გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დევიდ ჰერბერტ ლორენსი (თარგმანი - მაია ბოლაშვილი) - ნაზამთრალი ფარშევანგი

თხელი, ხრაშუნა თოვლი იდო. ცას ლაჟვარდისფერი დაჰკრავდა. ძალიან ცივი ქარი უბერავდა. ჰაერი სუფთა იყო. შუადღეზე ფერმერებს ძროხები დაახლოებით ერთი საათით გარეთ გამოეშვათ და როცა ტიბლში ჩავედი, ბოსლების აუტანელი სუნი მეცა. მაღლა წასულ, გაცრეცილ და მბრწყინავ იფნის ტოტებს თანდათანობით ცისფერი  ეძალებოდა.… მერე ფარშევანგები შევნიშნე. სამი უკუდო, ყავისფერი, დაწინწკლული,  მუქი ლურჯკისრიანი და არათანაბარი ბიბილოთი შემკული ფრინველი ჩემ წინ, გზაზე მიდიოდა. მოთოვლილ გზაზე თაღივით მორკალული, გაშლილი ფრთებით მიაბიჯებდნენ და პატარა, მსუბუქი, ბრტყელძირიანი ნავივით ნელა მიირწეოდნენ. მათი შემხედვარე აღვფრთოვანდი, გასაოცარნი იყვნენ. მერე, ქარმა დაუბერა და გაშლილ ბუმბულიანი ბოლოთი, დახეულ აფრებს რომ მიუგავდათ, მყიფე, სამი ნავივით აქეთ-იქით დაფანტა.   ერთი ადგილიდან მეორეზე გადახტნენ. ორპირი ქარის შექმნილი უხერხულობისგან თავის გარიდებას შეეცადნენ და შემდეგ მყუდრო კედელთან ფრთები ისევ გაშალეს. კვლავაც ნელი, მსუბუქი და ძალდაუტანებელი მოძრაობით, გულგრილად გზა ისევ განაგრძეს. ჩემს მიმართაც გულგრილნი აღმოჩნდნენ. შემეძლო შევხებოდი, მაგრამ ღია სათივისკენ გადაუხვიეს.
როგორც კი ზემოთ მდგარ სახლს ჩავუარე, უკანა კარიდან გამომავალი ახალგაზრდა ქალი დავინახე. მას ზაფხულში გამოველაპარაკე. მაშინვე მიცნო და ხელი დამიქნია. სათლი ეჭირა. მისი თეთრიწინსაფარი მოკლე ქვედაბოლოზე წარმოუდგენლად გრძელი იყო. თავზე ბამბის შლიაპა ჩამოეცვა. ქუდი მოვუხადე და გზა განვაგრძე, მაგრამ სათლი ძირს დადგა და მალულად ჩემსკენ გამოქანდა.
-ცოტა ხანს ვერ დამელოდებით? - მკითხა მან,- ერთ წუთში აქ გავჩნდები.
     სულ ოდნავ, უცნაურად გამიღიმა და უკან გაიქცა. მოგრძო და ავადმყოფური სახე ჰქონდა, ცხვირი საკმაოდ გასწითლებოდა, თუმცა მისმა ნაღვლიანმა თვალებმა, იმ წუთიერმა უბრალოებამ, რასაც ადამიანის მთელი სამყაროს მბრძანებლად გადაქცევა შეუძლია, მაშინვე გული მომილბო.
   გზაზე ვიდექი. ფუმფულა, მუქწითელი ფერის, ახალგაზრდა მსხვილფეხასაქონელს ვუყურებდი, ჩემს დანახვაზე რომ ზმუოდნენ და შემომბღაოდნენ. მოუსვენარი რქოსანი ცხოველები, ცოტა უტიფარნიც, ბედნიერები ჩანდნენ და თავადაც ვერ მივხვდი, ისევ  თბილ ბოსელში შეყუჟვა ეწადათ თუ არა. 
       ქალიც მალევე გამოჩნდა. თავი დაეხარა, მაგრამ ამომხედა და იმ უცნაური, წამიერი იდუმალი ღიმილით გამიღიმა,  მომაჯადოებელი და იშვიათი რომაა.
-ვწუხვარ, რომ გალოდინეთ, -თქვა მან, -შეგვიძლია ურმების იმ ფარდულში შევიდეთ. ქარისგან უკეთესად დაგვიცავს. 
       ასე რომ, ნიჩბებს შუა, ურმების გზისპირა ფარდულში ვიდექით. მერე ქალმა ოდნავ ირიბად მიწას დახედა და მისი შავად შეჭმუხნული წარბები შევნიშნე. მცირე ხანს ღრმა ფიქრმა წაიღო. შემდეგ თვალი თვალში ისე გამიყარა, რომ თავი ავარიდე და გვერდზე გახედვა მომინდა.  რაღაცისთვის მაკვირდებოდა და მზერას არ მაშორებდა. ისევ ისეთი წარბშეჭმუხნული იდგა.
-ფრანგული თუ იცით? - მკითხა მოულოდნელად .
-ისე, რა, - ვუპასუხე.
-სკოლაში მასწავლიდნენ, - თქვა ქალმა, - მაგრამ ერთი სიტყვაც არ ვიცი, - თავი ჩაჰკიდა, ოდნავ უშნოდ სახედამანჭული, თან შავ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და გაეცინა.
-ასეთ უმნიშვნელო რამეებზე დარდში, არაფერი ყრია, - ვუპასუხე მე.
      მაგრამ ავადმყოფური, მოგრძო სახე გვერდზე მიატრიალა და ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო. უცბად, ისევ მომაჩერდა, ისევ მაკვირდებოდა, თან მიღიმოდა და სევდიანი   თვალებიდან ჩემდამი უკიდეგანო ნდობა და მორჩილება გამოსჭვიოდა. მოთაფლული ვიდექი.
     -წინააღმდეგი ხომ არ იქნებით,  ფრანგულად დაწერილი წერილი რომ წამიკითხოთ? -მკითხა ქალმა. სახეზე მყისიერმა სიშავემ გადაუარა და მოეღრუბლა. ისევ წარბშეჭმუხნული მომშტერებოდა.
-სრულებითაც არა, - მივუგე მე.
-ეს წერილი ჩემს ქმარს გამოუგზავნეს, - თქვა მან. კვლავაც  გულდასმით მათვალიერებდა.
       ქალს შევხედე და ბოლომდე ვერ მივხვდი. ძალიან ღრმად მაკვირდებოდა, ჩემი მახვილგონიერება სადღაც გამქრალიყო. გარემო მოათვალიერა. შემდეგ ქვემოდან ამომხედა. ჯიბიდან წერილი ამოაძვრინა და გამომიწოდა.
       საფრანგეთიდან უმცროს კაპრალ გოტიესთან ტიბლში გამოგზავნილი წერილი გახლდათ. გამოვართვი და კითხვას ისე შევუდექი, თითქოს რაღაც უბრალო სიტყვების მეტი, სხვა არაფერი იყო. ‘’Mon cher Alfred’’1 გაზეთის პატარა ნაგლეჯს ჰგავდა. ასე რომ, ნაწერს მივყევი... ფრანგულის მცოდნე გოგოს ინგლისელი ჯარისკაცისადმი მიწერილი წერილი გაცვეთილი ფრაზებით იწყებოდა: ,,შენზე ფიქრი არასოდეს  მშორდება, არასოდეს. შენ კი ხანდახან თუ მაინც ფიქრობ ჩემზე?’’და მერე ბუნდოვნად მივხვდი, რომ საქმე კაცისადმი მიწერილ   წერილთან მქონდა და როგორ გინდა, რომ ეს გაცვეთილი, ყალბი ფრანგული ფრაზები პირადულად ჩათვალო! მთელს სამყაროში ასეთ სასიყვარულო მიმოწერაზე  ბანალური და ვულგარული სხვა არაფერი მოიძებნება, ცხადია, არც გაზეთი.
    ბელგიელი ტურფას ემოციებად დაღვრილი სიტყვები უგულოდ წავიკითხე, მაგრამ მერე ყურადღება მოვიკრიბე, რადგან წერილი ასე გრძელდებოდა: ,,Notre cher petit bébé2,“ჩვენი ძვირფასი პაწაწინა წინა კვირას გაჩნდა. ლამის გავთავდი, როცა გავიგე, რომ შორს იყავი და შესაძლოა, ჩვენი იდეალური სიყვარულის ნაყოფიც დაგვიწყებოდა, მაგრამ ბავშვმა დამამშვიდა. თავის ინგლისელ მამასავით მომღიმარი თვალები და  ვაჟკაცური იერი აქვს. დედა ღმრთისმშობელს შევთხოვ, რომ ჩემი შვილის ძვირფასი მამა გამომიგზავნოს, რომ მის მკლავებში ჩემი შვილი ვნახო და წმინდა სიყვარულით ერთ ოჯახად შეგვკრას. ეჰ, ალფრედ, როგორ გითხრა, როგორ მენატრები, შენზე როგორ ვტირი. ფიქრებით სულ შენთანა ვარ. შენს გარდა სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ, მხოლოდ შენთვის და ჩვენი საყვარელი შვილისთვის ვცოცხლობ. თუ დროზე არ მნახავ, დავიღუპები  და ჩვენი შვილიც მოკვდება. თუმცა, არა, შენ ვერ დამიბრუნდები, მაგრამ მე ჩამოვალ შენთან, ინგლისში. ჩვენს შვილთან ერთად ჩამოვალ. თუ შენს კარგ მშობლებთან ჩემი წარდგენა არ გსურს, მაშინ სადმე პატარა ან დიდ ქალაქში შეგვიძლია შევხვდეთ, სადაც შესაძლოა, მარტოს, მხოლოდ ჩვილის ამარას, შემეშინდეს კიდეც, რადგან ჩვენზე იქ ვერავინ იზრუნებს. თუმცა, მაინც უნდა ჩამოვიდე. ჩემი შვილი, ჩემი პატარა ალფრედი, მის მამას, დიდ და ლამაზ ალფრედს უნდა ვაჩვენო, ასე ძალიან რომ მიყვარს. ოჰ, მომწერე და გამაგებინე, როდის ჩამოვიდე. ცოტა ფულიც მაბადია. მთლად უკაპიკოდ არა ვარ. ჩემთვის და ჩემი ძვირფასი შვილისთვის ფული მაქვს“
     ბოლომდე ჩავიკითხე.  ამ სიტყვებით მთავრდებოდა: ,,შენი ბედნერი და მაინც უფრო უბედური ელიზი’’,- მგონი, მეღიმებოდა.
-ვხედავ, რომ გეცინებათ, - ღვარძლიანად თქვა მისის გოტიემ. ქალს ავხედე.
-სასიყვარულო წერილია, ვიცი, - თქვა ქალმა. - მასში  იმდენი ,,ალფრედებია’’.
-ერთზე მეტი, - მივუგე მე.
-ოჰ, დიახ...და რას ამბობს, ის ელიზა? ვიცით, რომ ელიზა ჰქვია... ეს კიდევ სხვა თემაა.’’
        სახედამანჭულმა ქალმა დამცინავი ღიმილით ქვეშიდან ამომხედა.
-ეს წერილი საიდან გაქვთ? - ვკითხე.
-გასულ კვირას ფოსტალიონმა გადმომცა.
-და თქვენი ქმარი შინ არის?
-ამაღამ ველოდები. ხომ იცით, დაჭრილია და მისი შინ დაბრუნება მოვითხოვეთ. სახლში, დაახლოებით, ექვსი კვირის წინ იყო. მას შემდეგ შოტლანდიაშია. ოჰ, ფეხში დაჭრეს. კარგად არის. ახოვანი ახალგაზრდა კაცია, მაგრამ დაკოჭლდა... ცოტათი კოჭლობს. ელოდება, რომ სამსახურიდან დაითხოვენ, მაგრამ მე ასე სულაც არ ვფიქრობ. დაქორწინებულები თუ ვართ? უკვე ექვსი წელია და ომში დაწყების პირველივე დღიდან წავიდა. ეგონა, რომ ასეთი ცხოვრება მოეწონებოდა. სამხრეთ აფრიკის ომშიც ნაბრძოლია. ავად გახდა. ყელში ამოუვიდა. მე მის მშობლებთან ვცხოვრობ. ამჟამად ჩემი საკუთარი სახლი აღარ მაქვს. ჩემს მშობლებს ოქსფორდშაირში ათას აკრზე მეტი მიწის ფართზე, დიდი ფერმა ჰქონდათ გაშენებული.  ოჰ, მისი მშობლები ძალიან კარგად მეპყრობიან. ჩემზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე საკუთარ ქალიშვილებზე. თუმცა, ეს ჩემი საკუთარი სახლი მაინც არ არის, ხომ ასეა? შენს ნებაზე მაინც ვერ იქნები.  სახლში მხოლოდ მე და მისი მშობლები ვართ. ომამდე რას აკეთებდა? ყველაფერს. კარგი განათლება აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ფერმერობა მოსწონდა. მერე მძღოლად მუშაობდა. ფრანგული იმ დროს ისწავლა. საფრანგეთში ერთი ჯენტლმენი მანქანით დიდხანს დაჰყავდა.
       ზუსტად ამ დროს, ქარის დაბერვაზე, ფარშევანგები გამოჩნდნენ კუთხესთან.
-გამარჯობა, ჯოი! - დაუძახა ქალმა და წვრილფეხებიანი ერთ-ერთი მათგანი ჩვენს წინ გაჩნდა. მოხდენილი,  ნაცრისფრად დაწინწკლული ზურგი ჰქონდა და როცა ქალისკენ წავიდა, მუქი ლურჯი კისერი ბოლომდე წაიგრძელა. ქალმა ჩაიმუხლა. ,,ჯოი, ძვირფასო’’, უცნაური, ცივი ალერსით უთხრა მან. ,,უნდა მოგეძებნე, ხომ?”
      ქალმა სახე წინ წასწია და ფრინველმაც კისერი ისე გაიშვირა, თითქოს ნისკარტით, საკოცნელად  მის სახეს ეხებოდა.
-უყვარხართ, - ვთქვი მე.
        სახე ჩემსკენ მოატრიალა სიცილით.
-დიახ, - თქვა მან, - ვუყვარვარ, ჯოის ვუყვარვარ, - მერე ფრიიინველისკენ დაიხარა და…- ჯოი მეც მიყვარს. რატომაც არა? ნამდვილად მიყვარს ჯოი - და მის ბუმბულს ხელი გადაუსვა. მერე წამოდგა და თქვა: -მოსიყვარულე ფრინველია.
      მის გამოკვეთილად ნათქვამ -,,ფრიიინველიაზე’’ გამეღიმა.
-ოჰ, დიახ, სწორედაც, რომ ასეა, - ჯიუტად გაიმეორა ქალმა, -შვიდი წლის წინათ ჩემი სახლიდან წამომყვა. დანარჩენები  მისი შთამომავლები არიან... მაგრამ ჯოსი სულ სხვაა. ხომ ასეა, დუუურ, ურ? - ბოლოში ხმას გრძნეული ჯადოქარის ყვირლივით აუმაღლა.
        მერე, ურმების ფარდულში შეყუჟული ფარშევანგები მიავიწყდა და ისევ საქმეზე გადავიდა.
-წერილს რატომ არ კითხულობთ? - მკითხა მან, - წაიკითხეთ, მინდა ვიცოდე, რაწერია.
-ასე თქვენი ქმრის ზურგს უკან გამოდის, - ვუთხარი მე.
-ოჰ, მასზე არასოდეს იდარდოთ, - დამიყვირა მან., - საკმაოდ დიდი ხანია, რაც ის ჩემს ზურგს უკანაა. მთელი ეს ოთხი წელი. ჩემს ჩუმად უარესები რომ არ ჰქონდეს ჩადენილი, ასე მეც არ მოვექცეოდი და აღარც უნდა იწუწუნოს. წამიკითხეთ, რას წერს.
        წამიერად თავი უხერხულად ვიგრძენი, რადგან იმის გაკეთება არ მსურდა, რასაც ქალი მთხოვდა, თუმცა მაინც დავიწყე: ,,ჩემო ძვირფასო ალფრედ’’...
-კარგად ვხვდები, - თქვა მან.-ელიზას ძვირფასი ალფრედი, - ქალს გაეცინა. - ფრანგულად ამ სახელს როგორ გამოთქვამთ? ელიზი?
        ვუთხარი და დიდი ზიზღით გაიმეორა: - ელიზი.
-გააგრძელეთ, - თქვა მან. - არ კითხულობთ.
       დავიწყე: ,,ზოგჯერ თქვენზე ვფიქრობ. თქვენ თუ ფიქრობთ ჩემზე?
-მის გარდა ასევე სხვა რამდენიმეზეც ფიქრობს, სანაძლეოს ჩამოვალ, - თქვა მისის გოტიემ.
-შესაძლოა არა, - ვთქვი და განვაგრძე: ,,აქ გასულ კვირას პატარა ვაჟი დაიბადა. შეიძლება მოგიყვეთ, თუ რას ვგრძნობ, როცა ჩემი საყვარელი პატარა ძმა ხელში მიჭირავს?“
-სანაძლეოს ვდებ, ბავშვი მისია, - დაიყვირა მისის გოტიემ.
-არა, ვთქვი მე. -ის გოგონას დედისაა.
-ნუ დაუჯერებთ, - დაიყვირა ქალმა,- ეს სიბრმავეა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს გოგონასი და მისი საკუთარი შვილია.
-არა, - ვთქვი მე.-დედამისისაა. ,,პატარას ტკბილად მომღიმარი თვალები აქვს, მაგრამ თქვენნაირი, ინგლისური, ლამაზი თვალები - არა.’’
მძაფრი მოძრაობით ხელი კალთაზე დაირტყა და სიცილისგან წელში მოიხარა. მერე, გასწორდა და სახეზე ხელი აიფარა.
-ინგლისურ, ლამაზ თვალებზე გამეცინა, - თქვა მან.
-ლამაზი თვალები არა აქვს? - ვკითხე.
-ოჰ, დიახ, ძალიან! გააგრძელეთ! ჯოი, საყვარელო, დუუურ-ურ! - დაუძახა ფარშევანგს.
- ჩვენ ძალიან მოგვენატრეთ. ყველას გვენატრებით. გვსურს, რომ აქ იყოთ და ამ საყვარელ ჩვილს ხედავდეთ. ოჰ, ალფრედ, რა ბედნიერნი ვიყავით, როცა ჩვენთან რჩებოდით ხოლმე. ყველას ძალიან გვიყვარდით. დედაჩემი პატარას ალფრედს არქმევს, ასე, რომ არასოდეს დაგივიწყებთ.
-რა თქმა უნდა, ბავშვი მისია, - წამოიძახა მისის გოტიემ.
-არა, - ვუთხარი მე. -დედამისისაა. ,,დედაჩემი ძალიან კარგადაა. მამაჩემი შვებულებიდან  შინ გუშინ დაბრუნდა. თავისი ვაჟით, ჩემი პატარა ძმით აღფრთოვანებულია და სურს, რომ თქვენი სახელი დაარქვას, რადგან იმ გაჭირვებულ დროში ჩვენს გვერდით იყავით, რასაც ვერასოდეს დავივიწყებ. მეტირება, როცა ამაზე ვფიქრობ. კარგით, თქვენ შორს ხართ, ინგლისში და შეიძლება,ვერც ვერასდროს გნახოთ. თქვენი ძვირფასი მშობლები როგორ ბრძანდებიან? ძალიან მახარებს, რომ ჭრილობა უკეთესად გაქვთ და თითქმის უკვე სიარულიც შეგიძლიათ.’’
-ძვირფასი ცოლი როგორღა ჰყავსო! - დაიყვირა მისის გოტიემ, - მისთვის არასოდეს უთქვამს, რომ ცოლიანია. წარმოგიდგენიათ, საცოდავი გოგო რა დღეში ჩააგდო?
-,,ძალიან გვიხარია, როცა თქვენს წერილებს ვიღებთ. თუმცა, რადგან ახლა უკვე ინგლისში ხართ, ალბათ იმ ოჯახსაც მიივიწყებთ, რომელსაც ასეთი კარგი სამსახური გაუწიეთ.’’
-ცოტა ძალიან კარგი სამსახური, ჯოი! - წამოიყვირა ცოლმა.
-,,თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ალბათ ახლა ცოცხლებიც აღარ ვიქნებოდით. ამ ცხოვრებაში იმდენი მწუხარება და სიხარული გამოვცადეთ, რომ ჩვენთვის ამის გახსენება ძალიან მძიმეა. თუმცა ზარალი  მოვინელეთ და აღარც ისეთი ღატაკები ვართ. პატარა ალფრედი ჩემთვის დიდი შვებაა. მკერდზე ვიხუტებ და დიდ, კარგ ალფრედზე ვფიქრობ და ის გაჭირვებული ხანა, შეიძლება დიდი ბედნიერებაც იყო, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება’’.
-ოჰ, მაგრამ  გოგონას ასეთ დღეში ჩაგდება სირცხვილი არაა! - დაიყვირა მისის გოტიემ, -არასოდეს უთქვამს, რომ ცოლიანია და იმედი მისცა, ეს ხომ პირუტყვული საქციელია.
-თქვენ არ იცით, - ვთქვი მე, -არ იცით, ქალები როგორი  მგზნებარენი ხდებიან, როცა ვინმე უყვარდებათ. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ცოლიანია თუ უცოლო. როგორ უნდა დახმარებოდა, როცა ქალმა მისი შეყვარება ასე მტკიცედ გადაწყვიტა?
-თუ მოინდომებდა, დახმარებასაც შეძლებდა.
-კარგი, - ვთქვი მე. - ყველა გმირი ვერ ვიქნებით.
-ჰო, მაგრამ ეს რაღაც სხვაა! დიდი, კარგი ალფრედი! ასეთი სისულელე როდისმე გსმენიათ? განაგრძეთ, ბოლოს რას ამბობს?
- ,,გვსურს შევიტყოთ ინგლისში როგორ ცხოვრობთ.  თქვენს მშობლებს ყველა კეთილ მოკითხვას ვუგზავნით. ბედნიერებას გისურვებთ სამომავლოდ. თქვენი ფრიად მოყვარული და სამუდამოდ მადლიერი ელიზი’’.
       ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მისის გოტიე თავჩაქინდრული, ავისმომასწავებლად ფიქრებში ჩაძირული იდგა. უცბად თავი მაღლა ასწია და თვალები უელავდა.
-ოჰ, ჩემთვის ეს მაინც ცხოველის საქციელია, გოგოსადმი ასეთ მოპყრობას ვგულისხმობ.
-არა, - ვთქვი მე. - შეიძლება თვითონ თქვენი ქმარი არაფერ შუაშია. როგორ გგონიათ, ის ფრანგი გოგონები ასეთი საცოდავი, უმწიკვლო არსებები არიან? ვხვდები, რომ გოგო უფრო ეშმაკია, ვიდრე კაცი.
-ოჰ, ჩემი ქმარი ყველაზე დიდი ჩერჩეტია, ვინც კი დედამიწაზე დაიარება, - დაიყვირა ქალმა.
-აი, თურმე რას ფიქრობთ! - ვუთხარი მე.
-მაგრამ ბავშვი ნამდვილად მისია, - თქვა მან.
-მე ასე არ ვფიქრობ, - ვთქვი მე.
-დარწმუნებული ვარ.
-ოჰ, კარგით, - ვუთხრი მე, - თუ  გირჩევნიათ, მაშინ  ასე იყოს.
-სხვა რა მიზეზი უნდა ჰქონდეს, რომ ასეთი რამ მოიწეროს.
        გარეთ გამოვედი და საქონელს დავხედე.
-ამ ძროხებს ვინ მწყემსავს? - ვკითხე ქალს.
-ერთი ბიჭია, მეზობელი ფერმიდან, - მიპასუხა მან.
-ოჰ, კარგით, - ვთქვი მე, - ის ბელგიელი გოგონები! ვერასოდეს გაიგებ, წერილებს როგორ დაამთავრებენ და ყველაფრის მიუხედავად, ეს მაინც თქვენი ქმრის საქმეა. თქვენ არ უნდა წუხდეთ.
-ოჰ!  - ზიზღით წამოიყვირა ქალმა, - მე არ ვწუხვარ, მაგრამ ჩემი მხრიდან საზიზღარი უნამუსობაა, როცა მას ასეთ სასიყვარულო წერილებს  ვწერდი. ხელი სახესთან მიიტანა და ბოროტულად გაიცინა, - გამუდმებით ამანათებს ვუგზავნიდი. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ იმ ტიპს ჩემი ამანათებით კვებავდა, ვიცი, ასე შვრებოდა. ასეთი საქციელი სჩვევია. სანაძლეოს დავდებ, რომ ჩემს წერილებზე ერთად იცინოდნენ. ყველაფერზე დაგენიძლავებით, რასაც სჩადიოდნენ.
-არა, - ვთქვი მე. - თქვენს წერილებს დაწვავდა, იმის შიშით, რომ მათ ქუჩაში არ გამოეგდოთ.
     ქალს ავადმყოფურ სახეზე მიწისფერმა გადაჰკრა. უცბად ძახილი გავიგონეთ. ფარდული-დან თავი გამოყო და ცივად გაეპასუხა:
-კარგი! - მერე ჩემსკენ მოტრიალდა, - დედამისია, მე მეძებს.
       სახეში ჯადოქარივით შემომცინა და გზაზე დავეშვით. 

      დილით, როცა ამ ამბის შემდეგ გამეღვიძა, აღმოვაჩინე, რომ სახლი ღრმა, ფაფუკ თოვლში გახვეულიყო, რომელიც დასავლეთისკენ  გამომავალი, დიდი  ფანჯრების საწინააღმდეგო მხრიდან წამოსულიყო და მთლიანად დაეფარა. გარეთ გავედი, ჩემს ქვემოთ  გადათეთრებუ-ლი და შემზარავი  ხევი გადაჭიმულიყო, რომლის სიღრმეშიც შავი, მავთულივით წვრილი ხეები იდგა, კლდეების ვერტიკალური ზედაპირი მბზინვარე თოვლის საბურველს შორის მუქად მოჩანდა და მათ ზემოთ დაკიდული ცაც მძიმედ მოღუშულიყო, მუქი მოყვითალო ფერი დაჰკრავდა და ამ ჩავარდნილი ადგილის სიქათქათეს ძალიან მძიმე, შავ ფიგურებს  ახატავდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სიკვდილის ველზე აღმოვჩნდი. თითქოს საპატიმროში ვიჯექი. თოვლი ყველგან ღრმა იყო და ნამქერი იყრებოდა. ასე, რომ მთელი დილა შინ გავატარე. ჩიგვებს გავცქეროდი თეთრი თოვლით როგორ იზვინებოდა. ჭიშკრის ბოძებსაც ერთი ფუტის ან უფრო მეტის სიმაღლეზეც სითეთრე უხვად მოსდებოდა ან ქვემოთ შავ-თეთრ ხევს დავყურებდი, რომელიც ისეთი  უკიდურესად უმოძრაო და უსიცოცხლო იყო, რომ  ცარიელ სარკოფაგებს მაგონებდა.
      მთელი დღე არაფერი გაფაჩუნებულა. ბუჩქებში არც ერთი ფრინველი არ გაჭაჭანებულა. ხევი საფლავივით მდუმარე და კუშტი იყო. შორს, მის ქვემოთ, ცარიელ მთაგორიან მაღლობზე, პაწაწინა, თოვლში ნახევრად ჩამარხულ ფერმებს გავხედე და გავიფიქრე,შავი, თუმცა თოვლიანი ტიბლი, პატარა ჯადოქარ მისის გოტიეს გავს-მეთქი. ჩანდა, რომ თოვლმა ჩემზე გავლენა იქონია და გაქცევის სურვილიც გამოაშკარავა. 
        შუადღისას, ოთხ საათზე, მსუბუქი მზის სხივი შემოიჭრა. შორს, ქვემოთ,  იქ,  სადაც ძალიან შავი და ჯუჯა, ეკლიანი, პატარა ველური ჯიშის მსგავსი ხეები  სითეთრეში მოღუშულნი ჩამომდგარიყვნენ,  თოვლისთვის თვალის შესავლებად წამოვდექი. ახლოდან ვაკვირდებოდი. დიახ, იქ რაღაც ფრთებს აბარტყუნებდა და წვალობდა. ჩიტი უნდა ყოფილიყო, რომელიც თოვლს ებრძოდა. ჩვენს ხევში ყველაზე დიდი ფრინველები მოზრდილი ქორები იყვნენ, ჩემს ფანჯარას, არც თუ ისე მაღლა,  ხშირად რომ გადაუფრენდნენ ხოლმე, თუმცა მასთან შედარებით, უფრო ზემოთ, ხევის ციცაბო მხრისკენ, მსხვერპლისთვის ნადირობდნენ. ის ადგილი კი ქორისთვის საკმაოდ დიდი იყო, ნებისმიერი ნაცნობი ფრინველისთვის საკმაოდ დიდი. ჩემს გონებაში ყველაზე დიდი, ინგლისური,  გარეულიფრინველები  წარმოვიდგინე: ბატები, კაკაჩები.
       ის ისევ წვალობდა და ფართხალებდა. მერე ბნელ ადგილას გაყუჩდა. შემდეგ ისევ გააგრძელა. სახლიდან გამოვედი და ციცაბო ფერდობზე დავეშვი, კლდეებს შორის  ფეხის მოტეხვასაც არ მოვერიდე. ეს ადგილი კარგად ვიცოდი, თუმცა ვიდრე ეკალ-ბარდებს მივუახლოვდებოდი, საკმაოდ ვკანკალებდი.
       დიახ, ფრინველი იყო. ჯოი გახლდათ. ნაცრისფერ-მოყავისფრო, ლურჯ კისრიანი ფარშევანგი. თოვლისგან დასველებულიდა გამოფიტული.
-ჯოი, ჯოი, დურრრ! - დავუძახე და მისკენ გაუწონასწორებლად, ბარბაცით გავემართე. საცოდავად გამოიყურებოდა, თოვლში ფრთებს აფართხალებდა და თავის დაღწევას ლამობდა, წამოდგომის ილაჯი გასწყვეტოდა, ლურჯი კისერი წინ გაეშვირა და თოვლში მწოლიარე, თვალებს ხან სწრაფად გაახელდა, ხანაც ხუჭავდა, ბიბილო მთლიანად დაფლეთოდა.
-ჯოი, დურრრ! დურრრ! - მივუალერსე. ღრმა და დაღარულ თოვლში ისევ ისე იწვა, თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა, როცა მივუახლოვდი,  შევეხე, ხელი გადავუსვი და მკლავებში მოვიქციე. გრძელი და სველი კისერი ჩემგან შორს გაჭიმა, ჩემს მკლავებში შედარებით ცოტა დამშვიდდა, ქანცგაცლილი და ნაბრძოლი. ბიბილოიანი თავი ისევ საცოდავად წინ წაეგრძელებინა  და ჩანდა, რომ ზოგჯერ დაბლა უვარდებოდა, სუსტდებოდა, თითქოს უცაბედად მოკვდებოდა.
      ისეთი მძიმე სულაც არ იყო, როგორიც მეგონა, თუმცა შინ მიყვანამდე ძალისხმევა მაინც დამჭირდა. ძირს დავსვით, ბუხართან არც თუ ისე ახლოს და ფაქიზად ნაჭრები დავაფარეთ. დაგვემორჩილა, დროდადრო კისერს ჩვენგან მოშორებით წაიგრძელებდა, თავს უმწეოდ გვარიდებდა. მერე შემთბარი საჭმელი დავუდგით. ნისკარტთნ ახლოს მივუტანე შევეცადე,  მეჭმია, მაგრამ პირიც არ დააკარა. რასაც ვაკეთებდით, რეაქცია არაფერზე ჰქონდა. ჩვენთვის ამოუხსნელი,  საკუთარი თავის შიში ჰქონდა. ნაჭრებიანად კალათაში ჩავსვით და ჩაკუზული, გონებადაფანტული დავტოვეთ. საჭმელიც ახლოს მივუდგით. ფარდები ჩამოვუშვით. სახლში სითბო ტრიალებდა. დაღამდა. ზოგჯერ გაინძრეოდა, თუმცა ძირითადად მოკუნტული, უმოძრაოდ იყო და დასახიჩრებულ- ბიბილოიანი თავი ცალ მხარეს გადაეგდო. საჭმელს არც გაკარებია, ვეღარც რაიმე ხმაურის და მოძრაობის აღქმის უნარი გააჩნდა. კონიაკის ან რაიმე აღმგზნები სასმელის დალევინების შესახებ ვსაუბრობდით, თუმცა მივხვდი, რომ ყველაზე უკეთესი მისი მარტო დატოვება იქნებოდა.
       ღამით ყრუ ხმაური მოგვესმა. მოუთმენლად წამოვარდი და სანთელი ავანთე. ცოტა საჭმელი ეჭამა და უფრო მეტი ირგვლივ მიმოეფანტა, ნაგავი ეყარა. თვითონ დიდი სავარძლის ზურგის წვერზე შემომჯდარიყო. მივხვდი, უკვე გამოჯანმრთელდა ან გამოჯანმრთელებას აღარაფერი აკლდა.
       მეორე დღეს ცა მოიწმინდა და გაყინა. ამიტომ  ჯოის ტიბლში უკან წაყვანა გადავწყვიტე. დიდი რწევებისა და ყანყალის შემდეგ, სათევზაო ჩანთაში დასახიჩრებული  თავით მორჩილად იჯდა და ველური მოუსვენრობით გარეთ იჭვრიტებოდა ხოლმე. მასთან ერთად გზას გავუდექი. ხევში მივსრიალებდი, ღობის ბნელი მონაკვეთის გვერდით, წყლიან ბილიკებზე ყოჩაღად მივაბიჯებდი. მერე, თეთრად გადაპენტილ, შემოსაზღვრულ ხევში, სადაც ნორჩი ფიჭვები ბუმბულივით  მიმოფანტულიყო, თოვლის მკრთალ თეთრ ციალში, მაღალ ადგილას, ქარი ჩამდგარიყო, გაჭირვებით ავცოცდი. აშკარა იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში ჯოის დიდი მღელვარებით და იდუმალებით  სავსე, შავი თვალები ფართოდ გაეღო და ყველაფერს აკვირდებოდა. როგორც კი ტიბლის გარეუბანთან მივატანეთ, ჩანთაში უხეშად შეფართხალდა, თუმცა არ ვიცი,  ადგილი ეცნო თუ არა. შემდეგ, როცა გეზი ფარდულებისკენ ავიღე, კისერწაგრძელებული ჩანთიდან აქეთ-იქით ყურადღებით იყურებოდა. ცოტა შემეშინდა კიდეც. ნისკარტი ავისმომასწავებლად გააღო და ხმამაღლა, მგზნებარედ დაიწივლა. უძრავად ვიდექი. დავყურებდი, ჩანთიდან თავის დაღწევას როგორ ცდილობდა. მის მოძრაობებზე მეც ვირხეოდი, თუმცა ფრინველის გათავისუფლება არც მიფიქრია.
        მისის გოტიე სახლის ბოლოდან შურდულივით გამოვარდა. დამინახა თუ არა, ჩემსკენ გამოეშურა.
-ჯოი თქვენ გყავთ? - ისეთი ხმით დამიყვირა, თითქოს ქურდი ვიყავი.
      ჩანთა გავხსენი და ფარშევანგი ფრთების ფართხალით ამოხტა. ისე ირხეოდა, თითქოს ახლა თოვლზე შეხება ეზიზღებოდა.  მისის გოტიემ ფრინველი ხელში აიყვანა, ტუჩები ნისკარტთან მიუტანა. ქალს სახე წამოსწითლებოდა, მშვენიერი იყო, თვალები უბრწყინავდა, დავარდნილი, სქელი თმა ჰქონდა, თუმცა ჯადოქარს ახლა უფრო ჰგავდა, ვიდრე ოდესმე. ხმას არ იღებდა. მას ჭაღარა, მრგვალი და ავადმყოფურ პირსახიანი, ოდნავ ბოროტული იერის ქალი ახლდა.
-თქვენ მოიყვანეთ? - პირდაპირ მკითხა მან. წუხელის გადავარჩინე-მეთქი, მივუგე.
     უკნიდან გამხდარი, ჭაღარაულვაშიანი და შარვალზე დიდ საკერებლებიანი კაცი ნელი ნაბიჯით გვიახლოვდებოდა.
-ისევ შენთან არის, როგორც ვხედავ, - უთხრა კაცმა თავის რძალს. ცოლმა აუხსნა, ჯოი როგორც ვიპოვე.
-ჰოო, - გააგრძელა ჭაღარა კაცმა, - ალბათ  ალფრედის გამოჩენამ შეაშინა, თორემ ხევისკენ არ გაფრინდებოდა. კარგია, რომ დაგვიბრუნეთ.  გმადლობთ, რა სასიხარულოა, მეგი. ცოტა გაყინული კია. ისინი სიცივეს ვერ ეგუებიან, თქვენ ხომ იცით? მე მომმართა.
-ასეა, - ვუპასუხე, - ეს მათი ქვეყანა არ არის.
-არა, არ არის, - მიპასუხა მისტერ გოტიემ. ძალიან ნელა და გაუბედავად, დაბალ ხმაზე საუბრობდა, თითქოს ხმის ნაზი პედალი ყოველთვის დაბალი ჰქონდა. სახეაწითლებულ და მოღუშულ რძალს დასცქეროდა, ფარშევანგის წინ რომ ჩაცუცქულიყო, რომელსაც წაგრძელებული ლურჯი კისერი ქალის კალთაზე ჩამოედო. ჭაღარაშერეული ულვაშისა და თხელი თმის მიუხედავად,  ბერიკაცს ახალგაზრდული და თხელი სახე ჰქონდა. ცისფერი თვალები სიამოვნების რაღაც იდუმალი სხივით აღვსებოდა. სასიამოვნო, ნაზი კანი და დახვეწილად მორკალული ცხვირი ჰქონდა. ჭაღარა თმა ოდნავ აბურძგვნოდა. ახალგაზრდა, შეყვარებული  კაცის ხალისიანი გამოხედვა გააჩნდა.
-უნდა ვუთხრათ, რომ დაგვიბრუნდა, - წყნარად თქვა კაცმა, მერე მიტრიალდა და დაიძახა:
-ალფრედ! ალფრედ! სად დაიკარგა, ეს ბიჭი?
შემდეგ, ისევ ჩვენ მოგვიტრიალდა.
-წავიდეთ, მეგი, თქვენც წამოდით. ეს ფარშევანგიც დაიღალა.
      უხეშ სამხედრო ფორმასა და მუხლამდე სიგრძის შარვალში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა. დანიელის გარეგნობა ჰქონდა, ფართო ბარძაყები.
-ის დაბრუნდა, -უთხრა მამამ თავის ვაჟს, - ამ კაცმა მოიყვანა, გრიფ ლოუსკენ გაფრენილა.
      ვაჟმა შემომხედა. უდიერად იქცეოდა, კეპი გვერდზე მოეგდო და ხელები მოკლე შარვლის წინა ჯიბეებში ჩაეყო. თუმცა, არაფერი თქვა.
-ცოტა ხნით მობრძანდით, ბატონო, - მითხრა ხანშიშესულმა ქალმა.
-ოჰ, შემობრძანდით, ფინჯანი ჩაი ან რაიმე სხვა მიირთვით. ამ ფრინველის ტარებაში მოგშივდებოდათ. წამოდი, მეგი, გოგო, მოდი, შინ შევიდეთ.
        სახლში შევედით, დახუთულ, გადავსებულ სასტუმრო ოთახში, რომელიც ძალიან მყუდრო იყო და ძალიან თბილოდა. ვაჟი ყველაზე ბოლოს გამოგვყვა, კარებში ჩადგა. მამამ საუბარი გამიბა.
       მეგიმ ჩაის ფინჯნები გამოალაგა. დედამთილი კვლავ რძის ფერმისკენ გაეშურა. 
-ისევ ცოტა დამფრთხალია, მეგი, - უთხრა მამამთილმა, მერე მე მომმართა: ცუდი ამინდი იყო, ვიდრე ალფრედი დაბრუნდებოდა და ისიც გაფრინდა. ალფრედი ოთხშაბათ ღამეს ჩამოვიდა. თუმცა, არ ვიცოდით, რომ ოთხშაბათს უნდა დაბრუნებულიყო. მგონი, მათ შორის რაღაც უმნიშვნელო რამ მოხდა. ხომ ასეა, მეგი?
        კაცმა რძალს თვალები განზრახ დაუხამხამა. ქალი სახეაწითლებული, ელვარე და ლამაზი იყო.
-ოჰ, გაჩუმდით, მამა. რას დაიქოქეთ? - თითქოს წყრომაშეპარული ხმით უთხრა ქალმა, თუმცა მასზე გაბრაზება არასოდეს შეეძლო.
-ამ დილით ცოტა გამოანათა, - ნელა განაგრძო მამამთილმა. - ეს ორი დღე აქ საშინელი ამინდი იყო. ეჰ, ოთხშაბათამდე ჩრდილო-აღმოსავლეთის ამინდი იყო.
-მამა, შეწყვიტეთ საუბარი, გთხოვთ. ყბედად იქეცით. არ ვიცი, ეს ენა ასე უცბად სად იპოვეთ? - მოფერებითი პირდაპირობით უთხრა მეგიმ.
-ოჰ, იქვე ვიპოვე, სადაც დავკარგე. არ შემოხვალ და დაჯდები, ალფრედ?
       მაგრამ ალფრედი შეტრიალდა და თვალს მიეფარა.
-ყველაფერი იმ ოხერი წერილის ბრალია, - საიდუმლოდ წამჩურჩულა მამამ. - დედამისმა არაფერი იცის. დიდი სისულელეა. ხომ ასეა? ეჰ, ნერვიულობაში რა ყრია, როცა ის საკმაოდ შორსაა და არც არასოდეს ჩამოვა. არა, სულაც არაფერია. მე მას ასე ვუთხარი. თქვენ არაფერი შეიმჩნიოთ. როგორ გგონიათ?
        დედამთილი ისევ შემოვიდა და საუბრის თემაც შევცვალეთ. თავმომწონე და თვითკმაყოფილი მეგი, დრო და დრო თვალებს შემომანათებდა ხოლმე. უმნიშვნელო ქათინაურებს ვეუბნებოდი, რომლებიც ჩანდა, არც ესმოდა. რაღაცნაირად ავისმომსწავებლად მეჩვენებოდა. ჯადოქრულად გულმოწყალედ, მხრებს შუა თავი ჩაეღუნა, ერთდროულად მოკრძალებულიც იყო და ძლიერიც.  ბავშვივით ბედნიერი იყო მამამთლს და მე ერთად რომ გვხედავდა, თუმცა წარბებს შორის მაინც რაღაც ავისმომასწავებელი გამოსჭვიოდა, თითქოს იქ ღამის შავი პეპელა მოკალათებულიყო. მოუქნელი მოძრაობაც ასევე რაღაც ავად მენიშნებოდა.
        ქალი დაბალ ტაბურეტზე ცეცხლთან, მამამთილთან ახლოს იჯდა. თავი ჩაეკიდა და ფიქრებში ჩაძირულიყო. დრო და დრო გავახსენდებოდით და სიცილით, ლაპარაკით ამოგვხედავდა ხოლმე. მერე, ისევ მივავიწყდებოდით. ასეთი მოუქნელი, სევდიანი  გონებადაფანტულობის მიუხედავად, ჩვენთან ძალიან ახლოს იყო.
       კარი გაიღო და ფარშევანგი ნელა შემოვიდა, წყნარად დახტოდა. ქალს მიუახლოვდა, ჩაიკუზა და ლურჯი კისერი წინ გაიშვირა. ქალმა უყურადღებოდ შეავლო თვალი. ფრინველი ჩუმად იჯდა, აშკარად ეძინებოდა და მეგიც ასევე მდუმარედ, აშკარად გონებადაფანტული იჯდა. მძიმე ნაბიჯების ხმა მოგვესმა და ალფრედი შემოვიდა. ცოლს  და მის წინ ჩაცუცქულ ფარშევანგს შეხედა. კარებში გალაჯული იდგა,  ხელები მოკლე შარვლის წინა ჯიბეებში ჩაელაგებინა. ხმა არავის გაუღია. კაცი ქუსლებზე მიტრიალდა და ისევ გარეთ გავიდა.
        წასასვლელად ავდექი. მეგიც ისე წამოდგა, თითქოს ისიც წასვლას აპირებდა.
-უნდა წახვიდეთ? - მკითხა მან და მომიახლოვდა. ჩემს წინ გაჩერდა. თავი გვერდზე გადაეხარა და ქვეშიდან მიყურებდა. - არ შეგიძლიათ, რომ ცოტა დიდი ხნით დარჩეთ? აქ ყველა მყუდროდ ვსხედვართ, გარეთ მაინც გასაკეთებელი არაფერია, - გაიცინა, კბილები უცნაურად გამოაჩინა. გრძელი ნიკაპი ჰქონდა.
       ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი. ფარშევანგმა გრძელი, ლურჯი კისერი ჯერ წინ გაჭიმა, მერე როცა კერასთან გაწვა, ისევ დაიმოკლა. მეგი კვლავ ძალიან ახლოს, ჩემს წინ იდგა. საწვიმრის ღილები შევიკარი.
-ოჰ, კარგი, - თქვა მან, - ისევ მოხვალთ, ხომ? ისევ მობრძანდით.
         შევპირდი.
-ერთ დღესაც ჩაიზე მოდით. დიახ, მოდით.
       შევპირდი, რომ ერთ დღესაც მივიდოდი. 
       მაშინვე, როგორც კი  წამოვედი, მისი  და ჯოის არსებობა  სრულებით დავივიწყე. ქალმაც დაუყოვნებლივ დამივიწყა, თავისი საკვირველი გულმავიწყობიდან გამომდინარე. ეს მაშინვე ვიცოდი, როცა დავტოვე. თუმცა, ჩანდა, რომ ჩემთან თითქმის ფიზიკურ კონტაკტში იყო, როდესაც მასთან ვიყავი.
        ცა ისევ ფერმკრთალი, მოყვითალო იყო. როცა გარეთ გამოვედი, მზე არსად ჩანდა. ცივი თოვლი იდო. მეგიზე ფიქრში გართულმა,  გორაკი სწრაფად ჩამოვათავე. ციცაბო ფერდობის ქვემოთ, გზაზე გადასასწრები ლიანდაგი იყო.
        ხრაშუნა თოვლში წვალებით მიმავალმა, ფიგურა გავარჩიე, ციცაბო ფერდობის დაბლა რომ მოაბიჯებდა და გზა გადამიჭრა. კაცი იყო, ხელები მოკლე შარვლის წინა ჯიბეებში სანახევროდ ჩაეწყო და ოთხკუთხა მხრები ჰქონდა, გორაკებიანი მხრის ნამდვილ ფერმერს ჰგავდა. რა თქმა უნდა, ალფრედი იყო. ქვის ორღობესთან მიცდიდა. 
-ბოდიშს გიხდით, - თქვა მან, როცა მივუახლოვდი.
         მის წინ გავჩერდი და დაღვრემილ თვალებში ჩავხედე. წარბები მედიდურად აზიდოდა, თუმცა ცისფერი თვალები უტიფრად მაშტერდებოდნენ.
-იცით რამე იმ ფრანგულად დაწერილი წერილის შესახებ, რომელიც ჩემმა ცოლმა გახსნა? ის, ჩემი წერილია.
-დიახ, - ვუთხარი მე.-მთხოვა, რომ მისთვის წამეკითხა.
პირდაპირ თვალებში შემომხედა. ზუსტად არ იცოდა, რა გრძნობა უნდა გასჩენოდა.
-რა ეწერა? - მკითხა მან.
-როგორ, - დავიბენი მე. -არ იცით?
-მიმტკიცებს, დავწვიო, - თქვა მან.
-ისე დაწვა, რომ თქვენთვის არც უჩვენებია? - ვკითხე მე.
       თავი ოდნავ დამიქნია. სჩანდა, რომ ფიქრობდა, მოქმედების რა გზა აერჩია. წერილის შინაარსის გაგება სურდა, ამიტომაც მკითხა. აშკარა იყო, ცოლმა დასცინა. ამავდროულად,  ჩემისთანა უხეირო მტერზე შურისძიების სურვილიც ჰქონდა. თვალი თვალში გამიყარა. მეც თვალებში შევცქეროდი. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. თხოვნის გამეორება არ უნდოდა და მეც ისევ ისე ვუყურებდი. ვფიქრობდი, გონებაში ავწონ-დავწონიდი.
      უცბად თავი უკან მიატრიალა და ხევს ჩააშტერდა. მერე პოზიცია შეიცვალა და ნდობით შემომხედა.
-მან ის დაწყევლილი რაღაც, ჩემს უნახავად დაწვა.
-კარგით, - წყნარად ვუპასუხე, -თვითონაც არ იცოდა, იქ რა ეწერა.
       ჩემი გულდასმით თვალიერება გააგრძელა. ჩემთვის ჩავიცინე.
-არ მინდოდა, მისთვის იმის წაკითხვა, რაც იქ ეწერა, - განვაგრძე მე.
უცბად ისე გაწითლდა, რომ კისერზე ძარღვები ამოებერა და ისევ უხერხულადშეირხა.
-ბელგიელმა გოგომ თქვა, რომ მისი შვილი ერთი კვირის წინათ დაიბადა და მისთვის ალფრედის დარქმევას აპირებდნენ, - გავაგრძლე მე.
თვალი თვალში გამიყარა. ჩავიცინე. თვითონაც ჩაიცინა.
-წარმატებას ვუსურვებ, - თქვა მან.
-საუკეთესო იღბალი, - დავეთანხმე მე.
-და იმას რა უთხარით? - მკითხა მან.
-რომ ბავშვი დედამისის იყო. რომ ის იმ შენი გოგოს ძმაა, რომელიც შენ, როგორც ოჯახის მეგობარს, ისე გწერდა. 
      ფერმერისთვის დამახასიათებელი, ხანგრძლივი, ღვარძლშეპარული ღიმილით იდგა.
-და დაიჯერა? - მკითხა მან.
-იმდენად, რამდენადაც სხვა დანარჩენი.
        მტკიცედ იდგა და თავისთვის ეღიმებოდა. 
-მისთვისაა კარგი, - იდუმალი ხმით წამოიძახა.
       მერე ხმამაღლა გაიცინა. აშკარა იყო,  ცოლთან ჯიბრში გამარჯვების გრძნობა დაეუფლა.
-იმ ქალზე რას მეტყვით? - ვკითხე მე.
-ვიზე?
-ელიზზე. 
-ოჰ, - სხვა რამეზე გადაერთო, -ის ძალიანაც კარგი იყო.
-აპირებ, რომ ისევ დაუბრუნდე? - ვკითხე მე.
-მე არა, - თქვა მან, - ცხოვრებაში უკან დაბრუნება თავის მოტყუებას ნიშნავს.
-არ ფიქრობ, რომ cher petit bébé პატარა ალფრედია?
-შეიძლება, - თქვა მან.
-მხოლოდ შეიძლება? 
-დიახ და არავინაა, ვინც უტყუარ ფაქტს გეტყვის, - ისტერიულად გადაიხარხარა.
-ზუსტად რას წერდა? - მკითხა მან.
        როგორც შემეძლო, წერილიდან ფრაზა გავიმეორე:
‘’Mon cher Alfred-Figure-toi comme je suis desolée3’’.
       ცოტა დაბნეული მისმენდა. როცა მოვუყევი, რაც მახსოვდა, მითხრა:
-იმ ბელგიელმა გოგოებმა კარგად იციან წერილი როგორ გადმოგიგდონ.
-გამოცდილების ამბავია, - ვთქვი მე.
-დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული, - თქვა მან.
       სიჩუმე ჩამოვარდა.
-ოჰ, კარგით, - თქვა მან, - თუმცა, ის წერილი არასოდეს მინახავს.
      მზეში, თოვლიან ამინდში ნიავი სასიამოვნოდ და ნაზად უბერავდა. სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე და წასასვლელად გავემზადე.
-და მან არაფერი იცის? - განაგრძო მან და თავი მაღლა, გორაკებისკენ, ტიბლის მიმართულებით გააქნია.
-იმის მეტი არაფერი, რაც მე ვუთხარი, მხოლოდ ესაა, თუ წერილი ნამდვილად დაწვა.
-დარწმუნებული ვარ, რომ დაწვა, - თქვა მან, - ჯიბრზე. ეშმაკია. ნამდვილად ასეა, მაგრამ დაველაპარაკები და შევთანხმდებით, - ნიკაპი ჯიუტი და პირქუში გაუხდა. მერე, უცბად, ახალი რამ მითხრა: 
-იმ ფარშევანგს კისერი რატომ არ წააცალეთ, იმ ჯოის?
-რატომ? - გამიკვირდა მე.
-სისასტიკე მეზიზღება, - თქვა მან, - მაგრამ, მას მე ვესროლე.
       გამეცინა. ფიქრებში წასული იდგა.
-საწყალი პატარა ელიზი, - ჩაიბუტბუტა მან.
-გოგონა ტანით პატარა იყო, petite? - ვკითხე მე. თავი სწრაფად ასწია.
-არა, - თქვა მან, - საკმაოდ მაღალი.
-ალბათ, შენს ცოლზე მაღალი.
      ისევ თვალებში ჩამხედა და მერე კვლავ ხმამაღალ სიცილს მოჰყვა, რამაც მდუმარე, თოვლიანი, დაცარიელებული ხეობა გამოაცოცხლა.
-ღმერთო, ეს ხომ დამარცხებაა! - თქვა ფიქრებში ღრმად წასულმა. მერე, თავისუფლად დადგა, ცალი ფეხი წინ გამოსწია, ხელები მოკლე შარვლის წინა ჯიბეებში ჩაეწყო, თავი უკან გადახარა. მოხდენილი მამაკაცი იყო.
-მაგრამ, მე ვიცი, იმ წყეულ ჯოის რასაც ვუზამ, - თქვა ჩაფიქრებულმა.
გორაკი ხარხარით ჩავირბინე.
შენიშვნები
Mon cher Alfred-(ფრანგ.) ჩემო ძვირფასო ალფრედ; 
Notre cher petit bébé –(ფრანგ.) ჩვენი ძვირფასი პატარა;
Mon cher Alfred-Figure-toi comme je suis desolée-(ფრანგ.) ჩემო ძვირფასო ალფრედ, წარმოიდგინე, როგორ ვწუხვარ. 
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge