გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო ზათიაშვილი - ლექსები



***

ვიშვი... უფალმა მადლად მომმადლა აზრი და გონი...
და ამაყოლა ხვიასავით დედ-მამის ძირებს...
ძირებს მადლიანს, მამა-პაპურს, ოფლისგან მორწყულს...
გავნოყიერდი... გადავყლორტე კვირტები მზისკენ...
გავკადნიერდი... და ავაცოცე ყლორტი ყლორტზე, 
- მივიწევ მისკენ... მივიწევ... ვიწვი... მცხუნვარეა 
სხივები მზის... უგუნურობით (თუმც გონით ვიშვი)
ძირებს ვივიწყებ... რა დროს ძირი და ფესვებია...
სულ მაღლა, მაღლა! თუნდაც დამფერფლოს მზის მცხუნვარებამ...
ძირს კი, მთლად ცხვირწინ, ამსვეტია ბედნიერება 
და ზედ ვაბიჯებ... ვსრისავ და ვჩეხავ ვაზს მსხმოიარეს
და მოვიარე ცხრა მთა და ბარი, თუმც ვერ ვიხილე 
მსგავსი და მგვანი ვერსად მტევანი...
მაინც უძღები გულ-გესლობით ვარ მე მდევარი
ცრუ წუთისოფლის თესლი ვარ... გესლში ამოლესილი
ხორცთ საწყაურში უძღები ხვითო.
დამვიწყებია, ნაყოფი ვარ! დედის ემბაზში ნამყოფი ვარ! 
ღვთის სადიდებლად გამონაყოფი!
და თუ დამღალა ცრუ წუთისოფლის პასუხ-კითხვებმა,
უსურვაზივით ზევით მცოცავს მომეკითხება 
სულ მისხალ-მისხალცოდვაც და ბრალიც,
თუ მივასვენე უკანასკნელ წამს სასთუმალს თავი.
(უფალმა გაგვინათლოს
ჩვენი მიცვალებულები)

2019 წლის15 ივნისი.


შენ

შენ გაბრუებდნენ...
მე ჩემი გენის ოფლს ვაწურავდი უცხოთ მიწა-წყალს.
მეგონა, შენზე მონდობილი შვილების ლხენას ვიზეიმებდი.
ჩაიხუტებდი, დაატკბობდი მანდ ჯერ ვინცა გყავს...
ემიგრანტობა მესახებოდა, ვით ზე იმედი.
შენ გატყუებდნენ... მე ჩემს წილ ყანას ვიმკიდი სხვაგან.
მიზეზთ-მიზეზი არ დაილია. თვაცრემლიანი
წუთ-წამთა დავა არ დამთავრდა და არც გაილია.
და მათრახივით დრო წამებს იქნევს...
გამათრახებულ სხეულს ვილოკავ შლეგი ხვადივით,
ყალყზე შემდგარი ბალანი კი ოფლ-ცრემლს მაწურავს.
გამომწყვდეული გალიაში ვღრიალებ, ვროკავ... დღემ მზე გაწურა.
შენ გადუმებდნენ... მე  სხვათა ცის ქვეშ სულ-ფერმკრთალი 
და მაინც ამაყი, ცხრა ტყავს ვიძრობდი, რომ გადამთიელთ
თვალი მოსჭროდათ ჩვენი ,,ვარაყით“, ,,თვალში ნაცარი“,
,,სულში ეკალი“ ჩვენი არსობა დღეს ხომ ეს არის...
შენ თვალებს გთხრიდნენ... 
მე ღია ცის ქვეშ კოცონს ვანთებდი ისევ ქართულად.
სულის ღადარში კვერებს გიცხობდი წელგამართულად.
გულს ვიამებდი, გულს დაობლებულს სიტყვა ნართულად.
ტერფნი მეწვოდა, მაინც ვწვეთავდი ცის-ცვარ ქართულად!

21 ივნისი2019 წელი.


***
სული სხეულის ჯებირებს არბევს
და სისხლის კოლტებს ისხლეტავს გული.
უძღები ხორცი გზას ვეღარ იგნებს,
რომ სულს დანებდეს, შემყაროს რული 
და განმაშოროს ცრუ წუთისოფელს არარაობის.
განწირული და გაწირულია თვით 
სანუკვარზე სანუკვარი სამშობლო მიწა...
ფსონი? - დიდია... და აზარტ-ხოშა მოთამაშენი
ბანქოს კარტებით სულსა ჰყიდიან...
მოუსავლეთის მოუსავლეთში მწყობრად მიდიან...
და არც რიდი აქვთ დედაღმთისმშობლის
ცრემლით მორწყული კურთხეულ მიწის...
და უფლობს ფული, ბინძური ფული...
ხორცის ჯებირებს გამომინგრევს საცაა სული.


ქვიშის საათი

თენდება და ღამდება,
შენდება და ინგრევა,
იბადება და კვდება,
იზრდება და ბერდება...
ყველაფერი ცვდება,
ყველაფერი ქრება...
სამყარო კი ჯერჯერობით ისევ ბალანსირებადია 
და დედამიწაც კვლავ ბრუნავს... ბრუნავსსს...
...გაფაციცებული თვალებით აკვირდებოდა ყველაფერს პატარა გოგონა.
ისეთი პაწია, სიფრიფანა და ნაზი იყო, ვინმეს სული რომ შეებერა,
პეპელასავით აუფრიალდებოდა აბრეშუმის კოპლებიანი კაბა
და თვითონაც აყვებოდა ალბათ ჰაერში.
თვალები არ წყვეტდნენ ფაციცს...
დროც ტრიალ-ტრიალ, ციბრუტულად დააფრიალებდა...
სკოლის მოსწავლე გახდა.
უკვე დიდი და ჭკვიანი გოგონაა.
გაკვეთილის მსვლელობისას, ისე აფოფინებს ხატულა წამწამებს,
როგორც ნიბლია ჩიტი.
ყველაფერს გულმოდგინედ იმახსოვრებს და სახლში მისულს,
სულ აღარ სჭირდება მეცადინეობა.
მისი გონება ხომ საშრობივით ისრუტავს ინფორმაციას.
ისრუტავს და ტვინის სათადარიგო უჯრაში კოპწია,
წესრიგის მოყვარული დიასახლისივით კეცავს და ალაგებს.
კეცავს და ალაგებს...
დრო კი წლებს ხედნის.
ხედავს ვარდთ ანარეკლში,
ეკალთ თვალთ-წნეხში
კვესავს, ვით აბედი ნება უფლისა და (თან) 
ბედი... ბედი?
უფლის მორწმუნე ბედს როგორ ახსენებო, რამდენჯერ უთხრეს...
ტვინის უჯრებიც გაუხსნეს და 
ქალობაც უქეს,
მერე გაიარეს და დაივიწყეს.
ვიღაცამ ვითომ შეიყვარა...
ესმის - ის წვლილი ვერ შეიტანა
იმ ,,ზეთა“ სკივრში,
რომ ,,ფასეული“ ყოფილიყო,
,,მოდურთა“ სტილში...
და ჩაიცრიცა.
ყავლი მოედო უჯრებს ტვინისას...
ვერა და ვერ ქნა,
ტლინკნი ვერ ყარა
უტყვი ვირისა...
უნიათობა ვერ აპატია 
დედას შვილისა!
უიმედობა ვერ აპატია
გულს გაშმაგებულს!
და დაშმორებულს გაერიდოს 
უნდა სამყაროს!
იქნებ, როგორმე, ტაბუ აჰყაროს
აზრსა და გონსა
და ისევ მოსვა შხამნარევი
არსის ფიალა...
და სიფრიფანა, აბრეშუმისკოპლება კაბა
ახლა ოცნებით აიფრიალა...
და ქვიშის საათს დააცქერდა...
აჰაააა,
საცაა ჩამოიცლება!..
23 ივნისი
2019 წელი.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge