ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გიორგი ხულორდავა - შუა საუკუნეების სპარსული პოეზიიდან
საადი შირაზელი (გ. 1292 წ)
სპარსული ლიტერატურის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი. დიდი ირანელი დიდაქტიკოსი და ლირიკოსი. დაიბადა ქალაქ შირაზში, 1184 წლის მახლობლად. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ადრე დაობლებულ მომავალ მგოსანზე ფარსის ათაბაგმა იზრუნა, რომლის მეოხებითაც ჭაბუკი საადი ბაღდადის ცნობილ „ნეზამიეში“ სწავლობდა. დაახლოებით 40 წლის ასაკში პოეტი მომსწრე გახდა მონღოლთა შემოსევისა, რომელმაც ირანის უმეტესი ნაწილი გააპარტახა. საადი სამშობლოს განერიდა. მან აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობას ლამის სამი ათეული წელი მოანდომა. მეცამეტე საუკუნის 50-იან წლებში უკვე ჭარმაგი პოეტი დაუბრუნდა მშობლიურ შირაზს და მალევე შექმნა დიდაქტიკური ჟანრის ორი მშვენება: ლექსნარევი პროზით (საჯით) დაწერილი „გოლესთანი“ და მესნევის [1]სალექსო ფორმით შეთხზული „ბუსთანი“. ორივე ნაწარმოებს უზომო პოპულარობა ხვდა წილად. საადის კალამს ასევე ეკუთვნის მაღალმხატვრული ყაზალების [2]და რობაიების [3]კრებული. შემორჩენილია მისი არაბულენოვანი ლექსებიც. საადის შეგონებანი და ხატოვანი სიტყვა-თქმანი სპარსული მეტყველების განუყოფელ ნაწილად იქცა.
პოეტი გარდაიცვალა ღრმად მოხუცი, მშობლიურ შირაზში. მისი მავზოლეუმი და მიმდებარე ბაღი შირაზის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ სანახაობად ითვლება.
„ბუსთანიდან“
* * *
სახელით ღვთისა, ვინაც შექმნა სული ცხოველი,
ვინც არს შთამდგმელი ენისა და მადლისმთოველი.
მპატიებელი მსასოვართა ოდით და ოდით,
მყოვარჟამიერ შემნდობელი ბრალის და ცოდვის.
ვინაც დააგდო მისი კარი, მისი სამანი,
სხვაგან ვერ ჰპოვა იმ დიდების ცრუ ნატამალიც.
თვით გულგოროზი მეფეებიც, მპყრობელნი ყოვლის,
მისი ზღურბლის წინ ქედს იდრეკენ რიდით და თრთოლვით.
გარდანქეშანთა [4]ქვედამხობას არ ჩქარობს სრულად,
არც მონანულებს განაძევებს, არ დასჯის სრულად.
თუ განარისხე ცოდვა-ბრალის არდარიდებით,
აღარ მიგიღებს ნაავკაცარს ძველი დიდებით.
თუ მამას შვილი წაემტრობა, უწყებს გინებას,
მამისგან თავზე რისხვის ღვარი დაედინება.
თუკი ძე თვისი ვერ შერაცხა მშობელმა სანდოდ,
საექსორიოდ განაწესებს, უწყოდე, ამ დროს.
თუკი დღეყოველ გულმოდგინედ არ შრომობს მონა,
ბატონის თვალში არ ექნება ფასი და წონა.
მოყვასთა შორის თუ არ ძალგიძს ლხენა-ხარება,
შენ სათოფეზე აღარავინ გაგეკარება.
თუკი ლაშქარი ზეზეურად იქცა უდებად,
ასეთ ლაშქარზე გული შაჰსაც აუცრუვდება.
მაგრამ ამ ქვეყნად ღვთის წყალობა არ ქრება უქმად,
არ წარუგვრია არასოდეს ურჩთათვის ლუკმა.
მისი სიბრძნის ზღვის თითო წვეთი ორ სახეს ფარავს:
ხედავს ჩვენს ცოდვებს, მაგრამ მაინც შეგვინდობს მარად.
* * *
სულთნის სპასალარს ასე უთხრა ცოლმა ნელიად:
ადექ და სარჩო მოგვიტანე, გამოგველია.
გასწიე, მეფის ქონდაქარი გიბოძებს საზრდოს,
ჩვენს ბავშვებს უკვე ზეზეურად შიმშილი აზრობთ.
თქვა: მეფის კარზე დღეს არც არის საჭმლის ხსენება,
რადგანაც სულთანს მთელი ღამით მარხვა ენება.
სასომიხდილ ქალს მოექუფრა სახე კრიალა,
მწველმა ნესტარმა დაუსერა გული მთლიანად.
-ღვთისმოსაობით რად დასჭირდა სულთანს ქადილი?!
ჩვენთა შვილთათვის ლხენა არის მისი სადილი.
მარხვის გამტეხი, ვინც ნიადაგ სიკეთეს სთესავს,
სჯობს მმარხველს, ვისაც არც კი ესმის მოყვასის კვნესა.
მარხვას ის იცავს, ღვთიურ შვებას იგი ეწევა,
ვისაც არასდროს ავიწყდება მოძმის შეწევნა.
აბა, რას აქნევ ისეთ მარხვას, არარა ჭამო,
მაგრამ გული არ შეგიტოკდეს მოყვასის გამო.
* * *
მსმენია ამბად ეს იგავი სიტყვაკაზმული,
გლახის ძეს გულში ჩავარდნოდა მეფის ასული.
იყო ნიადაგ მოარული ფუჭი ოცნებით,
წარამარადი ზმანებებით განაოცები.
იდგა სვეტივით მოედანზე, სატრფოს მხედვარი,
თან სდევდნენ ერთურთს, ვით ჭადრაკში კუ და მხედარი.
ჩქროლავდა გული, რაჟამს ტრფობის დაეცა მეხი,
თვალმონაჟური ცრემლის ღვარი დიოდა ფერხთით.
მიხვდნენ მცველები, რომ ტრფიალით იწვოდა იგი,
უთხრეს: წანწალი მოიშალე სასახლის ირგვლივ!
განშორდა,მაგრამ როს ეწვია ტრფობის არავი,
მიჯნურმა ისევ სატრფოს კარზე დასცა კარავი.
ჰოდა, მაშინვე წინ გადუდგა მსახური კუშტი
და ერთი კარგად დაუნაყა ცხვირ–პირი მუშტით.
წავიდა ისევ უილაჯოდ მეტრფე მდუმარი,
არც სასო შერჩა ბედკრულს, აღარც თმენის უნარი.
თუ ბუზს აუქშევ, რაჟამს შაქარს ნებივრად უზის,
წავა და მყისვე დაბრუნდება უკანვე ბუზი.
არქვა მავანმა: „შლეგო, ნუთუ არ გესხმის რეტი,
რამდენჯერ ცემა აიტანე ქვითა და კეტით.“
მეტრფემ მიუგო: სატრფოს ხელით მადგება ურვა,
მაგრამ არ მმართებს ვაება დაგანგების მდურვა.
სატრფოთი ვსუნთქავ, დღენიადაგ მისკენ მარები,
რა ბედენაა, ვეჯავრები თუ ვეყვარები.
ჩემგან ნუ ელი, უიმისოდ დავმშვიდდე ყოვლად,
რადგან თვით მასთან ძნელი არის სიმშვიდის პოვნა.
არც თმენა ძალმიძს, სევდა მიპყრობს, შვების წამშლელი,
ვეღარც გაქცევით დავაყენე ჩემს თავს საშველი.
ნუ მეტყვი: ამ სახლს განუდექი, წადი სიამით.
მისკენ მეწევა ყელს ნაჭდევი თოკი ტრფიალის.
არ სჯობს, ფარვანა დაიფუფქოს სანთლის ალებით,
ვიდრე ცოცხლობდეს სიბნელეში გაუთავებლივ?
–მისი ჩოგნისგან რომ იგვემო ყოველი წუთით?
–მყისვე მის ფერთხ ქვეშ დავეცემი, ვითარცა ბურთი.
–თავი მახვილით რომ წაგაჭრას სატრფომ თავნებამ?
–ღმერთია მოწმე, დიდად როდი დამენანება.
მაინც ვერ ვარჩევ, სატრფოსაგან გულგანაღვლილი,
თავზე მეფური თაჯია თუ მჭრელი მახვილი.
იაკობივით რომც დავბრმავდე, გულით ურვილი,
მაინც მექნება იოსების ნახვის სურვილი.
მავანი მავანს როს მიეტკბო სულით და გულით,
არ დამჩნევია მისგან მცირე წყენა თუ წყლული.
ერთხელ ემთხვია მის უზანგებს, ურვით დაღლილი,
ის კი აღშფოთდა და მოზიდა მყისვე აღვირი.
ღიმილით უთხრა: ეგ სადავე დასწიე სულ მთლად,
უკან დახევა არ სჩვევია რადგანაც სულთანს.
უკვე დაფარა ჩემი არსი შენმა არსებამ,
აღარ დატოვა ჩემგან ნაშთიც შენით აღვსებამ.
მე ნუ გამკიცხავ, თუკი ვინმე ჩემს ბრალს განახებს,
ეს შენ მეუფებ ჩემი სულის ურწყულ სანახებს.
მიტომ შევეხე შენს უზანგებს, სიფიცხის მჩენი,
რომ საკუთარ თავს არად ვაგდებ, შეძრული შენით.
საკუთარ სახელს გადავუსვი უკვე კალამი,
რაჟამს მეახლა სიყვარული, სულის მსჭვალავი.
განმეწონება უსათუოდ ისარი თვალის,
ჩემს განსაგმირად არ გჭირდება პირბასრი ხმალი.
შენ ლერწამს ცეცხლი წაუკიდე და მერე გასწი!
დაიბუგება ყველაფერი ამ ტყეში ასწილ.
* * *
ერთი ფერია, დაბანგული ტკბილი ჰანგებით,
ხალხის წინაშე აშუშპარდა, რაღაც განგებით.
ცეცხლი მოედო მის გარშემო მჩქროლავ გულების
და კაბის კალთა დაეფერფლა ბოლოს სრულებით.
ბრაზით აენთო, დაესერა გული ანაზდად,
ერთმა მიჯნურმა ასე ჰკადრა ბოლოს ლამაზმანს:
შენ ოდენ კალთა დაგიფერფლა ალმა ტრფიალის,
მე კი დამიწვა სიყვარულმა არსი მთლიანი.
თუ მიჯნური ხარ, შენს არსებას ნუ ზოგავ ოდნავ,
საკუთარ თავზე ფიქრი მეტრფეს ეთვლება ცოდვად.
მასუდ საად სელმანი (1046-1121)
სპარსული კლასიკური ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენელი. დაიბადა ქალაქ ლაჰორში. მოღვაწეობდა ღაზნელთა სამეფო კარზე, სადაც მაღალი თანამდებობა მოიპოვა. იქ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, თუმცა სამეფო კარის ინტრიგებში გაიხლართა და დააპატიმრეს. მეგობრების დახმარებით, სატუსაღოდან თავი დაიხსნა, თუმცა, წლების მერე, იქ ხელმეორედ მოხვდა, ისევ ავისმზრახველთა წყალობით. ერთი ცნობით, პატიმრობაში სულ 18 წელი დაჰყო. სპარსულ პოეზიაში მასუდ საად სელმანი ითვლება ჰაბსიეს (ციხის ელეგიის) ჟანრის ფუძემდებლად.
* * *
ვითარ არ კრთოდეს თვალი, რაჟამს წაერთვა ლხენა,
ვითარ არ ძრწოდეს ტანი, რაჟამს მოიცვა ზრზენამ.
მე, ზარგანხდილი, თავად დუშმანს შევებრალები,
როდესაც თვისტომს და სამშობლოს ახსენებს ენა.
კვართს შემოვიგლეჯ ვარამისგან, რადგან სამოსი
ოდენ გარეგნულ არსს აჩვენებს, მოწმეა ზენა.
კირთებამ ისე გამითანგა მთელი სხეული,
წელში გამართვაც აღარ ძალმიძს, არათუ ლხენა.
მე მოთმინებით გავიმაგრე გული რკინისებრ,
და გულს, ვით რკინას, ნაპერწკლების გაუდის ცვენა.
ბიჟანის [5]მსგავსად მომისროლა მთხრებლში საწუთრომ,
ვაების ბორკილს ბიჟანივით დავათრევ ნელა.
არ მივალალა გულისწორმა ერთი წუთითაც,
და მტრების შიშით განმერიდა, დამაგდო ხელად.
თვით აჰრიმანზე ბნელი ღამე დამიდგა წუხელ
სიშორის დარდით, და ვარამმა გულდაგულ მთელა.
აწ უკვე ზეცაც აღარ უხსნის დილას საყელოს,
რადგანაც ღამემ თავის კალთით შესუდრა ყველა.
ხაყანი შირვანელი (1120-1199)
დიდი ირანელი კლასიკოსი. სპარსული ლიტერატურის ისტორიაში რთული მეტაფორებისა, რებუსებისა და ნართაულების გამო მიჩნეულია ერთ-ერთ ურთულეს ავტორად. დაიბადა დღევანდელი აზერბაიჯანის მიწაზე. დედით ქრისტიანი იყო. უპირატესად წერდა ხოტბებს. ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან. თავის ლექსებში ხშირად ახსენებს საქართველოს, ქართულ ტოპონიმებს. ზოგიერთ ლექსში ჩართული აქვს ქართული ფრაზებიც. მეფე დემეტრე პირველის გარდაცვალებას მიუძღვნა სამგლოვიარო ყასიდა. [6]
* * *
ცრემლმა ჩალისფრად
მიქცია სახე,
ვერ შევძელ შენთვის თვალის შევლება,
შენი სახების
კრძალვით და რიდით,
პირმთვარის ღაწვებს ცრემლი ევლება.
თევზის ტანი გაქვს,
თუმც კი გამირბი,
ცრემლს უფრთხი, თანაც ტრფობის ცხელებას,
წყალს გაურბოდეს თევზი,
თუ თქმულა
ამაზე მეტი საკვირველება?!
არა! მუშკი [7]ხარ,
ან თავად ღვინო,
წყლისგან შორს ყოფნა რადგან გენება,
წყლის ქვეშ წახდება
ღვინო და მუშკი,
მათი დიდება ჩაესვენება.
თვით ერთგულების
წმინდა თესლია
გულის მარცვალი, გულის მშვენება,
გინდ დაფლავ,
გინდა წყალში ჩააგდებ,
მაინც იხილავ აღმოცენებას.
ცრემლის მორევში
ყრუდ ვარ დანთქმული
და მაინც დამწვეს ცეცხლის ენებმა,
წყალში იდგე და
ცეცხლი გეკიდოს?!
სინამდვილეა თუ მოჩვენება!
ზღვა ღვინით სავსე
სევდის ჯამს ავწევ
და თუ გულს ოხვრა ესო ეკლებად,
წყლის ქვეშ ვეშაპსაც
დაწვავს ამ ოხვრის
ერთი უბრალო ჩანაპერწკლება.
ჩემი თაკარა
გულის გზნებისგან
თვისტომს ანთება სანთლის ენება,
ოდეს მიმწუხრზე
დღის ჩირაღდანი
წყლის ქვეშ უგონოდ მიესვენება.
ისე ვქვითინებ,
თვალის ზღვის ღელვა
აღარ ცხრება და აღარ ნელდება,
წყლის ქვეშ ნიჟარას
ესმის თვალის ზღვის
პირით ნათქვამი მოთქმა-ყვედრება.
გადაიწურა
პირისწყალი და
ქვამ რომ გაიგოს ჩემი ვედრება,
ისიც კი წყლის ქვეშ
კვნესას მოჰყვება,
გასაოცრად და გაუჩერებლად.
ჰოი, მბრწყინავო
თვალ-მარგალიტო,
წყლისებრ კამკამებს შენი მშვენება,
შენგნით ჯავარი
გაუფერულდა
და აღარაფრად მოგვეჩვენება.
ვარ ერთდროულად
სელი და ჩალა,
ბედმა დამწურა სევდის მტევნებად,
გული ცეცხლის ქვეშ
იდაგება და
სხეულს წყლის ღვარი გადაევლება.
შენა ხარ წყალი,
ჩალის ქვეშ მდგარი,
მაცდურობ გულის გასახელებლად,
მე კი ჩალა ვარ
წვიმის ღვარის ქვეშ,
სახე ნელი-ნელ ყვითლად მელევა.
ეჰა, ხაყანი,
გულის ხვაშიადს
ჭას ანდობ, გაქრა მოყვრის ხსენება,
არ გყავს იმ ჭაზე
ერთგული მოძმე
და გული დარდით გაგესენება.
სპარსულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო - გიორგი ხულორდავამ
[1] მესნევი- სალექსო ფორმა სპარსულ პოეზიაში. ტერმინი მესნევი ნიშნავს ორმაგს, დაწყვილებულს. ეს არის წყვილ რითმაზე გაწყობილი ლექსი: aa bb cc
[2] ყაზალი-სპარსულ ლიტერატურაში ყველაზე მეტად გავრცელებული მონორიმული სალექსო ფორმა. სტრიქონთა ზუსტი რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ირითმება ასე: aa ba ca da ea
[3] რობაი-სპარსულ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული სალექსო ფორმა. რობაი შედგება ოთხი სტრიქონისგან. ირითმება ასე: aaba ან aaaa
[4] გარდანქეში - სპ: მეამბოხე, მოჯანყე, დაუმორჩილებელი
[5] ბიჟანი (ბეჟანი)- «შაჰ-ნამეს“ მიხედვით ცნობილი ირანელი ფალავანი. ფირდოუსის ეპოსში ცალკე თავი ეთმობა ბიჟან-მანიჟეს ამბავს. თურანელთა ქვეყანაში მოხვედრილ ბიჟანს შეუყვარდება ირანელთა მოსისხლე მტრის, თურანის მეფის, აფრასიაბის ულამაზესი ქალიშვილი მანიჟე. ქალ-ვაჟი მანიჟეს სასახლეში ტკბება სიყვარულით. ეს ამბავი მიაღწევს აფრასიაბის ყურამდე, რომელიც ბიჟანის შეპყრობის ბრძანებას გასცემს. ბიჟანს შეიპყრობენ და ხაროში ჩააგდებენ. განსაცდელის ჟამს მანიჟე არ შორდება თავის სატრფოს და ხაროში მყოფს საჭმელს აწვდის. ამასობაში ირანში შეიტყობენ ბიჟანის თავს დატეხილი უბედურების ამბავს. ირანელთა ლეგენდარული მეფე ქაიხოსრო თავის ჯადოსნურ ჯამში ჩაიხედავს და შეიტყობს ბიჟანის ადგილსამყოფელს. ირანიდან თურანისკენ ბიჟანის გამოსახსენელად გაემართება სწორუპოვარი ფალავანი როსთამი (როსტომი) რომელიც, შენიღბვის მიზნით, თურანელთა მიწაზე თავს სოვდაგრად გაასაღებს. ბოლოს, მანიჟეს დახმარებით, როსტომი იხსნის ბიჟანს.
[6] ყასიდა-აღმოსავლური პოეზიის უძველესი სალექსო ფორმა. სპარსულ პოეზიაში ყასიდის სალექსო ფორმა ძირითადად მეათე საუკუნიდან ჩნდება. ამ სალექსო ფორმით ძლიერთა ამა ქვეყნისათა უძღვნიდნენ სახოტბო ლექსებს, ქებას ასხამდნენ ფადიშაჰთა და სულთანთა ძლევამოსილებას. თემატიკის მიხედვით გამოყოფენ ყასიდის რამდენიმე სახეობას, მათ შორის ერთ-ერთია დატირება, სამგლოვიარო ყასიდა.
[7] მუშკი-აღმოსავლურ პარფიუმერიაში ფართოდ გავრცელებული არომატული ნივთიერება, ნელსაცხებელი. მზადდება ნიამორის მუცლის ჯირკვლისგან. მუშკით ქალები ძირითადად დალალებს იზელდნენ, რითაც თმა უფრო შავი და სურნელოვანი ხდებოდა.
ახალი სტატიები
იოსებ ჭუმბურიძე - მომცრო სტატიის უკიდეგანო სივრცე, ანუ განსაკუთრებული არაფერი ხდება?! 15:07რაულ ჩილაჩავა - ლექსები 15:04გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ქეთევან ლომთათიძეზე) 14:32ნინა ნინეა სამხარაძე - ლექსები 14:25ქართლოს ქარჩხაძე - ლექსები 14:13ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი
ნინო დარბაისელი - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები