გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლაშა ბუღაძე - როდის იღვიძებენ ამერიკელები?


მონაწილეობენ:
ქალი 
კაცი
პოლიტიკური მიმომხილველი
1.
ქალი და კაცი გაუნძრევლად სხედან ერთმანეთის პირისპირ, ქალი ტელეფონზე ლაპარაკობს, უფრო სწორად, მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს დრო და დრო: "კი... კი... კი... " კაცი დგება, უყურებს კარს, მშვიდად უახლოვდება ქალს და მისკენ იხრება.
ქალი. (კაცს ხელით ანიშნებს, რომ თავის ადგილს დაუბრუნდეს. ხმადაბლა) მოიცა...  
კაცი მოხრილი შეშდება.
კაცი. (ხმადაბლა) წავიდნენ. (ფეხებზე უსვამს ხელს) 
ქალი. (უკან იწევს, ტელეფონში) კი... გასაგებია... კი... კარგით... 
კაცი. (ხმადაბლა) კიდევ უფრო მოკლე უნდა ჩაგეცვა. აღარ ვიცოდი, საით გამეხედა. ჭერს ვუყურებდით უხერხულობისგან. 
ქალი ტელეფონს კიდებს. შემდეგ ორად შლის და ეკრანს აძრობს. დანაწევრებულ ტელეფონს თხელი პიჯაკის ჯიბეებში ანაწილებს. დგება, ხელებს კისერზე იდებს, თავს ატრიალებს - თითქოს ვარჯიშობს. 
კაცი. კმაყოფილები არიან? 
ქალი. ვითომ რატომ უნდა იყოს ვინმე უკმაყოფილო?   
კაცი. და ვითომ რატომ არ უნდა იყოს...
ქალი. კარგი, ნუ მღლი. ისედაც თავი მისკდება... თან ეს ფეხსაცმელი მადაბლებს...
კაცი. მე მომწონს.  
ქალი. მე მომწონს ნიშნავს სხვას არ მოწონს. ქუსლის მხარეს მიკროფონი ჯდება. არ მსიამოვნებს ამ ოთახში ყოფნა, ვითომ კარგი იდეა იყო აქ შემოსვლა?
კაცი. აქეთ არც მოვყავდით, ეს მე ვთხოვე კარის გაღება.  
ქალი. რა იცი, რომ არ მოვყავდით?
კაცი. ყველა მარცხნივ მიდიოდა, მე - აქეთ წამოვედი.
ქალი. რა პრინციპული ხარ... ის ფიცარი ვინაა? წინა ჯერზე არ იყო.
კაცი. ვინ?
ქალი. ცოცხი-თმით. უკან რომ მოგდევდა.
კაცი. ვერ ვხვდები, ვისზე მეუბნები.
ქალი. დიდი თავი, მოკლე ფეხები. 
კაცი. არავინ. 
ქალი. ვინაა ეს არავინ? შენმა ცოლმა ნახა? მეორედ აღარ დავინახო. 
კაცს ამჯერად უნდა, რომ ხელი შეუყოს ფეხებს შორის. 
ქალი. შემოვლენ.
კაცი. არავინ არ შემოვა. 
ქალი. არ მინდა! გამოფხიზლდი ცოტა ხნით! 
კაცი. (ჯდება თავის სკამზე, უცებ გასავათდება) რა გინდა?
ქალი. ზღვის საკითხი. რა ვქნათ? მოაწერ?
კაცი. ფიზიკურად არ შემიძლია.
ქალი. რატომ?
კაცი. მნიშვნელოვანია. პორტი გვჭირდება.
ქალი. (ირონიით) ანუ იმათ ჭირდებათ? უკვე დაგირეკეს? 
კაცი. არავის არ დაურეკავს.   
ქალი. არავის არ დაურეკავს არც დილის ექვს საათსა და ოცდაორ წუთზე, არც ცხრა საათსა და თოთხმეტ წუთზე და არც ნაშუადღევს თორმეტ საათსა და ნოლ-ოთხ წუთზე. ასეა?
კაცი. ეს უკვე სულმდაბლობაა. 
ქალი. რა არის სულმაბლობა? ყურადღება თუ უყურადღებობა? შემეძლო მარტივად შემეტოვებინე და მართლა გულწრფელად, გაცნობიერებულად არ დავინტერესებულიყავი არც ერთი შენი ამოკვნესებით, არც შენი  მრავალმნიშვნელოვანი შორისდებულით, არც ერთი ფარისევლური დათანხმებით და დაბნეულობით, რადგან, პრინციპში, რატომ უნდა მაღელვებდეს შენი აბსოლუტურად გაუაზრებელი, ტუტუცური “კი-კი-კი-ს” სმენა, მით უმეტეს, უცხო ადამიანთან, მით უმეტეს - მონურად, მლიქვნელურად. ჩემი აზრით, ეს პერვერსიაა. მებრალები. საერთოდ არ ფიქრობ შენს თავმოყვარეობაზე.
კაცი. პერვერსიაა ჩუმად სუნთქვა ტელეფონში და სხვისი ლაპარაკის მოსმენა. ასევე ხვნეშაც, მით უმეტეს, როცა ეს არავის ესმის.  
ქალი. რატომ მატყუებ, რომ არ ელაპარაკე?          
კაცი. შორისდებულები ლაპარაკია?  
ქალი. კონკრეტულ შემთხვევაში, სიმხდალეა. 
კაცი. ის, ვინც ჩუმი სუნთქვით და საკუთარი თავისთვისვე აღუქმელი ოხვრით უსმენს ორი ადამიანის ლაპარაკს - უფრო სწორად, ლაპარაკსაც არა, - ერთის ლაპარაკს, მეორეს შორისდებულებს - სულ ცოტა, სხვას არ უნდა საყვედურობდეს სიმხდალის გამო. 
ქალი. მე არ ვუსმენ...
კაცი. გაშიფრულს გიკითხავენ - ძილისწინა ზღაპარივით. რა მნიშვნელობა აქვს. აქ ნდობის პრობლემაა. ვინ ვის ენდობა.
ქალი. საშინელებაა, როცა ასე ხარ სხვაზე დამოკიდებული. ეს უკვე ფსიქიკური აშლილობაა. 
კაცი. ფსიქიკური აშლილობაა, როცა შეუძლებელია, ადამიანი გენდოს. 
ქალი. დემაგოგი ხარ. ეს მე არ გენდობი შენ. 
კაცი. მე არ დამიწყია.
ქალი. არც მე.
კაცი. ამწუთას შენ დაიწყე. 
ქალი. უკვე შეურაცხყოფას მაყენებ.
კაცი. გავჩუმდე?
ქალი. (ფანჯრისკენ იყურება. სხვა ტონით, მშვიდად და ხმადაბლა)  განზრახ ვიგონებ ამ საშინელ პრობლემებს, რომ აქ მაინც გნახო, თორემ სულ ფეხებზე მკიდია ეს თქვენი ხელოვნური ზღვა... მზის დარტყმის, კანის დაწვის და გულის ტკენის მეტი ზღვისგან არაფერი მახსოვ. სტიქია მოიცდის, არსად წავა. მით უმეტეს - პორტი. ჩემთან ყურისძირში. უბრალოდ შენ მართლა ვერ აცნობიერებ, რამხელა ენერგია ითხოვს ამ ყველაფერის დაგეგმვა, რეალისტური მიზეზის მონახვა, ტყუილების თქმა, იმ საწყალის გაყინული თვალების ატანა და შენი უინტუიციობის იგნორირება... გასულ თვეში ერთადერთხელ გნახე და აზრზე არა ვარ, კიდევ როდის შევხვდებით. 
შენი მნიშვნელობის მიუხედავად ჩემთვის, ობიექტურად სულაც არ ხარ მნიშვნელოვანი. ხელოვნურად ვერ გაგამნიშვნელოვანებ. ვოცნებობ ვინმემ ბირთვული იარაღი გამოცადოს შენს მახლობლად! არ შეიძლება, რომ წყლის ქვეშ მაინც ააფეთქონ რამე?! ზოგჯერ ღამ-ღამობით გიყურებ კომპიუტერში, ათასჯერ ვიზღვევ თავს, ვინმე არ შემოძვრეს და არ აღმომაჩინოს... მაშინ გიყურებ, როცა იმათ სძინავთ. უმეტესობას მაინც. გიყურებ, რადგან გსწავლობ. სხვისთვის არ გსწავლობ, ჩემთვის გსწავლობ. და არასდროს არ ვარ მზად, ავდგე და პირდაპირ დაგირეკო. მიზეზი არ არსებობს, რის გამოც დარეკვას შევძლებ... ვერ ვიტან ეგოისტებს! ჩემი თავისთვის აკრძალული მაქვს შენთან ურთიერთობა. ან გაგანადგურო, ან ზურგი შეგაქციო. ესაა ცხოვრება. კარგი, რაც არის, არის. გადაწყვიტე, რას ვამბობთ?
კაცი. არ ვიცი. მე ნაწილობრივ გეურჩები, შენ ფეხებზე გკიდია. ზღვას და მზეს არ ვახსენებ.
ქალი. რკინიგზაზე იწუწუნე. 
კაცი. აღიარება?
ქალი. არა.
კაცი. გეხვეწები.
ქალი. ნუ მეხვეწები.
კაცი. ახალი წელია, გაუხარდებათ. 
ქალი. ჩვენთანაც ახალი წელია, მარტო თქვენთვის კი არა. სად თქვენი ახალი წელი, სად ჩვენი? რამდენი ხართ საერთოდ? სასაცილოა. 
კაცი. არც ისე თქვა, არც ასე.
ქალი. შენ თუ არ იტყვი, არც მე არ ვიტყვი. (ჰალსტუხზე) ამ ნაგავს ნუ იკეთებ, მე მოგცემ ახალს.
კაცი. ტანკები?
ქალი. ეს ჩვენთვის, შიდა მოხმარებისთვის, და იმათთვის - ზედმეტად რომ გაგიშინაურდნენ. ეს ჩემი ბიჭია, ბოდიში! ფეხი არ მომადო მაგიდის ქვეშ. კამერებია ქუსლებში.     
კაცი. პარანოია.
ქალი. არა - გამოცდილება. საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე უნდა თქვა რამე, ოღონდ ძალიან გთხოვ, ნუ იბლუყუნებ. დამანახე, რომ კაცი ხარ! რომ რისკზე შეგიძლია წასვლა! ცოტას ინერვიულებენ, მაგრამ არა უშავს. ის ცოცხი-თმა, იმედია, არ შემოგყვება. არ შეიძლება ბილეთი აუღო და უკან გააბრუნო? 
კაცი. მარტო ვერ დაფრინავს, ეშინია.     
ქალი. რა ცოდოა... ძალიან სათუთი ყოფილა. (ტონს იცვლის - მკაცრად) 
გავდივართ. (დგება. კარისკენ მიდიან, კაცი საჯდომზე უსვამს ხელს) ხელი! 
აღებენ კარს, გარეთ ხალხი დგას. ფოტოაპარატები ხმაურით იწყებენ ციმციმს. 
+1.
რისი დამალვაც შეუძლებელი აღმოჩნდა, ხელოვნური ღიმილი იყო, ხოლო რაც ითქვა, დამაიმედებელი არავის არაფერი გაუგონია. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს არსებულ პრობლემატურ საკითხებს არანაკლებ მძიმე პრობლემები დაემატა: გეოპოლიტიკური წესრიგის ცვლილების მცდელობა და აგრესიის ლეგიტიმაცია, რომელიც პოლიტოლოგთა უმრავლესობის აზრით, საწყისშივე უნდა აღმოფხვრას მსოფლიოს ცივილიზებულმა ნაწილმა, რადგან მერე შესაძლოა გვიანიც კი იყოს. მართალია, ბოლო რეპლიკები არავის უთარგმნია, მაგრამ ჩვენთვის ისედაც ცხადი იყო ყველაფერი: ისინი თვალებიდან აფრქვევდნენ ერთმანეთის სიძულვილს. არაფერი შეცვლილა. 
    
2.
ბუხრის წინ ქალი და კაცი სხედან. კაცს ტელეფონი აქვს ყურთან მიდებული, თუმცა ხმას არ იღებს. კარი მარცხნიდან იკეტება. ქალი სწრაფად დგება, მუხლებში უჯდება კაცს და კისერზე ეხვევა. კაცი ქალს იშორებს, ტელეფონს თიშავს, სამად შლის, აძრობს ეკრანს და ნაწილ-ნაწილ იდებს სხვა და სხვა ჯიბეში. 
კაცი. (ხმადაბლა) ვითომ რა დაამტკიცე ამით? რა გააკეთე?
ქალი. რა გავაკეთე? უკმაყოფილოა ვინმე? 
კაცი. მე ვარ უკმაყოფილო...
ქალი. ვაიმე, ჩემი უკმაყოფილო... (ისევ კაცის კოცნა უნდა)
კაცი. მოიცა...
ქალი. რა გინდა?
კაცი. მე არ უნდა მეხსენებინა რკინიგზა? 
ქალი. რკინიგზა?
კაცი. ჰო, რკინიგზა...
ქალი. ა, აი, თურმე რა ხდება...
კაცი. ჰო, რა იყო? რა არის აქ გაუგებარი?
ქალი. არაფერი, უბრალოდ ჩემგან უფრო რეზონანსულია. სულ ცოტა, ორი დამატებითი შეხვედრის მიზეზია ამ ფორმატში. სამართლიანი იქნება, თუკი მოლაპარაკების დამატებით რაუნდს მოითხოვ. ჩვენ ვიწუწუნებთ - ვიტყვით, რომ სალაპარაკო არც არაფერია, ყოველ შემთხვევაში, უმაღლეს დონეზე, რადგან სალაპარაკო მართლაც არაფერი გვაქვს, მით უმეტეს, თქვენთან, უნდა გვეხვეწონ, რომ დაგელაპარაკოთ, თქვენი ხვეწნა არც გვჭირდება - წონა არ აქვს, მაგრამ მერე მაინც დაგთანხმდებით, ისევ tet a tet, ბაღში, მხოლოდ შენ გამო, მხოლოდ შენთვის, 
როგორც თქვენი მინერალური წყლების ემბარგოს კრიზისის დროს, რადგან შენ შენ ხარ... სადმე წავბოდიალდებით, რამე ნორმალურ ადგილს ვნახავთ... ვაშლის ნამცხვარს წამოვიღებ. შენ რომ გიყვარს. არ მოგწამლავ, ნუ გეშინია. ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში... 
კაცი. ნოემბერში არჩევნები მაქვს.
ქალი. ჩემო დემოკრატო, აღარ გაიზარდე, კიდევ რომ გჯერა არჩევნების? 
კაცი. ზუსტად ვიცი, ვის და რატომ აფინანსებთ, “მეხუთე კოლონა” გაშიფრულია, თუმცა არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი, მეზარება... ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს რაღას ერჩოდი? რად გინდოდა ამ სეპარატისტული რეჟიმების აღიარება? ალბათ, უკვე დედას მაგინებენ ტელევიზორებში. გეგონება, ჩემი ბრალი იყოს რამე. ისე ვერ შევჭამდით მაგ შენ ნამცხვარს?! 
ქალი. ვიფიქრე, მოლაპარაკების ახალ ფორმატს შევქმნი. სერიოზული თემაა. კიდევ ერთი დღე დავრჩებოდი. ბილეთი გადააცვლევინე იმ ცოცხს?
კაცი. არ შეიძლებოდა, რომ ჯერ მე შემთანხმებოდი? 
ქალი. მიზეზებს მარტო მე ვიგონებ, შენ ფეხებზე გკიდია, ქუდს დაიხურავ, თვითფრინავში ჩაჯდები, პირდაპირ ეთერში გამოხვალ, გამომთათხავ, იყვირებ, რამხელა მტერი გყავთ შენ და კაცობრიობას ჩემი სახით და თქვენ კიდე რა საყვარლები და შეუპოვრები ხართ. ჩემზე არ ფიქრობ! ვერ ხედავ, რა ხალხი დამყვება! დაგავიწყდა, რამდენი მოქალაქე მყავს? გინახავს ჩვენი გენერალიტეტის სრული შემადგენლობა? არ გინახავს მათი სახეები? გაასწორე ეს ფეხი, ჩამოვვარდი… 
კაცი. შენი გენერალიტეტი რა შუაშია? დღე და ღამე ომის დაწყებით მემუქრები!
ქალი. გეომე და მთელმა მსოფლიომ გაგიცნო, რა არის ამაში ცუდი? 
რატომ მირეკავდი ღამ-ღამობით? სატელიტიდან რომ გაკავშირებდნენ ამერიკელები… “ვინ რეკავს? ვინ რეკავს?” - გავაგიჟე კაცი… ადამიანს წლებია უჭირს ჩაძინება. მეთქი, რამე უნდა მოვიფიქრო, გამართლება რომ უნდა მოვუძებნო ამ ზარებს. ვიფიქრე, მინერალური წყლების შემოტანას მაინც ავკრძალავ. კიდევ კარგი ემბარგოს ფენომენი არსებობს თანამედროვე პოლიტიკაში, თორემ ოჯახები დაენგეროდათ ადამიანებს...  
კაცი. იდიოტივით ვიღიმებოდი პრეს-კონფერენციაზე… 
ქალი. და ხარ ცოტა იდიოტი, რა ვქნა. (იღიმება) მე კიდე ძალით ვიბრაზებდი თავს, გაშინებდით ჩემი ჭკუით… მერე მივხვდი, რომ ფეხის წვერებზე ვიწეოდი. ისევ მე გიშველე, ჩემი აგრესიულობით, რადგან ახლა ყველა ჩემ ორაციონალურობაზე ლაპარაკობს და არა შენი პოზიციის არაპესპექტოულობაზე. ყოველთვის მე გამოვდივარ უხერხული სიტუაციებიდან. 
კაცი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მართლა დაიწყებთ ხალხის გამოსახლებას, თუკი ისინი თქვენ პასპორტებს არ აიღებენ?  
ქალი. სულ ცოტა, კიდევ ორი შეხვედრის თემაა. თუ არა და, მესიჯების გზავნას ნუ დამიწყებ მერე. და არასდროს, არასდროს არ გამოგზავნო შენი შიშველი ფოტო. 
კაცი. არასდროს არ გამომიგზავნია, რას ბოდავ.
ქალი. გამოგზავნე, “დიდი რვიანის” სამიტის დროს, სანამ გამოგვაგდებდნენ... “დიდ რვიანზე” - პატარა ერთიანი....ვახშამზე ვარ, წინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი მიზის და უცებ შენი დაბანჯგვლული მუცელი მომდის ეკრანზე, კინაღამ ლუკმა გადამცდა... და კიდევ აი, ეს შუა თითი, რომ, ვითომ, აი, ფეხებს ვერ მომჭამთ. მეთქი, ვაი შენს პატრონს, რომ მომინდეს, მთლიანად გადაგყლაპავ. გახადა პრობლემა პასპორტები!
კაცი. გადამყლაპე, მიდი, რატომ არ მყლაპავ? რისი გეშინია? 
ქალი. არ გამებუტო ახლა.  
კაცი. მგონი, შენ უფრო იბუტები ეხლა. ცოტა ხომ გეწყინა? დღეში ათჯერ გეცვლება ხასიათი. 
ქალი. არ მეცვლება… 
კაცი. ჰო, პრინციპში, რაც სპონტანური მგონია შენში, თურმე მანამდე პრაგმატულად გქონია გააზრებული.  
ქალი. რა შუაშია პრაგმატულობა! ადვილი არაა ასორმოცმილიონიან აუდიტორასთან ურთიერთობა.
კაცი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მარტო ჩემ კონტექსტში გახსენდება ეს შენი ას ორმოცი მილიონი.
ქალი. ბევრად მეტი. მილიარდობით ადამიანი მისმენს მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ ას ორმოცი მილიონი. ეს არაა შენი ლოკალური აუდუტორია: ცოლები, ბიცოლები და ბებიები… (უღიმის) ნუ იბოღმები. შენც ცნობილი ხარ. პატარა ვუნდერქინდი. (პაუზა) კარგ ხასიათზე ვარ, ვერ გამაბრაზებ. ერთადერთი, შეგიძლია ფეხები გაშალო და ძირს ჩამომაგდო.
კაცი. გეხვეწები, შეუშვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლები, საახალწლო საჩუქარად ჩავთვლი.
ქალი. ჟაკეტი რომ გაჩუქე, რატომ არ იცვამ? 
კაცი. არ მინდა ჟაკეტი, მინდა მავთულხლართები მოახსნევინო შენს სამხედროებს და ჩვენი მოქალაქეები არ გაიტაცონ გამოსასყიდისთვის. თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, გთხოვ.
ქალი. (სიბრალულით) კარგი, მოვახსნევინებ.
კაცი. დღეში რამდენჯერ ამბობ ტყუილს?  
ქალი. და ფუნქცია ხომ უნდა ქონდეთ ამ საწყალ სამხედროებს? ჩაში მჭირდება თქვენი ღატაკი მოქალაქეები? თუკი პრობლემებს არ შეგიქმნი - დამივიწყებ, რადგან კაცები ღორები და ეგოისტები ხართ, მუდმივად უნდა შეგახსენო თავი. თავს ნუ მამართლებინებ პატარა ბავშვივით. ბებერი ვარ, გული გამისკდება ნერვიულობისგან. ნუ გეშინია, ისე არასდროს შემიყვარდები, რომ გეოპოპოლიტიკური კონფლიქტი წამოვიწყო. თავში ნუ აგივარდება. (დგება) ბოდიში, თქვენნაირი სპონტანურები და ნიჭიერები ვერ ვართ! როცა რაღაც მინდება, ვცდილობ ზოგ-ზოგიერთივით ინსტინქტებს არ ავყვე. 
კაცი. დღეს დუმდნენ ჩემი ინსტინქტები.
ქალი. დილით ვერ შეგატყვე. 
კაცი. დილით არა, პრესკონფერენციაზე. 
ქალი. ჰო, მანდ არ ვიცი, რა უნდა გექნა. შენს ადგილზე არც ინსტინქტებს ავყვებოდი და არც ინტუიციას, რადგან თქვენს რეგიონში ორივე გამოუსადეგარია. გახსოვს, ერთხელ რა მომიწყე? არანორმალური მეგონე… იმ უბედური ფრანგის მესიჯი წაიკითხე ჩემ ტელეფონში და ისე გადაირიე, თან სრულიად ფხიზელი, რომ ძირს დააგდე... პათოლოგივით იქცეოდი. მერე ჩინეთში გავფრინდი რამდენიმე დღეში და იქ შემატყობინეს: რაღაც მოძრაობებია. მეთქი, რა მოძრაობებია, ვინ მოძრაობს? 
კაცი. მოძრაობები თქვენი მხრიდან ჩვენი საზღვრის მიმართულებით: გვირაბში გედგათ მთელი ჯარი. 
ქალი. ვინ თქვა?
კაცი. შეგიძლია შეხვიდე ჩემს პირად გვერდზე და შენი თვალით ნახო სატელიტიდან გადაღებული ფოტოები.
ქალი. რომ მე და ის ტიპი ერთ ლოგინში ვწევართ?
კაცი. რომ თქვენი ჯარები უკვე ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ.      
ქალი. დღემდე ზეპირად მახსოვს შენი არაადეკვატური მესიჯები... მეთქი, ეს ვის ეჭიმება! ხომ გახოხიალეს მიწაზე? რა გეგონა, რომ პირდაპირ შენ გესროდნენ მაგ ბომბს? (იჭყანება) ვერ ვიტან მაგ კადრებს. 
კაცი. შეგეძლო პასუხი მოგეწერა, ომის დაწყება საჭირო არ იყო.
ქალი. ჩამოსულიყავი და გაგერკვია. ერთხელაც არ დაგირეკავს.
კაცი. გირეკავდი, მაგრამ შენ არ მპასუხობდი.
ქალი. ცხადია, უკვე გვიანი იყო, რაღას გიპასუხებდი? დროის შერჩევა უნდა იცოდე. 
კაცი. ეს იყო ყველაზე უაზრო და უდროო გაბუტვა ჩემს ცხოვრებაში. თქვენი ჯარისკაცები ჩვენს სოფლებში და ქალაქებში შედიოდნენ, უნიტაზებს ხსნიდნენ, ლეიბებს იპარავდნენ და ტანკებზე ამაგრებდნენ. თან გვბომბავდნენ. ერთი ცალი საერთოდ ჩემი რეზიდენციის უკან, მთაზე ჩამოვარდა.
ქალი. ეს პირადად ჩემგან. მეთქი, ჭკუას ისწავლის. 
კაცი. მკლავდი, შე არანორმალურო?
ქალი. ცოცხლად შეგჭამდნენ, მე რომ არ ვყოფილიყავი. მე უნდა მითხრა მადლობა და სანთლები ანთო ჩემ სახელზე. სახლში შემოგივარდებოდნენ და ყვერებით ჩამოგკიდებდნენ. არ იცი, ჩემთან რა ხდებოდა. იმან პირში ჩაიგუბა წყალი. ჩემებმაც, აზრზე არა ვარ, გაიგეს თუ არა რამე, მაგრამ მარტო: “აიღე ქალაქი, აიღე ქალაქი”, ან “მოკლან, მოკლან”. ვინ მოკლან? რატომ მოკლან? ჩვენ ტელეარხებს არ უყურებდი? სახლიდან უნდა წამოვსულიყავი და ხაზი უნდა გადამესვა ჩემი ოჯახური ცხოვრებისთვის, ან შენ ამომეშალე ყველაფრიდან, სადაც მყავდი… და, მგონი, იდიოტი ვარ, ასე რომ არ მოვიქეცი… მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს… რჩებოდა მარტო არსებული წესრიგის შეცვლა. ჰოდა შევცვალეთ. სამაგიეროდ, შენ გადარჩი. 
კაცი. რაღაც არ მახსოვს, თავი მოგეკლას ჩემი დაცვით. ჩვიდმეტი გემი გამოუშვეს ამერიკელებმა. 
ქალი. როცა გაიღვიძეს...
კაცი. ჰო, დროის სხვა სარტყელში ვართ, ვერაფერს იზამ. 
ქალი. თქვენგან მარტო ის ისმოდა: "როდის იომებენ ჩვენს მაგივრად?" თუმცა შურისძიების ანგელოზები არსად დამინახავს. ჩემს მეტი შენზე არავინ ფიქრობდა.
კაცი. კიდევ კარგი, პრესკონფერენციაზე არ წამიკითხე მორალი. 
ქალი. ნუ გეშინია, საჯარო სიყვარულის ახსნას არასდროს მოგთხოვ.
კაცი. რატომ ჩამოაგდე ბომბი ჩემს რეზიდენციასთან?
ქალი. იმიტომ რომ მაღიზიანებ. 
კაცი. ამოგეშალე ტელეფონიდან, ბომბი უნდა ჩამოგეგდო? 
ქალი. თქვენ რატომ ჩამოგვიგდეთ თვითმფრინავები?
კაცი. ბოდიში მოიხადე, ბომბდამშენები. ოღონდ ორი თუ სამი. თან პილოტები არც დახოცილან. 
ქალი. რა ვიცი, მტრის ოცი თვითმფრინავი ჩამოვაგდეთო, თავს იწონებდი. ვიფიქრე, ჩემს აგზნებას ცდილობს - ახალი პერვერსიული თამაში მოიგონა. 
კაცი. რა ოცი, ორი ცალი ძლივს ჩამოვაგდეთ.
ქალი. ესეც ჩვენი ხელით. და მერე გმირის წოდება მივანიჭეთ ორ მფრინავს... ოღონდ, იცი, რეალურად რაში გამოიხატებოდა მათი გმირობა? პირველმა ისე ჩამოაგდო მეორეს თვითმფრინავი, რომ თქვენი ეგონა... ჰოდა გადავწყვიტეთ, რომ საპატიო წოდებას ორივე იმსახურებდა, რადგან ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ. ოღონდ ამას საიდუმლოდ გეუბნები, უშიშროების საბჭოს პირველივე სხდომაზე ნუ დაფქვავ ყველაფერს. კარგი, ნუ იჯღანები. რა გინდა, რომ ვთქვა? რა გინდა, რომ ნახოს შენმა მრავალგვაროვანმა და სკეპტიკურმა ტელეაუდიტორიამ? არ გაწყობს ხუთსაათიანი მოლაპარაკებების დაძაბული რეჟიმი? თუ დამატკბობ, ხვალვე უკან მომიწევს გაფრენა. მითხარი და ვიზამ. მეზარება ეგოისტებთან კამათი. 
კაცი. ჩვენი ჟურნალისტები მოვლენ და თუკი რამეს გკითხავენ, რაღაცნაირად მიანიშნე, რომ ჩვენს სოფლებში თქვენი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმა არ მოგწონს. გთხოვ.
პაუზა.
ქალი. მეზიზღებიან შენი ლაწირაკი ჟურნალისტები. 
+2.
…შეფასებებში გუშინდელივით მკაცრი არ ყოფილა, თუმცა ჩვენთვის საინტერესო შეკითხვებს, ისევ ბუნდოვანი კომენტარით გამოეხმაურნენ. ზოგიერთი ჟურნალისტის აზრით, რომ არა მათ შორის აშკარა პიროვნული შეუთავსებლობა, რომლის შესახებ უკვე წლებია ბევრს საუბრობენ, შესაძლოა ბევრად უფრო კონსტრუქციული დიალოგის შემსწრენი გავმხდარიყავით. ისინი ცუდად გრძნობენ თავს, როცა ერთმანეთთან შეხვედრა უწევს. ამის დამალვა შეუძლებელია.  
ქალი: პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ არსებობს კეთილმეზობლური და ისტორიული ტრადიცია, რომელსაც ვერაფერი დააზიანებს. როგორც არ უნდა ეცადონ ზოგ-ზოგიერთები, როგორც ჩვენს უშუალო, ასევე შორეულ სამეზობლოში, ჩვენს ერებს შორის სიყვარულსა და ნდობას ვერავინ ჩაკლავს. ამის ღრმად მწამს. ჩვენ გქვონდა ომი, ჩვენ ახლაც დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეზობლები მაინც მეზობლებად რჩებიან ერთმანეთისთვის. მთავარი კი ესაა. პოლიტიკოსებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც რეალობის უცნაური აღქმა აქვთ - მეტი გონიერება მართებთ, როცა ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა აქვთ განზრახული. 
                     
3.
ქალი და კაცი დიდი და კოხტად გაკრეჭილი ბუჩქების შუაგულში წვანან. მათ გარშემო მაღალი კვრიპაროსებია. ფეხსაცმელები გახდილი აქვთ, კაცს პერანგი აქვს შეხსნილი. შარვლის სამუხლეები ბალახისგან აქვს გამწვანებული. სიჩუმეა. მხოლოდ ჩიტები ჭიკჭიკებენ.
ქალი. (ხმადაბლა) სიცოცხლის ხალისს ვკარგავ. აღარ შემიძლია იქ დაბრუნება... ეს სახეები, ეს ხალხი… მძულს ეს შუალედები... მირჩევნია, არც გნახო. აბსოლუტურად არ მჭირდება ტყუილები, ტელეფონის დაშლა, ძალით სიცილი, ძალით თავის გაბრაზება... არაფერში მჭირდები. ან რაში უნდა მჭირდებოდე? რაღაცნაირად თავი განვიწყე, ვიფიქრე, ახალგაზრდა, ჯანმრთელი მამაკაცია, ახოვანი მთის კაცი, სწორედ იმ სტერეოტიპის შესაბამისი, რომელიც ჩვენ გვიყვარს თქვენში: ტემპერამენტული და საყვარელი ეგზოტიკა, ინფანტილური, სულსწრაფი და ბავშვივით გულღია, ამ დროს, ფაშვი გეკიდება, თეძოებზე ქონები გადევს, ქშენ სიარულის დროს და, რაც ყველაზე დაუჯერებელია - გაქვს ძუძუები. პლუს - ვირეშმაკა და არაერთგვაროვანი ხარ. მაინცდამაინც ის დამემართა, რასაც მთელი ცხოვრება დავცინოდი: ვიღაც უმცროს ნაბიჭვარს გადავეკიდე. ვიცი, გაშინებ მე შენ. მაგრამ... მართლა არ შემიძლია უშენოდ. ვერ გიხსნი... ვფიქრობდი, დრო გავა, მომბეზრდება, რამე სისულელეს ჩაიდენს, რაღაცას გააფუჭებს და წავა... მაგრამ 
არა, ვერ გელევი... ზეპირად ვიცი შენი ყველა დეგენერატული გამოსვლა… ვაიმე, რამდენ სისულელეს ამბობ, როგორი იდიოტი ხარ, არც იცი... და მე, ამხელა ქალი, კიდევ უფრო დიდი იდიოტი, ვზივარ და თავს ვაქნევ: “ნტ-ნტ-ნტ, ცეცხლს ეთამაშება.” ამ დროს, რა ცეცხლს! შენს ხელებს ვუყურებ, თვალებს... მეთქი, ეს დებილი… დამირეკოს, ჩამოვიდეს, რამე მოიფიქროს, შევარდეს რამე სოფელში, დაარტას ჩვენს სამხედრო ბაზებს... შენ კიდე არც ინძრევი შიშისგან. ღორო.
კაცი. ზოგჯერ მართლა არ ვიცი, რა გინდა...
ქალი. ცხოვრებას გიმწარებ. გგონია, ვერ ვხვდები? მაგრამ აღარც მახსოვს, როგორ ვცხოვრობდი უშენოდ. 
პაუზა.
კაცი. კარგი ინტერვიუ იყო. მადლობა. ზოგადი, მაგრამ დაბალანსებული.
პაუზა.
ქალი. ჩამეხუტე. მცივა.
კაცი ქალს ეხვევა. 
თუ შეგიძლია, მაპატიე. პირადად მე არაფერი არ მინდა. მართლა… არ მინდოდა ასე... წადი, გთხოვ. ვაჭარბებ, არავიზე არ ვეჭვიანობ. ფეხებზე მკიდია. ვთამაშობ. ძუძუების დაბერვაზე ვოცნებობ. მართლა ბებერი იდიოტი ვარ...
კაცი. (მის კისერშია ჩამხობილი, ხმა მოგუდულად ისმის) მე მომწონს...
ქალი. რა?
კაცი. ყველაფერი. 
ქალი. გაუშვეს თქვენთან ჩემი ინტერვიუ?
კაცი. ყველა არხზე.
ქალი. მოეწონათ? დაგაკმაყოფილა რეაქციამ?
კაცი. კი, ნორმალურად მიიღეს.
ქალი. ეხლა აღარ ნერვიულობ? 
კაცი. წლის ბოლოს არჩევნები მაქვს, მაგრამ თავს არ შევაკლავ.
ქალი. გეშინია? 
კაცი. წაგების? ახლა არ მაფიქრო ამაზე, ძალიან გთხოვ.
ქალი. გინდა, მოსაზღვრე სოფლები დავბომბოთ? გვიპასუხე და გადავყლაპავთ. 
კაცი. არა, არა, იყოს…  
პაუზა. 
ქალი. არ მენდობი, ჰო? გგონია, გატყუებ... 
კაცი. გენდობი, კი.
ქალი. აი, ეხლა შენ მატყუებ. 
პაუზა. 
კარგი, ავდგეთ, თორემ ძებნას დაგვიწყებენ სატელიტიდან. 
+3. 
კაცი. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ დიდი და აგრესიული სახელმწიფოს მეთაურებმა, ჩვენ მაინც მივაღწევთ ჩვენს მიზანს, რადგან მათგან განსხვავებით, ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული. ჩვენ თანამედროვე სამყაროს ვაშენებთ, ხოლო ისინი, რახან განახლებისა და გაჯანსაღების უნარი არა აქვთ, ბოღმით ივსებიან და ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ: შეგვიზღუდონ თავისუფლება, დაგვჩაგრონ და შეგვაშინონ, მაგრამ ისტორიას ვეღარავინ მოაბრუნებს უკან. რამდენი მავთულხლართიც არ უნდა გააბან ჩვენს სოფლებში და როგორც არ უნდა ემუქრებოდნენ მთელ მსოფლიოს მესამე, მეოთხე და მეხუთე მსოფლიო ომით, ჩვენ მაინც არ დავფრთხებით, უკან არ დავიხევთ, რადგან თავად სიმართლე და დროა ჩვენს მხარეს. თვითონვე ცდილობენ ჩვენი წარმატების მოპარვას, მაგრამ არაფერი გამოუდით, რადგან სისტემაა ძველი და ძირშივე ჩამპალი. დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს.
4. 
მამაკაცთა საპირფარეშო. მარცხნივ ტუალეტის კაბინა, მარჯვნივ კარი. კაცი ონკანთან დგას და ხელებს იბანს. ქალი სწრაფად შემოდის, ხურავს კარს და შიგნიდან კეტავს საკეტით. 
ქალი. ვის წინააღმდეგ მუშაობს დრო? ვისკენ იშვერ ხელებს? (კაცს პიჯაკზე ესხმება წყალი) ვინაა ძირშივე ჩამპალი? მე ვიბოღმები შენზე? შენი თავი დაგინახავს უკნიდან? ის თუ იცი, ტრაკზე რომ ბანჯგვლები ამოგდის? გინდა მსოფლიო მედიას მოედოს ეს უნიკალური ინფორმაცია - სამუდამოდ აეკრობა შენს დახვეწილ საჯარო რეპუტაციას! 
კაცი. (პირს იმშრალებს) მოიცა, მოიცა, ერთი წუთი, ვერ ვხვდები, რა ხდება! 
ქალი. რა ილაპარაკე? 
კაცი. რა ვილაპარაკე?
ქალი. არ იცი, რა ილაპარაკე?
კაცი. რა ვილაპარაკე! 
ქალი. ვის სიტყვებს არა აქვს ფასი? ჩემ სიტყვებს? დაგავიწყდა, რამდენი კილომეტრია შენს კაბინეტამდე? გგონია, ძნელია ტრასაზე ტანკებით გადმოსვლა? ვინ ლპება?
კაცი. ვინ ლპება? 
ქალი ჯიბიდან ხელის კანკალით იღებს ტელეფონს და რთავს. ტელეფონიდან გაუგებარი ბგერები ისმის. 
    
კაცის ხმა ტელეფონიდან: “დრო თქვენს წინააღმდეგ მუშაობს”.
ქალი. ვის წინააღმდეგ? ჩემ წინააღმდეგ? ბოტოქსი უნდა გეხსენებინა, არ მეყო, ჩემი ფოტოები უნდა წაგეყო და შენებისთვის წარმოგედგინა: “ბოტოქსამდე და მერე”. მე ზოგადად მალაპარაკე და შენ კაცად გამოჩნდი? არარაობა! (აწნავს სილას)
კაცი. (ცდილობს ხელები დაუჭიროს) მოიცა! 
ქალი. ადვილია ჩემზე გადავლა? დაგიფასებენ? შეგაქებენ, თავზე ხელს გადაგისმევენ და რამეს გაჩუქებენ... ვთქვათ, დამამშვიდებლებს ცოლისთვის… სადღაც წავიკითხე, რომ მწვავე ნევროზი აქვს. რას უშვები მაგ საწყალს? თურმე არასტაბილურობის განცდა აქვს - ხვალინდელი დღის შიში. უკაცრავად, ვერ მივართმევ სიმშვიდეს. რას გაძლევენ ჩემი დაუფასებლობის სანაცვლოდ? ძალიან ცდები, თუკი ფიქრობ, რომ ჩემი დრო შენგან განსხვავებულად გადის, ისევე ჩამოლპები და აყროლდები ღრძილებიანად, როგორც რომელიმე შენზე დაბოღმილი ბებერი დედაკაცი! არ გიფიქრია ყვრიმალების აჭიმვაზე? ლოყების შევსებაზე? მე ვიცი, რომ იფიქრე! ხომ ჩაქექე საიტები? ოღონდ იმდენად კრეტინი ხარ, ვერც მოასწრებ მაგათ აჭიმვას, სამხედრო წვრთნებს დაგინიშნავ ზედ საღვართან არჩევნების წინ და ღამე არ დაგაძინებ! 
კაცი. (ხელს პირზე აფარებს) ნუ ყროყინებ!             
ქალი. როგორ მელაპარაკები? 
ქალი ხელებს ურტყამს სახეზე. 
კაცი. (ხმადაბლა) ხელები… ხელები გააჩერე… 
ძირს ვარდებიან, კაცი ზემოდან ექცევა ქალს, კაცი კისერზე ავლებს ხელებს.
კაცი. შენთვის ყველაფერი შეიძლება და ჩემთვის - არა? დიდი ქვეყანა და პატარა და საწყალი მოსაზღვრე ქვეყანა... ოღონდ ჯინიანი პატარა... მაგრამ შენ ხომ ეგზნები დაკომპლექსებულ და დაჩაგრულ კაცებზე… ალბათ, სიამოვნებისგან ტიროდი, როცა მიწაზე ვხოხავდი ომის დროს… მე კიდე შენთვის ვიგორავე, იმიტომ რომ ვიცოდი - მოგეწონებოდა, მეთქი ისიამოვნოს, გაერთოს!   
ქალი ქვევიდან ურტყამს ფეხს. კაცი გმინავს, გვერდით ვარდება, ხელებს ფეხებს შორის იბჯენს. ქალი ზევიდან აჯდება. პერანგი ეხსნება და ლიფი მოუჩანს.
ქალი. ძიუდოზე დავდიოდი, იდიოტო. 
კაცი. მოაკაკუნებენ… 
ქალი. (ხელებს კისერზე უჭერს) ჩემთვის სანქციების დაწესებაზე არ ეხვეწები შენს ბატონებს? არ ეკითხები, როდის მოვლენ შენს დასახმარებლად?
კაცი. (განზე აწევინებს ხელებს) ტუჩი გაგექცა… 
ქალი. (ტირის) თავი დამანებე! (ისევ სახეზე ურტყამს ხელებს) ვინაა ეს ქალი? რატომ აღმოჩნდა ჩემ ტელეფონში? შენი ხმაა, შენი ხელებია… (ონკანისკენ მიბობღავს, ქექავს ტელეფონს და ეკრანს კაცისკენ აბრუნებს - ტელეფონიდან ისმის ხმები, მაგრამ გასაგებად არაფერი) ამას უყიდე ბილეთი? ეს გაუშვი? სად ხდება, შეხედე! მოუსმინე!
კაცი. (დამფრთხალი და დაბნეულია) მომეცი…
ქალი. ვიფიქრე, მესიჯია, მეთქი, შენი კრეტინული ინტერვიუს გამო მწერ, ვიფიქრე, ახლა დამიწყებს: ბოდიში, ბოდიში, ბოდიში, რეიტინგისთვის მჭირდებოდა. დღეს დილით მომდის, დილით! და, უცებ, ეს… ზედ გაზის... აქ… აბა, სად? ეს ის ცოცხი-თმაა? აქვე უნდა მომეკლა, საუზმეზე უნდა ჩაეყარათ რამე… ნაბიჭვარო, როგორ მიბედავ! მთელი დღე შენთან ვეგდე… 
კაცი. აღარ შემიძლია… 
ქალი. ვინ გამოგზავნა?
კაცი. მე არ გამომიგზავნია...
ქალი. ჰო, შეიძლება ჩემებმა ჩაგწერეს, კრეტინო! შენ ნომერში... იფიქრეს - კომპრომატი გვაქვს... ამ დროს, მე მომკლეს, მე!.. გულს მიხეთქავენ... (ტირის) ყველანი ჩემ წინააღმდეგ მოქმედებთ... შენ და ჩემი სპეცსამსახური...   
კაცი. (უყურებს ტელეფონის ეკრანს) მე არ ვარ… სხვისი ტანია… თავიც... 
ქალი. (უღონოდ) მთელ რეგიონს აგირევ... 
კაცი. მონტაჟია. ფიზიკურად არ არსებობს…  
ქალი. რა არ არსებობს? ეს არ არსებობს? გემით შემოვალ, გადაგჯეგავთ. შენ დებილ ცოლს გავუგზავნი, ჩემებს გადავაცმევ თქვენს ტანსაცმელს და ხალხს დავახოცინებ. ვის უბედავ…  
კაცი. სპეციალურად აწებებენ ერთმანეთზე. ფულს იღებენ ამაში. ეს თქვენი მეთოდებია... ჩამეხუტე, გეხვეწები, ცუდად ვარ… 
ქალი. არ მომეკარო! 
კაცი. (მუდარით) არ შემიძლია ასე… ჩანიშნე შეხვედრა... 
ქალი. (ცრემლებს იწმენდს) თურმე, როგორ მაფასებ... ღორო... (ღილებს იკრავს პერანგზე)   
კაცი. მოიცა, გეხვეწები, მართლა არ შეიძლება ასე… ხომ მითხარი, ცოლი არ ჩამოყვანოო? არ ჩამოვიყვანე, თუმცა ელემენტარული ეტიკეტია… მაგრამ ფეხებზე დავიკიდე, არ გინდოდა და მორჩა. ვკიოდი ომის მერე, თხუთმეტი კილო დავიკელი, ყოველ დღე მწყევლიდა შენი პროპაგანდისტული მედია - “შუბლში ტყვია, შუბლში ტყვია” - მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ეს შენ ხარ, შენი სიტყვებია, მათი პირია, მათ უკან შენ ხარ... გაიხსენე, რამდენს გწერდი? ყველა არხიდან მე მაფურთხებდნენ, ანუ შენ მაფურთხებდი რეალურად… თუმცა ერთი წამით არ მიჭოჭმანია…
ქალი. რაზე არ გიჭოჭმანია? გიყვარვარ თუ არა? 
კაცი. ამაზეც, კი... მაგრამ იმ წუთას დაგვედო თუ არა ვეტო თქვენს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე.
ქალი. რა საწყალი ხარ…
კაცი. ნუ მელაპარაკები ასე! არ მაინტერესებს, ხედავ თუ არა ამას, მაგრამ ეს ბოლო წლები მიწა მაქვს გამოცლილი, მარტო შენზე ვფიქრობ: რა თქვა? რა გააკეთა? სადაა? რატომაა ასე? რას აპირებს? როგორ ხასიათზეა? სიგიჟეა ასე ცხოვრება, არანორმალურია... ასე არ უნდა ჩავციკლულიყავით ერთმანეთზე... თან მიწებებ, თან მფიტავ. რა ფაშვი, მადა არა მაქვს… არ ვხუმრობ. შენთან სალაპარაკო ტონს ვერ ვპოულობ… როგორ გეურთიერთო, როგორ ვიჯდე, როგორ გიყურო. ტვინი მიდუღდება იმაზე ფიქრით, გამოვიცნო, რას ფიქრობ და იგივეს ფიქრობ თუ არა, რასაც ამბობ. ეს არაა სიყვარული… 
ქალი. დემაგოგი ხარ. მაგრამ ჩემზე არ მოქმედებს. (წამოდგომას აპირებს) 
კაცი. ასე არ წახვიდე, დამელაპარაკე…
ქალი. ამიერიდან მხოლოდ შუამავლებით, მე - მოვრჩი. სპეც-წარმომადგენელს დანიშნავ. წერტილი. 
კაცი. (ეხვევა) რა დაგემართა, თავს მოიწამლავ ასე… როდემდე უნდა ატარო ამხელა ბოღმა. 
ქალი. სწორია, ფარულ ჩანაწერებს არ უნდა ვნახულობდე.
კაცი. ჩემმა გამოსვლამ გაგაბრაზა.
ქალი. ფეხებზე მკიდია შენი ყველა გამოსვლა. ხვალ თქვენკენ კიდევ ასი მეტრით გადმოწევენ საზღვარს. ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებში ასი მეტრის გადახდა მოგიწევს.
კაცი. დაგახრჩობ.
ქალი. ავიარეისებს ავკრძალავ. 
კაცი. არა..
ქალი. ტერიტორიულ წყლებს წაგართმევ... 
კაცი. არ გინდა, თავს ნუ იღიზიანებ...
ქალი. პროვოკაციებს მოგიწყობ. გადატრიალებას... 
კაცი. არა...
ქალი. ქალი. რადიაციულ ფერფლად ვაქცევ მთელ პლანეტას...
კაცი. (უკოცნის კისერს) აღარ ილაპარაკო, აღარ შემიძლია…
ქალი. (ნიკაპი უკანკალებს) გული მერევა…
კაცი. მოიცა, გთხოვ…
ქალი. (თვალებიდან ცრემლები მოდის) დამანებე თავი, ყარხარ…
კაცი. (კოცნის) მარილიანია…
ქალი. არაა ნამდვილი, სოდაა. 
კაცი. ცრემლებია…
ქალი. არა, ნავთია. (ეჭიდავება, მის გაწევას ცდილობს)
კაცი. (არ ეშვება) მოიცა, გთხოვ… 
ქალი. ვიყვირებ… 
კაცი. გეხვეწები… გავიპაროთ აქედან... 
კაცი ტუალეტის კაბინაში ტენის ქალს.
ქალი. ნუ მეჭიდავები! ჰაერი არ მყოფნის…
სექსის მცდელობა. 
აკაკუნებენ. 
+4.
ისინი აღარ შეხვდებიან ერთმანეთს. ნდობის ფაქტორი ნოლამდეა დასული. ანალიტიკოსთა აზრით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ მათთვის არა რეალურ, არამედ ფორმალურ დიალოგს ჰქონდა მნიშვნელობა და, ამ მხრივ, მართლაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, შეხვდებიან თუ არა ისინი პირისპირ ერთმანეთს. ევრაზიული მშვიდობა, როგორც ყოველთვის, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ შეკითხვით მივმართეთ ქალბატონ მეთაურს, რათა რაიმე დამაიმედებელი მაინც გაგვეგონა მისგან, თუმცა მისი პასუხი მხოლოდ ირონიული იყო: “ჩემი ფიქრების წაკითხვას უნდა შეეცადოთ. ეს არცთუ ისე რთულია”. 
5.
ერთი თვის შემდეგ.
სასტუმროს ოთახი. ღამე. ქალი სავარძელზე ზის და ფანჯრიდან იყურება. სააბაზანოს კარი გამოღებულია. კაცი სააბაზანოშია, სარკის წინ დგას და ცდილობს რაც შეიძლება ფრთხილად და უმტკივნეულოდ აიძროს ტუჩზე მიწებებული ულვაში. კედელზე პატარა ტელევიზორია ჩამოკიდებული, რომელსაც ხმა აქვს ჩაწეული - მზარეული-წამყვანი (ქალი) ნამცხვრის დამზადებას ასწვალის მაყურებელს. ალაგ-ალაგ პოლიტიკური სიახლეები გაიელვებს ხოლმე. თუმცა უხმოდ. 
პაუზა.
ქალი. ზოგჯერ მგონია, რომ თამაშობ, თითქოს გიყვარვარ.    
პაუზა. 
კაცი. არ მესმის. (კეტავს ონკანს)
კაცი სააბაზანოდან გამოდის - ულვაში ნაწილობრივ აქვს აძრობილი.
კაცი. რა თქვი?
პაუზა.
ქალი. (უყურებს) რა საშინელებაა, კავკასიელი კაცი - დიდი სტალინური ულვაშით. ამ ულვაშამდეც დავედი. ამის იქით უკვე შენი ნიფხვების რეცხვაა. 
კაცი. რატომ არის საშინელება? შენ თვითონ მთხოვე...
ქალი. მე არ მითხოვია, საჭიროა.
კაცი. ჰო, საჭიროა, რომ კავკასიელს ჰქონდეს ულვაში. ეს საიდენტიფიკაციო ნიშანია, ამოცნობა რომ გაგიადვილდეს... შენი აზრით, მე აუცილებლად უნდა მქონდეს ულვაში, რადგან ეს ნაციონალური მახასიათებელია - იყავი ულვაშებიანი, გთხოვ! ამ დროს, რეალურად, ულვაში წარსულია ჩემი ტანჯული ერისთვის, ანაქრონიზმია... მარტო ტურისტების გასართობად თუ მოუშვებს ვინმე.  
ქალი. მოუშვით მერე. ფული მაინც მარტო ჩვენი ტურისტებიდან შემოგდით. ერთი ულვაში რაღაა, და სათამაშო ხანჯალი ჩოხაზე... სამახსოვრო ფოტო ბუნების სამხრეთულ სასწაულთან ერთად. 
კაცი. როგორ გინდა, რომ მხოლოდ შენზე ვიყო დამოკიდებული. ფული მაინც მარტო ჩვენგან შემოგდით. არ შემოგვდის მარტო თქვენგან. ჩემზე ნუ დარდობ, შიმშილით არ მოვკვდები. (სააბაზანოში შედის, გაღებული კარი ჩემოდანს ხვდება, რომელის გასასვლელთან დევს)
ქალი. ფრთხილად მაგ ჩანთასთან! 
კაცი. და დადე სადმე სხვაგან! კარადაში შედე! 
ქალი. არ შეიძლება.
კაცი. რატომ არ შეიძლება?
ქალი. იცი, ეს რა ჩემოდანია? 
კაცი. (უყურებს) არა...
ქალი. შენი აზრით?
პაუზა. 
კაცი. ბირთვული ღილაკი? აქაა?
ქალი უღიმის.
აქ წამოიღე?
ქალი. აბა, ჩემ ქმარს ხომ არ დავუტოვებდი? 
კაცი ჩემოდანთან იჩოქებს, ძირს აწვენს.
ქალი. რას აკეთებ? ფრთხილად... 
კაცი ჩემოდანს ხსნის, იქიდან საცვლებს იღებს. ჟაკეტს... ქალი იცინის. 
ქალი. ჩემ ცხოვრებას რომანტიკა აკლია. ნამდვილი გრძნობები. 
კაცი უკან, ჩემოდანში ყრის შიგთავსს, ხურავს და იმედგაცრუებული ბრუნდება სააბაზანოში.
კაცი. ბირთვული ლიფების მეტი არაფერია...
ქალი. გეწყინა, პატარავ? ბომბების გაშვება მოგინდა ოკეანეში? თუ ჩემ დედაქალაქში? სიამოვნებით გავიჭრებოდი ოკეანის სანაპიროზე. სადმე ახლოს რომ იყოს, ცხადია. მე წინ გავიჭრებოდი, შენ უკან გამომედევნებოდი, როგორც ჩემი ბავშვობის ფილმებში იყო და ჩემი ზრასრულობის სოციალურ რეკლამებში. პოლიტიკურში ნაკლებად. მერე სადმე, კლდეზე ავიდოდით და შენ ხელს მკრავდი. ან მე თვითონ გადმოვხტებოდი. ასე დამთავრდებოდა ეს ულამაზესი ისტორია. წყნარად და მშვიდად... ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსის მოსაზღვრე ტერიტორიაზე... 
კაცი. (დგება სააბაზანოს სარკის წინ, ულვაშს იძრობს, იმანჭება) რომ გავალთ, ისევ მივიწებებ. 
ქალი. აზრი არა აქვს. იციან, სადაც ვართ.  
კაცი. ვერ გავიგე…
ქალი. გვითვალთვალებენ. 
კაცი უკან გამოდის.
კაცი. ვინ გვითვალთვალებს?
ქალი. ცხადია, ამერიკელები.
კაცი. გათენდა უკვე მაგათთან? გაიღვიძეს?
ქალი. კონტინენტს შეიძლება ძინავს, სპეც-სამსახურის თანამშრომლებს - არა. გამოუძინებელი არავინ ეყოლებათ, ნუ ნერვიულობ.
კაცი. არა, როგორც მოკავშირე ბევრად უფრო მშვიდად ვარ საღამოს ექვსი საათის შემდეგ, როცა ამერიკაში თენდება, რადგან ისინი იღვიძებენ და ჩვენ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ...
ქალი. და ჩემ საწინააღმდეგო.
კაცი. პიროვნულად - არა. შენ ხომ არც გწყინს...
ქალი. მწყინს.
კაცი. მოკლედ, დღე გვიჭირს. ასე, საღამოს 5-6 საათამდე. მზის ამოსვლამდე ამერიკაში. შენთან ომის დროს ერთი სული გქვონდა, შუადღე გადასულიყო, რადგან იმათი დღე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ეფექტურობის თვალსაზრისით, ვიდრე ჩვენი. შენ დღის კლებასთან ერთად სუსტდებოდი - ვამპირივით, რადგან იქ თენდებოდა. 
ქალი. რადგან იქ თენდებოდა. რა პოეზიაა. მონა. ნეტა რამდენი მზე გაქვთ ამ არასრულფასოვან კაცუნებს? ოდესღაც ჩვენგან ამოდიოდა თქვენი მზე. 
კაცი. ეს უბრალოდ პირფერობა იყო, თორემ რა უნდა მანდ მზეს... კარგი, ნუ იბოღმები, საიდან იცი, რომ გვითვალთვალებენ?  
ქალი. ზურგის ტვინით ვგრძნობ. 
კაცი. ვინმე დაინახე?
ქალი. შენ. 
კაცი. მე?
ქალი. კი. გუშინ რატომ ათვალიერებდი ჩემი ფეხსაცმლის ძირებს? 
კაცი. ანუ მე გითვალთვალებ? მე ვარ შენზე მოჩენილი? 
ქალი. არ ვიცი, ფაქტია, ხელით გასინჯე ფეხსაცმლის ქუსლები და ერთი ათჯერ მაინც მოიზომე ჩემი სათვალე… არ ვიცი, პარიკი ჩამოიცვი თუ არა, მაგრამ არ გეწყნოს, არც ამას გამოვრიცხავ. გაინტერესებდა, მიკროფონი ან კამერა ხომ არ ჩამიდეს სადმე? ეს ბუნებრივია, არ გამტყუნებ: მეც გავქექე შენი შარვლის ჯიბეები, რადგან ზოგიერთი ყველაფერზეა წამსვლელი, შეიძლება ისეთი სითხე წაუსვან კბილის ჯაგრისზე, რომ პირის ღრუში ხელოვნურად წარმოგექნმას სატელიტზე სიგნალის გამგზავნი კარიესი. არ ვხუმრობ. სახელმწიფოები დაუშლია ასეთ კარიესს. ან ნელა მოქმედი შხამი წაისვა ენაზე, მაკოცო, ბოდიშს ვიხდი, ღრმად, პირში შემიყო მოწამლული შიგთავსი, მომკლა და ასე აღასრულო შენი მისია. მონური თავგანწირულობით. შენც მოკვდე და სამყაროც იხსნა. ასე პირდაპირ ვერ 
გაბედავ, რომ სახეზე ჩამომადო ბალიში. 
კაცი. მოკლედ, ჯაშუში ვარ და არ მენდობი.
ქალი. ისევე როგორც შენ. თუმცა როცა გიყვარს, უნდა გარისკო. სხვა გზა არ გვაქვს.  
კაცი საწოლზე ჯდება. 
       
კაცი. თუ არ გინდოდა, არ უნდა გამოვპარულიყავით. იცი, რა არის შენი პრობლემა? თავისუფლებას ვერ ირგებ. ერთი დღითაც კი. დაცვის თანამშრომლები გენატრება.
ქალი. თვის ბოლოს ჯობდა ამის გაკეთება, თუმცა არა უშავს, არ მინდა ამაზე ფიქრი.   
პაუზა.
კაცი. ცუდ ხასიათზე ხარ, რადგან ჯარი შეგყავს?
ქალი. სად?
კაცი. აღმოსავლეთში. 
ქალი. ხომ შემპირდი, რომ პოლიტიკაზე არ ვილაპარაკებდით? არ შეიძლება, რომ მოვეშვათ და რამდენადაც შეგვიძლია, ვისიამოვნოთ.
კაცი. მიპასუხე და თავს დაგანებებ. უკვე დღევახევარია აპოლიტიკური ვარ.
ქალი. რა გინდა?
კაცი. სამხედრო წვრთნებს გეგმავ საზღვართან?  
ქალი. ვინ გითხრა?
კაცი. ინტერნეტში წავიკითხე. რაში გჭირდება ოცი ათასი ჯარისკაცი? 
ქალი. კომპიუტერი წამოიღე? არანორმალური ხარ?
კაცი. არა, მისაღებში ვნახე. ნუ მელაპარალები, როგორც დეგენერატს.
ქალი. არაადეკვატური ხარ... ფეხსაცმლის ქუსლებს მიმწომებ და, ამ დროს, კომპიუტერს რთავ. რეფლექსები - ნოლი.
კაცი. მიწებს ართმევ ჩრდილო-აღმოსავლეთს თუ საზღვრის მთელ პერიმეტრს? ახალ იმპერიას ქმნი? ჩინგის-ხანი გაცოცხლდა?
ქალი. ჩემებს ვერ ვეტყვი, რომ ფეხებზე დაიკიდონ სხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები - ისტორიულად ამორალური იქნება ჩემი პოზიცია. შიგნით შემჭამენ. ჩვეულებრივ რასისტებს ირჩევენ ჩვენს უშუალო სამეზობლოში, ვიღაც სტატისტს შენსავით, ვითომ პრეზიდენტს, ოღონდ შენზე ბევრად ბრუტალურს, რომელიც არავინ იცის, რას უზამს ჩვენ ხალხს... მუშტებს იქნევს და დღე და ღამე მემუქრება. ის გენოციდზეა წამსვლელი. სასწრაფოდ უნდა შევხვდე დეესკალაციისთვის. არ ვიგონებ... 
პაუზა.
კაცი. რომანი გაქვთ?  
პაუზა.
ქალი. ფსიქოპატი ხარ, არც ვიცნობ ნორმალურად.
კაცი. და არანორმალურად?
ქალი. ეჭვიანობ, პატარავ?
კაცი. მაინტერებს, ამ კაცთანაც იგივეს ხომ არ აკეთებ, რასაც ჩემთან? მეც ასე ვითომ 
ვერ მიტან ხოლმე ჩემთან შეხვედრის წინ.
ქალი. შენ საათში ერთხელ გლანძღავენ ჩვენს ოფიციალურ ტელეარხებზე და ამ ლოგიკით ყოველ დღე შენთან ერთად უნდა ვიყო. საერთოდ შენთან ერთად უნდა ვცხოვრობდე.
კაცი. მე შენზე ვლაპარაკობ.
ქალი. ნუ ლაპარაკობ ჩემზე, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გაქვს, რა მინდა სინამდვილეში. გულის ტკენა ადვილია.
კაცი. მესამე მსოფლიო ომს იწყებ?
ქალი. მეოთხეს. ოღონდ ვამთავრებ, კი არ ვიწყებ. აქამდე უნდა მიმხვდარიყავი.
კაცი. მოგკლავენ. ვერ ვხვდები, რა გიხარია.
ქალი. ომში?  
კაცი. ომამდე არავინ მიგიშვებს...    
ქალი. მანძილს არ ვზომავ. მხოლოდ დროს. 
კაცი. და არ შეიძლებოდა, რომ ეს აპოკალიფსისი არ წამოგეწყო მაინცდამაინც აქ წამოსვლის წინ? 
ქალი. არა. 
კაცი. მაზოხისტი ხარ?  
ქალი. თავს ვისჯი. კათარზისი მჭირდება. ახლა მუხლებზე დავდგები და ხმამაღლა ვიტირებ.
კაცი. სავსებით შეგეძლო დისტანციური ურთიერთობა გქონოდა…
ქალი. ვისთან?
კაცი. იმასთან, ვისთანაც ახალ ომში ებმები.
ქალი. არ გავიფანტები, ნუ ღელავ, შენც შეგაშინებ. 
კაცი. აბსოლუტურად არ ვღელავ, შეკითხვებსაც არ ვსვამ, უბრალოდ მართლა შეიძლებოდა ამ წლის ნორმალურად გავლა.
ქალი. გაივლის, ნუ ნერვიულობ.
კაცი. შეგეძლო ამ შაბათ-კვირას მაინც გადაევლო. (დგება, მიდის სააბაზანოსთან) 
ქალი. გადაივლის, ნუ მღლი.
კაცი. მკვლელის ფეხებზემკიდიობოთ ლაპარაკობ. 
ქალი. და ვარ მკვლელი, შენ კიდე აი, ასეთი უიღბლო მყავხარ… სერიულ მკვლელს უყვარხარ და არ გეშვება, მუდმივად გახსენებს, რომ ყველაზე ახლოს ერთმანეთთან სიყვარული და სიკვდილია, აუტანლად ახლოს, თუმცა ისე გავიზარდე და ვიცხოვრე, რომ ჩემს მეტი ყველამ იცოდა, ვინ უნდა მყვარებოდა და ვინ მძულებოდა მთელი არსებით, და თუკი ახლაც წესის და რიგის მიხედვით არ შემზიზღდება ვინმე, ის ას ორმოცი მილიონი ხელებში და ფეხებში მომკიდებს ხელს, გამაკავებს და სამართლიანობის შეგრძნებით მიხმარს ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ. რადგან იტყვიან: სუსტია, ისტერიულია, მშიშარაა და დაუთმო. ჩემი სახლის უნიტაზიდან ამოწევენ პატრიოტულ მუშტებს... აი, ასე... ეს კაციჭამია ხალხი, სისხლისმსმელები... რაც არ უნდა კარგი იყო, მაინც სატანად რომ გაქცევენ ბოლოს, მაინც რომ დაგიმსგავსებენ... და თან შენკენ რომ იშვერენ ხელს: აი, ესაა მკვლელი, მე არა, ეს მკლავს... სინამდვილეში, ვინ ვის ჭამს, ეს კიდე გასარკვევია... არა, არც ერთ შემთხვევაში არ იმსახურებენ თავისუფლებას! დემოკრატიას - მით უმეტეს... ამ ხალხს ქვეყანას ვერ ვანდობ, ბოდიში, თავს დაიღუპავენ. ამ დროს, გეგონება, მე ვიყო პრობლემა. ვინ ვარ მე? დაქირავებული ბელადი... აი, ზუსტი სიტყვა... არაფერი შეიცვლება, ხვალვე რომ გავქრე. განსაკუთრებით, მსოფლიო პოლიტიკაში... მე სრული არარაობა ვარ... ისედაც ამას ცდილობს ყველა, როგორმე რაც შეიძლება საწყენად და მტკივნეულად შემახსენოს, რომ აქ შემთხვევით მოვხვდი, რომ უამრავი კომპლექსი მტანჯავს, რომ არც მაქვს ბიოგრაფია - სახელიც კი სხვა მქონია ოდესღაც, - რომ არავინ იცის, სად მიპოვეს და საიდან ამომათრიეს, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სიმულაციაა, რომ უბრალოდ დამსვეს ამ ადგილზე, როგორც მდიდრების სათამაშო, რომ ჩემი დრო გადის, რომ ბოღმა და შურისმაძიებელი ვარ, და რომ ჩემ გარდა ყველა უფრთო ანგოლოზია! ჰოდა რა ვქნა, ვისთან ვიწუწუნო - შენ დაგირეკო და გთხოვო, ერთოხანიანი ბინა მიქირავო შენი რეზიდენციის მახლობლად?.. შენ - სამხრეთით მცხოვრებ სპეტაკ სულს, შეუბღალავი სინდისის მქონე წმინდა გიორგის... თავის დღეში რომ არავისთვის უწყენენებია, სუფთა სინდისით და სუფთა ხელებით მწოლს თავისი კეთილი ცოლის გვერდით… 
პაუზა.
კაცი. შენ შეყვარებული ხარ.    
ქალი. ნუ უზრდელობ, თორემ ორშაბათს შენკენ გადმოვისრვი ხუთი ათას ქვეითს. 
კაცი. რატომ?
ქალი. იმიტომ, რომ ნერვებს მიშლი. წვენი გვაქვს მაცივარში?
კაცი აქეთ-იქით იყურება.
კაცი. მაცივარი არ გვაქვს.
ქალი. რა სასტუმროა! ვერ ვიტან ამ სოროებს... ისე, მართალი ხარ, საშინლად მოსაწყენია ძალაუფლების გარეშე ცხოვრება, ჩემი დაცვის თავგასიებული თანამშრომლები მენატრებიან. თურმე, რა მოსაწყენი ყოფილა სამყარო მათ გარეშე... დიდი მარტოობაა... მოდი აქ, მომიწექი.
კაცი. არ მინდა.
ქალი. საზღვარს გადმოვწევ.
კაცი წვება. 
ქალი. აწიე ხელი... (კაცი ხელს სწევს) ჩამოიწიე. ასე არა... ასე. (თავს ადებს მკლავზე) ვხვდები, რატომაც ჩამომიყვანე: გინდა, რომ შენი მასკულინური ჟინით დამთრგუნო და რაღაც ისეთი მაიძულო, რასაც არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენ ფხიზელი გონებით. ვაფასებ, ამხელა რისკზე რომ წახვედი მაინცდამაინც საარჩევნო წელიწადს, მაგრამ შენი ათწუთიანი სექსულური აქტიურობა ბევრს ვერაფერს შეცვლის. სინამდვილეში, საშინლად გითანაგრძნობ, წარმომიდგენია, ალბათ, როგორ გინდა ჩვენზე გამარჯვება! 
კაცი. რაიმე ფორმით აპირებ ჩვენს არჩევნებში მონაწილეობას?
ქალი. მშვიდი არჩევნები არასდროს გექნებათ. ეს თქვენი ხვედრია.
კაცი. როგორ მაინტერესებს, თუ წავაგებ, რას იზამ? ჩემგან გამოგზავნილ შუამავლებს აღარ მოუსმენ?
ქალი. მოვიწყენ, დავჭკნები და თმები და ფრჩხილები დამცვივდება, მაგრამ მანამდე არ შეგეშვები, სანამ ერთად არ მოვკვდებით. შენი პენსიის მერე, ბუნებრივია, მე პენსიაზე არ გავალ. მე სკამზევე მოვკვდები - ას ორმოცი მილიონის თვალწინ - საახალწლო მილოცვის ჩაწერის დროს. არსად გაგიშვებ. არასდროს. აი, ასევე გადაეცი შენს ამერიკელებს. ნუ იძახი: “როდის მოვლენ, როდის გაიღვიძებენ?” არ მოვლენ! არასდროს... ძალიან შორს ვართ. 
კაცი. ამ დროს, როგორ გინდა, მოვიდნენ. 
ქალი. მე არ მინდა, რომ გათენდეს, იმიტომ რომ ეროვნული ვალუტის კურსი დაეცემა ჯარის მოძრაობის გამო. ამიტომ ან მოვიდნენ და გამაჩერონ, და იხსნან ჩემი სული დაღუპვისგან, ან საშუალება მომცენ, სხვები დავღუპო. იყვნენ მკაფიოები. ნუ მეთამაშებიან.  
პაუზა.
კაცი. ცოტა ხნით რომ გავიდეთ, არ შეიძლება? სამი ხდება... 
ქალი. სატელიტიდან გადაგვიღებენ. 
კაცი. უკვე გადაგვიღეს, აქ შემოსვლის დროს.
ქალი. მეც მივიწებო ულვაშები, რა გინდა? ერთხელ - გაპატიებენ, მეორედ - გამოწვევად მიიჩნევენ. ნუ მივიქცევთ ყურადღებას. ჩამეხუტე... (კაცი ეხვევა) 
ქალი. (კაცს ახედავს) გიყვარვარ?
კაცი. შენ?
ქალი. არა.
კაცი. არც მე. 
ქალი. სინამდვილეში - კი. სხვანაირად რომ ყოფილიყო, აქ არც ვიქნებოდი.
კაცი. არც ხარ...
ქალი. შენ ხარ ჩემთან?
კაცი. კი, ზუსტად შენს გვერდით ვარ. 
ქალი. ეს - გეოგრაფიულად... ხვალ რას იზამ, როცა მე არ ვიქნები?
კაცი. და შენ რას იზამ?
ქალი. როგორ უნდა ვიცხოვრო მე შენს გარეშე? ვერ ვიცხოვრებ. მაგრამ ახლა თუ ვერ დავისვენებ, არ გაპატიებ და დილით ფერფლად ვაქცევ მსოფლიოს. ნამდვილი ბირთვული ჩემოდანიც თან მაქვს - საწოლის ქვეშ მიდევს. ნუ მიყურებ როგორც შეშლილს, რადგან არც შენ ხარ ნორნალური. გაოცების უფლება არ გაქვს. (პაუზა) მაკოცე. (კაცი კოცნის) ცოტა სასიამოვნოა, მაგრამ მაინც მადლობა. ძილში არ მაკოცო. ვიცი, არ მაკოცებ, ყოველი შემთხვევისთვის, გაფრთხილებ. (ქალი თვალებს ხუჭავს. პაუზა) არ შეიძლება, რომ ერთდროულად ვიძინებდეთ მეც და ისინიც? ნებისმიერ შემთხვევაში სხვა დღეს ვიღვიძებ... სხვა დროს... კარგი, უკვე ვბოდავ. იმედია, ამას არ იწერ. შუქი ჩააქვრე, ხელს მიშლის.   
კაცი დგება და შუქს აქრობს. მერე ქალის გვერდით წვება და რაღაცნაირი ტლუ გამომეტყველებით უყურებს ტელევიზორს - ტელემზარეული სიამოვნებით სინჯავს ახლადგამომცხვარ ტკბილეულს.  

+5.
...ქალისა და მამაკაცის გვამები სასტუმროს ოთახში იქნა აღმოჩენილი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით არიან გარდაცვლილები. ვერსიად სახელდება, როგორც მკვლელობა, ასევე ორმხრივი სუიციდი, თუმცა ამ ეტაპზე შეუძლებელია რაიმე კონკრეტულის თქმა. ჯერ-ჯერობით უცნობია დაღუპულთა ვინაობა...
                პოლიტიკური მიმომხილველის ტექსტის პარალელურად: ლოგინში - მოკლული ქალი და კაცი, კედელზე ჩამოკიდებულ ტელევიზორში ამავე ქალის და კაცის, ანუ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრაა პირდაპირ ეთერში...     
                
ფარდა
2014-2019 ივნისი\დეკემბერი
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge