გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი მგალობლიშვილი - ეტიუდები

(ვუძღვნი დედაჩემს)
წიგნის ჩივილი

ერთ დროს დიდი რუდუნებითა და მოწიწებით მეპყრობოდნენ ადამიანები. – გულისტკივილით ამბობს წიგნი – ახლა კი ვაგდივარ ოთახის ერთ ბნელ კუთხეში მარტოდმარტო და მტვრის სქელი ფენა მადევს, სუნთქვა მიჭირს! ჩემი ტანმთელობა დრო-ჟამისაგან ისეა გაცვეთილი და გაცრეცილი, რომ მნახოთ შეგებრალებით, თუმცა ჩემს პატრონს არ ვებრალები. ერთხელ დიასახლისმა დამტაცა ხელი და გამიტანა სასადილო ოთახში, ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე, ალბათ ქალბატონს ჩემი წაკითხვა მოეგუნება-მეთქი, და მოუთმენლობისაგან ცახცახი დავიწყე, მერედა ვინ მოთვლის რამდენი ხანი იყო, რაც არავის წაეკითხა ჩემი აწ უკვე ნახევრად გადაშლილი სტრიქონები! მაგრამ იმედი აქაც გამიცრუვდა. სასადილო ოთახში შესვლისთანავე დამაგდო მაგიდაზე და დამადგა გაზქურიდან ახლახან გადმოდგმული ღომიანი ქვაბი, თითქოს მე ერთი უბადრუკი ხის ნაჭერი ვყოფილიყავი, რომელსაც როგორც მოენებებოდათ ისე მოექცეოდნენ. ჰაი, დედასა! თუმცა რა ვიცოდი მე უბედურმა რა მელოდებოდა წინ. მართლაც, როცა ამ მუცელღმერთების ღრეობა დასრულდა, დიდად დანაყრებულმა ქალბატონმა დამავლო გაქონილი ხელი და გადამისროლა ფანჯრის რაფაზე, თან ასეთი სიტყვებით მიმართა ჩასუქებულ ქმარს: "ახლა, აქ ეს წიგნი ორ კარგ საქმეს გაგვიკეთებს, ცხელი კერძის დასადებად ხომ კარგია და კარგი, მაგრამ ამავე დროს ვინმე, რომ შემოვა დაინახავს არა კედელზე ჩამოკიდებულ ხის დაფებს, არამედ ფანჯრის რაფაზე კოხტად დადებულ წიგნს – ეს უფრო ესთეტიკურია!"
განა სადმე კიდევ გინახავთ ასეთი დამცირება და აბუჩად აგდება წიგნისა, რომელსაც ოდესღაც მთელი ქვეყანა თაყვანს სცემდა. მერედა რამდენი ასეთი მწარე წუთი მარგუნა ბედმა...

12.11.2002





განწირულნი

დეკემბრის სუსხიანი ღამეა, თოვს, ყინვა ძვალ-რბილში ატანს. მე კი ვდგავარ ჩვილი ბავშვით ხელში მარტოდმარტო ქუჩაში და სიცივისაგან ვკანკალებ. ძალიან მშია, მეორე დღეა არაფერი მიჭამია. ჩემი პაწია ეკა განუწყვეტლივ სტირის, მასაც შია და სცივა. მკერდში კიდევ უფრო მაგრად ვიკრავ ჩემს გათოშილ პატარას, რათა უკეთ გავათბო. მის ლამაზ სახეს თოვლის ფიფქები ეცემა და ყინვად იქცევა. ვცდილობ ფიფქები მოვარშორო, მაგრამ თითები უკვე აღარ მემორჩილება. ჩემი ნორჩი სხეული ისეა დასუსტებული, რომ მეშინია ბავშვი ხელიდან არ გამივარდეს. უფალო შემიწყალე! თუმცა ღმერთი ხომ არ არსებობს, ის, რომ ნამდვილად ყოფილიყო ამქვეყნად, მაშინ ჩემი ცხოვრება ასე ბედუკუღმართად არ წარიმათებოდა. რა ცოდვა ჩავიდინე ისეთი, რომ ჩემი და უცოდველი ბავშვის სიკვდილით უნდა გამოვისყიდო?!
ნუთუ ჩემი ბრალია, რომ შემიყვარდა ერთი ლამაზი ყმაწვილი, რომელიც არამზადა აღმოჩნდა, მაშინვე მიმატოვა როგორც კი ვუთხარი ფეხმძიმედ ვარ-მეთქი, და მას შემდეგ აღარც მინახავს. როდესაც დედაჩემმა ყველაფერი გაიგო, ხელები თავში წაიშინა და მოთქმას მოჰყვა. "რას იტყვის ხალხი, როდესაც შეიტყობენ შენი შერცხვენის ამბავს, თვალი როგორ უნდა გაუსწორო ახლობლებს ამის შემდეგ?!" ქვითინით თქვა ეს სიტყვები დედამ და გავიდა ჩემი ოთახიდან. ცოტა ხნის შემდეგ გაცოფებული მამა შემოვარდა და ცემა დამიწყო. როდესაც მამაჩემის რისხვა ცოტათი დაცხრა, მაშინ მან მომმართა ასეთი საშინელი სიტყვებით: "შენ ჩემი შვილი უკვე აღარ ხარ, ჩემთვის მკვდარიხარ, წადი ამ სახლიდან და სადაც გინდა იქ იცხოვრე". ბევრი ვემუდარე, მაპატიე-მეთქი, მაგრამ ამაოდ. არც ერთმა ახლობელმა არ შემიფერა მე უბედური. ყველამ ზურგი შემაქცია თითქოს კეთროვანი ვყოფილიყავი. რატომაა ხალხი ასეთი ულმობელი?! მე ხომ მათთვის არაფერი დამიშავებია? ასე აღმოვჩნდი ქუჩაში. პურის ფულს მათხორობით ვშოულობდი. მიტოვებული სარდაფი ვიპოვე და იქ დავიწყე ცხოვრება. იქვე გავაჩინე ჩემი საბრალო ეკა, მაგრამ ახლა ის ბნელი სარდაფიც სანატრელი გამიხდა. ერთ ავბედით დღეს მაწანწალა ბიჭების მთელი ხროვა მოადგა სარდაფს, უხამსი წინადადება შემომთავაზეს დარჩენის სანაცვლოდ, მაგრამ მე არ დავთანხმდი და იქიდანაც გამომაგდეს.
მზესავით გაკაშკაშებული მთვარე დაჰყურებს ჩვენს უკანასკნელ გაბრძოლებას. ყინვა უფრო და უფრო გვიჭერს რკინის მარწუხებს. ნაბიჯის გადადგმა აღარ ძალმიძს. ვეშვები თოვლში და ვხუჭავ დაღლილ თვალებს, ძალიან მეძინება. ბავშვის სუნთქვას ვეღარ ვგრძნობ, მაგრამ განძრევა უკვე აღარ შემიძლია, მხოლოდ ძილი მინდა, ძილი...

26.11.2008






შობის ღამე

სოფლის განაპირას დგას ნახევრად დანგრეული ქოხი, რომლისთვისაც მდინარეს საძირკველი გამოუცლია, ასე გგონია, სადაცაა მდინარეში ჩაიქცევაო. თოვლის გუმბათი ადგას ქოხის სახურავს. ოთხმოცი წლის ბერიკაცი და მისი ორი შვილიშვილი ბუხრის წინ სხედან და მოწყენით უცქერიან მინავლებულ ნაკვერჩხლებს. მთები ღამის ნისლში ჩაძირულა. მოქუფრული ღრუბლები თითქოს დასტირიან სოფელს, რომელსაც თეთრი ძაძა ჩაუცვამს. სოფელს ვაბობ, თორემ უფრო ნასოფლარს ჰგავს, სამარისებური სიჩუმეა, სულიერის ხმა არსაიდან ისმის. ახლა სრული წყვდიადი სუფევს ოდესღაც გაჩირადღნებულ სახლებში. მხოლოდ ეს სამი ადამიანი შემორჩა ერთ დროს ხალხმრავალ სოფელს, მაგრამ ისინიც როდემდე გაუძლებენ ამ პირქუშ ბუნებას არავინ იცის. ბერიკაცი ძლივძლივობით ახერხებდა გოგონების გამოკვებას, დღითი დღე სულ უფრო მცირე და მწირი ხდებოდა ულუფები.
შობის ღამეა, გოგონები თაფლის სანთლებს ანთებენ და მშობლების სულს უფალს ავედრებენ. გარედან უცებ ვიღაცის ძახილის ხმა მოისმა: "მასპინძელო". მოწყენილმა ბავშვებმა ყურები ცქვიტეს და ცნობისმოყვარეობით დაიწყეს ფანჯარაში ყურება. ბერიკაცმა კარი გამოაღო და გასძახა: "მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა". თვალებგაცისკროვნებული მოხუცი შემოვიდა, რომელმაც რაღაც ღვთაებრივი სითბო შეიტანა ქოხში, თუმცა თვითონ სულ მთლად გათოშილიყო და თეთრი წვერი ყინვას დაეთრთვილა. მოხუცს გახდაში გოგონები მიეშველნენ. უეცრად ბუხარში ისეთი ცეცხლი დაინთო ნახევრად ჩამქრალი ნაკვერჩლებისაგან, რომ ბერიკაცი გაოცდა. გოგონებმა სუფრა გაშალეს, ყველაფერი გამოიტანეს რაც რამ ებადად. მოხუცი ხურჯინიდან იღებდა და იღებდა ნაირ-ნაირ საჭმელ-სასმელს, თითქოს ხურჯინი უძირო ყოფილიყო. ქეიფსა და დროსტარებაში ისე გაერთნენ, რომ შუაღამე უკვე კარგა ხნის გადასული იქნებოდა, როცა გოგონებმა ბუხრის ახლოს დაუგეს ლოგინი სტუმარს და დააწვინეს.
გათენდა, მზე ამოვიდა და გაათბო ყინვისაგან დამზრალი მიწა. ბერიკაცმა თვალი გაახილა და რას ხედავს! თავისი ძველისძველი ქოხის ნაცვლად სრულიად ახალ სახლში აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი ახალი იყო. ბუხარში ცეცხლი ისევ გიზგიზებდა. სტუმარი კი არსად ჩანდა. შეშის უზარმაზარი გორა დახვდა გარეთ გამოსულ ბერიკაცს, მაგრამ სასწაულები ამით არ დასრულებულა. ბოსლიდან საქონლის ბღავილის ხმა მოისმა, არადა აგერ უკვე ერთი წელი იქნებოდა, რაც გაყიდა ბერიკაცმა ერთადერთი მარჩენალი ძროხა უმცროსი შვილიშვილის ავადმყოფობის გამო. ბერიკაცი მუხლზე დაეცა და პირჯვარი გადაიწერა. "ნუთუ მართლა ქრისტე ღმერთი იყო ის მოხუცი?!" გაიფიქრა ბერიკაცმა და თვალებში იმედის სხივი ჩაუდგა...

06.01.2009




საბედისწერო ქორწინება

შემოდგომის თბილი დღე იდგა. ოდნავ შეყვითლებოდა ხეებს ფოთლები. მზე ფერმიხდილი ქალივით ანათებდა. ეზოდან ბავშვების მხიარული ჟივილ-ხივილი ისმოდა. ორსართულიანი სახლის აივანზე დიდებული სუფრა გაეშალათ. მთელი სოფელი მისულიყო ნეფე-დედოფლის დასალოცად. ივანე სამოცდახუთი წლის იქნებოდა: თმები უკვე შევერცხლოდა, სახე გაუხეშებოდა, შუბლი ნაოჭებს დაეღარა, ხელები მთლად დაკოჟროდა, მაგრამ მაინც ჰქონდა შენარჩუნებული ახალგაზრდული ეშხი. ცეცხლმოდებულ თვალებს მალიმალ აპარებდა პატარძლის სავსე მკერდისაკენ და სუნთქვა ეკვროდა. ლილე კი ორმოცდათი წლისაც არ იქნებოდა: თეთრი კაბა ეცვა, რომელიც მჭიდროდ შემოკროდა უნაკლო სხეულზე, ყორნისფერი თმა მხრებამდე სცემდა, წამწამთა ჩეროში ორი შავი ბრილიანტი უბრწყინავდა.
ივანეს ცოლი ჰყავდა, რომელიც მეორე გოგონას მშობიარობას გადაჰყვა. გოგონების გათხოვების შემდეგ ივანე სრულ მარტოდ დარჩა. ლილეც ადრე დაქვრივდა. ბავშვები, როცა წამოიზარდნენ ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად, სოფელში მხოლოდ ზაფხულობით თუ ჩავიდოდნენ. ლილე გადადიოდა ივანესთან ნობათით ხელდამშვენებული ზამთრის სუსხიან დღეებში და მარტოობის სევდას იქარვებდა. თანდათანობით ივანე ისე შეეჩვია ლილეს, რომ უიმისოდ ერთ დღესაც ვეღარ ძლებდა. მუდამ მისი კალმით ნახატი სახე ედგა თვალწინ, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა ქალს, რადგან ეშინოდა ვაითუ ცოლადაც არ გაჰყოლოდა და მასთან სიარულიც შეეწყვიტა. ერთხელ გულმა ვეღარ მოუთმინა, რომ არ ეთქვა ქალისთვის: "მიყვარხარ და ცოლად თუ გამომყვებიო?". ლილე ჯერ სასტიკ უარზე იდგა, მაგრამ ივანე არ ეშვებოდა, ბოლოს ქალი მაინც გატყდა და ბედს დანებდა.
სუფრა უკვე არეულიყო. ვისაც რა სადღეგრძელო სურდა იმას ამბობდა, თამადა კი სააქაოს აღარ იყო. კარგად შეზარხოშებული მამაკაცები ურცხვად უმზერდნენ პატარძალს, რომელსაც თვალები დაეხარა. ლხინის სუფრა ღრეობა გადაზრდილიყო. დაღამდა, მთვარე გზას უნათებდა შინ მიმავალ სტუმრებს. ცოლ-ქმარი საძინებელ ოთახში შევიდა. ლილემ კაბის გახდა დაიწყო, ქვად ქცეული ივანე მდუმარედ შეჰყურებდა მის თოვლივით ქათქათა სხეულს, რომელზეც ფანჯრიდან შემომავალი მთვარის მკრთალი შუქი ირეკლებოდა. უეცრად ივანემ ხელი გულზე იტაცა, ტკივილისაგან სახე დაეღმიჭა, დაბარბაცდა და მოცელივით დაეცა იატაკზე. სახეშეშლილი ლილე მივარდა ქმარს და მაჯის სინჯვა დაუწყო, მაგრამ უკვე გვიანღა იყო. ლილეს შემზარავმა კივილმა ღამის მდუმარება დაარღვია...

02.02.2009





მთვარის დედოფალი

ღამის სიგრილის წყალობით ზაფხულის სიცხისაგან დაოსებული ადამიანები ძილად მივარდნილიყვნენ. სრული მდუმარება გამეფებულიყო მთელ სოფელში, მხოლოდ ღამის ჭრიჭინების ჭრიჭინი აყრუებდა არემარეს. ბადრი მთვარე ამოსულიყო, გადაეყარა ღრუბლები, თითქოს ეს ღრუბლები ხელს უშლიდნენ მისი სილამაზის სრულად აღქმას. მთვარესაც ჰყავს თავისი დედოფალი, რომელიც თეთრ-ლურჯ სადედოფლო კაბაში გამოწყობილი დაბრძანებულა მთვარის ტახტზე. ის ზვიადი და ცივია, მაგრამ მაინც სიყვარულს ესწრაფის. მთვარის დედოფალი მუდამ სატრფოს მაძიებელია, თუმცა ამაოდ, მისი სამფლობელო ხომ უკაცრიელია. ამიტომაც აგზავნის ღამღამობით მთვარის დედოფალი თავის ვერცხლისფერ სხივებს დედამიწისაკენ, რათა ადამიანებმა შეიყვარონ იგი.
მზის პირველი სხივები ისე ელაციცებოდა ჩემს დახუჭულ თვალებს, რომ თითქოს სურდა, გავეღვიძებინე და მეხილა განთიადის მთელი სიმშვენიერე. აღმოსავლეთით ცას ცეცხლი წაჰკიდებოდა, დასავლეთით კი ცისფერ უკიდეგანო ოკეანეში ღრუბელთა თეთრი კუნძულები გაფანტულიყო. ცეცხლოვანი ბურთი უფრო და უფრო ძალუმად მაჭყეტდა თვალებში თავის ცხოველმყოფელ სხივებს. ჩიტების გაბმულმა ჭიკჭიკმა სულ მთლად გამომაფხიზლა. წამოვჯექი ხის ძველთაძველი აივნის იატაკზე დაგებულ ლეიბზე და ნამძინარევი თვალები მოვიფშვნიტე. იქვე იწვა ჩემი მეგობარი, რომელმაც გუშინ საღამოს ჩამიყვანა თავისთან სოფელში. აივანზე გამოსასვლელი კარი ჭრიალით გაიღო და გამოვიდა თხუთმეტიოდე წლის გოგონა, რომელსაც მოკლე ჩითის კაბა ეცვა: კუპრივით შავი თმა ჩანჩქერივით გადმოჩქეფდა ბრინჯაოსფერ ზურგზე, წამწამთა ჩრდილში ორი შავი მუგუზალი კიაფობდა, სახე შავ ვარდს მიუგავდა, შველივით ყელი ისე მოეღერებინა, რომ კოცნა მოგინდებოდათ, პატარა, მაგრამ მკრივი ძუძუების ლანდები იკვეთებოდა თხელ კაბაში, რომლებიც ახლად აკოკრებული ვარდის კოკრებივით უღვიოდნენ, შოლტებივით სწორი და გრძელი ფეხები ჰქონდა, რომლებიც სიარულის დროს არც კი ეხებოდნენ იატაკს, მზის სხივები ეთამაშებოდა მის ღვედივით მოქნილ სხეულს. გაოცებული მივშტერებოდი ამ თითქმის შიშველ ანგელოზს, რომელიც წამით შედგა და თავისი ცეცხლოვანი თვალები შემომანათა, შემდეგ კი სხეულის ნარნარი რხევით ჩავიდა კიბეზე.
გაოგნებული ვიყავი მისი პირველყოფილი სილამაზით და ბუნების ამ უმშვენიერესი ქმნილების კიდევ ერთხელ ხილვის დაუძლეველმა სურვილმა შემიპყრო. წამის უსწრაფესად ტანთ ჩავიცვი და კიბე ჩავირბინე. ეზოში ვარდების თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებდა. მწვანე მოლი აღმოსავლური ხალიჩასავით იყო მოქარგული მინდვრის ნაირ-ნაირი ყვავილებით, რომლებზეც დაფარფატებდნენ ჭრელ-ჭრელი პეპლები. თვითმკვლელობის ჟინით შეპყრობილი ცვარი ხტებოდა ბალახის წვერიდან. თვალი მოვკარი ქვაბით ხელში ბოსელში შემავალ გოგონას. ფეხაკრეფით მივიპარე გომურის კართან და შიგ შევიხედე. გოგონა იჯდა დაბალ სამფეხა სკამზე და ჯიქანს ბანდა ძროხას. თმის შავი ფარდა უფარავდა სახეს, რომელიც ყორნის ფრთასავით უბზინავდა მზის უმცირეს სხივზეც. თეთრი, ქათქათა ნაჭრით გაუმშრალა ძუძუები ძროხას, შემდეგ შეუდგა ქვაბი და დაიწყო წველა თავისი გრძელი, თლილი თითებით. უეცრად გამოიხედა და მე რომ დამინახა, თვალები წყრომით აევსო, თითქოს შეურაცხყოფილი დარჩა, მის უბადლო სილამაზეს უჩუმრად რომ ვუჭვრეტდი. საავდროდ გამზადებული ღრუბლებივით შეჰყარა თავისი გრძელი და წვრილი წარბები, წამიც და ღვთიური რისხვა დამატყდებოდა თავს, თუმცა უმალვე გაუპო ალისფერი ბაგე ბავშვურმა ღიმილმა.
– ხომ არაფერი გჭირდებათ, ასე დილაადრიან რომ წამომდგახართ? – მკითხა გოგონამ ალერსიანი ხმით.
– გმადლობთ, არა. უბრალოდ, ასეთ მშვენიერ დილას წოლა და ძილი განა შეიძლება. გინახავთ მთვარის სიკვდილი და მზის ხელახლა დაბადება? – ვკითხე გოგონას.
– ამ დილითაც ჰქონდათ პაემანი მთვარეს და მზეს, მაგრამ მხოლოდ წამით, შემდეგ კი მთვარე მიიცვალა მზის სხივებში, – მომიგო თვალებგაბრწყინებულმა გოგონამ. ძროხის წველას რომ მორჩა, გარეთ გამოვიდა. ხელში რძიანი ქვაბი ეჭირა, რომელშიც თბილი რძე ქაფქაფებდა.
– ჰო, მართლა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მე დავითი მქვია, – წარვუდგინე თავი და ხელი გავუწოდე.
– მე კი მარეხი, – მიპასუხა გოგონამ და რძის წვეთებით დათრთვილული ბრინჯაოსფერი ხელი ჩამომართვა.
– რატომ ვერ მოგკარით თვალი გუშინ საღამოს? – ვკითხე ოდნავ დარცხვენილ თანამოსაუბრეს.
– გუშინ მეზობელს ვეხმარებოდი თხილის დარჩევაში. შუაღამეზე დავბრუნდი შინ და ფეხაკრეფით ამოვიპარე აივანზე, თქვენ და გივის უკვე გეძინათ, – მომიგო მარეხმა და თვალები მორცხვად დახარა.
– მოდი, თავი გავანებოთ თქვენობით საუბარს, – ვუთხარი მარეხს, რომელსაც გიშრისფერი თვალები ზებუნებრივად გასხივოსნებოდა, – რამდენადაც მახსოვს, გივის არასოდეს უხსენებია შენი სახელი.
– შენს შესახებ კი ბევრს მიამბობდა, – ბავშვური გულუბრყვილობით თქვა მარეხმა და გადაიკისკისა. განცვიფრებული შევცქეროდი ამ მოკისკისე ნაკადულს. უეცრად სევდამ დაუფარა სახე. უკუნი ღამესავით შავი, უძირო თვალები კაეშანმა მოიცვა, – მე ობოლი ვარ, მშობლები გარდაცვალების შემდეგ გივის ბებიამ შემიფარა, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა, არ მეგრძნო ობლობის სიმწარე. არასოდეს გავურჩევივარ თავისი შვილიშვილებისაგან, პირიქით უფრო მანებივრებდა. ღვთისნიერი ქალია ბებია თეკლე, დედასავით მიყვარს. მე ახლა უნდა წავიდე, ნახვამდის.
გივის გამოღვიძებისთანავე კურდღელზე სანადიროდ წავედით. ფოთლების ჭრელი ხალიჩა მთელ ტყეში მოფენილიყო. ცად აზიდულიყვნენ მზის სხივებს დანატრებული ხეები, რომლებიც მწვანე ფოთლებს საუცხოოდ შეემოსათ. გველივით დაკლაკნილ ფესვებს ხავსი მოდებოდა. სულ უფრო და უფრო ღრმად შევდიოდით ტყეში, მაგრამ კურდღლის კვალიც არსად ჩანდა. უცებ ბროლიამ ყურები ცქვიტა და შურდულივით გაქანდა ბუჩქნარისაკენ, საიდანაც ორი დიდი თეთრი კურდღელი გამოვარდა. იჭექა ჩვენმა თოფებმა და ორივე კურდღელი უსულოდ დაეცა ძირს. მთელი დღე ვიხეტიალეთ ტყე-ღრეში და კიდევ რამდენიმე კურდღელი მოვკალით. სისხლისფერი მზე ზეცის უკიდეგანო სარეცელზე სულთმობრძავივით იწვა და თანდათანობით ქრებოდა მისი ლამაზი სიცოცხლე. ცეცხლოვანი ბურთი დასალიერისაკენ მიექანებოდა და გზას უთმობდა წყვიადის მზეს – მთვარეს, რომელიც ჯერ კიდევ არ ამოცურებულიყო ცის კაბადონზე. ბუნებას თვალი მიელულა და ღრმა ძილის მოლოდინში თვლემდა.
თალხისფერი ბინდი ჯერ კიდევ არ იყო ჩამოწოლილი, როცა შინ დავბრუნდით. მარეხი და ბებია თეკლე ჭიშკართან შემოგვეგებნენ, ჩამოგვართვეს ნანადირევი და სახლში შეგვიძღვენ. მარეხი საოცარი მოხდენილი და მსუბუქი მოძრაობებით შლიდა სუფრას აივნის ქვეშ. გივის ბაბუა თამადად დადგა, რომელმაც პირველად ჩვენი ბედუკუღმართი ქვეყნის სადღეგრძელო თქვა:
– გული მეწურება, როდესაც საქართველოს ისტორიას ვკითხულობ. ლამის ფიზიკურ ტკივილს ვგრძნობ ყოველი წაგებული ბრძოლის, ყოველი გოჯი დაკარგული მიწის გამო, – დაიწყო ბაბუა როსტომმა, – ცოცხალ არსებასავით მებრალება ეს პაწია საქართველო. ახლა კი მე მინდა, შევსვა შარშან რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირების შესანდობარი.
– ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმათი სული, ვინც სამშობლოსათვის თავი გასწირა. ძველებურად ბრძოლა აღარ შეგვიძლია, – კბილებში გამოცრა გივიმ, – ორასწლოვანმა ბატონობამ ჩაკლა ქართული სამხედრო გენია.
– მათი სახელი მარად დაუვიწყარი იქნება, სანამ იარსებს ქართველი ერი, – ვთქვი და შევსვი შედედებული სისხლივით ბლანტე წითელი ღვინო, – არც ერთ დამპყრობელს ისე არ გაუცამტვერებია საქართველოში სამხედრო საქმე, როგორც რუსეთს, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია. ბრძოლა ხომ გამოცდილებაა, საბრძოლო გამოცდილება კი მრავალ წაგებულ და მოგებულ ბრძოლას მოაქვს თან, მუდმივი ბრძოლა კი ან სრულიად გაანადგურებს ერს, ანდა უსაზღვროდ გააძლიერებს და მარადიულ სიცოცხლეს შეძენს მას.
უკვე კარგა ხნის დაღამებული იყო, როცა მოვრჩით ჩვენი ქვეყნის ჭირ-ვარამზე საუბარს. გულზე სევდა შემოწოლილები შევცქეროდით მარეხს, რომელიც ნელ-ნელა ალაგებდა სუფრას. ჯანღისფერ ღრუბელთა შორის ამოცურდა სავსე მთვარე, რომელიც ვერცხლისფერი სხივებით ეალერსებოდა ჩემს დაღლილ სხეულს. როდესაც დასაძინებლად ავდიოდი მეორე სართულზე, ყური მოვკარი მარეხის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს: "თეკლე ბებო, ამაღამ "ხოჭოჭინაში" უნდა ვიბანაო". გივიმ ბალიშზე თავი დადო თუ არა, მაშინვე ჩაეძინა. მე კი იმ უღმერთოს სიტყვებმა ძილი გამიკრთო, დაღლილობა სადღაც გაქრა.
ეზოს ბოლოს კამკამა წყარო ჩამოდიოდა, რომელიც ქვის სარკესავით პრიალა და სწორ კალაპოტში მიედინებოდა. ალბათ ამ ადგილებისთვის ოდესღაც ლავას გადაუვლია, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ ამ დანის პირივით სწორ ზედაპირზე ალაგ-ალაგ პატარა ქვევრებივით ჩაღრმავებები გაუკეთებია ბუნების ჯადოსნურ ხელს. ერთი მათგანი საკმაოდ დიდი მოცულობისა იყო, რომელსაც მარეხი "ხოჭოჭინას’’ ეძახდა. ეს ქვაბული მშვენიერ საბანაო აუზს ქმნიდა, სადაც ზაფხულობით სიცხისაგან გათანგული მარეხი გრილდებოდა. იქვე ერთი დიდი მუხის ხე იდგა, რომელზეც კატასავით სწრაფად და უხმაუროდ ავძვერი, მოხერხებულად მოვიკალათე ერთ დიდ ტოტზე, რომელიც დაჰყურებდა წყაროს თავზე. ჩირაღდანივით ანთებული მთვარე ისე ძალუმად დანათოდა წყაროდან გამომავალ ნაკადულს, რომ მის ლარივით სწორ ფსკერზე კენჭსაც კი შეამჩნევდით. მოუთმენლობისაგან გული მელეოდა, თუმცა დიდხანს ლოდინი არ მომიწია. აი, ისინიც გამოჩნდნენ. გული საგულეს აღარ მქონდა. ღვთისმშობელივით ლამაზი მარეხი წინ მოდიოდა, ბებია თეკლე კი უკან მოჰყვებოდა. სწორედ იმ დროს, როდესაც კაბა უნდა გაეხადა, მთვარე კუპრისფერ ღრუბლებში გაუჩინარდა, სრული წყვდიადი ჩამოწვა. ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ წყლის ჩხრიალის ხმა მესმოდა, რომელიც მის ღვთაებრივ სხეულს ეალერსებოდა. ვწყევლიდი მთვარეს ამ სასტიკი ოინისათვის. და მაინც რატომ მომექცა მთვარე ასე ულმობლად?! იქნებ მთვარის დედოფალი ქალურმა ეჭვიანობამ შეიპყრო და ამიტომაც ჩამოიფარა ღრუბელთა შავი ფარდა, რომ არ მეხილა შიშველი მარეხის მშვენიერება?! წყვდიადის მზემ ისევ რომ გამოანათა მოქუფრული ღრუბლებიდან, მარეხს უკვე ეცვა თეთრი საღამური პერანგი და სველ თმას ივარცხნიდა, რომელიც ბზინავდა მთვარის მკრთალ შუქზე. სუნთქვაშეკრული დავყურებდი ბუნების ამ ულამაზეს შავ მარგალიტს, რომელიც ანდამატივით მიზიდავდა და მიხმობდა. მწარე სინანულით გავცქეროდი სახლისაკენ მიმავალ მარეხსა და ბებია თეკლეს. ნუთუ ეს მხოლოდ ვნებაა, წადილია მისი დაუფლებისა?! არა, არა, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, ასე ძალუმად აგიძგეროს გული და დაგატკბოს შენი საყვარელი ქალის მშვენიერების ჭვრეტით.
ძლივძლივობით ჩამოვფორთხდი მუხის ხიდან. საკუთარ თავზე მეცინებოდა, მე ხომ ყმაწვილი აღარ ვიყავი, რომელსაც კიდევ ეპატიებოდა ამგვარი საქციელი. უამრავი ლამაზი ქალის გულთამპყრობელი ვყოფილვარ, მაგრამ არც ერთ მათგანს ისე არ აუფორიაქებია ჩემი ბობოქარი სული, როგორც ამ პაწია ველურ მინდვრის ყვავილს. დაღლილ-დაქაცული სახლისაკენ მივლასლასებდი, უცებ შევნიშნე კიბეზე ფეხაკრეფით ჩამომავალი მარეხი, რომელიც ისე ფრთხილად ადგამდა თავის ნაქანდაკარ ფეხებს მთვარის შუქით განათებულ საფეხურებს, რომ თითქოს ბებია თეკლეს გამოეპარა და ახლა კი ყოველი გაფაჩუნებისა ეშინიაო. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მის მზერაში ნაზი და უთქმელი გრძნობა გამოსჭვიოდა, რომელიც გულს მიდაღავდა. სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი მარეხს, უკვე მის სუნთქვასაც ვგრძნოდი, ის კი გაუნძრევლად იდგა და მთელი სხეულით ცახცახებდა. მარგალიტივით ბრწყინავ ცრემლებს დაეთრთვილა მთვარის შუქით განათებული სახე.
– შენ ხვალ მიდიხარ, არა? – ათრთოლებული ხმით მკითხა მარეხმა. სუნთქვაშეკრული შევყურებდით ერთმანეთს და უსიტყვოდაც ვხვდებოდით, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე აღარ შეგვეძლო.
– ჰო, მაგრამ შენ ნუ იდარდებ, მალე ჩამოვალ, – ვუთხარი დილის ნამივით მშვენიერ გოგოს, რომელსაც ცრემლებისაგან მთლად დანისლოდა თვალები. ხელი მოვხვიე წერწეტ წელზე და ზემოთ ავედით.
სწორედ იმ დროს გამომეღვიძა, როდესაც მთვარე და მზე ერთმანეთს უნდა შეჰყროდნენ. აივნის ხის იატაკზე დაგებულ ფუმფულა მატყლის ლეიბზე ვიწექი, ჩემს გვერდით იწვა გივი და ტკბილად ეძინა. მზის სხივებმა შთანთქეს მთვარე. თვალწინ მედგა მარეხის ცრემლით დანამული სახე. დღემ სძლია ღამეს, ბუნება ნელ-ნელა იღვიძებდა. ახლად დაბადებულმა ჯერ კიდევ სისხლისფერმა დილამ იმის უსაზღვრო იმედი ჩამისახა გულში, რომ მე და მარეხი უსათუოდ ერთად ვიქნებოდით...

02.10.2009














ვარდისფერი ღამე
ვუძღვნი ნ. ბ-ს


სექტემბრის თბილი საღამოა. ღამეს ჯერ მთლად არ გაუხვევია თავის ყორნისფერ ფრთებში ქალაქი. ქალის სახიანმა სავსე მთვარემ მკრთალად გამოანათა. არემარე თანდათანობით მინავლებულ ნაკვერჩხალს ემსგავსება. ლამპიონებით განათებულ ქუჩაში ულამაზესი წყვილი ნელა მისეირნობს. ვაჟს ხელი მოუხვევია გოგონას წერწეტ წელზე. მათ ძალზე ნაღვლიანი სახეები აქვთ. ნიცა ოცდაერთი-ოცდაორი წლის იქნება. მოკლე, ხასხასა ვარდისფერი კაბა აცვია. ოქროსფერი, ტალღოვანი თმები ჩამოშლია ხორბლისფერ ზურგზე. მაღალი შუბლის ქვემოთ გაწოლილა წვრილი და ლარივით სწორი წარბები. საოცრად ლამაზი ყავისფერი თვალები ცრემლებითაა დანისლული და სისხლივით წითელი ტუჩები ოდნავ უთრთის. კენარ ტანს ნარნარად მიარხევს და ჯეირანივით გრძელ, ჩამოქნილ ფეხებს მსუბუქად ადგამს ქვაფენილზე. გიორგის თეთრი პერანგი და შავი შარვალი აცვია. ასე, ოცდახუთ წლამდე უნდა იყოს. შუბლზე ჩამოყრილ შავ თმებს ნიავი ნაზად უფრიალებს. გაპარსული, კალმით ნახატი სახე ქართულ ფრესკას მიუგავს. საამო სანახავია მისი მაღალი, წელწვრილი, მხარბეჭიანი ტანი. კუნთმაგარი სხეული ისე ჰარმონიულადაა განვითარებული, რომ თვით ღვთაებრივ აპოლონსაც შეშურდება.
ტაატით მიმავალ ქალ-ვაჟს გულზე თალხისფერი სევდა აწევს, რადგან სულ რამდენიმე საათში ნიცა სამი წლით უნდა გაემგზავროს ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად. ეს მათი ერთად ყოფნის უკანასკნელი ღამეა, რომელიც წინ უძღვის განშორების უსასრულო დღეებსა და ღამეებს. გოგონას ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს გადასახლებაში მიდიოდეს. არადა, მშვენივრად იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყანაში მიფრინავს ხვალ, თუმცა გული და გონება მაინც სხვადასხვა ჰანგზე მღერის. ნიცამ სახლიდან გასვლისას ტყუილი უთხრა დედას, ვითომ ამაღამ მის მეგობარ ეკასთან დარჩებოდა. სინამდვილეში კი ვაჟთან შესახვედრად გაიქცა, რათა წასვლამდე დარჩენილი დრო ერთად გაეტარებინათ.
მქრქალმა მთვარემ კეკლუცი ქალივით ჩამოიფარა ღრუბელთა მუქი ლურჯი რიდე. ცაზე აქა-იქ ჩანს ფოსფორისფერი ვარსკვლავები. ცელქმა სიომ ააშრიალა ხეთა კენწეროები. გოგო და ბიჭი მიხვეულ-მოხვეული გზებით მიდიან. ხან ერთ ქუჩაზე ამოყოფენ თავს, ხან – მეორეზე. ბოლოს ერთ-ერთ მყუდრო ჩიხში უხვევენ და დიდი, ლამაზი სახლის წინ ჩერდებიან, რომელიც სრულ სიბნელესა და მდუმარებაში ჩაძირულა. ფანჯრებში მხოლოდ თეთრი ფარდების ლანდები მოჩანს. ჰოლისმაგვარ ოთახში შედიან, შიდა კიბეს სწრაფად აირბენენ და ვაჟის საძინებლის კარს აღებენ. სახლში მათ გარდა არავინაა, გიორგის მშობლები ორი დღით გაემგზავრნენ სოფელში.
ნიცა სიყვარულით ათვალიერებს ოთახს, სადაც ვინ მოთვლის, რამდენჯერაა ნამყოფი. ეს საკმაოდ დიდი ზომის ოთახი ძლიერ უყვარს გოგონას, რადგან მისი ყოველი კუთხიდან გამოკრთის ვაჟის თავისუფალი და ფაქიზი სული.
გიორგიმ ღამის სანათი აანთო და ნიცა დასვა მაგიდასთან, რომელზეც ეწყო რამდენიმე წიგნი, კომპიუტერის მონიტორი და ყვავილებით სავსე ლარნაკი. სანათის მკრთალი შუქი მოეფინა განიერ, რბილ ტახტსა და ტანსაცმლის კარადას შორის მოთავსებულ პატარა, ხავსისფერ ხალიჩას, მთელი კედლის გასწვრივ წიგნებით გაჭედილ სართულებად განლაგებულ თაროებს. გოგონამ იდუმალი ღიმილით გახედა გიორგის მიერ ზეთის საღებავით შესრულებულ მის თითქმის შიშველ, კედელზე დაკიდებულ პორტრეტს. შემდეგ ვაჟს შეხედა, რომლის კუპრივით შავმა თვალებმა მთლიანად მონუსხა, და ნიცას უცებ ისეთი დაუოკებელი ლტოლვა გაუჩნდა მის მიმართ, რომ თითქმის გაუცნობიერებლად წამოდგა სკამიდან და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
გიორგის წინაშე უდაბნოს ვარდივით მშვენიერი გოგონა იდგა, რომელიც ვნებით სავსე თვალებით მისგან მხოლოდ სიყვარულს მოითხოვდა. ვაჟმა თავისკენ მიიზიდა ნიცა, ხავერდივით ნაზ ბეჭებზე მოეალერსა. ველური მარწყვივით ტკბილ, ფუნჩულა ტუჩებში აკოცა. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახადა ატმის ყვავილისფერი კაბა და ბამბის თეთრი ქვედა საცვალი. წამით შეჩერდა, ხელოვანის თვალით დაუწყო ჭვრეტა გოგონას სრულიად შიშველ, ღვთაებრივ სხეულს, რომლის მშვენიერებამაც მოაჯადოვა და დაატყვევა. ტალღებად ჩამოღვრილ მზისფერ თმებს ნახევრად დაეფარა ფორთოხლისოდენა, მკვრივი ძუძუები. სწორი ზურგი ოდნავ შეზნექილი წელით სრულდება და იწყება პატარა, მრგვალი, ატლასივით სრიალა ორი ნახევარმთვარე. სიმწიფეში შესულ თეძოებს დასრულებული ფორმები მიუღია. ნიცას სრულქმნილი სხეულის ხილვით გამოწვეული გაოგნება სულ ერთ წამს გაგრძელდა, შემდეგ ისევ ვნებამ სძლია ესთეტიკურ ტკბობას. გიორგიმ ხელში აიყვანა გოგონა და საწოლზე დააწვინა. დაეწაფა მის მხურვალე, ალისფერ ბაგეს...
თან მარჯვენა ხელის გრძელი, თლილი თითებით ნაზად უსრესს გამკვრივებულ, მუქ ყავისფერ ძუძუს თავს. კოცნის, ეფერება შველივით მშვენიერ ყელზე და ვარდის კოკორივით სურნელოვან მკერდზე. ხვევნა-ალერსით სულ უფრო ქვემოთ და ქვემოთ მიიწევს. ვნებაატანილი ტანი სიო მონაბერ ფოთოლივით ტოკავს და კრთის...
ზღვასავით აღელვებული სხეული თანდათან დაუწყნარდა. ვნებისაგან დაოსებული გოგონა ნელა წამოჯდა თოვლივით თეთრ ლოგინზე და ვაჟს პერანგი გახადა. დიდი, წყლიანი თვალებით შეხედა არაჩვეულებრივად მომხიბლავ, მამაკაცურ სახეს. პეპლის ფრთებივით სიფრიფანა ხელები მოჰკიდა კუნთმაგარ მკლავებზე და ბავშვივით დააწვინა დიდ, ფაფუკ საწოლზე. თავი უკან გადააგდო, გრძელი თმები ვაჟის ფეხებს დაეფინა. ცხენზე მჯდომი მხედარივით რიტმულად ადის-ჩადის ზემოთ და ქვემოთ, ზოგჯერ კი საცრისებურად გააქნევს თავთუხისფერ თეძოებს. გონება კრიალა ცასავით ნათელი აქვს, მაგრამ მაინც არაფერზე შეუძლია ფიქრი, რადგან სიამოვნებას სრულიად შთაუნთქავს მისი არსება. სიმივით დაეჭიმა მთელი სხეული, და უეცრად მძაფრმა, ფერადოვანმა შეგრძნებებმა ისე ძალუმად გადმოხეთქა, თითქოს სადღაც სიამის კაშხალი გარღვეულიყოს... ქანცმილეული დაესვენა ვაჟის მკერდზე. მოთენთილ სხეულში საამო ჟრუანტელი უვლის. ნეტარების ღიმილმა გადაურბინა წყურვილმოკლულ ტუჩებზე, როდესაც გიორგიმ ხელი გადაუსვა და აკოცა ქარვისფერ თმებზე.
უსურვაზივით ერთმანეთში გადახლართულ ქალ-ვაჟს იმაზე ფიქრში ჩაეძინა, რომ როცა ნიცა დაბრუნდებოდა ამერიკიდან, ეს ვარდისფერი ღამე უცილობლად განმეორდებოდა და საუკუნოდ შეაერთებდა მათ...

12.09.2018









უკანასკნელი მოგონება
ვუძღვნი რ. ქ-ს

მრავალი წლის შემდეგ, სიკვდილის წინაშე მდგარი, ვფიქრობ იმ უჩვეულო საღამოზე, რომლის მოგონება წინათ მტანჯველ სევდას მგვრიდა, ახლა კი ბედნიერებით მავსებს. ის დღე ერთადერთია, მიმქრალი სანთელივით ოდნავ რომ ანათებს და აფერადებს ჩემი ცხოვრების ნაცრისფერ დღეებს. ერთდროულად მწუხარებისა და სიხარულის ისეთი მძაფრი გრძნობა მეტად აღარასოდეს განმიცდია, სწორედ ამიტომაა ესოდენ ძვირფასი ის სიცოცხლით სავსე რამდენიმე საათი ჩემთვის. თუმცა ამას გვიან მივხვდი! ცხოვრებაში ზოგჯერ არის წუთები, როცა ერთმანეთში იმდენადაა შერწყმულ-შედუღაბებული ავი და კარგი, ტკბილი და მწარე, შხამი და ნექტარი, რომ ბედნიერება უბედურებად ეჩვენება კაცს. მაგრამ დროს ერთი დიდებული თვისება აქვს – ის არამხოლოდ აყუჩებს სულიერ ტკივილს, არამედ რაღაცნაირად ამსუბუქებს და სასიამოვნოსაც კი ხდის. ამიტომაა, რომ ყველაზე უსიამოვნო ამბავიც საამო მოგონებად იქცევა ხოლმე. მეც ასე დამემართა...
რესტორანში ჩემი ძმის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. ხალხმრავალ სუფრაზე ყოველთვის მოწყენილობა მიპყრობს. ლხინი ნებისმიერი ადამიანის თვალში არარად იქცევა, თუ არ იცეკვა, იმღერა, იხუმრა და საკუთარი აზრი თანამეინახეებს არ გაუზიარა, მე კი არც მეტყველება შემიძლია და არც დამოუკიდებლად გადაადგილება.
იმ საღამოსაც თანდათანობით დამეუფლა მოწყენილობის განცდა. დრო რომ როგორმე გამეყვანა, თვალი მოვავლე დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას. უეცრად შევნიშნე საოცრად ლამაზი ქალი, რომელიც მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა. ასე, ოცდათხუთმეტ-ოცდათექვსმეტი წლის იქნებოდა. აბრეშუმივით ნაზი და მბზინვარე ქვიშისფერი თმა ზურგს უკან ტალღებად ეშვებოდა. წამწამთა ჩრდილქვეშ ულამაზესი მწვანე თვალები განაბულიყო. ამომავალ მზესავით მშვენიერი, თბილი ღიმილი გადაურბენდა ხოლმე ტუჩებზე და მთელ სახეს უცისკროვნებდა. თვალს ვერ ვაშორებდი მომხიბლავ ქმნილებას და ვგრძნობდი, თანდათან როგორ იპყრობდა ჩემს სულს განუმეორებელი სილამაზით.
მათ მაგიდას წარმოსადეგი გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და ქალი საცეკვაოდ გაიწვია. მან ჯერ უარის ნიშნად თავი გააქნია, მაგრამ ბიჭი რომ აღარ მოეშვა, წამოდგა, ხელები გაშალა და გედივით გაცურდა პრიალა, ყავისფერ იატაკზე. ვაჟი მარცხენა მხრიდან "სრიალა სვლით" კვალდაკვალ მიჰყვებოდა, მაგრამ თან ფრთხილობდა – არ შეხებოდა ქალის გრძელ საღამოს კაბას, რომელიც მაღალ, მოხდენილ ტანს უმშვენებდა. ცდილობდა, წინ გადაღობებოდა და სულის დამატყვევებელ თვალებში ჩაეხედა. თავს ევლებოდა, თვალს წამითაც არ აცილებდა, თითქოს მის გარდა ამქვეყნად არავინ იყო. ვაჟით მოხიბლული ქალი დროდადრო აჯილდოვებდა მას თავისი შუქმფენი ღიმილით. ატლასივით სრიალა, ნაზ ღაწვებს მკრთალი ვარდისფერი შეჰპაროდა. ოფლის წვრილი წვეთებით დაცვაროდა ღია ხორბლისფერი სახე. ვუყურებდი მათ და სუნთქვა მეკვროდა, გული გამალებით მიცემდა, მთელი სხეული ზამბარასავით დამჭიმოდა, თითქოს მეც მათთან ერთად ვროკავდი.
ცეკვა რომ დასრულდა, ის ქალი რატომღაც ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდა, ჩემს ზურგს უკან უნდა ჩაევლო. საშინლად მომინდა, გამოვლაპარაკებოდი, ნახევრად შევბრუნდი ჩემი ეტლით და პირი გავაღე, მაგრამ იქიდან მხოლოდ ხორხისმიერი გაუგებარი ბგერები აღმომხდა, ყველამ ჩემკენ მოიხედა, ძალიან შემრცხვა, თავი ჩავღუნე... იმ წამს სულ გადამავიწყდა, რომ მეტყველება არ შემეძლო, მე ხომ რიყის ქვასავით უტყვი და უძრავი ვარ. მან ალბათ კარგად გაიგონა ჩემი "ხარირმისებრი ძახილის" ხმა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ არაფერი შეიმჩნია და ისე განაგრძო გზა, თითქოს ეს უცნაური ხმები არც კი გაუგონია.
კარგა ხნის შემდეგ ავწიე თავი და თვალი გავაპარე იმ ქალის მაგიდისაკენ. მან ჩემი მზერა დაიჭირა, იგრძნო, როგორი აღტაცებითა და გაოცებით ვუცქერდი. ოდნავი სევდა ჩაუდგა ზურმუხტისფერ თვალებში და სიბრალულით გამიღიმა. მისი სილამაზის ჭვრეტით მოგვრილი სიამოვნება პეშვში დაგროვილი წყალივით სწრაფად დაიწრიტა და დამრჩა მხოლოდ სულის გამყინავი ამაოების განცდა. განა არ ვიცოდი, იმ მშვენიერ უცნობ ქალს, სიბრალულის გარდა არანაირი სხვა გრძნობა არ შეიძლებოდა გაჩენოდა ჩემს მიმართ, მაგრამ მაინც საშინელი ტკვილი ვიგრძენი... თვალი დავხუჭე, ვეღარ შევძელი იმისი სიბრალულით სავსე ღიმილის ატანა. თუმცა, მეორე მხრივ, იმ ქალის ასეთი რეაქცია სულაც არ იყო უჩვეულო და მოულოდნელი, მანამდეც შემიმჩნევია მსგავსი გამომეტყველება ქუჩაში შემხვედრთა სახეებზე. როდესაც ეს გავაცნობიერე, გადავწყვიტე, მეც ღიმილითვე მეპასუხა მისთვის. მაგრამ თვალი რომ გავახილე, ის ქალი აღარსად ჩანდა, ლამაზ ზმანებასავით გამქრალიყო...

30.09.2019
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge