გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დარინა მახარაძე - ლექსები



უსხეულო

მე თუ მინარეთს
მდინარემდე ავყევი წელსაც,
გაისად ამ დროს
სხეულისგან სულსაც შევიხსნი.
ცოდვიან ხელებს 
მარიამის ვიშრობ კალთაზე,
და ურცხვი მზერით 
ნირის ნაცვლად 
ადგილს შევიცვლი.
წელს თუ მდინარეს
მინარეთის გზისკენ გავყევი,
ყველა ჯვარცმა და 
სისხლის წვეთი 
განმიახლდება.
აქ დედამიწა შევცვალეთ და 
გარდავისახეთ,
აქ სხეულები უსულგულო
გვექცა დახლებად.
ვვაჭრობთ მოყვასით,
ვყიდით სულს და 
რასაც შევწვდებით.
ვეღარც მდინარე 
ვერ გარეცხავს 
სისხლიან ლაქას,
წელსაც თუ ისევ
შევუყევი მინარეთის გზას,
წელს თქვენი თვალით 
შეესწრებით აქ 
ჩემს წილ ჯვარცმას.
მივაპობ ქარცეცხლს,
მოღეღილი პერანგის შიგნით,
გულიც ჩამეხსნა,
ყველა შედის,
ყველა გამოდის,
განა უცხოა?! 
ჩვენ ყოველთვის 
ასე ვცხოვრობდით,
წელს რატომ ვღელავ?
სინდისს ვეძებ?
ვეძახი შორს და
ყელგაღადრულს 
ხმა არ ამომდის...
ან რას ვიპოვი,
რაც წავიდა,
რაც შევიფრცქვენი,
აღარ ბრუნდება და ქისაში
ვამატებ ვერცხლებს,
ისე ვიღლები,
საკუთარი თავი მაშინებს,
ისე მბეზრდება, რომ ჩემივე
სხეულში ვერ ვძლებ.



მოგონებები

დღეს გადაივლის მესერს აგვისტო,
ბახმაროს კალთას დაცვარავს წვიმა,
ბაბუ დაკოჟრილ ხელისგულებით
სათიბში სევდის ნედლ თივას თიბავს...
გურია სხვაა, ცისფერ ცის გულში,
გვაქვს გულწრფელობის უცხო თილისმა,
ჯერ კიდევ მესმის, ჭაღარათმიანს,
ღრმა ბავშვობიდან ნენას ტკბილი ხმა...
გამომშრალ ფიქრებს გავუშლი მზეს და
ვიხმობ ბავშვობას ბაღჩის ბოლოში.
ბიჭო, თუ გახსოვს?! ზურგზე შესმული
რომ ჩაგივარდი მეხის ორმოში...
მანდარინების ოქროსფერ ზღვაში
ცურავდა ჩვენი მურია ქარში,
მეზობლისას რომ ვხვდებოდით ღამეს,
მე, თქვენ და შუკის სუყველა ბავშვი.
იყო ხმაური, ყიჟინა, ცრემლი...
გაქელილ მუხლისთავების ზელა,
სახლში დაქანცულს გემრიელ ვახშამს
დაგვახვედრებდა ღიმილით დედა.
თეფშიდან თეფშზე გადაპარული
გასაბრაზებლად ცელქი თითები,
ნაძვების ძირში, იქ ,,თეჯირს“ მიღმა...
პოეზია და ძველი წიგნები...
ახლა ნოემბრის დილა დგას ჩვენსას,
ეზოში ხმელ მსხალს ხერხავენ შეშად,
ბახმარო ოდნავ მოხრილი მხრებში,
ჩვენი ნაქონი პლედი და თეფში.
ვუყურებ შარას ცელქი თვალებით,
სხვა დედები და სულ სხვა ბავშვები
გამოაშრობენ ეზოში თივას,
წელს უჩვეულო სიგრილით ცივა...



***
მდინარის პირას თოლიები ვერაცილებულ ფრთებს 
აბერტყავდნენ ერთმანეთს გულზე,
შენი ხმა სულში თბილ წვეთებად ჩაღვრილი მზრდიდა...
წვიმდა, ისეთი მსხვილი წვეთი გეკვროდა თმაზე,
მე ამ წამამდე უშენსულო ცხოვრება მღლიდა...
შენი თითები, ალმაცერად მიხაზავს მალებს,
მაისურს მიღმა კანი მეწვის შენი შეგრძნებით,
ამ ცხოვრებაში ნაგვიანებ დღეებს გადავშლი,
,,იქ“ დაგასწრებ და უსათუოდ მაინც შევხვდებით...
თეთრმა თოლიამ შავს უპოვა თეთრი ბუმბული,
დაჟინებული გაუფურჩქნა ფრთის ქვეშ წარსული...
ადრე როგორი პულსაციით გიცემდა გული?
და პულს გიძებნი, გაყინული ხელის ფათურით.
გრძნობა, რომელიც ხელისგულისოდენაც არ ჩანს,
მთად უკვდავება მოანატრა თურმე სულიას,
მე ჩამომდნარი ნასანთლარის წვეთებად ნაქცევს,
სულ სხვა სამყარო გამიჩინე შენით სრულიად...



***
ჰო, რა უეცრად ამოუშვა სულმა სიგიჟე...
მოულოდნელად გაგიმხილა გულმა დარდები,
მე ყოველ დილით შენი სახის ნატვრით ვიღვიძებ,
ვიცი, ჰო, ვიცი, შენ ოდნავაც არ გენატრები.
დაძინებისას ათას ფიქრში დაგყვები უხმოდ,
შენი თითები, როგორც სტრუმებს, თმებზე მეხება
და რანაირად შემიყვარდი ასე უთქმელად.
როგორ ამრიეს მაგ თვალების მშვიდმა ფერებამ.
მწვავს ეგ მზერა და მზერის შიგნით იქვე გიკვდები,
გული ჩერდება და სხეული ეცლება მიწას,
მე შენთან ერთად სიყვარული მეცოტავება,
შენს პულსაციას აყოლილი სიცოცხლე მინდა.
22.07.2023.


მიხვდები თავად

ღრმად ჩაისუნთქე, რომ გაგეხსნას სულ ოდნავ ფილტვი,
ფილტვი კი არა, მჭიდროდ შეკრული, უფრო საკინძე,
გადმოალაგე ყველა ფიქრი, რაც მე მეკუთვნის
და ჩემი ყელის შესამკობლად ფრთხილად აკინძე...
მე შენი ლექსის სიმშვიდეში მივწვებიიქვე, 
შემომაფარე რითმის ვნება, ვერ ვუძლებ ზამთარს,
მერე მიუშვი თავმოყრილი ყველა ტკივილი,
რომ შენში ვიგრძნო ყველა ცრემლი,მეფერე გამთბარს...
არ დაიშურო რაც აქამდე ქისად შეკრული,
შენი სულიდან სხეულამდე ღიმილს გართმევდა,
დღეს მე მიმიშვი, თავხედურად შემოჭრილს, იქნებ,
დღეს ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ ჩემში გაბევრდა,
გაბევრდა ქალი, პოეზია, ვნება, განცდები,
ვწვები შენს მუხლებს, გამხდარი მხრით ვანდობ დაღლილ თავს
და ველოდები, უსიტყვებოდ, ულაპარაკოდ,
შენი სუნთქვებით, მაგ თვალებით, მარტო არ მინდა...
შემოვიფარე გასათბობად შენი ხელები,
სურნელი აგდის სიგარის და პიტნის ნარევი,
ჰო, ღმერთო ჩემო! როგორ მინდა, სახესთან გყავდე,
დაკოცნა შევძლო შენი მზერის, შენი ხალების.
საფეთქელებთან ამოგსვლია გული მგონია,
გიფეთქავს კანზე ყველა ნერვი,კანს შიგნით მჩემობ,
სადღაც ასობით კილომეტრი ან უფრო მეტი,
აქაც ვიგრძენი სიგარის და მენთოლის გემო.
26.05.2023.


წამის გაჩერება

საღამოს, როცა მე ვიშლი თმას და
შხაპს ვანდობ დაღლილ,
გამომშრალ მკლავებს,
სურნელი ამდის გრილი ჟასმინის,
შიგნიდან შენზე ფიქრები მწვავენ.
ნოტიო სხეულს ვიხვევ ტილოში,
შენი მკლავების შეგრძნებით ვშრები,
რა იქნებოდა, გამხდარ ლავიწთან,
მკერდის ნაცვლად რომ მქონოდა ფრთები...
ხომ ვიქნებოდი?! შენს ზურგთან ახლოს.
დაძარღვულ მყესებს, ვიგრძნობდი კანზე,
,,აიდაზე" რომ ღამეს ტეხს ვერდი,
განიერ გულზე შენც ვნებად გყავდე.
დაგიამებდი ყველა იარას,
წვერით დამიჩხვლეტ სახეს სევდიანს,
მე კი აქ ვარ და ვირევი შენში,
უშენობაში ყოფნაც ბედია.
26.06.23.



შემდეგი ემოცია

,,ქალქაში,მტვერში წაიქცა ბავშვი

და ჩვენ ვიღაცას საშველად ვუხმობთ...
ვინმეს, ვისაც არ დაეზარება,
სხვას ოღონდ, თუნდაც სრულიად უცხოს...
წაიქცა ბავშვი, მტვრიანი ხელით, 
მტვრიან სახეზე ობოლი ცრემლი
მოიწმინდა და ის ვიღაც უცხოც,
ისიც ჩემსავით ცივი და მკვდარი,
ვდგავართ მტვრიანი სულის პატრონნი,
ვეძახით ვინმეს, ვისაც ჯერ კიდევ
შესწევს ძალა და უნარი იმის
და სადღაც ქუჩის მეორე მხარეს,
ძაღლის გაბმული ყმული ისმის,
ტიროდა ძაღლი, გვაჯობა ძაღლმა,
ჩვენ კი ვერაფრით ვერ მოვიშორეთ
სულზე მტვრისაგან გუდვის შეგრძნება...
ვიწვდი ხელს, მაგრამ, რაღაცნაირად,
არ შემიძლია მაინც შეხება.
ვუყურებ უცხოს, რა იცის იმან,
წაქცეულ ბავშვის ფიქრების მიღმა,
არავინ ცხოვრობს, არავინ ელის,
დაცემულ ბავშვის მუხლები მეწვის
და აქ ბოლოჯერ, დიდი ხნის მკვდარი,
ხელახლა ვკვდები და თვით სიკვდილშიც ვეღარ ვისვენებ,
ჰო, აქედანაც მინდა გაქცევა.



***
მე ყველაფერი გულწრფელი მიყვარს,
მზის გულზე დავფენ საკუთარ გრძნობას,
მტკივა? ვსაუბრობ, ხმამაღლა რაც კი,
არ დამიმალავს გულში არც წყრომა.
მიყვარს? ვადიდებ, ვეთაყვანები,
ცას შესძრავს ჩემი გიჟური სითბო,
სანამ ვარ მანამ მოგეფერებით,
ხვალ აღარ ვიყო საერთოდ, ვინძლო.
თავისუფალი ნების და სულის,
ჩემს სულს ვერ მართავს, მეფე, ბატონი,
არც ჩემს სინდისს და ნამუსს სჭირდება
ჩემ გარდა ვინმე, მომვლელ-პატრონი.
მე ის ვარ ყველგან, ვინც დავიბადე,
არა მჩვევია გულში შენახვა,
ასე იქნება, სანამ ვიქნები
და მერეც, როცა ჩემი მზე ჩავა.
თუ მიყვარს, დაგღლით ჩემი სიგიჟე,
თუ მტკივა, ჩემი ტკივილი შეგძრავთ,
ზურგს უკან შენზე ცუდის თქმას ბევრად
სჯობია გთხოვო, გულწრფელად შეცვლა.
მე ვერ ვარ ყალბი, მოვკვდები ასე,
ცოცხლად არყოფნა, კვდომა როდია,
ღირსებაწაშლილ სიცოცხლეს ჩემთვის
გარდაცვალება ბევრად სჯობია.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge