გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეთერ სადაღაშვილი - თანამედროვე თურქული პოეზიის თარგმანი

    
  
          თანამედროვე თურქი პოეტები
                       
აჰმეთ ადა

ნიკო და მარგარიტა

სიყვარული ქარაფია, მიუვალი, ნიკო,
ირმის ნახტომს, ბეღურების
გადაფრენას ელის,
მარგარიტა, არ გესმოდა მხატვრის,
ჩემთვის ვფიქრობ,
მისი ფუნჯის, მისი ნიჭის, შეზავებულ ფერის...
რად გაქელე, მარგარიტა, ეგ
ფუცლები ვარდის,
ასე როგორ მიატოვე, სიამაყით შველის,
ნიკოს წმინდა სიყვარულში გაუჩინე დარდი,
ასეთ ტრფობას საუკუნო ერთგულება შვენის.
მიმოზებს და იასამნებს გაუვსია ეტლი,
ვარდის ფურცლებს დაუქარგავთ ქუჩები და შარა,
როგორ ვწუხვარ, გულწრფელობის როცა არვის ესმის,
როცა ქრება სიყვარული, ვით ცხოვრება, ჩქარა.
ფიროსმანზე ვფიქრობ, დარდის ჟრუანტელი მივლის,
ეს ზამთარიც ჩამთავრდება, მზე ყინულებს ალხვობს,
ნეტავ მალე გაზაფხულდეს, ვესტუმრები ტბილისს,
ახლა, ალბათ, სოლოლაკში ყვავილობენ ხენი
და ქუჩებში მოწყენილი ბეღურები სახლობს.


ჰიდაიეთ ქარაქუში

შუმერთა წყალი

ვმზერდი გონით და თვალებით ვმზერდი
სამყაროს შექმნას, თიხიდან დღემდე,
რომ იშვა წყალი, რომ ისვა წყალი,
ღმერთები როგორ იბანდნენ მკერდებს ევფრატის პირას,
ევფრატის ქაფში, ბაბილონელთა ღვთაება მზისა
ვიხილე, ისე, როგორც ვარსკვლავნი,
გაძევებული მთებისკენ ციდან.
უდაბნო ვზვერე, საზარი ქვიშა,
სადაც ლექსივით ხარობდა ხურმა,
რომელსაც სიტკბო უძღვნია სხვისთვის,
სიმწარე გულში ჩაუკლავს კურკებს...
სისხლიან თვალებს აკვესებს ეშმა
ზნედაცემული, გარყვნილი ვნებით,
ივსება რძით და ივსება სისხლით,
გადახსნილ მაჯებს ასკდება ღელვით.
შეუჩერებლად დაძრწის რომ გათბეს,
ადევნებული მთვარიანს ღამეს
სიკვდილი, ისევ ქარავანს მისდევს,
შიშები ზაფრავს ჩვილისას თვალებს,
დაჭრილ ჯეირანს პულსად რომ უცემს...
სამართალს ეძებს კაცობრიობა -
მიწის შვილებში სამყაროს ფუძეს.
ეს ცელქი წყალი, გიჟმაჟი წყალი...
აცეკვებს ფოთლებს, აცეტებს ევას
იცის,შეცდება, იცის, შერცხვება,
იცის,იპოვის ვაშლს და სულს ირყვნის...
სიყალბე შეცვლის მითებს ბიბლიურს,
ვიღაც რწმენაში იგონებს მარაზმს,
ცრუ მარიამებს ეკრანზე ვნახავთ...
საუკუნეა - ტექნიკის ხანა:
გამოიღვიძებს თაღლითი ღამით,
კითხულობს ყურანს ნაბუქოდონოსორ,
უდაბნოს მტვერში ტრიალებს ტანკი,
პალიტრას მტვერში ახვევს გოროზად.
ჩაისახება საშოში დედის
წინასწარმეტყველს თავს ვინც ეძახის...
მართალ სიტყვას კი სისხლში ახშობენ,
ისე ახშობენ, სცივა ბრძენსაც კი,
გახვეულს ხამის უხეშ ჯვალოში.
ის კი, მეძავი, მჭედელს დალოშნის,
ბანქოს აზარტით აამდუღარებს,
ფსონად იერუსალიმს ჩამოდის...
ვხედავ სანდლების, სპილენძის ხანას,
ტოროსის მთიდან დაშვებულ თურქმენს - 
მოჰყივის, მოდის, ჟღერადი ხმა აქვს...
წყლები მოსჩქეფენ დროებში თითქოს.
უკან იხევენ ხაზართა ტბები,
ვხედავ, მუხლქვემოთ წაღებით ბეწვის
ჰარუნ რეშიდი, საომარ გზნებით
თამაშში, ომებს ვარსკვლავურს ეძებს.
ჯაჭვის პერანგზე ოქროსფრად ელავს წყალი,
წყლის წვეთში თითქოს მზე ბუდობს,
დიდი ბავშვების იმედებს მღერის;
ღელვით მოღელავს, მოგელავს ურდო.
ქვესკნელს ამოსდევს შამანი ძველი,
ეალერსება ნატვრით და ხარბად
საყვარლის ნაზს და პატარა ძუძუს
ქვიშის საათის დაცლა აქვს დარდად; 
ქუჩებს კი მოსდევს ფანდურით მწირი,
უკრავს, ხანდახან კუმისს სვამს ხარბად
და ეწუწება წვეთებით წვერი...
უდაბნოს ღამე მეხვევა ყელზე,
მკოცნის, ნაკოცნზე ახარებს ყვავილს,
ფურისულებზე წყალი გადმოსჩქეფს,
სისხლიან მზერით მოსჩქეფს და ვამბობ: 
- ახლა მე მქვია - შუმერთა წყალი! 


მუმთაზ თუზჯუ

სიყვარულის სახელით

ღამდება, ღამე სხეულებზე ტუჩების კვალს შლის,
შენი ფაქიზი, ნაზი კანით მოჰგავხარ ღმერთქალს,
მზე უკანასკნელს, გზა-შარაზე სხივებსა გზავნის,
ჩემი გული კი შენი სისხლით ფეთქავს და ფეთქავს.
ნუ ფრთხი, ადექი და შიშველმა იარე ჩემთან,
დილით კი ქვიშას დაუტოვე ტერფების კვალი, 
შეხედე, როგორ ეძინება ამ ჩვენს სიყვარულს,
მსურს,თუ შევცურეთ, ღრმად
შევცუროთ, გრძნობების ზღვაში.
შენ ხარ თუთუნზე აღბეჭდილი დამწველი სევდა,
მე კი დათარსულ ცაზე ერთი მარტო-ვარსკვლავი,
ქარის სიმძლავრე მინდა ახლა,
ქარიშსხლის მსგავსად აფრიალდეს და 
ეს ცხოვრება ქარმა წაშალოს
და წარსულიდან ქვიშის ერთი
მტვერიც არ დაგვრჩეს...
ყველას სახელი კარგად მახსოვს, ვინც მყვარებია. 


ჰუსეინ ფერჰათი

შენი სახელი არ არის ოზა

გულუბრყვილო დაფნის ფურცელს,
ნარგიზის მკრთალ ფერსო,
მარიგოლდის ყვავილს ჰგავხარ, ეზო.
სხვა რაღა სურთ ანგელოზებს, -
მუზა გიწერს ლექსსო,
გამთენიას, ქვებს რომ სძინავთ,
სანთელს ვანთებ ბევრსო,
ფარვანები დაგვტრიალებს, ეზო. 
მოიშორებ სხეულიდან 
ე მაგ პერანგს ძველსო?..
მუჭში ქვიშა... ბევრი ნავი...
ნეკნებს გითვლი, ეზო...
მოიშორე ეგ პერანგი, როგორ მიშლის ხელსო...
,,ოლვიდო" - ტუჩები მითრთის,
,,ეგვიპტე" ,,არტ-ჰალი",
ხიდებსა და კანიონებს არ ვაკარებ ფეხსო,
შენ ნამდვილად ოზა არ ხარ, იქნებ გქვია ეზო! 
მტრედის ფრთა და პაპირუსი,
გული პოეტისა, ეზო,
სხვა რა უნდა სიყვარულს და
სხვა რა უნდა ნეტავ ეროსს.
შენ არ გქვია ოზა, ალბათ
ირენი ხარ, ანდა,იქნებ,
ანაბელ ლი... არ ვიცი და
მაინც ასე ვერ გივიწყებ.
შენ ეგ ცეცხლი შეგიწირავს,
გამაწითლა ფიქრმა ახლაც,
ცეცხლს გიხსენებ - ცოდვას წმინდას.
შენზე ფიქრით ვტოვებ საზღვარს...
ეგეოსის ზღვისკენ მივქრი.


თუგრულ თანიოლი
აკადემიკოსი, სოციოლოგიის პროფესორი, მთარგმნელი, პოეტი,
დაიბადა 1953 წლის 14 ოქტომბერს, სტამბულში.

***
ცრემლების ღვრა უნდა დამთავრდეს, რომ ლექსი დაიწეროს,
რადგან ემოციების დაცხრობის ადგილას იწყება ლექსი.
იქ, სადაც შემცივნულა სიყვარული,
სადაც ბავშვობა დასრულდა და...
სადაც დედები მარად ახალგაზრდად რჩებიან.
თითქოს საუკუნეების უკან იყო,
ჩვენი ძველი სახლი, საღებავგაცლილი ფანჯრები და
შეღებულ კარში შემოსული თოვლის ნამქერი,
გაყინული სითბო. ნაზად მეღვრება გულში მოგონება.
დედა, მე ის ბავშვი ვარ, გულისწვერიდან, 
შენი სიმღერით ათრთოლებული, სუსტი სხეულით;
გარეთ ნამქერი ახლაც ებრძვის
იმ დიდრონ ძეგლებს... კრიალა ფანჯრებს მიჰყინვია ჩემი ფიქრები.
შენ გხედავ ახლა, იმ ოთახის ერთი კუთხიდან,
თვალწინ მიდგები ერთი კადრით, ალბათ ნამდვილით,
როგორ ყვებოდი ბედნიერი სახით რაღაცას,
როგორ ხატავდი მოგონებებს და ის ამბავი,
როგორ მორცხვობდა შენს ბაგეზე,
მორცხვად გითრთოდა, მაგონებდა ძველ ფაიფურებს,
მასზე დახატულ გაღიმებულ, ლამაზ ასულებს.
ახლა ვდგავარ და სულს ვუბერავ უხილავ ფანჯრებს,
რომლებიც დარჩნენ იმ ბავშვობის მოგონებებში,
გარეთ ვარ,დედა, თოვს, შემცივდა,
მიშველე რამე, შინ შემიყვანე, ჩამიხუტე სული გამითბე...
ძველი ოთახის მოგონებამ დამცა... დამაგდო...
ცრემლების ღვრა უნდა დამთავრდეს, რომ ლექსი დაიწეროს,
რადგან ემოციების დაცხრობის ადგილას იწყება ლექსი.
იქ, სადაც შემცივნულა სიყვარული,
სადაც ბავშვობა დასრულდა და...
სადაც დედები მარად
ახალგაზრდად რჩებიან.


აბდულქადირ ბუდაქი 

მცირე ლექსი

პაწა დარდიმანდობით, 
მერე დიდის სიდინჯით,
მოკლე ხვალინდელი დღით,
გრძელზე გრძელი წარსულით,
მცირე გამონათებით, 
გრძელი უკუნეთიდან,
ერთი მოკლე სიმღერით,
სასოწარმკვეთ ყვირილში.
სწრაფად ნადირობა და 
სხარტი ჯეირანი ვარ,
მოკლე ბედნიერება,
ამ ხანგრძლივ კოშმარებში,
უცებ დაბადება ვარ,
დიდი ტკივილებიდან,
მცირე მგზავრი, გზის პირას,
უზარმაზარ ფუნდუკში.
მოკლე დანა ვიყავი,
გრძელზე გრძელი ქარქაში,
სუსტი ქარი, გაფანტულ,
უხვად დაყრილ ფოთლებში,
ერთი მცირე მწვერვალი, 
უღრმეს ჭიდან ნანახი,
მოკლე ძილით, დამტანჯველ,
ხანგრძლივ უძილობაში.
ფაეტონის პონი ვარ, 
სისხლის ოფლში ნაბანი,
ერთი მცირე ოთახი 
უზარმაზარ სასახლის,
ერთი სუფთა წერტილი, 
ჭუჭყის კორიანტელში,
პაწაწინა თესლი ვარ, 
გრძელ, გადახნულ მინდორში.
რა პატარა მამა ვარ 
უდიდესი ვაჟების,
მწირი გულით, ტალღებში 
მოქანავე დიდ ნავში.
მცირე ღვინის სარდაფში,
გრძელზე გრძელი სიმთვრალით,
მოკლე სისავსითა და 
დიდი სიცარიელით.
და პატარა მშვიდობა,
ხანგრძლივ, უგრძეს ომებში...
ამიტომაც რასაც ვწერ,
მხოლოდ ჩემით ვიწყები.


მამაჩემი და შემოდგომა 

სიმართლე რომ ვთქვა,
მამაჩემი მოჰგავდა ზაფხულს,
მაგრამ ყოველთვის შემოდგომის
ფოთლებს ხვეტავდა.
ზაფხულს მოჰგავდა მამაჩემი,
ვუმზერდი მაშვრალს,
ჩემს სარწყულებლად, თვითონ
წყაროს პირივით დამშრალს.
ზაფხულს მოჰგავდა მამაჩემი,
ჩაის სვამდა და მეჩვენებოდა, ჩაის ჭიქებს სისხლი წვეთავდა.
მე მგავდა მამა, უცაბედი, შლეგი ქარებით, 
მშვიდ ტბაზე,მისი ერთი სიტყვა, ნავს ჩაძირავდა. 


ლალ ლალეში

სამემკვიდრეო საყურე

დავანთე ცეცხლი, შენთვის, ჩემო, ოდნავ შეგცივდა, 
ადამიანის მზერასავით მცხუნვარე ცეცხლი...
შენი ნაზი ხმა ხმელი ნესვის სიტკბოს მაგონებს...
ხელზე ხელს გკიდებ, მივუყვებით ერთად მთა-გორებს,
თუთის ხისაკენ, - წინ კი ჩემი დედა მიგვიძღვის.
ვუმზერთ ვარსკვლავებს, სამნი, ერთად: მე, შენ და დედა...
მერე კი ხმელი, დარდიანი ხელებით დედა
მისი ცხოვრების მომსგავსო და დამჭკნარი ხელით
ფარდაგს გვიშლის და იღიმება ნაზად და ცელქად,
თითქოს დღეს ჩვენი ჩუმი კოცნა არ დაუნახავს
და მიწოლილებს, ჩაღიმებით, საბანს გვახურავს...
გამთენიისას ღიმილით კი ყურთან ჩურჩულებს:
,,ქერავ,მოდი, ჩემთან მოდი,
რაც წარმტაცე გონი, ნება,
შენ იმ დღიდან ლეილი ხარ,
მეჯნუნი კი ვინ არს ნეტავ? 
კითხულობდი მიჯნურობა
რა არისო ტრფობა მწველი,
ღამის ჩრდილში ჩამალული
ეს ხმებია მიჯნურობა“.
მითხრა დედამ და დაგაბნია ყურზე საყურე,
მერე სამხრეთით მიმავალ წყლებს ჩუმად გაუყვა...


ბულენთ გულდალი

მოგზაური

კვირტივით ნაზად, ქალის ფიგურასავით ეშვება
მთების კალთაზე საღამო.
გზით დაღლილი, დარდიანი მოგზაური
არად აგდებს წლებს, ივსებს 
ფილტვებს მწვერვალის ქარებით. 
აივნების სიტყვების შადრევანივით
ცისკენ მზირალი რაფიდან
თმას ივარცხნის საღამო.
გაიღვიძებს მალე იდუმალი მთა,
მისი სიღრმიდან წამოსული ხმები
ფერიების ეზოს გადაეღვრება.
დასრულებული მეგონა გზა, რეჰანის სუნით.
ვარდების მარადიულ ბაღში
მთელს ცხოვრებას გამახსენებს ეს საღამო.
ჩვენ ვძველდებით, თუ წლები?
თმებში სითეთრე კი იმატებს, 
მაგრამ დაუჭკნობელი ვარდი გვაქვს მკერდში.
თვალებბრიალა ჩემი სატრფო
ფრინველებით მოდის ჩემს ფანჯარაში,
ჩრდილები ციმციმებენ მეწამულ ზარებში,
ღვინის ხედია (დალევთ ალბათ), თქვენს თვალებშიც, ამ საღამოს. 


ჰულია დენიზ უნალი

ძალიან კარგი ამინდია დღეს

კარგი ამინდია, რამე გავაკეთოთ,
კარგი ამინდია, მოდი,
ბორანზე ავიდეთ, გაღმა გადავიდეთ, 
ინჯირათალის კბოდეს.
ანდა,იქნებ, სხვა რამ...
მსგავსი რამეებით, ამინდს დავახსომოთ თავი,
ავტობუსს შევახტეთ, სარნიჩში წავიდეთ...
ანდა... მოვიფიქროთ რამე...
ბორანზე თოლიების გულები მოვიგოთ,
პური ვუწილადოთ ერთი,
სარნიჩში იქნება სტეპების კვალს მივყვეთ,
ან ზღვაში ვისროლოთ ქვები. 
ანდა მონატრებით, 
თურქელ მინიბაშის - 
ჩვენი ლამაზი მწერლის, 
სადგურის კაფეში ჩაი დავლიოთ და
ჩაით გავიხსენოთ, მწველით. 
ნახვა რომ გვინდოდა, ვნახოთ ადგილები,
გაზზე, მაგალითად, ომი,
გაზზე ვარდია და ადამიანების
სინდისს დაეკლავს, მგონი,
რადგან პატარების ცრემლები არ წყდება,
რადგან მშვიდობაა შორი,
შხამით დანამული ოლეანდრებიდან
დარდი ცრემლებად მოდის...
კარგი ამინდია, რაც ვერ გავაკეთეთ,
დღეს ის გავაკეთოთ, მოდი. 

თურქულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო- ეთერ სადაღაშვილმაскачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge