ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
სალომე გოგოლაძე - ლექსები
ლექსის დედის დარიგება
ისხედით მშვიდად, დედას ახლა ჯერ არ სცალია,
აჰა, შენ ტკბილი ორცხობილა, შენ- ობლის კვერი,
ნათითურებით ავსებულა ჩემი ნალია,
სავსეა თოვლით, თოჯინებით, წვიმებით, ფრთებით.
გოშიებივით ნუ დამყვებით, ა-მო-მა-სუნ-თქეთ!
სარკე, ქაღალდი, დაორთქლილი ფანჯრის მინაც კი...
ყველგან თქვენა ხართ, გაგონილა?!.. მგონია სულს ვლევ,
ცელქი ბავშვივით ამოსვრილხართ წვიმის სილაში,
სად წაგიყვანოთ?.. დათხუპნული ურჩი თითებით,
ვერ მოგაშორეთ მელნის კვალი, მაყვლის ნაკაწრი,
ხვალ ნუშის კაბებს შეგიკერავთ, ყველას გპირდებით,
აღარ დაგამწყვდევთ, საყვარლებო, ამ ბნელ საკანში.
გარეთ ქარია, აფრიალებს თოკზე პერანგებს,
დილის რიჟრაჟზე მოგიწველით რძისფერ ალიონს,
დღეს არ მცალია, ეს ულექსო დილა შემარგეთ,
მე ახლა წავალ, გთხოვთ, ოთახი აღარ არიოთ,
წუხელი ქარმა დაიჭირა მთვარის ქორჭილა
და მთელი ღამე მისტიროდა დედაზღვა თევზებს.
მე ახლა რა ვქნა, როცა ასე ხელებმოჭრილი
დავდივარ ყველგან და დაკარგულ ბავშვივით გეძებთ.
დედა მოგიკვდეთ, ნუ იტირებთ, ცოტა მაცადეთ,
მე ერთი ვარ და თქვენ რამდენი, ვეღარ გერევით,
საღამოს ზღაპარს მოგიყვებით თოვლის პაპაზე,
სათამაშოებს რომ არიგებს ბედნიერების.
უნდა წავიდე, მე ბოდიში, აღარ მცალია,
თქვენ დაიმალეთ; სულაც, ასე ჩუმად ისხედით,
ხვალ აღდგომაა, იმღერებენ ავე მარიას,
ჩვენ კი ფანჯრიდან გავიპაროთ ლამაზ სიზმრებში.
***
ღამეა, ჩემი სოფელი, დაღლილ კაცივით ფშვინავს,
სძინავს საბძელში მოფენილ ნავაცოულის თივას,
სძინავს ნამგალს და თოხის ტარს, სძინავს ნაჯახს და ფიწალს
(ბაბუაჩემს რომ მოხვიდან გამოატანა ბიძამ).
სძინავს პატარა ბავშვივით ტუჩებ აბზეკილ ტყემალს,
ქარო, დაწყნარდი, დამშვიდდი, არ შეგეშინდეს, მე ვარ!..
ბუხრიდან ჭინკა გადმოხტა, თვალებს აცეცებს ჯირკი.
-ნეტაი, ბოშო, რა მოხდა?.. - კატამ დააფრთო ჩიტი.
- რაღაც სიზმარში ვიყავი, ვთქვა თუ არა ვთქვა ნეტავ?!..
ერთი პატარა თიკანი, გზა- გზა ეძებდა დედას...
- ალბათ, ნიშანი თუ იყო, ქალო, გაახელ თვალებს?!..
ვენახში შეპარულიყო, ბალს იპარავდა მთვარე.
პირჯვარი გადაიწერა, ბებიამ დამჭკნარ ხელით,
კაცივით გაწოლილიყო გრძელცხვირა საწნახელი.
წმინდა გიორგიმ ისმინოს, კოზმამ და დამიანემ,
ჩამოფქვა დროის წისქვილმა ის წყალგადაღმა ღამეც.
ჭას ჭინჭრის ჯარი ესია, ცას - ვარსკვლავების რემა
და თითქოს ღმერთი-მესია კოცნიდა თოთო მტევანს.
ნაიარევი სტკიოდა ორად გახლეჩილ კედელს,
სდიოდა, ცრემლი სდიოდა, ვაზს სადედოფლო მკერდზე.
თქვენ მაინც იცით, კაკლებო, ნიავს რა უთხრა ქარმა?!..
გადაფრენილო კაკბებო, კლდეებო ტიტლიკანა.
არც ჩამიჩუმი არ ისმის, ფოთოლი იწყებს ჩიფჩიფს
და დამტვრეული ლავიწით ეზოს ეცემა ფიფქი.
ციცინათელამ ჩაიცვა იელისფერი კაბა,
მოგსდევ შენ ჩემო ბავშვობავ, მოგდევ და მაინც გკარგავ.
კლდემ მოიმწყვდია ლაჯებში კალმახთა მთელი ფარა,
ჩემი ლექსების ბადეში სიტყვის ლიფსიტებს ვპარავ.
ვაღებ კარს ჩემი ბავშვობის, სუნს ვგრძნობ კომშის და ატმის,
მე ვარ ამ ხალხის ნაშობი, სავსე სიკეთის მადლით!
სახლი
ეს ჩემი სახლი არ არის, არა!..
აკლდამისფერი კედლების მიღმა,
მიტოვებული ბავშვივით ვდგავარ
და ვიწრო დღეებს ვიხდი და ვიცვამ.
მე მეშინია რაღაც იმგვარის,
რაც არასოდეს არ განმიცდია,
ვით წუხანდელი ცუდი სიზმარი,
ქარი - ქარია, ნისლი - ნისლია...
ლარნაკში, როგორც ბროლის კუბოში,
ვერ ახარებენ უფესვო ვარდებს,
მხოლოდ ერთსა გთხოვთ, ვარდებს ნუ მოჭრით,
ვარდს მხოლოდ ჩუმი ფიქრები ანდეთ.
გაიშრიალა ოთახში ფარდამ,
ფანჯრის მინაზე გაკრა ფრთა მტრედმა
და მაშინ იწყო ზეციდან ბარდნა
შეუბღალავმა თეთრმა ფანტელმა.
ზარები რეკდნენ კამპანელოდან,
მიასვენებდნენ ზურგით მადონას,
ქარი მღეროდა, ქარი მღეროდა
და ქუჩას, ფიფქის სურნელს, ათოვდა.
აქ მე უცხო ვარ! მიყვირის სული,
ჩემი სხეული სადღაც დავფალი,
მე ქართველი ვარ სისხლით და სჯულით,
შორს, ზღვის გადაღმა, მიდგას სახლ-კარი.
პაპირუსებზე ნეფერტიტები
უნაბისფერი თვალით მიმზერენ,
ავსებული მაქვს ლექსით ფილტვები,
გაზაფხულამდე ვერ გამიძლებენ.
აქ ჩემი სახლი არ არის, არა!..
სახლს დახშული აქვს ოთხივ სარკმელი
და როცა ცაზე ღრუბელთა ფარას,
ქარი ელვების წკეპლით გადენის...
მე ფანჯრის ოთხი თვალიდან ვუმზერ,
ქუჩაში დედებს მიჰყავთ ბავშვები
და როგორც თბილად შემოსილ კურდღლებს,
თვალის გუგებში უფრთხით შაშვები.
მე მახსენდება ის დრო ლამაზი,
სადა ხართ ჩემო პაწაწინებო?
ნეტავი, ახლა თმებს ვინ დაგვარცხნით,
დედა რომ არ გყავთ სახლში, შვილებო?!..
არავინ იცის, როგორ ჯობია,
ცივ პურს ჭამდე და ცრემლს აყოლებდე...
ცხოვრება ერთი დიდი ომია,
როცა მამალი ყივის ყოველდღე.
იქ, მთის გადაღმა, მზე ჩაიწურა,
აქ, ზღვამ ჩაიცვა ლაზურიტები,
მომენატრება ზოგჯერ გიჟურად,
რომ შემოგხვიო ყელზე თითები.
მაგრამ არა ხარ, ცარიელია:
სახლი, ოთახი, ქუჩა, ჰაერი,
დიდი ხანია აღარ მელიან,
დიდი ხანია თქვენგან წავედი...
იქ, სადაც დრო ჭამს გულებს დაჩეხილს,
იქ, სადაც ვერსად ვერ გაიქცევი
და დაუნდობლად გვირტყამს სახეში,
დედინაცვალის სასტიკი ხელი.
ნუ იტყვით, რომ ჩვენ აღარ გიგონებთ,
ნუ იტყვით, მოკლა დრომ ყველაფერი,
მე ახლა სისხლში ვაწრთობ სტრიქონებს
და ჩემი სულის მეწვის სანთელი.
მიფეთქავს ყველა ნერვი თუ ძარღვი,
მოკვეთილი ვარ, მკვდართა სამძიმარს,
ვარ მაწანწალა მშიერი ძაღლი
და ქუჩა-ქუჩა ღრენით დავდივარ.
როცა მზე ჩემში სხივებს შემოჭრის,
ისე, ვით ბალახს თბილად დამხედავს
და ვფიქრობ, ნეტავ საქართველოში
თუ იყვავილეს თეთრმა ჭადრებმა?!
თუ სადღაც, ძველი სოფლის ტაძარში
დადის მოხუცი თეთრწვერიანი,
მთვარე კი, ჩვენი სახლის დარაჯი,
ქედს უხდის, როგორც ადამიანი.
აქ ჩემი სახლი არ არის, არა!
აკლდამისფერი კედლების მიღმა,
მიტოვებული ბავშვივით ვდგავარ
და ვიწრო დღეებს ვიხდი და ვიცვამ.
ფოთოლი
ჩემი სახელი არაფერს გეტყვით,
ამ უსასტიკეს სამყაროს მსტოვართ,
წუხელი სტუმრად მეწვია ღმერთი,
მითხრა - უბრალო ფოთოლი რომ ვარ...
შენ ალბათ ვერ გრძნობ ჩემს გულისცემას,
როცა მგესლავენ ქარი გველები,
თოვლის უმანკო მკლავებზე ვწევართ,
ქარს აყოლილი ნათლისმცემლები.
დამაქვს დარდები გახვრეტილ ჯიბით,
უცხო ქალაქებს ვერ ვეგუები,
თვალებში სუსხით, სახეზე ნიღბით
და გაყინული ცივი გულებით.
რა მანძილია, ღმერთო, შენამდე,
იქნებ ვცხოვრობდი, სხვა დროს, სხვა მხარეს,
სანამ მზის კაბას შემიკერავდნენ,
ცა იმშვენებდა წვიმის ნაწნავებს.
ჩემ ხელებს ხვალ-ზეგ დალეწავს ქარი,
სად დავემალო ქარების რისხვას?
გადაღმა მთაზე ძველი საყდარი
თეთრი ჩიტების სამოსელს იცვამს.
ღრუბელნო, სანამ წამოხვალთ წვიმად,
მზეს შეაწყვიტეთ ბროლის საყურე
და აღვლენილი, ვითარცა წირვა,
ბეღურის ფრთებზე შემომასხურეთ.
დამაქვს თვალებით უძირო სევდა,
ვიფარებ ხელებს დამჭკნარ ფოთლების,
მადლობა უფალს, დამიარს ელვად,
ლექსით ნასერი ნაჭრილობები.
მიფარფატებდა ჭრელი პეპელა,
ძველ ნასაყდრალზე ხატები დუმდნენ
და მიათრევდა ღამეს ნელ-ნელა
დრო, სიზმრის ფრთებზე გამობმულ ურმებს.
დავდივარ ქუჩის ალესილ პირზე,
ტროტუარები, გზები, ხიდები,
რაღაც მაკავებს ამქვეყნად კიდევ...
თუ მაკავებენ შენი თითები.
მოირთხა მიწამ დაღლილი მუხლი,
უჭირავს ხელში მთვარის ნათურა,
დგას მათხოვარი გაწვდილი მუჭით
და ცა ქუდივით თავზე ახურავს.
მე თუ დავბრმავდი, ხელებით გიცნობ,
მაგ სახეს, თვალებს რა დამავიწყებს,
ოთახი გახდა ისეთი ვიწრო,
რომ ლამის მამტვრევს სულში ლავიწებს.
ახლა რა ვუყო უცოდველ ლექსებს,
შემომყურებენ ბავშვის ოცნებით
და მიყვებიან წამებულ ღმერთზე
ჩემი უფრთებო ანგელოზები.
თუკი მარჯვენას გადამისერავთ,
არტერიიდან იფეთქებს ლექსი,
იბადებოდნენ ლექსის მისნებად,
რომ წამებული ეხილათ ღმერთი.
ყოველი ღერი ჩემი თმებისა
ფეთქავს სურვილით შენი შეხების
და როგორც თოვლში ფიფქის ფეხის ხმა,
მოულოდნელად შეგეჩეხები.
ჩემს გულში ტაძრად ორი ღმერთია,
ორთავ სიყვარულს აფრქვევს სხივებად,
მე ლექსი შევქმენ სიტყვის ღვენთიდან
და სული როგორ არ მეტკინება.
წერენ თითები გულის კარნახით
ჭიანჭველებად გაბნეულ ფრაზებს,
ჟრუანტელივით ტანზე დამაყრის
შენი სიმღერის უთბილეს ხმაზე.
გადაჭრილ ხეებს წლებს დაუთვლიან,
მე, ალბათ, ლექსი უნდა მითვალონ,
თუ პოეზია არის რუტინა,
ათასჯერ უნდა გარდავიცვალო.
რეკავენ ზარებს ქუჩის გადაღმა.
თენდება, ვიცმევ სხეულს დაკემსილს,
ადამიანო, ნეტავ სადა ხარ,
გეძებ და მაინც ჩემი არ გესმის?!
ამ ყრუ კედლების მიღმა დარჩენილს
შეყუჟული მაქვს ფრთები ჩიტივით,
ჩამოცვენილი ფოთლის ნაჭრებით
მზემ შემიკერა თოვლის თივთიკი.
მაქვს დასკდომამდე ვარდის კერტები,
ლექსმა გაჟონა მკერდთან რძესავით.
ღმერთო, რადგანაც აქ ვერ ვეტევი,
შემმოსო იქნებ ატმის ხესავით.
ახალი სტატიები
სალომე გოგოლაძე - ლექსები 22:52თენგიზ გუმბერიძე - ზოგადეროვნული საკითხები ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკასა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში 01:09კარლ გუსტავ იუნგი - თანამედროვე საზოგადოებაში ინდივიდის გაჭირვებული მდგომარეობა (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 01:01ირაკლი ნადარეიშვილი - ზადენი (ფენტეზი) 20:57დაფნე დიუ მორიე - მისი მამა (თარგმანი - თამარ ნამგლაძე) 20:53გივი ჩიღვინაძე - ტოპონიმები, ამბები და ადამიანები 20:27გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა 19:46ირინა თოფურია - ლექსები 19:31
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ბექა ახალაია - ლექსები