაგიდზე დებს, მესამე ყუთს დაკეტავს და ისევ უჯრაში მიუჩენს ადგილს სხვა ყუთებთან ერთად, მერე აიღებს ფირს.)  ყუთი მესამე, ფირი მეხუთე.  (ფირსაკრავს ეყრდნობა, კმაყოფილი სახით მაღლა აიხედავს.)  ფიიიირი! (სახეზე ბედნიერების ღიმილი ეფინება. დაიხრება, ფირს ფირსაკრავზე ათავსებს, ხელებს დაისრისავს.)  ეჰ! (დაჟინებით დაჰყურებს დღიურს, გვერდის ბოლოს დაწერილი ჩანაწერის კითხვას იწყებს.) 
   დედა გარდაიცვალა, დაისვენა, როგორც იქნა... ჰმმ... შავი ბურთი...  (თავს მაღლა ასწევს, წინ სივრცეს უაზროდ გაჰყურებს დაბნეული და გაურკვეველი მზერით. ) შავი ბურთი? ...(ისევ დღიურს ჩააშტერდება, აგრძელებს კითხვას.) შავკანიანი ექთანი... (თავს მაღლა ასწევს, ფიქრებში იძირება, ისევ დღიურს ჩააშტერდება, კითხვას აგრძელებს.) ნაწლავების მდგომარეობის ოდნავი გაუმჯობესება... ჰმმ... დაუვიწყარი... რა? (უფრო ახლოდან ჩააშტერდება ჩანაწერს.) ბუნიობა, დაუვიწყარი ბუნიობა.  (თავს მაღლა ასწევს, წინ უაზროდ იყურება. დაბნეულია.) დაუვიწყარი ბუნიობა? ... (პაუზა. მხრებს აიჩეჩავს, ისევ დღიურს ჩასცქეის დაჟინებით, განაგრძობს კითხვას.) მშვიდობით... (გვერდს გადაფურცლავს) ...  სიყვარულო.
თავს  მაღლა ასწევს, ჩაფიქრებულია, ფირსაკრავს დაეყრდნობა და ფირის მოსასმენად ჩვეულ პოზას უბრუნდება - ე.ი. მაგიდისკენ გადაიხრება, იდაყვებს მაგიდაზე დებს, ნიკაპს ხელებს დააყრდნობს, წინ სივრცეში იყურება. 

ფირი

(ძლიერი, საკმაოდ პომპეზური ხმა, აშკარაა, რომ ეს ხმა შედარებით ახალგაზრდა კრეპს ეკუთვნის.) ოცდაცხრამეტმა წელმა ზარივით … (უფრო კომფორტულად რომ იგრძნოს თავი, ხელის ერთი დარტყმით ერთ- ერთ ყუთს მაგიდიდან გადააგდებს, იწყევლება,  შეწყვეტს წყევლას, ხელის ძლიერი მოსმით  ყუთებს და დღიურს მაგიდიდან გადაყრის, ფირს ისევ გადაახვევს დასაწყისისკენ, ჩართავს და ისევ თავდაპირველ  პოზას უბრუნდება.)  ზარივით დარეკა დღეს ოცდაცხრამეტმა წელმა,  და დღეს მე, დიდების ამ მწვერვალზე, (ყოყმანობს) ... ან დიდებასთან სადღაც ასე ძალიან ახლოს მყოფს,  ყველა მიზეზი მაქვს გააზრებულად ეჭვქვეშ დავაყენო ყველა და ყველაფერი, გარდა ჩემი ძველი სიყვარულისა.ეს საშინელი შემთხვევა დღესაც, ისევე, როგორც უკანასკნელ წლებში,  უხმაუროდ აღვნიშნე ღვინის სახლში. არც ერთი სულიერი. ბუხრის წინ თვალდახუჭული ვიჯექი, თითქოს ცხოვრების მთავარი საკითხების არამთავარისგან გამოცალკევებას ვცდილობდი. სასწრაფოდ კონვერტის უკანა მხარეს მცირე ჩანაწერებიც კი გავაკეთე.  რა კარგია ისევ ჩემს სოროში, ჩემს ძონძებთან რომ დავბრუნდი. სინანულით უნდა ვთქვა, რომ ახლახანს სამ ბანანს გეახელით და მეოთხის ჭამის ცდუნებისგან თავი ძლივს შევიკავე.  ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ასეთი რაღაცები, შეიძლება, საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. (ხმამალა და ენერგიულად.)   ამას დაუყოვნებლივ თავი უნდა დავანებო! (პაუზა.) მაგიდის თავზე ახალი ნათურა ჩემი მდგომარეობის დიდებული გაუმჯობესებაა. მთელი ამ სიბნელით გარემოცული ახლა თავს ნაკლებად მარტოსულად  ვგრძნობ. (პაუზა.)   გარკვეული თვალსაზრისით. (პაუზა.) მიყვარს,  რომ ვდგები და ამ სიბნელეში მუდმივ მოძრობაში რომ ვარ, მერე ისევ უკან ვბრუნდები, აქ...(ყოყმანობს) ... ჩემს თავთან ვბრუნდები. (პაუზა.)  

კრეპი. 

პაუზა.
ნეტა, ახლა მაინც ვიცოდე  ცხოვრების მთავარ საკითხებში რას ვგულისხმობდი... (ყოყმანობს) ...ალბათ, ეს ის ამბებია, რაც მეხსიერებაში დარჩენას იმსახურებს, მას შემდეგ, რაც ჩემი ვნებები...  ჩემი ვნებები დაცხრა.  ახლა მე თვალებს ვხუჭავ და ჩემს წარმოსახვაში მათ აღდგენას ვცდილობ. 
(პაუზა. კრეპი  ცოტა ხნით თვალებს ხუჭავს.)
უჩვეულო სიჩუეა ამ საღამოს, ყურებს ვძაბავ და ჩქამიც კი არ მესმის.  ზუსტად ამ დროს  გაუთხოვარი ქალბატონი, მოხუცი მაქგლოუმი, ყოველთვის მღერის ხოლმე, მაგრამ ამ საღამოს ისიც ჩუმადაა.  როგორც თვითონ ამბობს, ახალგაზრდობის დროინდელ სიმღერებს მღერის.  ძნელია, მისი ახალგაზრდობის წლების წარმოდგენა. თუმცა, საოცარი ქალბატონია.  მგონი, წარმოშობით კონაქტიდანაა.  (პაუზა.) 
ნუთუ, მე ვმღეროდი  როცა ახალგაზრდა ვიყავი? არა. ოდესმე თუ მიმღერია? არა. 

პაუზა.

ადრინდელი ჩანაწერების ნაწყვეტებს ვუსმენდი, აქა-იქ. დღიურში არ გადამიმოწმებია, მაგრამ დაახლოებით ათი, ან თორმეტი წლის წინანდელს. იმ დროს ჩემი სულიერი და ხორციელი არსებობა ჯერ კიდევ  ბიანკას    უკავშირდებოდა, მასთან ერთად კედარის ქუჩაზე ვცხოვრობდი.  მადლობა ღმერთს, რომ ამ ყველაფერს თავი დავაღწიე!სრულიად უიმედო ამბავი იყო. (პაუზა.) გასახსენებელი ბევრი არაფერია, გარდა ბიანკას დაუვიწყარი თვალებისა. ძალიან თბილი თვალები ჰქონდა.  შევხედავდი თუ არა, მათში ვიძირებოდი და ვიკარგებოდი. (პაუზა.) შეუდარებელი განცდა იყო! (პაუზა.) რა ვიცი...
(პაუზა.) პოსტ ფაქტუმ ეს  ძველი მოგონებები  სევდიანია, მაგრამ ხშირად ... (გამორთავს ფირს... ფიქრებში იძირება... ისევ ჩართავს) ...მაგრამ ხშირად ეს სევდა მეხმარება ახალ...(ყოყმანობს) ახალ მოგონებებში რომ გადავეშვა. 
როგორი ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთ დროს ასეთი ახალგაზრდა მაწანწალა ვინმე ვიყავი. ეს ხმა! ღმერთო! ეს მისწრაფებები! (ფირზე ხანმოკლე სიცილი ისმის, რომელსაც კრეპიც აჰყვება.) ან ასეთი მტკიცე გადაწყვეტილებები!  განსაკუთრებით ის, რომ ნაკლები დავლიო.  (ისევ კრეპის ხანმოკლე სიცილი ისმის.) სტატისტიკა.უცნაურია, რვა ათასი საათიდან შვიდასი მხოლოდ ალკოჰოლიის დალევას შევალიე, მე მარტომ. ეს, ფეხის ადგმის შემდეგ, გავლილი ცხოვრების 20, ვთქვათ 40% მაინცაა.  (პაუზა.) ნაკლებ... (ყოყმანობს) თავბრუდამხვევ სექსუალურ ცხოვრებას ვგეგმავდი. მამის ბოლო ავადმყოფობა.ბედნიერების  დევნაში მის ჩემთან მოტყუებას ვცდილობდი. შვებას ვერ მივაღწიე. როგორ დავცინოდი იმას, რასაც ახალგაზრდობა ჰქვია და, ღმერთს მადლობა, ეს ყველაფერი რომ წარსულს ჩაბარდა. (პაუზა.)  როგორ არარეალურად ჟღერს ეს ყველაფერი ახლა. (პაუზა.) ისევე როგორც... (პაუზა…)მოჩვენებითი შედევრი… შედევრი.რომელიც ... (ხანმოკლე სიცილი) ... ბედისწერის გმობით მთავრდება. (ფირზე ისმის ხანგრძლივი სიცილი, რომელსაც კრეპიც უერთდება.) და ამ ტანჯვისგან ბოლოს რა რჩება?  მხოლოდ ერთი გოგო დგას რკინიგზის ბაქანზე, რომელსაც გაცვეთილი მწვანე პალტო აცვია. განა, ასე არაა? 

პაუზა.

მე როდესაც ვუყურებ -
კრეპი გამორთავს ფირს, ფიქრებში ჩაიძირება, მაჯის  საათს დახედავს, დგება და მერე სცენის უკან, სიბნელეში უჩინარდება. გადის ათი წამი. ბოთლის საცობის მოხსნის ტკაცანი ისმის. გადის კიდევ ათი წამი. კიდევ მეორე ბოთლის საცობის მოხსნის ხმა ისმის. კიდევ გადის  ათი წამი.მესამე საცობის მოხსნის ტკაცანი ისმის. შემდეგ უეცრად ისმის  აკანკალებული ხმით სიმღერის ხმა.

კრეპი

(მღერის).
ახლა დღე მიიწურა,
ღამე ისადგურებს,
ჩრდილები...
უეცრად ხველება აუტყდა. ისევ განათებულ ადგილზე ბრუნდება,   პირს მოიწმენდს, ჯდება,  რთავს ფირსაკრავს და თავის ჩვეულ პოზაში განაგრძობს ფირის მოსმენას. 

ფირი
  • გასულ წელიწადზე რომ ვფიქრობ, ალბათ, ეს უფრო ძველი ოცნებების ასრულებას გავდა -სახლი არხის ტერიტორიაზე, სადაც  დედა იწვაშემოდგომის მიწურულს, უკვე დიდი ხნის დაქვრივებული და უკვე მომაკვდავი  (კრეპი შეკრთება), და ... (კრეპი გამორთავს ფირსაკრავს, ოდნავ უკან ახვევს ფირს, ყური ახლოს მიაქვს ფირსაკრავთან, ჩართავს ფირს) ...  დიდი ხნის დაქვრივებული და ... 
კრეპი გამორთავს ფირს, ასწევს თავს, წინ სივრცეში უაზროდ იყურება. ტუჩებით მარცვალ-მარცვალ გამოსცრის სიტყვას ,,დაქ-ვრი-ვე-ბუ-ლი.“        სიჩუმეა.  ადგება, სცენის უკან,  სიბნელეში მიდის, სცენაზე ძალიან დიდი ლექსიკონით ბრუნდება, მაგიდაზე დებს ლექსიკონს, ჯდება და სიტყვის მოძებნას იწყებს. 

კრეპი

(ლექსიკონიდან კითხულობს.)  მდგომარეობა...    ან ვითარება, როდესაც ხარ...   ან რჩები ქვრივი...  დაქვრივებული...  (მაღლა აიხედავს. დაბნეული.)   ხარ....ან რჩები? ... (პაუზა. ისევ ლექსიკონს ჩასცქერის. კითხულობს.) ,,დაქვრივებულს ახრჩობს მოგონებები“  ...  იგივე, შეიძლება, ითქვას ცხოველზე, უფრო მეტად ფრინველზე...   დაქვრივებული გედი...  დაქვრივებული ყარყატი...    ქვრივი კაცის შესამოსელი ... (მაღლა აიხედავს. გახარებული და კმაყოფილი ჩანს.)დაქვრივებული გედი! 
პაუზა. ლექსიკონს ხურავს, ფირს ჩართავს, ისევ თავის ჩვეულ მოსასმენ პოზას უბრუნდება. 

ფირი

… დამბასთან, გრძელ სკამზე ჩამომჯდარს,  მე შემეძლო, მისი ფანჯრისთვის მეცქირა. სუსხიან და ქარიან ამინდში იქ ვჯდებოდი ხოლმე, თან ვნატრობდი, სახლში რომ არ ყოფილიყო. (პაუზა.)  ადამიანის ჭაჭანება არსად იყო, მხოლოდ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, რამდენიმე ძიძა  ჩვილი ბავშვებით, ერთი-ორი მოხუცი და ძაღლი მიდი-მოდიოდა. საკმაოდ კარგად გავიცანი ეს ხალხი - გარეგნობას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა! განსაკუთრებით ერთი შავგრემანი ახალგაზრდა ლამაზმანი მახსოვს, მაგრამ სრულიად თეთრი ფითქინა მკერდით, მართლაც რომ შეუდარებელი მკერდი ჰქონდა. მას დიდი, შავსაწვიმრიანი ბავშის  ეტლი ჰყავდა,  გასვენებაში წამსვლელს უფრო ჰგავდა.  რამდენჯერაც მისკენ გავიხედავდი, ვამჩნევდი, მისი მზერაც რომ ჩემსკენ იყო მოპყრობილი. და მაშინათვე, როდესაც, როგორც იქნა, მასთან გამოსალაპარაკებლად  საკმარისი გამბედაობა მოვიკრიბე, მაგრამ თავის წარდგენაც კი ვერ მოვასწარი - პოლიციის გამოძახებით დამემუქრა. თითქოს, მისი პატიოსნების შებღალვის უხამსი განზრახვა მქონოდა (იცინის. პაუზა.) მის სახეს ვერ ვივიწყებ! ვერც მის თვალებს! ზურმუხტის… (ყოყმანობს) .... ფერს მიუგავდა! (პაუზა.) ხო,  ასე იყო...   (პაუზა.) ერთ დღეს, როდესაც მე იქ ვიყავი ... (კრეპი გამორთავს ჩანაწერს, ჩაფიქრდება, ისევ ჩართავს) ... იმ დროს, როცა  მზე ჩადიოდა, მან შავი ბურთი თეთრი ძაღლისკენ ისე ძლიერად გაისროლა, თითქოს, ეს მისი უკანასკნელი შანსი ყოფილიყო.  უცებ მაღლა ავიხედე და ისიც იქ იყო. როგორც იქნა, ის იქ იყო - ჩემს წინ. მე რამდენიმე წამს გარინდული ვიჯექი, ბურთი ხელში მეჭირა, ძაღლი კი მიყეფდა და თათებს ფეხებზე მიფათურებდა. (პაუზა.) საოცარი წუთები იყო, დაუვიწყარი.  მისთვის დაუვიწყარი  წუთები. (პაუზა.) ძაღლისთვისაც დაუვიწყარი. (პაუზა.) მე ბოლოს ის ბურთი ძაღლს დავუბრუნე, მან კი ეგრევე პირში ჩაიდო, მაგრამ ნაზად. პატარა, ძველი, მაგარი რეზინის ბურთი იყო. (პაუზა.) სიკვდილამდე მემახსოვრება ის შეგრძნება, ის ბურთი ხელში რომ მეჭირა. (პაუზა.) უნდა დამეტოვებინა. (პაუზა.) მაგრამ მე ძაღლს დავუბრუნე.

პაუზა. 

ნამდვილად ასე იყო...
პაუზა.
მარტის ის დაუვიწყარი ღამე , როდესაც ღრმა სულიერი მელანქოლიის და სრული უნებისყოფობის პერიოდი დასრულდა, არასდროს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან.  ეს ყოველივე ჩემს თვალწინ მოხდა, მოულოდნელად- ნავსადგომის კუთხეში ვიყავი, ცივი სუსხიანი ქარი ჰქროდა. როგორც იქნა, ჩემი ოცნებაგანსხეულდა. იმ საღამოსვნებათაღელვას, ისევე, როგორც ჩემი წიგნის დასრულების დღეს,   განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს მეხსიერებაში, ეს ერთდროულად იყი თბილიც და ცივიც, ეს ნამდვილი საოცრება იყო...     (ყოყმანობს)... მწველ ცეცხლად რომ გადაიქცა.   იმ წამმა მიმახვედრა, რომ ეს ის საზრისი იყო, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, კონკრეტულად კი ... (კრეპს მოთმინება არ ჰყოფნის და  გამორთავს ფირს, წინ გადაახვევს, ისევ ჩართავს)...   ზღვა ისე ღელავდა, რომ უზარმაზარი გრანიტის კლდეები და ზღვის ტალღები შუქურის სინათლეს სწვდებოდა, ქარსაზომი კი პროპელერივით ტრიალებდა. საბოლოოდ და ცხადად გავაცნობიერე, რომ სიბნელე, რომლის დამარცხებას ჩემი ცხოვრების მანძილზე მთელი ძალისხმევით ვცდილობდი, ჩემი რეალობის ნაწილი იყო - (კრეპი იწყევლება, გამორთავს ფირს, წინ გადაახვევს, ისევ ჩართავს)...  დაუმსხვრეველმა ასოციაციებმა ვნებათაღელვის ჩაცხრობამდე გასტანა,ის ღამე კი შეცნობის და ცეცხლის ღამე იყო...   (კრეპი უფრო ხმამაღლა იწყევლება, გამორთავს ფირს, წინ გადაახვევს, ისევ ჩართავს)...ჩემი სახე მის მკერდში ჩაიძირა და ჩემი ხელები  მისმა სხეულმა მიიზიდა. გარინდულები უმოძრაოდ ვიწექით, მაგრამ ჩვენს გარშემო ყველაფერი მოძრაობდა, ჩვენც ამ მოძრაობაში ჩავებით, ნაზად, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ, ხანაც გვერდიდან გვერდზე. 

პაუზა.

შუაღამე მიილია. მანამდე არასდროს ყოფილა ასეთი სიჩუმე.თითქოს დედამიწა ერთ უკაცრიელ პლანეტად გადაიქცა...

პაუზა.

მე აქ ვასრულებ...
კრეპი გამორთავს ფირს, უკან გადაახვევს, მერე ისევ ჩართავს.
-  ტბის ზედა ნაპირზე ნავი დინებას  ტბის სიღრმეში შეეტანა და ქარის მიმამრთულებით აქანავებდა. ის დაჭიმული იწვა ნავის ფიცარზე, თვალდახუჭულს ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული. მზე მწველად კაშკაშებდა, ნელი სიოს ქროლვა  წყლის ზედაპირს  მსუბუქად, მაგრამ სწრაფად არხევდა. მის ბარძაყზე ნაკაწრი შევნიშნე და რა მოგივიდა-მეთქი, ვკითხე. მითხრა,  ხურტკმელის კრეფის დროს გავიკაწრეო. მე კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ამას არაფერი ეშველებოდა და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, ისიც დამეთანხმა, თვალდახუჭული. (პაუზა.) ვთხოვე, შემომხედე-მეთქი და რამდენიმე წამის შემდეგ... (პაუზა) .... რამდენიმე წამის შემდეგ ასეც მოხდა - ამომხედა,  მაგრამ მზის თვალისმომჭრელი სინათლის გამო თვალები ისე ოდნავ ჰქონდა გახელილი, რომ ქუთუთოებს შორის მხოლოდ ვიწრო ნაპრალები მოუჩანდა. მის გახელილ თვალებს რომ ვღირსებოდი,ზემოდან ჩრდილივით გადავეფარე და მანაც გაახილა. (ხანმოკლე პაუზა. )  მან თავის თვალებში ჩაძირვის უფლება მომცა.  (პაუზა.)  ნავში, რომელიც საფლაგმანო ხომალდებს შორის იყო, ჩვენნელა ვირწეოდით, ერთმანეთს მიკრულები. ხომალდები ნელ-ნელა, ხვნეშა-ხვნეშით დაგვშორდნენ ... (პაუზა.)  სახე მის მკერდში მქონდა ჩაფლული, მასთან ვიწექი და ხელებით ვეხვეოდი. 
გარინდულები უმოძრაოდ ვიწექით, მაგრამ ჩვენს გარშემო ყველაფერი მოძრაობდა, ჩვენც ამ მოძრაობაში ჩავებით, ნაზად, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ, ხანაც გვერდიდან გვერდზე. 

პაუზა.

შუაღამე მიილია. ასეთი სიჩუმე  -
კრეპი გამორთავს ფირს, ჩაფიქრდება. მერე ჯიბეებში აფათურებს ხელებს, აღმოაჩენს, რომ ბანანი უდევს, ამოიღებს, დაჟინებით უმზერს, ისევ უკან ჩაიდებს, ჯიბეში, მერე ისევ ჯიბეებში იწყებს ხელების ფათურს, ამოიღებს საფულეს, ისევ ჯიბეებში იწყებს ხელების ფათურს, საფულეს ჯიბეში ჩააბრუნებს, მაჯის საათს დახედავს, მერე ადგება და სცენის უკანა მხარეს  მიდის, სიბნელეში. 
გადის ათი წამი.  ბოთლის გახსნის ტკაცანი ისმის, სიფონიანი ბოთლის.    გადის კიდევ ათი წამი. კრეპი სცენაზე, სინათლეში ბრუნდება ოდნავ შესამჩნევი ბარბაცით,  მაგიდის წინა მხარესთან მიდის, ჯიბიდან ამოიღებს გასაღებების აცმას, თვალებთან ახლოს მიიტანს, ამოარჩევს ერთ გასაღებს, აღებს პირველ უჯრას, შიგით იჭყიტება, მერე ხელებით რაღაცის ძებნას იწყებს, ამოიღებს ფირს, დააშტერდება, დაკეტაავს უჯრას, გასაღებების აცმას ისევ ჯიბეში იდებს, მერე მიდის და ჯდება, ფირსაკრავიდან წინა ფირს ამოიღებს, ლექსიკონზე დადებს, გამოუყენებელ ფირს ფირსაკრავში დებს, ჯიბიდან საფულეს ამოიღებს, მის უკანა მხარეს ხელით ამოწმებს, მერე მაგიდაზე დებს, რთავს ფირსაკრავს, ჩახველებით ყელს ისუფთავებს და ფირის ჩაწერას იწყებს. 

კრეპი

ვუსმენდი საკუთარ თავს, იმ  ოცდაათი წლის წინანდელ სულელ ნაბიჭვარს და მიჭირს დავიჯერო,  ერთ დროს ასეთი  საშინელი ვინმე რომ ვიყავი. მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. (პაუზა.) როგორი თვალები ჰქონდა! (ჩაფიქრდება, მერე ხვდება, რომ ეს სიჩუმე ფირზე იწერება, გამორთავს ფირსაკრავს, ისევ ჩაფიქრდება. როგორც იქნა, ისევ აგრძელებს.) ყველაფერი აქაა, სულ ყველაფერი, ყველა ... (როგორც კი მიხვდება, რომ ეს არ იწერება, ისევ ჩართავს ფირსაკრავს.) ყველაფერი აქაა, სულ ყველაფერი, ყველა ისტორიას ეს ტალახის გროვა ინახავს, ყველანაირ ნათელს და ბნელს, შიმშილისა თუ ჭამა-სმის ამბავს ...  (ყოყმანობს) ...  გასული წლების!  (წამოიყვირებს. ასეა! (პაუზა.) დაე, ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს! ღმერთო! შეეშვი ამ მოვალეობებზე დარდს! ღმერთო! (პაუზა. დაღლილი და მოწყენილია.) შეიძლება, ის მართალიც იყო.  (ფიქრებში იძირება. ფირსაკრავს გამორთავს. საფულეში იხედება.) ფუჰ! (საფულეს ხელში მოკუჭავს და მოისვრის. ფიქრებში იძირება. ფირსაკრავს ჩართავს.) სათქმელი არაფერი მაქვს, ერთი სიტყვაც კი. როგორ ჩაიარა ამ ერთმა წელიწადმა? მხოლოდ მოსაწყენი ერთფეროვნება და რკინის ტაბურეტი მახსენდება.  (პაუზა.) 
   სიტყვა ფირს მთელი მხიარულება  ახლავს. (შვებით ამოისუნთქავს.)  ამას წინათ ჩემი წიგნის ნახევარმილიონიანი ტირაჟით გამოცემამ უბედნიერესი წამები მაჩუქა. (პაუზა.) ჩვიდმეტი ეგზემპლარი უკვე გაიყიდა, თერთმეტი კი საბაზრო ფასად მიაწოდეს საზღვარგარეთის უფასო ბიბლიოთეკებს. რა გინდა, თანდათან ცნობილი ვხდები. (პაუზა.) ერთი ფუნტი და ექვსი და რაღაც, თუ, თუ არ ვცდები, რვა პენსი ღირდა. (პაუზა.) გრილი ზაფხულის დაწყებამდე ერთი-ორჯერ ძლივს დავაღწიე თავი ჩემს სოროს. სიცივისგან აკანკალებული პარკში ვიჯექი, ოცნებებში ვიძირებოდი, თან წასვლის წყურვილი მკლავდა. კაცის ჭაჭანება არ იყო.(პაუზა.) უკანასკნელი გიჟური გატაცებები.(მგზნებარე ხმით ამბობს. ) ეფის (Effir) კითხვაში თვალები დამეთხარა, ყოველ დღე ერთგვერდს ვკითხულობდი, თან ისევ ცრემლებს ვღვრიდი.  ეფი... (პაუზა.) შეიძლებოდა მასთან ბედნიერიც კი ვყოფილიყავი, იქ, ბალტიისპირეთში, იმ ფიჭვნარში და ქვიშის დიუნებში. (პაუზა.) გამომივიდოდა კი ეს? (პაუზა.) და მას თუ გამოუვიდოდა? (პაუზა.) ფუჰ! (პაუზა.) რამდენიმეჯერ ერთად ვიწექით კიდეც. გაძვალტყავებული ბებერი მეძავის მოჩვენებას ჰგავდა. განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ, ვფიქრობ, სულ არაფერს სჯობდა.სულ ბოლო არც ისე ცუდი იყო. ამას ამ ასაკში როგორ ახერხებო, მკითხა. ვუთხარი, რომ  ჩემს თავს  მისთვის ვზოგავდი მთელი ცხოვრება.  (პაუზა.) ერთხელ მწუხრის ლოცვასაც კი დავესწარი, ოღონდ შორტებში.  (პაუზა. მღერის.) 
ახლა, როცა დღე მიიწურა,
ღამდება, ღამდე-ეება, 
საღამოს... (ახველებს, მერე ძალიან ჩუმად, ისე რომ არც ისმის)... ჩრდილები
ისევ ცაზე არიან. 
(მძიმედ სუნთქავს.) ჩამეძინა და ეკლესიისგრძელი ზურგიანი სკამიდან ჩამოვვარდი. (პაუზა.) ზოგჯერ ღამით ინტერესი მკლავდა გამეგო, ბოლო მცდელობით შესაძლებელი იყო თუ არა... (პაუზა.) ეჰ, ახლა უკვე  დასრულდა ახალგაზრდული ღრეობები და, დროა, წახვიდე და  შენს ლოგინს მიაშურო.   ეს უაზრო ყბედობა კი დილით გააგრძელე. ან სულაც თავი მიანებე. (პაუზა.)  ძილი ისევ გამიტყდა იმ სიბნელეში და ხეტიალი მომინდა. (პაუზა.) შობის ღამეს ისევ  დაბლობს მივაშურე და წითელ კენკრას ვაგროვებდი. კვირა დილით გონებადაბინდული ისევ ქროჰგანში (Crohgan) ამოვყავი თავი იმ ძუკნასთან, მერე გზაზე შევჩერდი, ზარების რეკვისთვის რომ მომესმინა. (პაუზა.) და ასე გრძელდებოდა.  (პაუზა.) ისევ ყოფა და  ერთფეროვნება. ისევ ყოფა და ერთფეროვნება. (პაუზა.) ისევ იგივე ტანჯვა-წვალება გამოვიარე.  (პაუზა.) თითქოს ერთხელ განცდილი საკმარისი არ იყოს ადამიანისთვის.  (პაუზა.) მის პირისპირ ვიწექი. 
ხანგრძლივი პაუზა. მოულოდნელად ფირსაკრავს დაეყრდობა, გამორთავს, ფირს მთელი ძალით მოქაჩავს და ამოიღებს,  მოისვრის, ფირსაკრავში სხვა ფირს ჩადებს, წინ გადაახვევს იმ პასაჟამდე, რომლის მოსმენაც განმეორებით სურს, ჩართავს ფირსაკრავს, უსმენს, თან წინ სივრცეს დაჟინებით გაჰყურებს. 

ფირი

მითხრა,  ხურტკმელის კრეფის დროს გავიკაწრეო. მე კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ამას არაფერი ეშველებოდა და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, ისიც დამეთანხმა, თვალდახუჭული. (პაუზა.) ვთხოვე, შემომხედე-მეთქი და რამდენიმე წამის შემდეგ... (პაუზა) .... რამდენიმე წამის შემდეგ  ასეც მოხდა - ამომხედა,  მაგრამ მზის თვალისმომჭრელი სინათლის გამო თვალები ისე ოდნავ ჰქონდა გახელილი, რომ ქუთუთოებს შორის მხოლოდ ვიწრო ნაპრალები მოუჩანდა. მის გახელილ თვალებს რომ ვღირსებოდი,ზემოდან ჩრდილივით გადავეფარე და მანაც გაახილა. (ხანმოკლე პაუზა. )  მან თავის თვალებში ჩაძირვის უფლება მომცა.  (პაუზა.)   ნავში, რომელიც საფლაგმანო ხომალდებს შორის იყო, ჩვენ  ნელა ვირწეოდით, ერთმანეთს მიკრულები. ხომალდები ნელ-ნელა, ხვნეშა-ხვნეშით დაგვშორდნენ ... (პაუზა.)          სახემის მკერდში მქონდა ჩაფლული, მასთანვიწექი  და ხელებით ვეხვეოდი. 
გარინდულები უმოძრაოდ ვიწექით, მაგრამ ჩვენს გარშემო ყველაფერი მოძრაობდა, ჩვენც ამ მოძრაობაში ჩავებით, ნაზად, ხან ზემოთ, ხან ქვემოთ, ხანაც გვერდიდან გვერდზე. 

პაუზა. კრეპი ტუჩებს ამოძრავებს, მაგრამ უხმოდ. 

შუაღამე მიილია. მანამდე არასდროს ყოფილა ასეთი სიჩუმე.თითქოს დედამიწა ერთ უკაცრიელ პლანეტად გადაიქცა.  
ფარდა.
ფირზე ჩაწერას აქ ვასრულებ. ყუთი ...  (პაუზა) ... მეხუთე. (პაუზა. ) ალბათ, ჩემი საუკეთესო წლები უკვე წარსულია. მაშინ,  როდესაც ბედნიერება ჯერ კიდევ რეალური შესაძლებლობა იყო. მაგრამ მე მათ დაბრუნებას არ ვისურვებდი.  არ მინდა ისევ ის ცეცხლი მწვავდეს. არა, მე იმ წლებს უკან არ დავაბრუნებდი. 
მდუმარე კრეპი წინ იყურება, სივრცეში. ეს სიჩუმე ფირზე იწერება
                 

             ფარდა ეშვება.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge