ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ხათუნა თედიაშვილი - ლექსები
***
ამ წუთს ისე ვარ, ცრემლით მრეცხეს თითქოს წვიმებმა,
დამბალ სხეულზე მზემ ამომწვა დღის სიმარტოვე
და რომ მეგონა, წერა შეძლეს ჩემმა თითებმა,
შორს წაველ ისევ და შენგანაც გავიმარტოვე.
რადგან არ მინდა, დავიღალე უკვე სიყალბით,
ბევრის თვალებში მზეჩამქრალი ვნახე სატანა
და რომ მეგონა, უანგაროდ მართლა ვუყვარდი,
მე ახლა მივხვდი, რომ მომიწევს დარდის ატანა.
მე შორს წავედი, თუმც, ვინ იცის, ასეც სჯობია,
ბედისწერაა თან რომ დამდევს ეს სიმარტოვე,
იმედნაცრუებს, ხალხი სულაც არა მცნობია,
ხოდა, წავედი და ყველასგან გავიმარტოვე.
21.07.2021.
***
წავიდეთ, ძვირფასო, იქ სადაც მთებია
და ცაში ნავარდობს ამაყი არწივი,
მე სული მტკივა და მუზებიც კვდებიან,
ნესტიან ქუჩაში ვერ გავთბი ბავშვივით.
ხო, ახლაც წვიმაა, ჩიორაც კანკალებს,
მოვგავართ ერთმანეთს, ალალი გულებით,
წავიდეთ, გავფრინდეთ ზეცაში ვარსკვლავეთს,
აქ ყოფნა ძნელია, ნატკენი სულებით.
რას მეტყვი სიახლეს, პატარა ჩიორავ,
ჩემს მთაშიც აცივდა, თუ უკვე თოვლია,
ფოთლები დასცვივდა იმ შინდსაც იორთან,
თუ ისევ ქარს ებრძვის, ვით თეთრი თოლია.
ალაზანის ველებზე ფერების სიუხვემ
ნეტავ თუ არია ის ცელქი გოგონა,
ფეხმარდი ცხენით რომ გაფრინდა ჭიუხზე
და როგორ უყვარდი, მწველად და ბობოქრად.
კვეტარზეც ჩამოდგა ნისლების სავანე,
სულივრის კოშკიდან თუ მიხმობს ოლოლი,
გავფრინდეთ ჩიორავ დღეს, თუნდაც დაღამდეს,
არ მითხრა, რომ მტოვებ, შემინდე ობოლი.
10.11.2022.
***
წუხელ ჩემი საქართველო ისე მოთქმით ტიროდა,
ღვთისმშობელიც აატირა, თვალზე ცრემლი სდიოდა,
კრწანისიდან ფეხზე დადგნენ არაგველი მხედრები,
ყაყაჩოებს ხალად აწვიმთ მათი სისხლის წვეთები.
ბახტრიონზე ზეზვას ცხენი თითქოს ცაში გაფრინდა,
გორდა ხმალით გაიბრწყინა კვლავ კახეთის არწივმა.
სავანიდან წამოშლილან, როგორც თეთრი მტრედები,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
ცხრა ძმის დედას თან მოჰყვება ჩვენი წმინდა დედები,
საქართველოს ცხელი გული მოაქვთ სპეტაკ ხელებით.
წამებული ქეთევანი და თვით დიდი თამარი,
დღეს სამშობლოს დარდით სავსე, კვნესის გმირთა ვარამი.
მარაბდაში სააკაძემ გორდა ხმალი ალესა,
საქართველოს მტერს და დუშმანს თავზე ერთად დავესხათ
დრო ისეთი არეული და სასტიკი დაგვიდგა,
შადიმნებს მრავლად ვხედავთ იქიდან თუ აქიდან.
მიწა-მიწა რაც გავჟღინთეთ, გმირთა სისხლის წვეთებით,
ახლა ურცხვად გაგვიყიდეს მოღალატის ხელებით.
ალექსანდრემ შეთქმულება კვლავ მოაწყო მეფეთა,
და კვეტარში ყველამ ერთად იწყეს სულთა შეკრება.
ქარვის მძივით დაწყებული თითო ლოდით აგრძელეს,
სულივერის კოშკი ახლაც მათ საქმეებს აგრძელებს.
დღეს რომ ტირის საქართველო თვალზე ცხელი ცრემლებით,
ხვამლის მთებთან შეკრებილან ჩვენი მიწის მცველები.
ღვთისმშობელო გადმოგვხედე, მამაღმერთო გვიხსენი,
საქართველო იყიდება, გთხოვ, ამ ერთხელ იხსენი.
შემოთენდა ცაზე თეთრად, მზემაც თვალი ახილა,
ქრისტე ღმერთმა გადაგვწერა ჩვენ პირჯვარი მაღლიდან.
წმინდა ნინოც მთებზე მოდგა, ვაზის ჯვარით დაგვლოცა,
მერე ახალ განთიადზე იწყო ერის დალოცვაც.
ყველა ერთად შეიკრიბა, როგორც ქრისტეს მხედრები,
მიწა-მიწა ამთელებდნენ ჩვენს სამშობლოს ხელებით
11.05.2021.
***
შენ რომ არ მყავდე, გასკდებოდა ალბათ ეს გული,
უთქმელი დარდი ჩამორეცხდა თვალებს წვიმებად,
შენ რომ არ მყავდე, მოკვდებოდა ალბათ სულიც და
უსულო სხეულს წაიღებდა სევდის დინება.
შენ რომ არ მყავდე, ვერ შევძლებდი ალბათ სუნთქვასაც,
უჰაერობა დახვრიტავდა ფილტვებს ტყვიებით,
შენ რომ არ მყავდე, გადავჭრიდი ყველა ვენას და
ცრემლის სუიციდს მომიწყობდნენ ლურჯი იებიც.
შენ რომ არ მყავდე, დაკარგავდა აზრსაც ცხოვრება
და აღარც გრძნობებს ექნებოდა მძაფრი ფერები,
თუმცა მყავხარ და რად მჭირდება მე სხვა ქონება,
მუზავ არასდროს დავიღლები შენი ფერებით.
14.06.2020.
***
დამხატე ახლა, ხო დამხატე, თორემ მივდივარ,
ჩემი გზა გრძელია და როდის გავივლი,
დამხატე ასე გრძნობებით და თბილი ღიმილით,
ოღონდ გახსოვდეს, რომ ეს წლები ასე არ ივლის.
გაბევრდებიან რიცხვები და მერე ასაკიც,
იმ ჯალათივით დამისერავს სახეს ულმობლად,
ოდესღაც გველთან წილნაყარი რომ გამომყვა და
ჩემს თავს არავის, სულ არავის რომ არ უთმობდა.
მერე თვალებიც დაკარგავენ ჩვეულ სიმკვირცხლეს,
დაიბუდებენ სევდები და იქნებ შიშებიც,
დამხატე ახლა, მოასწარი, სანამ წავედი,
სანამ დროა და ეს ბოლოჯერ სულით ვშიშვლდები.
დამხატე, ოღონდ ნუ დამხატავ კვლავაც დარდიანს,
დრო შეარჩიე, ადრე დილის ტურფა ალიონს,
ღამენათევი ლექსის წერით დაღლილი მაჯა
ცრემლებს შეიწმენდს და უსწორებს თვალებს ამბიონს
და ხალისები ჩასახლდება მერე ჩვეული,
უნდა მოასწრო, რომ ტილოზე ასე დამხატო,
ცა ანთებული მზის სხივებით ოქროდ ქცეული
და სული ისე, ვით სანთელი, უფლის სახატო.
დამხატე ახლა, ხო, დამხატე, თორემ მივდივარ,
ჩემი გზა გრძელია და როდის გავივლი,
დამხატე ასე ღიმილით, რომ ტილოზე დავრჩე,
და მერე წავალ, გოლგოთასაც უტყვად ავივლი.
15.09.2019.
ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ბექა ახალაია - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები