გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინა ნინეა სამხარაძე - ლექსები



***
დღეს კვერცხები დატოვა და აივან-აივან
მშიერ დედის მუჭამდე სულ ერთი ფრთით მიფრინდა, 
დედას შეეცოდა და ასე დარჩა მშიერი,
შვილის ნარჩენ ნამცეცებს ფრინველი ჭამს მუჭიდან.
მე რომ ამას ვუყურებ, სიყვარულიც არ მინდა.
მინდა შემოგახარო,რა რთულია სამყარო...
შენ ადგები დილით და მარგალიტისფასიან 
პიჯაკს ისე შეიკრავ,თითქოს უნდა დაახრჩო,
მაშინ,როცა დედები სინთეთიკის ბიუსტჰალტერს
რძით სვრიან და ჯავრობენ,
ჩამოშვებულ კერტებზე თავთავი რომ არ მოდის,
ხვალ რა მისცენ ფრთამოცლილ,
უბუმბულო მერცხალს და 
ბავშვის მამაც არსად ჩანს გაბზარული ფანჯრიდან.
შენ წვები სითბოში, უშვილო და უცოლო.
როგორ უნდა მიყვარდე,როცა ისიც არ გესმის, 
რაზე ვფიქრობ მდუმარე,
რატომ ვწმენდ ზამთრობით ფანჯრის რაფებს თოვლისგან,
რატომ უნდა მოგიყვე ცოცხლად როგორ გადავრჩი,
როცა ისიც არ იცი,სიცოცხლისთვის რა მინდა.
მე მექნება ვერანდა, ჩიტებით და მერცხლებით,
ფეხებს შემოვალაგებ ხის გაცრეცილ მოაჯირს,
შენ ჩემნაირს ვერადა, თუმცა ჩემზე უკეთესს,
როგორც ზღვაზე თოლიებს, უამრავჯერ იპოვი.
ჩემი კაცი სხვა არის... 
შემოდგომოს ფოთლისფერ თმას ატარებს ალბათ და
ჩემს საუბრებს ჩიტების უიმედო შიმშილზე 
უამრავჯერ მოისმენს...
ურჩხულებიც გაქრება ლოგინზე და ლოგინსქვეშ...
დღეს კვერცხები დატოვა და აივან-აივან,
მშიერ დედის მუჭამდე სულ ერთი ფრთით მიფრინდა,
შენ კი ისიც არ იცი,რაც გაცვია,რა ღირდა...
შენ კი ისიც არ იცი,სიცოცხლისთვის რა მინდა...


მძიმე

მძიმედ მიფრინავს პეპელა.
მე ფრთებზე ვუთვლი წერტილებს
ღმერთის ხალივით წმინდას და ფერმკრთალს.
ზუსტად ამდენჯერ მინდოდა შველა,
ჩემსავე თავს რომ შევწირე
ჩემივე თავი მსხვერპლად.
კითხვის ნიშანი...
საკითხავი არაფერია.
ჩემი სხეული წინ დაგიდე (იქნებ გეპოვე) 
და გავაგრძელე შენ ტანზე ჯვარცმა,
მაგრამ ყველა ღმერთი უღმერთოა,
რადგან თავის თავს კარგავს და
ხელის გულზე იარებთან მარტო გვტოვებენ.
წერტილი...
მე მოგიყვები,როგორ გადავრჩი.
ამიტომ ახლა უნდა გადავრჩე.


***
ღამემ დაგვიფაროს ღმერთებისგან,
იმ უიმედო ღმერთებისგან,
ყველა სამრეკლოზე რომ გოლგოთა აქვთ,
გოლგოთა ააქვთ...
და მერე ვიღაც სერაფიტას
(ფერისმჭამელებიანი სახით)
გამოგზავნილს ანგელოზად
(ადამიანური მარცხით)
გოლი გააქვს -
კარში,სადაც უკვე დიდი ხანია აღარ დგახარ,
კართან,სადაც მარხავ მარხვით სხვების სამარხს.
დილამ დაგვიფაროს ღმერთებისგან,
იმ უიმედო ღმერთებისგან,
თითები რომ ნახშირად გვიქციეს
და ტკივილებიც ბერდებიან,
უფრო ავი ხდება სიმშვიდე და
ღმერთმა დაგვიფაროს ღმერთებისგან,
ჩვენ რომ აბორტივით ვიყიდეთ.
მკვლელის ნაცრისფერი სახით და 
მეტად გადაშლილი ფეხებით,
რწმენამოშლილი მუცლიდან
უფლის და უუუფლის შეწევნა რთული გახდა...
ღმერთმა დაგვიფაროს ღმერთებისგან,
რწმენადაცლილი ღმერთებისგან,
ტკივილგამოცლილი ღმერთებისგან,
ავი, ცინიკოსი ღმერთებისგან
და მერე,იქნებ, ავიტანოთ ჯვარიც და ჯვარზე სიმარტოვეც...
რომ არ წავხდეთ.


***
რაღაც მთელ სხეულს გაივლის და გულში დარჩება,
რაღაც მაშინვე იფანტება ორთქლად მინაზე,
როგორც ძველიდან ახალი ვერ დაიბადება,
ისე შემდეგი ვერ იქნება კარგი წინაზე.
მომავლის იქით მომავალი აღმართი მოჩანს,
შენ სულ იცოდი,შენი სუნთქვა მერჩია ჩემსას,
მაინც იმავე ტოტებიდან იწყებდი მოჭრას,
სადაც ცხოვრება პირშეუკრავ იარად მექცა.


***
ის ჭიუხები გადაფურცლა წუხელ ამინდმა -
ხახვის ფურცლები რომ დავფარე ხორცით და ძვლებით.
შენ მე მომიკვდი, მაგრამ სხვები მთხოვენ სამძიმარს,
შენ დღეს მკვდარი ხარ, მე კი როგორც ზედმეტი ჩონჩხი -
განზე ვდგავარ და ცრემლებს მითვლიან,
ნეკნებს მითვლიან, სუნთქვას მითვლიან,
ორჯერ შემთხვევით არ ისვრის თოფი,
არც წამსვლელები აღარ მიდიან..
შენ მე მომიკვდი, მაგრამ სხვები მთხოვენ სამძიმარს,
შენ მიკვდებოდი, მაგრამ სხვები იცვამდნენ ძაძებს,
და ახლა,როცა სუნთქვა ჩემი მხოლოდ შხამია,
საკუთარ მკვდართან ვეღარ ვტოვებ დარდსა და სათქმელს.
შენ მე მომიკვდი. მაგრამ სხვები გმარხავდნენ წუხელ...
ჩემი მკვდარი ხარ, მაგრამ სხვები მთხოვენ სამძიმარს
და ბავშვის სახით შენს საფლავებს დამცველად უზის
მათი სიბრაზე, მათი შური, მათი დაცინვა...


***
ხეებიდან რომ შემოდგომა 
დაიწყებს ცვენას - დავიბადები, 
ემბრიონის ფორმაში არა - 
უკვე დიდი და უფრო ჯანმრთელი,
ცას თვალებიდან ნაპერწკლებს ვესვრი,
ერთ დროს რომ ვარსკვლავცვენის დროს ჩაქრა,
ჩვენ ყველა ვფიქრობთ,
როგორია ჯვარს ეცვა, მაგრამ
სულ არ გვადარდებს შეხორცებულ იარით ღმერთი, 
რადგან ის აღდგა... ვეღარ გვკვებავს ხორცით და სისხლით.
წელს შემოდგომა რომ დაიწყებს ზეციდან წვეთას, 
ავიღებ ჩემს ძვლებს და ფაზლივით სწორად ავაწყობ, 
ავიღებ ჩემს ხორცს ცომივით და ერთად გადავზელ,
ავიღებ ჩემს სისხლს, ავადუღებ და ისე დავლევ -
მზე რომ სვამს სველი ფოთლებიდან ღამითნაწვიმარს
და მანამდე კი ამ ლექსებით ვილაპარაკოთ,
რა ხდება ჩემთან?! წყალს ვუდგამ ხოლმე ქუჩის ძაღლებს
და დღეს გაყინა! ჩემი სიკეთე გადაექცათ ყინულის ლოკვად. 
ვაპურებ ხოლმე ფრინველებს და დღეს მოთოვა, 
ფანჯრის რაფებზე ნამცეცები, 
სუდარის ქვემოთ,ცივ გვამად იქცა.
ადამიანებს ამას ვერჩი, არ გვიყვარს დაღლა!
აღარ გავსულვარ წყლით და პურით, რადგან ციოდა, 
ვალმოხდილივით მშვიდად შევძლებ ძილსა და წოლას,
სანამ არ მოვა შუაღამის ვერცხლის ფიქრები.
ხეებიდან რომ შემოდგომა დაიწყებს ცვენას - ერთად ვიქნებით...


მეგობარი

რიგზე არ არის. არაფერი რიგზე არ არის.
უნდა წავიდე. მის მკლავებში მოვკვდე და ვიშვე.
ის უნდა იყოს დროებითი ჩემი სამარე,
თბილი,ლურჯი და მთის გზასავით ძალიან ვიწრო.
არასდროს ვინდობ.
ყველაფერიც რომ იყოს რიგზე...
უნდა წავიდე,მის მკლავებში მოვკვდე და ვიშვე.


***
ეს კაცი არ ბრჭყვიალებს, 
სამშობლოს ვიწრო მკლავებში
სუნთქავს და როცა მკლავებს 
ყელზე უჭერს ჩემი სამშობლო,
მინდა მივიდე, კაშნესავით მოვხსნა და ვუთხრა: 
- იცი,ეს კაცი, ჩალისფერ თმით და თეთრი კანით,
შენში იზრდება, რომ გკვებოს და ცოტაც გაცოცხლოს, 
ჯერ თავის თავით, შემდეგ შვილით,
შვილიშვილებით, შენ კი დგახარ, ძვლებს ულეწავ და 
იმ თითებს უმტვრევ, ჩემს ტანზე ჯებირიებივით რომ 
უნდა შეიკრას. ეს კაცი ბზინავს,
ამას ვხედავთ მხოლოდ მე და შენ,
რადგან მე მიყვარს, შენ კი გინდა უყვარდე ვინმეს.
ეს კაცი არის ჩემი ბოლო, შენი საწყისი
და როცა მის მხრებს მთელი შენი ძალით აწვები,
მინდა მივიდე,მოვეხვიო და მის სხეულზე
ისე ავყვავდე,რომ შენიშნოს მთელმა სამყარომ.
იცი,ეს კაცი წრფელი არის, როგორც ბუნება...
როცა ქუხს, შემდეგ ყოველთვის წვიმს.
გელამუნება ყველა მისი ფიქრი და გრძნობა 
და რამდენჯერაც მას დაანგრევ, ჩემო სამშობლოვ, 
მინდა იმდენჯერ ავაშენო, რომ შენთვის მოვკლა,
როგორც ჩვენ ყველა შენს ტერფებთან უნდა ვკვდებოდეთ.
მაგრამ ეს კაცი სულ სხვა არის...
მან იცის გლოვაც, 
ცრემლების ნაცვლად ნაცრისფერი მტრედები სცვივა
და როცა შენი ვიწრო მხრები დაუწყებენ ხრჩობას,
იქვე ვიქნები, მის წილ წყლად და მის წილ ჰაერად. 
იცი,ეს კაცი, ჩალისფერ თმით და თეთრი კანით,
მთელი სხეულით, გონებით და დროით დაგიცავს,
რადგან სამშობლოვ, დედა სამშობლოვ, შენც ქალი ხარ.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge