გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მამუკა ოჩიაური - ლექსები



მე ვარ ქართველი

მე ვარ ქართველი საქართველოდან,
არც ევროპელი, არც აზიელი.
მოვდივარ ბებერ ფესვის ღეროდან,
რომელსაც ჰქვია - კავკასიელი.
არ მესწავლება პატივისცემა, 
დედის და მამის, ცოლის და შვილის
ველს ავსებს ჩემი ცხენების რემა,
შრიალებს ყანა ხორბლის თუ სვილის.
ძველზე ძველია ჩემი ანბანი,
მაცხოვარია ჩემი მესია,
გული სილაღით მუდამ გამთბარი
მამული მუდამ უმთავრესია.
ჩემი სისხლია - მიწა ქართული,
ჩემი სულია - ზეცა კრიალა,
საამოდ გენში მაქვს ჩახლართული
მტერთან მახვილი, ძმასთან ფიალა.
და არასოდეს არ მესწავლება,
თავს უპატრონონ, დაე, საკუთარს,
ყველას მოუწევს იმ ჯვრის ტარება,
უფალმა ღმერთმა რაიც აკუთვნა.
შემეშვი, წადი, ნუ მინგრევ იმას,
რაც წინაპარმა მე დამიტოვა.
გულს ნუ ამომგლეჯ მბორგავს და მტკივანს,
ხომ ხედავ, ჩემში დარდმა ითოვა.
წაულეკავი შემომრჩა დღემდე,
ჯერ შეურყვნელი მე ქართველობა,
როდემდე უნდა გულმშვიდად ვთვლემდეთ,
არ უნდა მოვსპოთ მტერთა მცდელობა?!
რატომ წარმტაცე ქართული მიწა,
რად დამიხოცე ურიცხვი ხალხი,
რად გაიკვირვე მამულს თუ ვიცავ,
ცა შემინისლე შავბნელი თალხით.
მოვა დრო, ვიცი, დაუვიწყარი,
ღვთისმშობლისა და გიორგის მხარეს,
აროს გასწირავს, მჯერა, უფალი,
მტერს არ დაუთმობს ამ არემარეს.
მე ვარ ქართველი საქართველოდან,
არც აზიელი, არც ევროპელი.
მოვდივარ ბებერ ფესვის ღეროდან
და ბრძოლის ველზეც საამოდ ვმღერი.
შემეშვი, წადი, ამ ღვთის ჩეროდან,
ჩემი მიწიდან აიღე ხელი,
მოვდივარ ბებერ ფესვის ღეროდან,
მე ქართველი ვარ - კავკასიელი!
             

ჩემო სწორფერო

დავბერებულვარ სწორფერო,
დრომ მძიმე ტალღით გამგალა,
ნაერთფერები ორფერობს
ცაზე ეს მთვარეც ნამგალა.
არ უწერია სიბერე,
მხოლოდ გულია უღლელი,
იმ ბოლო წუთებს ვიბევებ,
რაზეც დგას ყოფის უღელი.
მაგრამ სხეულმა დაკარგა
ძველი სისხარტე ყმაწვილთა,
არ დაანგრია, დაქარგა
სავალ გზას რაიც აწვიმდა.
ახლა გავცქერი დარდიან,
ცრემლმორეული თვალებით,
ის დღენი როგორ დადიან
შავ-თეთრი მოსასხამებით.
ეხ, სიყმაწვილის დღეები
სულმოუთქმელად გავლილი,
ჩასვენებული მზეები
ცის თაღზე ავლილ-ჩავლილი.
შენ სიყმაწვილის თბილ ფერთა
ბინადარი ხარ ბოლომდე,
წასულ, გაფრენილ იმ დღეთა
სადამდე უნდა ვგლოვობდე.
დავბერებულვარ სწორფერო,
წლებმა უგულოდ გამგალა,
ნაერთფერები ორფერობს
ცაზე ეს მთვარეც ნამგალა.
       

ემიგრანტი დედის წერილი შვილს

როგორ გაზრდილხარ, სულ პატარა დაგტოვე, შვილო,
როცა ტიტინით მხოლოდ დედას იძახდი მაშინ,
ახლა შორს მყოფი ყოველღამით ვფიქრობ და ვთვლი, რომ
ძნელია როცა უდედობით იზრდება ბავშვი.
გაზრდილხარ, შვილო, საულვაშეც გამუქდა, ვხედავ,
ჯერ უმამობა, შემდეგ დედაც წავიდა შორეთს,
შენით ამომდის ყოველ დილით სიამის მზე და
სულის სიმშვიდე სამუდამოდ მე შენში ვპოვე.
ბებოს შვილი ხარ, დედის სითბო,ვიცი, გაკლია,
დედა შორსაა ათას ტანჯვის გადანაყარი,
ობლად იზრდები, ეს სულისთვის დიდი ნაკლია,
გულში მუდამჟამს ჩაუქრობი დარდის მაყალი.
მეც მომემატა მიმქრალ  წელთა წვა და ტკივილი,
თვალებს დააკლდა ელვარება, ხედვა, სინათლე.
რამდენი ღამე გავათენე ჩუმი ტირილით,
ჩემი სიკვდილი, ღმერთმა იცის, ბევრჯერ ვინატრე.
ერთი თხოვნა მაქვს, თუმცა ბებო გეტყოდა ამას,
მე მშობელი ვარ და სათქმელიც ჩემი ვალია,
პატივი ეცი შენს დედიკოს, დაღუპულ მამას,
მოხუც ბებიას, შენს გაზრდაში დრო რომ გალია.
ერიდე ღალატს, არამ ლუკმას, ავსა და ბოროტს,
ვაჟკაცი იყავ, კარგ საქმეში გამოკვეთილი,
დაიმახსოვრე, გამოჩნდება ცხოვრების ბოლოს -
მამა უფლისგან გაიმარჯვებს მუდამ კეთილი.
ხო, ჩემო შვილო, გეწამლება შორიდან დედა,
დედის იმედო, ჩაუქრობო ჩემო სანთელო,
მე ყოველ ღამით სიზმარეთში გნატრობ და გხედავ,
ვცდილობ, ფიქრებით გაბზარული გული ვამთელო.
მე გულით მჯერა, დაიმსხვრევა ერთ დღეს ხუნდები,
ჩამოვალ შენთან, ბედმა კარგი თუ გაიმეტა,
ჩემო ვაჟკაცო, მოვალ მაგრად ჩაგეხუტები.
მომენატრეო, ყურში გეტყვი, გეწამლოს დედა!
             

ფუფალას სევდა
("ფუფალას" და  "შიოლას" ლექსად გაბაასების წაკითხვის შემდეგ)

ვითომ შეგეშვა, უმისობამ დარდებს უფარა,
ყოფა-ცხოვრება დაგიმშვიდა, გაგიიოლა.
ახლა სადა ხარ, სადა ჭკნები, ნეტავ, ფუფალა...
დაუბერები დროს რად შერჩა შენი შიოლა
რად არ მოვიდა, შეგეშველა, წლები ტვირთია,
მძიმე ტვირთია სატარებლად, ბარგი მძიმე და
იქნებ შიოლაც მოგონილი, ტკბილი მითია
და გულდათუთქულს მითი ჩუმად გისამძიმრებდა.
ცივდება ნელა ძლივს გამთბარი გული ეული,
დაუსრულებლად ელოდები სახემცინარე,
შიოლა ვითომ შენი ვნებით გადარეული,
შორს დარჩა, როგორც დაშრეტილი, ცელქი მდინარე.
გულზე მოგეშვა, უმისობამ დარდებს უფარა,
მარტო დარჩენილს არსებობა გაგიიოლა
კენტად დამრჩალი, დროს შემორჩი, დღემდე, ფუფალა,
დაუბერები, ოცნებებში დარჩა შიოლა.
     
             
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge