გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირინა ხურციძე - ლექსები



***
გადაგიშლი ამ გულს ჩემო, ფიანდაზად,
თუ მეღირსა სამშობლოში დაბრუნება,
თბილ უბეში ჩამაყარე ვარსკვლავები,
დღე და ღამე დამიგულე კარუგდებლად.
ბილიკ-ბილიკ ავყვეთ ფერდობს ჯერაც უვალს,
ვკრიფოთ გზა-გზა მზის სხივების იაგუნდი,
შევერიოთ ფოთლებივით ტყეებს უღრანს,
მშობლიურ მთებს შემოვძახოთ:_ დაგიბრუნდი.
მანამ,ვიდრე ეს დრო ასე მიჩაქჩაქებს,
გეფერები, ოცნებებში ჩაკარგული,
სულში ცეცხლი არასოდეს რომ არ ჩაქრეს,
გულში მუდამ ვაზეიმოთ გაზაფხული.


ჩემი ედემი საჩინო

ჭყვიშო, საჩინო,
ზღაპრად შობილო,
სულ ვაყურადებ
შენს მაჯისცემას,
მუზავ, ორპირის
ფშანის ძმობილო,
ხომ მაპატიებ 
შენს დაფიცებას?!
შემოვატარებ 
ფიქრებს
მუქ ქედებს,
სად ნადირობაც
არ ღირს უქედნოდ,
მთებზე შადრევნად
გადმოკიდულო,
ლამაზკალთება
ტურფა მუქედო.
მზეზე ნაფიცხო
დუცხუნ- ყუმურო,
გულს სირინოზად
უნდა ეფონოთ,
მწვანით მოსილი 
ლამაზ სერებით,
შენც ხომ მაქვე ხარ,
მიქელეფონო?!
ისე მოვედე
ამ მთათა სერებს,
გაგიკვირდებათ,
ვის აღარ ვსტუმრობ,
ალბათ ოდესმე
შენამდეც მოვალ,
ჩემთვის უცნობო
კუშუბოურო,
ამ მთებს და ქედებს
რო მოეფერო,
ზეცაში უნდა
შეკრა ირაო,
ერთად შეყრილხართ
ისე,ვით ძმები,
მთისძირს და შუამთას
გადმომცქირალნო.
მზეო, ამ ედემს
თუ გსურს უყურო,
ტობანიერმა
კვლავ იფირალოს...
აქეთ ამოვყევ
ზეგანს კენჭნარის,
წინ მომეგება
ციხესულორი, 
სულ მალე გადიდს 
მოვინახულებ
და მაშინ ნახე
სრული ფურორი,
იქვე გადიდთან,
ზეცა ვარსკვლავებს
საგაზაფხულოდ შეუფეთქია.
ქედებზე ლაღად მიმოფენილი,
ულამაზესი ონჯოხეთია,
გადიდის მთიდან
ხელისგულივით
მოჩანს ძირძველი
ვანი - საჩინო,
თუ ასე უნდა
გებრწყინა ჩემო,
სულ რაღად იყო
მაშ მზე საჭირო...
ვანის შუა გულში
ქვედა ვანია,
ზედა ვანი და
ლეღვნარ - ტყელვანი,
სრულიად ვანი -
სამშობლო ვაზის,
ლერწდაგრეხილი
მწიფე მტევანით.
აქ მუდამ, მუდამ გაზაფხულია
სად გაშლილია
სუფრა სალხინოდ,
შუბლმოჩრდილულნი
გასცქერის ზეცას
ზენობანი და
სოფელ სალხინო.
მივყვები ფართოდ
დაფენილ შარას,
მთვარის ნატეხით
მიწევს ვივახშმო,
უბე ავსილი
ტკბილი ნუგბარით
მიხმობს,მეძახის
ისრით-დიხაშხო.
მაგრამ სულ სხვაა
მწვანე საფარად
მთებს შეფენილი
ხასხასა ბზანი,
გვერდს ხომ არ მივლი
აგერ აქ ვარო,
მეძახის ჩემი
ლამაზი ბზვანი.
შენ რაღად გქვია
მაშ ამაღლება,
ფართოდ გაშლილხარ
მწვანე მდელოში,
ერთ დროს ისეთი
იყავ კურორტი,
უფრო ცნობადი
საქართველოში...
როცა არ წვიმს და
როცა დარია,
გული სხვაგვარად
მღერის არიას,
ბაღდათის საზღვარს 
რომ გადმოლახავთ,
იცოდეთ,იქვე,
ზეინდარია.
ულამაზესი 
ხედი იშლება
გორა-უხუთი-ინაშაურით,
სალომინაო არ დაგავიწყდეთ
და ფერეთულა
- ფერუცნაური.
მერე აყევით 
ბილიკებს მაღლა,
აქ სამოთხეა
ვერ იგრძნობთ დაღლას,
მთებს შეფენილებს
რომ ხედავთ ლაღად,
მათზე მაღალი
მხოლოდ ღმერთია,
ეს უკვდავების ნავთსაყუდელი_
საპრასია და რომანეთია.
მერე იგემეთ სუფრა ღვთიური,
ხალხი მარჯვე და
ძალზედ გულუხვი,
ეს  უტკბილესი
დედულეთია,
ხვავბეღლიანი
ჩემი ძულუხი.
შემოვიარეთ
სრულად საჩინო
და თუ კი დაგრჩათ
წუთი სულ ორი,
მოგზაურობა 
დავაგვირგვინოთ
მთებს შეფენილი
კურორტ სულორით.


***
არ შემიქმნია ხატი თავისთვის,
არ ამიგია კოშკი ბროლების,
ყველა მდინარე მიდის თავის გზით,
მცირე და დიდი განშტოებებით.
თუმცა კი ბევრჯერ მიოცნებია,
ცად ვარსკვლავების კრეფა მეცადა,
ხშირად გოლგოთის ბილიკს ვადექი,
რომ თავისთავად გამომეცადა.
ამ გზაზე ბევრი ტალახი მომხვდა,
ეკლის გვირვინიც ბევრჯერ დამხურეს,
სიკეთეს ვთესდი ხნულში ალალად,
ქება მაინც ვერ დავიმსახურე.
განა ბევრს ვითხოვ, სიყვარულის წილ,
მერგოს პატარა სითბოს ნატეხი,
რად მინდა თავი მაშინ ცოცხალი,
მოყვასს თუ ვეღარ გამოვადექი.
მივალ, მივკაფავ ეკალ-ბარდიან,
შარებს, სავალად მეტად საძნელოს,
ნუ გიკვირთ როცა მხედავთ ავდრიანს,
ნუ ცდილობთ დარდი ჩამომაბელოთ,
ის რაც წილად მხვდა ტვირთი სამძიმო,
თავადვე ვზიდავ ბოლო მიჯნამდე,
ჯერ გაიკითხე რა გზით მოვდივარ,
ვიდრე რისხვის ქვას დამიმიზნებდე...
მეც წავალ, როგორც წასულან ბევრნი,
გულნაისრალი სევდა- ვაებით,
გთხოვთ არ მიწყინოთ ლექსად ღაღადი,
თუ ჩემს მზეს ისევ ვეთამამები.


პაპის ნაქონი ნალია

არც ციხე-კოშკი, სასახლე,
ერთი უბრალო ნალია,
ედგა პაპას და ამბობდა,
ეს პაპის სახსოვარია.
არცა ჭრაქი და სასანთლე,
არც ბუხრის კერის ალია,
იდგა და მოხუცს ელოდა
ის ძველთაძველი ნალია,
ვისთანაც წუთისოფელი
წუთისოფლურად გალია,
ერთ ზამთარს თოვლმა ჩაჩმუქრა,
კარზე ჩნდა მარტო ნალია,
მოსავალს, რომ არ სცემოდა
ავი- მოშურნის თვალია,
წავიდა პაპა თან გაჰყვა
პაპის ნაქონი ნალიაც.
წარსულის არ დავიწყება,
შთამომავლობის ვალია.


ემიგრანტებს

ვარ უპოვარი, ერთი თქვენგანი,
მონატრებული მშობლიურ კერას,
ათასჯერ ნათქვამს ,,მე დავბრუნდები"_
ვუსმენ და თითქოს თავად არ მჯერა...
მთელ ენერგიას სხვის ჭერქვეშ ვხარჯავ,
საწყალობელი უბადრუკ ხურდის,
ასე მგონია,ეს მე კი არა,
ვარ საკუთარი ოცნების ქურდი...
წლებმა დამსუსხა ხმელი ჭინჭარით,
მეწვის სული და მეწვის სხეული, 
ყოველდღე გავრბი ჩემი თავისგან
და ისევ აქ ვარ შემოხიზნული, 
არ მინდა დიდი ოდა-სასახლე,
ბოლოს მეყოფა ერთი ფიცრული,
თვალზე მომდგარი ბოლო კურცხალით,
როგორც ჯვარცმისთვის გადალურსმნული
სულ ოთხადოთხი ღერი ლურსმანით.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge