გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ანა მითგუჩი (თარგმანი - ნინო მელქაძე) - წერილი სილვია პლათს




როდის ხვდებიან, რომ ლოდინი არ ღირს?
ჭირდება ხელოვნებას ლეგიტიმაცია ყოფისგან?
ჭირდება ხელოვნებას მტკიცებულება?




შენ შესახებ ბევრი ითქვა, ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური, რელიგიური, შენი ცხოვრება შენზე უკეთ იცოდნენ, ბევრი გლანძღეს. ბევრი საკითხის გამო ხშირად ბოროტადაც გამოგიყენეს, ისე, რომ შენთვის არც კი უკითხავთ, ეთანხმებოდი თუ არა მათ. გახდებოდი ფემინისტი ათი წელი კიდე რომ გეცოცხლა? ვინ იქნებოდი ათი წლის შემდეგ, თინეიჯერი ბავშვების მარტოხელა დედა, პოეტი უზარმაზარი წარმატებებით, ლიტერატურულ სფეროში გავლენიანი კაცის შეყვარებული? შენს შენი გარდაცვალების შემდგომ ბიოგრაფების სპეკულაციას, რომლებიც შენს ნაწარმოებებს ფსიქოანალიზის ჭრილში როგორც ბავშვობისდროინდელ ტრამვის შედეგად მიღებულ უმწეო ეგოს გამოხატულებად განიხილავენ, დაეთანხმებოდი? თუ ფემინისტებს? რომლებიც შენ არა ერთი ეგოისტი კაცის მსხვერპლად, არამედ მთელი პატრიარქატის მსხვერპლად გასახელებენ. შენი ბიოგრაფები უმეტესად აღფრთოვანდნენ იმ ფაქტით, რომ ვერაფერი ნახეს ისეთი, რაც შენთვის ძალიან პირადი იყო. შვილებს, ქმარს, მეგობრებს, დედას და უპირველესად მამას ყოველთვის ცივი და მკაცრი მზერით, არაფერს შეეძლო შენი გადაწყვეტილება შეეჩერებინა. ველური ბრაზი, რომელსაც ისინი არ იმსახურებდნენ და რომლითაც მათ ყველას ანაწევრებდი, ახრჩობდი, აქვავებდი, თუმცა  უპირველესად ყოველთვის მაინც საკუთარი თავის მსხვერპლი იყავი. შენმა ცხოვრებამ გადაფარა შენი ნაწარმოებები და ისიც მოხდა, რომ შენი ლექსების ცალკეული სტრიქონებს აფიშასავით იყენებდნენ იდეოლოგიური ომისთვის, ფსიქოლოგიურ თვითბრალდებისა თუ თავის შეცოდებისთვის:
„სიკვდილი
არის ხელოვნება...
მე ეს არაჩვეულებრივად კარგად გამომდის“.
ტკივილის შეგრძნებებისათვის, რომლებსაც სიცოცხლე იწვევს, ისეთი სურათები იპოვე, რომლებსაც შენი მიმბაძველები, საკუთარი თავის განადგურების სიამოვნებით მოთვალთვალეები ზღვარზე გადაბიჯებისკენ მიჰყავს, ისე, რომ მათ ეს გზა არ უნდა გაიარონ. საიდან მოდის შენი უკანასკნელი ლექსის ბრაზი, რისხვა? ბოლოს მაინც რჩება კითხვა, რომელსაც ვეღარ გკითხავთ, რატომ გადაწყვიტე თავის მოკვლა? ქალი, რომელიც შენი ქმრის გვერდით იდგა, მაგრამ შენი ადგილი მაინც ვერ დაიკავა, ბავშვი თან გაიყოლა იმ ქვეყნად, თუმცა მას ლექსები არ დაუტოვებია.
ჭირდება ხელოვნებას ლეგიტიმაცია ყოფისგან? ჭირდება ხელოვნებას მტკიცებულება? რა არის სინამდვილე ხელოვნებისთვის, თუ არა ნედლი მასალა, მყარი ნიადაგი, რომლიდანაც ხელოვნება აღმოცენდება, პეიზაჟები, აღგზნებული გონებით აღქმული და შეგრძნებებისგან გაჟღენთილი, რომელიც სიმძიმისგან თავის გათავისუფლებას ცდილობს? ყოველთვის ხელახლა ქექავდნენ შენი ბიოგრაფები შენს ცხოვრებას და ყოველთვის ისმოდა კითხვა: შეიძლებოდა თუ არა შენი სიკვდილის თავიდანაცილება? შორიდან და სრუილად სხვა განზრახვით, რომლებსაც არც შენს ცხოვრებასთან და, მითუმეტეს, ხელოვნებასთან შეხება არ აქვს, შენ ან მოწამედ გასახელებენ ან შენს მოუმწიფებლობაზე ჩივიან. ვინ ცდილობს წარმოიდგინოს თხზვისთვის რა გჭირდებოდა, რისკენ ილტვოდი, ის გრძნობა, ჭეშმარიტების ნიადაგიდან რომ იფურჩქნება. მოჭარბებული სიცოცხლის შგრძნება, რომელიც ყოველდღიურობიდან  გგლეჯდა და თვითგანადგურებაში ეხეთქებოდი? ცხოვრების გადატანა ფურცლებზე შენთვის არ იყო ფსიქოანალიტიკური მეტაფორა, არანაირი სუბლიმაცია, არამედ გათავისუფლება ცხოვრებისგან, არანაირი ვალდებულება სხვა სინამდვილისადმი, არანაირი ვალდებულება, გარდა ხელოვნებისა. არაკეთილსინდისიერება ცხოვრების მიმართ საეჭვოდ მიაჩნიათ შენს ბიოგრაფებს, ეს შეუნდლობელი ცოდვაა პოეტისთვის, ჭეშმარიტების ერთგულება. არსებობს გრძნობათა რეალიზმი? ვინ მოიპოვებდა მის მმართველობაზე მონოპოლიას? როდის არის ტკივილზე რეაქცია გადაჭარბებული? როდის ხდება ტანჯვა თავშეუკავებელი?
შენ სიკვდილი საჯაროდ წარადგინე, განრისხებულმა და გაბრაზებულმა და ყოველგვარი პატიების გარეშე, ჩვენც ხარბად და სულმოუთქმელად გამოგყევით და ვერც მივხვდით, რომ შენი ბრაზი ჩვენც გვეკუთნოდა, ჩვენც, რომლებიც შენ ხელოვნებით ტკბობის უსაფრთხო მანძილიდან გიყურებდით და საკუთარი დასკვნების გამოტანას ვცდილობდით. ცხოვრების უმეტეს დროს სტრიქონების წერისას პუბლიკას საკუთარ ტყავზე გრძნობდი, სრუილად მათ ემორჩილებოდი და საუკეთესო ლექსებსა და ისტორიებს ქმნიდი, წარმატება დათმობებით მოიპოვე და შენი სახელი წიგნების სარჩევებსა და ყდებზე ბედნიერებად ჩათვალე. შენ იყავი ახალგაზრდა და ამბიციური და გინდოდა, რომ ყველას ყვარებოდი, სანამ საბოლოოდ არ მოწყდი სამყაროს და შენს უწყინარ კეთილგანწყობილ პუბლიკას და ყველაფერი უმნიშვნელო გახდა, როგორც  კოსმოსში გასული პლანეტისთვის. მაგრამ ამავდროულად არ განიცდიდი სასოწარკვეთას, შიშს არა მხოლოდ გათავისუფლების თავბრუსხვევის შეგრძნებას,  ტრიუმფის დელირიუმს?
ახლა ის მიფრინავს,
უფრო საშინელი, ვიდრე წინა
წითელი ნაწიბური ცაზე, წითელი კომეტა
თვითფრინავის ზემოთ
მან მოკლა
მავზოლიუმი, ცვილის კაბინეტი.
ბოლოს არათანაბარი ომი ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის, დამოკიდებულებასა და თავისუფლებას შორის ხელოვნების სასარგებლოდ გადწყვიტე. შენ აღშფოთებული და ფარულად აღფრთოვანებული იყავი გამბედაობით, რომელთან ერთად ცხოვრება და დამოკიდებულება დათმე რამდენიმე მეტაფორისთვის, რომლებიც იმდენად რეალურები გახდნენ, რომ მათ ცხოვრებიდან გაგიყვანეს. მომაკვდინებელი თანმიმდევრობა. ვის შეეძლო ასე ზუსტად გათვალა და ასე გაუაზრებლად თქმა, რომ საფასური ძალიან მაღალი იყო და ამად არ ღირდა? რაც ღირდა, იყო ფრაზები, რომლებსაც იყენებდი უცნობ, სრუილად სხვა მდგომარეობაში გასასვლელად, რაც გიზიდავდა და ამავდროულად გაშინებდა. ფრაზები იყო ეს, ფრაზები და არა სიკვდილი, ფრაზები, რომლებსაც განძივით მალავდი  და თამამად სურათებად კინძავდი, რომელიც სუნთქვას გიკრავდა, ისეთი ახალი, ისეთი მოულოდნელი, ისეთი მომაჯადოვებელი იყო ისინი, როგორც შენი შვილების დაბადება: ასეთი სილამაზე და სულ ჩემი შექმნილი! მაგრამ სურათებს შორის შემოიჭრებოდა რუტინა, ყოველდიურობა და ბრაზი იზრდებოდა, რომლითაც საკუთარი თავი სარეველა ბალახივით ამოძირკვე:
უამრავი უსარგებლო
ათწლეულის გასანადგურებლად
უამრავი მილიონი ბოჭკოებისა.
სურათები შეჩერდა და ჩამობნელდა, რომლებსაც ნუგეშად და სიცოცხლის შემცვლელად შენს გარშემო ალაგებდი. ცხოვრების ნარევს ყოველთვის შენი სურათების გამოსახდელად იყენებდი, დაცარიელებული ლანდშაფტები, რომლებშიც ადამიანები და ცხოველები გაქვავებულან და კლდეებზე უიშვიათესი ყვავილები იზრდება. სიცოცხლის შემდეგ ერთადერთი შესაძლებელი შვებისთვის, ჯერ კიდევ შუაგზაზე პასუხისმგებლობა მძიმე ბარგივით მოიშორე, სრუილად მსუბუქი, ერთხელაც არ დამძიმებულხარ მათგან, ვინც გიყვარდა.
ყოველ დილაადრიან, ოთხსა და შვიდ საათს შორის თავს ყოფისგან ათავისუფლებდი, ათავისუფლებდი საკუთარი თავისგან, ლონდონის ბინის სინამდვილისგან, მიტოვებულობისგან და სიბრაზე იმატებდა შენში, ბედნიერებისგან განუყოფელი, რომელიც მომაკვდინებელი ძალადობის კაშკაშა სურათებს წარმოქმნიდა. იყო ეს სასოწარკვეთისგან გამოწვეული სიბრაზე, რომელიც შენში დაგროვდა და რომელმაც ადამიანები შენგან გააქცია? თავს არ ინდობდი ყოველ დილით ყოველდღიური სინამდვილის, საკუთარი სხეულის დატოვებისთვის, თვითგამოხატვის ახალ-ახალ ვარიაციებისთვის:
ნაცარი, ნაცარი - აბნევ და ურევ.
ხორცი, ძვლები, აღარაფერი დარჩა.
მაგრამ რა მოდის, როცა ცხოვრებას უკან მოიტოვებ? სიკვდილი არა, სიკვდილი ჯერ არ მოდის. ეს არის მხოლოდ შიფრი. შეიძლება სახელი მოუძებნო იმ მდგომარეობას, რომელშიც გაუსაძლისი სიცხადით საკუთარი თავის წინაშე დგახარ და, ამავე დროს, საკუთარ თავს სრუილად დაშორებული, ეს დაუსახელებელი, უცნობი სიმთვრალის მსგავსი შეგრძნება, რომელიც სიყვარულს ჰგავს, რომელშიც დარჩენა ფატალურია, გამოსვლა კი აუტანელი? ის არის შემცვლელი ყველაფრისა, რაც ცხოვრებაა, რეალურია თუ უბრალოდ წარმოსახული, ვის აქვს უფლება ეს გადაწყვიტოს? თუმცა შენი ბიოგრაფები შეეცადნენ, რომ შენთვის ყველაფერი სულერთი იყო, განცდილი ტკივილი, ბედნიერება თუ ის, რასაც გრძნობდი. საბოლოოდ, ტკივილის ანაზღაურება უფრო აღმაფრთოვანებელი იყო, ვიდრე ყველა სიზმარი და მარტოსულობის დროსაც კი იცოდი, რომ ეს ლექსები უკვდავს გაგხდიდა. უკვე განვლილი, განცდილი ბედნიერება რად ღირს ამ ჯილდოს წინაშე, თან როცა რამდენიმე საათში ისევ ყოველდღიური რუტინა დაიწყება, დაუსრულებელი, მწუხარე დღე, სიცარიელე, დეპრესია და თავისუფლების არარსებობა, ნელ-ნელა ფხიზლდები და სიტყვები და სურათები რჩება შენს ხელნაწერებში, როგორც წარმოუდგენელი სიღრმეებიდან ამოღებული საგანძური.
როგორ უსხლტებოდი ყოველ დილაადრიან სიკვდილს მკლავებიდან, რომელშიც შენი გარეთ და ასევე შენი თავის პირისპირ იდექი? როგორი იყო შემდეგ დღეები? უსასრულო, ნაცრისფერი, ბანალური? აუტანელი ყოფიერება, აუტანელი მთელი ცხოვრება, უკანასკნელი ცხადი შეცნობის მწვერვალიდან უძლური ვარდნა, გაუსაძლისი გაჭირვება დილიდან საღამომდე. რომ შეიძლებოდეს სიცოცხლის უკიდურეს ზღვარზე არსებობა, შესაძლოა სიკვდილი არც ყოფილიყო საჭირო, რათა ყოფიერებისგან გათავისუფლებულიყავი. შეიძლებოდა შენი თვითმკვლელობის თავიდან აცილება, დასვამს ოდესმე ამ კითხვას ყოველი შენი ბიოგრაფი. შესაძლოა, თუ კი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მესამე განზომილება იარსებებდა, შენი წარმოსახვების რეალური ადგილი. მაგრამ, ამ შემთხვევაში, შთამომავლობა ცხოვრების გაგრძელებისთვის არადამაკმაყოფილებელს ჩაგიწერდა დიპლომში, ხოლო ფრიადს წარჩინებული სამუშაოსთვის. ბრწყინვალე მოსწავლე იყავი კიდეც ყოველთვის. თაობების განმავლობაში Smith College-ს ღირსეული წარმომადგენელი, ლიტერატურული ყველა ჯილდოს მფლობელი, სწორედ ასეთი დარჩი შენი მასწავლებლების მოგონებებში.
როდის დადგა ის წამი, როდესაც სიკვდილმა შენ მიუღებელი ცხოვრებისთვის საფასური გადაგიხადა, რომელიც შენთვის უკვე არც თუ ისე მაღალი იყო, როდის მიხვდი, რომ ლოდინი არ ღირს?
ეს ლექსები სახელგანთქმულს გამხდიან, წერ ოქტომბერში, დედისადმი მიწერილ წერილში, შენს თვითმკვლელობამდე ოთხი თვით ადრე, ალბათ მაშინ, როცა ცხოვრებაში ჯერ კიდევ გამოსავალს ეძებდი. თვეების განმავლობაში, ყოველგვარი დახმარების გარეშე, ორ პატარა ბავშვთან ერთად, მარტო ცხოვრობ ლონდონში, ჯერ კიდევ იმედგაცრუებისგან უგონო მდგომარეობაში, რომ კაცმა, რომელიც გიყვარდა, მიგატოვა. ტკივილი სიბრაზედ და სიძულვილად იქცა. რა მომენტში გარდაიქმნა სხვისი სიძულვილი საკუთარი თავის სიძულვილად ან სიკვდილი, რომელსაც სხვას უსურვებ, სიკვდილად, რომელიც საყვარელივით თავისკენ გიზიდავს? მაგრამ გარინდულ წამებში, როდესაც დრო უსასრულობისკენ მიიწევს და უდარდელობას ღრმა ძილით სძინავს, რაღაც ახალი ღვივდება, სრუილად უცნობი და შენ მას იღებ, მაგრამ ჯერ კიდევ არ შეგიძლია მისი გამოთქმა და ფიქრობ: შესაძლოა ეს არის ახალი ცხოვრება, ახალი სიყვარული და თმებს იჭრი, ახალ ტანსაცმელს ყიდულობ, უახლოვდები კაცებს, რომლებიც შენგან გარბიან. მზად ხარ ყველაფერი, რაც შენთვის ახლი და უცნობია, ერთ კარტში მოაქციო. გრძნობ ფეხქვეშ მიწა როგორ გეცლება, ყოველდღიურობას შორდები, გეშინია, ცახცახებ და თავს აიძულებ გონებას მოუხმო, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების გულისთვის.
ეს მოუსვენრობა, ეს შიშნარევი სიბრმავე  სიღრმიდან წარმოსახვის ამოფრქვევამდე. დღის განმავლობაში ათასჯერ შლი ტაროს, რომელიც დიდიხანია მომავალს არ გიჩვენებს, რადგან სიბნელე, რომელშიც ფეხაკრებით დააბიჯებ, გაანათო. გაუგებარი, სრუილად უცხო შეგრძნება თან დაგყვება აქამდე არსებული რეალობის დასაბრუნებლად. მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებს თავში: გათავისუფლება! ცხოვრება ამაზე უფრო ცუდი ვერ იქნება. ეს იყო სიშმაგე, რომელიც გამოგეცხადა, ამბობს ზოგიერთი ბიოგრაფი, ეს იყო სიკვდილი. ასე იოლია ხელოვნების ძალა დააკნინო. გრძნობ რაღაც ახალი, რომელიც მოლოდინებსა და შიშში გამწყვდევს, მხოლოდ შენ გეკუთვნის. თავსიუფლება შესაძლოა შენთვის ნიშნავს – მტკიცე, ახალ მეს, წარსულისგან, კაცისგან, რომელმაც მოგატყუა, ხელშეუხებელს. ის ზემოდან გამომწვევად აცხადებს: მე ვარ დიდი ხელოვანი, თქვენ ყველას ჩამოგიტოვებთ. ჯერ კიდევ ძალიან სათუთია იმისთვის, რომ შეძლოს სიმშვიდის მოპოვება, მაგრამ აქ არის და სურს საკუთარი ძალები მოსინჯოს. საუცხოოდ ახალი და შეუდარებელია, მაგრამ რეალობას ვერ უძლებს. ვერც კი შეამჩნიე ეს მე, რომელიც შენში თანდათან მოძლიერდა, რომ ყიველდღიურობისთვის არ არის შექმნილი. ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის ომი ცხოვრების სასარგებლოდ ვერ დასრულდება. ის შენი მეორე სახეა, რომელიც შენი ყოფიერების მეთი საზრდოობს, შენი ვამპირი, სრუილად სხვა, რომელიც დილაადრიან დაგეძებს, რათა საკუთარი თავისგან გაგათავისუფლოს. შენ მისკენ მიილტვი, ის შენი საუკეთესო ნაწილია, მას ჰყოფნის გამბედაობა შენი წარმოსახვის თვალსაწიერს გაგაშოროს, მას ჰყოფნის თვითგანადგურების გამბედაობა.
შენ თან გიყვარს, თან გაშინებს ის, მაგრამ მის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეგიძლია. ის არის მთვარე, რომელიც საკუთარი თავსაფრიდან ანათებს, ის არის ზღვა, რომელიც საკუთარ მკვდრებს ათავისუფლებს,  ის არის მალშტრომი, რომელიც ყველას ცხოვრებას ისრუტავს და შთანთქავს:
სიჩუმე ჩემს ძვლებში, გაშლილი
მინდვრები გულს მიდნობს.
ისინი მემუქრებიან,
რომ ზეცას გამიხსნიან
უვარსკვლავოს, უსახლკაროს, მუქ წყალს.
მალევე მიხვდი, რომ ყველაფერი, რაც შენგან საბოლოო ნამდვილი წარმოსახვის სახით მოედინება, რეალობის დაუნდობელი განადგურების სასიკვდილო პრეტენზიას თავის თაში ატარებს. ის შენ განებებს ყველა წარმოსადგენი სიკვდილით მოკვდე და შენც საკუთარი ნებით მიჰყვები უფსკრულში, ყოველ მკვლელს, ვისაც ის გაკავშირებს, საკუთარ თავს თავგამოდებით თავაზობ.  ყველა წარმოსადგენი მსხვერპლშეწირული ცხოველი ხარ. ამაში კარგად გაწვრთენი თავი, რადგან საკუთარ თავს მუდამ როგორც ნანადირევ, მოკლულ ცხოველს უყურებდი. მხოლოდ უფრო თამამი, რეალობის დამანგრეველი სურათების ფასად? შენ საკუთარი ცხოვრება ხელოვნებაში ამოხსენი და სწორედ ასე რჩება ხელოვნება დაკვირვების საგნად, სხვა ყველაფერი არის ნაგავი, არეულობა და ვერ შეძლებს იმ სიცხადის წინაშე გაჩერდეს, რომელიც  ცხოვრებას ორიოდე ფრაზის არსში ეჯაჯგურება და მთელ აუტანლადქცეულ ყიფას გაუვალად ხდის და ამასთანავე ანადგურებს. რა დაუძლეველი საცდურია! უზარმაზარ ტკივილთან ერთად, განადგურების საოცარმა სურვილმა შეგიპყრო. რა ტრიუმფი, რომ ყოველ დილით ხელახლა გაიმარჯვო ცხოვრებაზე, რომელსაც ვეღარ იღებ. საკუთარი თავი გაანადგურო და საკუთარი ხელითვე აიყვანო იმ უარყოფის მწვერვალეზე, სადაც ყოველდღიური გადარჩენა უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს, როგორც გადარჩენის ერთადერთი შესაძლებელი ფორმა: ხელოვნების პარადოქსი, ცხოვრებაში შეუძლებელი მარადისობის მოთხოვნილების ტრიუმფი.
გქონდა ეს ყველაფერი გაცნობიერებული? წინა თვეების განმავლობაში, საკუთარ თავთან შეგეძლო გარკვეული დისტანიის დაჭერა, რათა საკუთარ თავს კარგად ჩაღრმავებოდი? არსებობს წერილები, რომელშიც იტყუები, რადგან არ გინდოდა დედა აგეღელვებინა და დღიურები, რომლებშიც შენს შესახებ ნაკლები წარმოდგენა გაქვს, ვიდრე ლექსებში, ცხოვრების განმავლობაში იმდენი ტანჯვა განიცადე, არა როგორც მიტოვებულმა ქალმა, არამედ ბავშვმა, გოგონამ, რომ შეიძლება ამან სხვებთან შედარებით უფრო ადრე პოეზიამდე მიგიყვანა.  შენ გინდოდა ყველაფერი კარგად გაგეკეთებინა, არა კარგად, არამედ უკეთეად, ვიდრე სხვები გააკეთებდნენ და ამით ადამიანების ყურადღება და სიყარული დაგემსახურებინა. შენ ცხოვრებისგან ყველაფერი გსურდა და თუ ცხოვრება ხე იყო მაშინ გინდოდა არა ყვავილი ან ტოტი, არამედ მთელი ხე ყველა ტოტითა და ყვავილით. სწორედ ასე აღწერე შენ და ცხოვრებისადმი შენი უმაღლესი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მზად იყავი ცოდნა, ნიჭი, შარმი, სილამაზე და ახალაზრდობა გაგეღო, მაგრამ ხელოვნება სხვა გზას ითხოვს, მსხვრევას, გაურკვეველ ლოდინის და შეძრწუნების უნარს. შენი წერილები არ გათქვამენ თუ როგორ ისწავლე ცხოვრების ხელოვნებად გარდაქმნა, რომელიც ცოცხალთათვის არ არის განკუთვნილი, არამედ მხოლოდ სიკვდილის მეშვეობით გამოისყიდება, მხოლოდ შენი ლექსებია ამის მოწმენი.
სიკვდილმა, შენმა დიდმა ინსპირაციამ, შენი წარმოსახვები გარდაქმნა: ქვასა და მარმარილოში, ხრეშსა და სიბნელეში. ყველაფერი რბილი და ფერადი, სიცოცხლის უკანასკნელი კვალი, მის თვალწინ უნდა გაცამტვერდეს, სხვა არჩევანი არ არსებობს. შენთვის რომ მას თავი დაენებებინა, ცხოვრება უსახური გახდებოდა. მან ხელოვნების ნიმუშად გაქცია, გაგაქვავა და თან წაგიყვანა:
ქალი არის სრულყოფილი,
მისი მკვდარი
სხეული თავისი სრულყოფის ღიმილს ატარებს.
ბერძნული თანასწორობის ნიშანი
მისი მოსასხამის ნაკეცებში მიედინება.
თუ ბოლოს მან მიგატოვა? ეს გახდა შენი გადაწყვეტილების მიზეზი? როცა ფრაზები შენ უმხედრო ცხენებივით დაგარბენინებდა და უკან უხმოდ გიშვებდა?
ფრაზები,
ცულები,
რომლებიც ტყეში ხმას გამოცემდა
და ექო!
ექო, რომელიც შორს მიდოდა
ცენტრიდან ცხენებივით.
როდის დაემუქრა შენს წარმოსახვებს გაქრობა? ღრიალებდა ბოლოს გრძნობებისგან დაცლილი ფრაზები სიცარიელეში, როცა გადაწყვიტე, რომ ცხოვრებას მეტს ვეღარ გაუძლებ?
დროთაგანმავლობაში ძველმოდური გახდი, შენი თაობის სამსხვერპლო მითებმა შეგიწირა. ჩვენ ვართ ჭკვიანები და თანამედროვენი და საკუთარ ცხოვრებას თვითონ განვაგებთ, საკუთარი თავის დაცვა თავად შეგვიძლია და უპირველესად თვითგანვითარებაზე ვფიქრობთ. ლორელივით უდროო ხარ! ახალ-ახალი ბიოგრაფები ახალ-ახალ სერთიფიკატებს განიჭებენ: რომ შენ ზედმეტად მგრძნობიარე, მესაკუთრე, ისტერიული იყავი, ათასობით ქალია პატარა ბავშვებით მიტოვებული, მაგრამ პირველსავე მარტოსულ ზამთარში თავს ღუმელში არ უყოფენ. შენ არ იყავი ძლიერი ქალი. შენ გინდოდა შეყვარებული ქალი ყოფილიყავი. მაშინ რატომ ამდენი ამბიცია? რატომ უსასრულო ბრაზი? შენი ცხოვრებით უნდა იცხოვრონ, შენ რომ გაგიგონ და ჯერ შენი ცხოვრება უნდა გაიგონ, შენს ლექსებს რომ ჩაწვდნენ? შენ ჩვენთვის, გოგონებისთვის, მძლავრ იარაღს წარმოადგენდი დედებისა და ქმრების წინააღმდეგ. სწორედ შენ იყავი ის თავმდაბალი, მოკრძალებული მსხვერპლი, რომელსაც ჩვენ ყველა საკუთარ თავმდაბლობას გახოცავდით, რომ როგორმე თავი მისგან გაგვეთავისუფლებინა, ჩვენს სიძულვილს, ჩვენს უმწეობას. შენ დაგვანახე, რომ ამქვეყნად ტყულად არაფერი ხდებოდა, რომ ჩვენ შურისძიება შეგვეძლო, თუნდაც მხოლოდ მეტაფორებით. შენ იყავი ჩვენი „ლედი ლაზარე”, ჩვენი ამაზონი მიღმიერიდან, რომელიც სიყვარულისა და მსხვერპლის მომაკვდინებელი ბორკილების დამსხვრევაში დაგვეხმარე. ყოველი მოძრაობა ითხოვს წამებულს. შეძლებდი გადარჩენას საკუთარი ოთახი, ძიძა და ერთგული მეუღლე რომ გყოლოდა? ეს იყო გარეგნული გარემოებები, რომელმაც სიკვდილამდე მიგიყვანა? შეძლებდი ცხოვრებას და წერას თავისუფლებაში, სადაც თავად განაგებდი ყველაფერს?
სანამ მოწამე გახდებოდი ვინ იყავი მანამდე? პატარა, დამჯერე გოგო, რომელიც ყველას ანგარიშს უწევს? სამაგალითო მოსწავლე, პატივმოყვარე, თუმცა საკუთარ მიღწევას სიყვარულში ცვლის? რომელიც ყველას უნდა ჰყვარებოდა, რადგან ის თითეულ მათგანს სიხარულით ემორჩილება? ყველა ფოტოზე გულმოდგინებისა და ბედნიერებისგან ბრწყინავ, ყოველთვის სუნთქვაშეკრული შეხვედრა და არასდროს საჯარო კრიტიკა პედაგოგთა და თერაპევტთა, რედაქტორების მეურვეობის მიმართ, რომლებიც გირჩევენ წაიკითხოთ მათი მეორეხარისხოვანი ჟურნალების ძველი ნომრები, რათა მათ გემოვნებას გაცნობოდი. მხოლოდ სიღრმეში, შენი თვალებიდან დაფარული იზრდება ბრაზი უწყვეტი თვითდამკვიდრების, დაუცველი თვითდაკარგვის გამო. საუკეთესო სასწავლებლები, უმაღლესი ჯილდოები, გამუდმებული ქება-დიდება: მართლა ასე განიცდიდი, როცა კრიტიკასა თუ ქებაში შენს მიმართ რაიმე ითქმოდა? ყოველი კრიტიკა განადგურებდა და ყოველი ხოტბა თვითდაჯერებას გმატებდა ანდა საერთოდაც საკუთარი მეს არსებობის უფლებას გრთავდა? საკუთარი მე, რომელიც ჯერ კიდევ დიდ ქალაქში გატარებულ ერთადერთ ზაფხულში განადგურდა, როცა Cosmopolitan-ის სტიპენდიით მანჰატენში მარტო ცხოვრობდი. შესაძლოა შენი ნერვების ღალატი საკუთარი მკაცრი დისციპლინიდან გათავისუფლების მცდელობა იყო, რომელიც სისუსტის უფლებას არ გრთავდა? მხოლოდ ცოტა ხნით იყავი აღუზრდელი ბავშვი სარდაფიის კიბეების ქვემოთ, რომელსაც შეჯიბრებაში მონაწილეობა არ სურდა, თუნდაც ეს ცხოვრება ყოფილიყო, რომელსაც ტოტალური უარყოფა საბოოლოოდ ჩაკლავდა. აქ არ იგულისხმება ის, ვინც თვითდამკვიდრების მიზნით მორჩილად იქცევა, ვის არ განუცდია ბავშვური გულმოდგინება, როცა ყველაფერი კარგად გამოუვიდეს უნდა, ასევე, როცა სურვილისამებრ რამე არ გამოდის, ბრმა ბრაზი საკუთარი უცხო მეს წინააღმდეგ, თითქოსდა ამის გაკეთება სხვას და არა შენ გსურდა. როგორ, არ მოგწონთ? მაშინ ამ ყველაფერს გავანადგურებ. კატის მსგავსად მეც ცხრა ცხოვრება მეძლევა. ასე იმეორებ და იმეორებ, სანამ გამოგდის.
რა რჩება, ყოველთვის სხვებისთვის ანგარიშგაწეულ მესგან? ცხოვრებისგან? სინამდვილისგან? ანარეკლები, მაგრამ არა საკუთარი ოცნებებისა. ცხოვრებას სხვა წარმართავს. ყველაფერი თითქოს ფილმია, რომელსაც უყურებ და ამავე დროს მასში მონაწილეობ, თუმცა ვერაფერს ვერ გრძნობ, ნელ-ნელა სიმშვიდე ისადგურებს, ცხოვრება არ გრძელდება. შენ მინის ჭურჭელში ზიხარ, სხვები გამჭირვალე კედლებზე, რომლებიც მათგან გყოფს, აკაკუნებენ. ერთხელაც არ შეგიძლია საკუთარი თავი განიცადო, რამაც გაუსაძლისი ტკივილი დაგიგროვა. ჯილდო ამისთვის ღირდა: უცოდველი მზერით დგახარ თვალსაწიერის ზღვართან და ცხოვრებას კაშკაშა სურათებად, ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნი, რომლებზეც შენ ჩნდები, შენ გეკუთვნის მედუზის ხედვა და ბოლო სიტყვა. სინამდვილე ნატურმორტად გეძლევა, რომელიც უნდა მოკლა, სისხლისგან დაცალო და ქვად აქციო. დაასწრო სანამ ის თავად გშთანთქავს. როგორ შეიძლება ამ ომში სიცოცხლემ გაიმარჯვოს?
არსებობდა ბედნიერება? რა თქმა უნდა, არსებობდა ბედნიერების წუთები, ბედნიერების განცდაც უბედურებასავით სულისმხუთავი იყო. ორმოცდაათიან წლებში სტუდენტური პერიოდის ველური აურზაური, კაშკაშა სილვია, ოქროსფერი თმები, ახალი ინგლისის სანაპირო, თაყვანისმცემლების არმით გარშემორტყმული, რომლებსაც იგი ჭკვიანურად ეთამაშება ერთმანეთის წინააღმდეგ. La belle dame sans merci, სიყვარულზე საუბარიც ზედმეტია, მხოლოდ ძალაუფლებით ტკბობა, ჯილდოები საუკეთესო ლექსებისა და მოთხრობებისთვის, პირველი წარმატება, სტიპენდია კემბრიჯის უნივერსიტეტში სასწავლებლად, ძალაუფლების კიდევ ერთი აშკარა ნიშანი, შემდეგ დიდი სიყვარული, ტედი, ქორწინება, ბავშვები, ცხოვრება სოფელში, აქცენტი ყოველთვის გადატანილია მოვლენათა ღერძზე, რომლის გარშემოც სამყარო ტრიალებს: ეს ხარ შენ, როგორც femme fatale, როგორც პოეტი და მოულოდნელად ახალი უცნობი როლი, როგორც შეყვარებული ქალი, თავდადებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც სიყვარულში საკუთარ თავს კარგავს – სურათი, რომელიც ბოლოს, კატასტროფის წინ შექმენი. ვის შეუძლია სიყვარულში სიმშვიდე განიცადოს, როცა თავს ვერ პოულობს, როცა აშინებს და აფრთხობს შთანთქმული არ გახდეს.
საკუთარი თავის მიმართ მუდმივი საყვედური ყოველთვის ძალაუფლებას ეხებოდა? არც ერთი ძალა არ არის ისეთი მათრობელა, როგორიც სიმართლის მორჩილება: ცხოვრების გარდასახვა ხელოვნებად. საკუთარ შინაგან სამყაროს ბადესავით აფარებ საგნებს, სასოწარკვეთის შავი, ბრაზის წითელი და სიკვდილისადმი მიდრეკილების აჩრდილივით თეთრი ფერით ღებავ მათ. შინაგანში მეტი მოიპოვება. შენ ყოველთვის ამარცხებდი სინამდვილეს შენში ენითგამოუთქმელ წინასწარ არსებულ სიკვდილთან. ცხოვრებას ყოველთვის ხელოვნების სახელით ანადგურებდი. ცხოვრებაში ძალაუფლებით ნაკლებად ტკბებოდი, ის ყოველთვის შენს წინააღმდეგ მოქმედებდა. მაგრამ საწერ მაგიდასთან, დილის ოთხ საათზე, როცა დაწერილი ლექსები ახალდაბადებულ ბავშვებივით შენს თვალწინ ელაგა, მაშინ ალბათ ნამდვილად იყავი ბედნიერი და საკუთარი ძალით მოჯადოებული. საერთო ჯამში ლოდინის რამდენი საათი ჭირდებოდა ბედნიერების ერთ წამს? ფრაზებისა და სურათების ლოდინის, თავდავიწყებით თავიდან გასვლის ლოდინის, აღიარების ლოდინის. ლექსებში ბედნიერების კვალი არ იგრძნობა, თავად ტედისადმი მიწერილ წერილებში ნაფიც ბედნიერებასთან ერთად, მტრობისა და განადგურებისა სურათები იშლება:
ჩვენც გვქონდა ურთიერთობა,
ჩვენს შორის გაიბა სადენები, რომ დაწყვეტილიყო
ნემსკავი, ძალიან ღრმად, რომ ამოიღო,
გონების გარშემო მარყუჟი,
რომელიც ახრჩობს რაღაცას ცოცხალს.
შევიწროება მკლავს.
შენს განადგურების სურათებში მტრობას აღვივებ საკუთარ თავსა და ყველას  (ვინც გიყვარს) შორის. შესაძლოა დასაწყისში ამ სურათებში ჯერ კიდევ არსებობდა თვითმიტოვებულებაში გამარჯვების მოპოვების იმედი, თვითდაკარგვის მეშვეობით თვითგამარჯვების მიღწევა, გარღვევა ახალი ხედვებისკენ. ყოველთვის, ყოველი წარმატებული სტრიქონის თუ თამამი მეტაფორის შემდეგ არ ჩანს, რომ ეს დასაწყისია, ფეხი სარდაფის კარში, სადაც განძი დამარხულია? და რომლის ამოსათხრელად შენთვის უკვე არც თუ ისეთი მაღალი ფასია გადასახდელი. შესაძლოა, ჯერ კიდევ ბედნიერების პერიოდში სწორედ ტედი იყო უფსკრულისკენ მიმავალი გზის წინამძღოლი, რომლისგანაც შენ ხელოვნების მოპოვებას იმედოვნებდი. ხელოვნება შენთვის ხომ ყოველთვის სადღაც ქვემოთ დამარხული მდებარეობდა, ზღვაში, რომლიდანაც დამხრჩვალი ხელს გიქნევდა, ხეობის გაუვალ ტყეში, სადაც უხილავ მახეში ებმებოდნენ და მიწაში, ძალიან ღრმად, სადაც სიცოცხლე და სიკვდილი ხის ფესვებზე ერთმანეთს ეხებიან. მთელი შენი ცხოვრება იყო იმ საზღვრის გადაკვეთის მცდელობა, რომლის შესახებაც კარგად იცოდი, რომ ცოცხალი ვერ გადახვიდოდი, ამიტომაც ენას მეძებარი ძაღლივით წინ გზავნიდი, რათა მას ეჩვენებინა თუ სად იწყება დუმილის ზღვარი.
შენსა და ტედს შორის როლები თავიდანვე გადანაწილდა: ის იყო ყვავი წვიმაში, მზე ჩანდა მის უკან, შენს წინ იყო მთვარე და განათებდა ძვლების თავსაბურიდან. თავიდანვე საკუთარი სურვილით იქეცი მსხვერპლი. თუმცა მოწმეები ამბობენ, რომ სინამდვილეში შენ სრუილად სხვანაირი, მესაკუთრე და ცვალებადი გუნების იყავი, სრუილად არაფრის გამო შეგეძლო აღშფოთება, რომელსაც ზღვარი არ ჰქონდა. რომელია უფრო მნიშვნელოვანი, ვის ეთქმის ბოლო სიტყვა, რას უფრო მეტი წონა აქვს, მას რასაც შენ განიცდიდი თუ როგორსაც შენ სხვები გხედავდნენ? შენმა თვითმკვლელობამ ტედის საბოლოოდ დასდო ბრალი, მანამდე პატარ-პატარა შეტაკებები არ ამხელდნენ, ვინ იღებდა საკუთარ თავზე ყოფიერების ტვირთს და ვინ რჩებოდა თავისუფალი მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნებისთვის. ბოლო წლების დღიურები მან, როგორც თვითონ შენი გარდაცვალების შემდეგ გვიმტკიცებდა, გაანადგურა, რადგან ბავშვებისთვის მდგომარეობა ცოტათი შეემსუბუქებინა. ეწერა დღიურებში თავისუფლების არარსებობის სიძულვილისა და ქალის ბანალური ყოველდღიურობის წვრილმანების შესახებ, ყველაფრის, რაც გაფორიაქებდა და გახრჩობდა, დაუნდობელი განადგურების სურვილის შესახებ? დადუმებული, ვერასდროს აღიარებული ტაბუსდარღვევის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ ყოველ ქალში ოჯახების, შინაურებისა და წესრიგის ხელშეუხებელი ღირებულებების წინააღმდეგ მორბენალი ამოკია ჩაბუდებული?
დაგროვილი ბრაზი ბოლოს საკუთარი თავის წინააღმდეგ ანთხიე, თავად გახდი დაუნდობელი თავდამსხმელი საკუთარ თავზე, შეურაცხყოფილმა და გაბრაზებულმა თავი ბორკილებისგან გაათავისუფლე და მსხვერპლად საკუთარი თავი თვითონვე აირჩიე, რომელთანაც დიდი ხნის წინ გააჩაღე მწვავე ბრძოლა. სტრიპტიზი, რომლითაც თავს ტოვებდი, არასდროს არ იყო საკმარისი. ნაბიჯ-ნაბიჯ, თეთრი ფურცელი, რომელიც ძირს ვარდება, სილუეტი და ბოლოს არარსებობა და ექო. ასე გადალახე ტკივილი, სიყვარული და მოვალეობები, რომლებიც მუდამ და მუდამ ცხოვრებისკენ გექაჩებოდნენ. როგორი თავისუფლება, როგორი დასასრული უნდა მოგჩვენებოდა სიკვდილისთვის. როგორც შენი სიკვდილის მოწმენი ამბობენ, შესაძლოა აფექტი იყო. მაგრამ ლექსები ცალსახად და ყოველგვარი ეჭვის გარეშე თვითდაკარგვის უმაღლესი შეგრძნების პირდაპირ კვალს გვიჩვენებს. მას მიჰყვება და არც ბოლო სურათზე ჩერდება, რა დაუფიქრებელი ეგოცენტრიზმი, რა შეუზღუდავი ფუფუნება!
თავს ვეკითხები, მართლა არ გაინტერესებდა რომელი სურათები გადაიშლებოდა მეორე დილით შენს თვალწინ, რომლებიც ლექციებზე ჯერ კიდევ წარმოუდგენელი მეტაფორები იყო? კიდევ ათი დღით მეტი სიცოცხლე – ათი ლექსით მეტი, ერთი თვე, ნახევარი წელი და რა ნაწარმოები! რატომ გადაწყვიტე თებერვლის იმ დილით რომ საკმარისია? როგორ ხვდებიან, რომ საკმარისია და ლოდინი არ ღირს? „სისხლის შადრევანი პოეზიაა, ის არასოდეს დაშრება“... იქნებ იყავი სისხლისგან დაცლილი, იქნებ მთელი სიშმაგით ელოდი უკანასკნელი წარმოსახვის ფინალურ გამოცხადებას, ვინ იცის.  ბოლო დილის პროტოკოლი არ არსებობს.

ვენა. თებერვალი, 2020.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge